ღმერთის ნების შემეცნების შესახებ – წმინდა იოსებ ისიქასტი – ცხოვრება და სწავლება

ღმერთის ნების შემეცნების შესახებ – წმინდა იოსებ ისიქასტი – ცხოვრება და სწავლება

თავი მეორე: სწავლება · ღმერთის ნების შემეცნების შესახებ

ბერ იოსებთან ცხოვრების დროს ჩვენ ბავშვებს უფრო ვგავდით, ვიდრე სულიერი სიმწიფის მქონე მონაზვნებს. უმეტესად იმაზე ვზრუნავდით, რომ მონაზვნური ტრადიციები გვესწავლა და ჩვენი გარეგნული, ფორმალური მონაზვნური მოვალეობები ზედმიწევნით შეგვესრულებინა1. ის, რაც არსებითად გვაკლდა, იყო გამოცდილება და გარჩევის უნარი, რომლის მეშვეობითაც ბერის სულიერი მდგომარეობის სიდიდეს, სიღრმეს, სივრცესა და სიმაღლეს შევამჩნევდით. მაგრამ, იქნებ ჩვეული და აუცილებელიცაა, რომ მოწაფეები მხოლოდ მაშინ აფასებდნენ მასწავლებელს, „რაჟამს ამაღლდეს მათგან სიძე"2? ჩვენი მოძღვარი დაუღალავად და განუწყვეტლივ ცდილობდა გადმოეცა ჩვენთვის, რაც კი სულიერი რამ არსებობს, და ამ მიზანს ყოველთვის აღწევდა, რამეთუ „ბრძნისა თუალნი თავსა მისსა"3. მიუხედავად ამისა, „ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი“4.

დრო რომ გავიდა და ასაკი მოგვემატა, ხოლო ბერი ჩვენთან უკვე აღარ იყო, დავიწყეთ მისი სიტყვებისა და საქმეების ღრმა აზრის გაცნობიერება, წვრილმანებშიც კი, არადა, როცა ცოცხალი იყო, ჩვენი გამოუცდელობის გამო, ბევრი რამ უცნაურად და გაუგებრად გვეჩვენებოდა. კი, მთელი ჩვენი გლახაკი ძალებით ვცდილობდით, დავმორჩილებოდით მოძღვარს და არ გვეწყენინებინა მისთვის, მაგრამ სულიერი კანონის აზრი და მთავარი მიზანი – ის, რის გადმოცემასაც ბერი დიდი მოშურნეობით ცდილობდა ჩვენთვის – მაინცდამაინც არ გვესმოდა. ბიოგრაფიულ თხრობას ამჯერად გვერდს ავუვლი და მხოლოდ ოდნავ შევეხები სულიერი კანონის თემას, რომელიც ყველა ადამიანისთვისაა აქტუალური.

ვიცოდით, რომ ბერი იოსები არასდროს მოიმოქმედებდა რამეს, თუ მანამდე არ ილოცებდა. თუ მომდევნო დღის ან ზოგადად მომავლის რომელიმე საქმის შესახებ ვკითხავდით, მოგვიგებდა ხოლმე: ხვალ გიპასუხებთო. ამის მიზეზი ის იყო, რომ თავდაპირველად უნდა ელოცა.

ჩვენ უმეტესად ის გვაინტერესებდა, თუ როგორ უნდა გავიგოთ ღმერთის ნება; როგორ ამოვიცნოთ, რა უნდა ღმერთს. ბერი გვეუბნებოდა:

— ასე ადვილად გსურთ, შვილებო, ისწავლოთ ის, რაც უმთავრესი რამ არის?

ჩვენ კი დაჟინებითა და ცნობისწადილით ჩავეძიებოდით ხოლმე:

— კი მაგრამ, მამაო, წმიდა წერილისა და საღმრთო გამოცხადების მეშვეობით სრულად არ არის ცნობილი ღმერთის ნება? ჩვენ, მონაზვნებს, სხვა რა კითხვა უნდა დაგვებადოს [ამ საკითხთან დაკავშირებით], როდესაც მთელი ჩვენი ცხოვრება მოწესრიგებული და გათვლილია?

