[71] მონაზონ ბრიენას
წმიდა მთა, 23/1/1950
საყვარელო შვილო. ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, მთელ კრებულთან ერთად, გისურვებთ, რომ ყველანი კარგად იყოთ, სულითაც და ხორცითაც.
რადგან საკმაოდ დრო გავიდა მას მერე, რაც არაფერი გამიგია როგორ ხართ, თანაც ფული ძალიან მჭირდება, რამეთუ ვალებში ვარ ყელამდე – იმედი მქონდა, ფულს მივიღებდით, – ვიფიქრე, მივწერ-მეთქი და ერთგვარად შევახსენებ, ვინიცობაა ანგარიში ისევ დაგავიწყდათ და ამიტომაც აყოვნებთ. იქნებ გამოგზავნეთ და ფოსტაში ჩარჩა. ერთ თვეზე მეტის წინ უდაბნო გააფრთხილეს, ფულის ასაღებად არავინ წასულიყო, რადგან არ აქვთ, ხოლო საშინელი უამინდობის გამო არც ხმელეთის და არც ზღვის ტრანსპორტი არ ფუნქციონირებს.
ჩვენ კი მოტორის1 ფულიც არ გვაქვს, არცერთი საფოსტო მარკის, ვალი კი 300 ათასი მაქვს. ხორბალზეც ჩაწერილი ვარ (იწერენ)2, 400 ოყა* (513 კგ.) 800 ათასი დაჯდება. ნაწილი ერგინამ გამომიგზავნა. ხორბალი იმიტომ ვიყიდე, რომ არ ვიცით, რა ამინდი დაგვიდგება, ან კიდევ მოიტანენ თუ არა, ამ ჯერზე კი მალე მოვა. აქ თოვლი და ყინული უშლის ხელს, რადგან ძალიან ბევრია [წელს].
ჯვრების ანგარიში ასეთია: პირველი ამანათი – ას ორმოცდაათი ჯვარი, აქედან ას ოცდაათი ცალმხრივი, ხოლო ათი ორმხრივი (ოც ცალმხრივს უდრის), ანუ ჯამში ას ორმოცდაათი. თუ ოთხად გაყიდით, როგორც თქვით, მაშინ გამოდის 600 ათასი, თუ ხუთად – 750. მე აქ მაღაზიებში ერთბაშად ვაბარებ ოთხად (4), ხოლო მონასტრებში – ხუთად (5). მეორე ამანათში ას ოთხი ჯვარი იყო (104). ფასი: თუ 4-ად, მაშინ 416 ათასი, ხოლო თუ 5-ად, მაშინ 5163. მაშასადამე, თუ ოთხ ათასად ვიანგარიშებთ, გამოდის პირველი ამანათი 600, ხოლო მეორე 400, ჯამში კი ერთი მილიონი4. 16 ათასი გამოაკლდა, რადგან ქვითარზე მიდის. ასე სუფთად იმიტომ გწერთ, რომ ასეთი ჩვევა მაქვს: ყველა ჩემი საქმე სარკესავით იყოს, საყვითაც და საქმითაც, რამე ეჭვის საბაბი არ მივცე ვინმე მოყვასს.
გთხოვთ, წინდახედულები იყოთ და ფული ვინმეს ხელში არ მისცეთ. თუკი უკვე მიეცით და ამიტომაც აყოვნებს, თუ ჯერ მანდვეა, უკან გამოართვით, რათა განსაცდელი არ მოხდეს (შეიძლება დახარჯოს, რამე იყიდოს და ჩვენთვის აღარ დარჩეს).
წერილს შეკვეთილს ნუ გამოგზავნით, რადგან ჩვენთვის მოსახერხებელი არ არის, რომ დაფნიში დაუყოვნებლივ წავიდეთ ხოლმე, და ამიტომ დიდი ხნით დარჩება. მე 60 დღის შემდეგ მარხვა დავარღვიე5, რათა წმიდა დიდმარხვაში გაგრძელება შევძლო, რამეთუ დავსნეულდი. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ტყუილში არ ჩამეთვალოს, რომ მოგწერეთ, მარხვას ვაგრძელებ-მეთქი.
ვიღაც და მარიამმა მომწერა თესალონიკიდან, რომ ფულს აგროვებს. მივწერე ეპისტოლეს პასუხი იმ მისამართზე. რომელიც თავად მოეწერა, მაგრამ არ ვიცი, მიიღო თუ არა.
