წერილები 78–82 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

წერილები 78–82 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

[78] მონაზონ ბრიენას

წმიდა მთა, 28/9/1950

ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, ყველასთან ერთად გისურვებ, რომ ყოველთვის კარგად იყოთ.

ჩემო შვილო, მივიღე შენი ეპისტოლე და ვნახე რასაც მწერ და სული მეწყვლება და მძიმე ღრუბელი აწვება ჩემს გულს. გონება მიჩერდება, ენა მიდუმდება, ხელი მიშრება, შენ გამო და ათანასეს გამო. როგორ არ შეგიძლია თავი აიძულო? ჩვენ ეს ყველაფერი გამოვიარეთ, გამოვცადეთ, ერთხელ და ორჯერ და მრავალჯერ. ამ ცუდი ცვლილებების შესახებ წიგნიც დავწერეთ1 , სწორედ იმისთვის, რომ ვინიცობაა ვინმეს შეემთხვეს, სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეს. მაგრამ თვითონ კაცი უქმად არ უნდა იყოს, როგორც შენ. თავის იძულება სჭირდება, ბრძოლა სჭირდება, უკიდურესი სიმდაბლე სჭირდება, სრული მორჩილება სჭირდება. იყვირე: „იესო ჩემო, ჩემო ღმრთისმშობელო!“. ნუ ხარ მოდუნებული და ნუ იღებ გულისსიტყვებს. ქრისტეს დაუძახე. სანამ განსაცდელი მოასწრებს და გონებაში გულისსიტყვას დაგიხატავს, იესოს ლოცვით წაუშალე – გასაქანს ნუ აძლევ! მაგრამ როდესაც შენ აცლი მტერს სიბინძურე ყაროს შენში, რამდენიმე საათში დაგფლავს მათში, შემდეგ კი, როგორღა გაუმკლავდები?!

თავი აიძულე, არაა ხუმრობა-თამაში! გულმა სისხლი უნდა გამოჟონოს; სიმწარე, შხამი უნდა დალიო. ასე მოიპოვებ თავისუფლებას და დატკბები. არ გეგონოს პატარა შრომა იყოს. გიჟივით უნდა გასძახოდე: „ჩემო იესო, დამეხმარე; შენც, ჩემო დედაო!“. საათივით უნდა მუშაობდეს შენი ენა. ხოლო როდესაც დაიღლები ხოლმე, ისეთი ნუგეში მოვა, როგორიც არასდროს გაგისინჯავს. მაგრამ თუ უქმად იქნები, როგორც ახლა, და უდებებას მიეცემი, მაშინ უკუნისამდე ვერ განიკურნები. სახლში ჯდომით კაცი ქალაქში ვერ გაემგზავრება.

ასე რომ, ადექი! [ჯერ] შენ გაიღე შენი ლეპტა, რათა ჩვენ ჩვენი მილიონი ტალანტი2 დავამატოთ. შენი [კეთილი] განწყობა აჩვენე, მტერს პირი შეაქციე, სადაა ქრისტეს სიმდაბლე, როდესაც გგონია, რომ ყველა რაღაცას გიშავებს?! მაშ, რაო – შენ, ტყვე ხარ [მხოლოდ] კარგი?!

გაიღვიძე, სანამ ბაბილონში* (აქ: ტყვეობაში) შეკრულს წაგათრევენ. გამოაჩინე შენი არჩევანი. მე იმას ვარჩევდი, ყველა თქვენგანის ფეხები დამებანა და საკუთარი ხელით გამეწმინდა ყველა თქვენი საპირფარეშოს სიბინძურე, ვიდრე ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩავვარდნილიყავი. როდესაც შენ დამდაბლდები, ყველა წმიდანად მოგეჩვენება, ხოლო როდესაც ეშმაკეული და ამპარტავანი ხარ, ყველა ცუდი გგონია.

ადვილად აცლი ეშმაკებს, რომ შემოვიდნენ და ღობე მოგიშალონ, მაგრამ ვნახოთ, თუ ასევე ადვილად გავლენ. ადვილად იწყნარებ ბილწ გულისსიტყვებს, ფრთხილად იყავი, ეშმაკეული არ გახდე. არაფერი არ სძულს ღმერთს ისე, როგორც სხეულის სიბინძურე, და ის, ვინც ბილწ გულისსიტყვებთან მრუშობს, ძაღლის ლეშივით მთლიანად ყარს. ხოლო ვინც ირჯება და სხეულს სუფთად ინახავს, გონებას კი ბილწი გულისსიტყვებით არ იბინძურებს, კეთილსურნელოვანი საკმეველივით ადის ზეცაში.

მე ეს საქმით მაქვს გამოცდილი. არ არსებობს ღმერთისთვის უფრო საამო მსხვერპლი, როგორიც სხეულის სიწმიდეა, რაც სისხლითა და საშინელი ბრძოლით მიიღწევა. ბევრი შემიძლია დავწერო ამ ნეტარი უბიწოების შესახებ, რომელიც ვიგემე და რომლის ნაყოფიც მივირთვი, მაგრამ ამჯერად ჩემს სიტყვას ვერ დაიტევთ. მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით: როდესაც ისინი საცვალს იცვლიან – თანაც, სამ და ექვს თვეში ერთხელ – მთელი სახლი კეთილსურნელებით ივსება, თითქოს არომატით სავსე ჭურჭლისთვის მოვხადოთ თავი. ასე აუწყებს ღმერთი [რამდენად სათნოა მისთვის] ნეტარი უბიწოება.

