წერილები 75–77 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

წერილები 75–77 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

[75] მონაზონ ბრიენას

წმიდა მთა, 11/5/1950

ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, მთელ ქრისტესმიერ კრებულთან ერთად, გისურვებ, რომ კარგად გახდე და ფრთხილი იყო, რათა მსგავსი ბოროტება აღარ შეგემთხვეს, არც შენ და არც რომელიმე დას.

ყურადღებით იყავით, ჩემო კეთილო და ძვირფასო დებო, რამეთუ ეს ყველაფერი ყველას მოსდის. ნუ გაუხეშდებით, არამედ სრული მორჩილება და შეუორგულებელი სიყვარული იქონიეთ სულიერი მამისა და დედის მიმართ, რათა [საღმრთო] მადლმა განსაცდელის დროს დაგიფაროთ.

ეს იმის გამო შეგემთხვა, ჩემო ბრიენა, რომ ამპარტავნება გაქვს და უხეში ხარ და არ გაქვს სრული მორჩილება. ამიტომაც ამბობენ წმიდა მამები: „დაცემას ამპარტავნება, ხოლო მადლს სიმდაბლე უძღვის წინ“.

სულმოკლეობა მოუთმენლობის დედაა, ხოლო მონაზონი მოთმინების გარეშე უზეთო ლამპარია. შვილებიც ბევრი ჰყავს: დრტვინვა, ურჩობა, გაუგონრობა, უსირცხვილობა, გმობა-მკრეხელობა, ბედის ჩივილი და ა.შ. გულუხეშობა და ამპარტავნება განუყრელი დები არიან, რომელთაც უამრავი შვილი ჰყავთ, რომლებიც ყველანი ერთად ხელს უწყობენ სულის წარწყმედას. ეს ყველაფრი კი ერთი ხელის მოსმით განქარდება და გაქარწყლდება სიმდაბლისა და სრული მორჩილების წყალობით.

ამიტომაც, ჩემო სულო, ჩემო კეთილო ბრიენა, იზრუნე, რომ სრული დაქვემდებარება ისწავლო. რამეთუ, რადგან ახლა მტერმა გაიგო, რომ ასე ადვილად იძლევი, წავა, გაისეირნებს და ისევ მოგიბრუნდება. ნუ გიპოვის უქმად, არამედ გაემზადე, და როცა მოვა, შეაგნებინე, რომ ქრისტეს ძალა გიფარავს და ჩვენი ყველას ლოცვები. გაიქეცი ქრისტესკენ და დახმარება სთხოვე ბრძოლაში, ჩვენი ყველას ლოცვა ითხოვე, მანდაც და აქაც. ნუ მიეჩვევი ადვილად დაცემას, რადგან თითოეული დაცემით ციხესიმაგრე ირღვევა, მასში შესვლა ადვილი ხდება, [და არ მოგეშვება მანამ,] სანამ არ დაგატყვევებს. გახსოვს, რა მოგწერე, როდესაც მონასტერში მიხვედი? რასაც ახლა მწერ, მინდა, რომ ოთხი-ხუთი წლის შემდეგაც იგივე მითხრა-მეთქი და როგორც უყურებ დებს, ასევე უყურე მაშინაც-მეთქი. თუ გადაიკითხავ ძველ წერილებს, იპოვი.

ამიტომაც ახლა გეუბნები: ფრთხილად იყავი! რამეთუ ჯერ კიდევ შეგიძლია. დასაწყისია. გამხნევდი, ნუ გეშინია. თავი ძირს დაინარცხე, რომ ყველამ გაგთელოს. მიწა გახდი, საკუთარი ნება-სურვილი დაივიწე, ამბაკირე1 გახდი. რადგან, თუ ახლა თავი არ აიძულე, დადგება დრო, რომ, რომც გინდოდეს, ვეღარ შეძლებ. გაიღე ლეპტა, რომ ყველა ჩვენგანმა უამრავი ტალანტი2 დავამატოთ. შემუსრე შენი გული, იტირე სულის ტკივილით, რათა ღმერთს შეეცოდო. მეც ვტირი ყოველდღე, მაგრამ ღმერთს შენი ცრემლებიც უნდა. ასე რომ, გამოფხიზლდი და ჩამოიბერტყე სულმოკლეობა.

მხნედ იყავი, ამდენ ადამიანს უპყრიხარ! დაანარცხე [მტერი] ერთხელ [მაინც]. რათა ისწავლო მასზე გამარჯვება უფლის ძალით. გამარჯვება კი არის მოთმინება, სიმდაბლეა გამარჯვება, მორჩილებაა გამარჯვება. ვინც გაიგო, თუ რა არის ღმერთის ძღვენი, ნიჭი, საჩუქარი – მწუხარება, გასაჭირი და ზოგადად, ყველაფერი, რასაც განსაცდელი გამოიწვევს – მან მართლაც ღმერთის ჭეშმარიტი გზა პოვა, და მათ სიამოვნებით ელის, რადგან მათ მიერ გაიწმინდება. ის, ვინც ითმენს, ნათლდება და ღმერთს ხედავს. ღმერთს კაცი სხვანაირად ვერ დაინახავს, გარდა [ამგვარი] შემეცნებისა. შემეცნება არის ჭვრეტა. როდესაც გაიაზრებ, რომ ღმერთი შენთან ახლოს არის და ღმერთში მოძრაობ და რასაც აკეთებ, ყველაფერს ხედავს, და ყურადღებით ხარ, რომ არ აწყენინო – რამეთუ ჩვენ შიგნითაც და გარეთაც ყველაფერს ხედავს, — მაშინ აღარ სცოდავ, რადგან ხედავ მას, გიყვარს იგი და ფრთხილობ, გული არ ატკინო, რამეთუ შენ მარჯვნით არის.3

