წერილები 49–53 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

წერილები 49–53 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

[49] მონაზონ ბრიენას

წმიდა მთა, 15 ოქტომბერი, 1948 წ.

ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა, მთელ ქრისტესმიერ კრებულთან ერთად. ვლოცულობ, რომ ჩემმა კნინმა ნაწერმა ყველა თქვენგანი სრულიად ჯანმრთელი და სულიერად ბედნიერი გიპოვოთ. ამ პატარა ეპისტოლეს სხვა მიზეზით არ ვწერ, გარდა იმისა, რომ ჩვენი სამწუხარო ამბები გაუწყოთ. იმის გამო, რომ თქვენი მცირე ეპისტოლეს პასუხს ელით, უნდა გამცნოთ შემდეგი:

ბოლოს ანგარიში მომწერეთ, რათა დანარჩენებიც გამოგეგზავნათ. მე ველოდი, რომ ჯერ ის მიმეღო, რაზეც თქვით, რომ გამოაგზავნეთ და შესაბამისი პასუხიც მომეწერა. მაგრამ – იქნებ წმიდა ღმერთი გვცდის – ისევ შეცდომით მიგითითებიათ ადრესატი და, მიუხედავად მრავალნაირი მცდელობისა, ვერაფერს გავხდით. 25 ათასიც ვაჩუქეთ, მაგრამ, არაო, არაფრით არ გამოვაო, რადგან ამის ნაცვლად: „ათანასე ფოტოგრაფს, კარიესი“, დაგიწერიათ „ფოტოგრაფს, წმ. ანას მცირე სკიტი“. ამიტომაც არ მოგვცა და ძალიან დამწყდა გული: ჯერ ერთი, რომ ასე დაგტვირთეთ და ამდენ შრომასა და საზრუნავში ჩაგაგდეთ, და მეორე, რომ მთელი ამ წვალების მიუხედავად, საქმე მაინც არ გაკეთდა.

შემდეგ კი, ორი-სამი დღის შემდეგ, კარიესში კომუნისტები შევიდნენ და ყველაფერი გაანადგურეს და გაძარცვეს. რვა საათი გრძელდებოდა შეტაკება. ზოგი მათგანი, 200 კაცი იბრძოდა, 20 ქალი ჰყავდათ ტყვიამფრქვევებით, ხოლო დანარჩენებმა, როგორც ამბობენ, დააცარიელეს ყველა მაღაზია. 250 ჯორი დაუტვირთავთ. მათე მეკრიალოსნეს1 სალარო გაუტეხეს და 400 ლირა წაართვეს, პაპარაპის – 300 ლირა, ამბერკის – 100 ლირა. იქითა მხრის2 ყველა მონასტერი გაატყავეს.

ივერთა მონასტერში ქალი შესულა და სალარო გაუხსნია, სამ-ნახევარი მილიონი უპოვია. 300 კაცი ტყვედ წაიყვანეს, პროვატაში3 ერთი კელია დაუწვავთ, ბოლოს კი კარიესში უთქვამთ, ცოტა ხანში მოვალთ და გაგათავისუფლებთო. ვატოპედს რაც ჰქონდა, მიუცია. ახლა კარიესში ყველაფერი მკვდარია.

ერთი სიტყვით, კაცს უკვე იმისი გჯერა, რომ ღმრთისმშობლის მადლმა დატოვა წმიდა მთა. ქალები ავაზაკურად შევიდნენ იმ მონასტრებში, სადაც ყოვლადწმიდა დედოფლებსაც კი არ უშვებდა! ისინი გასცემდნენ თურმე ბრძანებებს4.

წარმოიდგინეთ, ახლო მომავალში: როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, რა ელის ათონის მთას. იქნებ ძალიან მალეც. სასურსათო მაღაზიები სრულიად დაცარიელდა, ხოლო რომელი მეპატრონეებიც უპოვიათ, თან წაუყვანიათ. უცნობია, რა ბოლო ელით. ამბობენ, ფოსტაში 35 მილიონი იპოვესო, თუმცა ბერები ცრუობენ კიდეც ზოგჯერ. ბევრს შიშით გონება შეერყა. კომუნისტებიც დახოცეს ბრძოლებში.

ის-ის იყო მონასტრებს მეტოქებიდან ქირა მოუტანეს, მივიდნენ და წაართვეს. ძვირფასი ნივთები წაუღიათ: ძალიან ბევრი ოქრო, მეკრიალოსნის ერთი სახარება (ამბობენ, 8 ოყას* (10 კგ-ზე მეტს) იწონიდაო), ვის ოქრო და ვის – ვერცხლი. სხედან ახლა ის საწყლები, რომლებიც გაძარცვეს და დასტირიან ნარჩენებს. უნებლიედ დაიჯერეს უფლის სიტყვებისა: „ნუ იუნჯებთ საუნჯეთა“5 ოქროსა და ვერცხლს.

