[83] მონაზონ ბრიენას
წმიდა მთა, 29/5/1951
ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, გისურვებ, რომ კარგად იყო, მთელ კრებულთან ერთად, სადაც მკვიდრობ, სულიერ დედასა და მამასთან ერთად, უფლის მადლი ყოველთვის იყოს თქვენთან ერთად.
ჩემო შვილო, ბრიენა, დღეს მივიღე ორი თვისა და 8 დღის წინ გამოგზავნილი შენი ეპისტოლე და ვნახე, რასაც მწერ, და გამიხარდა, რომ ჯანმრთელად ხარ. [საერთო] მდგომარეობის შესახებ ხშირად ვიგებთ ახალ ამბებს, როგორც მწერ. მაგრამ მგონია, რომ შედეგი აყოვნებს, რამეთუ მხოლოდ სინანულია ის, რაც ბოროტებას აჩერებს და აუქმებს, და ცხრება უფლის რისხვა.
მაგრამ რადგან საკმარისი სინანული არ არსებობს, ლპობა გავრცელდება და [მხოლოდ] ომი შეცვლის მდგომარეობას. [უფლის] მეორედ მოსვლა იმისთვის მოხდება, რომ ყველაფერი თავის ადგილას დადგეს, თორემ სხვაგვარად ბოროტება არ იკურნება, არამედ მხოლოდ უარესდება. ამიტომაც ვიზრუნოთ იმაზე, რომ მზად ვიყოთ, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გვქონდეს სინანული, ვიზრუნოთ ჩვენს გამოსწორებაზე, რათა ყოველ წუთას მზად ვიყოთ.
მთავარი ვნებები, რომლებიც სხვა ყველა დანარჩენს შობს, არის რისხვა და [ხორციელი] გულისთქმა:
ამიტომაც მთელი შენი ძალისხმევა მიმართე იმისკენ, რომ ყოველ წუთს მოგუდო რისხვა. როგორც კი გაინძრევა, და ნახავ, რომ შემდეგ ჯერზე უფრო სუსტი იქნება. შენ კი განაგრძე მასთან ბრძოლა და როგორც კი თავს წამოყოფს, მოკვეთე ხოლმე. ამგვარი ღვაწლი მალე გამოიღებს სულგრძელების ნაყოფს, აღუშფოთებლობას. ერთი სიტყვით, მშვიდობა და მადლი, და ამათ მოჰყვება სხვა ყველა სიკეთე.
ნუ გეგონება, რომ როდესაც „სათქმელს იტყვი“, მოგეშვება, თუ შენი სამართლის ძიებას დაიწყებ. სამართალი იმაში მდგომარეობს, რომ მოწეული განსაცდელი ვაჟკაცურად მოითმინო და გამარჯვებული გამოხვიდე, მიუხედავად იმისა, დამნაშავე ხარ თუ არა. ხოლო თუ დაიწყე „კი მაგრამ…“ და „რატომ?“, ამით იმას ეწინააღმდეგები, ვინც ეს მწუხარება გამოგიგზავნა შენი ვნებიანი მდგომარეობის განსაკურნებლად. ღმერთი იმისთვის განგვსწავლის, რომ უვნებობაში მიგვიყვანოს. ხოლო თუ არ ითმენ [მოწეულ განსაცდელს], ღმერთს ეწინააღმდეგები, ღმერთს ებრძვი. მწერ, მიყვარხარო. ნამდვილია თუ არა ეს [სიყვარული], იმით გამოსცადე, რომ გააკეთო ის, რასაც გწერ: მოგუდე ვნება, როდესაც შენს დასახრჩობად აღიძვრება. გველი შიგნით – გამოკეტილში გყავდეს, ერთხელ და ორჯერ და მრავალჯერ, და მალევე იპოვი სიხარულისა და ძლევის გზას. სწორედ მაშინ ამოქმედდება ის ლოცვები, რომლებსაც შენთვის აღვავლენ. თანაც, როდესაც დედას სძლევ, მის ასულთა მთელი ჯგროც დაენარცხება, რომლებსაც რისხვა შობს.
მეორე დედა კი [ხორციელი] გულისთქმაა, რომელიც მხედარს ცხენიდან აგდებს. ხოლო როდესაც კაცი ყველაფერში თავშეკავებულია და ზედმეტ მასალას არ იღებს, სისხლი არ ჭარბობს. ხოლო როდესაც სისხლი არ ჭარბობს, ადამიანს ვერ დასცემს, არამედ ბრძოლის უნარს უნარჩუნებს. ამიტომაც, შენც წინ აღუდექი და შეეპასუხე. გულისსიტევებს შემოსვლას ნუ აცლი, არამედ მხნედ ებრძოლე და არა დახსნილებით, და ნახავ, რომ იმწუთას კარგავენ ძალას. და ამგვარად აყვავდება სისუფთავისა და უმანკოების ყვავილი, ხოლო შენი სული გამოუთქმელი სიხარულით გაიხარებს, და იმის გულსავსებასაც მოგცემს, რომ განსასვენებელი ადგილი მზადდება შენთვის. ამგვარად შებოჭავ ვნების ბოროტებას და ამ ბოროტების ყველა ნაშიერს.