გაისარჯეთ, რომ გონება და სხეული განიწმიდოთ. ბინძური გულისსიტყვები არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ და გამოცდით იმას, რასაც გწერთ და მაშინ ირწმუნები ჩემს სიტყვებს. და რაც დღევანდელ დღემდე მომიწერია, სცადეთ და საქმით იხილავთ რომ სიმართლეს გეუბნებით, გამოცდილებიდან გამომდინარე.

მორჩილება, სიმდაბლე და ბრძოლა – ეშმაკები ვერასდროს დაატყვევებენ ადამიანს. ხოლო უხეშობა, ურჩობა და ამპარტავნება მოწყინებასა და უდებებას შობენ, და მაშინ ეშმაკები ყველანი ერთად მოდიან და ადამიანის სულს განავლის ორმოდ და ბოსლად აქცევენ. თანაც არ ისვენებენ მანამ, სანამ კაცს [ღმრთის წინაშე] დამნაშავედ არ გახდიან, და სრულად არ დაატყვევებენ.

ასე რომ, აიძულე თავი, ჩემო ბრიენა, შენც და ყველა დამაც. რამეთუ, თუ უდებყოფთ, აუცილებლად შეგემთხვევათ ეს ყველაფერი, ხოლო თუ თავს აიძულებთ, მარადიულად ცხონდებით და კეთილსურნელოვანი მირონი გახდებით, საკმეველი, რაზე ძვირფასი და სათნოც არაფერია წმიდა სამების წინაშე.

არ შემიძლია აღგიწეროთ, თუ რაოდენ სათნოა ღმრთისმშობლისთვის უბიწოება და სიწმიდე. რადგან ყოვლადწმიდა ერთადერთი უბიწო ქალწულია, ამიტომაც ვუყვარვართ და სათნო ვართ მისთვის ყველანი, რომლებიც ვცდილობთ მას ამაში მივბაძოთ, და როგორც კი დავუძახებთ: „ყოვლადწმიდაო, დამეხმარე!“, გვასწრებს და გონებას ელვასავით გვინათებს და ნათლით გვივსებს, ლოცვისკენ აღძრავს, გულს კი მისდამი სიყვარულით განაწყობს, ხოლო სულს მასთან შეხვედრა უხარია; გაიძახის: „ტკბილო ჩემო დედიკო, სულო ჩემო, დედი“, და მთელ ღამეს ცრემლის ღვრაში და ტკბილ ქვითინში ატარებს. მისი და მისი ჩვილისადმი გალობაში.

ამ ყველაფერს, თუ თავს აიძულებთ, თუ დუმილს ისწავლით, თუ მორჩილები იქნებით, თუ დამდაბლდებით, თუ ილოცებთ, – იპოვით. კურთხეული იღუმენიაც გყავთ, რომელიც ღმერთის კეთილსურნელებაა. მორჩილება გასწიეთ. გულს ნუ ატკენთ, უქმ სიტყვებს ნუ ამბობთ, ნუ კამათობთ. დუმილი და იესოს ლოცვა გქონდეთ. გაისარჯეთ. აცალეთ დაისვენოს, მდუმარებაში იყოს, თუ არა და, ისევ მძიმედ დასნეულდება, მოკვდება და დაკარგავთ, თქვენ კი ბუებივით დარჩებით ნანაგრევში3. სწორედ მაშინ მიხვდებით, რა ფასი აქვს, მაგრამ უკვე გვიან იქნება.

გაისარჯე, ჩემო ბრიენა, მარტო წერით ნუ დამღლი, არამედ ადექი და დათრგუნე შენი მტრები. სხვებისთვის მიწა გახდი, რომ შენზე იარონ, და მორჩილი იყავი, რათა შენი სული ცოცხალი იყოს. ვინც კინობიაში* (სხვებთან ერთად) ვერ ივარგა, ვერც დაყუდებაში** (მარტო მყოფობაში) ივარგებს, რადგან ცდომილებაში ჩავარდება. ფრთხილად! მონასტრის გარეთ ფეხი არ გადგა, თუ არა და, დაიკარგები! მე კი ერგინასაც აღარ მივწერ, რამეთუ შრომა წყალში მეყრება.

ვმადლობთ ჩემს ძვირფას და კურთხეულ იღუმენიას ამანათისთვის, რომელიც გამომიგზავნა, და და მარიამს ჟილეტისა და წინდებისთვის – [ამ საჩუქრებს] ღმრთისმშობელს ლოცვაში ვუჩვენებ, რათა თავისი მადლი მისცეს.

აღდგომას, ბრწყინვალე შვიდეულში ორ ძმას გამოვგზავნით ათენში. საქმე გვაქვს. ჰოდა, თუ რამე ძველი მანქანა გაქვთ, რომ დახეული ტანსაცმელი გავკეროთ ხოლმე, და ერთი ძველი გადასაფარებელი, დასახურად ან დასაგებად – თუ ზედმეტი გაქვთ, ძველი… რადგან ახლები მოვიდნენ და არ გვაქვს, გვაკლია. და ღმრთისმშობელი გადაგიხდით. სქემაც გვჭირდება.

