წერილები 66–70 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

წერილები 66–70 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

[66] მონაზონ ბრიენას

წმიდა მთა, 18/9/1949

შვილო ჩემო და საყვარელო ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, გისურვებ, რომ კარგად იყო.

ჩემო შვილო ბრიენა, მივიღე შენი ეპისტოლე და წავიკითხე, რასაც მწერ. მარიამის ფულიც მივიღე, 400 ათასი. რასაც მეუბნებით, „მრწამსი“ გახდება1. სანამ წირვები დამთავრდება2, იქნებ ღმერთმა აუწყოს. ევდოქსიას რაც შეეხება, ნუ იდარდებს და ვილოცებთ მისთვის. შენ კი მარიანას შესახებ ნუ იდარდებ, ჩემო შვილო: ღმერთს ამდენი ხანი უნდოდა, რომ შენ გყოლოდა. ახლა უფალს სურს, რომ სხვას ჰყავდეს. არ გიურჩია ჩემთვის, ნუ დანაღვლიანდები, ყველაფერი მორჩილებით მოხდა.

მრავალჯერაც რომ დაეცე, მაინც წამოდექი. ნუ მიეცემი სევდას, სასოს ნუ წარიკვეთ, არამედ გულმოდგინედ წამოდექი და მუხლი მოუყარე3 და უთხარი: „მაპატიე ადამიანი ვარ, უძლური“. ეს არ ნიშნავს [უფლის მხრიდან] მიტოვებას. იმის გამო, რომ ერული ამპარტავნება გაქვს, ეგოიზმი, უშვებს ტკბილი იესო, რომ დაეცე, რათა საკუთარი უძლურება შეიმეცნო, რათა დამნაშავეებს მოუთმინო და არ განიკითხო ის დები, რომლებიც რამეს აშავებენ, არამედ ყველას უძლურება იტვირთო.

ხედავ, და პართენია4 როგორ უთმენდა იმ სხვა დას? შენც მათ მიბაძე, ჩაუვარდი და ფეხები დაუკოცნე და სთხოვე, რომ შენთვის ილოცონ. და მრავალ ცრემლს დაღვრი თუ ასე, თითო-თითო დას მეტანიას გაუკეთებ და სთხოვ: „ილოცე ჩემთვის, ჩემო ჭეშმარიტო, დაო, რათა უფალმა შემიწყალოს“. და ირწმუნე, რომ დიდ შეწევნას მიიღებ, რადგან შენი სული მდაბლდება და შინაგან გლოვას იწყებ.

ყველაფერი შენს სასარგებლოდ ხდება, რათა შენი სული ვნებებისგან გაიწმინდოს. აი, ახლა ანასტასია ჩაგაბარეს. მოთმინება იქონიე, რათა მისი მეშვეობით მოგებული გამოხვიდე. მარიანას [დაბრუნებას] ნუ ითხოვ, რადგან ნება-სურვილად ჩაგეთვლება. შენი ყური სულიერი დედის ბაგეებზე გქონდეს და რასაც გეტყვის, ისე აღასრულე, როგორც თვით ღმერთის ბაგეებიდან გამოსულიყოს, და ამგვარად მუდმივი მშვიდობა გექნება შენს თავთან.

ხოლო თუ ისევ შეგეშლება, ისევ პატიება ითხოვე. გულში სევდას ნუ გაიჩერებ, რამეთუ ბოროტს ახარებს ჩვენი სევდა, ჩვენი ურვა, რაც უამრავ სხვა [ცუდ] რამეს შობს და ადამიანის სულს სიმწარით ავსებს. ხოლო მონანულის სული ამბობს: „შეგცოდე, მამაო, მაპატიე“. და სევდასაც განდევნის (ასეთი სიტყვებით): „ნუთუ ადამიანი არ ვარ, უძლური? მაშ, სხვა რა უნდა გავაკეთო [გარდა სინანულისა]?“.

ადამიანი მხოლოდ მაშინ დგება მყარად, როდესაც მადლი მოვა მასში, თუ არა და, მადლის გარეშე, ასე ეცემა ხოლმე. ასე რომ, გამხნევდი და საერთოდ ნუ გეშინია. ჩვენი მონასტერი სამოთხეა და თითოეული თქვენგანი ყვავილი უნდა გახდეს5, და გახდებით კიდეც. ნუ დარდობ.