ბერი გვპასუხობდა:

— ღმერთმა მოგცეთ გულისხმისყოფა ყველაფერში5. ღირსი ნილოს კალაბრიელი ლოცულობდა, რომ ღმერთს მისთვის „საღმრთო ნების მიხედვით ფიქრი და ქმნა" მიემადლა. ზოგადად, კეთილი საქმეებისა და ყველა სხვა მცნების აღსრულება ღმერთის ნებაა, მაგრამ როგორ ხორციელდება იგი ცალკეულ კონკრეტულ შემთხვევაში, უცნობია. „ვინ ცნა გონებაჲ უფლისა?“6 და „განკითხვანი უფლისანი – უფსკრულ მრავალ"7.

» ღმერთის ნება გაირჩევა არა მხოლოდ დროის, არამედ ადგილის, ადამიანების, საგნების, რაოდენობის, მიდგომისა და ვითარების ფაქტორის მიხედვით. და არა მარტო ეს, ერთი და იგივე ადამიანი, როდესაც განწყობა ეცვლება, ხშირად ღმერთის გადაწყვეტილებასაც ცვლის. შესაბამისად, არაა საკმარისი, რომ კაცმა ზოგადად იცოდეს, თუ რაში მდგომარეობს ღმერთის ნება. საჭიროა, რომ კონკრეტულ თემას განსაკუთრებულად მიუდგეს, განსაკუთრებულად განსაჯოს – მხოლოდ მაშინაა გარანტირებული წარმატება.

» ღმერთის ნების მთავარი მიზანი არის საღმრთო სიყვარულის გამომჟღავნება და გამოხატვა, ხოლო ჩვენი ყველა საქმიანობის მიზანი ისაა, რომ უფლის სიყვარული სრულად ვიგემოთ. თუკი „გინა თუ ცოცხალ ვიყვნეთ, გინა თუ მოვსწყდეთ, უფლისანი ვართ“8, შესაბამისად, მისი ნების შემეცნების არსიც მასშივე მდგომარეობს, ანუ უფლის საღმრთო პიროვნებაში, რომლისთვისაც „ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ9 (მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ისე ჩანს, თითქოს ჩვენთვის ან ჩვენი ახლობლებისთვის ვეძიებთ რამეს). გვავიწყდება უფლის ლოცვა გეთსიმანიის ბაღში: „უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ ჩემგან*(ამცდეს) სასუმელი ესე; ხოლო**(აქ:მაგრამ) არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ!“10 თუ ჩვენს მცდელობას, დავემორჩილოთ ღმერთის ნებას, საფუძვლად მისდამი სიყვარული არ უდევს, არსებობს იმის საფრთხე, რომ იქცეს ადამიანურ საქმედ, უფრო სწორად კი, უძლურებად. თუკი, პავლე მოციქულის თანახმად, ვალდებულები ვართ, „დავატყვევოთ ყოველგვარი აზრი, რათა დაემორჩილოს ქრისტეს“11– რადგან ჩვენს თავს არ ვეკუთვნით12 – როგორ გააკეთებს ამას მორჩილი გაცნობიერებულად, თუ ზუსტად არ იცის ღმერთის ნება ამ კონკრეტულ ვითარებაში? საღმრთო მადლი, რომელიც უფლის ნების აღსრულებას მოსდევს და რომლის მოხვეჭასაც ვცდილობთ, ხომ მხოლოდ სრული მორჩილების დროს მჟღავნდება.

» როდესაც გსურთ გაიგოთ, თუ რაში მდგომარეობს ღმერთის ნება, პირველ რიგში, ყოველივე საკუთარი ნება- სურვილი გვერდზე უნდა გადადოთ, ისევე, როგორც ყველა საკუთარი მსჯელობა და გეგმა, და მხოლოდ ამის შემდეგ, ლოცვაში დიდი სიმდაბლით ითხოვოთ, რომ უფალმა თავისი ნება გაგაგებინოთ, და [ამგვარი მომზადების შედეგად] რაც გამოგეცხადებათ13 ან საითაც მიიდრიკება თქვენი გული, ის იქნება ღმერთის ნებაც. ხოლო რომელთაც უფრო დიდი კადნიერება აქვთ ღმრთის მიმართ და ამგვარი ლოცვის კარგი ჩვევა გამოუმუშავდათ, ისინი თავის შიგნით უფრო მკაფიო უწყებას14 იღებენ უფლისაგან, შესაბამისად კი, უფრო ყურადღებიანები ხდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში და არაფერს მოიმოქმედებენ საღმრთო უწყების გარეშე.