მაპატიეთ, რომ გამძიმებთ. ახლა ხის ბალთებს ვაკეთებ, ნეტავ იყიდება ასეთები?

მოძღვარს მეტანია გადაეცი. მოიკითხე ყველა და.

ვლოცულობ შენთვის,

მდაბალი მ. იოსები

[79] მონაზონ ბრიენას

წმიდა მთა, 23/1/1951

ჯანმრთელობას და სულიერ წარმატებას და საღმრთო მადლს გისურვებთ ყველას ახალ წელიწადში. ამინ.

ჩემო საყვარელო ბრიენა, ვლოცულობ თქვენი ჯანმრთელობისთვის.

აღარ მწერ. იქნებ იმიტომ, რომ მკაცრად დაგტუქსე. არა უშავს, საკმარისია მშვიდად იყო, და ნუ მომწერ. მე კი, რადგან დავიღალე, ბევრს აღარ ვწერ და მოვისვენე.

ახლა, რადგან მამა ათანასე მოვა, ხელნაწერსაც გიგზავნი, რომელსაც შეგპირდი. იმის გამო, რომ ჩემს ეფრემს ვენდობოდი, [მანამდე] არ მქონდა შეცდომები გადახედილი, მაგრამ ახლა, რადგან უნდა გამომეგზავნა, ჩავხედე და უამრავი რამ ვიპოვე გასასწორებელი, ამიტომაცაა, რომ გაივსო ნაჯღაბნებითა და გადახაზულებით.

ერთი სიტყვით, თუ მოგეწონებათ, უფრო სუფთად გადაწერე, რადგან ბევრი ვიწვალე გასწორებით. თხუთმეტი წლის წინ მქონდა დაწერილი, ახლა კი დავბერდი და [ყველაფერი] მამძიმებს, მხოლოდ მდუმარება, დაყუდება მინდა.

აღდგომაზე უნდა გამომეგზავნა [ძმები], მაგრამ წირვებისთვის მჭირდებოდნენ და ამიტომაც ახლა ვგზავნი. სხვა მამა უნდა გამომეგზავნა, მაგრამ ვიფიქრე მ. ათანასეს გავაგზავნი, მღვდელმთავრებმა რამე ლოცვა წაუკითხონ, იქნებ სარგებელი მიიღოს-მეთქი. [ამასთან ერთად], სათვალის გამოცვლაც უნდა.

ესაა და ეს. გაისარჯე შენი სულისთვის.

მოძღვარს მეტანია გადაეცი, ხოლო შენს წმიდა იღუმენიასა და ყველა ქრისტესმიერ დას – ლოცვა-კურთხევა.

ვლოცულობ შენთვის,

მდაბალი მ. იოსები

ეს პატარა წვრილი მანამ მქონდა დაწერილი, სანამ დევნა დაიწყო 4. ახლა, რადგან ასეთია ვითარება, ყველაფერი გადაიდო. ამიტომაც მოთმინება უნდა ვიქონიოთ, სანამ გზა გაგვეხსნება.

კვლავ მოგიკითხავთ.

კვლავ მდაბალი იოსები

ორ პატარა მშვენიერ წიგნსაც გიგზავნი. ამანათშია.

[80] მონაზონ ბრიენას

წმიდა მთა, 2/2/1951

ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა, მთელ წმიდა კრებულთან – შენს კურთხეულ დედასა და წმიდა მოძღვართან ერთად, მადლი უფლისა და მისი დედიკოსი, ყოვლადწმიდა ქალწულისა, იყოს თქვენ და ჩვენ ყველასთან. ამინ.

ჩემო საყვარელო ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, მრავალი ჟამის შემდეგ დღეს მივიღე შენი ეპისტოლე. ის-ის იყო წერა დავიწევ, მინდოდა გამეგო რა ყოფაში ხარ, რამეთუ ძალიან მტკიოდა, რომ ბოლო ხანს ვერ იყავი კარგად და თითქოს გეჩხუბე კიდეც. და მთელი ეს პერიოდი მწუხარება და ტკივილი და უფლისადმი საყვედური მქონდა, რომ ყველა ჩემი ნათესავი ასეთი ხდება.

ერთი სიტყვით, დღეს მივიღე შენი წერილი და ცოტა გავიხარე, რომ გონს მოსულხარ, როგორც მწერ, და ოდნავ და ნელ-ნელა, ღმერთის შეწევნით, იწყებ დამსხვრეული ნაწილების შეკოწიწებას და შენი მცირე ნავის შეკეთებას, რათა ისევ გაცურო ნიჩბის მოსმითა და ტალღებთან ბრძოლით; მალე მიაღწიო წყნარ ნავსაყუდელს და ცოტა დაისვენო ვნებების მოქმედებისგან.

