ნეა სკიტში გადასვლა – წმინდა იოსებ ისიქასტი – ცხოვრება და სწავლება

ნეა სკიტში გადასვლა – წმინდა იოსებ ისიქასტი – ცხოვრება და სწავლება

თავი პირველი: ცხოვრება · ნეა სკიტში გადასვლა

— არსენი, — უთხრა ბერმა თავის თანამოღვაწეს 1953 წლის ივნისში, — მორჩა, უნდა გადავიდეთ. ბიჭები დასნეულდნენ. ახლა ვინ ვის უნდა მოუაროს – მათ ჩვენ თუ ჩვენ მათ?

მაშინ მოძღვარმა მოგვიხმო და გვითხრა, რომ გადაეწყვიტა, საცხოვრებლად უფრო დაბლა, ზღვასთან ახლოს გადავსულიყავით. იმის გარდა, რომ იქ ცხოვრების პირობები უკეთესი იყო, სურდა, ჩვენი მდგომარეობა შეემსუბუქებინა. გამაკვირვა მისმა სიბრძნემ: საკუთარი მყუდროება ჩვენ უძლურებას მსხვერპლად შესწირა მაშინ, როცა თავისი თავის მიმართ ძალიან დაუნდობელი იყო.

მამა თეოფილაქტეს1 მხურვალე თხოვნითა და რჩევით, რომელსაც ჩვენთან ცხოვრების სურვილი ყოველთვის ჰქონდა, არჩევანი ნეა სკიტზე შეჩერდა. გადავწყვიტეთ, დროებით მის – წმიდა უვეცხლოთა კალივაში დაბინავება, რომელიც ნეა სკიტის შუა ნაწილში მდებარეობს. თავდაპირველად ადგილი სივიწროვის გამო არ მოგვეწონა. არც ის მოგვეწონა, რომ სკიტი ძალიან მჭიდროდ იყო დასახლებული. ამიტომ ჩვენი ყურადღება სკიტის ირგვლივ არსებულმა განმარტოებულმა კალივებმა მიიპყრო, რომლებიც მაშინ დაუსახლებელი იყო. მმართველ წმინდა პავლეს მონასტერთან შეთანხმებით, რომლის განმგებლობაშიც ეს ადგილი შედიოდა, სკიტის კოშკის გარშემო მდებარე ყველა კალივა დავიკავეთ. ჩვენს მოძღვარს ასეთი საცხოვრებლები მოსწონდა, რადგან ადამიანთა თავშეყრისგან დაზღვეული იყო. თითოეულ კალივაში ერთი ან ორი ვცხოვრობდით, ერთად კი დღის გარკვეულ საათებში ან წირვაზე ვიკრიბებოდით.

წმიდა ანას მცირე სკიტიდან ნეა სკიტში გადასვლა მოსაყოლად ადვილია, მაგრამ საქმით ძალიან დამღლელი იყო, არა იმიტომ, რომ დიდი ბარგი გვქონდა (ჩვენს ავლა-დიდებას თითზე ჩამოსათვლელი ნივთები შეადგენდა), არამედ იმის გამო, რომ ნეა სკიტის კალივები სავალალო მდგომარეობაში იყო. შეგახსენებთ, რომ მაშინ ჩვენი სამშობლო სამოქალაქო ომის ჭრილობებს იშუშებდა. მაშინ, რადგან მოწინააღმდეგე მხარეები ღია ცის ქვეშ მყოფ პირუტყვს იტაცებდნენ, მთავრობამ მწყემსებს მოუწოდა, ფარები უსაფრთხოებისთვის ათონის ნახევარკუნძულზე გადაეყვანათ. ამ კეთილშობილმა სტუმრებმა რაც კი რამ იპოვეს, მიიტაცეს. შემუსრეს, გაანადგურეს – ადგილებიცა და ნივთებიც. არ ვიცი, ოდესმე შეაფასა თუ არა ვინმემ ის ზარალი, რაც ამ უბედურებამ მოაწია ათონის მთას. ჩვენს შემთხვევაში უდიდესი ზიანი არ მოუტანიათ მხოლოდ იმიტომ, რომ იქ დიდხანს არ გაჩერებულან. ღუმლის ასანთებად ყველაფერს იყენებდნენ: კარ-ფანჯარას, იატაკს, ჭერს, კარადებს, თაროებს, სავარძლებს და ა.შ., კედლებსაც კი შლიდნენ! ერთი სიტყვით, ომისშემდგომი ასეთი „ნადავლი" გვხვდა წილად. მკითხველს შეუძლია წარმოიდგინოს, თუ რა შრომა დასჭირდა იმას, რომ ის ქოხები საცხოვრებლად გამოსადეგი გამხდარიყო.