» არსებობს ღმერთის ნების შემეცნების სხვა, ეკლესიაში უფრო გავრცელებული ხერხიც: სულიერი მამისა თუ აღმსარებელი მღვდლისაგან რჩევის მიღება. ადამიანისთვის, რომელიც აცნობიერებს, თუ რა ფასი აქვს მორჩილებას და რა დიდი წყალობაა იგი კაცთა მოდგმისთვის, მორჩილება ხდება შემეცნება იმისა, რაც არ უწყოდა, აგრეთვე, საფარველი და ძალა იმისთვის, რომ განახორციელოს მიღებული მცნება-რჩევა15 რამეთუ ღმერთი მორჩილ და გამგონე ადამიანებს თავისი მამობრივი თვისებით გამოეცხადება. მორჩილების, როგორც ყოვლად-სათნოების, სრულყოფილება კაცს ღმერთის ძეს ამსგავსებს, რომელიც „იქმნა მორჩილ ვიდრე სიკვდილამდე ჯვარისა“16. და როგორც იესო ქრისტეს მიეცა ყოველივე ხელმწიფება17 და მამის სრული სათნოყოფა, ასევე მორჩილების მუშაკებსაც ეძლევათ გულსავსება ღმერთის ნებისა და [იმავდროულად] მადლიც, რათა ეს საღმრთო ნება სრულად და წარმატებით აღასრულონ.

» მათ, რომლებიც სულიერ ადამიანებს ეკითხებიან რჩევას, რათა უფლის ნება შეიმეცნონ, შემდეგი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გაითვალისწინონ. ღმერთის ნების გამოცხადება მაგიურად არ ხდება, არც ფარდობითობის თეორიას ექვემდებარება, რადგან ადამიანური მსჯელობების ფარგლებს სცილდება, არამედ რასთან გვაქვს საქმე? სახიერი უფალი ჩვენი ბუნების სისუსტეს უწევს ანგარიშს და ეშვება რა მის დონეზე, გულსავსე-ჰყოფს იმ ადამიანს, ვისაც, უპირველეს ყოვლისა, მისდამი აბსოლუტური რწმენა აქვს და მდაბლდება მის წინაშე: არა მარტო მთელი გულით ესწრაფვის მიიღოს შესაბამისი უწყება, არამედ განწყობილია, რომ იგი აღასრულოს კიდეც, ამიტომაც რწმენითა და მადლიერებით იღებს სულიერი წინამძღოლის პირველ სიტყვას.

» წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ როდესაც რწმენის, მორჩილებისა და სიმდაბლის საფუძველი არ არსებობს, და პირიქით, ადამიანი მოძღვარს ეპასუხება, კითხვებს აყრის ან, უარესიც, სხვასთან გარბის საკითხავად, მაშინ ღმერთის ნება მისგან იმალება ისევე, როგორც მზე ღრუბლებს მიღმა. ეს ძალიან ფაქიზი საკითხია და დიდი სიფრთხილე გვმართებს. წმიდა მარკოზ მმარხველი წერს: „ადამიანი თავისი მოყვასის შესახებ მსჯელობს იმის მიხედვით, თუ რა უწყის, ხოლო ღმერთი მოქმედებს მსმენელის მიმართ იმის მიხედვით, თუ როგორ სწამს მას18. მაშასადამე, უფლის ნების ძიების აუცილებელი წინაპირობა არის ის, რომ მეძიებელს ამგვარი გამოცხადების მიღების უნარი ჰქონდეს, რამეთუ როგორც ითქვა, საღმრთო ნებას, მისი ზებუნებრივი ხასიათიდან გამომდინარე, ვერავინ დაეუფლება მაგიურად, არც ადგილითა თუ თანამდებობით იიძულება, არამედ გამოეცხადება მხოლოდ ამ საღმრთო მოწყალების ღირსებს.

ამას გვასწავლიდა ჩვენი მოძღვარი. მახსოვს, მიჩვეულები ვიყავით, როდესაც ღმერთის ნებას დავეკითხებოდით ხოლმე, მიგვეღო პირველი სიტყვა შეპასუხებისა და ეჭვის გარეშე, როგორც აბსოლუტური. ამ შემთხვევაში ყველაფერი იდეალურად გვარდებოდა, მაშინაც კი როცა ადამიანურ ლოგიკას დაყრდნობილებს, ეჭვი გვეპარებოდა წარმატებაში. გამოცდილებიდან ვიცოდით, რომ თუკი რაიმე თითქოსდა სწორი საბაბითაც კი შევეპასუხებოდით, ბერი უკან დაიხევდა და გვეტყოდა: „ისე მოიქეცით, როგორც თავად თვლით საჭიროდ“, მაგრამ მაშინ საიდუმლო ძალასა და წარმატების საფარველს ვკარგავდით. მაშასადამე, სულიერი მამის სწორედ „პირველი სიტყვა“, როდესაც მას რწმენითა და მორჩილებით ვიღებთ, გამოხატავს ღმერთის ნებას.