ეს [ნეგატიური] ცვლილებები ყველა ჩვენგანს მოსდის, მაგრამ მოთმინებაა საჭირო და ბრძოლაში დაჟინება, უკან არდახევა. ყველა ეს [სულიერი] ანომალია, [შინაგანი] შფოთი, ზიზღი, სიძულვილი, ვნებების ველური მოძრაობები – ყველაფერი სატანისგანაა. ჩვენ კი სიძულვილითა და ზიზღით ამ ყველაფერს უნდა ვუპასუხოთ, უნდა გავიჭირვოთ, გავისარჯოთ, გვეტკინოს; თანაც დაუყოვნებლივ, თავიდანვე, ანუ მანამ, სანამ ისინი შემოვლენ, მოიკალათებენ და წყლის არხებს გარედან გადაგვიკეტავენ და ჩვენს სულს ზეციური ცვარის შიმშილით მოკლავენ. ხედავ, რომ, როგორც კი იმ გულისსიტყვებს შეიწყნარებ, რომლებსაც ბოროტი სთესს შენში, იმწუთას ლოცვის კადნიერება მოგეკვეთება. თუ გადაგიკეტა წყლისა და საკვების არხები, რამდენიმე დღეში მოკვდები, არადა, როდესაც ჯერ კიდევ დასაწყისშია, შეგიძლია შეეწინააღმდეგო და უკუაგდო, მაგრამ შენ უდებყოფ და დუნდები, და რასაც გეუბნება, ყველაფერს გულმოდგინედ უსმენ. და თუ ისინი [ბოროტის მოწოდებული გულისსიტყვები] შემოვიდნენ, ტყვედ წაგიყვანენ.

ასე რომ, ფრთხილად იყავი და ნუ ენდობი [ნურც შენს თავს, ნურც მათ], რომც გეგონოს, რომ წავიდნენ. ცოტა ხნით განიდევნებიან უფროსების ლოცვით, მაგრამ ისევ ბრუნდებიან. მადლი მათ შეაკავებს, რათა სული გამხნევდეს, შემდეგ კი ისევ ბრუნდებიან.

მაგრამ შენ მშვიდობიანობის დროს ნუ ხარ უდებად, არამედ ილოცე, გამოსწორდი, ომისთვის მოემზადე, გაამხნევე საკუთარი თავი, მოთმინება იქონიე, სრული მორჩილება გასწიე, სულიერი მამისა და დედის და დების წინააღმდეგ გულისსიტევებს ნუ შეიწყნარებ. ამგვარად შეძლებ ერთ მშვენიერ დღეს გათავისუფლდე, სხვა რამეების გარეშეც. ოჰ, ოჰ! როგორ მტკივა, როგორ ვღაღადებ, რაოდენ მოწყლულია ჩემი სული! დავეცი, მუხლი მომეკვეთა ტკივილით. მტკივა, უნუგეშოდ ვგოდებ თანასის გამო, შენ გამო, შენი ყოფილი, ხორციელი დედის გამო და სხვების გამოც. ცოტას ვილოცებ, ვიტირებ თუ არა, მძიმე სნეულებაში ვვარდები, თქვენი აღდგომა კი თანააღადგენს ჩემს სულსაც.

ასე რომ, აიძულე შენი თავი, გაისარჯე, შენს კურთხეულ სულიერ დედას ნუ გაუმრავლებ ტკივილს. რამეთუ მარტო ის იტანჯება და წვალობს, რადგან თქვენზე პასუხისმგებლობა აკისრია და თქვენს სიმძიმეს იტვირთავს და ყოველდღიურად სიმწარესა და ტკივილს იგემებს. და მხოლოდ მაშინ უხარია, როდესაც თქვენ სწორ გზაზე დგახართ. მე ეს ყველაფერი კარგად ვიცი საკუთარი თავიდან და საკუთარი წამებიდან. მონაზონმა თითოეული წინგადადგმული ნაბიჯისთვის მრავალი ცრემლი და სისხლის წვეთი უნდა დასთხიოს და ბევრი დროცაა საჭირო. მერე კი მოდის ეშმაკი, ძველი ბოროტება, ძალაყინს მიადებს და, [საღმრთო] მადლი და სხვათა ლოცვები თუ არ შეეწია კაცს დროულად ყველაფერს წყალში უყრის. ისევ თავიდან, და ისევ სისხლისღვრა.

ამიტომაცაა საჭირო მოთმინება. ნუ შეიჭმუხნები, ნუ ხარ სულმოკლე. მორჩილება გასწიე, რათა მადლი გიფარავდეს. გამხნევდი, ბევრ ადამიანს უპყრიხარ. თითოეული შენი ნაბიჯი ეფთიმიასკენ მეც კეთილ განწყობაზე5 მაყენებს და მასვენებს.

ის ნაშრომი ერთმა ძმამ6 დაგიწერა, მაგრამ, რადგან ვენდე, მანამდე საერთოდ არ ჩამიხედავს. რამდენიმე დღის წინ კი ვიფიქრე თვალი გადავავლო–მეთქი და უამრავი შეცდომა ვიპოვე. ერთი სიტყვით, გასწორება-გასწორებაში ნაჯღაბნებითა და გადახაზულებით გაივსო. როდესაც მოგიტანენ ან გამოგიგზავნი, ყურადღებით წაიკითხე ჩემი ჩასწორებულები, ხოლო თუ არ დაიზარებ, უფრო სუფთად გადაწერე, თუ მოგეწონა მე ის 15 წლის წინ დავწერე, ჩემს მადლიან ეპოქაში. ახლა ისე მემძიმება, რომ ერთი სიტყვის დაწერაც არ მინდა. გარდა ამისა, მწუხარებებმაც ძალა გამომაცალა.