მამა ათანასე მობრუნდა, ქრისტეშობამდე 15 დღით ადრე. მაგრამ, გაატარა თუ არა [ჩვენთან ერთად] 20 დღე (რის ვაი-ვაგლახით), ისევ თავისი განაგრძო. ახლა ეს-ესაა ცოტა დაეყუდა. ყოველთვის ერთი და იგივე. ასე რომ, ლოცვაში ნუ დაგავიწყდებათ, ჩვენც ვლოცულობთ მისთვის. ერთი სიტყვით, ყველაფერი მოგწერეთ და გთხოვთ, დაუყოვნებლივ იზრუნოთ, რომ ფული გამოგვიგზავნოთ, თუნდაც ტელეგრაფული ქვითრით, რამეთუ ხორბალი [მალე] მოვა.
აბონენტებად შემდეგი ხალხი ჩავწერეთ, მაგრამ, რადგან მოძღვარს სხვებისთვისაც დაუვალებია, ათანასე ათონს არ მოივლის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გზად მოუწევს სადმე გავლა და ვინმე მოისურვებს. თუ არა და, ვაპირებდი სპეციალურად გამეგზავნა, რომ ყველგან მისულიყო. აბონენტებს ქვემოთ მივუთითებ:
მცირე [სკიტი] წმიდა ანა[სი]
მონაზონი იოსები 2
დაფნი
იოანე ზორზო 1
წმიდა ანა[ს სკიტი]
ბერი სინეზი, წმ. ელეფთერი[ს კალივა] 1
მღვდელმონაზონი მინა 1
ბერი ანტონი გრიგორიელი 1
ბერი ანტონი, წმ. ანტონის კელია 1
ბერი ხარლამპი, მეწაღე 1
კატუნაკები
ბერი სტაქი 1
ნეა სკიტი
სიმეონი, მირქმა 2
წმიდა ბასილი
ამბერკი
მღვდელმონ. ბართლომე 1
თუ ვინმე ჩაეწერება ხოლმე, ისევ გამოგიგზავნით. ათანასეს უფრო სუფთად აქვს ჩანიშნული.
ასე რომ, ჩემო ბრიენა, სასტიკი სიცივის გამო ლოკოკინასავით შევძვერი ნიჟარაში და არ გამოვდივარ. მოთმინება იქონიე და როდესაც ეპისტოლეს მივიღებ, ისევ ბევრ და მშვენიერ რამეს მოგწერ.
მოძღვარს მეტანია, ხოლო იღუმენიასა და ყველა დას ლოცვა-კურთხევა გადაეცი.
ვლოცულობ შენთვის მთელი სულითა და გულით,
მდაბალი მ. იოსები
ათანასე ამბობს, რომ ის დაწერს [ცალკე] ქაღალდზე, რაც მოძღვარმა მოგვწერა6.
[72] მონაზონ ბრიენას
წმინდა მთა, 10/2/1950
საყვარელო შვილო ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, მთელ კრებულთან ერთად, გისურვებთ, რომ ყველანი კარგად იყოთ და რომ ჩვენი უტკბილესი იესოს ტკბილი მადლი ყოველთვის თქვენ ერთად იყოს, გაგაძლიეროთ და განგამტკიცოთ ყოველ ღმრთივსათნო საქმეში, ხოლო ყოველი ჭირისა და განსაცდელისგან გიხსნათ.
ჩემო შვილო ბრიენა, ჩემო კარგო ბარტყო, სამოთხის ყვავილო, დღეს წმიდა ხარლამპის დღეა7. გუშინ გავიგე, რომ ფოსტალიონი მოვიდა და ამიტომ სამდღენამარხულები8 ძმა იძულებული გახდა დაფნიში წასულიყო და ქვითარი აეღო, 700 ათასი, და შენი შეკვეთილი წერილი. შეკვეთილებს ნუ გზავნი, რადგან გვიჭირს იქ სიარული. თანაც 10 ათასია ხარჯი ყოველ ჯერზე.
ეპისტოლეების გახსნა კი თურმე ასე ხდება: როგორც ჩანს, ზილოტი მამები ფიქრობენ, რომ მე მათ შეცდომებს ვწერ თქვენს მოძღვარს, რადგან სულიერი მამაა9. იმის გამო, რომ მე მათ კარს არ ვუღებ, რადგან მდუმარებით ვცხოვრობ და არ მსურს მათი სხვადასხვა ახალი ამბები ვისმინო, რამეთუ არ მრჩება დრო უსარგებლო საუბრებისთვის, ამიტომაც თავიდანვე ჩემ წინააღმდეგ განეწყვნენ და წერილებს მიხსნიან. მაგრამ მე ეს არ მადარდებს, ნურც თქვენ იდარდებთ. თითოეულმა თავის სულზე იზრუნოს, რომლისთვისაც პასუხს აგებს, თანაც არა მარტო უვარგისი თუ ვარგისი საქმეების, არამედ უქმი სიტყვისა და იმ აზრების გამოც, რომლებიც არასწორად გავივლეთ გონებაში.