კმარა, რაც უკვე ვთქვით. მამა კორნელი მთხოვს, მოგწეროთ, რომ გაუგზავნოთ მამა საბას ხელდასხმის მოწმობა – იღუმენიამ. მმართველობას უნდა უჩვენოს, რომ ათონელის მიერ არის ნაკურთხი, იქნებ ამგვარად შეძლოს სახლში* (აქ: ათონურ კელიაში ან კალივაში) დაბრუნება. ამბობს, მამა პაისის ძმისშვილს პატარა წერილიც გავატანეო [ამ საკითხზე]. სქემის შესახებაც მივწერეო: რომ თუ [ქ.] ვოლოსში ჯერ არ გაგიგზავნიათ [სქემა], აქ გამოგზავნოთ, ჩვენთან. ეს მითხრა, მომწერა და მეც მორჩილება შევასრულე [ანუ რაც მითხრა, მოგწერეთ].
მამა ეფრემი1 ჩვენს სახლში არ ცხოვრობს, არამედ მოშორებით, რადგან არ ცხოვრობს მდუმარებით. ტრაპეზზე სხვა სტუმრები სშირად გყვავს. ჩვენი კალივები გაივსო და ახლებს ვაშენებით ხის მასალისგან,
მოძღვარს მეტანია გადაეცი, იღუმენიასა და ყველა დას — ლოცვა-კურთხევა.
ვლოცულობ შენთვის,
მდაბალი მ. იოსები
[84] მონაზონ ბრიენას
წმინდა მთა, 5/6/1951
ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, ვლოცულობ შენი ჯანმრთელობისთვის, ისევე, როგორც ყველა დისთვის.
ჩემო შვილო, ბრიენა, მივიღე შენი წერილი და წავიკითხე: ყველაფერი, რასაც მწერ, ჩემო შვილო, ახლა უკვე უადგილოა, რადგან დღესასწაული გარდახდა* (უკვე გვიანაა). ასე იმ დროს შეიძლება გელაპარაკა, როდესაც შენ დედასთან ერთად იყავი. მაგრამ ახლა ყველა [ადამიანი] უარყავი. როდესაც სქემა შეიმოსე, ქრისტეს შეჰპირდი. „ჰე** (კი), ღმერთის შეწევნით, პატიოსანო მამაო“2. ახლა კი არანაირი გამართლება აღარ არსებობს, რამეთუ ანგელოზებმა ჩაიწერეს ის, რასაც შენ შეჰპირდი [უფალს].
მოძღვარიცა და იღუმენიაც სწორად იქცევიან. მათ არ შურთ შენი წინსვლა, არამედ დაღუპვისგან გიცავენ. რადგან ახალგაზრდა ხარ, აყვავების ასაკში ხარ, ქორები გზებზე არიან ჩასაფრებულნი. სადაც არ უნდა წახვიდე, მახეებს გიგებენ. დედაშენს ერთი წვეთი3 ქრისტიანული – არა [ღრმად] სულიერი — შეგნება მაინც რომ ჰქონოდა, გეტყოდა: „არ გაბედო მონასტრიდან ფეხი გაადგა, თორემ მოგკლავ, ერთი წუთით მაინც რომ მოხვიდე ჩემს სანახავად“, თუნდაც ცოცხლად შეეჭამათ იგი მატლებს. რამეთუ აღარ ხარ მისი შვილი, არამედ ქრისტესი და ღმრთისმშობლისა.
ისინი, რომლებზეც მწერ, რომ მოძღვარი სახლში უშვებს ხოლმე, დამჭკნარები არიან4, [სულიერი] ცოდნა აქვთ და ძალუძთ, სხვებსაც მოუტანონ სარგებელი. არ ზიანდებიან, მახეში არ ებმებიან, მათ არავინ აქცევს ყურადღებას, ამიტომაც არაა საშიში მათი გაშვება.
ერთი სიტყვით, შენს წინამძღვრებს ნუ განიკითხავ, რადგან უყვარხარ კიდეც და გიფარავენ კიდეც ხიფათებისგან. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეუძლია იღუმენიას, არის ის, რომ მანდ მოიყვანოს, მანდ მოუარო მანამ, სანამ გამოჯანმრთელდება და ამგვარად დიდ გასამრჯელოს მიიღებს. იქნებ მანდ მოკვდეს კიდეც და მონასტერში დამარხავთ. ესაა ერთადერთი გამოსავალი, თუ იღუმენიას სურს. სხვა გზა არ არსებობს. დიონისეც დაისვენებს და ისიც განიკურნება. სნეულება დიდ გასამრჯელოს მოუტანს, მაგრამ [სულიერი] ცოდნა არ აქვს. [მხოლოდ] ერული ცოდნა აქვს, სულიერ სამყაროსთან სრულიად შეუთავსებელი; განუკურნებელი ვნებები, რომლებიც არც იკურნება, არ შუშდება. „ვჰკურნებდით ბაბილონსა და არა განიკურნა“5. უფალი მას წაიყვანს და ამით დასრულდება მისი წვალება. ამ ყველაფრისთვის [– სნეულებისა და მოთმინებისთვის] დიდი სასყიდელი ექნება.
