[54] მონაზონ ბრიენას წმიდა მთა, 25/1/1949
საყვარელო შვილო ბრიენა, მთელ ქრისტესმიერ კრებულთან ერთად, გისურვებთ, რომ ყველანი სრულიად ჯანმრთელები და სულიერად ბედნიერები იყოთ.
ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა, ჩემო წმიდა გულო, შენი ორი წერილი მივიღე: ერთი, ანასტასიას წერილთან ერთად, ხოლო მეორე – ჩემი ეპისტოლეს პასუხი. მაგრამ იმის გამო, რომ წელს მძიმე ზამთარი დაგვიდგა, არც წერის მადა მაქვს, არც სხვა რამ საქმის. მხოლოდ ვიჯდე შეფუთული და ვიკითხო ან ვილოცო. ამიტომაც დავაგვიანე. ახლაც თავის იძულებით დავიწყე წერა – არ იდარდოს და სხვა გულისსიტყვა არ მოუვიდეს-მეთქი.
ანასტასიას, საბედნიეროდ, მომწერე თუ არა, მაშინვე ვუპასუხე, თორემ ახლა ვერ შევძლებდი. წელს აქაურობა ციმბირად იქცა. განუწყვეტლივ თოვს. თუ ღამე კაცს რამე ჭურჭელი დარჩა გარეთ, ყინვა ხეთქავს. ყველა ჩვენი ჭურჭელი, რომლებსაც გარეთ ვიყენებდით, დასკდა. საბოლოოდ, ყველაფერი, რაც კი შეემთხვევა ადამიანს, მის სასარგებლოდ ხდება. ეშმაკი ყველაფერს იღონებს, რომ ბოროტება გაგვიკეთოს, მაგრამ, თუ ადამიანი უჯერებს უფროსებს, რომელთაც იციან გზა, მაშინ მახის დამგები ეშმაკი ეცემა და ბოროტება თავის თავზე უბრუნდება.
ასე რომ, გაუგონე უფროსებს და დროთა განმავლობაში შენც შეძლებ უმცროსებს სარგებელი მოუტანო. ის, რაც ახლა არ გაქვს და ძნელად მისაღწევი გგონია, მოვა დრო, როცა გექნება და გაიკვირვებ, როგორ შეიძინე, რამეთუ უკვე დაგავიწყდა კიდეც ამის თხოვნა. საკმარისია, მცდელობა არ შეანელო და მოთმინება იქონიო და შენი სულის გაწმენდა ითხოვო. რისხვა დაცხრება, მშვიდობა დაგეუფლება, და იმდენ უვნებობას შეიძენ, რამდენიც გაისარჯე. იესოს ლოცვასაც ჰპოვებ. საკმარისია ითხოვო და შეძლებისდაგვარად აიძულო თავი. ყველაფერი ერთბაშად ვერ მოხდება, ისევე, როგორც ბავშვიდან მოზარდად ერთ დღეში არ ქცეულხარ.
ყველა ეს დაცემა შენთვის სიმდაბლის შემეცნების გაკვეთილია. სევდას კი არ უნდა მიეცე, არამედ უფრო ფრთხილი გახდე და გაძლიერდე შემდეგი შეტაკებისთვის, რაც, თავის მხრივ, ასევე უნდა გახდეს გაკვეთილი და მომდევნო ბრძოლისთვის მზადება. მზადყოფნა კი შემდეგში მდგომარეობს: „რაც არ უნდა შემამთხვიოს ეშმაკმა, საკუთარ ნება-სურვილს არ წარმოვაჩენ, აზრს არ გამოვთქვამ, კამათში არ ვებმები, მეტად არასწორად და უცნაურადაც რომ მიმაჩნდეს ნაბრძანები. რა უაზროც არ უნდა იყოს ჩემთვის, განურჩევლად გავაკეთებ და დაე, ღმერთმა დაინახოს ჩემი გული და შემიმსუბუქოს ბრძოლა“.
ადამიანი გუშაგივით უნდა იდგეს და თვალს ადევნებდეს, საიდან შეუტევს მტერი, რომ წამსვე იქით მიუშვიროს იარაღი; და მთელი სიცოცხლე არ უნდა მოელოდეს მოსვენებას, მიუხედავად იმისა, რომ უფალი ხშირად გვასვენებს. [სულიერად] მებრძოლი არასდროს უნდა გათამამდეს, არამედ ისეთი მღვიძარე იყოს, როგორიც ჯარისკაცია ომის დროს, რამეთუ ერთმა წუთმა შეიძლება ისეთი სარგებელი მოუტანოს სულს, როგორსაც მთელი წელიწადი ვერ მოუტანს, ასევე, ზარალიც – თუ ადამიანი ყურადღებით არ იქნა.