ზოგადად, ეს საკითხი საკმაოდ ჩახლართული და ძნელად გასარჩევია, რამეთუ, როგორც ვიცით, წმიდანებმაც კი არ იცოდნენ ყოველთვის უფლის ნება, განსაკუთრებით, როდესაც ადამიანი დროშია შეზღუდული. ზოგჯერ სირთულე შემკითხველის სულიერი მდგომარეობიდანაც მომდინარეობს: გააჩნია, რამდენად თავისუფალია ვნებების მოქმედებისგან, რა გულისთქმები ამოძრავებს და ა.შ.

ამ ყველაფერთან ერთად, საჭიროა მოთმინებაც. ერთი სულიერი და სარწმუნო ადამიანისგან პირადად მაქვს მოსმენილი, თუ როგორ სთხოვდა ღმერთს, რაღაც პირად საკითხთან მიმართებით თავისი წმიდა ნება გამოეცხადებინა და პასუხი მიიღო… ორმოცდაორი წლის შემდეგ! ეს რომ მოვისმინე, შევძრწუნდი საკუთარი უდებების გამო, ხოლო მისმა რკინისებრმა მოთმინებამ გამაოცა.

ყოველივე ზემოთქმული რომ შევაჯამოთ, დავასკვნით, რომ საღმრთო ნების „დიაგნოსტირება“ არის სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი და რთული საკითხი. ეს განსაკუთრებით იმათ ეხებათ, რომელთაც სურთ, გულსავსება ლოცვის მეშვეობით მიიღონ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხერხი ეფუძნება უფლის სიტყვებს – „ითხოვდით, ეძიებდით, ირეკდით და მოგეცეს თქუენ“19 – საჭიროებს მოთმინებას, განსაცდელებს და გამოცდილებას იმისთვის, რომ გაქრეს ვნებები, საკუთარი ნება-სურვილი – ის ყველაფერი, რასაც საღმრთო მადლი, თავისი სიფაქიზისა და მგრძნობიარობის გამო, ერიდება. ასეა თუ ისე, შრომა სჭირდება თუ მოთმინება, ლოცვის გარეშე არაფერი გამოვა: იგია ღმერთთან ურთიერთობის ერთადერთი და მისი წმიდა ნების შემეცნების აუცილებელი საშუალება.

შენიშვნები

  1. სენაკის კანონი, ღმრთისმსახურებების ციკლი, მუხლდრეკა და ა.შ. ↩
  2. მათ.9,15 ↩
  3. ეკლ.2,14 ↩
  4. ეკლ. 3,1: „ყოველთათვს ჟამი არს და ჟამი ჩანს ყოვლისა საქმისა“. ↩
  5. იხ. 2 ტიმ. 2,7. ↩
  6. კორ. 2,16. ↩
  7. იხ. ფსალმ.35,7. ↩
  8. რომ. 14,8. ↩
  9. საქმე 17,28. ↩
  10. მათ.26,39 ↩
  11. იხ. 2 კორ.10,5. ↩
  12. იხ. 1 კორ.6,19. ↩
  13. გამოცხადებაში აქ არ იგულისხმება, რომ მაინცდამაინც ღმერთი, ანგელოზი ან წმიდანი კი არ გამოეცხადება ადამიანს, არამედ „ირიბი“ გამოცხადება – ცხოვრებისეული ვითარება, მითითება და სხვა. ↩
  14. უწყება (ბერძ. Anpopopia) – ჩვეულებრივ, ეს სულიერი ფენომენი ძველქართულ ასკეტურ ლიტერატურაში „გულსავსებად“ ითარგმნება. ↩
  15. ძველქართული სიტყვა “ნისნავს „ბრძანებას“. ↩
  16. იხ.ფილიპ.2,8. ↩
  17. იხ.მათ.28,18. ↩
  18. სულიერი კანონის შესახებ 78. ↩
  19. იხ.მათ.7,7. ↩
Share