შენ იმას უყურე, შენ არ წაგიღოს მდინარემ, [თორემ] მას არაფერი დაემართება. ამას წინათ სხვა ეპისტოლეც მოგწერე. მოთმინება იქონიე და ამ მოთმინებაზე უმაღლუსი აღმსარებლობა არ არსებობს. უარი თქვი ნება-სურვილსა და უფლებაზე და აი, [მრავალთა მიერ გამოცდილ და] განვლილ გზას ადგახარ.
მოძღვარს. მეტანია გადაეცი, ხოლო იღუმენიასა და ყველა ქრისტესმიერ დას ლოცვა-კურთხევა.
მეც ვლოცულობ შენთვის,
მდაბალი მ. იოსები
… და წმიდა ფოტინე …
წერილებს მენიდში გავაგზავნი ხოლმე, ქ-ნ ელეფთერიასთან, რათა ჩამოსვლა არ მოგიწიოთ და რამე ზიანი არ მოგადგეთ.
ისევ მე
[85] დიონისეს
წმიდა მთა 12/2/1962
ჩემო საყვარელო შვილო დიონისე, შენს კეთილ დედიკოსა და დაიკოსთან ერთად. გისურვებთ, რომ კარგად იყოთ.
მივიღე შენი ეპისტოლე და ვნახე რასაც მწერ და, როგორც მწერ, ვწუხვარ, რომ შენმა კეთილმა დედიკომ არ დაგტოვოს და არ წავიდეს იქ, სადაც ყველანი წავალთ. [დაე,] ისე მოხდეს, როგორც უფალს ნებავს.
დღეს მ. ათანასემ ქვითრები წაიღო ხელმოსაწერად, მაგრამ ეპისტოლე მზად არ მქონდა, რათა გასაგზავნად გამეტანა.
დაოჯახების თემას რაც შეეხება, მას მერე, რაც მომწერე, საკითხი, როგორც გწერდი, ღმერთს მივანდე, რათა გონება განგვინათლოს იმის გასაგებად, თუ რა არის მისი ნება, რა არის მისთვის სათნო. რადგან ბევრი რამ გვეჩვენება თავდაპირველად კარგად, მაგრამ ღმერთისთვის სათნო არ არის. ერთი სიტყვით, ამ წუთამდე არანაირი უწყება არ მაქვს, ამიტომაც ვერაფერს ვიტყვი, იქნებ არ არის უფლის ნება და მონაზვნობისთვის ჰყავხარ განკუთვნილი6. მე, ნებისმიერ ჩემს საქმეში, თუ უწყებას არ ვიღებ, არაფერს ვწყვეტ. მაშასადამე, ახლაც ვილოცებ, მაგრამ არ ჩავერევი, თუ უფალი თავის ნებას არ მაუწყებს, რამეთუ არ ვიცი მისი ნება.
შენმა დედიკომ ორიოდე სიტყვაც არ მომწერა, რომ მისი ხმა გამეგო. ჩვენს ბრიენას აუცილებლად მცნება ექნება მიღებული არ მოგწეროთ (ამიტომ არ გწერთ). მე კი ჩვენს ღმერთთან ერთად ვიხარებ მდუმარებაში და მხიარულად ვარ ჩემს საწადელ დაყუდებაში, ვგალობ ჩემს ჯანსაღ და ფილოსოფიურ ტროპარს:
სულო, იპოვე დუმილის ყურე,
სხეულთან ერთად ძალა მოიეც,
გონებავ, საღმრთო სიმშვიდით დატკბი,
ნურც კი იკითხავ, ვინ რასა სჩადის.
„რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ“7.
ვლოცულობ შენთვის მთელი სულითა და გულით,
მდაბალი მ. იოსები
ძალიან გთხოვ, დიონისე. გაზეთი[ს საფასური] გადაიხადე და ნუ[ღარ] აგზავნი, რადგან არასდროს წამიკითხავს, რამეთუ დრო არ მაქვს. ეს ხათრი გამიწიე.
[86] ერგინას
წმინდა მთა, 21/5/1952
ჩემო საყვარელო დაიკო ერგინა, დიონისესთან და ბრიენასთან ერთად, გისურვებთ, რომ კარგად იყოთ.