პირველ ეპისტოლეში იმ დის შესახებ მწერ, რომელსაც ხელოვნური პროთეზის ჩადგმა სურს. გააჩნია მდგომარეობას. თუ დენტისტი ქალია, რადგან ერში ცხოვრობთ, მაშინ არ სცოდავს ადამიანი. მაგრამ თუ კაცმა ექიმებმა უნდა გაუკეთონ, მე რომ ვყოფილიავი, არ გავიკეთებდი, რადგან ჩემს სიძე-იესოს დავაბრკოლებდი. ჯერ ერთი, მისი ნებართვის გარეშე ჩემი კბილები არ ჩამოცვენილა – ხომ ამბობს, თქვენი თმის ღერიც არ დავარდება ჩემი ნების გარეშეო1. მეორე, როგორ მივუშვა, როგორ მივცე უფლება უცხო და ცბიერ, ვნებიან ადამიანს ლოყებზე მეფეროს და ჩემს ქალწულებრივ, უფლისთვის განკუთვნილ სახეს შეეხოს ჩემი იესოს თანდასწრებით? ნუთუ გგონია, რომ, რადგან შენ მას ვერ ხედავ შენ გვერდით, შეგიძლია რამე ჩუმად გააკეთო იმის გამო, რომ შენი გონება დახშულია? სამაგიეროდ, ის გხედავს, წუხს, გვშორდება და ამბობს: „არ გაისარჯე, ჩემო სარძლოვ, იმისთვის, რომ თავგანწირვა და ერთგულება გქონოდა ჩემ მომართ, რათა საკუთარი კბილები მომენიჭებინა შენთვის“. ნუთუ არ იცი, რომ ტკბილი იესო მშიერისთვის საკვები ხდება, სნეულისთვის – ჯანმრთელობა, შიშველისთვის – სამოსი, მწყურვალისთვის – საამო წყალი, მშიერისთვის – საკვები2, მგალობლისთვის – ხმა, უკბილოსთვის – კბილი, ხოლო მლოცველისთვის – გულსავსება?! ზოგადად, რაც არ უნდა სტანჯავდეს მონაზონს, ღმერთი ყველაფრის საუკეთესო ექიმია. საკმარისია თავგანწირვა და მისდამი სრული რწმენა გქონდეს, ყოყმანისა და ორჭოფობის გარეშე3.
დამიჯერეთ, ჩემო ერთსულო დებო, რომ ახლაც და ყოველთვისაც ჭეშმარიტებას გეუბნებით გულწრფელად. მას მერე, რაც მონაზონი ვარ, რამდენჯერაც ავად გავხდი, სრულიად არ მიზრუნია საკუთარ თავზე, არც არავისთვის მიმიცია უფლება ჩემს სხეულს შეხებოდა. არამედ მთელი იმედი იესოზე მქონდა დამყარებული. დასაწყისში ძალიან გამიჭირდა, რამეთუ მთელი ზურგი, ზემოდან ბოლომდე, ლიმონივით დიდი მუწუკებით ისე გამევსო, რომ გეგონებოდა ხისა ვიყავი, დახრა-მიმოხრა არ შემეძლო. ხოლო მე ვნებას ვებრძოდი და არც მაისურს ვიცვლიდი ოდესმე, არც სხვა რამ ტანსაცმელს. პირიქით, ზურგზე დორვა4 მოვიკიდე და მთელი ათონი მოვიარე. მაშინ კი დასკდა ყველა ის მუწუკი და ფეხებამდე დიოდა [ჩირქი]. სამოსი კი მაინც არ გამოვიცვალე, რადგან უკან არ მინდოდა დახევა. მაისური და საცვალი თითისსისქე გახდა. ხოლო [მუწუკების] ღრმულებში კაცი თითს ჩაატევდა. მიუხედავად ამისა, არაფერი დამმართნია.
დღემდე, რა ავადმყოფობაც არ უნდა შემეყაროს, დიდი სიხარულით ვიწყნარებ მას – იქნებ-მეთქი, ვამბობ, მარადიული ძილი მომგვაროს და უფალ იესოსთან მომახვედროს. მაგრამ დრო ჯერ არ მოსულა. ყოველ შემთხვევაში, არც დააყოვნებს.
ამ ყველაფერს იმისთვის გწერთ მე, საწყალი, რომ გაგამხნევოთ და სნეულებებისა არ შეგეშინდეთ, თუნდაც მთელი ცხოვრება ვიტანჯოთ, რამეთუ უფალი ყოველთვის ჩვენ გვერდითაა. მასში ვცხოვრობთ და ვმოძრაობთ5, მის წიაღს ვართ მიყრდნობილნი. ღმერთს ვჭამთ, ღმერთს ვსუნთქავთ, ღმერთი გვმოსია, ღმერთს ვეხებით ხელით. საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ღმერთია: ცაში, დედამიწაზე, უფსკრულებში, ხეებზე, ქვებში, უფსკრულების ჭიებში, შენს გონებაში, შენს გულში, შენს კბილებში. მას ღეჭავ ყოველდღე.
ნუთუ ვერ გხედავს, რომ იტანჯები? სხვა ვინ დამხმარეს ეძებ და რატომ მას არ ეუბნები შენს საჩივარს. ის ხომ ყველაზე ძლიერი და ყველაზე ახლო მყოფია, და თავის წიაღში ნაზად, როგორც დედას, უპყრიხარ?!
ერთი სიტყვით, კმარა ამდენი.
ვლოცულობ ყველა თქვენგანისთვის,
მდაბალი მ. იოსები
[55] მონაზონ ბრიენას წმიდა მთა, 28/2/1949
ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, ჩემო წმიდა სამკაულო, მთელ წმიდა მწყობრთან, მოძღვართან და იღუმენიასთან ერთად, გისურვებთ, რომ ყველანი კარგად იყოთ.
ჩემო საწადელო შვილო, მივიღე ორასის* (200.000) გადმორიცხვის ქვითარი. მამა ბართლომეც მობრუნებულა, მაგრამ ჯერ არ მინახავს. ამანათი მოგვიტანა, სანაპიროდან დაგვიძახეს და ჩვენც [ჩავედით და] ავიღეთ. მაგრამ რა ვთქვა ან რა მადლობა გადავუხადო მოძღვარს, იღუმენიასა და თქვენ ყველას იმ ყველაფრისთვის, რაც გამოგვიგზავნეთ? ათი ათასჯერ გმადლობთ და მხურვალე ლოცვებს აღვავლენ სანაცვლოდ: „აი, ჩემო მხურვალე საყვარელო, ჩემო ტკბილო იესო და ტკბილო ჩემო დედიკო, რა მშვენიერი რამეები გამოგვიგზავნეს შენმა კეთილმა და ძალიან კარგმა ცხვრებმა. ოდნავაც ნუ განეშორები მათ, არამედ მუდამ ახლოს იყავი და რაც ცხონებისთვისაა საჭირო, ყველაფერი მიანიჭე ხოლმე, სიკვდილის შემდეგ კი მხოლოდ შენ გახდი მათი სამკვიდრებელი. ამინ“.
