[57] მონაზონ ბრიენას
წმიდა მთა. 14/3/1949
ჩემს საყვარელ ბრიენას, ჩემს წმიდა ნაშობს, ჩემს სულიერ ასულს, სამოთხის მარადცოცხალ ყვავილს, ყველა შენს სულიერ და კეთილსურნელ ყვავილთან, იღუმენიასა და დებთან ერთად, ყველას ერთად და თითოეულს ცალ-ცალკე, პირველიდან უკანასკნელამდე, გისურვებთ, რომ ჩვენმა ტკბილმა იესომ, მარადიული ცხოვრების წყარომ, თქვენს გულებში გარდამოავლინოს სული წმიდის ბრწყინვალება, რათა კლეოპასთან ერთად ხმაყოთ: „განა მხურვალე არ არის ჩვენი გულები, როდესაც [წმიდა] წერილს გვიხსნიდა?“1
გამხნევდით, რამეთუ ტკბილი იესო თქვენ შორის იმყოფება, რამეთუ თვითონ ბრძანა: სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელისთვის, მეც მათ შორის ვარო2. მით უმეტეს, ყველა თქვენგანი როცა იკრიბება ერთად!
ერთი სიტყვით, ჩემო საყვარელო ბრიენა, მივიღე ერთი შენი ეპისტოლე, წავიკითხე და გპასუხობ იმაზე, რასაც მეკითხები. კიდევ ორი წერილი მაქვს გამოგზავნილი შენთვის ამის გარდა. ახლა კი გამიხსენი სულისა და სხეულის სასმენლები და მე მათ ავავსებ ბარაქით, რამდენადაც უფალი ამის ძალას მომანიჭებს.
მწერ, იქნებ შეცდომა არ მომეტევაო. წმიდა მამები სხვა რამეს გულისხმობდნენ. ნებისმიერი შეცდომა, რომელიც ადამიანს მოუვა, როდესაც შეინანებს, მიეტევება, ხოლო მისი* (ამ ცოდვის) წარმოსახვა, ფანტაზია [მეხსიერებაში] უკანასკნელ აღმოფშვინვამდე გაჰყვება. და როგორც კი ადამიანი ოდნავ ჩათვლემს ან უდებებას მიეცემა, მაშინვე გონებაში წარმოესახება, ან ძილში – რათა აზრი შეუბილწოს და ძველი ცოდვის ბრალი განუახლოს, ან [უბრალოდ] რათა გონება გაუბნიოს.
არ გახსოვს, წინასწარმეტველ დავითის ამბავი, როდესაც ნათანმა ბერსაბეს გამო ამხილა? აღმოხდა თუ არა: შევცოდე უფალსო, წინასწარმეტყველმა ნათანმა უთხრა: უფალმა მოგიტევა ცოდვაო3. ანუ ცოდვა იმწუთას ეპატია, მაგრამ მთელი ცხოვრება მის გამო განისწავლებოდა. ჯერ იყო და, მისმა შვილმა მის ასულ თამართან შესცოდა4. შემდეგ, ბერსაბეს შვილი მოკვდა5, აბესალომმა განდევნა და მის მხევალ ქალებთან იმრუშა6. ეს ყველაფერი მას შემდეგ შეემთხვა, რაც ცოდვა მიეტევა. ხედავ? თუმცა მიეტევა ცოდვა, ეპიტიმია დანაშაულის სიმძიმის მიხედვით იტვირთა. არ გახსოვს წმიდა თეოდორა ალექსანდრიელი, რომელიც ბერივით ცხოვრობდა? შესცოდა, გაიქცა, შეინანა, წმიდანი გახდა, მაგრამ მრუშობის გამო არ ჰქონდა გადახდილი. როდესაც ცილი დასწამეს და განდევნეს და უცხო ბავშვი აღზარდა, მხოლოდ თვითონ იცოდა, რატომ [დაუშვა ღმერთმა] ეს ცილიწამება.
დიდი ეფრემ ასური წმიდანი იყო და ციხეში ჩასვეს ხბოს ქურდობისთვის. „კიო– უთხრა უფალმა. – ახლა არ მოგიპარავს, მაგრამ ბავშვობაში რომ შეხსენი პირუტყვი და ნადირის საკბილო გახდა?!“ ერთი სიტყვით, ადამიანს ცოდვა მიეტევება, მაგრამ მისი წარმოსახვა და მოქმედება რჩება.
როგორც ჩანს, ცოტა უდებებას მიეცი თავი და ამიტომაც მბრძოლი გეკვეთა, რათა გამოფხიზლდე.
მწერ, რომ გულისსიტყვა გაქვს სულიერი დედის წინააღმდეგ. ამისი შხამიანი გველივით გეშინოდეს, რამეთუ ჩვენს თაობაში საშინელი ძალა აქვს. სჯობს ღმერთს აწყენინო, ვიდრე იღუმენიას. რამეთუ, თუ ღმერთს აწყენ, სულიერი დედა შეგარიგებს მასთან, მაგრამ თუ იღუმენიას აწყენ, მაშინ ღმერთსაც სწყინს. შესაბამისად, ვინღა გიშუამდგომლებს? სწორედ ამას ცდილობს ბოროტი, რომ სულიერი დედის წინააღმდეგ გულისსიტყვები მოგაწოდოს, რათა მადლი, რომელიც გფარავს, განგშორდეს, ცოდვაში ჩაგაგდოს. შემდეგ კი, უმოწყალოდ გგვემოს. ამიტომაც, თუ გიყვარვარ, დაიმარხე ჩემი სიტყვა და არასდროს დაუშვა, რომ იღუმენიას წინააღმდეგ გულისსიტყვამ დაიბუდოს შენში, არამედ მყისვე განაგდე, როგორც შხამიანი გველი.