ჩემო დაო, მივიღე შენი ეპისტოლე და ვნახე, რასაც მწერ. სნეულებას რაც შეეხება, ერთსა და იმავე კატეგორიაში ვართ. სიკვდილს ველი, როგორც ყველა ჭირის ერთადერთ უებარ წამალს. აბა, ვნახოთ, ორიდან რომელს გვერგება ის ბედნიერება, რომ პირველი წავიდეს და ლოცვით მეორეც მიიზიდოს, და საბოლოოდ დაცხრეს „ყოველი სალმობა, ურვა და სულთქმა“.
ამიტომაც, როდესაც დიდი ხანი არ მწერ, სანამ შენს წერილს გავსხნი და შენს ხელნაწერს დავინახავ, გული ძლიერად მიცემს, ვაითუ გამასწრო–მეთქი. ჩემს წარმოდგენაში მუდამ ისეთი მესახები, როგორიც სტრიკოში8 იყავი. როგორც არ უნდა ელოდეს კაცი სიკვდილს, როდესაც გაიგებს, რომ მის საყვარელ ადამიანს ეწვია, თავს ვერ იკავებს. ერთი სიტევით, ნუ შევწყვეტთ მის ლოდინს – ეს ჩვევა სასარგებლოა, რადგან კაცი ყოველწუთას სინანულშია.
დიონისეზე მწერ. ელენეს სახლის საქმეები ყველაზე კარგად მე ვიცი, თანაც დაწვრილებით. ალეკოს მამას აფთიაქი აქვს და ჯერ კიდევ ცოცხალია. ამიტომაც ალეკომაც მარიულას9 ფარმაცევტიკაზე ჩააბარებინა, პაპის ხელობაზე, რათა აფთიაქი მზითვად დარჩეს.
დაახლოებით ოთხი წლის წინ ერთი მათი შორეული ნათესავი მოვიდა, განათლებული და კარგი ახალგაზრდა, და მარიულა მთხოვა და [მათაც] მომწერეს და ვუთხარი, რომ მარიულა ჩემია და ვინმე თავისნაირისთვისაა განკუთვნილი. ალეკომაც ის უთხრა იმ ბიჭს, რომ გოგონა ჯერ კიდევ პატარაა და უმაღლესშიც უნდა ჩააბაროს. დიდი ხნის წინ მივწერე [მარიულას], რომ ამას მოვუგვარებდი. მრავალჯერ გადამიხადეს მადლობა იმისთვის, რომ მათზე ყოევლთვის ასე ვზრუნავ, მე კი ესეც ვუთხარი, როგორც კი ჩემი და დათანხმდება, რომ [მისი ძე] სასულიერო პირი გამოვიდეს, საქმე მოგვარებულია მეთქი. შარშანაც მივწერე, და მაშინ მითხრა პირველად, რომ გდომებია, და მიპასუხა, კიდევ ხუთი წელია საჭირო, რომ სწავლა დავამთავროო. მივწერე, თითქოს კარგ ნიშნებს ვხედავ ჩემს დაში-მეთქი, იქნებ უფალს სურს მარიულა აკურთხოს მეთქი. ისე ვუთხარი, რომ ალეკოსთვის არ ეთქვა, რამეთუ [ჯერ] კარგად არ ვიცი [ღმერთს უნდა თუ არა]. ამის მერე დიონისემ მომწერა, ოღონდ უკვე ყველაფერზე – სერიოზულად. მრავალი ლოცვა აღევლინა ამ საკითხზე.
ჰოდა, როდესაც დიონისემ მომწერა, ვლოცულობდი, მაგრამ ცხადად ვერაფერს ვხედავდი [ლოცვაში]. იცი, როგორი მზადყოფნით მოგწერე, რომ ყველაფერში შევიტანდი ჩემს წვლილს, არა როგორც გამრიგებელი, არამედ როგორც ორივეს [სულიერი] მამა. მაგრამ, როდესაც ვილოცე, სრულიად დავჭკნი. იქნებ ღმერთს არ უნდა, რომ მე ჩავერიო. იქნებ სხვა რამეს გეგმავს უფალი. მე კი გამოვშრი.
მარიულა დედამისს ჰგავს, ან იქნებ სხვისთვისაა განკუთვნილი. იქნებ უფალს არ უნდა, რომ დიონისე დატყვევდეს. კაცმა რა შეიძლება იცოდეს? ღმერთი კი ადამიანი არ არის, რომ კაცი რამეს შეეკითხოს. კიდევ ერთი წელი მოითმინოს და ვნახოთ ამასობაში რა მოხდება.
ერთი სიტყვით, ერთი წელი მოითმინეთ და, თუ შენ მოკვდები, ხოლო მე ცოცხალი ვიქენი, მთელი ძალისხმევით ვიზრუნებ მასზე, მე მივწერ მარიულას.
