[59] მონაზონ ბრიენას
წმიდა მთა, 12/5/1949
ჩემო საყვარელო შვილო, ჩემი სულის ნაწილო, ჩემო კარგო ბრიენა, კეთილ იღუმენიასა და მთელ კრებულთან ერთად, გისურვებთ, რომ ყველანი ძალიან კარგად იყოთ.
შვილო, 24 აპრილის შენი ეპისტოლე მივიღე და წავიკითხე, რასაც წერ. მე სხვა ეპისტოლეც გამოგიგზავნე. მიიღებდი.
ის, რასაც სული მოძრაობაში მოჰყავს, უფრო სწორად კი, სულის დინამო, რომელიც გონებას წმენდს, ანათლებს და ჭვრეტაში აჰყავს, რასაც მშვიდობა და უვნებობა მოაქვს, არის სრული მორჩილება. შენი ნება-სურვილი სულიერი დედის ბაგეებზე იყოს გამოკიდებული, როგორც აღვირით დაბმული სახედარი. ქრისტეს შემდეგ მას ისეთი პატივი უნდა მიაგო, ისე ემსახურო, როგორც უფლის ანგელოზს. მისი სიკვდილი საკუთარ სიკვდილად მიიჩნიე, ხოლო მისი ჯანმრთელობა – საკუთარ სიხარულად და სიამოვნებად. როდესაც ყველა და ასე მოიქცევით, მაშინ მალე მიაღწევთ იმას, რასაც ეძიებთ, მაშინ მე უფრო ნათლად გამოვაჩენ ჩემს სულს. სხვა გზას ან სხვა უფრო აშკარა მტკიცებულებას ნუ ეძებთ. როდესაც ნება-სურვილს სრულიად მოიკვეთ, სრულ უვნებობას მიაღწევ, რადგან ის, ვინც ნება-სურვილს იკვეთს, მკვდარივით ხდება. შესაბამისად, მკვდარს თავგანწირვაც ექნება, ღმერთისადმი სიყვარულიც და რწმენაც. რათა საკუთარი თავი ჯვარს აცვას. ქრისტეს სიყვარულის გარეშე თავის თავს მთელი სიცოცხლე ვერ განიკითხავს და განსჯის. ერთი სიტყვით, ამით იღებს სრულ მადლს.
ცოტა უზრუნველობაც უნდა გქონდეთ იმისთვის, რომ გონება არ აგემღვრეთ. საქმე იმდენი უნდა გქონდეთ, რომ შფოთს არ იწვევდეს, რამეთუ [სხვაგვარად] გარჩევის უნარს აბინდებს. ოთახებში რომ განცალკევდებით, სულიერი წიგნებიც უნდა იკითხოთ, დღესასწაულებსა და უქმე დღეებში, რამეთუ ამით გონება ნათლდება და კაცი საღმრთო მამების გამოცდილებას იძენს. თანაც, წაიკითხეთ ის, რაც თქვენს გონებას მოსწონს; მიეცით ის, რაც უნდა. ზოგჯერ იესოს ლოცვა ურჩევნია, ზოგჯერ ცრემლები, ზოგჯერ კითხვა, ზოგჯერ დუმილი, ზოგჯერ ტკბილი მელოდიური გალობა, ზოგჯერ წმიდა წერილში ამოკითხულზე ფიქრი და განსჯა.
როდესაც მას აძლევ იმას, რაც მოსწონს, ღონიერდება, ისევე, როგორც სხეული, როდესაც იმ საკვებს ვაძლევთ, რომელიც მოსწონს. სულიც ასეა. თუ უმეცრებით იმას აძლევ, რაც ხელში ჩაგივარდება, მაშინ, იმის მაგივრად, რომ განათლდეს, ბნელდება. როდესაც იღლება, დასვენება უნდა. ამგვარად სწავლობთ კეთილისა და ბოროტის გარჩევას. ასე ხდება გონება სრულიად ნათელი, სრულიად გამჭვირვალე, ხედავს სულის სისუფთავეს, ხედავს [სულიერ] ეკლებს, ითმენს განსაცდელებს, მადლი იმატებს, სხეული ვნებებისგან იწმინდება, სული მშვიდდება; ერთი სიტყვით, ერთი მეორეს მოჰყვება, თითქოს ჯაჭვით იყოს გადაბმული, თანაც მალე და ბევრი შრომის გარეშე, რამეთუ ეს ყველაფერი სრულ მორჩილებას მოაქვს.