ასევე, რაც შეეხება წიგნს, რომელიც ითხოვე – შენი ცხონებაც რომ იყოს, თითქოსდა მასზე დამოკიდებული, თუ ისე აიღებ, რომ სულიერ დედას არ დაეკითხები, მრუშობად გეთვლება ღმერთის წინაშე. მოკლედ რომ ვთქვათ, არც ლოცვა და არე მოწყალება სულიერი დედის ლოცვა-კურთხევის გარეშე! გაიხსენე, რომ საული, რომელიც ღმერთმა მთელი ისრაელის მოდგმიდან გამოარჩია და მეფედ სცხო, იმის გამო, რომ სამუელის სიტყვას არ დაემორჩილა და საუკეთესო ნადავლი მსხვერპლშეწირვისთვის გადაინახა, ღმერთმა მოსრა და წინასწარმეტველის პირით შეუთვალა: „მორჩილება სუფთა მსხვერპლზე უკეთესია“7.
შეგნებულად მლოცველი არის ის, ვინც იცის, რისთვის ლოცულობს და რას სთხოვს ღმერთს. შეგნებულად მლოცველი ბევრს არ ლაპარაკობს, ზედმეტს არ ითხოვს, არამედ იცის, სად, როდის და როგორ ითხოვოს თავისი სულისთვის შესაფერისი და სასარგებლო. შეგნებულად მლოცველი ქრისტეს მიმართ საწადელს აღწევს. ებღაუჭება და არ უშვებს, ეუბნება: „არ გაგიშვებ უკუნისამდე!“8.
თუ მადლი მანამ მოვა, სანამ ადამიანი განიწმინდება, მაშინ უნდა გამოიჩინო ყურადღება და გქონდეს სუფთა გონება, რამეთუ სამნაირად იყოფა მადლი: განმწმედელად, განმანათლებლად და სრულმყოფელად. სამადვე იყოფა ადამიანის ცხოვრების წესიც: ბუნებრივად, ზებუნებრივად და ბუნების საწინააღმდეგოდ. ამ სამ ეტაპზე ადი-ჩადის [ადამიანი]. სამია აგრეთვე დიდი ქარიზმა* (ნიჭი), რომელსაც [ადამიანი] იღებს: [ღმერთის] ხედვა** (ჭვრეტა), სიყვარული, უვნებობა. პრაქტიკულ მოღვაწეობაში განმწმედელი მადლი შეგვეწევა, რომელიც გულის გასუფთავებაში გვეხმარება, და თითოეულს, ვინც სინანულს იწყებს, სწორედ მადლი უბიძგებს სინანულისკენ და რასაც აკეთებს, მადლის მოქმედებით აკეთებს, მაგრამ თვითონ ეს არ იცის. სწორედ იგი*** (მადლი) კვებავს მას და წინ მიუძღვის. და წინსვლისდა მიხედვით, ადის ან ჩადის [სულიერ კიბეზე]. ან იმავე მდგომარეობაში რჩება. ხოლო თუ კაცს მოშურნეობა და თავგანწირვა აქვს, მაშინ [ღმერთის] ჭვრეტაში ადის, რასაც საღმრთო შემეცნებისმიერი განათლება და ნაწილობრივი უვნებობა მოსდევს, და ბუნებრივ მდგომარეობაში სწორად მიაბიჯებს.
ის, ვინც ლოცულობს, ცოდვათა მიტევებას ითხოვს, უფლის წყალობას ითხოვს, ხოლო თუ დიდ რამეებს ითხოვს, თანაც, თავის დროზე ადრე, უფალი ამას არ აძლევს, რადგან ღმერთი [ყველაფერს] წესრიგითა და მიმდევრობით გვაძლევს. და თუ თხოვნით შეაწყენ, მაშინ დაუშვებს ცდომილების სულს, რომელიც მადლის მოქმედებას ბაძავს, და შეგაცდენს და სხვის მაგივრად სხვა რამეს გიჩვენებს. ამიტომაც არაა სასარგებლო, რომ კაცმა ზომაზე მეტი ითხოვოს. რომც შეისმინოს მისი ღმერთმა მანამ, სანამ გაიწმინდება, ანუ როდესაც ჯერ კიდევ ამის ჯერი არ მოსულა [მოცემული მისთვის], გველებად იქცევა და ვნებს.
შენ სუფთა სინანული იქონიე, სრული მორჩილება გასწიე და მადლი. თვითონ მოვა ისე, რომ არც ითხოვ. ადამიანი, თითქოს ჩვილი ღუღუნებდეს, ღმრთისგან მის წმიდა ნებას ითხოვს. ღმერთი, როგორც კეთილი მამა, მას აძლევს მადლს, მაგრამ განსაცდელებსაც აძლევს. თუ განსაცდელებს უდრტვინველად მოითმენს, მადლს იღებს, დამატებით. რამდენადაც უფრო მეტ მადლს იღებს, იმდენად იმატებს განსაცდელებიც. ეშმაკები, როდესაც შენთან შეჭიდებას აპირებენ, იქიდან კი არ მოგიახლოვდებიან, საიდანაც უდრტვინველად სძლევ, არამედ სინჯავენ, სად გაქვს სუსტი წერტილი, სად არ ელი სრულიად, და სწორედ იქიდან ეძებენ ციხესიმაგრეში შესაძრომ ხვრელს. ხოლო როდესაც უძლურ სულსა და სუსტ ადგილს იპოვიან, გამუდმებით იქ იმარჯვებენ და კაცს დამნაშავედ ხდიან.
ღმრთისგან მადლს ითხოვ? მადლის მაგივრად განსაცდელს უშვებს. ბრძოლას ვერ უძლებ და ეცემი? არ მოგეცემა მადლის შემატება. ისევ ითხოვ, და ისევ განსაცდელი. ისევ გამარჯვება, [ან] ისევ დაკლება. მთელი ცხოვრება. ერთი სიტყვით, გამარჯვებული უნდა გამოხვიდე. განსაცდელს სიკვდილამდე უნდა გაუძლო. ბრძოლაში, მკვდარივით დაეცი, დაგდებულმა და პარალიზებულმა იყვირე: „არ შეგეშვები, უტკბილესო, არც მიგატოვებ9. შენთან განუყრელი ვიქნები უკუნისამდე, ხოლო შენი სიყვარულისთვის ბრძოლის ველზე დავლევ სულს!“ ისიც იმწუთას წარმოდგება ასპარეზზე და ქარიშხალის მიერ გეძახის: „აქ ვარ10! მოირტყი სარტყელი კაცურად და გამომყევი“. შენ კი, ნათლითა და სიხარულით სავსე, ამბობ: „ვაი მე, უბადრუკს! ვაი მე, მზაკვარსა და უხმარს! აქამდე [მხოლოდ] ხმა მესმოდა, ახლა კი თვალთა ჩემთა გიხილეს. და ვაყვედრე ჩემს თავს და შევინანე, თავი მიწად და ნაცრად შევრაცხე“11.