ესეც იცოდე, ჩემო დაო, რომ მარიულა ძალიან ფაქიზადაა გაზრდილი და საკუთარი ასულივით არ მოგემსახურება, ახლა, როდესაც საფლავამდე უკვე საფლავში ხარ. ამიტომაც ჯერჯერობით დაანებე თავი. არც მე მივწერ მათ, რადგან ღმერთისგან უწყება არ მაქვს. განსაცდელში ჩავარდები. ხოლო თუ შენ მოკვდები, დარწმუნებული იყავი, რომ უფალი მას არ დატოვებს, არც მე მივცემ ძილს ჩემს თვალებს, რა თქმა უნდა, თუ უფალი შეისმენს. ამიტომაც, ჯერჯერობით შეეშვი, რომ დროთა განმავლობაში უწყება მივიღოთ. მე მათ არ მივწერ. შეიძლება საერთოდაც შევწევიტო მათთან მიმოწერა, რადგან არ ვარ კარგად. ხოლო თუ საკითხი თავისით დადგა და მკითხავენ – რადგან ყველაფერი იციან, – მაშინ ისევ შეგატყობინებ.
გავიდეს ერთი წელიწადი, ნუ ჩქარობ, რომც მოკვდე. ნუ ზრუნავ. ვინ მიატოვა ღმერთმა, რომ [ახლა] დიონისე მიატოვოს?! კმარა ამის შესახებ.
„დიონისეს უთხარი, ქვითრები გამოაგზავნოს, რომ ხელი მოვაწეროთ, რადგან აღარ გვაქვს“, – ამბობს ათანასე. ახალი მინდობილობაც მზადაა. გამოგზავნის. ახლავე გამოგზავნოს ხელმოსაწერი ქვითრები, რათა ერთად ჩამოგივიდეთ.
ბრიენასთვისაც ვლოცულობ, მოვიკითხავ დიონისეს. აჰ, ახლა ბევრი მყავს, მაგრამ ათანასე ჩემი ყველაზე დიდი ჭრილობაა. იქნებ ამ ჩემი დიდი ტკივილის გამო ინფარქტით წავიდე, რადგან ისევ ისეთი უძლურია [სულიერად].
დაბოლოს, არ გწერ, რომ გული არ დაგწყვიტო: მის გამო დამისნეულდა გული და ყოველწუთას ისე მიძგერს, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს დამაგდოს.
გემთხვევი,
შენი უკანასკნელი ძმა და მ. იოსები
[87] მონაზონ ბრიენას
წმიდა მთა, 10/3/1954
ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, გისურვებ, რომ კარგად იყო.
ორი დღის წინ, 8 მარტს10, მიხალი მოვიდა, შენი ეპისტოლე მომიტანა და ვნახე რასაც მწერ. შევწუხდი და გული მეტკინა თქვენი სავალალო მდგომარეობის გამო. მაგრამ რა შეიძლება ვთქვათ? როდესაც მანდ არ ვარ და არ შემიძლია ორივეს მოგისმინოთ, უცდომელად ვერ განვსჯი.
რაც არ უნდა იყოს, შენი ბრალია, რამეთუ შენ თვითონ წახვედი და მიატოვე შენი [სულიერი] დედიკო, მწარედ მტირალი და გულმწყრალი იმის გამო, რომ დაჩაგრეს. ნახევარი სიცოცხლე წაერთვა. და საბოლოოდ, მას მერე, რაც შენი ტანჯული [ხორციელი] დედიკოც მოკვდა, სულიერი კავშირი გაწევიტე და ქუჩაში დარჩი.
კეთილი. მაგრამ ახლა რომ მოვლა-პატრონობა გჭირდება, საზრდელი. შესამოსელი, როგორ იშოვი იმას, რაც გჭირდება? ყოველდღე ქუჩაში ივლი აკაკიასა და სხვებივით? ამასაც გასინჯავ. იმის გამო, რომ შორს ვარ, არ ვიცი მანდ რა არის უმჯობესი. შენ თვითონ გამოსცადე ყველაფერი, რაც კი რამ გგონია, რომ კარგი და სასარგებლოა. და როდესაც კმაყოფილი იქნები, მეც დაგეთანხმები.
იმ დასთან ერთად, რომელზეც მწერ, მარიამთან, თუ გსურთ და შეგიძლიათ, წადით, იხილეთ და მოილოცეთ მონასტერი, სადაც განიწმიდა წმიდა ნექტარი პუნტაპოლელი – მრავალ სასწაულს ახდენს. ერთ-ერთ აქაურს მოსწერეს რა სასწაულებს ახდენს და მეც წავიკითხე.
დაბოლოს, ახლა მრავალნაირ განსაცდელს გაივლი და ამიტომ მოემზადე, რომ მოთმინება იქონიო. განუწევეტლივ თქვი იესოს ლოცვა და უფალი დაგეხმარება. იქ მოეწყვე, სადაც მოგეწონება.
