უდებება ჩვენი უაღრესად მზაკვარი და საშიში მტერია. იმის გამო, რომ ბევრჯერ დაგვჩაგრა, ჩვენც მას დაუძინებელ მტრად მივიჩნევთ. ბერი იოსები ცდილობდა დავეცავით მისგან. სწორედ მის ღრმა გამოცდილებაზე დაყრდნობით შევეცდები, უდებების მოქმედების ჩახლართულ და რთულად ამოსაცნობ მეთოდებს შევეხო, რომლებითაც თავის მსხვერპლთ ატყვევებს ხოლმე. წმიდა მამები მას მოწყინებასაც უწოდებენ, ზოგჯერ კი უდებებასა და სიზარმაცეს. არსი ერთი და იგივეა: სულიერი სიკვდილი. ახლა იმას არ შევეხებით, თუ როგორ განმარტავენ წმიდა მამები ამ სასიკვდილო უბედურებას (იმის თქმაც საკმარისია, რომ უდებება ბოროტების რვა უმთავრეს გულისსიტყვათა შორის ერთ-ერთია), არამედ ბერის გამოცდილებიდან რამდენიმე სასარგებლო (განსაკუთრებით, ჩვენი თაობისთვის) დარიგებას ვახსენებთ.
ჩვენი მოძღვარი ამბობდა, რომ უდებება არის სულიერ ცხოვრებაში წარუმატებლობის მთავარი მიზეზი. როდესაც გავიკვირვე და ვკითხე, განა დიდებისმოყვარეობა უარესი არ არის-მეთქი, მომიგო:
— კი, დიდებისმოყვარეობაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ იგი საშიშია იმათთვის, ვის მოტყუებასაც შეძლებს, ასეთები კი ცოტანი არიან. მთავარი განსხვავება იმაშია, რომ დიდებისმოყვარეობა დაგროვილ საუნჯეს ფლანგავს, ხოლო უდებება ამ საუნჯის შეკრებასაც არ გაცლის. უდებება გვალვას ჰგავს, რომელიც არანაირ მცენარეულობას არ ახარებს. დიდებისმოყვარეობა იმათ ვნებს, ვისაც ნაყოფი აქვს, ვინც უკვე წინ წაიწია, ხოლო უდებება – ყველას. დამწყებს არ აწყებინებს, ხოლო დაწყებულს აჩერებს. უცოდინარს არ აცლის სწავლას, ხოლო მცოდნეს, მაგრამ შეცდომილს – გამოსწორებას. დაცემულს ფეხზე წამოდგომაში უშლის ხელს, ზოგადად კი, თუ ვინმეს დაატყვევებს, ღუპავს.
» როდესაც სულიერი მოღვაწეობის დროს ვიღლებით ან ბუნებრივი მოთხოვნილებები გვაწუხებს, უდებება მოტყუებით გვიბიძგებს, თავი შევიცოდოთ და თავმოთნეობასა თუ ზედმეტ განცხრომაში ჩავვარდეთ. მხოლოდ ვაჟკაც სულებს შეუძლიათ, რწმენისა და იმედის მეშვეობით, თავი დააღწიონ ამ მზაკვრულ ხაფანგს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უმეცარი კაცი ძნელად დაუსხლტება უდებების კლანჭებს. უდებება განსაკუთრებით აჭირვებს იმათ, რომლებიც მარტო ცხოვრობენ და რომელნიც გაურბიან დაგეგმილ ცხოვრებას, ხოლო მორჩილებსა და ფიზიკური მსახურების მოყვარულთ ვერ ავნებს.
» უდებების წყარო არის სასოწარკვეთილება, სულმოკლეობა ან საღმრთო მადლის დიდხნიანი მიმალვა. ყველაფერი იმით იწყება, რომ კაცი, ვითომ უძლურებისა თუ სნეულების გამო, შეღავათს ითხოვს, ხოლო მთავრდება სრული ურწმუნოებით, თავხედობითა და უმადურობით. მარტოდმცხოვრებთათვის იწყება პირადი ლოცვითი კანონის გამოტოვებითა და ფორმალური განრიგის [უმიზეზო] დარღვევით, ხოლო იზრდება მაშინ, თუ კაცი დროულად არ მოვა გონს და გამოსწორდება. და ბოლოს, მათში, რომლებიც სხვებთან ერთად ცხოვრობენ, უდებება ფეხს იკიდებს ამაოდმეტყველებითა და განკითხვით.
უდებების წამლად ჩვენი მოძღვარი გვირჩევდა, „პოზიტიური და ნეგატიური“ ესქატოლოგიური აზრები გვქონოდა, ანუ ცათა სასუფეველსა თუ ჯოჯოხეთზე გვეფიქრა, აგრეთვე, მხნე მოღვაწეები გაგვეხსენებინა. უდებების წინააღმდეგ სხვა მადლისმიერი იარაღებია: ლოცვა, ცრემლები და რწმენა. ბერი იმ მონაზვნებზეც გვიამბობდა, რომლებმაც უდებების გამო ის სულიერი ნაყოფი დაკარგეს, რაც მანამდე მოშურნეობითა და შრომისმოყვარეობით შეკრიბეს. ბერი ამბობდა: ჩემი აზრით, სხვა დანარჩენი ვნებებიც, რომლებიც მოღვაწეებს აცდუნებს, უდებებიდან მომდინარეობს, რამეთუ სწორედ უდებება აბლაგვებს ყურადღებას, რაც, თავის მხრივ, „მონათესავე“ ვნებებს უღებს კარს, ისინი კი ატყვევებენ ადამიანს.
მოძღვარი ყოველთვის ამ სიტყვებით გვაფხიზლებდა:
— ნუ მიეცემით უდებებას, შვილებო, რათა ავაზაკებს არ ჩაუვარდეთ ხელში.
ბერი ამაო, თუმც არაცოდვიანი საქმით დაკავებასაც კი უდებებად მიიჩნევდა, რამეთუ სწამდა, რომ იმავენაირად შეიძლება დაატყვევოს ადამიანის გული. დავითიც ხომ ამბობს: „ნუ მისცემ შეძრვად ფერხსა შენსა, [და მაშინ] არცა ჰრულეს მცველსა შენსა“1, ხოლო სხვაგან: „არა თუმცა შჯული შენი ზრახვა იყო ჩემდა, მაშინვე სამემცა წარვწყმდი*(დავიღუპებოდი) სიმდაბლესა შინა ჩემსა“2.