მაშინ საღმრთო სიყვარულით ივსები და შენი სული კლეოპას გულივით განგიხურდება, ხოლო განსაცდელის დროს არ მიატოვებ სამოსს და შიშველი არ გაიქცევი12, არამედ გაჭირვებას უძლებ და ამბობ: „როგორც ერთმა და ორმა განსაცდელმა ჩაიარა, ასევე ჩაივლის ესეც". მაგრამ თუ წყრები და დრტვინავ და არ ითმენ განსაცდელებს, მაშინ, იმის მაგივრად, რომ გაიმარჯვო, ვალდებული ხარ განუწყვეტლივ სინანული იქონიო დღის შეცდომების გამო, იმ მოუთმენლობის გამო, რომელიც გამოიჩინე, და იმის მაგივრად, რომ მადლი შეგემატოს, გასაჭირს იდიდებ. ამიტომაც ნუ ხარ მხდალი, ნუ გეშინია განსაცდელების. მრავალჯერაც რომ დაეცე, ადექი. ცივსისხლიანობას ნუ დაკარგავ, იმედს ნუ გადაიწურავ, მანამ, სანამ ფეხზე არ დადგები. ყოჩაღად იყავი, მე მიპყრიხარ. როგორც კი შეცდომა მოგივა, იმწუთას მეტანია გაუკეთე ხოლმე [ვისაც დაუშავე] – დროს ნუ წელავ, რამეთუ, რაც უფრო გადადებ პატიების თხოვნას, მით უფრო მეტ უფლებას აძლევ ბოროტს, რომ კლანჭები ჩაგასოს.
გულისსიტყვას ნუ დამალავ, რადგან ამით მტერს ახარებ და შენ წინააღმდეგ აძლიერებ. [პირიქით,] იმწუთას აღიარე გულისსიტყვა და სინანული იქონიე. ხოლო ეშმაკის მიერ მოწოდებულ გულისსიტყვებს სულიერი დედის წინააღმდეგ [მისდამი] სიყვარულით ებრძოლე.
გველის ნუ გჯერა. არასდროს არ ამბობს სიმართლეს. სატანის მიზანია მოძღვრის ან იღუმენიას წინააღმდეგ გულისსიტყვები ჩაგიდოს.
როდესაც ამ ყველაფერს გაივლი – რასაც პრაქტიკული მოღვაწეობა ეწოდება – მადლის შეწევნით, რომელიც განგწმენდს ყველა ვნებისგან, [მაშინ] გონება საღმრთო განათლებას იგემებს და ჭვრეტაში მიიწევს. პირველი ჭვრეტა კი ქმნილებათა ჭვრეტაა – რომ ღმერთმა ყველაფერი ადამიანისთვის შექმნა, ანგელოზებიც კი, რომლებიც მისვე სამსახურში ჩააყენა. რა ღირებულება, რა დიდებულება, რა დიდი დანიშნულება აქვს ადამიანს, ღმერთის ამ სუნთქვას, არა იმისთვის, რომ აქ იცხოვროს თავისი გადასახლების ორიოდე დღე, არამედ რათა მარადიულად იცხოვროს თავის შემოქმედთან ერთად, რათა საღმრთო ანგელოზებს ხედავდეს, მათ გამოუთქმელ მელოდიას ისმენდეს! რა სიხარული! რა დიდებულება! როგორც კი დასრულდება ეს ცხოვრება და ეს თვალები დაიხუჭება, სხვა გაიხსნება და დაიწყება ახალი ცხოვრება, ნამდვილი სიხარული, რომელსაც უკვე ბოლო აღარ ექნება!
ამგვარზე ფიქრით გონება ღრმა მშვიდობაში იძირება, ხოლო მთელი სხეული წყნარდება და კაცს სრულიად ავიწყდება, რომ ამქვეყნად არის. ამგვარი სულიერი ხედვები, ჭვრეტები ერთი მეორეს მოენაცვლება. ადამიანი რაღაცას კი არ წარმოისახავს, გონებით კი არ ფანტაზიორობს, არამედ მდგომარეობაა ასეთი, მადლისმიერი, რომ გონება ასე ჭვრეტს და ამითაა დაკავებული. ადამიანი თვითონ არ ქმნის ამას, არამედ თავისით მოდიან და გონებას ჭვრეტაში აღიტაცებენ. და მაშინ განივრცობა გონება და სულ სხვანაირი ხდება: ნათდება, მისთვის ყველაფერი ღიაა, სიბრძნით ივსება და როგორც შვილი, განაგებს მამის ქონებას. [იმავდროულად] იცის, რომ არაფერია, თიხაა, მაგრამ მეფის შვილიცაა. არაფერი აქვს, მაგრამ ყველაფერი აქვს. ღმრთისმეტყველებით ივსება. განუძღომლად და სრული შეგნებით გაიძახის და აღიარებს, რომ მისი არსება არის ნული, წარმომავლობა – თიხა, ხოლო მაცოცხლებელი ძალა, სული, ცაში აფრინდება [და ამბობს]: „ღმერთის შთანაბერი, სუნთქვა ვარ. [სხვა] ყველაფერი დაიშალა, დედამიწაზე დარჩა, რისგანაც შეიქმნა. მარადიული მეფის შვილი ვარ, მადლით ღმერთი ვარ, უკვდავი ვარ და მარადიული, ერთ წუთში ჩემს ზეციერ მამასთან ერთად ვიქნები“.