მამა ათანასეზე მწერ. კარგად არის. მდუმარება, დაყუდება არ შეუძლია. სამაგიეროდ, ყველაფრით გვამარაგებს. წავიდა ამანათის გასაგზავნად და ველი, როდის მობრუნდება. ერთი თვის შემდეგ მობრუნდა. ასე მოსწონს. ისევ რჩება ჩვენთან ერთად. როდესაც მოდის, ვკოცნი, ვიხუტებ, „სულო ჩემო, თანასი, ჩემო ძამიკო, სად იყავი? როგორ ხარ?“. ცრემლები, ტკივილი, უზომო სიყვარული. გავა თუ არა ერთი-ორი დღე, ისევ ვკარგავ, რამე საქმეზე მიდის, ხოლო ერთი ან ორი თვის შემდეგ ისევ გამოცხადდება. ხილს გვიგზავნის. ჩემი ლოცვა მუდამ თან ახლავს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ კარგი საფუძველი არ ჩაყარა, მოთმინება არ ისწავლა. (ჯერ) თხილის დასაკრეფად წავიდა, ახლა ყურძენს მოიტანს, მაგრამ ერთ ადგილას ვერ ჩერდება. აქვს სიყვარული, აქვს კეთილი განწყობა, მაგრამ მოთმინება არ აქვს და ამიტომაც ქუჩებში დაეხეტება. არ ეშინია, რომ რამე შეემთხვევა, რადგან ჩემი სული მასთან ერთადაა. არც შენ დაგემართება რამე – შენ გვერდით ვარ, [თანაც] არა მარტო შენთან, არამედ მთელ მონასტერთან, მოძღვართან, იღუმენიასთან და ყველა დასთან. ჩემი სული თქვენთან არის, რადგან თქვენთან ერთად ტკბილი იესოა. ნამდვილად ჩვენთან ერთად უბრალოდ არ გეუბნები. ასე რომ, გაისარჯეთ, თავი აიძულეთ, რამეთუ ცოტა დრო დარჩა. ბევრს ნუ ზრუნავთ, არამედ უმეტესი [დრო და ძლები] ღმერთის მსახურებას٭ (სულიერ მოღვაწეობას) შეწირეთ, რათა მოუმზადებლები არ აღმოვჩნდეთ. ყველას მეტანია და ლოცვა-კურთხევა გადაეცი*.

მთელი სულით მოგიკითხავ,

მდაბალი მ. იოსები

* ჩემთვისაც და თანასისთვისაც ილოცონ.

[67] ბერ პართენის

წმიდა მთა, 6/10/1949

ჩემს ძვირფას მოძღვარს, ჩემს კარგ და კეთილ მამა პართენის. საღმრთო სიყვარულითა და პატივისცემით ვემთხვევი შენს წმიდა მარჯვენას და შენს წმიდა ლოცვა-კურთხევას ვითხოვ.

ჩემო სულიერო მამაო, ეს-ესაა მივიღე თქვენი ეპისტოლე და ვჩქარობ გიპასუხოთ, რათა კეთილი არსებები დიდხანს არ მელოდნენ.

ჩემო კურთხეულო მამაო, სხვა დროს უნდა გეკითხა – თავიდანვე ან მოგვიანებით – ის, რასაც [ახლა] მეკითხები. რამეთუ ახლა მთელ პასუხისმგებლობას მე მაკისრებ, რადგან ეს კრავები, თუმც ჩემთვის უცნობები, ღმერთისთვის ნაცნობები არიან. და თუ გაიგეს, რომ მე შევუშალე ხელი იმას, რომ თქვენი ევლოგია მიეღოთ – ის, რაც გსურთ უძღვნათ – გული დასწყდებათ. მწარედ ამოიოხრებენ და მათი სული დაზარალდება, ხოლო ღმერთი ძალიან განაწყენდება ჩემზე, როგორც [მათი] დაბრკოლების მიზეზზე. ამიტომაც ჯერჯერობით ამ [საქმეს] შეეშვი, (რომც დაიშალონ, როგორც კი გაერთიანდებიან), ეს თქვენ არ გავნებთ. ხოლო თუ ზედმეტი საქსოვი დაზგა გაქვთ და გსურთ აჩუქოთ, ისე, რომ თქვენ არც არაფერი დაგაკლდეთ, არც გული დაგწყდეთ, [მაშინ] თუ ოდესმე რამე შეიცვლება და დაიშლებიან, როგორც მწერთ, მიეცით სიხარულითა და სულიერი მხიარულებით, ხოლო ქრისტე იმწუთას თავის ხელით მიიღებს ამას, ანგელოზები კი თავიანთ წიგნებში წარუშლელად ჩაიწერენ7.

ისინი იმ დიდი საჩუქრით გაიხარებენ, რომელიც ღმერთის განგებამ უძღვნა, ხოლო თქვენი სიწმიდე გასამრჯელოს ზეცაში ხელუხლებლად მიიღებს. მე. უბადრუკი კი, ორივე თქვენგანის სიხარულით გავიხარებ, იმ წუხილის ნაცვლად, რომელიც შეიძლება გამომეწვია.

წიგნები, რომ გამომიგზავნე – [ვიზრუნებ,] როცა ათანასე მობრუნდება. [ახლა] ზეთისხილის შესაგროვებლადაა წასული, რამეთუ დაყუდება და მდუმარება არ შეუძლია. ასე რომ, როდესაც მობრუნდება, არა მარტო ახლომახლო, არამედ შორსაც გავაგზავნი, რათა [რაც შეიძლება მეტი] აბონენტი ჩაწეროს, მიუხედავად იმისა, რომ მთაწმიდაზე ეს წიგნი არის. მაგრამ, რადგანაც ძალიან იაფია, ვისაც არ აქვს, იყიდის დიდი პატერიკი იშვიათობაა. წმიდა ეფრემის ორი ტომი – ერთი მაქვს წაკითხული – საოცარია. წმიდა ბარსანუფი კარგია.