მაშასადამე, ყველა, ვინც სცოდავს, ღმერთს ვერ ხედავს, არამედ ბრმაა. ნუ გძინავს, არამედ გაიღვიძე და გაიხსენე, რას მწერდი, როდესაც მონაზონი გახდი? ჯავშანი შევიმოსე, რათა არა სისხლსა და ხორცს, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათ რომ შევებრძოლოო, და სხვა. ახლა ნუ დაყრი იარაღს და ხელებს ნუ ასწევ, არამედ იბრძოლე და მოთმინებით უკუმიაქციე შენი მტრები. განწყობა ნუ გაგიფუჭდება, ზურგს ნუ დაანახვებ, არამედ პირისპირ შეეჭიდე. სჯობს შერკინების დროს დავეცეთ გამარჯვებულები, ვიდრე ვიძლიოთ.

ო, სასწაულთა სასწაული! ერის ადამიანებმა ორიოდე თევზი რომ დაიჭირონ, მთელი ღამე წვალობენ. თანაც, რომ დაიჭერენ, ან შეჭამენ, ან გაყიდიან, რომ საარსებო ფული ჰქონდეთ, თორემ სხვას არაფერს ელიან, მთელ სიცოცხლეს ამ საქმეს შეალევენ ტანჯვა-წვალებაში. ხოლო ჩვენ, საწყლები, მართლაც შესაცოდები ვართ ჩვენი უგნურების გამო, რომ მუქთადაც გვკვებავს — ასმაგად გვინაზღაურებს: ერთი დღე ვირჯებით და ასი დღისას გვიხდის – და ღმერთთან ერთად მარადიული სიხარულის, ღმრთისმშობელთან ერთად შვილურად ყოფნის ღირსებადაც გვხდის, ანგელოზებზე აღმატებულ პატივში, განუზომელ ნათელსა და გამოუთქმელ სიხარულში. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ, უგრძნობლები, თვალით ვერ ვხედავთ მომავალ ხეირს – თევზს ან რაიმე მსგავსს – ამიტომაც არ გვაქვს მოთმინება. მონები რომ ვყოფილიყავით, ყოველდღიურად სილაც მოგვხვდებოდა და წკეპლაც, ახლა კი სუსტი დის მწარე სიტყვის მოთმენაც არ შეგვიძლია. ეჰა, უგნურნო და წინადაუცვეთელნო გულითა!4 ერთი მცირე განსაცდელის გამო იმწუთას უარმყოფელები ვხდებით. გვირჩევნია მარადიულად განვეშოროთ ქრისტეს და მარადიულად შევეყაროთ სატანას! აბა, სხვა რა არის ის, რაც დაწერე, ჩემო მედგარო და საყვარელო გოგონა – მოვიფიქრებ, როგორ მოვკვდეო?! ეჰა, სიბრმავე და ხელშესახები სიბნელე! თავს მოიკლავ და ეშმაკს შეუერთდები მარადიულად?! არ გეშინია, სულმოკლევ, მარადიული განაჩენის, უტკბილეს იესოსთან, ჩვენს სიცოცხლესთან განშორების? ოჰ, როგორ წუხს იესო! ოჰ, როგორ ამწარებ ზეციერ სიძეს, როდესაც მცირე განსაცდელის გამო თავზე ეკლიან გვირგვინს ვადგამთ! სიძედ სახელვდებთ თუ არა, იმწუთას გაყრას ვთხოვთ! ოჰ, ძმარნარევი ნაღველი, რომელსაც მის საღმრთო სულს მივართმევთ5!

ყურადღებით ვიყოთ6, ჩემო დებო, გთხოვთ, ყურადღებით ვიყოთ, რამეთუ ჩვენი [ასეთი] საქმეებით სატანას ვახარებთ, ხოლო უტკბეს იესოს დიდად გულს ვტკენთ.

ამან7, ჩემო იესო, ჩემო სიცოცხლევ, ჩემი სულისა და გონების ნათელო! ამან, ჩემო სუნთქვავ, ჩემო ტკბილო ნუგეშო! ვინ მომცემს ცრემლებსა და გულისმიერ უნუგეშო გლოვას, რომ დღედაღამ ჩემი დების სიყვარულისთვის ვიტირო?! ყურადღებით ვიყოთ, ისევ გეუბნებით, ჩემო წმიდა დებო, და ისწავლეთ დუმილი, მოთმინება და მუდმივი გლოვა, რამეთუ ბოროტი დღეები დაგვიდგა8, ამასთან ერთად, უკანასკნელიც. ამიტომაცაა, რომ ეშმაკი ცდილობს გადაგვსანსლოს, ამიტომაცაა, რომ პატარა განსაცდელითაც კი სასოწარკვეთილებაში გვაგდებს, რამეთუ ხედავს, რომ ბევრი დრო აღარ დარჩა, რომ შეგვავიწროვოს.