ეს არის ადამიანის ნამდვილი დანიშნულება. ამისთვის შეიქმნა, და ვალდებულია დაბრუნდეს იქ, საიდანაც გამოვიდა. ამგვარი ჭვრეტებითაა დაკავებული სულიერი ადამიანი და ელის იმ ჟამს, როდესაც მიწას დატოვებს და ცაში გაფრინდება.
ასე რომ, გამხნევდით და ამ სასოებით მოითმინეთ ყველა ტკივილი და მწუხარება, რამეთუ მალე – რამდენი უნდა ვიცხოვროთ კიდევ? – ამ ყველაფრის ღირსები გავხდებით. ყველა ჩვენგანისთვის თანასწორადაა განკუთვნილი. ყველანი ღმერთის შვილები ვართ. გინდ კოჭლი იყოს, გინდ ცალხელა, გინდ ბრმა, გინდ პარალიზებული, გინდ მუნჯი – მაინც ღმერთის შვილები ვართ. მას მოვუხმობთ დღედაღამ და ჩვენს ტკბილ დედიკოს, რომელიც, ვინც მას მოუწოდებს, არასდროს მიატოვებს.
გთხოვ, გვერდების ნომრებს, ციფრებს მიაქციო ყურადღება. ფურცლებს შეცდომით დავაწერე. გთხოვ, ციფრებს მიჰყვე, რამეთუ, სიჩქარით თუ განსაცდელის* (აქ: ეშმაკის) შეწევნით, ორივე ქაღალდი შეცდომით დავწერე და ამიტომაც ვავსებ ახლა ცარიელ ადგილს. კითხვის დროს გვერდების ნომრებს, ციფრებს მიჰყევი და არა ფურცელს.
რაც შეეხება ხატებს, ვუთხარი, სად უნდა გამოაგზავნონ. უთხარით, რომ ახსოვდეს და ელოდოს. არ ვიცი – საბაჟოში გამოაგზავნიან? ფოსტაში? როგორც არ უნდა იყოს, გამოაგზავნიან. მგონია, თანასის* (მ. ათანასეს) უთხრეს 610,000 (ექვსას ათი ათასი) ჯდებაო.
თქვენც გადაამოწმეთ: ერთხელ, როდესაც ვუკვეთავდი, რაღაც მოგწერეთ მამა სიმეონისთვის ამის შესახებ. ახლა აღდგომას გამოგივლით და უთხარით. სხვა ხატმწერებიც არიან. შეგიძლიათ ერთი დაახატვინოთ და თუ მოგეწონათ, მერე მეორეც. ფული მათ გაუგზავნეთ ქვითრით შემდეგ მისამართზე: „მღვდელმონაზონ ანანია ხატმწერს, პატიოსანი ჯვარი, წმიდა ანა, დაფნი. წმიდა მთა“.
მოძღვარს ჩემგან მეტანია გადაეცით. მოვიკითხავ იღუმენიასა და ყველა დას.
რადგან სულ ავად ვარ, ამიტომაც მოგწერე, სიკვდილი მალე მოვა-მეთქი, მაგრამ, რადგან არ მიშვებ, [კიდევ] მოვითმენ.
ისევ და ისევ მთელი სულით ვლოცულობ შენთვის.
უკანასკნელი მ. იოსები
[58] მონაზონ ბრიენას
წმიდა მთა, 1/4/1949
ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა, ჩემო ნაშობო წმიდაო, მთელ თქვენს წმიდა კრებულთან, უფრო სწორად კი, სულიერ კეთილსურნელებასთან ერთად – გისურვებთ, რომ ყველანი ორმხრივ ჯანმრთელნი იყოთ, სულითაც და სხეულითაც.
შვილო, მივიღე ეპისტოლე, მაგრამ ძველი, ანასტასიას წერილთან ერთად რომ გამოაგზავნე, ის. მე კი ოთხი ეპისტოლე მაქვს გამოგზავნილი და ვწუხვარ, იქნებ დაიკარგა, რამეთუ ყველა სულიერი იყო. ერთ-ერთი მათგანი ორი დიდი თაბახის ფურცელი იყო, ანასტასიას შესახებ რომ მეკითხებოდი, იმაზე გაგეცი პასუხები.
აცალეთ, რომ ყველაფერი სუფთად* (აქ: გულწრფელად) დაწეროს, ზოგადი აღსარება, როგორც მოგწერეთ კიდეც, რადგან, როგორც ჩანს, აქვს ცოდვები, რომლებიც აღსარებაში სირცხვილის თუ მორიდების გამო არ უთქვამს მოძღვრისთვის, და ამიტომაც განსაცდელმა ფეხი მოიკიდა.
ათანასეზე რომ წერ, ამან თქვენ ყველას სიფრთხილისა და გამოსწორების საბაბი უნდა მოგცეთ, მორჩილებისა და სიმდაბლის, განსაცდელების მოთმინებისა, ისევე, როგორც ყველანაირი სამწუხარო შემთხვევისა, რომლებსაც ღმერთი უშვებს. რამეთუ მონაზონი, მას მერე, რაც ღმერთი მას მსოფლიოდან** (საერო ცხოვრებიდან) გამოიყვანს – მადლია ის, ვისაც იგი გამოჰყავს – რასაც აკეთებს, მადლის მიერ აკეთებს, რომელიც სატყუარასავით შედის მის სულში და გამოჰყავს ერიდან. მაგრამ მაშინვე, დასაწყისში არ უჩვენებს არც საკუთარ ვნებებს, არც [მომავალ] განსაცდელებს, მანამ, სანამ მონაზონი არ გახდება და ქრისტე მას თავისი შიშით არ შეკრავს.
თუ კაცი ამასობაში იყოჩაღებს და მოასწრებს, სწორი მოღვაწეობით [სულიერი] კელაპტარი აანთოს, მაშინ, როდესაც მადლი მიიმალება და განსაცდელები მოვა, [ეს ლამპარი] არ ჩაქრება. თუ არა და, როდესაც მადლი წავა, თავის ჩვეულებრივ მდგომარეობაში დაბრუნდება და, იმისდა მიხედვით, თუ რა ვნებები ჰქონდა ერში, შესაბამისი განსაცდელები აღუდგება და იმ [ცუდ) ჩვევებს აღუძრავს, რომლებსაც [მანამდე] ემსახურებოდა და ემონებოდა.