თანაც, რა ხდება? ყური დამიგდე: ვინც სრულ მორჩილებას ეწევა, მისი გონება სრულიად უზრუნველია. გონება ხომ სულის სახლის გამგებელია* (იკონომოსი), რომელიც ზიდავს იმ საზრდელს, რომელსაც შენ აძლევ. ჰოდა, როდესაც დამშვიდებულია და აძლევ იმას, რაც უნდა, [ის, თავის მხრივ, ამას] გულში ჩაუშვებს. ჯერ თვითონ იწმინდება იმ ცოდვილი მოგონებებისგან, რომლებიც ერში ცხოვრების დროს დააგროვა, შემდეგ ამქვეყნიური საზრუნავების ნისლი შორდება, გონებისმიერი ლოცვის თქმით კი გონებაგაფანტვა სრულიად წყდება.
და მაშინ ხვდები, რომ გაიწმინდა, რამეთუ იმ უწმიდურისა და ბოროტისკენ აღარ მიიზიდება, რაც ერში ნახა ან მოისმინა. შემდეგ [გონება] იესოს ლოცვის მეშვეობით, რომელიც გულში შედის და გამოდის, წმენდს გზას და იქიდან განდევნის ყველანაირ ბოროტებას, სულიერ სიბინძურეს, სასირცხვილო ვნებას. რამეთუ გონება ომს აჩაღებს ვნებებისა და ეშმაკების წინააღმდეგ, რომლებიც ვნებებს გამოიწვევენ, და რომლებიც ამდენი წელი ბუდობდნენ მასში * (გულში), თანაც ისე, რომ არავინ იცოდა, ვერავინ ხედავდა მათ. ხოლო ახლა, როდესაც გონებამ სისუფთავე, თავისი თავდაპირველი შესამოსელი შეიძინა, ხედავს მათ და ძაღლივით უყეფს, უღრენს, ებრძვის. როგორც მთელი გონებრივი ნაწილის ბატონი და ყარაული. იარაღის სახით სახელი „იესო“ უჰყრია, რითაც ამათრახებს და გვემს მტრებს მანამ, სანამ ყველას გარეთ არ გაყრის, გულის გარეთა არეზე. ისინიც ძაღლებივით ყეფენ, ხოლო გონება იწყებს იმ ნაგვისა და სიბინძურისგან გაწმენდას, რომლითაც დემონებმა შებილწეს. სხვადასხვა ბოროტებასთან გონებრივი შერწყმით.
ერთი სიტევით, გონება ახლა ეშმაკებს ებრძვის, რომ სრულიად განდევნოს, რათა საერთოდ არ აწუხებდნენ. რა სიბინძურესაც ისინი შიგნით ყრიან, გონება გარეთ მოისვრის. ამასთან ერთად, სულის ჯანმრთელობისა და განათლებისთვის შესაფერისი საზრდელიც მოაქვს. ამ ყველაფერში განმწმედელი მადლიც შეეწევა, ხოლო სულიერი წინამძღოლის საფარველს, როგორც ჩრდილს, შეეფარება – იმის მადლი იცავს და იფარავს, ვინც მისი სული ჩაიბარა; და ხდება განახლება მაღლისა1. ხოლო მას მერე, რაც მალე ეშმაკები სრულიად განიდევნებიან, გული გაიწმინდება და [ცოდვისმიერი] დაბინძურება აღარ ხდება, მაშინ გონება მეფესავით აღესაყდრება გულზე და ისე უხარია, როგორც სიძე იხარებს სარძლოზე საქორწინო ოთახში. სალამურისა და გიტარის მაგივრად იესოს ლოცვას ამბობს უშრომელად, მადლი კი უკვე თავისუფლად მოქმედებს და გონებას იმ აღთქმულ სიკეთეებს უჩვენებს, რომლებსაც გასამრჯელოდ მისცემს, თუკი [გონება] თავის მოვალეობებს უნაკლოდ აღასრულებს. ამის შემდეგ მადლი მოდის და დამშვიდებულ და დაწყნარებულ გონებას ჭვრეტად აღძრავს, იმისდა მიხედვით, რამდენის დატევა ძალუძს.
