წერილები 46–48 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

წერილები 46–48 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

[46] მონაზონ ბრიენას

წმიდა მთა, 10 ივნისი, 1948 წ.

ჩემო საყვარელო შვილო, ჩემი სულის ნაწილო, ჩემო კეთილო და საუკეთესო ბრიენა, მთელ წმიდა გუნდთან ერთად, გისურვებთ, რომ ყველანი კარგად იყოთ.

შვილო, რამდენიმე დღის წინ მივიღე შენი 23 მაისის ეპისტოლე და წავიკითხე. მაგრამ, რადგან ახლა ღამე მოკლეა, გვიან გპასუხობ. მწერ: „ვინ უფრო მალე იღებს მადლს: დაყუდებული* (იქასტი, მდუმარე) თუ მორჩილი?“. მორჩილი მოწაფე, ეჭვგარეშე, მადლსაც იღებს და უსაფრთხოდაც არის და არც იმის ეშინია, რომ დაეცეს, არც იმის, რომ რამე დაკარგოს. ერთადერთი, უდებებაში არ უნდა ჩავარდეს.

და როდესაც ადამიანში ქრისტე მოვა, მაშინ, მარტო იქნება თუ სხვებთან ერთად, ყველგან აქვს მდუმარებაც და მშვიდობაც. ღმერთის მადლი დროზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ უფლის წყალობაზე და იმაზე, თუ როგორ იღვწის კაცი. გამოცდილება პრაქტიკული მოღვაწეობის მეშვეობით დროთა განმავლობაში შეიძინება, მადლი კი – ამიტომაც ჰქვია მადლი, ანუ ძღვენი, საჩუქარი, ქარიზმა – დამოკიდებულია ღმერთზე, ხოლო მოგვეცემა რწმენის მხურვალების, სიმდაბლისა და კეთილი განწყობისა და არჩევნის მიხედვით.

სოლომონმა მადლი თორმეტი წლისამ მიიღო, დანიელმაც იმავე ასაკში, დავითმა – პატარა ბიჭი რომ იყო და ცხვრებს მწყემსავდა. ასევე სხვებმაც, ძველებმაც და ახლებმაც. როგორც კი კაცი გულწრფელ სინანულს გამოხატავს, მადლი იმწუთას უახლოვდება, ხოლო მოშურნეობისდა მიხედვით, იზრდება. გამოცდილების შეძენას კი მრავალწლიანი მოღვაწეობა სჭირდება.

ხელნაწერის შესახებ კირიაკიას მივწერე (მუდანიის ქუჩა, 10, პოდონიფტი). თქვენც მოიკითხეთ.

ახალბედა მონაზონი და თქვენი ქრისტესმიერი ძმა ლაზარეს შაბათს აღიკვეცა – სქემების მოსვლისთანავე; რადგან დიდი მიმოწერა გვაქვს, მამა ათანასე კი სამუდამოდ აპირებს დაყუდებას1. მასაც იოსები დავარქვით2, რომ იცოდეთ, მადლით სავსე და მორჩილების მუშაკია, ლოცულობს თქვენთვის, როგორც მთხოვ.

რისხვის შესახებ მწერ, რომელიც უგნური ადამიანის გულში მოქმედებს. რისხვა ბუნებრივი რამ არის, იგივეა, რაც ნერვები სხეულში. სულის ნერვია, ადამიანმა კი იგი უნდა გამოიყენოს ეშმაკების, მწვალებელი3 ადამიანების და ყველა იმათ მიმართ, რომლებიც ღმერთის გზაზე გვაბრკოლებენ. ხოლო თუკი ერთსულ დებს უწყრები, ან ყვავილებს აზიანებ, ან სხვა რამეზე რისხდები, მაშინ ამპარტავნებით ყოფილხარ დაავადებული და რისხვას ბოროტად იყენებ. ამისგან კაცი თავისუფლდება ყველას მიმართ სიყვარულისა და სიმდაბლის მეშვეობით. როდესაც ბრაზი მოგაწვება, პირი კარგად მოკუმე, სიტყვა არ წამოგცდეს იმის წინააღმდეგ, ვინც გლანძღავს, ან გამცირებს, ან გამხელს, თუნდაც განსაცდელი* (აქ ეშმაკი) ალაპარაკებდეს და ნამდვილი მიზეზი არ ჰქონდეს. ამგვარად ეს გველი გულში შეუხვევს, ყელამდე ამოვა და, რადგან შენ გასავალს არ მისცემ, დაიხრჩობა და გასკდება. ხოლო რამდენჯერმე რომ ასე მოიქცევი, შემცირდება და საბოლოოდ სრულიად დაცხრება.