არსებობენ სულები, რომლებსაც რბილი ხასიათი აქვთ და ადვილად მორჩილებენ, ადვილად იციან გაგონება. არსებობენ სულები, რომლებსაც უხეში ხასიათი აქვთ და ადვილად არ შეუძლიათ მორჩილება. მათ შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც ბამბასა და რკინას შორის. ბამბას სიტყვის ოდენ წასმა ყოფნის, რკინას კი ცეცხლი და განსაცდელების ღუმელი სჭირდება, რომ დამდაბლდეს, მაგრამ განსაცდელების დროს მოთმინება უნდა იქონიოს, რათა განიწმინდოს. როდესაც მოთმინება არ აქვს, უზეთო ლამპარს ჰგავს – სრულიად ქრება და იკარგება.
ერთი სიტყვით, თანასის ისეთი ხასიათი აქვს, რკინაზე უხეშია. მონაზონი გახდა – ერთ წელიწადში მადლი განეშორა, [ანუ] მოუწია ასპარეზზე მალევე გასულიყო. იმწუთას ხელი აიღო მორჩილებაზე, მოთმინებასა და ბრძოლაზე. ვერ იბრძოლა, რომ გამარჯვებული გამოსულიყო, არამედ იარაღი დაყარა და იმის ვაება დაიწყო, თუ რატომ გახდა მონაზონი. ვეძახდი, ვუღაღადებდი, ის კი მეუბნებოდა, მიედ-მოედებიო. ურჩობა ურჩობაზე – ისეთ მდგომარეობას მიაღწია, რომ ეშმაკი ტანსაცმელივით შეიმოსა. სავსებით წაართვა ლოგიკური მსჯელობის უნარი, დაეუფლა გულს, გონებას, აზროვნებას – თავიდან ბოლომდე ეშმაკი დაეუფლა. მისი გონება კეთილ გულისსიტყვას ვეღარ შობს. მთელი ღამე ვლოცულობ და ვეძახი უფალს: „ან ისიც აცხოვნე, ან მეც წამშალე. არ მინდა სამოთხე!“ ის კი მთელი ღამე ჩემს წყევლაშია და გაიძახის, თავს მოვიკლავო. დღედაღამ სხვა არაფერი ამოსდის პირიდან, გარდა ამისა: „მეხი დამამხე, მიწა გახეთქე, ცეცხლი მესროლე, რომ მოვკვდე. თუ შენ არ მომკლავ, თავს დავიხრჩობ, თავს ავიჩეხავ. ცეცხლი მესროლე!“ ამიტომაც მოგწერეთ, ლოცვებით უდგას-მეთქი სული. ღმერთიც არ დაუშვებს, რომ რამე უბედურება შეემთხვას. ასე მაუწყებს (ღმერთი]. რატომ? რომ იცოდეთ, რა ლოცვები აღევლინება მისთვის. ცეცხლს აფრქვევს. იმ წუთებში ყველა ეშმაკი ერთად იკრიბება, ცეცხლის ოხშივარი ასდით, თვალებიდან ალი გამოსდით. იწვიან და მასთან მიდიან, რომ დაახრჩონ: „ახლა კი, თავი მოიკალი, – ეუბნებიან, – ნუ ჰყოვნი, მოძღვარი დაგცინის“. მაგრამ იმწუთას ტოვებენ და გარბიან, ხოლო (თანასი) გონს მოდის. მაგრამ ისევ ნება-სურვილი და ისევ ურჩობა, არ იგონებს. ეფერები, ეალერსები, რათა დაატკბო, ის კი გეუბნება: „ყველა შენი სიტყვაცა და საქმეც ტყუილია“. ისევ მოუხმობ, ის კი ისევ მოგაძახებს: „ახლა თავი უნდა მოვიკლა, ახლა თავი უნდა დავიხრჩო“. და ისევ ლოცვა. ყველა ეს წელი ასე გრძელდება. ღმერთმა მრავალჯერ მიჩვენა, რომ იგი სრულიად მკვდარია [სულიერად]. ეს იმ დროს ხდება ხოლმე, როდესაც ცოტა დაეყუდება და მონაზონივით ცოტა ლოცვას მოინდომებს. ხოლო გარეთ როცა დაიარება, არავინ იცნობს13. გარეგნულ, პრაქტიკულ საქმეებს ზუსტად და გონივრულად მართავს, თუმცა ახლა გარეთაც სული ეხუთება, რადგან სრულიად არ იგონებს. ამიტომაც გითხარით, ილოცეთ-მეთქი, რომ ძალიან მეხმარებით. [უფლისგან] მეუწყება, როდესაც გულით, სულიერი ინტერესით ლოცულობთ მისთვის.
ეს ყველაფერი არანაირი სხვა მიზნით არ დამიწერია, გარდა იმისა, რომ სიფრთხილისკენ მოგიწოდოთ, რომ თქვენს სულიერ წინამძღოლებს ბრმად დაემორჩილოთ, რათა იგივე არ დაგემართოთ. ვინმე ადამიანს კი არ ვეომებით, რომელიც შეიძლება მრავალნაირად მოკლა, არამედ ბნელეთის მთავრობებსა და ხელმწიფებებს14. ფუნთუშებით კაცი მათ ვერ მოერევა, არამედ ცრემლთა ნიაღვარია საჭირო, გულისტკივილი სიკვდილამდე, უკიდურესი სიმდაბლე და უდიდესი მოთმინება; სისხლი გდიოდეს, ხოლო ლოცვით ძალგამომცლილი კვირების განმავლობაში ლოგინად ჩავარდე, როგორც მძიმედ დაავადებული.