ჩვენი მოძღვრის ძველმა ჩვეულებამ, საკუთარი არაფერი გვქონოდა, ამჯერად ყველაზე მეტად გაგვაწვალა, რადგან არც საჭირო მასალა გვქონდა, არც ფული, რომ რამე გვეყიდა. ყველაფერში შეზღუდულები და გაჭირვებულები ვიყავით. ხელს მხოლოდ ის გვიწყობდა, რომ ამგვარ პირობებსა და გარემოს მიჩვეულები ვიყავით. მინიმალურად მოვწესრიგდით თუ არა, უპირველეს ყოვლისა, მცირე ტაძრის აშენებაზე დავიწყეთ ფიქრი, რადგან ბერს არც შორს სიარული შეეძლო, არც დიდხანს წმიდა საიდუმლოების გარეშე ყოფნა. მალე მისი სენაკის ახლოს ეკვდერი მოვაწყვეთ და მისივე სურვილის მიხედვით, ისევ წმ. იოანე ნათლისმცემელს, ჩვენი საძმოს მუდმივ მფარველს მივუძღვენით. ვაცნობიერებდით, რომ ბერმა ჩვენი ყოფის გაუმჯობესებას შესწირა მსხვერპლად საკუთარი მდუმარება და ამიტომ შევეცადეთ, ახალი გარემო ისე მოგვეწყო, რომ ძველი განრიგი ადვილად დაგვეცვა და შესაბამისად, ადგილის გამოცვლაც ნაკლებად საგრძნობი გამხდარიყო. გვეშინოდა, მოძღვარი უკმაყოფილო არ დარჩენილიყო იმით, რომ ახალი საცხოვრებელი ძველთან შედარებით უფრო ღია და ხელმისაწვდომი იყო ხალხისთვის. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ მხრივ სირთულეს არ წავწყდომივართ: მეზობელი მამებიც და მმართველი მონასტერიც*(წმ. პავლეს სავანე) პატივს სცემდნენ ჩვენს განრიგს. ამგვარად, დაუყოვნებლივ აღვადგინეთ ჩვეული ტიპიკონი. მძიმე ფიზიკური სამუშაოს მოკლებამ, რაც ძირითადად იმის შედეგი იყო, რომ ნავსადგურთან უფრო ახლოს ვცხოვრობდით, ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის, მალე გამოიღო სასურველი ნაყოფი: ჯანმრთელობაც გაგვიუმჯობესდა და სულიერი საქმიანობისთვისაც – ის, რაც ასე გვიყვარდა ახალგაზრდული მოშურნეობის წყალობით – მეტი დრო გვრჩებოდა.

ჩვენს მოძღვარს რაც შეეხება, სულ უფრო ეტყობოდა, რომ გადაღლილი იყო. დღითი დღე უძლურდებოდა. უკვე ჩვენთვისაც შესამჩნევი ხდებოდა, რომ სხეულიდან გასვლა ეწადა – ის, რასაც უკვე დიდი ხანია ელოდა. უმნიშვნელო მოძრაობაც კი მასში დასიებასა და ასთმას იწვევდა, უმცირესი ფიზიკური შრომა ღლიდა, ორგანიზმი დასუსტებული და გამოფიტული ჰქონდა. ამის მიუხედავად, რადგან მონაზვნობის დასაწყისშივე თავის თავს წესად დაუდო, არ დაერღვია სამოღვაწეო განრიგი, არ სურდა საკუთარი უძლურებისთვის შეღავათი გაეწია. სწორედ იმ მომენტებში, როდესაც თავს აიძულებდა, მისი ტკივილი ზენიტს აღწევდა. მისთვის ცხოვრების კრიტერიუმი არა ზოგადი ლოგიკა, არამედ რწმენა იყო. პავლეს ნათქვამს სიტყვასიტყვით ასრულებდა: „ჩემდა ცხორება ქრისტე არს და სიკუდილი მოგება – შესაძინე“2.