ერთი სიტყვით, ჩემი გულისსიტყვა გითხარი, წმიდაო მამაო, როგორც შენი კრებულის უმრწემესმა წევრმა.

სრული სიყვარულით თქვენ მიმართ,

უკანასკნელი მონაზონი იოსები

[68] მონაზონ ბრიენას

წმიდა მთა, 6/10/1949

ჩემო საყვარელო ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, გისურვებ კარგ ჯანმრთელობას ყველა ქრისტესმიერ დასთან ერთად.

ჩემო კეთილო შვილო, მოძღვრის ეპისტოლესთან ერთად მივიღე შენი მსგავსი, იმავე საკითხზე დაწერილი ეპისტოლე, მაგრამ სხვა რამ წერილი, რომ მწერ გამოვგზავნეო, არ მიმიღია, იქნებ დაიკარგა. ამიტომ იზრუნე იმაზე, რომ ხელახლა გამოგზავნო. იქნებ ის, ვინც ადრე წერილებს მიხსნიდა, ახლა ინახავს კიდეც, რამეთუ მოშურნე მტერი მრავალნაირად გვებრძვის.

ვხედავ შენს დიდ სიყვარულს, რომ გეშინია რამე არ დამემართოს. მაგრამ ჩემ გამო ნუ გეშინია, რამეთუ დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი, რომ ასეთი კადნიერება ჰქონდეს ჩემდამი, და რომ შეძლოს შემაცდინოს და მახეში ჩამითრიოს – მე ხომ ეს ყველაფერი ვიხილე8.

ესეც რომ არ იყოს, მთლიანად ერთი ჭრილობა ვარ, ჩემმა ცხოვრებამ მოწამეობრივად ჩაიარა და ახლა თავიდან ბოლომდე ჭრილობა ვარ. მთელი ჩემი სხეულიდან წყალი გამოდის და სიკვდილს ყოველდღიურად ველი. ადამიანი ვარ მე? ფეხებსაც ვეღარ მივათრევ, სხვა მიმათრევს. მაშინაც რომ გამოვედი [ათონის გარეთ], სხვამ გამომიყვანა. სულიერ მოძღვრებს გავუგონე და გამოვედი, ზეცა გავეცი და დედამიწა მივიღე. ჯერ კიდევ ვერ მოვბრუნდი იმ [სულიერ] მდგომარეობაში, რომელიც გასვლის წინ მქონდა.

ასე რომ, ნუ დაუგდებ ყურს, რასაც ლაპარაკობენ. ვისაც არ გამოუცდია, აუცილებლად უნდა გამოსცადოს, და გამოცდილებით ისწავლოს და იპოვოს ის, რაც აკლია.

დაბოლოს, დიონისემ მომწერა, რომ მანდ იყო, და ძალიან ვთხოვე, მოვიდეს და დარჩეს მოძღვართან, თქვენს კრებულში, მღვდელი გახდეს, სულიერი მამის მემკვიდრე, მაგრამ [პასუხი] ჯერ არ მოუწერია.

ვუთხარი, რომ პენსია თქვენ მოგიტანოთ ხოლმე. ცალკე შეინახე და თუ ვინიცობაა დედა ავად გახდეს, ვინმე ქალს გადავუხადოთ, რომ მოუაროს. მარიამს აღარ ვაძლევ, რამეთუ არცერთ მათგანს სიყვარული არ აქვს. მანოლი ხომ სრულიად გამოტვინებულია. არ იგონებს, თანაც ჰგონია, რომ ყველაფერი იცის, არადა კურდღელზე უფრო ჩერჩეტია. მე განმიკითხონ, არა უშავს.

მწერ, ნუ ეტყვი მამა ეფრემს9, რომ მოძღვარმა მოგწერაო. მაგრამ თქვენ თვითონ რომ გითქვამთ მისთვის, რომ მომწერეთ და პასუხს ელით, როგორღა დაიმალება? მოძღვარს წვრილში ყველაფერს ვწერ. სხვა დროს, თუ მკითხავთ, გიპასუხებთ ხოლმე.

თუ მანდედან ვინმე წამოვა, 10 ოყა ქიშმიში მინდოდა, შარშან რომ გამომიგზავნეთ, ისეთი. ჩვენი ფული რომ გაქვთ, საფასური იქიდან აიღეთ.

ერთი სიტყვით, აიძულე თავი და გაისარჯე, ჩემო კარგო ბრენა, და უფალი თავის მადლს მოგცემს.

მოიკითხე იღუმენია და დები.