ყველა იმ განსაცდელზე, რომლებიც ცხოვრებაში გამოვცადე, თანასის განსაცდელი ათასჯერ უფრო დიდია. ცხოვრების ნახევარი წამართვა. მტკიცედ მწამს ოღონდ, რომ ცუდი არაფერი შეემთხვევა15. მაგრამ როდესაც მთელი ღამე მისთვის ვლოცულობ, დღისით დასვენება მჭირდება, რადგან მთელ ჩემს გონებისმიერ ძალებს ვხარჯავ. თანაც, ერთადერთხელ მაინც რომ გაეგონა ჩემი და მოთმინებისთვის მოეხმო, სრულიად გამოჯანმრთელდებოდა. მაგრამ, დაეწყება თუ არა ბრძოლა, იარაღს ყრის და მეც მწყევლის და ყველასაც, და იმდენს გაიძახის, თავს მოვიკლავო, რომ [გამოთქმები] „ანათემა“ და „თავს მოვიკლავ“ გაუჯდა. ამას გაიძახის შიგნიდან. როგორც ჩვენ იესოს ლოცვას ვამბობთ შიგნით, ის „ანათემას“ ამბობს. ვეუბნები: „მხოლოდ ერთხელ ამისრულე სურვილი და მოითმინე“, მაგრამ არ შეუძლია. დაპყრობილია. ამიტომაც თქვენც შიში გქონდეთ, თავი აიძულეთ და ყურადღებით იყავით, და ილოცეთ, რათა განსაცდელში არ შეხვიდეთ16. თანასიმ ამბა ესაიას და ამბა პაისის მოწაფეებსაც გაასწრო: ეტყვი თუ არა რამეს მორჩილებაზე, შენც ანათემას გადაგცემს და მორჩილებასაც. მხოლოდ ერთს ეძიებს – რომ მკრეხელობა წამოსცდეს და ღმერთმა ცეცხლი სტყორცნოს და დაწვას (რადგან მკრეხელობა ღმერთს განარისხებს). რაც დავწერე კმარა იმისთვის, რომ შიში გქონდეთ და სულიერ დედას არ ეურჩოთ.
რაც შეეხება [დიდ] სქემაზე შენს კითხვას. სულიერი ცოდნა მოძღვრავს ადამიანს. სწორედ ეს უჩვენა ანგელოზმა საღმრთო პახუმს17. მანამდე, ქრისტიანობის პირველ ხანებში, ქალწულებით ცხოვრების მსურველნი სამი წელიწადი გამოცდას გადიოდნენ, შემდეგ კი მათთვის სურნელოვანი ყვავილებისგან გვირგვინს წნავდნენ, მღვდელმთავარი ლოცვებს უკითხავდა, როგორც ქრისტეს სარძლოებს (ამის ნაცვლად დღეს სქემის ლოცვებია), ხოლო როდესაც გარდაიცვლებოდნენ, ამ გვირგვინებს საფლავში აყოლებდნენ. რასაც ვხედავთ წმიდა აგნიას18, ბრმის, ასევე, მოწამე კიკილიას19 ცხოვრებაში, რომელმაც ეკლის გვირგვინი მიიტანა, რასაც წმიდა სებასტიანე წერს. ერთი სიტყვით, ამაზე მოვრჩი.
ახლა სქემა საიდუმლოა, ისევე, როგორც ჯვრისწერის გვირგვინები. შენ გვირგვინის მაგივრად სქემა გმოსია, რამეთუ ქრისტეზე დაქორწინდი და სიკვდილამდე ქალწულება აღუთქვი. მოკვდავ ქორწინებაში გვირგვინებს იდგამენ [ცოლ-ქმარი] და ერთმანეთს ერთგულებას ჰპირდებიან სიცოცხლის ბოლომდე. ნუთუ შეუძლიათ თავიანთი გვირგვინები სხვებს მისცენ, რათა მათაც იმავე გვირგვინებით იქორწინონ? არა, არამედ, როდესაც გარდაიცვლებიან, საფლავში აყოლებენ20. მაშ, როგორ აძლევ შენს გვირგვინს სხვას, რომ სხვა დაქორწინდეს, ან როგორ აჩუქებ სხვას? არ არის სწორი საქციელი. რადგან არ იცოდით, მართლები ხართ, მაგრამ ნუღარ მოხდება.
ღმერთმა ადამიანები სამ დასად დაჰყო: ერთს ხუთი ტალანტი მისცა, სხვას – სამი21, ხოლო უკანასკნელს – ერთი. პირველს ყველაზე მაღალი ნიჭები და ქარიზმები აქვს, მისი გონება ყველაზე მეტს იტევს, და ეწოდება ღმრთივნასწავლი, რამეთუ ღმერთისგან პირდაპირ იღებს, სხვათაგან სწავლის გარეშე. ძველად ასეთები იყვნენ ანტონი დიდი, ონუფრე, ღირსი მარიამი (ეგვიპტელი) და კირილე ფილველი22, ლუკა სტირიელი23 და უამრავი სხვა, რომლებიც წინამძღოლთა გარეშე გახდნენ სრულყოფილები.
სხვას დამრიგებელი სჭირდება იმისთვის, რომ შეძლოს. მესამე კი, რომც მოისმინოს და რომც ისწავლოს, მაინც მიწაში დაფლავს, საერთოდ არ შეუძლია. ამიტომაცაა რომ არსებობს განსხვავება ადამიანთა, ბერთა და მონაზონთა შორის.