შენ კი, ჩემო ძვირფასო ათანასია, კარგად გეპყრას ლამპარი, ფრთხილად იყავი, რომ იმ ქარებმა არ ჩაგიქროს, რომელთაც ბოროტი აღძრავს. თუ ღმერთს ენდომება, რომ წაგიყვანოს, იყოს ნება მისი. ხოლო თუ არ უნდა, მაშინ, როგორც გაიბერე, ისე ჩაიფუშები9. არც ჭრილობები, არც წვალება. გამომცდელს ჩვევა აქვს, სულიერად მოღვაწეებს დახვეწილი მეთოდებით ებრძოლოს, ხოლო, როდესაც ყველა ღონეს იხმარს და ვერ სძლევს, მაშინ მთელი ცხოვრება ავადმყოფობებში აგდებს. ხშირად მთელი სხეული სტკივა კაცს, ერთ დიდ ჭრილობად იქცევა, ერთ განუწყვეტელ „ოჰად!“.

მოძღვარს რაც შეეხება, როდესაც აქ მოვა, ქვემოდან, სადაც წმ. ანას მოტორი გაჩერდება, ძლიერად დაიძახოს „არსენი“10, მოტორისტმა იცის, და კაცს გამოვგზავნი, რომ მიეხმაროს, ნივთები დაბლა დატოვოს და ამოვიდეს.

თუ გაქვთ თაფლი გასაყიდად, ერთი ბოცა წამოგვიღოს. შარშან აქ 10 ათასად ვიყიდეთ. წელს არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში, მანდ უფრო იაფი იქნება.

ვლოცულობ ყველასთვის, ჩემს საყვარელ ბრიენასთან ერთად.

მდაბალი იოსები

[76] მონაზონ ბრიენას

წმიდა მთა, 17/6/1950

ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა, გისურვებთ, რომ ყველანი კარგად იყოთ.

ჩემო შვილო, მივიღე შენი ეპისტოლე და ვნახე რასაც მწერ. გულმოდგინედ ვლოცულობთ კიდეც ყველანაირად შენი კარგი და კეთილი სულიერი დედის ჯანმრთელობისთვის, წირვებსაც ვატარებთ და ვიხსენებთ კიდეც. გვწამს, რომ უფალი განკურნავს, რადგან თქვენი სარგებლისთვის საჭიროა, რომ იცოცხლოს.

შენი ხორციელი დედისგანაც მივიღე ეპისტოლე და ძალიან დამწყდა გული, სული დიდად მატკინა, რამეთუ თავის გამუდმებულ ლაქლაქს არ იშლის. რაც მოადგება ენაზე, ამბობს: „მე რა, მეძავი ვიყავი, რომ ქალიშვილი მეძავად აღმეზარდა? თუ იმიტომ წაიყვანეს, რომ ჩემგან, მეძავისგან გადაერჩინათ? თუ მეძავი იყო და უშველეს?“ მეც გამოვლანძღე, რომ შემცდარია, რომ ამგვარ სიტყვებს არ იშლის და დრტვინავს. ხოლო იმის გამო, რომ დრტვინავს, ღმერთი დაუშვებს, რომ ბრიენა იმ ყველაფერს ჩაიდენს, რასაც ის ლაპარაკობს და ამგვარად მარადიულადაც დაკარგავს.

ვეუბნები: „გეყოფა წუწუნი და ღმერთს მისი სულისთვის ევედრე, რამეთუ მე ენა გამიშრა ღმერთისადმი მისთვის ღაღადით, შენ კი დაუცხრომლად განარისხებ ღმერთს შენი დრტვინვით“. [კიდევ ვეუბნები: „[შენი შვილი] დაღუპვის პირას დგას. მისმა კურთხეულმა იღუმენიამ ცხოვრება შეალია მის აღზრდა-დარიგებას, რამეთუ ისიც შენსავითაა: მოკამათე, მოუთმენელი და დაუმორჩილებელი, გაუგონარი! შენ კი მაინც გინდა შენი გაიტანო, არ ცხრები!“.

ამ და სხვა მრავალი სიტყვებით ვაყვედრე. შენ იმიტომ გწერ, რომ იცოდე, რატომ ველაპარაკე ასე. იქნებ მანდაც მოვიდეს და აურზაური ატეხოს. განსაცდელს ხომ სხვა საქმე არ აქვს, არამედ მარტო ამ საქმითაა დაკავებული – რომ შფოთი ატეხოს. ფრთხილად იყავი! მორჩილება ისწავლე. საკუთარი ნება-სურვილი მოიკვეთე, რამეთუ ცხონების სხვა გზას ვერ იპოვი.

თავი აიძულე, რადგან, ვინც ერთს არ ემორჩილება, მრავალს დაემორჩილება. მოთმინება იქონიე. გულს ნუ გაიტეხ. სულმოკლეობას ნუ გამოიჩენ.