მოძღვარს [ჩემგან] მეტანია და მადლიერება გადაეცი იმ წყალობისთვის, რომ ეპიტიმიისგან გაგხსნა. შემგომში ფრთხილად იყავი, ჩემო პატარავ, რამეთუ ასეთი რამეები დიდი დაცემაა [მონაზვნისთვის] და ძნელია მერე მათი ეპიტიმიის ტვირთვა. სულიერმა მამამ ან დედამ რაღაც გითხრას და შენ უპასუხოდ დატოვო, ან არ წახვიდე [როდესაც გეძახიან, ან სადაც გაგზავნიან], ან უგულებელყო ისინი — ამას არანაირი გამართლება არ აქვს იმისთვის, ვისაც ხვალ [სულიერი] მამის და დედის სახის ხილვა სურს. ამას მხოლოდ ის აკეთებს, ვინც მზად არის სახლში მიბრუნდეს და მათ აღარ იხილავს. თუ არა და, რა პირით უნდა შეხედო, რა პირით უნდა დაელაპარაკო, ლოცვა-კურთხევა სთხოვო?
ერთი სიტყვით, ყურადღებიანი იყავი. ხოლო როდესაც დაღლილი ხარ, შეუძლოდ ხარ, ან დაკისრებული საქმე გამძიმებს, დაელაპარაკე იღუმენიას, აუხსენი, და მათი [ანუ მოძღვრისა და იღუმენიის] თანხმობით, [დროებით] შეეშვი. ამიერიდან ფრთხილად იყავი და პატარა გოგონასთან იგივე არ დაგემართოს, და თუ ხედავ რომ თავს ვერ ართმევ, მე ვთხოვ იღუმენიას, რომ ჩამოგართვას და სხვას ჩააბაროს, რათა არ იწვალო და სარგებლის მაგივრად, არ იზარალო. რამეთუ განსაცდელი* (აქ: ეშმაკი) ყოველთვის [ჩვენ] გვერდითაა, და რაშიც კაცი ერთხელ მაინც იძლევა, მოხვდება თუ არა იმავე გარემოებაში, რომელშიც ერთხელ დამარცხდა – ასე წელიც რომ იყოს გასული – იმწუთას იმავეში აგდებს. ამიტომაც მოგწერე შენც და ყველა დასაც, რომ მტრის თითოეული ბრძოლიდან გამარჯვებულები უნდა გამოხვიდეთ. ან შერკინების დროს უნდა მოკვდე, ან ღმერთით გაიმარჯვო. სხვა გზა არ არსებობს.
განსაცდელის დროს შენს ადგილს10 ნუ დატოვებ, დეზერტირი ნუ გახდები, ნუ მოინდომებ სხვისი შეცდომა წარმოაჩინო, ნუ ეძიებ გამართლებას, არამედ სიკვდილამდე დუმილით განვლე განსაცდელი და შფოთი11, ხოლო როდესაც განსაცდელი ჩაივლის და სრული მშვიდობა დამყარდება, მაშინ გინდ მოძღვარი იყავი, გინდ მორჩილი – უვნებოდ მიუთითე, ზარალი იქნება თუ სარგებელი. ამგვარად ყალიბდება [ადამიანში] სათნოება.
ყველა მწუხარებასა და განსაცდელს მოთმინება სჭირდება და სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი გამარჯვება. ჩაიწერე იმ დების სახელები, რომლებიც განსაცდელის დროს სიკვდილამდე ითმენენ და პირში ნერწყვი სისხლად ექცევათ, რომ რამე არ წამოსცდეთ, და მათ ისე შეეხე ხოლმე, როგორც წმიდა ნაწილებს. ასეთები მიყვარს, ასეთებს ვცემ თაყვანს და ასეთებისთვის ვალდებული ვარ ყოველდღიურად უკანასკნელი წვეთი [სისხლი და ოფლი] ვღვარო, რადგან ისინი ამჯობინებენ უამრავჯერ მოკვდნენ, ვიდრე მწარე სიტყვა წამოსცდეთ. ასეთი კაცი, როდესაც ადამიანები ავიწროებენ, როდესაც თავისი მართლობა ახრჩობს, როდესაც შინაგანი განსაცდელი ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს, ბრძოლაში ძალგამოცლილი, მკვდარივით ეცემა და განსაცდელთან ჭიდილს გონებით აგრძელებს, და მთელ სიმძიმეს თავის თავზე იღებს. და ისე სტკივა და კვნესს, თითქოს დამნაშავე ყოფილიყოს.