დიონისესთან ერთად უკვე გამორიცხულია, ერთ სახლში [ცხოვრება] აღარ გამოვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინიც მონაზვნობას გადაწვეტენ11.
ერთი სატევით, პირველ რიგში, საცხოვრებელი იპოვე, მოისვენე და სხვა ეპისტოლეთი მომწერე, და ჩვენც [შენი სულისთვის] უმჯობესს მოგწერთ. მწუხარებისა და სიხარულის მიხედვით.
გისურვებთ, რომ იმ მეორესთან ერთად, რომელზეც მწერ, რომ ერთად იქნებით, მშვიდობით იცხოვროთ.
სამი თვის მერე მოიტანა წერილი მიხალიმ, ფოსტით არ გამოგზავნა, შენ კი ამბობ, რომ არ მსურს მოგწერო.
ვლოცულობ შენთვის, შენი მდაბალი ბიძა,
უკანასკნელი მონაზონი იოსები.
[88] დიონისეს (და მის მეუღლე ლუიზას)
წმიდა მთა, 20 სექტემბერი, 1954 წ.
უფალო, შეგვიწყალე. ღმერთს დიდება.
ჩემო საყვარელო დიონისაკო და ლუიზა.
ჩემმა სულმა გაიხარა. იმ სასიხარულო ამბის გამო, რომ ვაჟი შეგეძინათ, ჩემი საყვარელი დისშვილის ბავშვი, ჩემი დიდად საყვარელი და დაუვიწყარი დის, ერგინას შვილიშვილი. ვლოცულობ, რომ საღმრთო ნიჭები მიიღოს, სიხარული და კურთხევა. აქედან მოყოლებული ყურადღება და სიფრთხილე იქონიეთ.
ახლა კი, გთხოვ, მომისმინე ერთი ძალიან სერიოზული საკითხის შესახებ, რომელიც მწვავს. ჩემო. დიონისაკო, ვიღაცები მოვიდნენ ვითომ შენი სახელით… სურთ გაიგონ ვის მხარეზე ვარ. ძალიან დამწვდა გული. ვიცი, ჩემო შვილო, რომ შენგან არ არიან. ასე თქვეს, რათა ბერს მათთვის დაეჯერებინა. ერთი სიტევით, უკან გამოგიბრუნე, რომ შენ უთხრა ორიოდე სიტყვა. გაიხსენე ის, რაზეც ვისაუბრეთ, როდესაც უკანასკნელად შეგხვდი, საყვარელო შვილო. უთხარი საღმრთო ჟამისწირვაზე რას ამბობენ: „ვიყვარებოდეთ“ და შემდეგ „ვაღიარებდეთ“ – ფანარიდან12 რუსეთამდე და სამყაროს კიდიდან ჩვენს – ყველას გულებამდე.
ერთი ის მაკვირვებს, ეს ხალხი წირვას როგორ აღასრულებს, როდესაც არ იცის, თუ რას ნიშნავს „ვიყვარებოდეთ ურთიერთარს, რათა ერთობით ვაღიარებდეთ“?!
ჩემო დიონისაკო, ჩემო დიონისაკო, ყველას მიმართ სიყვარული. ჩვენმა ტკბილმა დედიკომ ჯვართმცმელებს აპატია, ჩვენ კი ძმისთვის ვერ გვიპატიებია?! ღმერთმა დაგვიფაროს!
გვწამს ერთი, წმიდა ეკლესია. მასში მოვინათლეთ. რა საჭიროა მთელი ეს კამათი კინკლაობა?
და ფრთხილად იყავი ცდომილებების მიმართ, ყურადღებით იყავი სულის გამხრწნელი ეგოიზმის მიმართ, ყურადღებით – არავინ დავაბრკოლოთ. განეშორე ბოროტ ფიქრებს, არამედ სიყვარული, სიყვარული, სიყვარული, ერთსულოვნება.
უკანასკნელი იოსები
[89] მარიამ პაპადიმიტრიუს
წმინდა მთა, 13/1/1955
ზეციერი მამის საყვარელო შვილო მარიამ, შენს კეთილ და დალოცვილ მეუღლესთან ერთად, გისურვებთ, რომ ყოველთვის კარგად იყოთ.
ჩემო უკეთილშობილესო ქალბატონო! უკვე მრავალი დღეა, რაც მინდა მოგწეროთ და თქვენი მწუხარე სულები ვანუგეშო იმ უბედურებაში, რომელიც გეწიათ, მაგრამ ველოდი პასუხს, რომელიც ჩემს მღვდელს მოსწერეთ. ხოლო რადგან ვხედავ, რომ აყოვნებთ, და ვგრძნობ თქვენი სულის სალმობას, გემუდარებით შეისმინოთ ჩემი მდაბალი ხმა და თქვენი სულებიდან სევდა განაგდოთ, რამეთუ დიდი მწუხარება სხვა ცუდ რამეებსაც გამოიწვევს.