თუ არ გაირჯები და სისხლს არ დაღვრი, ნუ ელი ვნებებისგან თავისუფლებას. ღმერთის ბრძანების თანახმად, დედამიწა ეკალბარდს აღმოგვიცენებს4, რაც [მხოლოდ] გულისტკივილით, დასისხლიანებული ხელებითა და მრავალი კვნესით აღმოიფხვრება. ასე რომ, იტირე, ცრემლების მდინარეები ღვარე და ამგვარად დარბილდება შენი გულის ნიადაგი, ხოლო როდესაც მიწა დასველდება, ეკალბარდს ადვილად აღმოფხვრი.

ჯვრების შესახებ რომ მწერ, არ ვიცი ეგ სიტყვა რას ნიშნავს. ხატს რაც შეეხება, წმიდა ბრიენა შევუკვეთე ხატმწერთა შორის უპირველესს. 60 ათასი მოითხოვა, ხოლო თანასიმ – ორმოცდაათიო, უთხრა. თანხის გადმორიცხვის შესახებ: ფოსტალიონი ახლა აქ არ არის, ხოლო სანამ დაბრუნდება, ქვითარს ვადა გაუვა და ფულს უკან დაგიბრუნებენ. აქ დიდი უწესრიგობა სუფევს, ამიტომაც ძალიან გთხოვთ, სხვა სახელზე გამოგვიგზავნეთ (დაბლა გწერთ), რადგან ძალიან გვიჭირს.

და კვლავ ძალიან გთხოვთ: თანასიმ წინა ეპისტოლე წაიკითხა, სადაც ანგარიშს წერ, და მითხრა თქვენთვის მომეწერა, რომ ქვითარში მხოლოდ 200 ათასი ეწერა, და არა 290, როგორც მომწერე. რადგან მე საერთოდ არ ვერევი არც ფულის, არც სხვა მსგავს საკითხებში, არამედ მხოლოდ საქმეს ვაკეთებ, მამა ათანასე გთხოვთ, რომ თქვენი ქვითარიც კარგად შეამოწმოთ – ვნახოთ, სად არის შეცდომა. ასევე, 50 ათასზე რომ მოგვწერეთ, გამოგიგზავნეთო: ნეტავ სად ხდება ეს ამბავი, ფოსტაში თუ მანდ? იმას კი არ გეუბნებით, რომ თანხის ნაშთი ან სკვნილები გამოაგზავნოთ, რადგან თქვენთვის ლოცვა ჩვენი წმიდა მოვალეობაა (ისედაც დიდად ვართ თქვენი მოვალენი), არამედ რათა ვიცოდეთ, სად ხდება რაღაც არასწორად. ათანასე ვარაუდობს, რომ აქ ცხრის მაგივრად ნული ჩაწერეს.

ერთი სიტყვით, ახლა ქვითარი კარიესში გამოაგზავნეთ ხოლმე (თუ წინა თანხას უკან მოგიბრუნებენ) შემდეგნაირად: „ღირს ათანასე ფოტოგრაფს, კარიესი. იოსებ მონაზვნისთვის, წმიდა ანას მცირე სკიტი, ათონის წმიდა მთა“. ამგვარად, ეს კაცი კარიესში აიღებს ხოლმე, შემდეგ წავა ჩვენი იოსები, გამოართმევს და უკანაც აღარ გამოაგზავნიან.