უსასრულოდ მადლობელი ვარ მოძღვრის, კურთხეული იღუმენიას და ყველა დის მიმართ მათი კეთილგანწყობისთვის, რომ – როგორც მწერ – სქემა და ნივთები გაგვიმზადეს. დიდად მოვალე ვარ თქვენ წინაშე. ყოვლისმცოდნე ღმერთმა იზრუნოს თქვენს გასამრჯელოზე, რადგან მე არაფერი ვარ, ხოლო ჩვენმა ტკბილმა დედიკომ მშვიდობა და მადლი, ერთსულოვნება და სიყვარული მოგცეთ ყოველთვის, და ყველანი ერთად სამოთხეში წასულიყავით.

თუ უფალს უნდეს, აღდგომის შემდეგ [ვინმეს] გამოვგზავნით – თუ ეკლესიაში მშვიდობა იქნება – რათა ერთ- ერთი მღვდელი გახდეს7 , რადგან უმღვდლოდ ვწვალობთ. თუ მე არ გამოვგზავნი, თქვენც ნურავის ნურაფერს ნუ გამოატანთ, რადგან ძვირი გვიჯდება. 40 ათასი გადავიხადეთ იმ ამანათისთვის, რომელიც ბერ დანიელს გამოატანეთ.

სქემას რაც შეეხება, რისთვისაც დიდად გმადლობთ, თუ ძნელი არ არის, პატარა ამანათში ჩადეთ და საჰაერო ფოსტით გამოგზავნეთ. შეიძლება მ. ათანასეც გამოვაყოლო იმ სხვა ძმას, რათა მღვდელმთავრებმა რამე ლოცვა წაუკითხონ – იქნებ უშველოს.

მანამდე ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ მეუფეებს არ გაათვისუფლებენ, არ გამოვგზავნი. იქნებ ომიც დაიწყოს, იქნებ მოვკვდეთ კიდეც. როგორც უფალი ინებებს.

თქვენ ნურაფერს ნურავის ნუ გამოატანთ, ვინც არ უნდა იყოს. ღმერთმა თქვენი კეთილი განწყობა [უკვე] შეიწირა.

მოძღვარს მეტანია გადაეცი, ხოლო კურთხეულ იღუმენიასა და ყველა დას – ლოცვა-კურთხევა.

მდაბალი მ. იოსები

შენმა წერილმა გზაში ძალიან დააგვიანა. ზუსტად ერთი თვე დასჭირდა.

[81] მონაზონ ბრიენას

წმიდა მთა, 9/4/1951

ჩემო საყვარელო. ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, მოგიკითხავთ – შენს კურთხეულ სულიერ დედას, ყველა დას და შენ, ჩემო ბრიენა.

დიდი ხანი გავიდა მას მერე, რაც შენი ეპისტოლეს პასუხი გამოგიგზავნე პარამითიას8 მისამართზე. გწერდი, რომ წიგნაკსაც გიგზავნიდი, მაგრამ ამასობაში დევნა დაიწყო, ხმა გავარდა, [ძველმესტილეთა] მონასტრებს დაშლიანო, მონაზვნებს განდევნიანო და შევჩერდი, რათა გამეგო, რა მოხდებოდა. მწვავე ტკივილმა შემიპყრო, სულის ტკივილმა და სალმობამ, უპირველეს ყოვლისა, თქვენ გამო, რადგან თქვენზე გული შემტკივა.

და ყველამ მანუგეშებელ ლოცვას მივმართეთ და შვება ვიგრძენი და დავწყნარდი. მივხვდი, რომ ასე სურს უფალს – ჭირითა და მწუხარებით უნდა გვაცხოვნოს. ეს ჩვენთვის დაფარული და უცნობი რამ არის, მაგრამ ასეთია უფლის ნება. არ აქვს მნიშვნელობა, რომ ჩვენ ეს არ მოგვწონს. ომის მეშვეობით მყარდება მშვიდობა, ღელვის მეშვეობით მშვიდდება ზღვა, განსაცდელის გარეშე კი უბიწო სულები არ ამოიცნობა, არ ჩანს სათნოება, არ მჟღავნდება მოთმინება. იქნებ ჩვენებსაც აქვთ დაშავებული რამე და ამგვარად მიეტევებათ. ერთი სიტყვით, განსაცდელების გარეშე სულის ჯანმრთელობა არ მიიღწევა. სწორედ ისინია განმწმედელი ცეცხლი, რომელიც სულს სუფთად და ბრწყინვალედ წარმოაჩენს.

ასე რომ, მოთმინებაა საჭირო და ისევ გამოანათებს კაშკაშა მზე. ვისაც სურს, გულმოდგინედ ილოცოს და დიდ მშვიდობას პოვებს, და რომ ესაა უფლის ნება. როდის და რა გზით გამოაჩენს გამოსავალს, უცნობია. იქნებ ხვალ, იქნებ სხვა ომის მეშვეობით, იქნებ მალე, ან იქნებ გვიან. ყოველ შემთხვევაში, მოთმინებაა საჭირო. აღარ განვიცდი, არამედ ვლოცულობ და გამოსავალს ველი. ასე რომ, მოთმინება იქონიეთ. მ. კორნელიმ გამოგვიარა. მამა ეფრემიც იყო. ხშირად ვიგებთ სიახლეებს. თქვენი წერილი არ მიმიღია. სქემა მივიღე, მადლობა. გუშინ 260 ათასის ქვითარიც მივიღე. უსასრულოდ მადლიერი და მოვალე ვარ თქვენი სულიერი დედიკოს განწმედილი სულისადმი. არ მავიწდებით, არამედ განუწყვეტლივ ვლოცულობ თქვენთვის. საკუთარი სურვილის გარეშე[ც კი] გონება თქვენთვის ლოცვისკენ მიიზიდება. თუკი ჩემმა თავისუფლებამ გული გატკინათ, პატიებას გთხოვთ.