ამ ყველაფრის შედეგი ის იყო, რომ ორმა სერიოზულმა, ზედიზედ მოწეულმა ავადმყოფობამ ბოლო მოუღო მის ამქვეყნიურ ცხოვრებას. 1958 წელი დგებოდა, როდესაც კისრის შუა ნაწილზე დიდი ფერიმჭამელა ამოუვიდა.

— საახალწლო საჩუქარია, — გვითხრა, — მთელი სხეული დაბუჟებული მაქვს და უსიამოვნოდ ვგრძნობ თავს.

მეორე დღეს მთელი ის ადგილი ძლიერ გასიებული და გაღიზიანებული ჰქონდა. ამას ციებ-ცხელებაც დაერთო ამიტომ ძალები სრულიად გამოეცალა. გარეშეთა დახმარებაზე ვერაფრით დავიყოლიეთ. ორი-სამი დღის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუუარესდა. მთელი ორგანიზმი მოსწამვლოდა, რადგან, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, უბრალო ფერიმჭამელა კი არ ყოფილა, არამედ კარბუნკული3, რაც საშიში დაავადებაა.

ყველანი მის გარშემო შევიკრიბეთ და ვთხოვდით, სამედიცინო დახმარებაზე დათანხმებულიყო. ამაოდ ირჯებითო, მოგვიგო, დრო მოვიდა საწადელი ჩემი „წასვლისო“. ჩვენ მაინც არ დავიშალეთ და ბოლოს ნებართვა მოგვცა, ჩვენი შეხედულებისამებრ მოვქცეულიყავით. მაშინ დახმარება სკიტის მამებს ვთხოვეთ. „კირილეელთა“ ღმრთისმოშიშმა საძმომ მონაზონი მაკარი მოგვაშველა, რომელმაც ანტიბიოტიკების ნემსებით შეყვანა დაიწყო. ამგვარად შევძელით სასიკვდილო შედეგის თავიდან აცილება, მაგრამ წინ გრძელი და მტკივნეული რეაბილიტაცია ელოდა, რასაც, ფაქტობრივად, ერთი წელი დასჭირდა. ის-ის იყო სული მოითქვა, რომ გულის უკმარისობამ იჩინა თავი, რამაც, საბოლოოდ, წუთისოფელს გამოასალმა.

პირველი ავადმყოფობის დროს სიმპტომებიცა და ტკივილიც აშკარა იყო და ამიტომ ვაიძულეთ, გარეშეთა დახმარებაზე დათანხმებულიყო, მეორე ეტაპზე კი, როდესაც სიმპტომები გამოჩნდა, უკვე ძალიან დაგვიანებული იყო და ვეღარაფერს დავეხმარებოდით.

—ამაოდ ნუ ირჯებით,— ამბობდა,— ჩემი წასვლის დრო მოვიდა. წვალების მეტი არაფერი გამოვა, მაგრამ, რადგან დაგიჟინებიათ, ისე მოიქეცით, როგორც მიიჩნევთ საჭიროდ.

ჩვენც მივწერეთ ექიმებს, მის სულიერ შვილებს, ხოლო ისინი წამლებს გვიგზავნიდნენ. ბევრჯერ მოვუყვანეთ ექიმები [ათონის] გარედან, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, მაგრამ ღმერთმა იგი აღარ დაგვიტოვა. მართლაც, დრო იყო წასულიყო ამ ქვეყნიდან, როგორც თავად ეწადა და ელოდა.