ვლოცულობ შენთვის მთელი სულით,

მდაბალი მონ. იოსები

[69] მონაზონ ბრიენას

წმიდა მთა, 1/11/1949

ჩემო საყვარელო სულო, ჩემო ბრიენია, ჩემო შვილო, ჩემო ნაშობო წმიდაო, ისევ ვიტირებ და ისევ ვიგლოვ და ჩემს სულს შენთვის დავდებ10.

წამოდექი, გიწვდი ხელს, რომელიც მიკანკალებს. ნუ აიმღვრევი, ისევ ხელში მყავხარ. ჩემს მხარზე იტირე. შენს გვერდით ვარ, შენთან ერთად ვტირი, ვკვნესი, მტკივა, სული მაქვს მოწყლული, გული ძლიერად მიძგერს, მანამ, სანამ თაბორზე არ აგიყვან. რამეთუ, როდესაც გოლგოთაზე ადიხარ, გინდა არ გინდა, დაეცემი ხოლმე. მძიმეა ჯვარი, ხშირად დაგაჩოქებს, მაგრამ რატომ უგდებ ყურს გამომცდელს*? (ეშმაკს)

დღეს მივიღე ორი თვის წინანდელი, 6 სექტემბრის შენი ეპისტოლე. ვიღაცამ აიღო, ჯიბეში ჩაიდო და დაავიწყდა და გაოხრდა. ერთი სიტყვით, წავიკითხე, გავიგე რაც დააშავე, მაგრამ რა ზარალი გამოვიდა, არ მწერ. მაგრამ მაინც მოძღვარია მართალი. ორჯერ დაგიძახა, შენ კი ეურჩე?! დიდი შეცდომაა! მაგრამ სასოს არ წარვიკვეთთ. შენთან ერთად მეც შევინანებ: 40 დღის განმავლობაში 25 დრამი** (80გ) ჰურით ვიმარხულებ, შენ კი 25 მეტანიით მეტს გააკეთებ, რათა ღმერთმა შეგინდოს. მოძღვარსაც ვთხოვოთ, რომ გვაპატიოს და იმედი მაქვს, რომ ღმერთი სწორ გადაწყვეტილებას აუწყებს მის გულს. მაგრამ შენდობის ღირსებიც თუ ვერ გავხდით, მაინც გულს ნუ გაიტეხ. ოღონდ შენ ურჩობა აღარ ჩაიდინო, ისევ თავიდან დაიწყე, შენ გამოამჟღავნე გულწრფელი სინანული და შემდეგში ფრთხილად იყავი. მე კი გპირდები, რომ შენი სულის ტკივილის გამო, თუ ზიარების ღირსი იქნები, უხილავად ეზიარები – მადლი მოგიხილავს იმ დროს, როცა დები ეზიარებიან.

ეს მე საქმით მაქვს გამოცდილი. საკმარისია მთელი სულით შეინანო. ერთი სიტყვით, გამხნევდი. აი, შენთან ერთად ვირჯები, შენთან ერთად ვნანობ, შენთან ერთად გემუდარები ღმერთს, შენთან ერთად მხურვალედ ვეხვეწები მოძღვარს, რომ ზიარების უფლება მოგცეს, თუ შეღავათს გაგიწევს. აი, მეც ვიზიარებ ეპიტიმიას. 40 კი არა, სამ-ჯერ 40 დღე ვიმარხულებ ჩემი იესოს და ჩემი ძვირფასი ბრიენას სიყვარულის ხათრით.

მხნედ იყავი: როგორც არ უნდა მოგვიშვიროს ბოროტმა ისრები, ჩვენ მაინც მისსავე შიგნეულში მივუბრუნებთ, რათა მიხვდეს, რომ ბრიენა მარტო არ არის, არამედ გუშაგი ჰყავს, რომელიც მღვიძარებს მისთვის და არღვევს იმ ხაფანგებს, რომელსაც იგი [ეშმაკი] მას უგებს.

ასე რომ, წამოდექი და ფეხზე მყარად დადექი! უფლისმიერი ძალით აღიჭურვე და ნუ შეგეშინდება იმ ქეციანის, რომელიც ქრისტემ განაიარაღა. ზეგარდამო მადლი მიიღე, რათა დათრგუნო, და ისეთი ძალა გქონდეს გამჯდარი, რომ განუწყვეტლივ ეუბნებოდე: „მორჩი, მტერო, ჩემთან ბრძოლას, რამეთუ ჩემი მამა მღვიძარებს ჩემთვის და ჩემს ნაკლებს აღავსებს და ჩემთვის მარხულობს და მიწაზე სძინავს. სამოცდაათჯერ შვიდგზისაც რომ დავეცე, მაინც დამარცხებული გამოხვალ“.