ვიცი, რომ დიდ შრომაში გაგდებთ და თავს გატკიებთ, გვაპატიეთ. ჯერჯერობით სხვას არ გამოვაგზავნით. დაისვენეთ, ხოლო როცა ისევ მოგვწერთ, უფრო მცირე ხეს შევარჩევთ, თუმცა პატარა ნაჭერზე კვეთა ძნელი უფროა, ვიდრე ადვილი.

მაგრამ მაინც, ახლა დაისვენეთ. მოგვიანებით, როდესაც დრო დადგება, გაგიკეთებთ იმას, რაც მითხარით. თქვენი გასამრჯელო კი ჩვენმა ტკბილმა დედიკომ და თქვენი სავანის დიასახლისმა გადამიხადოს.

მოძღვარს ჩემგან მეტანია გადაეცი, იღუმენიასაც და ყველა ქრისტესმიერ დას.

მთელი სულით ვლოცულობ თქვენთვის,

უკანასკნელი მ. იოსები

[47] მონაზონ ბრიენას

წმიდა მთა, 3 აგვისტო, 1948 წ.

ჩემი საყვარელო შვილო, ჩემი სულის ნაწილო, მამა-დედა-დებთან ერთად, გისურვებთ, რომ ყველანი კარგად იყოთ, სულითაც და ხორცითაც. ამინ.

ჩემო სულის წმიდა ნაწილო, ბრიენა და კრებულო, ზეცაში დამკვიდრებულში ღმერთმა და ყოველთა უფალმა, რომელიც სუნთქვასა და სიცოცხლეს მოგვანიჭებს და მუდმივად ზრუნავს ჩვენს ცხონებაზე, გამოგზავნოს სული ნუგეშისა თქვენს წმიდა სულებში, გაგინათლოთ გონება, როგორც ჩვენი მაცხოვარი იესოს მოწაფეები განათლდნენ, გამოაბრწყინოს თავისი სიდიადის ნათელი მთელს სულიერ ადამიანში და განხურდეს გული თქვენი მისდამი საღმრთო სიყვარულით და იხარებდეს თქვენი გული ისევე, როგორც კლეოპასი5, როგორც მომასწავებელი იმისა, რომ ჩაისახა ახალი ადამი, ხოლო ძველი სრულად გაიხრწნა თავის ვნებებთან ერთად, და ამგვარად ყოველწუთს და მარადის იღვრებოდეს ცრემლები სიტკბოების წყაროდან. ამინ.

ჩემო შვილო, დღეს მივიღე შენი ეპისტოლე და ვნახე, რასაც მწერ, ხოლო ახლა გპასუხობ იმაზე, რასაც მეკითხები. გონებისმიერი ლოცვა ისე ხდება, როგორც იღუმენია გეუბნება. გულის შიგნით მოტრიალე* (აქ: მოუკლებელი) ლოცვას არასდროს ეშინია ცდომისა. სხვა, ანდა, ყველა სხვა გზა საშიშია, რადგან მათ ადვილად უახლოვდება წარმოსახვა ** (ფანტაზია) და ამგვარად გონებაში შედის ცდომილება. ო, რა საშინელი რამ არის გონების ცდომილება და როგორი რთულია მისი ამოცნობა!