მენიდში9 წერილს და წიგნს გავაგზავნი, ქ-ნ ელეფთერიასთან

მოძღვარს მეტანია გადაეცი, იღუმენიასა და დებს – ლოცვა-კურთხევა.

ვლოცულობ შენთვის,

მდაბალი მონ. იოსები.

[82] მონაზონ ბრიენას

წმიდა მთა, 17/4/1951

ქრისტე აღსდგა!

ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, გისურვებ, რომ კარგად იყო, შენს წმიდა სულიერ დედასა და მთელ კრებულთან ერთად.

ჩემო სულო, საყვარელო ბრიენა, მივიღე შენი ეპისტოლე და ვნახე რასაც მწერ. შენი ჯანმრთელობის ამბავმა გამახარა, დანარჩენმა კი – არა. ის მოშურნეობა, რომელზეც მწერ, – მინდა მათ რიცხვში ვყოფილიყავი, რომლებიც აღმსარებლობის გვირგვინს იდგამენ, რომელთაც სცემენ, ლანძღავენ, ავიწროებენო და ა.შ. – არ არის შენთვის. შენი საქმე, იქ, სადაც ხარ, ათასჯერ უფრო ამაღლებულია. რამეთუ, თუ ყოველდღიურ ასკეზას მოითმენ, როდესაც სული გიწვრილდება იმით, რომ უხეშ სიტყვას, დამცირებას, შენიშვნას ითმენ, აღმსარებელი ხარ. თითოეული მწარე სიტყვის მოთმენისთვის გვირგვინს იღებ და ღმერთის წინაშე ყოველდღიურ მოწამეობად გეთვლება.

ამას შემდეგი ჭეშმარიტება ამტკიცებს: მითხარი, რატომ სურს განსაცდელს, რომ მონასტრიდან გაგიყვანოს? ყველაფერი, რასაც მწერ, ბოროტისგან მომდინარეობს, – რომ მონასტრები დაიშლება, რომ გათავისუფლდებით და ა.შ. გარეთ გასვლით რომ სარგებელს მიიღებდე, მტერი ამისკენ გიბიძგებდა? ან იქნებ შენთვის უმჯობეს ეძიებს? [პირიქით], მან იცის, რომ დაგღუპავს, თუ მონასტრიდან წაგიყვანს, ამიტომაც გამოგიდო ლაგამი და გარეთ გეწევა. ლაგამი კი ის არის, რომ გეუბნება, [მონასტრის] გარეთ არის ცხონებაო.

კი მაგრამ, თუკი გარეთ კარგი იყო, რაღატომ დავტოვეთ ყველაფერი, რატომ უარვყავით, რატომ დავდეთ საშინელი ფიცები, როდესაც სქემა შევიმოსეთ? წაიკითხე, რა აღთქმები გაქვს დადებული და ნახავ. ეთანხმება იმას, რასაც ახლა მწერ? თითოეულ ჯერზე, როდესაც ფეხს გადააბიჯებ მონასტრის ზღურბლს, ქრისტეს შეურაცხყოფ და სილას აწნავ, და ემსგავსები იმათ, რომლებმაც ჯვარს აცვეს10.

იღუმენიასაც ეპიტიმია აქვს იმის გამო, რომ გასვლა არ დაგიშალა, ხოლო თუ [საერთოდ] წახვალ, მაშინ ფიცის დამრღვევი იქნები, მოღალატე, მეორე იუდა, და მრავალი და უამრავი ცრემლი დაგჭირდება [გამოსასწორებლად]. ამას გწერ, მე, შენი საყვარელი [სულიერი] მამა, ნათესავი და ბიძა. სხვას რომ ეთქვა, იტყოდი, ვძულვარო. ამიტომ ფრთხილად იყავი, ამას ნუ იზამ, რათა ამგვარი არ გახდე. მერეღა რა სარგებელი ექნება ჩემს ჩხუბსა და დატუქსვას, როდესაც უკვე სრულიად დატყვევებული იქნები? ახლა იმიტომ გეუბნები, რომ შეცდომა არ მოგივიდეს, არამედ იმ წმიდა სულებს მიბაძო, რომლებიც ქრისტეს უღელს იტვირთავენ და მონასტერში გამოკეტილ ცხოვრებას ითმენენ. აი, ნაყოფიც: ფუტკარიც შიგნით, სიბნელეში ამზადებს თაფლს, რათა არავინ დაინახოს. თუ სინათლეზე გამოიყვან, ბოლოს მოუღებ. თუ ვიტრინაში ჩასვამ, შიგნიდან ამოლესავს და დამალავს. აი, მაგალითი მონაზვნისთვის.

