[62] მონაზონ ბრიენას
წმიდა მთა, 8/7/1949
ჩემო საყვარელო შვილო. ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, მთელ წმიდა კრებულთან ერთად. გისურვებთ, რომ ამ წერილმა ყველანი სრულ ჯანმრთელობაში გპოვოთ, სულიერსა და ხორციელში. ამინ.
ჩემო შვილო ბრიენა, ჩემო წმიდა ნაშობო. რა მოგივიდა? რატომ იტანჯები? ეს-ესაა მივიღე შენი ეპისტოლე და წავიკითხე რასაც წერ. შენი ჯანმრთელობა მახარებს, ხოლო გასაჭირი მამწუხრებს. ეს ყველაფერი კი იმიტომ გემართება, ჩემო შვილო ბრიენა, რომ მოთმინება არ გაქვს. შენ, ჩემო შვილო, ქრისტეს ეძიებ, გსურს ქალაქში შეხვიდე. თქვენი სულიერი დედაც ხომ მაგაზე ლოცულობს, რომ [ღმერთმა] ყველა თქვენგანი ქალაქში შეგიყვანოთ. მოძღვარი ყველა თქვენგანისთვის ევედრება [უფალს]. მე. გლახაკიც, აქ განუწყვეტლივ ვეძახი: „ყველანი ერთად, და ჩემი ბრიენა შენს მარჯვნივ დააწესე. შენს წიაღში, სამოთხეში“.
აი, უფალს ჩვენი ესმის, ხოლო იმისთვის, რომ შენი ამპარტავანი სული შეიმუსროს, რომ რისხვა, გულისწყრომა, გაღიზიანება, ეგოიზმი დამდაბლდეს და იძლიოს, ერთი რწყილი გამოგიგზავნა – გაჭირვებული გოგონა1, რათა კბენით მოთმინება, ხოლო შეწუხებით – სულგრძელება გასწავლოს. ამგვარად, ცოტა-ცოტა დაიცხრობ რისხვას, გულისწყრომას ჩაიხშობ და თავს უფლებას არ მისცემ უხეში სიტყვა წამოგცდეს. მაშინ სატანის ის ძალა, რომელიც შენში ერთხელ და ორჯერ და მრავალჯერ ჩაიხშობა, დაგტოვებს და ადამიანი კრავივით ხდება, მშვიდი და წყნარი, როგორიც იღუმენიაა, როგორც ხედავ, [ასევე] ათანასია და მსგავსი დები.
ყური დამიგდე, ერთ ამბავს მოგიყვები, რომელიც შემემთხვა. ერში რომ ვცხოვრობდი, შემეძლო ათას კაცს დავპირისპირებოდი, ლომის გული მქონდა, ხოლო ქრისტეს სიყვარულმა [რისხვის ვნების მიმართ] მკვდარი გამხადა. რომ მოვინდომო იმის მოყოლა, თუ რამდენს ვიტანჯებოდი ყოველდღიურად ამ ვნების გამო, წიგნის დაწერა მომიწევს. რადგან სურდა გავეთავისუფლებინე მისგან, ღმერთი ყველაფერს უკუღმა შემამთხვევდა: უსამართლოდ მექცეოდნენ, მაწუხებდნენ, მლანძღავდნენ, ნერვებს მიშლიდნენ, თანაც ისე კი არა, რომ ვიღაცამ უბრალოდ დაგცინა ან მასხრად აგიგდო – არათუ მარტო სიტყვას შეუბრუნებდი, კაციც შემოგაკვდებოდა, მე კი ვითმენდი და სატანას შიგნით ვგუდავდი, და ამგვარი უკიდურესი მოთმინების წყალობით ამ ბოროტების შენდობა მივიღე.
ერთხელ, სუსხიან ზამთარში, გამომცდელმა შეამზადა და ჩემ წინააღმდეგ აღძრა შესაბამისი საშუალებები, ისე, როგორც იცის ხოლმე გამოცდა და როგორც ღმერთი უშვებს ასეთ გამოცდებს. და მას მერე, რაც სამი და 5 მცდელობა გასწია, მაგრამ ყველა შემოტევა ჩაეშალა, კარიდან მოულოდნელად ძლიერმა ქარმა დაუბერა, ჭერი ყველა თავისი მორით აღხადა, ათასობით ოყის წონის ქვებით დაბურული სახურავი მოისროლა – თვითმფრინავივით დაფრინავდა ჰაერში – და მოპირდაპირე მხარეს, კლდეებზე დაანარცხა თოვლში. დავრჩით ასე ღია თოვლიანი ცის ქვეშ. ხოლო რომ მოისმინო, რა სახის განსაცდელები მქონდა, ვერ იტვირთავ [სულიერი] ზიანის გარეშე, რადგან განიკითხავ იმათ, ვინც ისინი გამოიწვია.
შესაბამისად, შენც იმდენ მადლს მიიღებ სამაგიეროდ, რომ ვერ გაზომავ – გააჩნია, თუ [რამდენ და რა] განსაცდელს მოითმენ.