ვინც, ღმერთის მადლით, შეგნებულად იპოვა [ცხონების] გზა, [იცის, რომ ესაა] სხვადასხვა გასაჭირი სიკვდილამდე, თანაც ისეთები, რომ გულის შევიწროებით გამოწვეული ტკივილის გამო კაცს შეიძლება სული აღმოხდეს.

ამიტომაც გამხნევდი და სიხარულით გაიხარე განსაცდელების დროს. ნუ დრტვინავ, სასოს ნუ წარიკვეთ ასე ადვილად. შენს მტრებს სისუსტეს ნუ დაანახვებ, რათა არ იქადონ.

სულიერ დედას ხშირად გაუხსენი ხოლმე გულისსიტყვები, ან ათანასიას, რათა არ დაიბუდონ შენში, და რასაც გეტყვიან, ბრმად [განუსჯელად] გააკეთე. საკუთარ გულისსიტყვას ყურს ნუ უგდებ. მეც დაუდუმებლად ხელგანპყრობით ვევედრები ღმერთს მუდმივად.

ვლოცულობ შენთვის მთელი სულით, მამა ათანასესა და სხვა მამებთან ერთად.

უკანასკნელი მ. იოსებ მონ[აზონი]

[17] იღუმენია ეფთიმიას

წმიდა მთა 18/7/1950

ქრისტესმიერო დაო და ღმრთისმოშიშო იღუმენია ეფთიმია, ვლოცულობ შენი ჯანმრთელობისთვის, რაც ძალიან ძვირფასია შენი კრებულისთვის.

კურთხეულო იღუმენიავ, დღეს მივიღე შენი ეპისტოლე და რასაც მწერ, გიწვე მორჩილებას, რადგან მწერ, რომ სასარგებლო იქნება, შენი სიტყვებისა მწამს და საკუთარ ნება-სურვილს ვტოვებ, თანაც ვლოცულობ, რომ თითოეულმა სიტყვამ სარგებელი მოგიტანოთ და არა ზიანი.

მაშ, აღაღე სასმენელნი შენნი, რათა ვაწვეთო მათში ზეთი მხიარულებისა და შენი სული სამოთხის ნექტარზე უფრო მეტად აღივსოს სიხარულით.

რათა ნებისმიერი ეჭვი განვაქარვო იმის შესახებ, რაც გაიგონეთ – რომ შეცდომილები ვართ – ვიწყებ ათონის წმიდა მთიდან. ჩვენ, ჩემი დაო, როდესაც მთაწმიდაზე მოვედით, ერთ სახლში არ გამოვკეტილვართ, როგორც [თქვენი] მოძღვარი და სხვები. არამედ ვეძიეთ, ვიტირეთ, ვიღაღადეთ, მთა და ორმო არ დავტოვეთ შეუცდომელი წინამძღოლის ძებნაში, რათა ცოცხალი სიტყვები მოგვესმინა და არა უქმი და ამაო.

ერთი მეუდაბნოე ბერიც არ გამომრჩენია, რომ მისგან თუნდაც წვეთი სარგებელი მაინც არ მიმეღო. ერთი, ოთხმოცდაათი წლისა, გვიამბობდა, რომ [ათონის მთის] მწვერვალზე 17 წელი გაატარა, სადაც მეხი ეცემოდა და ტანსაცმელს უწვავდა, მაგრამ ის ბოლომდე ითმენდა. სხვა გვეუბნებოდა, რომ ანტიდორი ჰქონდა მიცემული შიშველი წმიდანებისთვის, რომლებიც უხილავები იყვნენ, ხოლო სხვა – რომ მათ ღამის წირვაზე აზიარებდა12. სხვა, რუსი, მრავალი წელი ცხოვრობდა მწვერვალზე და ყოველ ათ წელიწადში ჩამოდიოდა და ხვდებოდა ვიღაც სხვა მეუდაბნოეს. ჩვენ რომ იქ ვიყავით, მას ელოდებოდა, ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ ის მეორე აღარ მოვიდა, რადგან, როგორც ჩანს, უდაბნოში გარდაიცვალა.

თითოეულ მათგანს კეთილსურნელება ასდიოდა, როგორც წმიდათა ნეშტებს. როდესაც ასეთ რამეებს ვისმენდი, ცეცხლი კიდევ უფრო მეტად მეკიდებოდა. სულ ვეკითხებოდი: როგორ იკვებებოდნენ, როგორ ლოცულობდნენ, რა ჰქონდათ ნანახი, რას ფიქრობდნენ, სიკვდილის წინ რას ხედავდნენ. ერთმა სულის გასვლის დროს ღმრთისმშობელი იხილა, მეორემ — ანგელოზები. დღესაც ხდება, რომ, სანამ გარდაიცვლებიან, ხილვები აქვთ, რათა ღმერთმა ისინი მშვიდად წაიყვანოს.

ეს რომ მესმოდა, შემდეგ კი გავიგებდი, რომ ვინმე კვდებოდა, მწყურვალივით გავრბოდი, რათა მენახა, რას ხედავენ, რა ესმით. სწორედ ამ წმიდა ადამიანებისგან გადმოვიღე ცხოვრების წესი და განრიგი – რა გზას გავუყვე ამ ცხოვრებაში. ჩემსას არაფერს ვამბობ, ისინი მარიგებდნენ.