თქვენ, ჩემო საყვარელო დებო, დაგვატკბეთ შესანიშნავი ქიშმიშით, რაც ძალიან მოგვწონს. მე კი ჩემი იესოს სიტკბოებით დაგატკბობთ, რამდენსაც თავად მომანიჭებს, რომელიც არის წყარო, ასე ვთქვათ, ყოველივე სიტკბოებისა და უზომო სიყვარულის წადილი.
შენი გამოგზავნილი სქემა, თუ ის არის, რომელშიც შენ აღიკვეცე, სხვას არ უნდა მისცე, რადგან შენზე წაეკითხა ლოცვები, ის საღმრთო კურთხევა აქვს წმიდა მსახურების მიერ მიღებული, რაც მხოლოდ შენ გეხება. უნდა გეცვას მანამ, სანამ არ გაცვდება და მასში უნდა დაგმარხონ. თუ მეორე სქემაც გქონდა აღკვეცის დროს, მაშინ არა უშავს, ჩავიცვამ ამას, თუ არა და, უკან უნდა გამოგიგზავნო.
ასეთი ტრადიცია გვაქვს, მაგრამ გამოცდილებაც ამას გვიჩვენებს. რადგან უფლის ხელიდან მიიღე, რომელსაც მღვდელი განასახიერებს, გარშემო კი უთვალავი ანგელოზი იდგა და [სქემა] საღმრთო მადლით აღივსო, როგორ შეიძლება სხვას მისცე ან სხვა გახდეს მასში მონაზონი? არავითარ შემთხვევაში. ერთი სიტყვით, ველი შენს პასუხს.
ვხედავ, წუხდი იმის გამო, რომ ეპისტოლე არ მიიღე. მე გამოვაგზავნე და იმედი მაქვს, რომ მიიღებ მანამდე. მაგრამ, ნუ წუხარ, როდესაც გვიან იღებ, რამეთუ არეულ-დარეული დრო დადგა.
იქნებ მე არ მიმეღო შენი ეპისტოლე, ან სადმე დაკარგულიყო, ან საფოსტო მარკა არ მქონოდა, ან ავად ვყოფილიყავი. რადგან ლიმფომა მაქვს, გავცივდები თუ არა, ვსივდები და სიკვდილს ველი.
ამჯერად, თუ ზაფხულში ცოცხლები ვიქნებით, წერას არ შევწყვეტ, რადგან შეიძლება რამე სულიერი სარგებელი მოიტანოს. შენს ეპისტოლეს [კიდევ ორი წერილი ჩავაყოლე –] ანასტასიასი და იმ დისა, კბილებზე რომ კითხულობდა. თუ არ მიგიღიათ, მომწერე და სხვა პასუხს დავწერ.
ახლა ამ წერილს მხოლოდ იმისთვის ვწერ, რომ გაუწყოთ, რომ ყველაფერი, რაც გამომიგზავნეთ, მივიღე, ჩატანებულ შენს წერილთან ერთად. ხოლო როდესაც პასუხს მივიღებ იმაზე, რაც გამოვაგზავნე, მაშინ, თქვენი შეკითხვებისდა მიხედვით აღგისრულებთ პირობას – ისე დაგატკბობთ, როგორც თქვენ ქიშმიშით დამატკბეთ.
მწერ, მამა ათანასე როგორ არისო. იგი მთელი ეს წლები ფსიქოპათია, რადგან არც მოთმინება აქვს და არც მორჩილება. შარშან შევთანხმდით, რომ სრულიად დაეყუდებოდა* (მდუმარებით იცხოვრებდა), ხომ მოგწერეთ კიდეც. მაგრამ, სამწუხაროდ, არ აქვს მოთმინება. პატარა განსაცდელი შეემთხვევა თუ არა – მოწყინების იქნება, ხორციელი თუ მკრეხელობისა – მანია და სასოწარკვეთილება ეუფლება, სიგიჟის ზღვრამდე. თქვენ რომ მისთვის ლოცულობთ, ცოტათი მშვიდდება თქვენი წმიდა ლოცვების წყალობით, შემდეგ კი ისევ იწყებს6, თანაც უარესად. მთელი წლები ასე აქვს გატარებული. მუდამ გზაში დაწრიალებს, ერთ ადგილას ვერ ჩერდება, რომ ილოცოს და სული გაიწმინდოს. დადგება თუ არა, სატანა, რადგან უკვე უპოვა სარქველი, იმწუთას ბრძოლას უმართავს ხოლმე. ვეძახი: მოითმინე, რომ სძლიო და მოგშორდეს-მეთქი, მაგრამ არ მიგონებს და ამიტომაც ტანსაცმელივით ჰყავს შემოსილი [სატანა]. გზებზე რომ დაეხეტება, გულს აყოლებს, რადგან გონებაგაფანტულია, ჭამს რამდენსაც უნდა, უდებებით ატარებს დროს და [ამიტომაც ეშმაკი] არ აწუხებს. რა ბოროტია ეშმაკი! როდესაც ადამიანს რამე ნება სურვილში ან უფლებაში7 გამოიჭერს და მოთმინებას წაართმევს, სრულიად სანლავს მას. ხოლო დღე და ღამე რომ არ ვლოცულობდე და ვტიროდე მისთვის, ჯერ კიდევ წლების წინ გაქრებოდა საერთოდ, რადგან საერთოდ არ მიგონებს8.
ვიცი, რომ გული დაგწყდებათ. მაგრამ, რადგან მეკითხებით, გპასუხობთ, რათა ილოცოთ მისთვის.