მოკლედ, საფუძველი, პირველ რიგში, არის ღმერთის შიში, რწმენა, სრული მორჩილება, თავგანწირვა – ამათ მოაქვთ ყველაფერი ის, რაც ვახსენეთ, [შემდეგ კაცი] ნეტარ სიყვარულს აღწევს, და ბოლოს, უვნებობას, [ანუ როდესაც] გონებაში [არანაირი] ბოროტება აღარ იძვრის, არამედ ღაღადებს: „სწყურის სულსა ჩემსა შენდამი, ღმრთისა მიმართ ჩემისა. როდის მოვალ და ვიხილავ შენს წმიდა სახეს?“2 ხოლო სიკვდილს ელის, როგორც უდიდეს სიხარულს: როდის დახუჭავს ამ თვალებს და გაახელს სხვებს, რომლებიც ყველაფერს დაინახავს და მარადიულად იხარებს?
ამიტომაც აიძულეთ თავი ნეტარ მორჩილებაში, რომელშიცაა ყველა ეს სიკეთე, და იცხოვრეთ, როგორც ერთმა სულმა მრავალ სხეულში. ამგვარად თქვენი კურთხეული იღუმენიაც დაისვენებს და მთელი სულით დაუღალავად ილოცებს თქვენთვის, სრული სულიერი სიხარულით. ხოლო როდესაც ურჩობთ, ამ ყველაფერს კარგავთ და მის სულს ამძიმებთ, და თქვენი დარდით სიკვდილს უახლოვდება.
ეს ყველაფერი საქმით მაქვს გამოცდილი და მათი ნაყოფიც, ძალიან ტკბილი, ნაჭამი მაქვს. იმაზე მეტი განსვენება არ მინახავს, ვიდრე ის, რომელიც სრულ მორჩილებას მოაქვს. ამიტომაც გაისარჯეთ ახლა, სანამ ახალგაზრდები ხართ, რათა უვნებობის ნაყოფი სიბერეში მოიმკოთ. ძალიან სიბერეშიც არა, არამედ ოციოდე წელიწადში, თუ თავს აიძულებთ, იხილავთ იმას, რასაც გეუბნებით. ხოლო თუ არ აიძულებთ თავს, მათუსალას3 წლები რომ იცხოვროთ, მაინც ვერ იპოვით იმას, რასაც გეუბნებით.
ერთი სიტყვით, ერთმანეთს ყოველნაირ სიკეთეში შეეჯიბრეთ, რათა სულიერი დედა მოამადლოთ, და იხილავთ ვნებების ისეთ უმოძრაობასა და სულიერ მშვიდობას, რომ თავი სამოთხეში გეგონებათ. კმარა.
რაც შეეხება წმიდა თომაიდას [ხატს], შევუკვეთე. წიგნაკს გიწერთ. ფულს ევლოგიად* (საჩუქრად) ნუ გვიგზავნით, რადგან თქვენ უფრო გჭირდებათ. თუ უკვე გამოაგზავნეთ, მაშინ მათი საფასურის ჯვრებს გამოგიგზავნით, ხოლო თუ არ გამოგიგზავნიათ, ნუ გამოაგზავნით.
მოძღვარს მეტანია გადაეცით, იღუმენიასა და ყველა დას – ლოცვა-კურთხევა.
უთვალავჯერ გლოცავ,
მდაბალი მ. იოსები
[60] ერგინას
წმიდა მთა, 16/5/1949
ჩემო საყვარელო დაიკო ერგინა, ჩემს საყვარელ დიონისესთან ერთად, განუწევეტლივ ვლოცულობ, რომ კარგად იყოთ.