ერთი სიტყვით, ნუ გგონია, რომ, თუ მარიანას გააგდებ, სხვა განსაცდელი არ გეწევა. თუ ამაში სიმხდალეს გამოიჩენ, ყველა განსაცდელში მხდალად წარმოიჩენ თავს. რამეთუ განსაცდელი ჩვენ შიგნით არის. ნუთუ ამას ვერ ხედავ, ჩემო შვილო? აბა, დაუკვირდი: მუცლის ჭიპიდან ამოდის გულში, ახურებს გულს, სისხლს ადუღებს და ყელში ამოდის, თავში გვირტყამს, გონებას გვიბნელებს და ბურთივით გვეჩხირება ყელში – სუნთქვასაც კი გვიკრავს, ახრჩობს ადამიანს.
კი, შეიძლება ის, ვინც შენში ამ ვნებას აღძრავს, უვარგისი ადამიანი იყოს, უფრო სწორად კი, მასაც განსაცდელი* (აქ: ეშმაკი) აქეზებს, რათა შენ შეგაშფოთოს და აგამღვრიოს, მაგრამ უფალი ამას იმისთვის უშვებს, რომ გამოცდილი გახდე, უვნებობას მიაღწიო. რამეთუ, როდესაც შენ წინასწარ ემზადები და ელი, [როდესაც განსაცდელი მოდის,] არ იმღვრევი, არ შფოთავ2.
მწერ: რომ ვიცოდე, მადლს მივიღებ, ათ მარიანას მოვუთმენდიო. მაშ, საიდან იცი, რომ, თუ მოითმენდი, მადლს არ მიიღებდი? მე კი გეუბნები შენც და ყველა დასაც, რომ იმაზე მოკლე გზა არ არსებობს, რომ კაცმა განსაცდელები მოითმინოს, როგორი სახითაც არ უნდა შეემთხვეს. ის სულიერი მდგომარეობა და ის მადლი, რომელთაც ადამიანი მოთმინებით იძენს, მოწამეობად ეთვლება. თქვენ ყველას როგორ გითმენთ იღუმენია? იმის წყალობით, რომ მოთმინება აქვს. ამით იმას ამჟღავნებს, რომ მადლი აქვს, სათნოება აქვს. სათნოებას ეჟვანი არ ჰკიდია, რომ წკრიალით გაიგო[, კაცს აქვს თუ არა]. სათნოების ეჟვანი არის სხვების ატანა-მოთმენა, სულგრძელება, მოთმინება. ესაა მონაზონთა სამკაული.
შენ თვითონ ამბობ, რომ ათანასიას ეშმაკეული ჰყავს, მაგრამ მოთმინება აქვს. ხედავ? რამდენს ითმენს ნეტავ? ალბათ, აგინებს კიდეც [ეშმაკეული], ურტყამს კიდეც, აფურთხებს, წიხლს სცემს – უამრავ სხვა რამეს უკეთებს, მაგრამ ათანასია, ზეგარდამო სასყიდლისა და უფლის მიერ ამისთვის მოცემული მადლის მოლოდინით, ყველაფერს უთმენს.
აი, ვის უნდა მიბაძო. შენმა წმიდა სულიერმა დედამ, რადგან შენც ისე უყვარხარ, როგორც ათანასია, იმას, როგორც ძლიერს, გიჟი ჩააბარა, შენ კი, როგორც სუსტს – პაწაწინა. ხოლო როდესაც მოითმენ, ათანასიასავით გახდები და შენც შეძლებ ეშმაკეულის მოთმენას. უდიდესი სათნოებაა! იცი, რა შრომაა გიჟს უთმინო?!
ჩვენთან ერთი გიჟი მოვიდა და გადაჭარბებული მარხვა დავაკისრე. ერთ დღეს გარეთ ვიყავით, რომ ყველა კარი ჩაკეტა და გარეთ დაგვტოვა. რამდენს არ ვემუდარეთ, არ გვიღებდა. საბოლოოდ რა ვიღონეთ? ხრახნების ხელოსანი მოვძებნეთ, ანჯამები გავტეხეთ და კარი მთლიანად მოვხსენით. მაშინ კი გამოვიდა.
— შე კაი კაცო, რატომ ჩაიკეტე? – ვეკითხები.
— რადგან შიგნით ხახვი და კარტოფილი იყო, – მეუბნება, – მინდოდა მარტოს მეღვაწა და [მხოლოდ] ხახვი და კარტოფილი მეჭამა.
იგი მალე გამოკეთდა, მაგრამ წავიდა და ისევ ეშმაკეული გახდა. სამჯერ მოვიდა, მაგრამ გახდებოდა თუ არა კარგად, მიდიოდა და ისევ გიჟდებოდა. ახლა საგიჟეთში ჰყავთ.