გაამხნევე საკუთარი თავი და იმწუთას შეინანე, იმწუთას ილოცე, რამეთუ ეს ყველაფერი ეშმაკისგანაა, რათა იმედი გადაგიწუროს, შემართება დაგაკარგვინოს და სევდის მეშვეობით ყველაფერი წაგართვას. მაგრამ შენ მას ნუ გაუგონებ! ერთადერთი, თავს მორჩილება აიძულე. ხედავ, რომ სწორედ ისაა, ვინც წერილის ჩამოსვლა დააბრკოლა, ისაა, ვინც მავანთ აქეზებს წერილები გახსნან, ისაა ყველა ბოროტების მიზეზი. სხვა არავისი ბრალია, გარდა მისი.

ამიტომაც, ჩვენც სწორედ მას უნდა ვეომოთ მთელი ცხოვრება, არა დებსა და ძმებს, არამედ მას, ვინც მათ აქეზებს ბოროტება ჩაიდინონ. ასე რომ, შემდგომში წინდახედული იყავი, ურჩობას ნუ ჩაიდენ. და რადგან გითხარი, შენ გვერდით ვარ-მეთქი. როდესაც ბრაზდები, უთხარი ხოლმე შენს თავს: „მოძღვრის სიყვარულით, რომელიც იტირებს, თუ გაიგებს, რომ გავბრაზდი, არ ვიურჩებ“. საკმარისია რაც დავწერე გამოსასწორებლად.

ჯვრებს რაც შეეხება, კარგად იქცევი, როგორც არ უნდა იქცეოდე. ახლა დადგა დრო, რომ ფული გამოგზავნო, დეკემბრამდე, რათა ზეთი ვიყიდო. ჯვრებს გამოგიგზავნი. წმიდა თომაიდაზე ვეტყვი, რომ, თუ მზად არის, გამოგიგზავნონ. წმიდა დოროთეს წიგნის შოვნა ადვილია, მაგრამ გარეთ გატანის ნებას არ რთავენ: რაც 30 წლის წინ დაიბეჭდა, მათი გატანა არ შეიძლება11. პოლიცია მკაცრად ადევნებს თვალყურს.

შარშან ვაკითხვინე, როგორც გითხარით, დამრთავდნენ თუ არა ნებას, ფილოკალია მეყიდა და გარეთ გამეგზავნა, მაგრამ რადგან უარი მითხრეს, აღარ ვიყიდე. მხოლოდ ნავით, ხელიდან ხელში და ისიც – ყველას ეშინია, ასეთი რამ იკისროს. ახლა ვკითხავ იმას, რასაც მწერ, აქვთ თუ არა, მაგრამ გაგზავნას – ვერა.

იმ დისთვის ვილოცებთ. შეპყრობილს რაც შეეხება, რაღაც ფარული ცოდვა უნდა ქონდეს, ახლანდელი ან ძველი, ამიტომაც უშვებს ღმერთი, რომ დიმიტრა12 დაიტანჯოს. ხშირად ადამიანი სცოდავს ისე, რომ თვითონაც ვერ ხვდება, რომ რასაც აკეთებს, ცოდვაა და ამიტომ ბოროტი ეუფლება. იმის გამო, რომ დღეს მისი* (სატანის) ბოლო მოახლოვდა, უკიდურესი სიშმაგით გვებრძვის, რათა, რომ შეეძლოს, ყველანი წარგვწყმიდოს.

ვლოცულობ ყველა დისთვის, განსაკუთრებით იღუმენიასთვის.

მოგიკითხავ მთელი სულით.

ჩემო შვილო, ჩემო სულო ბრიენა, ფრთხილად იყავი, რათა ცხონდე, რათა ჩემთან ერთად იყო ზეცაში.

მამა ათანასე კარგად არის, ზეთისხილს აგროვებს. მამა ეფრემმა13 იმდენი მადლი მიიღო, რამდენიც არავის მიუღია ჩვენს დღეებში. ღმერთმა დაიფაროს. სრულ მორჩილებას სწევს. ოღონდ მონაქოლოგიონში არ წერენ, ვნახოთ, რას იღონებს ღმრთისმშობელი.

ისევ მოგიკითხავ,

შენი მდაბალი მლოცველი, იოსები მოძღვრისთვის.

მოძღვრისთვის.

მამაო, მაპატიე მე, შენს უკანასკნელ შვილს, გლახაკ მეუდაბნოეს, და თუ შეიძლება, ბრიენას დართე ნება, რომ ეზიაროს, და მეც ვიტვირთავ მის გამო ეპიტიმიას, ის კი შეინანებს და თავიდან დაიწყებს. ადამიანი14 ვართ, პატიოსანო მამაო, და მტერი განგვცდის. ასე რომ, მიემსგავსე უფალს, თუ შეიძლება, ხოლო თუ არ შეიძლება, გვაპატიე, თუ არის შესაძლებელი. სასჯელის ღირსები ვართ – ამისი კი არა, [უფრო] დიდის.

ქრისტესმიერი სიყვარულით გემთხვევი და მეტანიას გიკეთებ.

შენი უკანასკნელი შვილი

იოსები

[70] მონაზონ ბრიენას

წმინდა მთა, 10/12/1949

საყვარელო შვილო ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, ჩემო შვილო, ჩემო კრავო, ჩემი სულის სისხლო, გისურვებ, რომ კარგად იყო.