თქვენი მოძღვრის სახლიც ვიცოდი. იმასაც ვიცნობდი, კატას რომ ეფერება. ყველას ვიცნობდი. კალაიძისაც, კალას რომ აკეთებდა13. ზაქარასაც, რომ თევზაობდა, მღვდელ ნეოფიტესაც, რომელიც თქვენს მოძღვარს პანაგიებს14 უკეთებდა. მაგრამ მე ის მაინტერესებდა, სად არსებობდა რამე ცოცხალი, სად შევიძენდი რამეს ჩემი სულისთვის, რათა [მქონოდა რამე იმ დღისთვის,] საგანძური ღმერთის საუნჯეს რომ დაუბრუნდება და [სულიერი] შიმშილი დადგება, როდესაც ღმრთის სიტყვას ვეღარ გაიგონებს კაცი. და აი, ახლა არსად ისმის ხმა, ლამპრები ჩაქრა და უკუნ ბნელში დავიარებით. ცხონების შესახებ სიტყვას ვეღარ გაიგებ, მხოლოდ ძვირისთქმა და განკითხვა.

ერთი სიტყვით, თავი დავანებოთ ათონს. ასე ხედავენ, ასე ლაპარაკობენ, ყველა მართალია. როდესაც კაცი სწორ გზას დაკარგავს, იმის გამო, რომ თვითონ გზას ასცდა, სხვა გზა კი არ იცის. უნდა, რომ ყველა იმ გზით წავიდეს, რომელსაც თვითონ [შეცდომით] დაადგა. თუ ვინმე ეტყვის, რომ სხვა, უფრო მოკლე გზაც არსებობს, იტყვის: „შეცდა! სხვა გზა არ არსებობს“. ამიტომაც, ისიც მართალია.

იმის გამო, რომ მდუმარების გულისთვის გამოვიკეტეთ – რამეთუ თავიდანვე ეს ვისწავლეთ – ყველა მე მერჩის, უფრო სწორად კი, განსაცდელი* (აქ: ეშმაკი) აკეთებს ამ ყველაფერს, რადგან არ შეუძლია იმის ატანა, რომ ვინმე ჩვენს თაობაშიც ზრუნავს თავის ცხონებაზე. მაშასადამე, ღმერთმა ის [ე.ი. სატანა] განაქარვოს, ხოლო მამები შეიწყალოს.

ახლა ლოცვის შესახებ ვთქვათ. ვფიქრობ, ჩემო კეთილო დედაო, რომ დიდად უსამართლოდ მოეპყარი შენს თავს. შენ არ ხარ ამდენი საზრუნავისთვის, არამედ — მდუმარებისთვის, დაყუდებისთვის. ერთი სიტყვით, თუ გინდა გამიგონო, ორივე ოდნავ შევამციროთ, რამეთუ მდუმარების გარეშე მადლი არ რჩება, მადლის გარეშე კი ადამიანი არაფერია, ხოლო ვინც მადლი იპოვა, სწორედ მდუმარებაში იპოვა. „მოიცალეთ და გულისხმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი“15. სთხოვე მოძღვარს, რომ ერთი ოთახი გამოგიყოს, სადაც მარტო დარჩები ხოლმე მდუმარებით. ვისაც საუბარი ენდომება შენთან, შუადღემდე16 მიიღე ხოლმე. შემდეგ, ჭამე და საღამომდე დაიძინე. მეორე დილამდე ნუ მისცემ უფლებას შეგაწუხონ, თუნდაც მონასტერში ხანძარი გაჩნდეს. როდესაც გაიღვიძებ, დაიწყე: თუ დღეა, რამე წაიკითხე, პირადი ლოცვითი კანონი გააკეთე, ხოლო როგორც კი დაბნელდება, ყავა დალიე და ლოცვა დაიწვე. მიზანი ის არის, რომ მადლის მოქმედება აღძრა, ხოლო როდესაც მადლი ამოქმედდება – ამაში მდგომარეობს ყველაფერი.

მე სერობითა17 და [ღმრთისმშობლის] დაუჯდომელით ვიწყებ, ხოლო როდესაც დავამთავრებ, ჩემი სიტყვებით ველაპარაკები ღმრთისმშობელს, ქრისტეს, ტკბილი სიტყვებით – როგორც მომივა გონებაში: „ჩემო უტკბილესო იესო, ჩემი სულის ნათელო, მხოლოო სიყვარულო, სიხარულო, მშვიდობავ“. და სხვა ბევრ რამეს ვეუბნები გულისტკივილით. შემდეგ ღმრთისმშობელს. ჩვენი ტკბილი დედიკოც სიყვარულს ამჟღავნებს. ნეტავ სულ ის გყავდეთ ბაგეებზე.