ერთი სიტყვით, ისე არაფერი მწადია, ისე არაფერი მიყვარს, როგორც ის, რომ მესმოდეს, რომ განსაცდელებში მოთმინებას სწევთ, რამეთუ ღმერთს, როგორც თვითდიდებულს, ადამიანის რამე საქმე არ სჭირდება. მაგრამ უხარია და მოსწონს, როდესაც მისი სიყვარულის გულისთვის ვეწამებით და ვიტანჯებით. ამიტომაცაა რომ სისხლით მოწამეების12 გვირგვინს გვადგამს და თავის მადლსაც უხვად გვანიჭებს. მინდა სამი სიტყვა დავწერო, ანდა წიგნი, რომელთაგანაც ერთის შინაარსი იქნება მხოლოდ შემდეგი: „ადამიანი არის არაფერი* (ნული)“ და განუწყვეტლივ ვიძახო, რომ არაფერი არ ვარ. მეორე წიგნს ეწერება: „ყველაფერი ყველაფერში და ყველაფერზე არის ღმერთი თვითდიდებული“. და მესამე: „ყველაფერში მოთმინება იქონიე სიკვდილამდე“; გინდ ახალგზარდა იყო, გინდ მოხუცებული, გინდ მრავალი წელი გეღვაწოს, თუ მოთმინებას არ გასწევ მანამ, სანამ სული გიდგას პირში, [ყველა] შენი საქმე ღმერთის წინაშე ბინძურ ძონძად შეირაცხება13.
ასე რომ, შეიცანი შენი თავი, რომ ხარ არაფერი. ესაა შენი არსება – ნული; შენი წარმომავლობა არის თიხისგან, ხოლო მაცოცხლებელი ძალა – ღმერთის სუნთქვა. ანუ ყველაფერი ღმრთისაა. შეიცანი შენი თავი, რომ ნული ხარ და განსაცდელებში მოთმინება იქონიე, რათა მათგან გათავისუფლდე და გახდე მადლით ღმერთი, რამეთუ ღმერთის სუნთქვა, ღმერთის ჩანაბერი ხარ. ხშირად დაუძახე შენს [ზეციერ] მამას, რომელიც ყოველთვის შენ გვერდითაა და არასდროს გშორდება. უფრო ახლოა შენთან, ვიდრე შენი გონების გააზრება. შენს სუნთქვაშიცაა, გონებაშიც და სიტყვაშიც. ღმერთი ყველაფერს მოიცავს. „მასში ვცოცხლობთ“14. გულში ვყავართ ჩახუტებულები.
საწყლები და უგნურები ვართ. შენი მამა შენთან არის, ყოველთვის გხედავს. შენ რატომ ვერ ხედავ, რატომ სცოდავ, რატომ ურჩობ, რატომ სტკენ გულს ცხოვრების მომცემელს? ის კი გხედავს, სწყინს, მაგრამ თვალს ხუჭავს, რადგან ბრმა ხარ. ევედრე მას, მოითმინე ის განსაცდელები, რომლებსაც გიგზავნის, და [მაშინ] აგეხილება თვალები, რომ დაინახო იგი. მაშინ, იობთან ერთად აღმოგხდება: „აქამდე მხოლოდ ყურმოკვრით მსმენია შენზე, ახლა კი ჩემი თვალით გიხილე, ამიტომაც განვაქიქე ჩემი თავი და დავდნი და თავი მიწად და ნაცრად შევრაცხე”15.
მე ამას გწერთ, ჩემო ძვირფასო დებო, თქვენ კი, ჩემს საყვარელ ბრიენასთან ერთად, იმაზე იზრუნეთ, რომ ახლა, დიდმარხვაში მეტი მოთმინება მოიპოვოთ.
მოძღვარს მეტანია გადაეცი, იღუმენიას და ყველა დას – ლოცვა-კურთხევა. მეც ვლოცულობ თქვენთვის და ყოველი თქვენგანის ლოცვასაც ვითხოვ. ყველა ჩემიანიც ლოცულობს თქვენთვის.