ორიოდე სიტყვას მოგწერთ ამის შესახებ, რათა თქვენც იცოდეთ. მე ძალიან თამამი ვიყავი ამ რამეებში და ლოცვის ყველა სახეობაში შევედი, ყველაფერი გამოვცადე. რამეთუ, როდესაც ადამიანს მადლი უახლოვდება, მაშინ გონებას, ამ თავხედ ფრინველს (როგორც მას ამბა ისააკი უწოდებს) სურს ყველგან შეძვრეს, ყველაფერი გამოსცადოს. იწყებს ადამის შექმნიდან და ამთავრებს სიმაღლესა და სიღრმეში. და თუ ღმერთი რამე საზღვარს არ დაუწესებს, უკან არ იხევს. ერთი სიტყვით, გულისმიერი ლოცვის ეს ერთ-ერთი სახეობა ეკუთვნის პრაქტიკულ მოღვაწეობას, რომელიც იმაში გვჭირდება, რომ გონება გულში შევაკავოთ, ხოლო როდესაც მადლი იმატებს, გონებას ჭვრეტაში აღიტაცებს, გული კი საღმრთო სიყვარულით იწვის სრულიად. ამგვარად გონება სრულად შეერთებულია ღმერთთან, გარდაიქმნება და დნება ისევე, როგორც ცვილი დნება ცეცხლთან მიახლოებისას, ანდა როგორც გავარვარებული რკინა ემსგავსება ცეცხლს – არსს არ იცვლის, მაგრამ მანამ, სანამ ცეცხლშია, ერთია ცეცხლთან ერთად. ხოლო როდესაც მადლი მოიკლებს, ისევ ბუნებრივ სიმკვრივეს უბრუნდება. ასევე მოგვდის ჩვენც.

ამას ჰქვია ჭვრეტა, ხედვა. გონებაში სიწყნარე სუფევს, ხოლო მთელი სხეული ვნებებისგან მშვიდდება. მაშინ სიტყვებითაც ლოცულობს და თავის მიერ შექმნილი ლოცვებითაც, და ამაღლდება ჭვრეტაში გონების გულში გამოკეტვის გარეშე. რამეთუ გონებისმიერი ლოცვის საქმეა მადლი მოიყვანოს, ხოლო როდესაც მადლი ჩვენთან არის, მაშინ გონება აღარ გაიფანტება, და როდესაც გონება ერთ ადგილზე დგას და არ მიედ-მოედება, მაშინ ლოცვის ყველა სახეობას მიმართავს და ყველაფერს გამოსცდის.

ის, როგორც დები ლოცულობენ [ქალაქ] ვოლოსში, არ არის ცდომილება, მაგრამ ადვილად შეიძლება ცდომილებაში გადაიზარდოს, რამეთუ გონება უბრალოა და ჯერ არ გაწმენდილა და წარმოსახვა* (ფანტაზია) ჭვრეტაში ერევა. მაგალითად შეიძლება წყაროს შევადაროთ, რომლიდანაც სუფთა წყალი მოდის. ქარმა დაუბერა, გადმოიღვარა ზღვა და ზღვის წყალმა ჩვენი პატარა წყარო დააბინძურა. მოდი ახლა შენ, როგორი ჭკვიანიც არ უნდა იყო, და წყაროს წყალი ზღვის წყლისგან გაწმინდე!

ეშმაკები ხომ სულები არიან. ენათესავებიან და ჰგვანან ჩვენს სულს, გონებას. ხოლო გონებას, რადგან ჩვენი სულის მომმარაგებელია, მოაქვს გულში გონებისმიერი მოძრაობის ყველა სახე და აზრი, გული კი მოცემულს გაფილტრავს, გაცრის და აზროვნებას აწვდის, და გამომდინარეობს დასკვნა. ხოლო უწმიდური სული ქურდულად მოდის და გონებას გვიმღვრევს, ეს უკანასკნელი კი, ჩვეულებისამებრ, მოცემულს გულს აწვდის. ხოლო თუ გული ჯერ კიდევ არ არის გაწმენდილი, ბნელს აწვდის აზროვნებას, და აბნელებს და აშავებს სულს; და მას მერე ჭვრეტის ნაცვლად განუწყევეტლივ ფანტაზიებს იწყნარებს. სწორედ ასე შეიქმნა ყველა ცდომილება და მწვალებლობა.