მე უკვე დავსნეულდი, პარალიზებულივით ვარ. 10 ნაბიჯს ვერ ვდგამ. ამის და სხვა ყველაფრის გამო მიცვალებულის ნეშტივით გავხდი. ამიტომვეა შენი კურთხეული იღუმენია მუდმივად ავად. რადგან გონებრივი გადაღლის გამო დაუძლურდა. ამიტომაც ნუ ამბობ, ჩემთვის ავი უნდაო, რამეთუ ყველა თქვენგანის გამო იტანჯება.
ხოლო როდესაც ერთ და მეორე განსაცდელს არ მოითმენ, არამედ სხვებს ადანაშაულებ – თუმცა უფალი უშვებს ამას – მაშინ თვითონ [უფალი] გვგვემს, რაც გაცილებით უფრო მძიმე და ძალიან სასტიკია. რამეთუ არცერთ ადამიანს არ შეუძლია ისე განგვსწავლოს, როგორც უფალს. ამიტომაც, ჩემო შვილო, „მიიღეთ სწავლა, ნუუკუე განრისხნეს უფალი“3.
შეიყვარეთ უფლის ნება და მოწეული მწუხარებები, როგორც საკუთარი, შეიწყნარეთ ხოლმე, რათა უფალმა არ დაუშვას, რომ სულმოკლეობასა და ღმრთის გმობაში ჩაცვივდეთ. როდესაც ისევ შეცდომა მოგდის და ეცემი, ისევ შეინანე. სასოს ნუ წარიკვეთ, არამედ გაამხნევე და დააიმედე საკუთარი თავი. უთხარი ხოლმე: „მაპატიე, ქრისტე ჩემო, ისევ შევინანებ“. ნუ იტყვი: „ღმრთის რისხვა დამატყდეს“. აბა, სათქმელია ასეთი რამ? ადამიანები ვართ. უფალი პეტრე მოციქულს ეუბნება, 77-ჯერ აპატიოს დღეში4. ასე რომ, შენც თქვი ხოლმე: „მე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და 5-ჯერ მექნება საპატიებელი, უფალი კი 77-ს ამბობს“.
ჩვენც აქ განუწყვეტლივ ვლოცულობთ და იქ ყველანი ერთად წავალთ. დებთან ურთიერთობას ნუ გაიფუჭებ. ყოველთვის სიყვარულით, ყოველთვის სიკეთით. ათანასე 40 წლის არის და სულ კოცნა-ფერებაში მყავს. „ჩემო ძმაო, ჩემო ძმაოს“ მეუბნება, მაგრამ წავა თუ არა თავის სენაკში, ჩემი დანახვა აღარ უნდა, რადგან განსაცდელი ახრჩობს, თორემ მისი ბრალი არ არის. ვაგზავნი წმიდა პავლეს მონასტრის ბაღში, ის კი ათონის მწვერვალზე მიდის და გველგესლას ეძებს, რომ იმან ბოლო მოუღოს, ხოლო იქიდნები ემალებიან. შენ კი ერთი პაწაწინას გამო ღელავ,5 რომლის პირს ჯერ კიდევ რძის სურნელი აქვს?
შენ რომ გინდა, სხვებმა შენი შეცდომები აიტანონ, შენც მოითმინე სხვებისა. არ გესმის, შვილო, უფალი რას ამბობს? „როგორც გინდათ, რომ ადამიანები გეპყრობოდნენ, თავადაც ისე მოეპყარით მათ“6. ბრძენიც ამბობს: „რაც შენ [თვითონ] გძულს, სხვას ნუ გაუკეთებ“7. თუ გინდა, რომ სხვებს უყვარდე, შენც გიყვარდეს.
ხედავ, რომ სხვა და ეფერება, ეალერსება. შენც ასე მოეპყარი. რატომ უნდა დაბრკოლდე? „სიყვარული არ მრისხანებს“8. მე ამ ყველაფერს გეუბნები, შენ კი იმაზე იზრუნე, რომ მოთმინება იქონიო.
ანასტასიას წერილსაც ვაყოლებ. არ გავუგზავნე, რადგან შენსას ველოდი, რომ ერთად გამომეგზავნა.
მოძღვარს მეტანია გადაეცი.
ეშმაკეულს მარხვით და კვეთებულით და ლოცვით გაუვლის. ჩვენი აღსასრული ახლოვდება და ზუსტად ამიტომაა, რომ ეშმაკები ყველანაირად ცდილობენ გაგვაქრონ. ჩვენც აქ სასტიკ განსაცდელებს ვითმენთ ყოველმხრივ. არც დღე და არც ღამე არ გვასვენებენ.
იღუმენიას ლოცვა-კურთხევა გადაეცი, ისევე, როგორც ყველა დას.
ვლოცულობ შენთვის მთელი სულით,
მდაბალი მ. იოსები.
ახალი ადრესატი მოგწერე, რადგან ათანასე ერთ ადგილას ვერ ჩერდება. მიდის და მის კვალს ვკარგავ.
[63] მონაზონ ბრიენას
წმიდა მთა, 27/7/1949
შვილო, ჩემო საყვარელო ბრიენა, გისურვებთ, რომ ყველანი სრულიად ჯანმრთელები იყოთ, სულითაც და ხორცითაც.