დღეს მივიღე შენი ეპისტოლე და ვჩქარობ გიპასუხო, რათა ქრისტეშობას ტკბილეულის მაგივრად გქონდეს.

წავიკითხე და დავინახე შენი ტკივილი და გასაჭირი, მაგრამ ნუ გეუცხოება, ჩემო შვილო. ასეა მონაზონი. მონაზვნის ცხოვრება განუწყვეტელი მოწამეობაა. ტკბილ იესოს კაცი ჭირში პოულობს. როგორც კი მის ძიებას დაიწყებ გასაჭირს გიგზავნის. მისი სიყვარული ტკივილ-წამებაშია. ცოტა თაფლს გიჩვენებს, ხოლო ქვემოდან მთელ საწყობ სიმწარეს მალავს. როდესაც რამე სატანჯველი უნდა გამოგიგზავნოს, წინასწარ გაფრთხილებს, მაცნედ შესაბამის მადლს გიგზავნის. „აბა, გაემზადე!“ – გაფრთხილებს. შენ კი უნდა ელოდე. საიდან შემოგიტევს ბოროტი. ამგვარად იწყება ბრძოლა და შერკინება.

ასე რომ, ნუ გეუცხოებათ, როდესაც ტყვიამფრქვევს დაგაყრიან, არამედ მეომრებივით ვაჟკაცურად დადექით. რამეთუ სააქაო ბრძოლის ველია, საიქიო კი – განსვენება. აქ გადასახლების ადგილია, იქ – ჩვენი ჭეშმარიტი სამშობლო. სხვა დროსაც ამას არ გეუბნებოდი? დასაწყისში 8 წელი მძვინვარე ომი მქონდა ეშმაკებთან. ყოველ ღამით სასტიკი შერკინება, დღისით კი – გულისსიტყვები და ვნებები. ხმლებით მოდიოდნენ, ნაჯახებით, ცულებითა და ნიჩბებით. დააყარეთ ყველამო, – გაჰყვიროდნენ. ვეწამებოდი, „ყოვლადწმიდაო, იჩქარე!" – გავიძახოდი. ჩავაფრინდებოდი ერთს, შემოვცხებდი მეორეს, ხელები კედლებზე შემოვიმტვრიე.

ერთხელ ისე მოხდა, რომ ნაცნობი ერისკაცი გვესტუმრა და ღამე ჩემი ოთახი დავუთმე დასაძინებლად. მოვიდნენ დემონები, როგორც სჩვევოდათ, და გვარიანად გატყიპეს. ამანაც ისეთი ყვირილი მორთო, ვერ აგიწერ! კაცი კინაღამ გონებიდან გადადგა! გავიქეცი, რა გჭირს-მეთქი, ვეკითხები. „ეშმაკები მახრჩობდნენ, ცემა-ტყეპით მომკლეს!“ შეეშინდა და ღამე წავიდა, მე თვითონ გავყევი წმიდა ანას სკიტში. მაშინ წმიდა ბასილის სკიტში ვცხოვრობდით.

რვა წლის მერე, იმის გამო, რომ ხორციელი ბრძოლის ასალაგმად ყოველდღიურად ჯოხით ვიცემდი სხეულს. [ბევრს) ვმარხულობდი და სხვაგვარადაც ვიღვწოდი, მკვდრის ნეშტივით გავხდი და დავსნეულდი. დავკარგე იმის იმედი, რომ შევძლებდი ეშმაკების და ვნებების დამარცხებას.

და ვიჯექი ასე* (ამ მდგომარეობაში), როდესაც [სენაკის] კარი გაიღო. თავი დახრილი მქონდა, გონებით ვლოცულობდი და არ გამიხედავს, ვიფიქრე, მამა არსენი იქნება-მეთქი. შემდეგ კი ეგრძნობ, რომ ვიღაც ხელით [ქვემოდან] აღმაგზნებს. გავახილე თვალი და ვხედავ ქეციან ეშმაკს. ძაღლივით ვეტაკე – ისე მძულდა – და დავითრიე. ხელი რომ შევახე, ღორისნაირი ბეწვი ჰქონდა. მაგრამ გაქრა და ააყროლა იქაურობა. ამ წუთიდან მოყოლებული, მასთან ერთად ხორციელი ბრძოლაც გამიქრა, და ჩვილი ბავშვივით უვნებო გავხდი.