ღმერთის მსჯავრი, რომლითაც მოქმედებს ჩვენს საცხოვნებლად, არავინ იცის. მაგრამ რაც და როგორც არ უნდა იყოს, სასარგებლოა. არ აქვს მნიშვნელობა, რომ ჩვენ ვწუხვართ და გვგონია, რომ ღმერთმა მიგვატოვა.
ეს უბედური შემთხვევა იმას კი არ ნიშნავს, რომ [დიდი რამ] შევცოდეთ ან დავაშავეთ და ამიტომაც გვეწია, არამედ იმას, რომ მწუხარების მეშვეობით მოგვეტევება ის ცოდვები, რომელთაც ბავშვობიდანვე ჩავდივართ. შეიძლება მცირე ამპარტავნება გვქონდეს, ხოლო მწუხარებით დიდი სიმდაბლე იშვება. ან შეიძლება უფალს სურს გამოგვცადოს, ვიქნებით თუ არა მისდამი ერთგულები უბედური შემთხვევის შემდეგაც. სურს დაინახოს, რა მოთმინება და მისდამი სიყვარული გვაქვს. ან შეიძლება ის თავად ცუდი იყო, მშობლები კი კარგები არიან, და ამგვარად მათ თქვენგან სარგებელი მიიღეს, ხოლო თქვენ, თუმცა დაზარალდით, სულიერად ირგეთ. რადგან სხვაგვარად შესაძლოა გული დაგწყდომოდათ ასეთი დიდი სიკეთის გაღებით, ღმერთს კი იქნებ სურდა უფრო მეტი მოწყალება გაგეღოთ. იქნებ [თვითონაც] კარგი იყო და ღმერთმა შეუწყვიტა ცხოვრება, რომ [არ წამხდარიყო, არამედ] ტკივილით ეცხოვნებინა.
ღმერთს ხომ შეეძლო ისე დაეშვა, რომ სხვის მიერ მომხდარიყო უბედური შემთხვევა და არა თქვენ მიერ. თქვენი მეშვეობით კი ყველა ის სიკეთე აღესრულა, რაც ვახსენე. რამეთუ იმ სიმდაბლეს, რომელიც ამან თქვენში შვა – [ღმრთისგან] მიტოვებულებივით რომ ტირით – სხვანაირად ვერაფრით შეიძენდით, მრავალი წელიც რომ გაგეტარებინათ ასკეზაში.
ადამიანი ბავშვობიდანვე სცოდავს სიტყვით, თვალით, გონებით, აზრების შეწყნარებით, საქმით, ხოლო რამე მოულოდნელი შიშით, რამე უბედური შემთხვევით, რამე დიდი ზარალით, ეს ყველაფერი ეპატიება და ხდება ბრილიანტი იმ შუშის ნაცვლად, მანამდე რომ იყო.
ამის გარდა, ეშმაკის შურითაც ხდება. როდესაც ხედავს, რომ ცხონება გვინდა, ხელს გვიშლის და დაბრკოლების ქვად გვეგება, რათა გულმოდგინება მოგვიკვეთოს, რათა სასოწარკვეთილება მოგვგვაროს, ურწმუნოება, უხასიათობა, უძლურება – იმ ჭირისა და ტკივილის და დიდი მწუხარების გამო დავჭკნეთ ისევე, როგორც ყვავილები ჭკნება, როდესაც უეცრად ჩრდილოეთის ქარი დაუბერავს, და ამგვარად ჩვენს გულმოდგინებას აბრკოლებს და სიკეთეს არ გვაკეთებინებს.
ამ ყველაფრით, რაც ვთქვი, თუ მოთმინებას გავწევთ, დიდ სასყიდელს ვიძენთ. და ნუ დარდობთ, რამეთუ გადაჭარბებული და უზომო დარდი გონებაშეშლილობას შობს.
წმიდა [იოანე] ნათლისმცემელი არ მიგატოვებთ, არ ავიწყდება თქვენი კეთილი საქმეები, არამედ გასამრჯელოს მრავალწილად მიიღებთ. ეკლესია, რომელიც ავაშენეთ, სწორედ წინამორბედისაა.
ასე რომ, ძალიან გთხოვთ, განაგდეთ სევდა, ისევ ის კეთილგანწყობა დაიბრუნეთ, რომელიც მანამდე გქონდათ. სიყვარული იქონიეთ და ყველაფერი მოგეტევებათ, რადგან უნებლიედ მოხდა და უფლის განგებით ისე დაიშვა, როგორც მხოლოდ მან იცის, ვინც ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისთვის უმჯობესს განაგებს.
ოღონდ ველი, რომ თქვენც აუცილებლად მომწეროთ ორიოდე სიტყვით, რომ გააკეთებით იმას, რასაც გწერთ და რომ დაწყნარდით, და რა მოხდა. ზარალი აუნაზღაურეთ? ძალიან შევწუხდით და ამიტომაც მოგვწერეთ, რომ ჩვენც დავწყნარდეთ.