რამდენიმე დღის წინ შენი ეპისტოლეს პასუხი გამოგიგზავნე. ამ პატარა წერილს კი მხოლოდ იმის საუწყებლად გწერთ, რომ კიდევ ვაგზავნი ჯვრებს, რადგან თქვენი მთავარი დღესასწაული ახლოვდება — ჩვენი ტკბილი დედიკოს მიძინება — და ბევრი მომლოცველი გეყოლებათ.
ვიფიქრე, რომ მისი მადლით უფრო მეტს გაყიდით, ამიტომაც კიდევ ერთ, უფრო მცირე ზომის ამანათს გიგზავნით.
პირველ ჯერზე, როგორც უკვე მოგწერეთ, 130 ცალმხრივი იყო, ათი (10) – ორმხრივი. ისიც მოგწერეთ, რამდენად უნდა გაყიდოთ. 5 და 10 ათასად, ჯამში 750 ათასი გამოდის. ისიც მოგწერეთ, თქვენთვის რამდენი უნდა დაიტოვოთ და როგორც გინდათ განაგეთ. ამ ჯერზე კი 110-ს გიგზავნით, ას ცალმხრივს და 5 ორმხრივს, რაც 550 ათასს შეადგენს. ფულის გამოგზავნას ნუ იჩქარებთ, რადგან იმწუთასვე ვხარჯავ! მოგვიანებით.
მინდა ზეთი ვიყიდო, როცა გამოვა. ამიტომაც სწორედ მაშინ დამჭირდება ბევრი ფული. იქნებ მასესხოთ კიდეც. ასე რომ, ჯერ თქვენთან იყოს ფული.
ხოლო თუ მანამდე მოვკვდებით – რასაც ყოველდღიურად ველით, როგორც უბედურებათაგან ხსნას – მაშინ მანდ დარჩეს ჩემს მოსახსენებლად, რადგან ჩემი ხელების ნაყოფია, სისხლისდენამდე ვშრომობ.
შავი სკვნილი ჩემი პირადია. მაგას შენ გიგზავნი. კიდევ ერთი ანასტასიასთვის არის, დანარჩენები კი, ვისაც უნდა, აიღოს, როგორც ათონის ლოცვა-კურთხევა. მამა არსენიმ გააკეთა, წმიდა კაცია, თავიდანვე ჩემი განუყრელი მეგობარი9.
გმადლობთ იმ დიდი ქველისმოქმედებისთვის, რომ ჩვენს ხელსაქმეს ყიდით, რისთვისაც ვლოცულობთ თქვენთვის. თქვენც ილოცეთ ჩვენთვის [უფლისმიერი] სიყვარულის ხათრით.
მოძღვარს მეტანია გადაეცი, იღუმენიასა და ყველა დას. განსაკუთრებით შენ მოგიკითხავ. ჩემს ბრიენას.
უკანასკნელი მდაბალი მ. იოსები
[64] დიონისეს
წმიდა მთა, 7/8/1949
ჩემს ნამდვილად საყვარელ და ძვირფას დიონისეს მოგიკითხავ წმიდა ამბორით და კარგ ჯანმრთელობას გისურვებ, ჩემო კეთილო ბიჭო, ჩემი სულის შვილო, „მომიახლოვდი და გაკურთხოს ჩემმა სულმა და იყო კურთხეული მარადიულად“10.
ისმინე ჩემი ხმა, ჩემო კეთილო ბიჭო. დღეს მივიღე შენი ეპისტოლე და ვნახე, რასაც მწერ. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც შევიტყვე, რომ ჩვენს წმიდა მონასტერში იყავი. რამეთუ მას მერე, რაც ჩვენი ბრიენა მანდ მივიდა, აღარ ვამბობ, რომ უცხო მონასტერია, არამედ – ჩვენი. ახლა კი მგონია შენი ტკბილი დედის წადილი აღსრულდება. მგონია, ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და სიკეთეები ეწევა.
ერთადერთი, რაც მე მესიამოვნება, ჩემო კეთილო შვილო, იქნება ის, რომ მანდ ხშირად იარო, მთელი თვეც დარჩე ხოლმე შენს დასთან, ერთ ოთახში დაეყუდო, საღმრთო ფილოსოფიით დაკავდე, ხოლო დღესასწაულებზე ჩახვიდე და ეკლესიებში იქადაგო. ასე ნელ-ნელა სულიერი მამის მემკვიდრე გახდები.