რამდენიმე დღის წინ მივიღე შენი წერილი და სხვა, რაც გამომიგზავნე. მოგწერე, ყველაფერი კარგად ჩამოვიდა-მეთქი. ახლა მივიღე შენი სხვა წერილი და როგორც მწერ, ქიშმიშზე დირექტორს მივწერე, და მგონია, მოგცემთ. არ ღირს ამდენ ყურადღებად. შავი ქიშმიშია, ყურძნისა, წიპწიანი. თუ მოგცეს, ხომ კარგი, თუ არა და, დაანებე თავი, ნუ გადაიხდი. ანტონის გამოგზავნილი არ არის. საძმოში ერთი მყავს კვიპროსიდან – იოსები დავარქვი – მისმა ძმამ გამოგზავნა. ფულს რაც შეეხება, შეტყობინება მოვიდა, ქვითარი მოვიდაო. არ ვიცი, ეს არის თუ არა, რამეთუ ხელსაქმეს ყველგან ვგზავნი.
ათანასე შორს არის წასული, ერთ მონასტერში. როცა მობრუნდება, გავიგებ, რა ქვითარია. ფრთხილად იყავი, მამა ანტონი კალაიძის ხელით ნურაფერს გამოაგზავნი. მამა სიმეონს ფული არ უთხოვია იმისთვის, რაც მოგვიტანა. დიონისემ რომ საჩუქარზე მომწერა, ფოსტით გამოვუგზავნი. ვინმეს ხელით არ ვგზავნი, რომ მოვალე არავისი გავხდე – არ მინდა, რომ მოდიოდნენ და მდუმარებას მირღვევდნენ.
რამეთუ დღევანდელ მონაზვნებს არ აქვთ სულიერი სიფაქიზე, გონებისმიერი საქმიანობა, არამედ – ერთი უბრალო ფორმალიზმი. ამიტომაც არ იციან, რა არის სული და როგორ უნდა გაიწმინდოს, განათლდეს და მოვიდეს მეტი სრულყოფილების მდგომარეობაში. ერთადერთი, რაც ისწავლეს, კალენდარია და ჰგონიათ, რომ ჩვენი სარწმუნოების მთელი არსი მხოლოდ მასშია, არადა, შიგნით ვნებები უდუღთ: ეგოიზმი, განკითხვა, ძვირისმეტყველება, სიძულვილი, ნაყროვანება, დიდებისმოყვარება, გულისწყრომა, რისხვა, ხორციელი ვნებები და ა.შ. – აღარ ჩამოვთვლი. ამეებზე სიტყვასაც არ ძრავენ, არანაირად არ ზრუნავენ, არამედ მხოლოდ კალენდრის ცამეტ დღეზე. ამისთვის ჩამოვიდა უფალი? აშკარა სიბრმავე და სიბნელე! ამიტომაც გამოვიკეტე და არ მინდა არავის დანახვა, არავისთან დალაპარაკება, არამედ მხოლოდ ჩემს ცოდვებზე ვიტირო.
პენსიას რაც შეეხება, ადრესატს გწერთ და დიონისემ პენსიის დოკუმენტები გააგზავნოს: „ბატონ ვასილი ქსანთოპულოს, თესალონიკის ეროვნული ბანკი“.
ვლოცულობ თქვენთვის, [შენთვის და] ჩემი საყვარელი დიონისესთვის,
შენი უკანასკნელი ძმა, მონ. იოსები
* შეკვეთილი წერილი გაგზავნოს. სულიერი შვილია.
[61] მონაზონ ბრიენას
წმიდა მთა, 30/5/1949
ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, გისურვებთ, რომ კარგად იყო მთელ კრებულთან ერთად, [სულიერ] დედასთან და მამასთან ერთად.
საყვარელო შვილო, მივიღე 12 მაისის შენი წერილი, წავიკითხე და მიხარია, რომ ჯანმრთელობით კარგად ხარ. რაც შეეხება მამა მაქსიმეს, საკმაოდ მოგწერეთ უკვე რაც საჭირო იყო და მეტს აღარ დავკავდები მისით. დიონისეს მივწერ. პატარა გოგონაზე კი, მარიანაზე, დამიჯერე, რომ დიდი გასამრჯელო გელის: მხოლოდ ეს სიკეთე რომ გააკეთო, საკმარისია იმისთვის, რომ ცხონდე. მაგრამ, ნუ სცემ და ნუ ლანძღავ, არამედ ტკბილად მიუდექი. რადგან ადამიანი თვინიერი და გონიერი არსებაა, გაცილებით უკეთ გამოსწორდება სიყვარულითა და მშვიდი მოქცევით, ვიდრე სიველურითა და გულისწყრომით.