აი, ასეთი რამეები მოხდა თხუთმეტი დღის წინ. ამიტომ თანხის ქვითრის კვალიც დავკარგე. ყველა გაიქცა – ფოსტალიონებიცა და მმართველებიც. გწერთ, რათა გავიგო: ნეტავ ჩემი ოფლის ნაყოფი ცოცხალია, არსებობს, თუ დათანსა და აბირონთან ერთად დაინთქა6 კომუნისტების ხელში? იცით, რა ბედი ეწია?7

ეს მთელი წვალება კი ჩემი ბრიენას გამო მოხდა, რომ წერილებს, ქვითრებს, შენიშვნებს არ ინახავს: ერთი მავთული რომ ჰქონდეს სადმე და, როგორც კი წაიკითხავს, ჩამოაცვას მავთულზე. ამგვარად შეცდომები აღარ მოხდება.

ახლა კი თქვენ ჩვენ გამო იტანჯებით, ჩვენ კი ჩვენს საქმეს ვერ ვაკეთებთ. ახლა ხორბალი უნდა მოეტანათ, ჩვენ კი არ გვაქვს. რა დავწერო? მწამს, რომ არ დაიკარგება, მაგრამ ახლა ორივენი ვდარდობთ. ვაღიარებ, რომ მე ჩაგაგდეთ ამ განსაცდელებში, თუმცა უმეცრებით მომივიდა. ამიტომაც ვნანობ და პატიებას გთხოვთ, რამეთუ ჩვენ ქრისტეს სიყვარულით მოგმართეთ, თქვენ კი იმავე სიყვარულით ჩვენთვის გაისარჯეთ. იმის მაგივრად, რომ მე გეხმარებოდეთ, ისე გამოვიდა, რომ პირიდან ლუკმა გამოგტაცეთ. ისევ შენდობას გთხოვთ. ხოლო თუ დაიკარგება, ან უკვე დაიკარგა, ჩემს ეპიტიმიად ჩაითვალოს.

რომ მთხოვეთ ანგარიში მომეწერა, 600 ათასი იყო ის უკანასკნელი ამანათი, რომლის სანაცვლოდაც არაფერი მიგვიღია. თუ დაიკარგა, არაფერს ვითხოვ [ანაზღაურების სახით]. თუკი გადარჩა, მოგწერთ ან ტელეგრაფს გამოგიგზავნით და თქვენც დაუყოვნებლივ ტელეგრაფითვე გადმორიცხავთ. თუ მოგწერთ, ათანასეს გავგზავნი დაფნიში, რომ იქ დაელოდოს და აიღოს, თორემ ფოსტა ახლა აღარ გვაქვს.

ის ფოტოგრაფი ჭკუიდან შეირყა. იმის გამო, რომ მისი სახლის გარეთ მოხდა შეტაკება, შიშის სულმა მოიცვა. რადგან არ ვიცით ერთი საათიდან მეორემდე რა გველის, ტელეგრაფით გადმორიცხეთ, რა თქმა უნდა, თუ გადარჩა და არ დაიკარგა. ადრესატი ასე მიუთითეთ: „იოსების ათანასეს, მცირე წმიდა ანა“ – ტელეგრაფს ასე დააწერეთ. როცა მოგწერთ, იმწუთას გადმორიცხეთ ტელეგრაფის მეშვეობით. ათანასე იქ დაელოდება. რომელი ფოსტაც გაიხსნება, იქ იქნება ტელეგრაფიც. იმიტომ გიმეორებთ ამდენჯერ ერთსა და იმავეს, რომ შეცდომა არ მოგივიდეთ. იმედი მაქვს, რომ არ დაიკარგება, რადგან ვალები გვაქვს, მაგრამ, რომც დაიკარგოს, უფალი სხვა მხრივ იზრუნებს, რამეთუ ხშირად იგი გამოგვცდის ხოლმე. დიდებული იყოს მისი საღმრთო სახელი!

ერთი სიტყვით, მაპატიეთ, რომ დაგღალეთ. ყველა ჩვენგანი ლოცულობს თქვენთვის. გთხოვთ, მოგვწეროთ, თუ რამეს გაიგებთ გადმორიცხვის ქვითარზე.

მონაზონთა შორის უკანასკნელი

ჩემგან მეტანია გადაეცით მოძღვარს, იღუმენიას და ქრისტესმიერ დებს.

იოსები

[50] მონაზონ ბრიენას

წმიდა მთა, 20 ოქტომბერი, 1948 წ.

ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა, წინა კვირას მოგწერეთ, რომ გადმორიცხვის ქვითარი არ მიმიღია და აგაღელვეთ. ამ ყველაფერს განსაცდელი* (აქ: ეშმაკი) მიწყობს იმიტომ, რომ სხვა მხრიდან ან სხვაგვარად არ შეუძლია მავნოს. იმის გამო, რომ [ჩემი] წერილებით შესაძლოა ვინმე ქრისტიანი სარგებელს იღებს, მთელ სამყაროს აწრიალებს ჩემ წინააღმდეგ: ძილს რაც შეეხება, [ჭინკები] არ მაცლიან, რომ წამოვწვე, არამედ მხოლოდ დაჩოქილს მძინავს, როგორც ღამის გუშაგს, ქურდები რომ არ შეიპარონ; სხეულის მხრივ – ყოველგვარ სნეულებას მგვრიან, ადამიანების მხრივ – წერილებს მიხსნიან, ვეზიზღები, განმიკითხავენ, მაყვედრიან, ვძულვარ და ა.შ. მაგრამ მოთმინებით ყველა მისი მახე ირღვევა.

სწორედ მან დარია ხელი ახლაც ქვითრის ამბავს – სისხლი ვანთხიეთ, რა აღარ ვიღონეთ, რომ მოეცათ. კარიესში გაუგზავნიათ, ხოლო ფოტოგრაფს რომ მიუღია (ფოსტაში ცხოვრობს და ტელეფონების შემკეთებელია), თუმც იცოდა, რომ ჩვენი იყო, თვალები დაუბრმავდა, რომ „იოსები“ დაენახა, და მთელი ათონი მოიარა „იოასაფის“ ძებნაში8. საბედნიეროდ, ვერ იპოვა ვერანაირი იოასაფი.

ახლა, როდესაც შფოთი ცოტა მიწყნარდა, წავედით და ვიკითხეთ, ქვითარი უკან დააბრუნეს თუ დაიკარგა. დაწვრილებით შევიტყვეთ რა ყველაფერი, მხოლოდ დღეს, 20 ოქტომბერს, შევძელით მიგვეგნო კავსოკალივებში. იოასაფსაც ვეძებდით, თუმცა „იოსები“ ეწერა.

ერთი სიტყვით, ყველაფერი განსაცდელის ხრიკები იყო. ამგვარად, მივიღეთ 400 ათასი, დამშვიდდით. დანარჩენი, ქრისტეშობა რომ მოახლოვდება, მაშინ გამოგზავნეთ, ორმოცდღიან მარხვაში — დღესასწაულისთვის ვიყიდით რამეს. ადრესატი ასე მიუთითეთ: „იოსების ათანასე, წმიდა ანას მცირე სკიტი, წმიდა მთა“.

ეპისტოლე გამოვგზავნე, უკვე დიდი ხანია.

ვლოცულობ თქვენთვის,

უკანასკნელი იოსები

[51] მონაზონ ევპრაქსიას

წმიდა მთა, 25 ოქტომბერი, 1948 წ.

ჩემო საყვარელო შვილო, ჩემი სულის ნაწილო, ევპრაქსია, გისურვებ, რომ კარგად იყო.

ჩემო ასულო, ჩემო ევპრაქსია, მივიღე შენი ეპისტოლე და ფოტოსურათი და მიხა- რია, რომ ჯანმრთელად ხარ. ჩვენს ჯანმრთელობას რაც შეეხება, მე ყოველთვის ავად ვარ. სხვები კარგად არიან.

თავი აიძულე, ჩემო შვილო, თავი აიძულე ლოცვაზე, რამეთუ ძალიან ცუდადაა საქმეები. ღმრთისმშობელი ნელ-ნელა გვტოვებს ბერ-მონაზონთა ცოდვების გამო.

აქაც შემოვიდნენ კომუნისტები, ქალები და კაცები, და ყველაფერი გაანადგურეს10: მაღაზიები, მონასტრები. ლირები ტომრებით წაიღეს, სასურსათო მაღაზიები დააცარიელეს. 300 კაცი, მუშები, ტყვედ წაასხეს და წავიდნენ. მხოლოდ იმისთვის შეყოვნდნენ, რომ დარჩენილიც წაეღოთ. 250 ჯორი დატვირთეს და ბულგარეთის გზას გაუყენეს.

ივერთა მონასტერში, სადაც ღმრთისმშობლის „კარიბჭის“ ხატია, ქალები შევიდნენ. ძველად ღმრთისმშობელმა დედოფალი არ შეუშვა მოსალოცად, ახლა კი ყაჩაღები შევიდნენ. ასე რომ, ნამდვილად აქაურობის ბოლო მოახლოვდა, რამეთუ ყოვლადწმიდა დაგვტოვებს, და ვაი იმ მონაზვნებს, რომლებსაც იმ დროს სინანული არ ექნებათ.

ამიტომაც გეუბნები, თავი აიძულე-მეთქი, რომ იმ წუთს, როდესაც უფალი წაგვიყვანს, მზად ვიყოთ.

ვლოცულობ შენთვის მთელი სულით,

შენი მამა, მდაბალი იოსები

[52] მონაზონ ბრიენას

წმიდა მთა, 15 ნოემბერი, 1948 წ.

ჩემო საყვარელო შვილო, ჩემი სულის ნაწილო, ჩემო წმიდაო ქალწულო მთელ წმიდა კრებულთან ერთად, გისურვებთ, რომ ყველანი კარგად იყოთ.