აჰ, ჩემთვის რა დიდი სიხარული იქნება, ხოლო შენთვის – სულისა და სხეულის ჯანმრთელობა! მგონია, რომ მხოლოდ მაშინ აღსრულდება უფლის ნება, რამეთუ შენში ახალი სამყარო ჩაისახება, ახალი სული, ახალი ცა, რომელიც შენთვის ჯერ უცნობია, რადგან ისინი, რომლებსაც აქამდე ელაპარაკე, ამ ყველაფრის აზრზეც კი არ არიან. ხოლო მამა პართენის მონაზვნები – ყველა თუ არა, უმეტესობა – სულიერ სიკეთეებს მიირთმევენ და ხშირად შედიან სამოთხეში, როგორც კეთილსურნელოვანი ყვავილები. ამიტომაც გეუბნები, დაუახლოვდი-მეთქი, რომ ამ კეთილსურნელების ზიარი შენც გახდე, რამეთუ მონაზონი ის კი არ არის, შენ რომ ხვდები და უნაყოფო სიტყვებს ისმენ. მონაზონი არ არის ის, ვისაც შენ ხვდები ხოლმე და მისგან მხოლოდ სიტყვებს ისმენ, ნაყოფს კი ვერ ხედავ. ნამდვილი მონაზონი არის სული წმიდის „ნაწარმი“. როდესაც მდუმარებაში საგრძნობლებს განიწმედს, გონება დაუმშვიდდება და გული გაუსუფთავდება, მაშინ იღებს მადლს და შემეცნებისეულ განათლებას, მთლიანად ხდება ნათელი, მთლიანად ხდება გამჭვირვალე გონება, და ისე აღმოაცენებს ღმრთისმეტყველებას, რომ სამი კაციც რომ იწერდეს მის სიტყვებს, ვერ მოასწრებს იმ აზრების ჩაწერას, რომლებიც ტალღებივით მოედინება, ხოლო მთელ სხეულს მშვიდობასა და ვნებების უკიდურეს უძრაობას მიჰფენს. გული საღმრთო სიყვარულით აღენთება და შეჰღაღადებს „შეაკავე. ჩემო იესო, [შენი მადლის] ტალღები, თუ არა და სანთელივით დავდნები“. მართლაც, დნება. ვეღარ უძლებს, ხოლო გონება აღიტაცება [ღმერთის] ხედვაში და ხდება შერწყმა, ადამიანი არსობრივად იცვლება და ღმერთთან ერთი ხდება, ისე, რომ ვეღარ სცნობს, ვეღარც გამოარჩევს საკუთარ თავს, როგორც რკინა ცეცხლში – როცა ალი მოედება და ცეცხლს უერთდება.
ამ ყველაფერს შენ მაშინ განიცდი, როდესაც მონასტერს დაუახლოვდები და მანდაური სულიერი მამის მემკვიდრე გახდები და გონებისმიერი ლოცვით დაკავდები. მეც გყავარ, რომელიც ხშირად მოგწერ ხოლმე და იმ საიდუმლოებს გამოგიცხადებ, რომელთა გემოსაც, თუ ერში იცხოვრებ, წვეთადაც ვერ იგემებ.
დაანებე თავი ფუჭ მოღვაწეობასა და ლაპარაკს. მე მინდა, რომ შიდა კაცი შეუერთო ღმერთს, სწორედ მაშინ გახდები სასარგებლო სხვებისთვის. თუ გსურს, წაიკითხე მელეტი ათენელის მიერ დაწერილი ეკლესიის ისტორია, რომელშიც ნახავ, თუ რამდენი მასწავლებელი (ორიგენი და უამრავი სხვა) თავდაპირველად ეკლესიის დიდი მნათობი იყო (რაც სწავლას შეეხება), მაგრამ, რადგან [სულიერ] ზღვაში მანამ შევიდნენ, სანამ მდუმარებაში საგრძნობლებს განიწმენდდნენ და სული წმიდისგან [შინაგან] მშვიდობას და დაწყნარებას მიიღებდნენ, [ამის გამო] წმიდა წერილის ოკეანეში ჩაიძირნენ, თანაც ეგონათ, რომ წიგნების შესწავლა საკმარისი იყო. ამგვარად წარწყმდნენ, კრებებმა კი ანათემას გადასცეს უამრავი ისეთი, რომლებიც მანამდე მათი მხარდამჭერები იყვნენ.
მე ვიცი, რომ, თუ არ გამიგონებ, გამიხსენებ, თუ ცოცხალი იქნები, მაგრამ უკვე გვიან იქნება, რადგან მე უკვე ამ ცხოვრებაში აღარ ვიქნები, ხოლო ადამიანთაგან არც არავის უყვარხარ ჩემზე მეტად, ვერც ვერავინ გაბედავს სიმართლე გითხრას, თუკი დაინახავს. რამეთუ ვინც აქამდე გაიცანი, მათგან მხოლოდ ლიქნას, დიპლომატიას, ირონიასა და მერვე საუკუნის11 გაკვეთილებს ისმენდი – ყველაფერი ჩვეული და მოგონილი. არადა შენ, როგორც ფაქიზ ყლორტს, სულიერი სიბრძნე და სუფთა ჭეშმარიტება გჭირდება.