ამ დასკვნამდე დიდი გამოცდილებისა და მრავალი გამოცდის შემდეგ მივედი. თუ ხშირად ჰკოცნი, დიდი სიყვარულითა და ალერსით მიუთითებ, ხოლო წკეპლის და სილის ნაცვლად აძლევ ცოტა ქიშმიშს, კარამელს და სხვას, ტკბილი სიტევებით უფრო მალე გამოასწორებ, ღმერთის ანგელოზად აქცევ.
აქ 20 და 25 წლის კაცები არიან და მოფერებით უფრო ათვინიერებ, შენ კი ეს სიფრიფანა [გოგონა] გინდა წკეპლით მოათვინიერო? ყველა თქვენგანს გეუბნებით და გირჩევთ: ნურასდროს შეეცდებით რისხვით გამოსწორდეთ, რამეთუ განსაცდელით განსაცდელს ვერ განდევნით, არამედ სიმდაბლითა და გულწრფელი სიყვარულით.
როდესაც ხედავ, რომ რისხვა წინ გისწრებთ, გამოსწორება დროებით გადადე, ხოლო როდესაც დაინახავთ, რომ გულისწყრომამ ჩაიარა და მშვიდობა დადგა და გარჩევის უნარი უვნებოდ მოქმედებს, მაშინ თქვი ის, რაც არგებს. არასდროს მინახავს, რომ რისხვით ვინმე გამოსწორებულიყოს, არამედ ყოველთვის სიყვარულით. მაშინ მასაც, ვისაც არიგებ, თავგანწირვის განწყობა ებადება. ერთი სიტყვით, ასე მოიქეცი. მე რომ მყოლოდა ასეთი პატარა ბავშვი, ერთ დიდ ჯიბეს მივიკერებდი, შიგ ჩავისვამდი და კოცნა-ალერსით ანგელოზად ვაქცევდი, წკეპლით კი არა! საკუთარ თავს დააკვირდი: როგორ უფრო თვინიერდები? ლანძღვა-გინებით თუ სიყვარულით? ამიტომაც ადამიანს სიყვარული უნდა, პირუტყვს კი – წკეპლა.
რაც შეეხება შენზე დაკისრებულ საქმეებს4, თუ ბევრია და ვერ ასწრებ და მშფოთვარებ და ღიზიანდები, ვთხოვ, ჩემი მხრიდანაც, კურთხეულ და პატივცემულ იღუმენიას, რომ შეგიმსუბუქოს ისინი, რათა დრტვინვით არ აკეთო. ოღონდ გოგონას ნუ მიატოვებ, არამედ ძალიან გიყვარდეს, რამეთუ მისი მეშვეობით უფლისგან მადლსა და კურთხევას მიიღებ.
დანარჩენით, რასაც მწერ, იმას აჩვენებ, რომ ჯერ კიდევ დიდი ერული ამპარტავნება გაქვს. ამიტომაც ნეშტივით უნდა გახდე, რათა ყველამ შენზე იაროს, მიწა გახდე. სცემე, ურტყი, მოსისხლე მტერივით მოიძულე საკუთარი თავი. „სრული სიძულვილით მოიძულე“5, რადგან, თუ შენ არ მოუღე ბოლო, ის მოგიღებს. ვაჟკაცურად დადექი, ნუ შეგეცოდება. მე მიპყრიხარ, რამეთუ, თუ სისხლს არ დაღვრი, სულს ვერ მიიღებ. საკუთარ თავს ადამიანად ნუ მიიჩნევ, თუ მადლს არ მიიღებ. ხოლო [თუ მადლს არ მივიღებთ,] მადლის გარეშე ამაოდ დავიბადეთ ადამიანებად.
შემდეგ: რამდენადაც თითოეული სულს გაიწმენდს და [უფლისმიერ] განათლებას მიიღებს, იმდენად ახლოდან იხილავს ქრისტეს, იმდენად მეტად, და მისი კეთილსურნელებით დატკბება, სხვა რამეებითაც გაიხარებს და უფრო მეტადაც იზეიმებს [სულიერად].