ერთხელ, როდესაც ხსენებული ავადმყოფობის გამო დისპნოემ4 შეაწუხა, მომესმა, თითქოს დაბალი ხმით ვიღაცას ესაუბრებოდა თავის შიდა სენაკში. რადგან ბერთან შვილებრივი კადნიერება გვქონდა, ანაზდად შევაღე კარი, რათა მენახა, ვის ელაპარაკებოდა, რადგან ვიცოდი, რომ იმ დროს მის გარდა იქ არავინ იყო. თურმე ღმრთისმშობლის ხატი ჩაეხუტებინა, ემთხვეოდა და ცრემლებით სავსე ეუბნებოდა:

— ჩემო დედოფალო, ჩემო დედოფალო, ნუ მიმატოვებ! მე შენს ხატს ვემთხვევი, შენ კი ცოცხლად მომეფერე.

გავბედე და ვკითხე:

—მამაო, ჩვენს დედოფალს ესაუბრები? გთხოვ, მითხარი, რას ეუბნები.

ბერმა მომიგო (ადრეც ჰქონდა მოყოლილი, მაგრამ დამვიწყებოდა):

— წარსულში განსაცდელების დროს დედოფალმა ამ ხატის მეშვეობით დიდად მანუგეშა. ამას ვიხსენებ და ამიტომაც ვევედრები. ერთხელ, როდესაც წმინდა ანას მცირე სკიტში ვცხოვრობდით, სანამ თქვენ მოხვიდოდით, მრავალი განსაცდელი და მწუხარება მომეძალა. ჩემი ერთადერთი ნუგეში ჩვენი ყოვლადწმიდა დედა იყო. იქაურ ეკლესიაში კანკელზე ეს ხატი გვეკიდა. მივდიოდი, ვლოცულობდი და ვთხოვდი, რადგან თავის დროზე თვითონ მითხრა, ჩემი იმედი გქონდესო.

» როდესაც განსაცდელის ჟამს საღმრთო მადლი თავის მოქმედებას მალავს, მაშინ ადამიანში შიში და ღელვა იმატებს. მეც ასეთი გულისტკივილით ვღაღადებდი: „ნუ ჰყოვნი, სახიერო, იჩქარე, მოწყალეო, დამეხმარე, შენ ხომ ყველაფერი შეგიძლია, თუ მოინდომებ! სხვა შემწე სად ვიპოვო, თუ არა შენ, სულთა და სხეულთა მკურნალო?“

» იმ დროს, როცა გონებამოკრებილი ვლოცულობდი ხატის წინაშე და ვტიროდი, მისი თანყოფნა ვიგრძენი ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში. უეცრად ეს ხატი გაბრწყინდა და ღმრთისმშობლის უწმიდესმა სახემ ჩვეულებრივი განზომილებები მიიღო: ყოვლადწმიდა დედოფალი ხატი კი აღარ იყო, არამედ ცოცხალი ადამიანი, სრულიად ადამინური აღნაგობით, ნათელმოსილი, მზისმაგვარი, თავისი მარადიული ორმაგი თვისებით – დედობრივითა და ქალწულებრივით. მე, მდაბალმა, ვიხილე იგი იმდენად, რამდენადაც ჩემს მოკვდავ ბუნებას შეეძლო ამის დატევა, მაგრამ მორიდების გამო სახე მიწისკენ დავწიე. ვერც გავუსწორებდი თვალს, რამეთუ მისი საღმრთო ჩვილი, ჩვენი უტკბილესი იესო, რომელიც მას ხელში ეჭირა, მზეზე მეტად ბრწყინავდა თავისი ღმრთაებრივი დიდებულებით. თანაც იცი, რამდენად ვიწროა იმ ეკვდერის შიდა სივრცე (ჩემი სტასიდიდან კანკელამდე ერთი მეტრი თუ იქნება). მთელი ჩემი სიგლახაკე უფლის სიყვარულით აღივსო. არ ვიცოდი რა ხდებოდა მხოლოდ განცვიფრებას მოეცვა ჩემი არსება.