მოგიკითხავთ ყველას, მდაბალი იოსები
[56] მონაზონ ბრიენას
წმიდა მთა, 10/3/1949
ვუთხარი და ვეუბნები და, სანამ პირში სული მიდგას, ვემუსაიფები ჩემს საყვარელ ბრიენას, რომლისთვისაც ვლოცულობ, რომ უფალმა დაიფაროს, ისევე, როგორც მთელი მისი კრებული, განსაკუთრებით კი, მოძღვარი და ღმრთისმოშიში იღუმენია.
მაშ, „დასაბამი სიბრძნისა – შიში ღმრთისა"9, – ამბობს ბრძენი [სოლომონი] და წმიდა მამებიც ეთანხმებიან.
ორი წერილი უკვე გამოგიგზავნეთ, ახლა კი ვასამებ – რადგან ცოტა თავისუფალი დრო ჩამივარდა ხელში – და მინდა ქიშმიშის სანაცვლოდ დაგატკბოთ, როგორც დაგპირდით. უწინარეს ყოვლისა, ჩემო ქრისტესმიერ საყვარელო დებო, არის ღმერთის შიში, როგორც უკვე ვახსენეთ, მისგან კი ღმერთისადმი რწმენა იშვება და ადამიანს მთელი სულით, თავისი სულის მთელი ძალით სწამს, რომ, მას მერე, რაც უფალს მთლიანად მიუძღვნა თავი, ღმერთი თავად იღებს მთელ ზრუნვას მასზე; საჭმლისა და შესამოსელის გარდა, რაზეც ისევ უფალი მოგვიწოდებს ვიზრუნოთ10, სხვა არაფერზე ზრუნავს, არამედ უბრალოებით ყველაფერში უფლის ნებას მისდევს. ხოლო როდესაც ეს რწმენა ფესვს გაიდგამს, ცოდნა სრულიად უქმდება, ის, რაც ყველაფერში ეჭვებს შობს და ამცირებს, ზოგჯერ კი გვართმევს კიდევაც რწმენას, რამეთუ [ჩვენი საკუთარი] ბუნების ძალა აქვს, რადგან ამგვარი ცოდნით აღვიზარდეთ. მაგრამ, მას შემდეგ, რაც მრავალი განსაცდელის შემდგომ, რწმენა გაიმარჯვებს, მაშინ მობრუნდება და შობს – უფრო სწორად კი, როგორც რწმენის ძღვენი ეძლევა – სულიერი ცოდნა, შემეცნება, რომელიც რწმენას არ ეწინააღმდეგება. მაგრამ რადგან ცოდნას ფრთები აქვს, დაფრინავს და საიდუმლოთა სიღრმეს გამოიძიებს, ეყრდნობა რწმენას, როგორც მასალას, ეყრდნობა და ყოველთვის დებივით განუყრელნი არიან.
მოდით, ახლა გამოვიკვლიოთ: ჩვენ, რომლებმაც თავი ღმერთს შევწირეთ, გვაქვს თუ არა ეს რწმენა, თუ [ჩვენში] ის ცოდნა ბატონობს, რომელიც რწმენას აკნინებს? მაშ, როდესაც სხეულის რამე სნეულება შეგვეყრება, მთლიანად ღმერთს ვანდობთ საკითხს თუ ექიმს ვეძახით? თუკი ღმერთს ანდობ, მიგიღწევია რწმენისთვის და უეჭველ შემწედ აუცილებლად ღმერთს იგულებ. ათასჯერაც რომ გამოიცადო და სატანამ განგცადოს, რათა რწმენა დაგიბლაგვოს, შენ ათასჯერვე სიკვდილი არჩიე, ვიდრე ცოდნას დაუგდო ყური. და ამგვარად, გაგეხსნება საიდუმლოთა კარიბჭე და გაოცებული იქნები იმით, რომ ცოდნის ჯაჭვებით იყავი დაბმული, ახლა კი საღმრთო ფრთებით დაფრინავ დედამიწის ზემოთ და სხვა, იმ თავისუფლების ჰაერს სუნთქავ, რომელიც სხვებს არ აქვთ. ხოლო თუ ხედავ, რომ ცოდნა ბატონობს და, როგორც კი გეტკინება რამე, წამალსა და ექიმს ეძებ, იცოდე, რომ რწმენა გაკლია და შესაბამისად, მთელი იმედი უფალზე არ დაგიმყარებია, რომ ძალუძს გიხსნას ნებისმიერი უბედურებისგან.
ასე რომ, იზრუნე იმაზე, რომ გამოსწორდე, ისე, როგორც მიგითითებ, და ამხელა სიკეთეს ნუ მოაკლებ თავს. აბა, მითხარი: გწამს, რომ, სანამ დაიბადებოდი, ღმერთს მონაზვნად ეგულებოდი? ნამდვილად გწამს. გწამს, რომ, რა სნეულებაც არ უნდა შეგეყაროს, ადრე თუ მომავალში, ღმერთის გამოგზავნილია? კი, გწამს, რამეთუ შენი თმის ღერებიც კი დათვლილია და ხისგან ფოთოლიც კი არ ვარდება ღმერთის ნების გარეშე. მაშასადამე, თუკი ამგვარად გწამს, როდესაც ჭლექი შეგეყრება, ან თვალს დაკარგავ, ან კბილს, ფეხს, თავს, ღვიძლს თუ ნაწლავებს, და ექიმს დაუძახებ, რომ განგკურნოს, ღმერთის ნებას აღუდგები წინ, რადგან ექიმისა უფრო გწამს, ვიდრე ღმერთისა. ექიმს აღამაღლებ და ღმერთს ამდაბლებ11.