ჩემო შვილო ბრიენა, ეს-ესაა მივიღე შენი ეპისტოლე, წავიკითხე რასაც მწერ და გამიხარდა, რომ ჯანმრთელობა კარგად გაქვს.

შვილო, სხვა არაფერი გვეხმარება ისე რისხვისა და სხვა ვნებების დაცხრომაში, როგორც ღმერთისა და ყველა დის მიმართ სიყვარული. სიყვარულით უფრო ადვილად სძლევს კაცი, ვიდრე სხვა ხერხით. სიყვარული ყველამ შეიწყნარეთ, როგორც უძლეველი იარაღი და მისი მეშვეობით მეტად ადვილად და მცირე გარჯით მიაღწევთ უვნებობას. ამის გარდა, სულიერი მოღვაწეობის დროსაც არ იგრძნობთ ტკივილს მაშინ, როდესაც გონებას სიყვარული ეუფლება. ამიტომაცაა, რომ სიყვარული არ ეცემა11, თუკი სულის საჭეს ყოველთვის პირდაპირ მასზე მიმართავ. რაც არ უნდა მოხდეს, შემდეგი სიტყვები გქონდეს ლოზუნგივით მომარჯვებული: „შენი სიყვარულის ხათრით, ჩემო ტკბილო სიყვარულო, იესო, მოვითმენ შეურაცხყოფას, დამცირებას, ყვედრებას, ჩაგვრას, შრომას და სხვა ნებისმიერ გასაჭირს“, და იმწუთას ტკივილის ტვირთი გიმსუბუქდება, ხოლო ეშმაკის სიმწარე ცხრება.

და დამიჯერეთ ის, რასაც გეტყვით. ერთხელ, ჩემი მრავალი საშინელი განსაცდელის გამო, სევდა და ნაღველი დამეუფლა და ღმერთს, როგორც დაჩაგრული, ვეკამათებოდი იმისთვის, რომ ამდენ განსაცდელს უშვებს ჩემზე, თანაც, ოდნავაც არ მაცლის, სული მოვითქვა. ასე გამწარებული ვიყავი, როდესაც ჩემში ძალიან ტკბილი ხმა გავიგონე, ძალიან სუფთა, უზომო თანაგრძნობით სავსე: „ნუთუ ამ ყველაფერს ჩემი სიყვარულისთვის არ მოითმენ?“ ამის მოსმენა იყო და, ცრემლებად დავიღვარე, ვნანობდი, რომ სევდას დავემორჩილე. არასდროს მავიწყდება ის ტკბილი ხმა, რომელმაც იმწუთას გამიქრო განსაცდელიცა და მთელი ნაღველიც: „ნუთუ ამ ყველაფერს ჩემი სიყვარულისთვის არ მოითმენ?“ ო, მართლაც ტკბილო სიყვარულო, შენი სიყვარულისთვის ჯვარს ვეცმებით და ყველაფერს ვითმენთ.

ის ძმა იმასაც მიყვებოდა, რომ ერთხელ სევდამ მოიცვა ვიღაც ძმის მიზეზით, რომელიც მის რჩევებს ყურს არ უგდებდა და ეურჩებოდა. ამის გამო დარდობდა. ლოცვის დროს განკვირვება დაეცა და დაინახა უფალი, ჯვარზე მიჯაჭვული, ნათლით გარემოცული, რომელმაც თავი მოაბრუნა, შეხედა და უთხრა: „ხედავ, რა მოვითმინე შენი სიყვარულისთვის? შენ რას ითმენ?“ ამ სიტყვამ სევდა განუქარვა, სიხარულითა და მშვიდობით აღავსო და მრავალი ცრემლით ადიდებდა უფლის მოწყალებას, რომელიც ადამიანის მდგომარეობაში შედის; რომელიც გასაჭირს კი უშვებს, მაგრამ გვანუგეშებს, როდესაც ხედავს, რომ ვდარდობთ. ამიტომაც, ნუ დარდობ, ნუ მწუხარებ გასაჭირისა და განსაცდელის დროს, არამედ იესოს სიყვარულის მეშვეობით შეიმსუბუქე გულისწყრომა და სევდა, თავი ასეთი სიტევებით გაიმხნევე: „სულო ჩემო, სულო ჩემო, მცირე მწუხარება მრავალწლიანი სნეულებისგან განგწმედს“. მაგრამ [მადლი?] მალე ისევ წავა – სიმართლე უნდა ვთქვათ.