გლოცავ,
მდაბალი და უკანასკნელი იოსები
[73] მონაზონ ბრიენას
წმინდა მთა , 27/2/1950
ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა, მთელ კრებულთან ერთად, გისურვებთ, რომ ყველანი კარგად იყოთ, სულითაც და ხორცითაც.
ჩემო ბრიენა, ჩემო სულო, მივიღე შენი ეპისტოლე და, როგორც მწერ, შემდე გი წერილით ველი გავიგო, რა დაცემები გქონდა. არაა გასაკვირი, რომ მას, ვინც გარბის, ფეხი წაუცდეს. ერთადერთი – საჭიროა, მოთმინება და სინანული ჰქონდეს ყოველ წამს.
ასე რომ, შენც მოთმინება იქონიე. ახლა, წმიდა დიდმარხვაში განსაკუთრებით, მრავალი განსაცდელი მოდის და აგვაწრიალებს. ამიტომაც უფრო ვაჟკაცი უნდა გახდე, რათა პირისპირ შეერკინო. შენ [იმას კი] ვერ ხედავ, იესოს ლოცვის თითოეული წარმოთქმით რამდენი მათგანი ეცემა, რამდენი გარბის, არამედ მხოლოდ იმას, იმათ რამდენი მოგცხეს. მაგრამ იმათაც ხვდებათ და ისინიც გარბიან. თითოეულ ჯერზე, როდესაც მოთმინებას გამოვიჩენთ, ხტუნვა-ხტუნვით გარბიან, თითოეული იესოს ლოცვა კი მძიმე ჭრილობას აყენებთ. ასე რომ, ომის დროს ნუ ელი, რომ შენ ყუმბარებს დაუშენ, ისინი კი ფუნთუშებსა და ნამცხვრებს გესვრიან. ამიტომ, გამხნევდი. გახსოვს, რომ მწერდი, ჯავშანი შევიმოსე, რათა მთავრობათა და ხელმწიფებათ შევებრძოლოო? გაისარჯე, რომ შენი სიტყვები გაამართლო. თამამად იდექი, შენთან ერთად ვარ. შენთან ერთად ვიბრძვი, გული მეწვის და ვირჯები.
მწერ, მოძღვარი მოდის მთაწმიდაზეო. როგორც უფალი გაუნათლებს გონებას, ისე მოიქცეს. მაგრამ მხედველობაში ნუ მიმიღებს, რომ მიცნობს, რომ ვარსებობ თუ არა, რამეთუ სრული მდუმარებით ვცხოვრობ, სხვანაირი წესით, ისეთით, როგორსაც ძნელად შეხვდები. ჩვენი ჭიშკარი სულ ჩაკეტილია, მხოლოდ გარკვეულ საათებში ვაღებთ. რასაც [ეს] წმიდა მამა მოისურვებს, ძმების დახმარებით, შემიძლია გავაკეთო: ანუ თუ მომწერთ, წიგნები დავარიგო, ფული შევაგროვო და გამოვგზავნო, როგორც თქვენ ჯვრებზე აკეთებთ, მეც იმავეს გავაკეთებ. მაგრამ ჩემს წესს რომ გადავიდე, ჭიშკარი გავხსნა და ვილაპარაკო, ლოცვა და მდუმარება დავკარგო – არავითარ შემთხვევაში, მხოლოდ იმ საათებში, რომლებსაც მე ვაწესებ. რადგან ჩემი დრო დათვლილი მაქვს, შესაბამისად, რაღაც უნდა დავარღვიო, რაღაც დავკარგო, იმისთვის, რომ ღამე ვილაპარაკო, ერთი საათი იქნება თუ ორი.