ხედავ, რა ფასი აქვს ცოდნას, როგორ აცდენს ადამიანს? მეორე მხრივ, ხედავ, რწმენას რა ფასი აქვს, როგორ აღამაღლებს ადამიანს? ამას იმიტომ გწერთ, რომ სრულყოფილება გწადიათ. ერის ადამიანები არ სცოდავენ, როდესაც ცოდნის მიხედვით მოქმედებენ, რამეთუ სხვას არაფერს ეძიებენ.
ერთხელ, მრავალი წლის წინ, ერთი მონაზონი მოვიდა12, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობდა, რადგან სამი დიდი და საშინელი, თანაც უკურნებული ავადმყოფობა სჭირდი: ტუბერკულოზი ჰქონდა, სიფილისი ჰქონდა და კოლიტიც ჰქონდა, უკურნებელი სნეულებები. მთელი ქონება წამლების ყიდვას შეალია, რადგან მდიდარი კაცი იყო. ვიღაცამ ურჩია, ჩემთან მოსულიყო და გულისსიტყვა ეთქვა. ძალიან შემეცოდა და ვუთხარი, რომ იმწუთას კარგად გახდებოდა, ოღონდ უნდა ერწმუნა, რომ ღმერთს შეუძლია მისი განკურნება.
ერთი სიტყვით, მთელი ისტორია რომ მოგიყვეთ – როგორ გამტანჯა, სანამ დავაჯერე – კიდევ ოთხი თაბახი დამჭირდება: არც თავს მანებებდა და მიდიოდა, არც შეეძლო ერწმუნა, მანამ, სანამ ღმერთი არ ჩაერია და აშკარად გაიგო ხმა: „რატომ არ უგონებ, რომ განიკურნო?!“ და ამან მიშველა, რადგან მე ვეუბნებოდი, იმის საწინააღმდეგო ეჭამა, რაზეც ამბობდა, თუ შევჭამ, მოვკვდებიო, ხოლო მთელი იმედი ღმერთზე ჰქონოდა; დატოვე-მეთქი ცოდნა და რწმენას გაჰყევი, და ათის მაგივრად (ამდენჯერ ჭამდა), მხოლოდ ერთხელ ჭამე ხოლმე-მეთქი. [მართლაც,] მხოლოდ სამი დღე გამოსცადა ღმერთმა, მეც გულმოდგინედ ვლოცულობდი და ღამე ძილში ორი საშინელი ფრინველი ვიხილე, რომელთაც იგი მოეტაცათ და შეჭმას უპირებდნენ, ხოლო გველი ყელზე მოხვეოდა და უჭერდა, ის კი საბრალოდ მიხმობდა, რომ გადამერჩინა. მეც ყველა იმ არსებებს შევეჭიდე, მოვაკვდინე და მაშინ კი გამეღვიძა.
ისიც მოვიდა და მეუბნება: „სრულიად გამოვჯანმრთელდი, თითქოს ახლად დავიბადე!“ უამრავი წამალი ჰქონდა და ორი ჩემოდანი ნემსები ექვსას ექვსი13– ვუთხარი და ყველაფერი გადაყარა. ასე გამოჯანმრთელდა, დღეში ერთხელ ჭამით! ხედავთ, რწმენა რეებს ახდენს? არ გეგონოთ, რომ ეს მე ვქენი. არა, არ მაქვს ასეთი [სულიერი] მდგომარეობა. რწმენაა ის, რასაც ასეთი საქმეების ძალა შესწევს.
სხვა ამბავსაც გეტყვით. ერთმა მონაზონმა დედამ მომწერა, რომ აპენდიციტი ჰქონდა და თუ ოპერაციას არ გაიკეთებდა, მოკვდებოდა. მე კი მივწერე: „მითხარი, როგორ გააშიშვლებ ექიმების წინაშე იმ ქალწულებრივ სხეულს, რომელიც ქრისტეს შესწირე? სიკვდილი ჯობია“ და ა.შ. ისევ მწერს: „თუ ოპერაცია არ გაკეთდა, გასკდება, რასაც სიკვდილი მოჰყვება“. ვუმეორებ: „გქონდეს რწმენა, ყველაფერი ღმერთს მიანდე, სიკვდილი ამჯობინე“. მომწერა, რომ სნეულებამ უკან დაიხია.
ხედავთ? ათასჯერ მაქვს მსგავსი რამ გამოცდილი. როდესაც სიკვდილი მუდამ თვალწინ გაქვს და ყოველ წუთს ელი, შორს გაგირბის, ხოლო როცა გეშინია, განუწყვეტლივ თან გდევს. სამჯერ დავმარხე ჭლექიანები იმ იმედით, რომ მეც გადამედებოდა. მკვდრებს ტანსაცმელი გავხადე და მე თვითონ ჩავიცვი, მაგრამ სიკვდილი იმათთან წავიდა, რომელთაც მისი ეშინოდათ. მთელი ცხოვრება, ავად ვარ, არასდროს მიმკურნალია, იმის საპირისპიროს ვჭამ, რაც სასარგებლოა – სად არის სიკვდილი? ამით იმის თქმა მსურს, რომ უფლის ნების გარეშე არც დავავადდებით, არც მოვკვდებით.