ახლა აქედან ახალ თემას ვიწყებ. ყოველთვის მწერ, რომ გული გამიწყალე. მე კი გეტევი, რომ, მას მერე, რაც ამ ნეტარ მონასტერში მიხვედი, ნეტარი გახდები, თუკი ბოლომდე მოთმინებას და სრულ მორჩილებას იქონიებ. შემუსრე საკუთარი აზროვნება, ეგოიზმი და ამპარტავნება, და ქრისტეს უღელს მოუდრიკე, და მეც ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები. როგორც კი შენ ამ მონასტერს შესწირე თავი, მეც შენთან ერთად შევწირე საკუთარი თავი, და სიკვდილამდე დავიცავ სულიერად მონასტრის ინტერესებს, ზიარი ვიქნები თქვენი მწუხარებისა და სიხარულისა. თუკი ამდენ და ამდენ ადამიანზე ვზრუნავ და განუწყვეტლივ ვწერ, თქვენზე – ჩემს ნამდვილ დებზე არ ვიზრუნებ, თანაც, როდესაც თქვენმა მოძღვარმა ეს მორჩილება დამაკისრა? ჩემთვის საკმარისია ის, რომ რწმენა და სიყვარული გქონდეთ ჩემდამი, როგორც სულიერი ძმისადმი, რათა სულიერი სარგებელი მიიღოთ. ჩემს სახეს ვერასდროს იხილავთ. ჩემი სიტყვებით არ დაგაზიანებთ. მთელი ჩემი სულით ვიზრუნებ, რომ სარგებელი მოგიტანოთ. რასაც ვერ გააკეთებთ, უფრო დაბლა ჩამოვალ ხოლმე. სადამდეც მომწვდებით, იქ დავდგები, რომ მომწვდეთ. ისევ მე გამოვიქცევი, ისევ მე დაგიძახებთ. თუ დაიქანცებით და უკან მიბრუნდებით, მე ვიდგები. თუ დაისვენებთ, მე დაგელოდებით. თუ ისევ გენდომებათ, გაიქცეთ, მეც ისევ გავიქცევი. თუ ვინმე სულით კოჭლია, მხრებზე მოვიკიდებ, მანამ, სანამ არ მივაღწევთ იმ მიზანს, რომლისთვისაც ვართ მოწოდებულნი.
ოღონდ თქვენც ილოცეთ ჩემთვის, რამეთუ მრავალი სული მთხოვს დახმარებას. და მერწმუნეთ, რომ თითოეული სულისთვის იმ ბრძოლას განვიცდი, რაც მას აქვს. თუ ჩემზე რამე ცივ სიტყვას მოისმენთ, ნუ დაუჯერებთ, არამედ დაძმური სიყვარულით მკითხეთ: „ასეთი რამ გვითხრეს, ასეთი რამ გავიგეთ“, მე კი სრულიად გულწრფელად და ღმრთის შიშით სიმართლეს გეტყვით ღმერთის შეწევნით. ტყუილს ერთხელაც არ გეტყვით. რამეთუ დღეს აქ ყველა მონაზონს სხვანაირი აზროვნება აქვს, არ მიჰყვებიან იმ გზას, რომელიც წმიდა მამებმა გაიარეს. ამის გამო უთანხმოება არსებობს და ადვილადაც განიკითხავენ. ხოლო როდესაც თქვენ დაძმური შეუორგულებელი სიყვარული გაქვთ, უმცროსი კითხულობს, უფროსი კი უვნებოდ და დიდი სიყვარულით ასწავლის.
ფრთხილად იყავით, გთხოვთ, ვინიცობაა მამა მაქსიმეს აზროვნებას არ აჰყვეთ. რამეთუ არ არის ღმრთისმიერი. ღმერთის შიშით გაუწყებთ რაღაცას, ოღონდ მის დედას და დას ნუ ეტყვით, რომ გული არ წაუვიდეთ. როდესაც დანარჩენ მამებს გამოეყვნენ, შემდეგი რამ ვიხილე: ორი გზა იყო, რომლებიც მამებმა დაგვისახეს – ასკეტური [მოღვაწეობის] და კინობიალური [მონასტრების]. ხოლო მაქსიმე არც ერთს დაადგა, არც მეორეს, არამედ თქვა, მე ასე წავალო და ერთ დაღმართს ჩაუყვა, რომელსაც ტყე-ღრით ზღვასთან ჩაჰყავდა. ვიღაც იდგა ჩემ გვერდით და მითხრა: „ხედავ ამას? ფსკერზე დაეშვება“. მყისვე წმიდა ბასილის სკიტში აღმოვჩნდი, ზემოდან ერთ მწვერვალზე ვიდექი, და საშინელი ხანძარი დავინახე, რომელიც მთელ სკიტს მოედო. შეწუხებულმა ვიკითხე: „ვინ დაანთო ეს ცეცხლი და წვავს მთელ სკიტს?" და ვიღაცამ მიპასუხა: „მღვდელმონაზონმა გერასიმემ დაანთო, რადგან თავისი აზრის გატანა სურს".
ამიტომაც გითხარით, რომ არ აქვს ღმერთისმიერი აზროვნება, არამედ მარჯვნიდან24 დაგებული მახეა. მე არასდროს გთხოვთ რამე მატერიალურს. თქვენგან მატერიალური დახმარება არ მჭირდება, რომ თქვათ, ხეირი აქვს ჩვენგან და იმიტომ ვუყვარვართო. არამედ თქვენი სულებისთვის გეუბნებით, რომლებიც გულწრფელად მიყვარს. მაგრამ მე ყველა მიყვარს, ყველას მიმართ კეთილგანწყობილი ვარ, თუმცა ამდენი განსხვავებული აზროვნება არსებობს, და თითოეული, ვისაც ველაპარაკები, თვლის, რომ მისიანი ვარ. არავის წარვუკვეთ სასოს, თუნდ ვიცოდე, რომ ცდება. რადგან ვიცი, რომ, რომც დაველაპარაკო, არ გამიგონებს, რაღატომ შევაშფოთო და მეც რისთვის დამწყდეს გული? გთხოვთ, ამას ნურავის ეტყვით, რათა მაქსიმეს ყურამდე არ მივიდეს, არც მას არგებს ეს და უფრო მძიმედაც შეცოდავს, რამეთუ, რაც ენაზე მოადგებათ, ყველაფერს იტყვიან. მაშინ კი, ვისი ცოდვა იქნება, თუ ჩვენ გავხდებით მიზეზი იმისა, რომ სხვებმა ჩვენზე აუგად ილაპარაკონ და განგვიკითხონ?
მე ჩემს თავზე არ ვდარდობ – რაც არ უნდა თქვან ჩემზე, გინდ შემაქონ, არ მაწუხებს – მაგრამ მათთვის ძალიან ცუდი იქნება. ამიტომაც ჩვენ ნუ გავხდებით მიზეზი სხვისთვის, არამედ შევეცადოთ საკუთარი თავი დავიცვათ, რომ არ შევცდეთ.
სულიერზე კმარა. ათანასესთვის სიყვარულით ილოცეთ და ერთ მშვენიერ დღეს ან მშვიდობით მოკვდება და სამოთხეში წავა, ანდა ეშმაკები, რომლებიც [ახლა] მასზე მოქმედებენ, დასკდებიან.