» მაშინ ღმრთისმშობლის თაფლსა და გოლეულზე უტკბესი ხმა გავიგონე: „არ გითხარი, ჩემი იმედი გქონდეს-მეთქი?! სასო რატომ წარიკვეთე? აი, მიიღე ქრისტე!“ მაშინ გამომიწოდა თავისი ნეტარი ხელები და ღმრთაებრივი ჩვილი მომიახლოვდა იმდენად, რამდენადაც ეს ადამიანისთვისაა შესაძლებელი. ხოლო რადგან განკვირვების გამო განძრევას ვერ ვბედავდი, ყოვლადსახიერმა იესომ თავად გაშალა პაწაწინა ხელი და სამჯერ მომეფერა შუბლსა და თავზე. სული განუზომელი და აღუწერელი ნათლით აღმევსო. ფეხები მომეკვეთა, დავეცი და მხურვალედ ვკოცნიდი იმ ადგილს, სადაც ყოველთა დედოფალი იდგა. იმ წუთისთვის იგი ისევ ხატის გამოსახულებას დაუბრუნდა, თუმცა მე ნუგეში და კეთილსურნელება დამიტოვა. იმ ადგილს დიდი ხნის განმავლობაში ასდიოდა კეთილსურნელება, რაც ღმრთისმშობლის სანატრელ დანაპირებს მახსენებდა.

» სწორედ ამას ვახსენებ ახლა ჩვენს ყოვლადწმიდა დედას, რომ მისი აღთქმა არ დამვიწყებია, რაც უკვე მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ წამიყვანოს წუთისოფლიდან თავისი საყვარელი ძის სასუფეველში.

ასეთი საოცარი რამ გვიამბო მაშინ ჩვენმა ცხონებულმა ბერმა. მართლაც, ყველასთვის აშკარა იყო მისი განსაკუთრებული სიყვარული უწმიდესი ქალწულის მიმართ, ისევე როგორც რწმენა იმისა, რომ დედოფალი ზრუნავდა მასზე. თუ ჩვენი მოძღვარი მის სახელს გაიგონებდა, ან ხატს უმზერდა, ან საგალობელს ისმენდა, უნებლიეთ გასცემდა თავის შინაგან განწყობას. ღმრთისმშობლის მრავალ და თვალითხილულ შეწევნას, რაც ბერისთვის ნუგეშის წყარო იყო, და ზოგადად, მის განსაკუთრებულ მზრუნველობას ათონელი მონაზვნების მიმართ, სრულიად დაეპყრო ნეტარი ბერის სული. შესაბამისად, მისი რწმენა და სიყვარული წმიდა დედოფლისადმი ჩვენი ღარიბი სიტყვებით არ აღიწერება.

არასწორი იქნებოდა, ჩვენი მოძღვრის კიდევ ერთი მახასიათებელი თვისება რომ არ გვეხსენებინა: მოყვასისადმი დიდი სიყვარული და თანაგრძნობა. განსაკუთრებით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უყვარდა ღარიბები და გაჭირვებულები, მაგრამ მათზე მეტად – ფსიქიურად დაავადებულები. ამიტომაც იყო, რომ ასეთი ადამიანები ჩვენი ხშირი სტუმრები იყვნენ.

ბერის უკანასკნელი დღეები ძალიან ტკივილიანი იყო. გულის უკმარისობის გამო სუნთქვა უკიდურესად უჭირდა. ეს ცხოვრებისეული გამოცდილება ჩვენთვის პრაქტიკული მოთმინების სამარადისო გაკვეთილი გახდა. ვხედავდით, როგორ წვალობდა და ვცდილობდით რამენაირად შეგვემსუბუქებინა ტკივილი, მაგრამ ამასობაში იგი თვითონ გვანუგეშებდა და გვარიგებდა. განსაკუთრებით ხშირად ლაპარაკობდა ამქვეყნიურობის ამაოებაზე. ამბობდა:

— ჩემი აღსასრულის დღე ახლოვდება. ასეთ ყოფაში რა აზრი აქვს ჩემს ყოფნას, არანაირი სულიერი ღვაწლის გაწევა აღარ შემიძლია.