გამხნევდი, ერთი სიტყვით, და გაიღვიძე მცონარების ძილიდან. დაუძახე: „ძეო დავითისო, მინდა თვალი ამეხილოს“6. ისიც შენ გვერდითაა. შემუსრე შენი ქედი მორჩილების უღელქვეშ და საკუთარი სუნთქვა სულიერი დედის სუნთქვას შეუერთე. როგორც კი სიტყვა გამოვა მისი ბაგეებიდან, იმწუთას აღიტაცე და ფრთები შეასხი, იფრინე. რათა აღასრულო, თანაც ისე, რომ არ გამოიძიო, კარგია თუ ცუდი. და აი, მეც შენთან ვარ გონიერად, შენს ძილშიც და ღვიძილშიც. მაგრამ კიდევ ერთი რამ უნდა იცოდეთ: როდესაც ჩვენი ბოლო კარს მოგვადგება, რაც მოინადირეთ, მოინადირეთ. რამეთუ ჩვენი – დღეებია, არა წლები. ამიტომაცაა, რომ ღმუიან ეშმაკები და გადაგვსანსლავდნენ კიდეც, ღმერთს რომ მიეცა მათთვის ამის უფლება.
ასე რომ, იჩქარეთ, იჩქარეთ, იესოს კრავნო, რამეთუ ცეცხლი აღეტყინა და გაიხსნა ჯოჯოხეთი, რომელშიც ცოდვილები დაინთქმებიან. ნუ თვლემთ, არამედ თითქოს ხვალ უნდა მოგვაწიოს სიკვდილმა, ისე იზრუნეთ თქვენ სულებზე. [ამქვეენიურიდან] მხოლოდ აუცილებელზე იზრუნეთ. ნუ ფიქრობთ, რომ სიცოცხლის მრავალი დღე გვაქვს წინ, არამედ „იქნებ ხვალ“, და ისევ „იქნებ ხვალ“ აღსრულდეს ჩვენი დღეები. ამგვარად, იცხოვრეთ, როგორც წარმავლებმა ტყვეობაში7, რომლებიც დღითი დღე იმის ბრძანებას ელიან, რომ ნამდვილ სამშობლოში დაბრუნდნენ, როდესაც, დავხუჭავთ თუ არა ამ თვალებს, სულის გონიერ თვალებს გავახელთ, რომლებიც აღარასდროს დაიხუჭება.
ამიტომაც. მოვითმინოთ აქაური მცირე განსაცდლები, რომლებსაც უფალი უშვებს, რათა განვიწმიდოთ, იქ კი მარადიულად ვიხაროთ ქრისტესთან ერთად უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ასე რომ, იჩქარე, ჩემო საყვარელო ასულო: სჯობს ერთი ძლევამოსილი დღე გვირგვინებითა და ჯილდოებით, ვიდრე მრავალი წელი, უდებებაში გატარებული. ესეც იცოდე: მავანის ერთი დღის შეგნებული და სულისმიერი განცდით გაწეული ღვაწლი სხვის 50 წლის შეუგნებლად და უდებებით აღსრულებულ ღვაწლს უდრის. კიდევ ესეც იცოდე ქრისტესადმი და ღმრთისმშობლისადმი სიყვარულით უფრო შეიძენ [სულიერ] სიფხიზლესა და [ღმერთის] ხედვას – როდესაც მის ხატს ჩაიხუტებ, როგორც ცოცხალს, და ცრემლებით ჰკოცნი და უხმობ: „ჩემო ტკბილო დედაო, ყოვლადწმიდაო, მიშველე, დავიღუპები, თუ დამტოვებ“.
ასევე, წმიდა ბრიენასაც ევედრე, და როდესაც ხედავ, რომ სიყვარული ჭარბობს და გინდა, მისი ხატი გადასანსლო, იმის ნიშანია, რომ ისიც გეამბორება. მე არ შემიძლია [მხოლოდ] ერთხელ ვემთხვიო ღმრთისმშობლის ხატს და მოვშორდე, არამედ, როდესაც ვუახლოვდები, მაგნიტივით ვეწებები. ამიტომაც, მარტო უნდა ვიყო, რათა საათობით ვემთხვიო. და რაღაც ცოცხალი სუნთქვა მივსებს სულს, და განუწყვეტლივ ვკოცნი და ვკოცნი, და ისეთი მადლით მევსება სული, რომ არ შემიძლია მოვწყდე.