რატომ არ ჰბაძავ იღუმენიას, ათანასიას, სხვა დებს, რომელნიც წარემატნენ; მე, უკანასკნელს, რომელიც ერთ საფლავში გამოვიკეტე და ისიც არ მინდა გავიგო, თუ სხვა რამ არსებობს ან ვინ როგორ ცხოვრობს? ვხედავ, რომ ჩემი სული მკვდარია და მას დავტირი. ვიტანჯები, რადგან ვღელავ ცხრა სულის გამო, რომლებიც გზას მიღობავენ. პასუხს ვაგებ და ამიტომაც გული მტკივა. რამეთუ, ადრე სხვა დრო იყო; მაშინ მონაზვნებს ძალასა და მხნეობას მატებდნენ, რადგან მადლიცა და [სულიერი მოღვაწეების] მაგალითებიც ჭარბად ჰქონდათ.

შენ კი, რამდენიც გჭირდება, მანდ გყავს მისაბაძი დები. მიაღწიე მათ საზომს, შენც მაგდენი [შინაგანი] მდუმარება მოიპოვე [ჯერ], მისწვდი მათ სათნოებას, და მაშინ წარემატები, როდესაც მათ გადააჭარბებ და გახდები ნული, რამეთუ ამაღლებაცა და აღმასვლაც იმაში მდგომარეობს, რომ ნულზე დაეშვა. ფრთები კი არ უნდა შეისხა, რომ მონასტრიდან გაფრინდე, არამედ მიწა უნდა გახდე, რომ ყველამ გაგთელოს. რამეთუ ნულისგან, არაფრისგან შეიქმენი. მიწა – ესაა შენი წარმომავლობა. ნუ გავიწყდება რისგან ჩაისახე. თიხა ხარ. თავს ნუ იმაღლებ. ტალახი ხარ – ღირსი ხარ, რომ შენით საპირფარეშო გალესონ. ნურავინ გძულს, ნუ დრტვინავ, სხვა თიხაზე ცუდს ნუ ამბობ, რამეთუ თითოეული ჩვენგანი მხოლოდ გასალესად ვვარგივართ. თუ ამ ჭეშმარიტების ტვირთვას შეძლებ, „კეთილი გეყოს შენ“. რომ აცნობიერებდე შენს ამგვარ დანიშნულებას, მონასტერი გველებითაც რომ იყოს სავსე, იტყოდი: „სჯობს გველებმა შემჭამონ, ვიდრე მონასტრის ზღურბლს გადავაბიჯო. დედაჩემი ღმრთისმშობელია, მეორე დედა კი – კურთხეული იღუმენია, ძმები – წმინდანები, დები – სავანის მონაზვნები“. შენთვის მსოფლიო ჯვარს ეცვა, შენ კი ჯვარს ეცვი მსოფლიოსთვის11. ნუ მოინდომებ მარილის სვეტად იქცე, როგორც ლოთის ცოლი12.

მე, რადგან არავის არ ვიღებ, გამონაკლისის გარეშე, არც მაინტერესებს როგორ ცხოვრობს ან რას აკეთებს ხალხი, აქაური მონაზვნებისთვის ყვედრებისა და განკითხვის ობიექტი გავხდი. მიუხედავად ამისა, დღედაღამ განუწყვეტლად ვლოცულობ მამებისთვის და [ჩემს თავს] ვეუბნები, რომ ყველანი მართლები არიან და მარტო მე ვარ მტყუანი, რომ მათ ვაბრკოლებ, რამეთუ რა თვალებიც მისცა ღმერთმა, ისე ხედავენ. ნუთუ არ ვიქნები მტყუანი და სასჯელის ღირსიც, თუ ვიტყვი: „რატომ არ ხედავენ, როგორც მე ვხედავ?“ თუ ფეხზე დგახარ, იმიტომ დგახარ რომ ღმერთის მადლს უპყრიხარ. ნუ იტყვი,ის რატომ არ დგასო? რამეთუ შენგან წაიღებს მადლს და წაიქცევი, იმას კი ფეხზე დააყენებს.

ახლა, რჩევას რომ გაძლევ, კი არ განგიკითხავ, არამედ გზას გიჩვენებ, რომ არ დაიკარგო. თუ გამიგონებ, ცხონდები, ხოლო თუ არ გამიგონებ და დედასთან წახვალ, ნათესავები აღარ ვიქნებით.

მე ბევრი ვილოცე და დიდად მომეწყლა სული, როდესაც გავიგე, რომ დაგშლიან, რადგან ვიცი, რომ დაიღუპებით. როდესაც [თქვენი] მოძღვარი აქ მოვიდა და მითხრა, რომ სხვა ადგილას გადახვიდოდით, თანაც რადგან ვიცოდი, რომ დრო აღარ გვაქვს, გულისტკივილითა და სალმობით ვეხვეწებოდი, ნურსად წახვალთ, ერთი წელიწადი მაჩუქეთ-მეთქი – თავდაპირველად სამს ვთხოვდი, ბოლოს ვუთხარი, ერთი მაინც-მეთქი, რაზეც მომიგო, ექვსი თვე მოვიცდიო. მე კი [მას მერე] არ ვწყვეტ ლოცვას იმაზე, რომ ყოვლადწმიდამ ხელი შეუშალოს.