ამას იმიტომ გწერ, რომ სწორად გამიგოთ მანამ, სანამ არასწორად გამიგებდეთ. რამეთუ მრავალი ადამიანი მოსულა სხვადასხვა მხრიდან ისე, რომ წინასწარ არ უკითხავთ, თუ რა განრიგით ვცხოვრობ და დაბრკოლდნენ [რომ არ მივიღე]. მაგრამ აქაურებიც, ყველა მე მაყვედრის, პირველ რიგში კი, ანტონი კალაიძისი – დიდი აურზაური აქვს მოწყობილი ამის გამო. მაგრამ მე იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ მამები დავაბრკოლო, არამედ მრავალი წელი გავისარჯე ამ საკითხში და მივხვდი, რომ ამ „სიყვარულებით“ არც სარგებელს ვიღებ და სულიც მიფუჭდება, თანაც ისე, რომ სხვაც ვერაფერს ირგებს, ამიტომაც ერთხელ და სამუდამოდ დავკეტე ჭიშკარი და მოვისვენე. ახლა არავის ვუღებ, ერთი ზედმეტი ოთახიც არ გვაქვს გარეთ. ხოლო თუ ვინმე შორიდან მოდის, იმ საათებში უნდა მოვიდეს, როდესაც მამები საქმიანობენ – დილით და თუ საჭირო ხდება, ჩემი მღვდლის ოთახში რჩება: რადგან ყოველ დღესასწაულსა და კვირადღეს წირვა გვაქვს, ჩვენი მღვდელი გვყავს16, მას ვეძახი და ვუსმენ მის სიტყვებს* (აქ: აღსარებას).
აი, ყველაფერი აგიხსენით. ნუ დაბრკოლდებით, ეს ყველას ეხება. ეს ნუ გახდება მიზეზი იმისა, რომ იმ მცირე [სულიერ] დახმარებასაც დააკლდეთ, რასაც, როგორც მწერთ, [ჩემგან] იღებთ.
ღმერთისთვის ვისწრაფვი. ადამიანები[ს აზრი] არ მადარდებს, გინდ მლანძღონ, გინდ დამამცირონ, გინდ მთელი სამყარო ჩემზე ცუდს ამბობდეს.
მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით მივხვდი, რომ, თუ კაცს მადლმა არ გაუნათლა გონება, სიტყვებით, რამდენიც არ უნდა ელაპარაკო, სარგებელს ვერ მოუტან. იმ წუთას გისმენს, მაგრამ ორი წუთის შემდეგ ისევ იმათი* (ვნებების, ცოდვილი ჩვევების) ტყვეა, ხოლო თუ მადლი იმწუთას იმოქმედებს [ადამიანში] გაგონილი სიტყვის მეშვეობით – ეს მადლის საქმეა. ასეთებს, თუ შემხვდა, იმწუთას ვიტოვებ მთელი ცხოვრება. ეს ერის ხალხს ეხება.
მაგრამ მონაზვნები, რომლებსაც მრავალი წელია სქემა მოსიათ, მათი სული არ იცვლება; სასწაულებიც რომ მოახდინო, ნილოსის დინებაც რომ შეაბრუნო, ერთ წვეთ სარგებელსაც არ იღებენ. არამედ მხოლოდ მისვლა-მოსვლა უნდათ, ლაპარაკი, რათა დრო გაიყვანონ, რადგან მოწყინება17 აქვთ. ამიტომაც ჭიშკარს ვკეტავ და, მე მაინც მივიღებ სარგებელს, შენ თუ არ გინდა მიიღო.
ერთ ამანათ ჯვრებსაც გამოვგზავნი, რათა აღდგომას გაყიდოთ. მადლობელი ვარ თქვენი და ვლოცულობ თქვენთვის, რომ ამ შრომის გასამრჯელო მიიღოთ.
ფული ჯერ არ მოსულა, 300 ათასი. იქნებ, სანამ დაფნიში წავა წერილი, მოვიდეს.
მამა ათანასე ამბობს, რომ კიდევ გამოგზავნოთ ქაღალდი, რათა სხვა სახელებიც ჩაწეროს, რომლებიც შეაგროვა18.
მოძღვარს მეტანია გადაეცი, იღუმენიას და ყველა დას – ლოცვა-კურთხევა.
ჯვრები ცალმხრივიც იქნება და ორმხრივიც. ას ორმოცდაათია, პატარები და უფრო დიდები, იქნებ ვინმემ ითხოვოს. ფასი ყველასი იგივეა. პატარებისაც და დიდებისაც. მოდიდოები [აქაური] მონასტრებისთვის მქონდა გაკეთებული, ისინი ასეთებს იღებენ ხოლმე. მაგრამ თქვენთვის იმიტომ გავაკეთე, რომ ამანათი შემევსო.
ვლოცულობ თქვენთვის,
მდაბალი მ. იოსები
[74] მონაზონ ბრიენას
წმიდა მთა, 3/4/1950
ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, ჩემო შვილო, გისურვებ, რომ ეს წერილი სულით და ხორცით ჯანმრთელმა მიიღო.