შორს ჩვენგან, მცირედმორწმუნეობავ! ჯერ ღმერთი უნდა შევიმეცნოთ, როგორც ყოველივე სიკეთის შემოქმედი, მამა, მზრუნველი და გამგებელი, შემდეგ ვირწმუნოთ მთელი გულითა და სულით, და მხოლოდ მისი იმედი გვქონდეს, შემდეგ კი შევიყვარებთ კიდეც, მისი მრავალი ქველისმოქმედების შეგრძნებით აღძრულნი. ხოლო როდესაც ღმერთს მთელი სულითა და გულით შევიყვარებთ, როგორც შემოქმედს, მაშინ მოყვასსაც შევიყვარებთ, როგორც საკუთარ თავს, რადგან ვიცით, რომ ყველანი და-ძმანი ვართ – ადამის გამო ბუნებით და ღმერთის გამო მადლით. მაგრამ სულიერმა ადამიანმა ხორციელ ნათესაობას კი არ უნდა უყუროს, არამედ, რადგან ღმერთს მიუძღვნა თავი, სულიწმიდისეულს ნათესაობას უნდა უწევდეს ანგარიშს. სხეული არის მამრი და მდედრი გამრავლებისთვის, ის, რაც ჩვენ უარვყავით და უფრო მაღლა ავედით. მაშასადამე, როგორც სულიერი ადამიანები, სულიერადაც უნდა ვუყურებდეთ ცხოვრებას. ანუ, სული არ არის არც მამრობითი, არც მდედრობითი, არც ახალგაზრდა, არც მოხუცი, არამედ ქრისტეს მადლი ყველაში.
გთხოვთ, ჩემო დებო, თქვენს გონებას თავისუფლება მიეცით. ნუ შებოჭავთ [ძველი] რჯულით* (კანონით) – ჩვენ ხომ [უკვე] მადლის ქვეშ ვართ – რათა დაინახოს, თუ რა დიდი საიდუმლო იმალება იმ სიტყვებში, რომლებსაც გეუბნებით; რათა იგემოს უბიწო სიყვარული და გაფრინდეს ერთადერთი ღმერთის, ჩვენი კეთილი მამის ჭვრეტაში.
რადგან ჩვენ ყველანი და-ძმანი ვართ, ღმერთის სუნთქვა ვართ, საღმრთო შთანაბერი, სიცოცხლის მომნიჭებელი ჩვენი მამაც ჩვენ შორისაა, ხოლო ყველა ჩვენს მოქმედებას, მოძრაობასა და აზრს მისი გამჭოლი თვალი განსჯის. და მანამ, სანამ შენ რამეს მოიმოქმედებ ან გაიფიქრებ, კარგს თუ ცუდს, იმწუთას ღმერთის სუნთქვა, სული, შთანაბერი მიმართავს ღმერთს: „უყურე რას გავაკეთებ“, და ამის შემდეგ მოქმედებ.
კმარა ქიშმიშის სასყიდელი. სხვა დროს განვაგრძობთ.
დღეს, 10 მარტს, შევიტყვე, რომ მამა მაქსიმე მოვა მანდ. მე მაინც მგონია, იმიტომ მოდის, რომ მეუფეებს შეუერთდეს, თორემ აზრს არ შეიცვლიან. ერთი სიტყვით, ხომ გინდოდათ მისთვის გეთქვათ – აი, შესაძლებლობაც გეძლევათ. მაქსიმე (მღვდელ-მონაზონ] გერასიმეს წყალია14. თუ ის შეეშვება, მაშინ მისი მოძღვარიც შეეშვება, მაგრამ ამაზე ადვილი ის იქნება, თქვენმა მონასტერმა ადგილი მოინაცვლოს, სხვაგან გადადგეს.
კმარა, მკითხეთ და გიპასუხეთ, თორემ, ვისაც რა უნდა, ის აკეთოს.
სულო, იპოვე დუმილის ყურე,
სხეულთან ერთად ძალა მოიეც,
გონებავ, საღმრთო სიმშვიდით დატკბი,
ნურც კი იკითხავ, ვინ რასა სჩადის.
ერთი სიტყვით, მაპატიეთ და ნუ დაგავიწყდებათ ილოცოთ ჩვენთვის, ისევე, როგორც ჩვენ ვლოცულობთ [თქვენთვის].
სულიერ მამას ჩემგან მეტანია გადაეცით. ვლოცულობ ღმრთისმოშიში იღუმენიასა და ყველა ქრისტესმიერი დისთვის, ასევე, ყველა ჩემიანიც.
რაღაც გულისსიტყვები მამა ბართლომეს ვუთხარიო, რომ მომწერე, ჩემო საყვარელო ბრიენა, არც მოსულა, მაგრამ ავიწვდება კიდეც, ვერ იმახსოვრებს, რადგან გონებაზე რაღაც სჭირს, უკვე მრავალი წელია. ამიტომაც, მომწერე, რაც გაწუხებს. შარშანაც თქვი, ვუთხარიო, მაგრამ არც კი გახსენებია, რადგან დაავიწყდა.
ვლოცულობ შენთვის,
მდაბალი მ. იოსები
გთხოვთ, რასაც გწერთ, მამა მაქსიმეს ნუ ეტყვით, განსაკუთრებით იმას, რაც მას ეხება. რა საჭიროა ამაოდმეტეველება?
წიგნზე ნუ დარდობ. თუ ცოცხალი ვიქენი, სხვას მოგწერ. ისინი არ იძლევიან, ძვირფას საუნჯესავით ინახავენ.
აქ ვაგრძელებ წერას15.
ის-ის იყო წერილი უნდა დამებეჭდა, როცა გამახსენდა, რომ მაქსიმეს დედა ამბავს მეკითხებოდა და ამიტომაც ვაგრძელებ.
ნუ იტანჯება ასე ბებია, რამეთუ ღმერთი არ მიატოვებს და არ დაუშვებს, რომ წარწყმდნენ, რადგან ასეთი კეთილია და ყველაზე ზრუნავს. მრავალი ხერხი აქვს, რომლებიც ჩვენ არ ვიცით.