იმ ღამეს ღმერთმა: სატანის ბოროტება მიჩვენა. ერთ ძალიან მაღალ და ლამაზ ადგილას ვიდექი, დაბლა გაშლილი სივრცე იყო. მახლობლად კი ზღვა. ეშმაკებს უამრავი მახე ჰქონდათ დაგებული, სადაც მონაზვნებს უნდა გაევლოთ. და ვარდებოდნენ ხაფანგებში: ერთს თავით ითრევდა, სხვას – ფეხით, სხვას – ხელით, ტანსაცმლით. უფსკრულის ურჩხულს კი თავი ზღვის სიღრმიდან ამოეყო, პირიდან, თვალებიდან და ცხვირიდან ცეცხლი გამოსდიოდა, და უხაროდა მონაზვნების დაცემა. მე კი, ამას შემხედვარე, ვლანძღავდი და ვეუბნებოდი: „შე წარწყმედილო ურჩხულო, ამიტომ გვაცდენ და გვისაფრდები?!“ გონს რომ მოვეგე, სიხარულსაც ვგრძნობდი, მაგრამ იმავდროულად მწუხარებასაც, იმის გამო, რომ მთელი ცხოვრება საფრთხის წინაშე ვართ.

მას მერე დიდი მშვიდობა და ლოცვა მოვიპოვე, მაგრამ ის არ ცხრება: ადამიანები აამხედრა ჩემ წინააღმდეგ. ამას იმიტომ გწერ, რომ მოთმინება იქონიო, შენც და დანარჩენმა დებმაც. ეს ცხოვრება ბრძოლაა, თუ გამარჯვება გსურთ, ხუმრობა არ გეგონოთ. ბინძურ სულებს ებრძვი, რომლებიც რაჰათლუკუმებს კი არ გესვრიან, არამედ მწარე ტყვიებს, რომლებიც სხეულს კი არ მოაკვდინებს, არამედ – სულს.

ნუ დარდობ, ერთი სიტყვით, გყავს შემწე, მე გიტვირთავ. სიმართლეს გეუბნები: გუშინ სიზმარში გნახე, ჩემს მხარზე იჯექი და აღმართზე ავდიოდით ქრისტესთვის. ამიტომაც გამხნევდი! წამოდექი და ჩემს კვალად გამოიქეცი. მე ეპიტიმიას ვაგრძელებ: დილით ორცხობილა, შუადღეს 8-ზე** (დაახ. 14:00 სთ) საჭმელი პურის გარეშე. თევზიც რომ იყოს, კვირადღეს, მე მაინც უპუროდ ვჭამ. ქრისტეშობაზეც ასე ვიზამ, მანამ, სანამ მოძღვარი ზიარებაზე დაგიშვებს. აღდგომაზეც, თუ მანამდე ვიცოცხლეთ. შუადღეს პური არ იქნება, არამედ 25 დრამი ორცხობილა (თუ დაგიშვებს, სხვა საქმეა). ჩემს თავს კანონად დავუდე, რომ, როდესაც შენ დაგადებენ ეპიტიმიას, მეც ვიმარხულებ. ფრთხილად იყავი, რომ არ იურჩო, რადგან [მაშინ] მეც უნდა ვიმარხულო.

ყველამ აიძულეთ თავი, რომ მორჩილები იყოთ – ხომ გითხარით, რა მახეებს გვიგებს სატანა, და ვაი იმას, ვისაც ჩაითრევენ, რადგან მათ კლანჭებს ვერ დაუსხლტება. მე კი, რადგან თქვენი სავანის ძმასავით გავხდი, ვალდებული ვარ ყველა თქვენგანისთვის ვიმარხულო, როდესაც თქვენ ურჩობთ ან ეპიტიმიას იღებთ. ამიტომ ფრთხილად იყავით, რომ არ იურჩოთ ხოლმე. ბოლოს და ბოლოს, მე მაინც შეგეცოდოთ, რომ თქვენი გულისთვის, თქვენი შეცდომების შენდობისათვის უნდა ვიმარხულო.

მაშასადამე, გამხნევდით! მეც თქვენთან ერთად ვიქნები, თქვენთან ერთად ვივნებ და დავიტანჯები თქვენს მწუხარებებში, ხოლო სიხარულში თქვენთან ერთად გავიხარებ.

ნუ წუხხარ, ჩემო ბრიენა, ნუ იტყვი, რომ არ წარემატე და რატომ არ წარემატე. წარმატება არ არის ადამიანზე დამოკიდებული, გინდ უნდოდეს, გინდ ძალიან გაისარჯოს, [არამედ] ღმერთის ძალა, მისი კურთხეული მადლი, ისაა ყველაფერი, ის წამოგვაყენებს, ის გვაძლევს ძალას და ამხნევებს ადამიანს. ასე რომ, მას ვთხოვოთ, რომ მოვიდეს [ჩვენში], რომ აღადგინოს ოთხდღიანი ლაზარე, წამოაყენოს განრღვეული, ბრმას თვალები მისცეს და მშიერი დააპუროს.

ერთი სიტყვით, გამხნევდი და სიხარულით გაიხარე. მოწყინებას ნუ მისცემ უფლებას, შენს სულში საძოვარი პოვოს.

წიგნს რაც შეეხება, ძმა წერს, მაგრამ დრო არ აქვს და ამიტომ აყოვნებს.