ამ კურთხეულ ბერს არასდროს ავიწყდებოდა თავისი მოწოდება და ცხოვრების მიზანი, ყოველ მოვლენასა თუ სიტუაციას იმისთვის იყენებდა, რომ სულიერი ნაყოფი გამოეღო. ავადმყოფობების გამო არც განძრევა შეეძლო, არც წამოწოლა, ამიტომ ერთ სახელდახელოდ გაკეთებულ გასაშლელ სავარძელში იჯდა და გამუდმებით წუთისოფლის ამაოებას დასტიროდა. ამ ქვეყნიდან გასვლას ისე ელოდა, როგორც უბედნიერეს წუთს, ხოლო როდესაც დისპნოე არ აწუხებდა, მიცვალებულთა მსახურებიდან რამე ტროპარს გალობდა დაბალი ხმით.

— არსენი, — ეუბნებოდა ხუმრობით, — როდისღა წავალთ? როგორც ჩანს, არ ლოცულობ და ამიტომაც ვაგვიანებთ.

უკანასკნელი ორმოცი დღე, ფაქტობრივად, არაფერი უჭამია, მხოლოდ ეზიარებოდა ყოველდღიურად და მცირეოდენ საზამთროს იხმევდა.

ისე ზრუნავდა თავის სხეულიდან გასვლაზე, გეგონებოდა, მართლაც, სამოგზაუროდ მიდის ჩვეულებრივი ტრანსპორტის მეშვეობითო. იმ დროს, როცა ჩვენ სასოწარკვეთილები ყველა ღონეს მივმართავდით იმისთვის, რომ რამენაირი სამედიცინო იქნებოდა თუ პრაქტიკული ხერხით მდგომარეობა გაგვეუმჯობესებინა (უჰაერობა ძალიან სტანჯავდა), ბერი გვეუბნებოდა:

— შვილებო, ნუ ირჯებით ამაოდ, მე აქ დამრჩენი აღარ ვარ. თანაც რამდენი ხანია ამ წუთს ველი! ერთს გთხოვთ რომ ილოცოთ, რათა ჩემი იმედი რამემ არ დააბრკოლოს – სანამ ადამიანი ცოცხალია, თავის ცხონებას უზრუნველად არ უნდა მიუდგეს.

1959 წლის 14 აგვისტოს*(ძველი სტილით) განსაკუთრებულად ემზადებოდა, დამდეგ დღეზე ფიქრობდა (ანუ ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე) და რაღაცას სულმოუთქმელად ელოდა. ამასობაში მისი ფიზიკური მდგომარეობა უარესდებოდა. მანამდე ვიღაც ნაცნობი სამოქალაქო პირები იყვნენ სტუმრად, რომლებმაც გამოჯანმრთელება უსურვეს, ბერმა კი მიუგო:

—არა, არა, მალე წავალ. როდესაც სამ დღეში ზარის ხმას გაიგონებთ, იცოდეთ, რომ თქვენი მეგობარი წავიდა. ვფიქრობ, ეს ღმრთისმშობლის მიძინებას მოხდება.

მეორე დღეს, ჩვენი დედოფლის გარდაცვალების დღესასწაულზე, მოძღვარი წირვას დაესწრო, გაჭირვებით იგალობა „წმიდაო ღმერთო“ და უკანასკნელად ეზიარა სიტყვებით: „საგზლად ცხორებისა საუკუნოისა". მზერა ყოვლადწმიდა ქალწულის ხატზე ჰქონდა მიჯაჭვული, თითქოს რაღაცას სთხოვდა, რაც მხოლოდ მან და ღმრთისმშობელმა იცოდნენ. მშვიდი ცრემლები იმას მოწმობდა, რომ სულის სიღრმიდან რაღაცას ევედრებოდა, რადგან დედოფალს მრავალჯერ ენუგეშებინა იგი და თავისი საღმრთო მოწყალების იმედიც მასვე მიეცა.