განსაცდელები: რამდენადაც მცირეა მოთმინება, იმდენად დიდია განსაცდელი. როგორც მიეჩვევა მათ ადამიანი და ითმენს, იმდენად პატარავდება და უწვალებლად ჩაივლის, კაცი კი კლდესავით მყარი ხდება. ასე რომ, მოთმინება იქონიე, და ის, რაც ახლა ძნელად მისაღწევი გგონია, მრავალი წლის შემდეგ ხელში გეპყრობა, როგორც საკუთრება და თვითონაც გაგიკვირდება, როგორ შეძელი ასეთი რამ, ამიტომ ახლა, სანამ ახალგაზრდა ხარ, გაისარჯე და მოიშალე სიტყვა „რატომ?“ და ნუ ჩივი. ხოლო. როდესაც დაბერდები, უვნებობის მოსავალს მოიმკი. შენ თვითონ გაგიკვირდება, საიდან შეიძინე ასეთი ლამაზი თავთავები, როცა მიწა არ დაგიმუშავებია და გამდიდრდი არაფრის ღირსი. ყველა შენმა დრტვინვამ, გულისწყრომამ და ურჩობამ როგორ გამოიღო ასეთი ნაყოფი და სურნელოვანი ყვავილი.

ამიტომაც აიძულე თავი. ათიათასობითაც რომ დაეცეს მართალი, [ღმერთის მიმართ] კადნიერებას არ კარგავს, არამედ ისევ წამოდგება და ძალებს განიახლებს, რასაც უფალი გამარჯვებად უთვლის. თანაც, გამარჯვებებს არ უჩვენებს, რათა თავი არ აიმაღლოს, დაცემებს კი თვალწინ წარმოუჩენს, რათა ხედავდეს და წუხდეს და მდაბლდებოდეს. ხოლო როდესაც მტრების სამალავებს ჩაივლის, ყველგან ფარულ გამარჯვებას მიაღწევს, მაშინ ცოტ-ცოტას დაანახვებს, რომ იმარჯვებს, რომ გვირგვინს იღებს, რომ მისი ხელები რაღაცას სწვდებიან – იმას, რასაც მანამდე ითხოვდა და ვერ იღებდა. ამგვარად იწრთობა და იწვრთნება და სრულიყოფება იმდენად, რამდენის დატევაც შეუძლია მის ბუნებას: გონებას, განსჯას, ჩვენი სულის ჭურჭელს. ამიტომაც გამხნევდი და მოძლიერდი უფლის მიერ და შემართებას ნუ შეანელებ, არამედ ეძიე და განუწყვეტლივ მოუხმე უფალს, მიუხედავად იმისა, იღებ თუ არა სათხოვარს.

რომ მოგწერე, წერილები შეინახე-მეთქი, ჩემს ეპისტოლეებს კი არ ვგულისხმობდი, არამედ, რადგან შევიტყვე, რომ მონასტრის მდივანი ყოფილხარ, ვალდებული ხარ ყველა ქვითარი, განაღდების ქვითარი, შენიშვნა, ეპისტოლე შეინახო. მიიღებ თუ არა, აგზავნი. გინდ მავთული იყოს, გინდ უჯრა, გინდ ყუთი – სადაც გინდა, შეინახე, ოღონდ, [არსი ის არის, რომ,] დაგჭირდება თუ არა, პოულობ და შეცდომას ასწორებ, და არ ხდება ის, რაც ახლა შეგვემთხვა, მაგალითად, მეც ასე ვიქცევი და ამიტომ არასდროს მომდის მსგავსი გაუგებრობა.

ათონის მთას რაც შეეხება, მოჯანყეები ახლა აქ დაბინავდნენ და მშვიდად აცარიელებენ სანოვაგისგან თითოეულ მონასტერს თავის პირუტყვიანად და მშვიდადვე მიდიან. ამიტომ შეიძლება კაცმა წმიდა მთას კომუნისტების თავშესაფარი უწოდოს, ასევე, [წმიდა] მთისა და მთელი მსოფლიოს აღსასრულიც.

ახლა, ნოემბერში, პირველად მოთოვა იმდენი, ათი დღის განმავლობაში, რომ ზღვა პირდაპირ თოვლს ურტყამდა12. ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ ჩვენი ტკბილი დედის მადლი გვშორდება. და ვაი ჩვენ, საწყლებს!

რაც შეეხება წერილების წარწერას, როდესაც მე აქედან ვაგზავნი, არა უშავს, თუ გოლფოს სახელ-გვარს დავაწერ, მაგრამ როდესაც თქვენ მანდედან მიგზავნით, ნუ დააწერთ გამომგზავნად გოლფოს – ამჯერად არ გაუხსნიათ. მაგრამ ღმერთს მივანდობ ამასაც და ამგვარად ვსწავლობ ყველანაირი მოვლენის უდრტვინველ მოთმენას. მხოლოდ იმ ადამიანებზე ვწუხვარ, სინდისს რომ იბღალავენ. და ამ ყველაფრისთვის – აი, ღმერთის რისხვაც. მოძღვარს ჩემგან მეტანია გადაეცი, ასევე, იღუმენიას და ყველა დას. მთელი სულით ვლოცულობ შენთვის,

მდაბალი იოსები

[53] მონაზონ ბრიენას

წმიდა მთა, 12/12/1948

ჩემო საყვარელო შვილო, აქამდე ჩემო კარგო და კეთილო ბრიენა, მთელ კრებულთან ერთად გისურვებთ, რომ კარგად იყოთ ყველანი.