აჰ, ჩემო შვილო, ნეტავ დაგენახა, რა ცრემლები და ტკივილი დაიღვარა შენთვის, და როგორ ვღელავ მანამ, სანამ არ გავიგებ, რომ წამოდექი და მოწინააღმდეგეს სილა გააწანი. რამეთუ შენ კი არ აკეთებ ამ ყველაფერს, არამედ ბოროტი, მოჯანყე ეშმაკი. ღმერთმა განაქარვოს იგი!
ერთი სიტყვით, გამხნევდი, ჩემო ბრიენა, და წამოდექი. განრისხდი მის წინააღმდეგ, ხომ იცი, რომ ისაა ამ ყველაფრის მოთავე. ხოლო როდესაც იმ ყმაწვილკაცის მოგონებებს აღგიძრავს, აიღე წკეპლა და თეძოებს ირტყი, რათა ხორციელი გულისთქმა შემცირდეს და ტკივილისგან ტირილი დაიწყო. ასე იწმინდება გონება მსგავსი მოგონებებისგან. ამ განსაცდელისა ძალიან უნდა გეშინოდეს, რადგან სულს ბილწავს. ამ უწმიდურს დაუნდობელი ცემა-ტყეპა უნდა. აქ ყველა ჩემს ახალგაზრდას სასთუმალთან წკეპლა აქვს და როგორც კი ხორციელი გულისსიტყვა მოუვათ – მოსცხე! ამგვარად ჭკნება გულისთქმა და ყვავის სული.
ასე რომ, ამის სხვა წამალი არ არსებობს: ლოცვა, მარხვა და წკეპლა. მაშინ კი იწმინდება გონება, სული ადვილად იძენს ლმობიერებას, რბილდება გული და ლოცვაში კადნიერებას იძენს. სასოს ნუ წარიკვეთ, ეს ყველას ემართება. განსაცდელი გვებრძვის: იმის გამო, რომ დასაწყისში შეებრძოლე, ახლა კი მოშურნეობა გაგინელდა, სურს პროცენტებით დაიბრუნოს თავისი. მაგრამ შენ მაინც წამოდექი, შეინანე და იტირე. არ გახსოვს ის ძმა, რომელიც ეშმაკს ამას ეუბნებოდა: „ეს სენაკი სამჭედლოა: ხან შენ ურტყამ, ხან შენ გხვდება“?
ეს კი იმიტომ შეგემთხვა, რომ თავი სულიერ დედასა და დებს განაშორე19. ეს ყველაფერი მისგან არის, სატანისგან. ისაა, ვინც ყველა სათნოებამოსილი ადამიანის მიმართ სიძულვილს გვიდებს, რათა მათ აღარ ილოცონ ჩვენთვის და შემდეგ მოახდინოს ჩვენი „დაცემა განსაკვირვებელი“20. რამეთუ ის დები, რომელთაც სათნოებები აქვთ შეძენილი, თავიანთი ლოცვით მას სწვავენ, და ამიტომაც ეძებს გზებს, რომ მათ ჩამოგაშოროს, რათა სრულიად დაგეუფლოს.
ასე რომ, წამოდექი და მტერს ნუ გაახარებ, დებს კი, არათუ ნუ დატოვებ, არამედ ფეხქვეშ დაეგე. „გააღმერთე“ იღუმენია21 და ამგვარად ძალა მიიღე. იცოდე, რომ არაა შენი ის, რასაც ამბობ და აკეთებ, არამედ ყველაფერი ბოროტისგანაა, და [ამიტომ] ნუ უგდებ ყურს. ფრთხილად იყავი, მონასტრიდან არ გაგიყვანოს, რამეთუ დაიღუპები. მალე ველი შენს წერილს, რათა გამახარო იმ სილით, რომელსაც სატანას გააწნავ. ახლა ყველას ვეტყვი, რომ ილოცონ – თუმცა მე ლოცვას საერთოდ არ ვწყვეტ, ახლა ყველანი ერთად ვილოცებთ. შენ კი წამოდექი და სასოს ნუ წარიკვეთ. ერთი სკვნილიც გამოგიგზავნე, ჯვრების ამანათში ჩავაყოლე. წამოდექი და განაგდე უდებება. ნუთუ მე არ გყავარ, რომ სასოს წარიკვეთ? ერთად წავალთ სამოთხეში. თუ შენ ვერ შეგიყვან, არც მე შევალ.
როგორც ვთქვით, ყველაფერი ბოროტისგანაა. არც შენ მოგიტყუებია მოძღვარი, არც მას მოუტყუებიხარ, არამედ განსაცდელია, ის, ვინც ყველა ჩვენგანს ებრძვის. დღეს შენ და ხვალ სხვა; გამომცდელია, ესაა მაგის საქმე.