ხოლო როდესაც გონება დაწყნარდება და სული დატკბება, ჩამოჯექი და გონებით იესოს ლოცვა დაიწყე, როგორც მწერ, მანამ, სანამ მიგერულება. მაშინ ისევ დაბალ ხმაზე ტკბილ-ტკბილად იგალობე. ჩვენი დედიკო და უფალი ადიდე ნელ-ნელა: „შენდამი იხარებს…“18, „გიხაროდენ, დედუფალო…“19, „ზღვასა მეწამულსა…“20, „ღირს არს…“. „წიაღნი მამულნი…“21. „მინდ[ოდ]ა ცრემლთა მიერ“22. „ვინ ღელვა-გუემული…“, „ცხოვარი ვარ…“ და სხვა, რაც გაგახსენდება23" სარეცელზე ჩამომჯდარს. და ამგვარად, თუ მადლი [შენს] სიტყვებზე არ იმოქმედებს, იმოქმედებს იესოს ლოცვაზე; თუ არა და, გალობაზე.

სულიერ საკითხავს (სენაკში, როდესაც მარტო კითხულობ) ნურასდროს მიატოვებ, რამეთუ ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს, რადგან წმიდანებისგან იღებ მაგალითს, ხედავ საკუთარ შეცდომებს, ნაკლებს – არის ნათელი სიბნელეში. ამგვარად დებს უფრო მეტ სარგებელს მოუტან, ვიდრე – როდესაც მთელი დღე იღლები.

შემდეგ წამოდექი და, თუ გინდა, ეკლესიაში ჩადი24, ხოლო თუ გინდა ღმრთისმსახურება შენ თვითონ აანაზღაურე სკვნილით25, დაეყუდე და დაისვენე. ამგვარად ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებ, შენს სულსაც არგებ და დებისთვისაც ანთებული ლამპარი იქნები. თუ არა და, რაც მეტად შედიხარ ასაკში, ყვირილ-შენიშვნებით სრულიად დაკარგავ ლოცვას, რამეთუ შენ მდუმარებას, დაყუდებას ხარ მიჩვეული.

კურთხეული იყავი და [უფლის] კურთხევა მიგეღოს, მადლმოსილო სულო. ნეტავ სამივეს გქონდეთ ასეთი მდუმარება და სხვებსაც არგოთ.

დიდი ხნის წინ სხვა ეპისტოლეც გამოგიგზავნეთ, ამფიქტიონის [ქუჩის] მისამართზე მითითებული. მასში ერთი პატარა წერილი შენთვისაც ჩავაყოლე, სადაც გთხოვ, რომ უფლის სიყვარულისთვის ჯვრების ფული გამომიგზავნო, რადგან ბევრი ვალი მაქვს. არ ვიცი, მიიღეთ თუ არა.

ერთი სიტყვით, ჩემო ჭეშმარიტო, დაო, რადგან მდუმარებაც გამოსცადე და მრავალ დასთან ერთად ცხოვრებაც, იცი, თითოეულს რა სარგებელი აქვს და რა ხეირი. ეს ორი რამ ერთმანეთში გააზავე და კეთილი გეყოს შენ.

დღეს სხვა ეპისტოლეც მივიღე, ბრიენასგან, სადაც მონასტრის საქმეზე მწერს. ვაღიარებ, ჩემო დაო, რომ არაფერი ვარ და დიდ სარგებელს ვპოვებ თქვენი ლოცვებით, ამიტომ თქვენი წმიდა ლოცვების გარეშე ნუ დამტოვებთ. და თქვენი ლოცვების მოქმედებით, რადგან მეკითხებით, გემორჩილებით და გელაპარაკებით. ხოლო თუ მეურჩებით, მაინც არ გაძაგებთ, რამეთუ ღმერთმა ასე გაგინათლათ გონება26.

ასე რომ, ჩემი უნაყოფო სიტყვა არის შემდეგი: თქვენს ადგილს ნუ მიატოვებთ. აიღეთ ფული და სენაკები ააშენეთ, 3-4 ცალ-ცალკე, ხოლო ერთი უფრო მოშორებულად – შენთვის. იქ, მცირედ მაინც დაეყუდები, სანამ გარდაიცვლები და ამქვეყნიდან გახვალ.

ერთი სიტყვით, თქვენს სულზე, თქვენს სულზე იზრუნეთ, დღედაღამ ღმერთს უხმეთ, რამეთუ ახლოვდება დრო და წუთი, როდესაც თქვენს ყურებში ხმა დაიქუხებს: „მო[ვე]დით ჩემდა ყოველნი [მაშურალნი და ტვირთმძიმენი]…“, „ნუ განიფიცხებთ* (გაისასტიკებთ) თქვენს გულებს, როდესაც ჩემს ხმას გაიგონებთ“27 – ამბობს უფალი. მერწმუნეთ, ჩემო დებო, რომ არ გავჩერებულვარ და არ ვჩერდები, არამედ დღედაღამ ღმერთს ვუხმობ და ვეძახი, და [მიუხედავად ამისა] სასოწარკვეთილებას ვუახლოვდები, როგორც არაფრის მაქნისი, როგორც ადამიანი, ვისაც საფუძველიც კი არ ჩაუყრია სულიერი ცხოვრებისა, არამედ ყოველდღე ვითომ თავიდან ვიწყებ, სინამდვილეში კი მატყუარა და შემცოდე გამოვდივარ.