რასაც გწერ, სხვებს ნუ უყვები, რამეთუ ამ წუთისოფლის ადამიანებს ასეთი საკითხები არ აინტერესებთ. ამიტომაცაა, რომ, თუ ვინმე განუწყვეტელ და გონებისმიერ ლოცვაზე ეტყვის რამეს, ჰგონიათ, რომ რაღაც მწვალებლობაზეა ლაპარაკი. ასეთები არიან დღეს, ჩვენი ბოროტი ეპოქისანი, მონაზვნებიც კი. არადა ჭეშმარიტი მონაზონი დღედაღამ ღმერთის ხედვით უნდა იყოს დაკავებული, გინდ ჭამდეს, გინდ ეძინოს, გინდ საქმიანობდეს, გინდ დადიოდეს; რამეთუ ღმერთი ყველაზე ახლოსაა ჩვენთან, რომელსაც შეგვიძლია განუწყვეტლივ ვესაუბროთ. რადგან შენს ხედვაში ღმერთია, შენს გონებაში ღმერთია, შენს სიტყვაში, შენს სუნთქვაში, შენს საჭმელში – საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ღმერთია. მასში ვცოცხლობთ და ვმოძრაობთ12. მას ვყავართ ჩახუტებული თავის წიაღში.
ამიტომაც, სულ ამას უნდა გასძახოდე: „ღმერთო ჩემო, მოგწონს ეს? ღმერთო ჩემო, არის ამაზე შენი ნება?“ განუწყვეტლივ, დღედაღამ ელაპარაკე ღმერთს მთელი უბრალოებით, როგორც შვილი მამას. მაშინ შენც შეიგრძნობ მამის სიყვარულსა და საღმრთო მზრუნველობას შენზე. და რადგან უყვარხარ, შენც გიყვარდება, და გეშინია, რამეში არ გადახვიდე მის საღმრთო ნებას, ძრწი, რომ შენი კეთილი მამა არ გაანაწყენო, რომელმაც ასე შეგიყვარა, თანაც უანგაროდ, ისე, რომ ჯვარზე მოკვდა მხოლოდ შენთვის"13.
ეკლესიას შენ ვერ გამოასწორებ, მაგრამ შენ თვითონ მონასტერში ყოფნით გამოსწორდები, სრულიქმნები, განათლდები, თანაც საკმაოდ კარგად, თუნდაც ეს არ გამოჩნდეს. ჩვენგან ღმერთს ეს უნდა. სხვას ყურს ნუ დაუგდებ, რადგან ჩემზე მეტად არავის უყვარხარ.
პენსიას რაც შეეხება, იმის გამო, რომ სხვაზე გადაფორმების შესაძლებლობა არ გვეძლევა, შენზე გავაკეთებ მინდობილობას და შენ აიღე ფული და მონასტერში მიიტანე. ისინი კი ერთბაშად გამომიგზავნიან. ზეთისთვის 2 მილიონი გვჭირდება, რამეთუ აქ მთა არის და მთელი წლისთვის ვყიდულობთ. როცა მოგინდება, ვერ შოულობ. ერთი ოყა 20 ათასი ღირს.
მარიამს რაც შეეხება, დაანებე თავი: არ არის ღმერთის ნება, რომ რამე მივცეთ. ღმერთი არ მაუწყებს [რომ მივცეთ]. ხოლო თუ გკითხა, უთხარი: „მოძღვარმა იქიდან თვითონ აიღო. არ სურდათ, რომ შენ აიღო ხოლმე“. [ასე უპასუხე], რათა სიტყვაზე არ დაგიჭირონ. დროც არ გვრჩება, ვაითუ ისევ ამოშალონ, რადგან ექვსთვეული ახლოვდება. უბედურება მარიამს ჭკუაზე მოიყვანს, დამდაბლდება და მოყვასის თანაგრძნობას ისწავლის. ბევრი ვილოცე და უფალს არ უნდა, რომ დავეხმარო, ხოლო ამ თანხით მინდა ათანასესთვის რამე გავაკეთო, რამეთუ, თუ მოვკვდი, ქუჩაში ამოხდება სული, ერთ ადგილას ვერ ეტევა.
მანოლის თავი დაანებე, ყურადღებას ნუ მიაქცევ, რადგან უტვინოა.
ვლოცულობ შენთვის მთელი სულით,
მდაბალი მ. იოსები
[65] ერგინას
წმინდა მთა , 8/8/1949
ჩემო საყვარელო დაიკო ერგინა, ჩემი სულის ნაწილო, ჩემი ბავშვობის ერთადერთო აღმზრდელო, გისურვებ, რომ კარგად იყო.
დაო ჩემო საყვარელო, მივიღე შენი ეპისტოლე. წავიკითხე და ძალიან გამიხარდა დიონისეს ამბავი, რომ მონასტერში წავიდა გამოსაჯანმრთელებლად. აჰ, ვინ დადგებოდა ჩემ გვერდით. დაინახავდა ჩემს ლოცვებს, მოისმენდა ჩემს ღაღადებას და ჭეშმარიტების დასამოწმებლად იმ ცრემლებს შეკრებდა, რომლებსაც ვღვრი იმისთვის, რომ ჩემი და და მისი საყვარელი შვილი განათლდნენ.