ვლოცულობ შენთვის მთელი სულით,
მდაბალი მ. იოსები
შენიშვნები
- მოტორი – აქ: სარეისო ნავი, რომელსაც კერძო ნავებისგან განსხვავებით ძრავა, მოტორი ჰქონდა. ↩
- სავარაუდოდ, მომმარაგებლები წინასწარ ადგენდნენ მყიდველების სიას, რათა სცოდნოდათ, რა რაოდენობით სანოვაგე მიეტანათ. ↩
- სწორი ციფრი 520. როგორც ჩანს, წინა რიცხვის დაბოლოებაზე გაექცა თვალი (416). ↩
- მათემატიკური გამოთვლაც აქვს მიწერილი ჰეინზგერტ (იხ. სურ. 15). ↩
- გულისხმობს არა ეკლესიის მიერ დაწესებული, არამედ ნებაყოფლობითი მარხვის დარღვევას, რაზეც წინა ეპისტოლეებშიც წერს. ↩
- ანუ ზემოთ სახელდახელოდ დაწერილ სიას დეტალურად და სუფთად ჩამოწერს (იხ. სურ.16) ↩
- სამოქალაქო კალენდრით 23 თებერვალი. ↩
- გულისხმობს დიდმარხვის პირველი სამი დღის მკაცრ მარხვას, როდესაც მონაზვნები არც ჭამენ რამეს, არც სვამენ. ეს სამი დღე წელიწადის ყველაზე რთული მარხვაა. ათონზე ამბობენ, სამი დღე რომ გავა, ნახევარი მარხვა გასულიაო. ↩
- სულიერი მამა – აქ: მღვდელი, რომელსაც თავისი ეპისკოპოსისგან აღსარების მიღების უფლება აქვს (საბერძნეთში ყველა მღვდელს არ აქვს ამის უფლება). ↩
- ადგილში აქ, აგრეთვე, სულიერი პრინციპები, პროგრამა, განრიგიც უნდა ვიგულისხმოთ. ↩
- ბერს იმის თქმა კი არ სურს, რომ, თუ რამე გვაწუხებს, არ ვთქვათ – ეს ყველას არ შეუძლია და ხშირად, პირიქით, ფსიქოლოგიური ტრავმების და დარღვევების მიზეზიც ხდება, არამედ რათა არ ვილაპარაკოთ და არ ვიმოქმედოთ იმ დროს, როდესაც ვნებები გვეძალება. უვნებოდ მიუთითე, ზარალი იქნება თუ სარგებელი. ამგვარად ყალიბდება [ადამიანში] სათნოება. ↩
- არსებობს ორი სახის მოწამეობა: სისხლით – როდესაც ადამიანი ღმერთისთვის სისხლს ღვრის, და სინდისის – როდესაც კაცი „იწრო და საჭირველ“ ცხოვრებას არჩევს იმისთვის, რომ სინდისი შეუბღალავად დაიცვას (მაქსიმალურად არ სცოდოს, ხოლო თუ შესცოდა, შესაბამისი სინანულით დაიბრუნოს სინდისის სისუფთავე). ↩
- შეად. ეს. 64,5 (მცხეთურ ხელნაწერში 64.6). ↩
- საქმე 17,28. ↩
- იობ. 42,5-6. ↩
- ბერ ეფრემ კატუნაკელს გულისხმობს. ↩
- მოწყინება ასკეტურ ლიტერატურაში ნიშნავს სულიერ უმადობას, უინტერესობას სულიერი საქმიანობისადმი. ↩
- სავარაუდოდ, კაცი აბონენტი რომ ხდებოდა, რაღაც სპეციალური სია ან ფორმა ივსებოდა. ↩
- სიტყვასიტყვით: „უცხო-ყავ“. ↩
- შეად. იობ. 18,12; 20,5 ↩
- რა თქმა უნდა, წმიდანი არ გულისხმობს ადამიანის, ვინც არ უნდა იყოს იგი ზღვარგასულ განდიდებას, არამედ სულიერი მამობის (დედობის), როგორც ინსტიტუტის, უაღრესად დიდ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას მონაზვნისთვის, რასაც საფუძვლად უფალ იესო ქრისტეს სიტყვები უდევს: „რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყვნეს, მე შეურაცხ-მყოფს; და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხ-ჰყოფს მომავლინებელსა ჩემსა“ (ლუკ.10,16). ↩