მამა ათანასე ჯერ არ მობრუნებულა. იქნებ დღეს მოვიდეს. როდესაც გარეთ დაიარება, ისეთი ბრძოლა არ აქვს, ხოლო როდესაც მობრუნდება და დაეყუდება, მაშინ ბრძოლა ეწყება.

[ქალაქ] ლამიიდან წერილი არ მოსულა. პართენიამ მოთმინება და მორჩილება იქონიოს, და მე ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მთხოვს. ეს ყველა დას ეხება. ანასაც ტკბილად მივწერ, თაფლზე უფრო ტკბილად. თეოდორას დედიკოსთვისაც ვილოცებ, რომ თეოდორამ არ იდარდოს. ღმერთი არ მოსთხოვს პასუხს იმ აღთქმისთვის, რადგან თვითონ [უფალმა] წაიყვანა. რომ ეცოცხლა, აღთქმას აღასრულებდა. მისწეროს თავის დას, რადგან იმისთვის მოკვდა, რომ ფული გამოგზავნოს და ორმოცდღიანი წირვები იმსახუროთ მისთვის. მამა მაქსიმეს დედაც დაწყნარდეს, დროთა განმავლობაში უფალი [მის შვილს] გაუნათლებს გონებას.

ღმერთი ადამიანებს არ ჰგავს: თავის საქმეს ნელ-ნელა, მოთმინებით აკეთებს. მე მწამს, რომ უფალი მათ არ დატოვებს. არც დედის ცრემლები ჩაივლის უკვალოდ. ვინც გაიგო, რა არის ღმერთის შემეცნება და მადლი, იცის, რამდენად შორსაა ადამიანის გულისსიტყვები ღმერთისგან. ღმერთი სიყვარულით და სიკეთით არის სავსე, უმცირეს მიზეზს ეძიებს, რომ ადამიანი აცხოვნოს.

წერილში საფოსტო მარკები არ იდო: თუ თქვენ ჩადეთ, ე.ი. ვიღაცამ ამოიღო. თუ გინდათ, რომ საქმე გამიადვილოთ, გამომიგზავნეთ, რადგან დიდი ხათაბალაა ჩემთვის. ქიშმიშს ნუ გამოგზავნით, დაფნიში მოიტანეს. იმ ნაჭრისგან თანასის კაბა შევუკერე. [რადგან] სამი წყრთა15 დარჩა ზედმეტი. კიდევ 5 წყრთას თუ გამომიგზავნით, ჩემთვისაც შევიკერავ. 8 წყრთა სჭირდება კაბას. მარკები საჰაერო იყოს.

გლოცავთ მთელი სულით, და ჩემს ბრიენას, ჩემი სულის ნაწილს.

მდაბალი იოსები.

შენიშვნები

  1. „მრწამსი“ გახდება – აუცილებლად მოხდება. როგორც სარწმუნოების სიმბოლო არის უცვლელი და გარდაუვალი, ასეთივე სიზუსტით და აუცილებლად შესრულდება საქმე. ↩
  2. შეკვეთილ წირვებს გულისხმობს, სავარაუდოდ, ორმოც წირვას. ↩
  3. შეიძლება ღმერთიც ვიგულისხმოთ და ადამიანებიც. ↩
  4. ბერძნულენოვან ეკლესიებში ქალ მონაზვნებს მიმართავენ და მოიხსენებენ არა სიტყვით „დედა“, არამედ „და“. ↩
  5. სიტყვა „სამოთხე“ ნიშნავს ბაღს. ↩
  6. ბერი პართენი იმ მონასტრის სულიერი მოძღვარი იყო, სადაც მონაზონი ბრიენა მოღვაწეობდა. ↩
  7. სავარაუდოდ, რაღაც მონაზვნურ კრებულს გულისხმობს, რომლის წევრებიც ერთმანეთთან უთანხმოებაში იყვნენ. ↩
  8. შესაძლოა იმ გამოცხადებას გულისხმობს, რომლის წყალობითაც სილოტებისგან ოფიციალურ ეკლესიას დაუბრუნდა. ის. შესავალი, გვ. 49. ↩
  9. მღვდელმონაზონ ეფრემ კარაიანისს გულისხმობს. ↩
  10. შეად. იოან. 13,37. ↩
  11. ეს კანონი დღემდე მოქმედებს. სპეციალური ნებართვის გარეშე ძველბეჭდური წიგნების გატანა ათონის მთის გარეთ აკრძალულია. ↩
  12. დიმიტრა (ბერძ) – საბერძნეთში საკმაოდ გავრცელებული ქალის სახელი, რომელსაც გოგონებს წმ. დიდმოწამე დიმიტრის პატივსაცემად არქმევენ. ↩
  13. შემდგომში ბერ ეფრემ არიზონელს გულისხმობს. ↩
  14. ასეა ორიგინალში, მხოლობით რიცხვში. ↩
  15. წყრთა – სიგრძის საზომი ერთეული, უდრის დაახ. 0,4623 მ. (მანძილი იდაყვიდან მტევნამდე ან მტევნის ჩათვლით). ↩
Share