შვილო ბრიენა. დღეს მივიღე შენი ეპისტოლე, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან შევწუხდი და სიმწარით ამევსო სული, რამეთუ ვიგრძენი შენი სულის ცვლილება და არ ვიცი, თუ იურჩებ, რა დაცემით დაამთავრებ. ამიტომაც ვჩქარობ იმავე წუთს გიპასუხო – იქნებ მოვასწრო და შევაჩერო ველური ზღვის ტალღები, რომელიც შენს დაფარვასა და შთანთქმას აპირებს.

აბა, ყური დამიგდე, ჩემო საყვარელო ასულო.

და უთხრა ღმერთმა ადამს: „ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, მე რომ აგიკრძალე?13 მე კი შენ გეკითხები: ვინ ჩაგიდებდა გონებაში ამ ყველაფერს, თუ შენ თვითონ არ გაუღე კარი მტერს და, შემოვიდა რა მთელ თავის რაზმთან ერთად, დაამდაბლა შენი სული? დანარჩენი დების ლოცვები დროულად რომ არ შეგწეოდა, ასირიელები14 ტყვედ წაგიყვანდნენ.

ის, რასაც მწერ, ბრიენა, მანამდე უნდა გეფიქრა, სანამ სქემას შეიმოსავდი. ახლა კი, როდესაც უკვე შეიმოსე, ხოლო ქრისტემ შენი აღთქმები დაბეჭდა, ამაზე ლაპარაკს აზრი აღარ აქვს, რადგან მას მერე, რაც შენზე [აღკვეცის] საიდუმლო აღსრულდა, დედები და დები წაიშალნენ. თუკი მონაზონი ამის მერე სულმოკლეობას გამოიჩენს და თავის მოძღვარსა თუ საძმოს მიზეზის გარეშე დატოვებს, სასიკვდილო „ვაის“ იმსახურებს, რამეთუ დიდ უბედურებებში გაეხვევა და სასჯელს თავს ვერ დააღწევს. მთელ ცხოვრებას ამის საფასურის გადახდას მოანდომებს და მაინც მოვალედ დარჩება, რადგან აღთქმების უარმყოფელი და მცნების დამრღვევი იქნება.

უფალმა ხომ თქვა: ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარსო და ა.შ.15, ვინც არ დატოვებსო მშობლებს, და-ძმას და ა.შ.16, სხვაგან კი: ვინც ხელი დაადოს გუთანს და უკან მობრუნდესო და ა.შ.17, ხოლო აღკვეცის მსახურებაში: სჯობს არ აღუთქვა უფალს, ვიდრე აღუთქვა და არ აღუსრულოო18.

როდესაც ასეთ რამეებს ბრძანებს შენი სიძე, მასწავლებელი, შენი მამა, შენი ღმერთი და შემოქმედი, რომელსაც შენი სუნთქვაცა და ცხოვრებაც ხელში უპყრია, როგორ გიბრუნდება ენა, რომ თქვა, ვერასდროს მოვისვენებო, სინდისის ქენჯნა მექნებაო და სხვა, რასაც მწერ? ამ ყველაფერზე იმ ღმერთმა იფიქროს, რომელმაც დააწესა ეს კანონები და ზღვრები. თავის თავის წინაშე აგოს პასუხი, თუკი სწორად არ გვითხრა. მაგრამ შენ (მეც) ვალდებული ხარ დაიცვა ის აღთქმები, რომლებიც მის წინაშე დადე, რათა იმ მარადიული სიკეთეების მემკვიდრე გახდე, რომლებსაც დაგპირდა.

არც ის იფიქრო, რომ დედაშენი ირგებს შენგან, თუკი წახვალ. დიდად იზარალებს სულიერად და მთელი სახლეულობა დაიღუპებით. მაგრამ არც მე ვეზიარები თქვენს ცოდვას, არც ახლა ვარ თანახმა, რომ წახვიდე და მოინახულო, ხოლო თუ სულიერი დედა გაგიშვებს, ეს შეღავათი ძვირად დაუჯდება. არც ისაა სწორი, რომ მონაზონი ათანასია გაგზავნოს შენი დედის მოსამსახურებლად, თუნდაც მძიმედ იყოს. არამედ, როდესაც საჭირო გახდება, ვინმე მორწმუნე და ღმრთისნიერი ქალი იპოვეთ, რომ მოუაროს. ამგვარად ღმერთიც ზემოდან უფრო დიდ გასამრჯელოს მისცემს. როდესაც სტკივა და იტანჯება და წუხს, გასამრჯელოც იმატებს, ხოლო როდესაც გნახავს და გაიხარებს, სასყიდელიც იკლებს. მაშ, ძნელია, რომ ვინმე ქალს გადავუხადოთ და მოუაროს? პენსია, რომელსაც მარიამს ვაძლევთ, სხვა მორწმუნე ქალს მივცეთ, რომელიც შენს დედას უპატრონებს, ხოლო მარიამმა გაიჭირვოს, რადგან ასეთი არაადამიანი აღმოჩნდა და ქრისტიანულადაც კი არ ეცოდება თავისი ნათესავი. აი, მშვენიერი და სამართლიანი გადაწყვეტა.