თუმცა რა, ნუთუ ჩვენ, ყველას, რომლებიც ღმრთისმშობლის ამ უწმიდეს ბაღში ვმკვიდრობთ, მისი უტკბილესი ხმა საიდუმლოდ არ გვეუბნება, რომ მისდამი გვქონდეს იმედი და სასოება? ნუთუ მისი ცოცხალი და ხელშესახები მზრუნველობა ყოველდღიურად არ გვახსენებს იმას, რომ მისი დედობრივი სიყვარული ყოველთვის ჩვენთან ერთადაა? უტკბილესო ჩვენო დედოფალო, შენ ხარ ჩვენი სასოების ჭეშმარიტი ღუზა, მხოლოდ შენი იმედი გვაქვს. ჩვენ, გლახაკთ, ამ ბოროტ დღეებში, როდესაც ყველაფერი იცვლება და თავდაყირა დგება. სხვა ვის უნდა დავეყრდნოთ, თუ არა შენს მზრუნველობასა და დედობრივ კადნიერებას შენი ძის წინაშე?! როგორ ზუსტად გამოხატავს იოანე ევქაიტელის5 საგალობელი ჩვენს, ათონელთა, განწყობას ღმრთისმშობლის მიმართ: „ვითარცა მონა აღიღებს გარე თვალთა თვისთა უფლისა*(ბატონის) მიმართ თვისისა, ეგრეთვე მეცა ყოვლად-საგალობელო, გარე და შიდა თვალთა აღვიღებ შენდა მომართ, ჩემისა დედუფლისა, ჩემისა ცხორებისა, რათა მაცხოვნნე მე“6.

ამგვარი რწმენითა და მხურვალებით დაიწყო მარადსახსენებელმა ბერმა თავისი მოღვაწეობა და იმავე სასოებით შესწირა უკანასკნელი ვედრება უწმიდესი ათონის მფარველს, დედას ამ სამონაზვნე ასპარეზისა, რომელმაც თავისი მისია ათასი წლის წინ დაიწყო და ჟამთა აღსასრულამდე იარსებებს. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა ჩვენს მოძღვარს წადილი აუსრულა და უკანასკნელი ძღვენი თავისი მიძინების დღესასწაულზე აჩუქა – ბერის სული წაიყვანა.

თავდაპირველად ყველა დაგვლოცა და შემდეგ მხოლოდ მამა არსენი დაიტოვა გვერდით. სკამზე იჯდა და, როგორც ყოველთვის, დისპნოეს ებრძოდა. რაღაც მომენტში მამა არსენის სურდა მისთვის ფეხები დაეზილა, რათა ოდნავ შეემსუბუქებინა ტკივილი, მაგრამ ბერმა არა აცალა და უთხრა:

— არ არის საჭირო, მამა არსენი, ნურაფერს იზამ. დამთავრდა. მივდივარ.

ეს იყო და ეს. ჩასჭიდა ხელი თავის განუყრელ თანამოღვაწეს, თითქოს უკანასკნელად ემშვიდობებაო, ანაზდად მაღლა აიხედა და მშვიდად შევედრა თავისი ნეტარი სული უფალს.

როდესაც ყველანი მის გარშემო შევიკრიბეთ, ჩვენთან ერთად უკვე აღარ იყო. საძმოს გარემოში გადაიხადა წმიდა ღმრთისმშობლის დღესასწაული და წავიდა, რათა ზეცაშიც ეზეიმა ეს სასიხარულო დღე. პარასკევი დღე იდგა, მზე ახალი ამოსული იყო. წესი მეორე დღეს ავუგეთ, მისი სურვილის თანახმად, იმ ადგილას, სადაც გარდაიცვალა. სკიტის ყველა მონაზონი მოვიდა, რადგან პატივს სცემდნენ მის პიროვნებას.

ყველა უყვარდა და ყველას უყვარდა: არა მარტო მის საძმოს, არამედ იმ სულიერ ადამიანებსაც, რომლებიც მას ოდესმე შეხვედროდნენ და ამოეცნოთ მისი მაღალი სულიერი მდგომარეობა. მათ შორის გამოვყოფდით ნეტარ ბერ იერონიმე ეგინელს7, რომელიც, მას მერე, რაც ჩვენი მოძღვარი გაიცნო, განსაკუთრებული კრძალულებით განიმსჭვალა მის მიმართ. აგრეთვე, ბერი სოფრონი რამდენჯერმე შეხვედროდა ჩვენს ბერს და ამბობდა, რომ იგი იყო „სულიერი მხედართმთავარი“ და ერთი იმ შვიდ უდიდეს მოღვაწეთა შორის, რომელიც გაეცნო ცხოვრებაში. ბერი გაბრიელ დიონისიელი 8 კი წერდა: „ათონელ მამათა საერთო აზრის თანახმად, [ბერი იოსები] არის ჩვენი ეპოქის გონებისმიერი მოღვაწეობის ყველაზე დიდი. მუშაკი, განჭვრეტის*(დაფარულთა ცოდნის) ნიჭით შემკული, ნამდვილი ისიქასტი**(დაყუდებული). იგი ჩვენი, მეთერთმეტე ჟამის9 მონაზონთა თაობაში, გამონაკლისს წარმოადგენს“ 10.