სიყვარული, საღმრთო ტრფიალი, შემწველი ცეცხლი, შიგნითაც და გარეთაც; შეხვალ თუ არა ეკლესიაში, დაგასწრებს – თუ სასწაულმოქმედი ხატია – და ისეთ კეთილსურნელებას მოგაფრქვევს, რომ საათობით განკვირვებაში ხარ, საკუთარ თავში კი არ ხარ, არამედ კეთილსურნელოვან სამოთხეში – ასეთ მადლს აძლევს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი იმათ, რომელნიც სხეულს უბიწოდ იცავენ. რამეთუ, როგორც მივხვდი, ძალიან უყვარს უბიწოება, ქალწულება. ამიტომაც მე, ყველა სხვა ვნებაზე მეტად, სხეულს ვებრძოლე, და როგორც საჩუქარი, მომეცა სისუფთავე – კაცსა და ქალს არ ვარჩევ. სრულიად არ მოქმედებს ჩემში [სხეულებრივი] ვნება. უფლის წყალობით საგრძნობლად მივიღე [სულიერ-სხეულებრივი] სისუფთავის მადლი.
ამას იმიტომ გწერთ, რომ მიბაძვად აღიძრათ, სხვა მიზეზი არ მქონდა ჩემი სულიერი მდგომარეობის გამოსააშკარავებლად. არც ის მინდა, რომ შემაქოთ, არამედ, რადგან სულში მყავხართ, როგორც ჩვენი ნამდვილი დები, მწადია დაგეხმაროთ, რათა ერთად წავიდეთ ქრისტესთან. ოღონდ თქვენ ამას ნურსად იტყვით, რადგან მოვლენ და შეგვკრავენ, ხოლო მიზეზი თქვენ იქნებით.
ამ საფასურს ვითხოვ თქვენგან: საიდუმლოდ შეინახეთ. ხოლო თუ თავს აიძულებთ, ნახავთ, თუ რამდენად ვუყვარვართ ჩვენს ტკბილ დედიკოს. [ერთხელ], მრავალჯერ დავკოცნე რა მისი ხატი, დავიღალე და როცა სტასიდაზე8 ჩამოვჯექი, ცოტა ხნით ჩამთვლიმა. და იგი სხეულებრივად მოვიდა არა როგორც ხატი – დამკოცნა და გამოუთქმელი კეთილსურნელებით აღმავსო. ხოლო ზეციერი ჩვილი მთელ სახეზე მეფერებოდა, მე კი პუტკუნა ხელზე ვკოცნიდი, თითქოს ცოცხალი იყო. თითქოს მშობელი დედა ჩამეკრა გულში. არ გეგონებოდა, რომ სიზმარი იყო.
დაგაფიქროთ და გაგაოცოთ ჩვენი დედის სიყვარულმა, [ოღონდ] სანამ ცოცხალი ვარ, ამას ნუ იტყვით, რადგან აუცილებლად შემკრავენ და დამაბამენ, თუკი ვინმემ გაიგო. ერთი სიტყვით, კმარა ჩვენი ბრიენასა და დანარჩენი დების დიდი სარგებლისთვის.
წმიდა თომაიდას [ხატს] რაც შეეხება, ვუთხარი ხატმწერებს და მითხრეს: თუ ხარჯებს შენს თავზე აიღებ, დავხატავთო. მეც შევპირდი, რომ ყველა ხატზე, რომელიც გამოაგზავნეს, მე ვარ პასუსისმგებელი, რომ გადავუხადო, რა ხარჯებიც დასჭირდებათ. მხოლოდ გაგზავნაზე იზრუნებენ ისინი, რამეთუ მე გამოკეტილი ვარ და გარეთ არ გავდივარ. ამიტომ, იცოდეთ, რომ, რამდენიც დაწერეს, იმდენი უნდა მისცეთ. თუ არა და, მე მივცემ, რომ სასაყვედურო არ ჰქონდეთ.