შენ კი მეხსიერებიდან სრულიად ამოიშალე მსგავსი რამეები, რამეთუ, თუ დაიძლევი, არა თუ აღარ მოგწერ, არამედ ეკლესიაშიც წაგშლი და ჩემს გულშიც.

თუ სურს მონაზონი გახდეს, სქემა შეიმოსოს, როდესაც სიკვდილი მოახლოვდება, ეს შეიძლება მოხდეს. თქვას, ვინ უნდა, და იმან შემოსოს. ეს მასზეა დამოკიდებული – თუ უნდა და როცა უნდა. შენ ამის [პასუხისმგებლობის] სიმძიმე არ გაწევს. მთელი ზრუნვა და საფიქრალი იმისია, ვინც ცა და ქვეყანა შექმნა და ყველაზე ზრუნავს.

ჩვენს დროში ერთი კაცი ცხოვრობდა კატუნაკებში – მე ვერ მოვესწარი, ჩემს მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე გარდაცვლილიყო. ვინმე ბრმა ბერის მორჩილი იყო. ერთ დღეს ვიღაც ღარიბი ერისკაცი მივიდა მათთან და მონაზონი შეეკითხა, საიდან იყო. თანასოფლელი აღმოჩნდა. არ გამოეცნაურა, უბრალოდ, ჰკითხა მავანი როგორ არისო, თავის მამაზე ჰკითხა. იმან კი მიუგო, გარდაიცვალა და სამი ასული და ცოლი ქუჩაში დარჩაო, ობლობასა და სიღატაკეში. ერთი ვაჟიც ჰყავდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ წავიდა და არ იციან, რა მოუვიდაო. მონაზონს, თითქოს მეხი დასცემოდა, იმწუთას გულისსიტყვების ბრძოლა დაეწყო. წავალო, ეუბნება მოძღვარს, უნდა წავიდე და ჩემებს ვუპატრონოო. ლოცვა-კურთხევას სთხოვდა. ბრმა ბერმა სათქმელი უთხრა, მაგრამ ვერაფრით დაარწმუნა. ბოლოს და ბოლოს მიუშვა ნებაზე და ისიც წავიდა.

როდესაც ათონიდან გავიდა, ერთი ხის ჩრდილში ჩამოჯდა დასასვენებლად. იმ დროს ვიღაც სხვა, გაოფლიანებული მონაზონიც მივიდა იმ ადგილას და მანაც ჩრდილს შეაფარა თავი. უცნობი გამოელაპარაკა:

— აფორიაქებული მეჩვენები, ძმაო, რა შეგემთხვა?

— ნუ მკითხავ, დიდი უბედურება მეწია, — მიუგო ამან და დაწვრილებით უამბო ყელაფერი.

კეთილმა მოგზაურმა უთხრა:

— თუ გინდა, საყვარელო ძმაო, გამიგონო, გირჩევ შენს მოძღვართან დაბრუნდე, ხოლო ღმერთი შენს ოჯახს მიხედავს. მოუარე მოძღვარს, თან ხომ ბრმა არის.

ამას კი გაგონებაც არ სურდა. მეტიც, რადგან გულისსიტყვებს მოეცვა, უცნობის სიტყვები სისულელედ მიაჩნდა, ხოლო მას მერე, რაც მრავალი მაგალითი მოუყვანა (როგორც ახლა მე შენ), წამოდგა და გზის გაგრძელება სურდა. უცნობი კიდევ ერთხელ შეეკითხა:

— ერთი სიტყვით, არ გინდა გამიგონო და უკან დაბრუნდე? არაო, მიუგო მონაზონმა. მაშინ უცნობი ეუბნება:

— როგორც კი შენი მამა გარდაიცვალა, ღმერთმა მიბრძანა, შენიანებთან წავსულიყავი, რომ დამეცვა და მეპატრონა. მაგრამ რადგან ახლა შენ მიდიხარ ჩემ მაგივრად, მე მათ ვტოვებ და მივდივარ, რადგან არ გინდა გამიგონო.

ეს თქვა და გაქრა.

მონაზონი გონს მოეგო და იმწუთას თავისი მოძღვრისკენ გამოეშურა, რომელიც [თურმე მთელი ეს დრო] მისთვის ლოცულობდა. ასე ხდება ხოლმე, როდესაც ჩვენ ყველაფერს ღმერთს მივანდობთ. კეთილმა გამგებელმა ხომ კარგად იცის, თუ როგორ განაგოს ყველაფერი, შეცდომა ხომ არ მოსდის. მაგრამ ვისაც ცხონება სურს, მოთმინება უნდა იქონიოს. ხოლო თუ გვინდა, რომ ღმერთი ისე მოიქცეს, როგორც ჩვენ მოგვწონს და როგორც ჩვენ განვსჯით, მაშინ ვაი ჩვენს უბედურებას.