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენს მოძღვარს უთქვამს მამა ეფრემ კატუნაკელისთვის, რომელიც გარდაცვალების დღეს ჩვენთან ერთად არ იყო: როცა წავალ, გამოგივლიო. მართლაც, მამა ეფრემმა გვიამბო, რომ მიცვალებიდან მეორმოცე დღეს ბერმა სულიერად მოინახულა თავისი მოწაფე და მთელი ოთახი კეთილსურნელებით აღავსო.

თესალონიკში ერთი ღმრთისმოშიში იღუმენია ცხოვრობდა, რომელიც კარგად იცნობდა ბერს. მან გვითხრა, რომ 15/28 აგვისტოს, ანუ ჩვენი მოძღვრის გარდაცვალების დღეს, თვალით იხილა ბერი და გაოცებულმა ჰკითხა:

— მამაო, აქ როგორ მოხვდი, შენ ხომ გარდაიცვალე?

მან მიუგო:

— კი, [ამიტომაც] გამოგიარე, რომ დაგემშვიდობო.

რა თქმა უნდა, სხვა მსგავსი შემთხვევებიც არსებობს, როდესაც ბერი სიკვდილის შემდეგ გამოეცხადა და ანუგეშა ადამიანები, მაგრამ ჩვენ მათ თხრობას არ მივყვებით (სჯობს თავად გვიამბონ), რამეთუ თვითონ ჩვენი მოძღვარი ასეთ რამეებს ყურადღებას არ აქცევდა.

შენიშვნები

  1. ბერი თეოფილაქტე (1897-1986) წმიდა იოსებ ისიქასტის ჯერ სულიერი მეგობარი, შემდეგ კი მოწაფე იყო. თითქმის 60 წელი იღვაწა ნეა სკიტის წმიდა უვეცხლოთა კალივაში. ↩
  2. ფილი. 1, 21. ↩
  3. კარბუნკული (ლათ. carbunculus – პატარა ნახშირი) – კანისა და კანქვეშა ქსოვილების მწვავე ჩირქოვანი ანთება. ↩
  4. დისპნოე (ბერძ. Servora) სუნთქვის შენელება, რასაც თან სდევს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება. ↩
  5. იოანე მავროპუსი (დაახ. 1000-1070), რომელიც მოგვიანებით მცირე აზიის ქალაქ ევქაიტის მიტროპოლიტი გახდა. ცნობილი ჰიმნოგრაფი და მრავალი საეკლესიო საგალობლის ავტორი იყო. ↩
  6. ღმრთისმშობლის კანონთა კრებული, ხმა გვერდი მეორე, დღე კვირა, გალობა მეცხრე. ↩
  7. მღვდელმონაზონი იერონიმე ეგინელი (1883-1966) – ცნობილი სულიერი მოძღვარი. მამა არსენის და, მონაზონი ევპრაქსია, მისი უახლოესი სულიერი შვილი იყო. ↩
  8. არქიმანდრიტი გაბრიელი (1886-1983) – ათონის წმიდა დიონისეს მონასტრის წინამძღვარი, ცნობილი მწერალი და ათონის ინტერესების დამცველი. ↩
  9. შეად. მათ. 20,1-16. ↩
  10. წიგნიდან ათონური ლავსაიკონი (Aaventiv too. Aylon Opous). დიონისიუს მონასტრის გამოცემა (ბერძნულად), 2002, გვ. 218. ↩
Share