მაქსიმე შარშან იყო აქ მოსული და მითხრა: მისწერე დიონისეს, ჩემს ძმას აუწყოს ათენში, რომ არ ვართო მაკრაკისტები16. მე კი ვუპასუხე: „მამა მაქსიმე, თუ გინდა, რომ შენი ძმა და მთელი მსოფლიო დააჯერო იმაში, რომ მაკრაკისტებიო არ გეძახონ, ამისთვის შენს პატარა ბალიშზე, ანუ დაჟინებულ ნება-სურვილსა და აზროვნებაზე უარი უნდა თქვა, და მაშინ ყველა დაგიჯერებს. რამეთუ მანამ, სანამ დარწმუნებული ხარ, რომ შენი პოზიციაა ჭეშმარიტება და მხოლოდ თქვენ გიპყრიათ იგი* (ჭეშმარიტება), ვერავის დააჯერებთ. თუ ჭრილობა დიდი ხანი მოუვლელი რჩება, ჩირქდება და მატლი უჩნდება, დროთა განმავლობაში კი სული კვდება. ამიტომაც, ძმაო, გამოსწორდით. წმიდა ონუფრისა და სხვა მეუდაბნოებს, რომლებიც [მხოლოდ] ხილსა და ზეციურ პურს ჭამდნენ, ანგელოზი ყოველ შაბათს აზიარებდა. თუ ყოველდღიური ზიარება საზოგადო წესი იყო, ანგელოზს ეზარებოდა ყოველდღე სიარული? თუ ფეხსაცმელი გაუცვდებოდა? ერთი სიტყვით, თქვენთვის არ კმარა, რომ მათ მიემსგავსოთ?“.
ორ საათზე მეტი ველაპარაკე, რაც მკითხა, ყველაფერზე ვუპასუხე, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლოს იძულებული ვიყავი მეთქვა: „რა ვთქვა და რა გელაპარაკოთ? მამებს ვეუბნები, არ ჩამოგიშორონ და არ მიგონებენ, თქვენ გთხოვთ აზროვნება გამოიცვალოთ და არ გინდათ“.
ამიტომაც მივუბრუნდი ჩემს თავს და ვუთხარი: „მდაბალო იოსებ, რამდენსაც ხედავენ, იმას ამბობენ. სჯობს შენს ცოდვებზე იზრუნე და დაწყნარდი“. ასე წავიდა. ის, რომ ჭამენ და ეზიარებიან, არ ნიშნავს, რომ მაკრაკისტები, მწვალებლები არიან, არამედ ცდომილებაა მარჯვნიდან17. რამეთუ მაკრაკისს მწვალებლური აზროვნება ჰქონდა. ესენი მაკრაკისს სხვა რამეებში არ მისდევენ და შესაბამისად, ეკლესიის გარეთ არ არიან, წარწყმედილებივით რომ დაიტიროს კაცმა. მხოლოდ ილოცე მათთვის, რომ ღმერთმა გონება გაუნათლოს და თავისი შეცდომა დაინახონ. თუ ერთი მოკვდება, მეორე ვეღარ გაუძლებს და გამოსწორდება. ღმერთი მიხედავს. შენ სასოს ნუ წარიკვეთ მრავალია ასეთი ცდომილება.
წმიდა ბასილის სკიტში თხუთმეტი კალივაა და ორი არ არის ერთად. აქ, წმიდა მთაზე ბევრია ასეთი. მავანი ექვსკუთხედს ეთაყვანება18 – სქიზმა! მაქსიმე ხშირად ეზიარება – სქიზმა! მავანი შაქარს არ ჭამს, ძვლები აქვსო – სქიზმა! სხვა წირვაზე იხსენებს: „ყოველთა ეპისკოპოსთა მართლმადიდებელთა“19 — სქიზმა! სხვა [ზილოტი] მათეს მიმდევარია – სქიზმა! მავანი ძალიან სუფთაა – სქიზმა! სხვა იატაკის ფილებს ფეხს არ ადგამს, რადგან ფილებს შორის ჯვარი გამოისახებაო, ხოლო გზაჯვარედინებს გვერდს უვლის, რომ შუაში არ დააბიჯოს – სქიზმა! მავანმა ბარძიმ-ფეშხუმი პარკში ჩადო და ჭერზე გამოჰკიდა, დედამიწაზე წირვა აღარ აღესრულებაო – სქიზმა! ზოგიერთი კი იხსენებს [პატრიარქს]. და კიდევ მრავალი სხვა. თითოეულ მათგანს თავისი ბანაკი აქვს. ყველა დანაწევრებულად, ყველა მოშურნე* (ზილოტი) .
კაცმა რომ ჯეროვნად დაიტიროს ყველა მათგანი, იორდანეს მდინარე არ ეყოფა ცრემლად. მიუხედავად ამისა, მე არავისზე წარვიკვეთ სასოს. უფალი ყველას შეიწყალებს, რადგან ისეთი დრო დაგვიდგა, ისეთი ეპოქა, რომ ყველანი გიჟები ვართ. დაე, ქრისტემ გამოარჩიოს საუკეთესოები. ყველა [ხომ] ქრისტეს ევედრება, ყველა ღმრთისმშობელს უხმობს. გონებაა დაავადებული. ერთი სიტყვით, მეტად თუ ნაკლებად, უფალი ყველას შეიწყალებს20. ამიტომაც ბებიამ21 მოთმინება იქონიოს, მე კი ვეუბნები, რომ უფალი მათ არ დატოვებს, რადგან არ არიან მწვალებლები, არამედ ქრისტეს სიყვარულით აკეთებენ ამას. თუმცა ცდებიან. კმარა.
დღეს მაცნობეს, რომ ხატები მზად არის. ვნახოთ, როგორ გამოიგზავნება. თავისი ფასის გარდა, გაგზავნა რა დაგვიჯდება და ვის სახელს დავაწერთ. შენ მომწერე ადრესატი, რომ შეცდომა, არ მოხდეს.
კმარა, რადგან დავიღალე.
ისევ მოგიკითხავ.