ერთი სიტყვით, კმარა. იზრუნე, რომ გაუგონო უფროსებს. მოძღვარს მეტანია გადაეცი.

ვლოცულობ ყველა თქვენგანისთვის. შენთვის ვლოცულობ მთელი სულით. ათანასიას მოკითხვა გადაეცი.

იღუმენიასგან ფარულად ნუ წერ. მისი დედა არ იტანჯება ცოდვის გამო, [არამედ] ღმერთის რაღაც მსჯავრია. მოძღვარმა ჰკითხოს, რამე ხომ არ დაავიწყდა [აღსარებაში]. რაც არ უნდა იყოს, სულ მცირე გარჯისთვისაც კი კაცი გასამრჯელოს იღებს. ხოლო თუ [სხეული] ლპება, მაშინ, ხისგან განსხვავებით, ბევრი ნაყოფი ექნება.

ისევ მოგიკითხავ,

მდაბალი იოსები

შენიშვნები

  1. სიტყვა „კრიალოსანი“ ბერძნული „კირიე, ელეისონ“-იდან მომდინარეობს, რაც ნიშნავს „უფალო, შემიწყალე“ (ან „შეგვიწყალე“). შესაბამისად, კრიალოსანი არის სკვნილი. ↩
  2. ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე სავანეებს გულისხმობს, რადგან თვითონ სამხრეთ მხარეს ცხოვრობდა. ↩
  3. პროვატა – ადგილი ათონზე, წმ. ათანასეს ლავრასა და კარაკალუს მონასტერს შორის. ↩
  4. ამ ქალებს საღმრთო სასჯელი მალე ეწიათ – ისინი სამოქალაქო ომის დროს დახოცეს (ომი მომდევნო წელს კომუნისტების დამარცხებით დასრულდა). ↩
  5. იხ. მათ. 6,19. ↩
  6. შეად. რიცხვ. 16; ფსალმ. 105,17. ↩
  7. როგორც შემდგოში კონტექსტიდან ჩანს, ხელსაქმეზეა ლაპარაკი (სავარაუდოდ, ხის ჯვრებზე). ↩
  8. ეს ორი სახელი ვიზუალურად ერთმანეთს ბერძნულში უფრო მეტად ჰგავს, ვიდრე ქართულში და ამიტომ შეიძლება კაცს აერიოს: Ἰωσήφ ο Ιωάσαφ. ↩
  9. მონაზონი ევპრაქსია 1890 წელს დაიბადა პონტოს ქალაქ ტრაპიზონში. ბერი იოსები 1929 წელს გაიცნო თესალონიკში და ერთ-ერთმა პირველმა სთხოვა დედათა მონასტერი დაეფუძნებინა. ბერი მის და სხვათა თხოვნას დაჰყვა და სოფ. გეროვიცაში შეიქმნა სავანე. მონაზონი ევპრაქსია კარგი მოღვაწე იყო, მაგრამ სხვებთან ერთად ცხოვრება არ შეეძლო, ამიტომაც კრებულის დაშლის შემდეგ მამა იოსებმა ურჩია მარტო ეცხოვრა მკაცრი ასკეტური განრიგით. მრავალი სათნოება შეიძინა, ღირსეულად იცხოვრა და გარდაცვალებაც ნეტარი ჰქონდა. ↩
  10. ბერი გულისხმობს კომუნისტ მოჯანყეთა თავდასხმას ათონზე 1948 წლის 3/16 ოქტომბერს, როდესაც კარიესში, სხვა დანაშაულებთან ერთად, ალყა შემოარტყეს პოლიციის განყოფილებასა და ვატოპედის მონასტრის წარმომადგენლობას, სადაც იმხანად ათონის სამოქალაქო მმართველ (გუბერნატორ) პ. პანაიოტაკოსის სამყოფელი იყო. ↩
  11. შეად. 1 კორ. 13,8. ↩
  12. ათონის სანაპიროზე რომ თოვლის ფენა გაჩნდეს და ზღვა პირდაპირ თოვლს „ურტყამდეს“,
    ძალიან იშვიათი მოვლენაა. ↩
  13. დაბ. 3,11. ↩
  14. ძველ აღთქმაში ასირიელიები ხშირად ებრძვიან ებრაელებს. ბერი ალეგორიულად დემონებს გულისხმობს. ↩
  15. იხ. მათ. 10,37. ↩
  16. შეად. ლუკ. 18,29-30. ↩
  17. იხ. ლუკ. 9,62. ↩
  18. ციტატა აღებულია დიდი სქემის აღკვეცის მსახურების დამრიგებლური სიტყვიდან. ↩
Share