მგონია, ჩემო დაო, რომ სხვა რამ არის უფლის ნება, გარდა იმისა, რასაც გწერ დიონისეს შესახებ. მაგრამ არც ახლა გამიგონებ და მოგვიანებით ისევ ინანებ, თუმც უკვე გვიან იქნება. ამიტომაც, აცალე, აიძულე, ურჩიე ბრიენასთან წავიდეს, მოძღვართან წავიდეს. იმ წმიდა კრებულში, რათა ჯანმრთელობა პოვოს. მე კი, სანამ ცოცხალი ვარ, მათი უძლეველი ძალა ვიქნები, გოდოლი და სიმაგრე. ხოლო შენ, ამის შემდეგ, მონასტრის გარეთ: ერთ სოხასტერს აიშენებ და იქ დაეყუდები და პენსიით იცხოვრებ. რადგან არ შეგიძლია მორჩილებაში ცხოვრება, თუ იქ არ გინდა, მანდ დაივანე.
ოღონდ დიონისე გაგზავნე, რომ დრო არ დაკარგოს, რამეთუ, თუ ზამთარმა მანდ მოუსწრო, დასნეულდება და სხვა სნეულება მას დაგაკარგვინებს, იქ კი ინახულებ და გაიხარებ ხოლმე. გაგზავნე, რომ ზამთარი მაინც გაატაროს როგორც მორჩილმა, ხოლო როდესაც მე ჩავიბარებ წერილების მეშვეობით, სულ სხვა სამყაროში ამოყოფს თავს. მის სულში ზეციურ ნექტარს ჩავაწვეთებ, ისეთს, რომ საკუთარი თავი დაავიწვდება: ასევე, შემდეგ შენც წინ წაგიძღვები, რომ სრული განსვენება პოვო. ჩვენი დედა ღმრთისმშობელი იქ გიხმობთ, და ყველა თქვენგანის მფარველი იქნება. ერთი სიტყვით, ნუ მეურჩები, რამეთუ უფლის საშინელი რისხვა მოდის. ქუჩაში კი ნუ წაგასწრებთ, არამედ წმიდა სავანის საფარველქვეშ. ნუ გგონია, რომ გასაჭირი (თავისით) დამთავრდება, არამედ დრო იხელთეთ, რომ ცხონდეთ, მხოლოდ ბრძოლის მეშვეობით დამთავრდება.
ნურც მავანთა ნალაპარაკებს დაუგდებთ ყურს, ნურც დაეკითხებით ვინმეს. გამიგონე, ჩემო დაო, და ბავშვი ახლავე გაგზავნე. შენ ის იქ დაიუნჯე და მეც იმწუთას მივწერ. შემდეგ კი ისე დაგეხმარები, როგორც შენ მოგეწონება. პენსია გაქვს, სახლი გაქვს, ერთ კალივას აიშენებ, მონასტრის საქმეებში არ ჩაერევი. ღმრთისმშობელს შესწირე და ასე ნამდვილად მოგებული გამოხვალ მარადიულად. ხოლო თუ არ გამიგონებ. მე მოვკვდები – იქნებ მალეც – შენ კი უკვე გვიან გამიხსენებ.
პენსიას რაც შეეხება, რადგან ახლა მეშინია არ ამოშალონ, დიონისეზე გავაკეთე მინდობილობა. შემდეგ, თუ ამაზე ჭორაობას დაიწყებენ, დიონისე სხვას გააკეთებს, როგორც მამა პართენი მიგვითითებს. მარიამზე სიტყვაც ნუ წამოგცდებათ. არც მანოლის, არც სხვა ვინმეს. ყველაფერი მონასტერს მიეცით.
ათანასეს დავაზღვევ14, თუ დავინახავ, რომ ვკვდები, რამეთუ აქეთ-იქით დაეხეტება. ერთ ადგილას ვერ ეტევა, ავად არის. ახლა სხვა ძმასთან15 ერთად ზეთისხილის შესაგროვებლდ წავიდა. მდუმარება არ უნდა, მოთმინება არ აქვს. მე მრავალ ცრემლს ვღვრი და შეღავათებს ვუწევ. თუ არა და, აქამდე უკვე დაიღუპებოდა.