მდაბალი იოსები
შენიშვნები
- შეად. მათ. 10,29-30. ↩
- იმეორებს ფრაზას. ↩
- იქნებ ვინმეს ბერის პოზიცია მეტად მკაცრად მოეჩვენოს, მაგრამ სწორედ ასეთი იყო მისი „გარდარეული“ უბიწოება და ღმერთის განგებისადმი უდიდესი რწმენა. მისი თავგანწირვისა და სიმკაცრის შესახებ იხ. შესავალი, გვ. 27-28, 43. ↩
- დორვა — მონაზვნური სამხრე ჩანთა. ↩
- შეად. საქმე 17,28. ↩
- დანარჩენი ტექსტი სხვა, მცირე ზომის ქაღალდზეა დაწერილი, რომელსაც შემდეგი სათაური აქვს: „გრძელდება“. ↩
- ანუ როდესაც ადამიანი თვლის, რომ რაღაც უფლება აქვს, ხოლო სხვები მას ულახავენ. ↩
- ბერი თითქოს მეტისმეტი სიმკაცრით ახასიათებს მამა ათანასეს, თავის ხორციულ ძმას. ამ უკანასკნელის ყოფა-ქცევა ბერისთვის მძიმე ჯვარი იყო. მხედველობაში უნდა გვქონდეს ის ფაქტი, რომ მამა ათანასეს, სანამ მონაზონი გახდებოდა, მაღალი ძაბვის მავთულით დენმა დაარტყა. ვინც ამ უბედურ შემთხვევას შეესწრო, აღიარებდა, რომ სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. თვითონ მიაჩნდა, რომ საკუთარი ძმის, ათონელი ბერის მამა იოსების ლოცვებით გადარჩა. მაგრამ ამ ტრავმამ ნერვული სისტემა მკვეთრად დაუზიანა, რამაც შემდგომში მისმონაზვნურ ცხოვრებაზე უარყოფითი გავლენა იქონია. ამიტომაც ღმერთმა ყველა მისი ურჩობა და გაუგონრობა მსუბუქად განსაჯა და მართლაც „მშვიდობითი და ურცხვენელი" აღსასრული ჰქონდა. გარდაიცვალა ფილოთეუს მონასტერში 11-9-1983, თავისი ძმისადმი უდიდესი მოწიწებითა და სიყვარულით. იხ. შესავალი, გვ. 41-43. ↩
- იგავ. 1,7; 9,10; ფსალმ. 110,10. ↩
- შეად. 1 ტიმ. 6,8. ↩
- ამ აბზაცში ჩანს ბერის უდიდესი თავგანწირვა. იგი ფიქრობდა, რომ, რადგან თვითონ მიაღწია ასეთ საზომს, სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი იყო. იხ. შესავალი, გვ. 27-28, 43. ↩
- ლაპარაკია სახელგანთქმულ ბერ გერასიმე მენიაზე (1881-1957), რომელსაც წმიდა იოსებთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. იხ. ამ წიგნის თავი „ბერი იოსები – რჩეული ღმრთისა“, გვ. 69-71. აგრეთვე, ჩვენი წიგნი „წმიდა იოსებ ისიქასტი“, გვ. 105-106. ↩
- პრეპარატი 606 (შემდგომში – სალვარსანი, არსფენამინი) – ვენერიული დაავადების წამალი, რომელიც შექმნა ქიმიკოსმა პაულ ერლიხმა. 606 იყო მოცემული ტიპის ნომერი დარიშხანის შემცველი იმ ნაერთების სიაში, რომელთა სინთეზი და ცდა მეცნიერმა ანტისიფილისური მოქმედების დასადგენად ჩაატარა. ↩
- სავარაუდოდ, წისქვილს ადარებს: როგორც წყალი ატრიალებს წისქვილის ქვას, ასევე მ. მაქსიმე უფრო მეტ ზეგავლენას ახდენს მ. გერასიმეზე, ვიდრე პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი მოძღვარი იყო, ხოლო პირველი – მორჩილი. ↩
- აქედან ახალი ოთხფურცელი იწვება, რომელიც, როგორც ჩანს, მოგვიანებით დაამატა. ↩
- აპოსტოლოს მაკრაკისი (1831-1905) — ცნობილი მქადაგებელი, ფილოსოფოსი და ღმრთისმეტყეველი. ზოგიერთი მისი შეხედულება არ ეთანხმება მართლმადიდებლურ სწავლებას, რის გამოც წმიდა სინოდმა იგი განკვეთა (შეუვალი პოზიცია ჰქონდა). ↩
- მარჯვნიდან – ღმრთისმოშიშებითა და მოშურნეობით შენიღბული ცდომილება, მარცხნიდან – აშკარა ვნება ან ცოდვა. ↩
- ექვსკუთხედი მასონური სიმბოლიკის ნაწილია. ბერი აქ ირონიას მიმართავს. ცხადია, რომ ათონზე არავინ სცემს თაყვანს ამ ნიშანს, უბრალოდ, ვიღაცას ეჩევნება, რომ მავანი მასონია. ისიცაა შესაძლებელი, რომ რომელიმე შენობაზე არსებობდეს ეს ნიშანი, რაც სხვას სარწმუნოების უარყოფად მიაჩნია. ↩
- ანუ არ იხსენებს ადგილობრივ ეპისკოპოსს. ↩
- ვხედავთ ბერის სულიერად საღ პოზიციას ზილოტური საკითხისადმი და მის მოწყალე გულს, რომელსაც ყველა შეცდომილი ეცოდება. ერთი მხრივ, არ სურს მათი ცდომილების მონაწილე იყოს, მეორე მხრივ კი, ყველასი ესმის, ყველას თანაუგრძნობს. ↩
- მამა მაქსიმეს დედას გულისხმობს. ↩