თქვენ კი გონიერ ქალწულებს მიბაძეთ, მღვიძარედ იყავით და გონებით [უფალს] უღაღადეთ, რამეთუ აღსასრული ახლოა. იქნებ მშვიდობიანობა დამთავრდა. მკვდრებთან ერთად ვართ ჩვენც [შერაცხულები]. ამიტომაც თავი აიძულეთ და გაისარჯეთ.

ერთი სიტყვით, ამჯერად კმარა. სხვა ეპისტოლეთი კიდევ მოგწერთ, თუ ეს [უკვე მოწერილი] ნაყოფს გამოიღებს და გულმოდგინებას გამოიჩენთ.

შენ კი, ჩემო მადლიანო დედაო, კვლავ გთხოვ, არ დაგავიწყდეს ჯვრების ფული გამომიგზავნო, რამეთუ წელს პატარა სამზარეულო ავაშენე და ერთ-ნახევარი მილიონი მაქვს ვალი და ძალიან ვწუხვარ ამის გამო.

და ილოცეთ ჩემთვის, როგორც მე ვლოცულობ თქვენთვის,

მდაბალი იოსებ მონ.

ბრიენასთვის.

ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა, დღეს მივიღე შენი ეპისტოლე, სადაც მონასტრის შესახებ მწერ. მე ღმრთისმშობლობას28 მოგწერე წერილი მონაზონ ლავრას სახელზე, ამფიქტიონის ქუჩაზე. ერთი სიტყვით, ჩემო პატარავ, აიძულე თავი და უფალი მოგეხმარება. სასოს ნუ წარიკვეთ. შენს პირველ დედას ძალიან მკაცრად ვეჩხუბე იმისთვის, რომ განუწევეტლივ დრტვინავს, რომ არ უნდა ღმრთისმშობელს აჩუქოს შენი თავი. მივწერე შენი მდგომარეობის შესახებ, რომ შეწყვიტოს ასეთი საქციელი. მაგრამ დღეს დიონისესგან მივიღე წერილი, რომელშიც მწერს, რომ მძიმედ დასნეულებულა ფილტვების ანთებით და ამიტომ წერილები ვერ წაუკითხავს.

ბევრმა დედამ დაღუპა თავისი შვილი დრტვინვით, რამეთუ გულით არ მიუძღვნეს ღმერთს. მეც ძალიან აღმაშფოთა თავისი ასეთი ლაპარაკით.

ჩვენ კი ჩვენს წინამდებარე მიზანს დავუბრუნდეთ და მას თავი დავანებოთ. შენ იმაზე იზრუნე, რომ მორჩილება და მოთმინება გასწიო. როდესაც მადლი ისევ მოვა, ყველაფერი ისევ კარგი და ლამაზი გახდება. ოღონდ იარაღს სრულად ნუ დაყრი, როდესაც ომის დრო დადგება.

სთხოვე, იღუმენიას, რომ სთხოვოს მოძღვარს, ზიარების ნება დაგრთოთ.