ვლოცულობთ თქვენთვის მთელი საძმო, წირვებსაც აღვავლენთ თქვენი სულისა და სხეულის ჯანრთელობისა და მშვიდობისთვის, უბედურად დაღუპულს კი პანაშვიდებს ვუხდით.
დიდი სიყვარულით,
მდაბალი მონაზონი იოსები, მღვიმელი
შენიშვნები
- მამა ეფრემ კარაიანისს გულისხმობს, რომელიც ერთი პერიოდი ცდილობდა ბერის საძმოს შეერთებოდა, მაგრამ საბოლოოდ ვერ შეძლო. თავდაპირველად ქ. კოლოსში ახალმოწამე აპოსტოლის ტაძარში მსახურებდა, იყო ბერ ეფრემ არიზონელის დედის სულიერი მოძღვარი, ასევე მარიამის (შემდგომში იღუმენია მაკრინესი) და სხვა ახალგზარდა ქალთა, რომლებიც წმ. იოსებ ისიქასტის წინამძღოლობით „ოდიგიტრიის“ ხატის მონასტერში დამკვიდრდნენ ქ. ყოლოსის გარეუბან პორტარიაში (ის. შესავალი, გვ. 43-45). მამა ეფრემი მოგვიანებით ამერიკაში გაემგზავრა, სადაც მრავალი წელი იცხოვრა. სიცოცხლის ბოლო წლები კი დაბა სტამატაში არსებულ ღმრთისმშობლის ხატ „მირტიდიოტისას“ სახელობის მონასტერში მოღვაწეობდა, სადაც წინამძღვარი იყო მონაზონი ბრიენა, წმ. იოსების დისშვილი. გარდაიცვალა 1972 წ. 13 დეკემბერს ამავე სავანეში და იქვეა მისი საფლავიც. ↩
- მონაზვნად აღკვეცის დროს მღვდლის კითხვებზე, უარყოფს თუ არა მსოფლიოს, იცხოვრებს თუ არა მორჩილებით და ა.შ., აღსაკვეცი სწორედ ამ ფრაზით პასუხობს. ↩
- სიტყვასიტევით: „ერთი ღერი“ ↩
- ანუ ასაკგადასულნი. ↩
- იერ. 51,9 (მასორეტულ ტექსტში 28.9). ↩
- ბერი, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს იმას, რომ ღმერთი ადამიანს ამა თუ იმ მსახურებისთვის განაწესებს, ამ უკანასკნელის პირადი არჩევნის გარეშე, არამედ იმას, თუ რაში მდგომარეობს მისი ე.წ. სათნოყოფითი ნება, უბრალო სიტევებით რომ ვთქვათ, სად და რით შეძლებს ადამიანი ღმერთის ნების მაქსიმალურ დაცვას. ↩
- მათ. 19,12: „ვისაც შეუძლია დაიტიოს – გაიგოს, ჩასწვდეს, იტვირთოს. დაიტიოს“. ↩
- სავარაუდოდ, ადგილი ბერის მშობლიურ კუნძულ პაროსზე. ↩
- მარიამის ერთ-ერთი კნინობითი ფორმა. ↩
- აქედან ჩანს ეპისტოლეს ნამდვილი თარიღი, რადგან ბერი სათაურში შეცდომით მიუთითებს მეორე თვეს, 10 თებერვალს, ↩
- აშკარაა, რომ ბერი ხუმრობს, რადგან დიონისე ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. ↩
- ფანარი – სტამბოლის რაიონი, რომელშიც კონსტანტინეპოლის საპატრიარქო მდებარეობს. ↩
- მარიამი იყო ალექსანდრე პაპადიმიტრიუს, გამომცემლობა „ასტერის“ მფლობელის მეუღლე. იგი ამ პერიოდიდან სულიერად დაუახლოვდა ბერ იოსებსა და მის საძმოს, პაპადიმიტრიუების ოჯახი, ჰატერების ოჯახი, მ. პანტელეიმონ მიტროპულოსი, მ. იოანე რომანიდისი, ხატმწერი ფოტი კონტოგლუ, მ. ფილოთე ზერვაკოსი, მ. თეოკლიტე დიონისიელი, ბერი იოსებ ისიქასტი და მისი მოწაფეები, მ. ეფრემი და მ. იოსები – ერთ სულიერ წრეს წარმოადგენდნენ. წმიდა იოსებს მათთან, რა თქმა უნდა, მხოლოდ მიმოწერა ჰქონდა, ხოლო მისი მორჩილები, როდესაც ათენში ჩადიოდნენ, მონაწილეობდნენ პაპადიმიტრიუს წიგნების მაღაზიაში ან პატერების ოჯახში მოწყობილ შეხვედრებში. ↩