ახლა ხომ ხედავ: რომ დაგეწყოთ, დიდად დაზარალდებოდით. მით უმეტეს, თუ თავშესაფარი არ გექნა და ქუჩაში დარჩი. თანაც ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. მე უარეს ბოროტებას ველი. მხოლოდ ომი დაამშვიდებს და დააცხრობს ღმერთის რისხვას. ამას ველი [, რომ მოხდება].

ასე რომ, იმას კი ნუ გაიძახი, დაგვშლიანო, არამედ ღმრთისმშობლის საფარველს შეაფარეთ თავი და გაისარჯეთ, რათა სიკვდილმა სინანულის შრომებში წაგასწროთ, და არა ის, რომ „ცოდვათა მიზეზების მომიზეზებით “13 დედაშენთან წახვიდე, რამეთუ მაშინ ის მოგივა, რაც წმიდა სერბიოსის მონასტრის მონაზვნებს შეემთხვათ, როგორც წმიდა ნილოსი წერს14. არ ვიცი, გაქვს თუ არა წაკითხული, მაგრამ ახლა ამის წერის დრო არ არის. კმარა ამჯერად.

წიგნი ჩამოვა, ნუ ღელავ, მაგრამ დღესასწაულების გამო დაფნიში ექნებათ დაახლოებით ერთი თვე, რადგან საფოსტო მარკები არ აკრავს.

მოძღვარს მეტანია გადაეცი, იღუმენიასა და ყველა დას – ლოცვა-კურთხევა. და ჯანმრთელად გაგევლოთ ყველა ეს წმიდა დღე.

პატარა ხატსაც გიგზავნი, რომ მთხოვე.

გაისარჯეთ, რომ ცხონდეთ.

ვლოცულობ შენთვის მთელი სულით,

მდაბალი მ. იოსები

შენიშვნები

  1. გულისხმობს ნაშრომს „ათხმოვანი სულითმოძრავი საყვირი“ (იხ. სქოლიო 1, გვ. 21). ↩
  2. იხ. სქოლიო 2, გვ. 312. ↩
  3. შეად. ფსალმ. 101,7. ↩
  4. ოფიციალური ეკლესიის მხრიდან მეძველსტილეების რაღაც შეზღუდვები აქვს მხედველობაში. ბერი იოსები ამ წლის პირველ ნახევარში ჯერ კიდევ ზომიერ ზილოტებთან იყო. ↩
  5. აქ სიტყვათა თამაშია: სახელი „ეფთიმია“ („ეფთვიმე“, „ექვთიმეს“ მდედრობითი ფორმა) ნიშნავს კარგ სულიერ განწყობას, შინაგან მხიარულებას. ↩
  6. თავის მორჩილს, მამა ეფრემს გულისხმობს, იხ. წინა ეპისტოლე. ↩
  7. იმ ჯერზე კალენდრულ საკითხზე უთანხმოების გამო ხელდასხმა არ შედგა, მაგრამ რამდენის თვეში, 1951 წ. ოქტომბერში, მას მერე, რაც ბერის საძმო ზილოტებს გამოეყო და ოფიციალურ ეკლესიას დაუბრუნდა, მ. ხარლამპი დიაკვნად, მეორე დღეს კი – მღვდლად, ხოლო მ. ეფრემი დიაკვნად აკურთხა სულიერმა და ასკეტმა მღვდელმთავარმა, მილიტუპოლელმა მიტროპოლიტმა იეროთემ (1874-1956), რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში იყო, ათონის მთაზე კი გადადგომის შემდეგ მოღვაწეობდა. ↩
  8. პარამითია (ნუგეში) – აქ: ქუჩის სახელი. ↩
  9. ათენის მახლობლად მდებარე დასახლებული პუნქტი. ↩
  10. ცხადია, რომ ბერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევის გარეშე გასვლას, მონასტრის დატოვებას გულისხმობს. ↩
  11. იხ. გალ. 6,14. ↩
  12. იხ. დაბ. 19,26. ↩
  13. შეად. ფსალმ. 140,4. ↩
  14. არსებობს გადმოცემა, რომელიც ღირს ნილოს მირონმდინარეს (ათონელს) მიეწერება, რომელშიც მოიხსენება ღირსი სერბიოსი. ამ უკანასკნელმა, მორჩილებაში გაწეული მრავალი ღვაწლისა და დამცირების შემდეგ, დააარსა მონასტერი-სკიტი, რომელსაც წმიდა მამების სწავლებასთან თანხვდენილი წეს-განგება დაუდგინა. მაგრამ როდესაც მონაზვნები მასში გამრავლდნენ, მორჩილებას ზედმიწევნით აღარ იცავდნენ, არც წმიდანის რჩევებსა და წმიდა მამების სწავლებას უწევდნენ ანგარიშს, არც ერის ხალხთან ურთიერთობას არიდებდნენ თავს. ასეთი უყურადღებობის შედეგი ის იყო, რომ მათ სულიერ ცხოვრებას დიდი ზიანი მიადგა, უდებებაში ჩავარდნენ და მონაზვნური აღთქმები დაარღვიეს, საბოლოოდ კი, უმეტეს ნაწილს ცუდი აღსასრული ჰქონდა. ↩
Share