ვლოცულობ შენთვის მთელი სულით,

მდაბალი მ. იოსები

შენიშვნები

  1. მონაზონი ამბაკირე (ძველ ქართულ თარგმანებში „კაროსი“, რადგან „ამბა“- („მამა“) ზედწოდებად მიიჩნეოდა (ან რომელიღაც დედნებში იყო ასე), მოიხსენება წმ. იოანე სინელის „კიბეში“ (სიტყვა 4). მიუხედავად იმისა, რომ მას ყველა შეურაცხყოფდა (ზედმეტ ლაპარაკს იყო მიჩვეული), დამცირებასაც უდრტვინველად ითმენდა და არც არავისზე გაუფიქრია ცუდი რამ, პირიქით, მადლიერი იყო ყველასი, რომ სულის განწმედაში ეხმარებოდნენ. მისი მოძღვრის თქმით, სიკვდილის შემდეგ მონასტრის წმიდანებთან ერთად დაივანა სასუფეველში. ↩
  2. ტალანტი – აქ. ფულის მსხვილი ერთეული ანტიკურ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში. ↩
  3. შეად. ფსალმ. 15,8. ↩
  4. შეად. ლუკ. 24,25 და საქმე 7,51. ↩
  5. შეად. მათ. 27,34; მარკ. 15,36; ლუკ. 23,36; იოან. 19,29-30. ↩
  6. ბერი აქ იმ სიტყვას ხმარობს, რომლითაც ღმრთისმსახურებაზე დიაკვანი მორწმუნეთა ყურადღებას ამახვილებს წასაკითხსა თუ აღსასრულებელზე, რაც ქართულად ითარგმნა როგორც „მოხედეთ“ ( „მოხედენ“ არ არის სწორი ფორმა). ↩
  7. ამან (თურქ. aman წყალობა) — ბერძნები ამ სიტუვას სამი მნიშვნელობით იყენებენ: ა) უკმაყოფილების გამოსახატავად („ამან, ამ კაცის გამოსწორება არ იქნება“), ბ) გაოცების ნიშნად („ამან, რა ლამაზია“), გ. წყალობის თხოვნით, ბერი ამ უკანასკნელი მნიშვნელობით ხმარობს ამ კონტექსტში: „შეგვიწყალე ასეთი უგნურებისთვის, დაგვინდე!“. ↩
  8. შეად. ეფეს. 5,16, ↩
  9. სავარაუდოდ, მონაზონი ათანასია. რაღაც შეშუპებით იყო დაავადებული. ↩
  10. სხვათა შორის, მამა არსენის მოხუცებულობაშიც უჩვეულოდ მახვილი სმენა ჰქონდა. ↩
  11. დედა ეფთიმის იყო თრაკიელ-მაკედონელთა მიძინებს მონასტრს წინაძღვარი, სადაც მღვაწებდა ბერის დისშვილი, მონაზონი ბრიენა, იღუმნია ეფთიმია ღრმმად მოხუცებული გარდაიცვალა 2000 წელს. ↩
  12. ძველი გადმოცემის თანახმად, მთაწმიდაზე თორმეტი ბერი ცხოვრობს, რომლებსაც ზოგჯერ „უხილავებს“ უწოდებენ, ზოგჯერ „შიშვლებს“, ზოგჯერ „მძოვრებს“. ისინი ათონის მთის მიდამოებში მოღვაწეობენ და ადამიანებს ძალიან იშვიათად ეცხადებიან. როდესაც ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვლება, თავიანთ საძმოსთვის ახალ წევრს პოულობენ. ↩
  13. გულისხმობს ლითონის ჭურჭლის მოკალვას. ↩
  14. პანაგია ( ყოვლადწმიდა) – გულსაკიდი ხატი. ↩
  15. ფსალმ.45.11 ↩
  16. შუადღე თანამედროვე ბერძნებისთვის აბსტრაქტული ცნებაა. ორი ბერძენი ვერ განსაზღვრავს ერთნაირად მის ხანგრძლივობას. დაახლოებით, 12:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე. ↩
  17. სერობა – პატარა საზოგადო პირადი ლოცვა, ძილისწინა ლოცვები, რომელიც სერობის, ანუ ვახშმის შემდეგ იკითხება. ამიტომაც, უფრო ზუსტად ეწოდება „სერობის შემდეგ“, „ნახერობები“. ქართულში, რადგან კონკრეტული არსებითი სახელი ნაკლებად ელასტიურია, უბრალოდ „სერობა“ ანუ „ვახშამი“ დაერქვა (ისევე, როგორც ე.წ. ამბიონისუკანა. ლოცვას, წესით, „ამბიონსმიღმა“, „ამბიონის უკანა“ ლოცვა ჰქვია). ↩
  18. პარაკლიტონი, ხმა გვერდი მეოთხე, კვირადღის ცისკარი, მეორე სტიქოლოგიის წარდგომის „აწდა“. ასევე, იგალობება ბასილი დიდის წირვაზე „ღირს არსის“ ნაცვლად. ↩
  19. სულთმოფენობის მეორე კანონის მეცხრე გალობის ძლისპირი. ↩
  20. პარაკლიტონი, ხმა გვერდი პირველი, კვირადღის (შაბათ საღამოს) დიდი მწუხრის დოგმატიკონი. ↩
  21. უძღები შვილის კვირადღის კონდაკი. ↩
  22. ეს და შემდეგი ორი ტროპარი არის დიდი სქემის მსახურების ანტიფონების ნაწილი. ხმა მეოთხე (იხ. „დიდნი კურთხევანი“, პროფ. ედიშერ ჭელიძის გამოც., თბილისი, 2002, გვ. 174-175). ↩
  23. ამ აბზაციდან ჩანს, თუ რამდენად გაშინაურებული იყო ბერი ლიტურგიკულ ტექსტებთან, მიუხედავად იმისა, რომ უკიდურეს მდუმარებაში მოღვაწეობდა. ↩
  24. ათონზე მონაზვნები ყოველთვის ამბობენ „ეკლესიაში ჩავდივარ“, რადგან სენაკები ტაძარზე მაღლა მდებარეობს. ასევეა საბაწმიდის ტიპიკონშიც. ↩
  25. თუ მონაზონი რამე მიზეზით ღმრთისმსახურებას ვერ ესწრება (მაგ., სნეულების გამო), ვალდებულია სკვნილით თქვას იესოს ლოცვა შესაბამისი რაოდენობით: დღე-ღამის ციკლი სრულად არის 20 სკვნილი (1 სკვნილი = 300 ლოცვა), რომელთაგან 12 დილის მსახურებებისაა, ხოლო 8 – საღამოსი. ↩
  26. სიტყვასიტევით: „ასე გაგანათლათ ღმერთმა“, ანუ ასეთი გადაწყვეტილება „დაგიდოთ გულზე“, ასეთი გულსავსება მოგცეთ. საოცარია ბერის სიმდაბლე და სულიერი დელიკატურობა: ურჩობა ხომ გონების დაბნელების შედეგი და ღმერთის წინააღმდეგობაა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სხვას ამართლებს და საკუთარ თავს ღირსად არ მიიჩნევს, რომ სხვებმა გაუგონონ. ↩
  27. შეად. ფსალმ. 94,8; ებრ. 3,8; 3,15; 4.7. ↩
  28. გაუგებარია, რომელ დღესასწაულს გულისხმობს. ↩
Share