ერთ ამბავს მოგიყვები, რომ გაგაცინო, ორი თვის წინ ფოსტაში გავგზავნე, რომ ერთი პატარა ამანათი დაეტოვებინა და დაუყოვნებლივ გამობრუნებულიყო. მაგრამ დაბრუნდა ერთი თვის შემდეგ და თან თხილიც მოიტანა! მოვიდა თუ არა, ცრემლები დავღვარე, ჩავკოცნე, ჩავიხუტე, ჩემო ძამიკო-მეთქი, ვუთხარი. სიტყვაც არ დამცდენია სად იყავი-მეთქი. მეორე დღეს აღფრთოვანებული გვეუბნება: „ახლა მთაში წავალ, რომ რძე და მიზითრა16 მოგიტანოთ: ვჭამოთ, სანამ ახალია! წელიწადში ერთხელ რძე დავლიოთ!" ჩვენც ვთქვით, საჭმელი აღარ გავაკეთოთ, არამედ ტრაპეზზე თასებით დაველოდოთო. ერთი სიტყვით, წავიდა. ჯერ იყო და, რძე ხომ იქ დალია, წამოვიდა, მიზითრა წამოიღო. გზაში წამოწვა და დაიძინა. დაავიწყდა ჩვენთვის მოეტანა. დანარჩენი რძე იქვე დარჩა, მხოლოდ მიზითრა წამოიღო და მონასტრებში გაიარა, რათა პომიდვრები, ერთი ბოცა ნავთი და კიდევ ერთი ყუთი ყურძენი წამოეღო. მთა-ღრეში სარულით დაიღალა და პომიდვრები სადღაც დატოვა. ცოტა ხანში მიზითრა აუყროლდა (უმარილო იყო). ამათ ყურძენიც მიაყოლა და საბოლოოდ უკან აღარ ბრუნდებოდა. ამასობაში ჩვენ კიდევ რძეს ველოდით. სალხი გავგზავნე, რომ გამეგო, სად დადის, სად იმყოფება. ეს ყველაფერი მოგვიანებით შევიტევე. მობრუნდა დაღონებული, დამჭკნარი. მე კი ისევ ჩავიხუტე, ჩავკოცნე, ყველაფერი სიცილ-ღიმილით. რამეთუ, თუ სიტყვა წამოგცდა ან შეამჩნია, რომ გეწყინა, იმწუთას დაკარგავ, თვეები ვეღარ ნახავ. ამიტომაც ვალდებული ვარ შეღავათები გავუწიო.
ნუ უსმენ მანოლის და მარიამის ნალაპარაკევს. მე ერთხელ უკვე ვუთხარი, რომ თუ სურს, რომ სხვები დაეხმარონ, ისიც ვალდებულია გასაჭირის დროს ერგინას დაეხმაროს-მეთქი. არ იგონებენ. ამიტომაცაა, რომ უწყება არ მაქვს, არ არის უფლის ნება. როდესაც დამდაბლდებიან, უფალი მეც მომცემს შესაბამის უწყებას.
თქვენ არ გაქვთ ლოცვა-კურთხევა [სხვა] ვინმეს მისცეთ, მხოლოდ მონასტერს. იქ ჩვენი სალარო გვაქვს. ოღონდ მალე მოაგვარეთ: მოვა თუ არა მინდობილობა, წავიდეს და ფული აიღოს. თუ არა და, შეიძლება ამოშალონ და დაიკარგოს. სხვა არაფერი მაქვს [სათქმელი]. [ამასაც ] ნაჩქარევად გწერ.
ხვალ ვინმეს გავგზავნი, რომ თანასი იპოვოს, რათა წავიდეს და მინდობილობა მოამზადოს.
მოგიკითხავ და საუკეთესოს გისურვებ,
მდაბალი მ. იოსები
შენიშვნები
- პატარა მარიანას გულისხმობს, რომელიც წინა წერილში ახსენა. რწყილს იმიტომ უწოდებს, რომ წარმოაჩინოს, რამდენად უმნიშვნელო განსაცდელია მისი ცელქობის მოთმენა. ↩
- შეად. ფსალმ. 118,00: „[წინასწარ] განვემზადე და [ამიტომაც] არა შევძრწუნდი“. ↩
- ფსალმ. 2,12. ↩
- იხ. მათ. 18,22. უფრო სწორად, 70-ჯერ შვიდი, ანუ 490. ↩
- აქედან ეპისტოლე სხვა, მცირე ზომის ქაღალდზე გრძელდება, რომელსაც ზემოთ აწერია „გაგრძელება“. ↩
- მათ. 7,12; ლუკ. 6,31. ↩
- ტობ. 4,15. ↩
- იხ. 1 კორ. 13,5. ↩
- მნიშვნელოვანია ბერის მოწმობა მამა არსენის სიწმიდეზე. ↩
- იხ. დაბ. 27,26-29. ↩
- მერვე საუკუნეში, სავარაუდოდ, უკანასკნელი ჟამის მონაზვნებს გულისხმობს. „მერვე“ შესაძლოა სამყაროს არსებობის მერვე ათასწლეულს გულისხმობდეს, რომელიც 1493 წელს დაიწყო. ↩
- იხ. საქმე 17,28. ↩
- ბერი გულისხმობს, რომ მხოლოდ ერთი, ერთადერთი კაციც რომ ცხონებულიყო ჯვარცმით, უფალი ყველაფერს ისევ ისე აღასრულებდა. ↩
- გულისხმობს, რომ მუდმივად დასარჩენ სენაკს აუშენებს. ↩
- „სხვა ძმა“, სავარაუდოდ, მამა იოსები, შემდგომში ბერი იოსებ ვატოპედელია. ↩
- მიზითრა – ბერძნული ტრადიციული ყველის ნაირსახეობა. მზადდება სპეციალური რეცეპტით ცხვრის ან თხის რძისგან. ↩