ხატები უკვე ჩამოგივიდათ. თუ რამეა დაზიანებული, მომწერეთ, რომ ვუთხრა.
თქვენც მოიშენეთ ძროხები, რათა რძე სვათ, ყველი გქონდეთ. ქათმებიც გყავდეთ, რომ, როცა იჭმევა25, [კარგი] საკვები გქონდეთ, რათა სულიერი მოღვაწეობა შეძლოთ, სულიერი მოვალეობები შეასრულოთ, მარხვა შეგეძლოთ, როცა ორმოცდღიანი მარხვებია. ჩვენც აქ ყველაფერი საკმარისად გვაქვს.
აქ ერთი ცდომილება გავრცელდა, რომელმაც თითქმის ყველა დაიპყრო, ცოტანი არიან, რომლებიც არ აჰყვნენ. ვიღაც ექიმმა, სახელად ილია პეტრუმ26, სამედიცინო წიგნი დაწერა: მარილს არ ჭამენ, არამედ ბალახეულსა და ხილს, ყველაფერი უმარილოდ, პურიცა და საჭმელიც, რათა სხეული ჯანმრთელი იყოს. სამი თუ ოთხი წლის წინ მოვიდნენ და წვალობდნენ მეც დავეყოლიებინე, მე კი მივუგე: „კარგ საქმეს, რომელიც ღმერთიდან არ იწყება და ღმერთით არ მთავრდება, რომც ვიცოდე, რომ ერთი ხელის მოსმით მიშველის, მაინც არ გავაკეთებ. ექიმის იმედი მქონდეს, და არა ღმერთის, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრება შევწირე?“ ამიტომაც ვუწოდებ ცდომილებას. წმიდა მამები მარილსა და პურს ჭამდნენ და სულით ძლიერები იყვნენ. ასე რომ, ასეთ რამეებს კი ნუ მიაქცევთ ყურადღებას, არამედ ღმერთს, რომელსაც შეუძლია აცხოვნოს სულიცა და სხეულიც.
მოძღვარს მეტანია გადაეცით.
ყველა თქვენგანისთვის ვლოცულობ, შენთვის კი განსაკუთრებით,
უკანასკნელი მ. იოსები
შენიშვნები
- იხ. ლუკ. 24,32. ↩
- იხ. მათ. 18,19-20. ↩
- იხ. 2 მეფ. 12,13. ↩
- იხ. 2 მეფ. 13,1-21. ↩
- იხ. 2 მეფ. 12,14-23. ↩
- იხ. 2 მეფ. 15,1-16,22. ↩
- იხ. 1 მეფ. 15,1-26. ↩
- შეად. დაბ. 32,26. ↩
- შეად. ებრ. 13,5; იხ. რჯლ. 31,6 და 8. ↩
- შეად. ეს. 58,9. ↩
- შეად. იობ. 42,5-6. ↩
- შეად. მარკ. 14,52. ↩
- სავარაუდოდ, იმას გულისხმობს, რომ ვერავინ ხვდება მის მდგომარეობას. ↩
- მთავრობები და ხელმწიფებანი ანგელოზთა ორი დასია (ცხრიდან). კონკრეტულ კონტექსტში დაცემულ ანგელოზებზეა ლაპარაკი (ის. ეფეს. 6,12). ↩
- იხ. შესავალი, გვ. 41-43. ↩
- შეად. ლუკ. 22,46. ↩
- პახუმი დიდი (290/292-346/348) — ეგვიპტეში კინობიალური მონაზვნობის დამაარსებელი, ათასობით ბერ-მონაზვნის სულიერი მამა. გადმოცემით, უფლის ანგელოზმა გამოუცხადა საერთო საცხოვრებელი მონასტრების არსი და წესები. ხსენება 15/28 მაისს. ↩
- წმ. აგნია რომში ეწამა IV ს-ის პირველ წლებში. ხსენება 21 იანვარს/3 თებერვალს. ↩
- წმ. კიკილიაც (ცეცილია) რომაელი იყო, ეწამა დაახლოებით 230 წ. ხსენება 22 ნოემბერს/5 დეკემბერს. ↩
- საბერძნეთში ჯვრისწერის გვირგვინები მომავალ ცოლ-ქმარს მიაქვს ეკლესიაში. გვირგვინები ლენტითაა შეერთებული. შემდეგ ისინი სახლში სიწმიდეებთან ერთად ინახება. ↩
- სახარების შესაბამის იგავში ბატონმა მეორე მონას ორი ტალანტი მისცა (იხ. მათ. 25,15). სიტყვა „ტალანტის" შესახებ იხ. სქოლიო 2, გვ. 312. ↩
- ღირსი კირილე ფილველი (1015-1110) ნაკლებად ცნობილი წმიდანია. როდესაც საღმრთო მოწოდება მიიღო, უკვე ცოლი და ერთი შვილი ჰყავდა. ბიოგრაფია ვრცლად დაწერა მისმა მოწაფემ, ნიკოლოზ კატასკებინმა. ფილვა ერქვა სოფელს თრაკიაში, რომელშიც დაიბადა, დღევანდელი თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ხსენება 2/15 დეკემბერს. ↩
- ლუკა სტირიელი ან ელადელი (896-953) სამხრეთ საბერძნეთში მოღვაწეობდა (ათენიდან დაახ. 170 კმ ჩრდილო-დასავლეთისკენ), სადაც დღემდე არსებობს მის მიერ დაარსებული მონასტერი (სოფელ სტირიში / სტირიონში). ↩
- იხ. სქოლიო 1 გვ. 244. ↩
- გულისხმობს არასამარხვო პერიოდებს. ↩
- ილია პეტრუ (1902-1939) — ბერძენი ფიზიოთერაპევტი. ამერიკაში სწავლის შემდეგ. 1935 წ. საბერძნეთში დაბრუნდა, რამდენიმე წიგნი დაწერა, მრავალი მიმდევარი ჰყავდა (მოკლა ვიღაც უცნობმა ახლო მანძილიდან გასროლით). ↩