ქვითარზე: მივიღე და ამ თანხის ჯვრებს მიიღებთ. ჯვრებს გამოგიგზავნით, მაგრამ ისე კი არ გაყიდით, როგორც ყიდით, და იზარალებთ, არამედ როგორც მე გწერთ – ამაში მორჩილება გამიწიეთ. დღესასწაულებზე, როდესაც სტუმრები მოდიან, ერთ-ერთმა დამ მონასტრის შესასვლელში გაიტანოს და უთხრას ხოლმე: „იყიდეთ მთაწმიდის უდაბნოს მამების ჯვრები და სულიერ სარგებელს მიიღებთ, რამეთუ თქვენთვის ლოცულობენ“. ისე კი არა, რომ მწერ: რაღაცებს შემოგვწირავს ხალხი და ჩვენც ევლოგიად ვაძლევთო. მე მინდა, რომ ჩემი პური ჩემივე ოფლით ვჭამო. ერთი სიტყვით, თუ ასე არ იზამთ, მეტს აღარ გამოგიგზავნით. არც ახლა გამოვაგზავნიდი, მაგრამ მინდოდა გადმორიცხვის საფასურად გამომეგზავნა ჯვრები.
ახლა აქ მე 5 ათასად ვყიდი ცალმხრივებს, ხოლო ათად ორმხრივებს. ძალიან პატარებია, როგორც თქვენ მანდაურობისთვის გინდოდათ. თქვენც ხუთად გაყიდეთ, ხოლო მე ოთხი (4) ათასი გადამიხადეთ, რათა ათასი მონასტერს დარჩეს შემოწირულობად.
მე უნდა გაძლევდეთ, თქვენ კი არა. თუ ვინმეს ჩვენთვის რამის შემოწირვა მოუნდება, ჯვარი მიეცით ხოლმე, ან თქვენ დაიტოვეთ შემოწირულობა. მე არ მჭირდება, სხვები შემოგვწირავენ.
ანასტასიას [მოგვიანებით] უფრო დაწყნარებულად მივწერ. ოღონდ იღუმენიას სრული მორჩილება გაუწიოს, როგორც მას ყოველთვის ვწერ.
იღუმენიას ლოცვა-კურთხევა გადაეცი, ხოლო მოძღვარს – მეტანია. მოვიკითხავ ყველა დას.
ვლოცულობ შენთვის მთელი სულით,
მდაბალი მ. იოსები
საფოსტო მარკები ხშირად გამომიგზავნე ხოლმე და თქვენი სასყიდელიც დიდი იქნება იმათ გამო, რომლებიც ამ ეპისტოლეებით სარგებელს იღებენ.
შენიშვნები
- შეად. ფსალმ.76,11 ↩
- იხ. ფსალმ. 41,3. ↩
- მათუსალა იყო მამამთავარ ნოეს პაპა, რომელმაც ყველა ადამიანზე დიდხანს იცხოვრა დედამიწაზე 969 წელი (იხ. დაბ. 5,21-27). ↩
- ორიგინალში არის სიტყვა Siaxóvnia, რაც დაახლოებით ნიშნავს „მსახურებას“, ქართულად კი ჩვეულებრივ „მორჩილებებს“ უწოდებენ იმ გაგებით, რომ მორჩილება აკისრებს მონაზონს ამა თუ იმ საქმეს. იგულისხმება ის ფიზიკური თუ გონებრივი სამუშაო, რომელსაც მონაზონი მონასტრის დავალებით აკეთებს და ამგვარად ხელს უწყობს მონასტრის ზომიერ არსებობა-ფუნქციონირებას. საყურადღებოა, რომ ჰქვია არა „სამსახური“ ან „სამუშაო“, არამედ „მსახურება". ↩
- შეად. ფსალმ. 138.22. ↩
- შეად. მარკ. 10,48-51; ლუკ. 18,38-41. ↩
- ანუ, თითქოს დროებით ხართ ტყვეობაში და მალე დატოვებთ გადასახლების ადგილს. ↩
- სტასიდა — სპეციალურად ლოცვისთვის გათვლილი ორიარუსიანი სკამი, ბერძნული ეკლესიების აუცილებელი ატრიბუტი. ↩