მაგრამ როდესაც ადამიანი მადლით ძღება – მუდმივად წინდახედულია და არასდროს უთამამდება თავის თავს, არც საკუთარ თავს ენდობა, არამედ მთელი ცხოვრება აქვს შიში [არ შეცდეს]. მაშინ, მიუახლოვდება თუ არა ბოროტი, ხვდება, რომ რაღაც ხდება, რომ სადღაც მართლზომიერება და წონასწორობა დაირღვა, და [ამიტომ] გონება და გული და აზროვნება, სულის მთელი ძალა ეძიებს მხსნელს, რომელსაც ძალუძს უმცირეს წვრილმანამდეც კი გაარჩიოს, გაცრას ყველაფერი, მხსნელს, რომელმაც არაფრისგან შექმნა ყოველივე. სწორედ მას შეუძლია წყალი წყლისგან გამოაცალკეოს. და როდესაც ადამიანი მხურვალედ, მრავალი ცრემლით მოუხმობს მას, მაშინ გამოაშკარავდება სიმცდარეც. ასე სწავლობ იმას, თუ როგორ უნდა დააღწიო თავი ცდომილებას.

როდესაც ასეთ რამეს მრავალჯერ გაუსინჯავ გემოს, მაშინ პრაქტიკულ ცოდნას იძენ და ადიდებ და უზომოდ მადლობ ღმერთს, რომელიც გონებას გვიხსნის, რათა ბოროტის მახეები დავინახოთ და თავიც დავაღწიოთ. მე, სიმართლეს გეუბნებით, მტრის ყველა სამალავში შევედი, სასტიკად ვებრძოლე ერთი ერთზე და მადლის მიერ გამოვედი. და ახლა, თუ ვინმე [სულიერად] დაავადებულია, ღმერთის მადლით შემიძლია გავათავისუფლო, თუ გამიგონებს. რამეთუ ის, ვინც ცდომილებაში ჩავარდა, შეიძლება გათავისუფლდეს, თუ მორჩილებაში იქნება, მაგრამ არ უნდა ხოლმე სხვას გაუგონოს, რადგან სხვებზე მეტად საკუთარი მსჯელობისა სჯერა.

ასე რომ, თუ გონებისმიერი ლოცვა გიყვართ, იგლოვეთ და იტირეთ ქრისტეს ძიებაში, და ისიც გამოგეცხადებათ ცეცხლოვან სიყვარულში, რომელიც ვნებებს დაწვავს. და იმ შეყვარებულ ადამიანს დაემსგავსებით, რომელიც, გაიხსენებს თუ არა თავისი სიყვარულის ობიექტს, პიროვნებას, წამსვე გული აუძგერდება და თვალებიდან ცრემლებს ღვრის. ისეთი საღმრთო სიყვარული და ცეცხლი უნდა გიზგიზებდეს გულში, რომ, თუ გაიგონებ ან იტყვი: „ჩემო ტკბილო სიყვარულო, იესო“ ან „ჩემო ტკბილო დედიკო, ტკბილო დედაო, ყოვლადწმიდაო“, იმწუთას ცრემლები მოგდიოდეს.

ყველა წმიდანმა შეაქო და განადიდა ღმრთისმშობელი. მაგრამ მე, საწყალმა, იმაზე უკეთესი შესხმა და უფრო ტკბილი რამ ვერ ვიპოვე, რომ ყოველ წუთას მოვუხმო: „დედაო, ჩემო ტკბილო დედიკო, შენს ხელთ მოვიდეს სული ჩემი“.

ხოლო როდესაც ჩვენში ჩაისახება იესო, სიყვარული, მშვიდობა, გულისსიტყვების დამშვიდება და ვნებებისგან თავისუფლება მოგვეცემა, მაშინ ის, რასაც მწერ, ყველაფერი მოვა, ერთიმეორის მიყოლებით.

ცრემლებზე რომ მწერ, ამას გარჯა უნდა, როდესაც მადლი შენთან არის, ადვილად ტირი, ხოლო როდესაც არ არის მადლი, ერთ წვეთსაც ვერ გადმოიდენ. ამიტომ იზრუნე, რომ ყოველთვის მოიზიდო მადლი. როდესაც გაუხეშებული ხარ და ბრაზდები მათრახი აიღე და ბარძაყებზე მოირტყი 5, 6, 10-ჯერ. იმწუთას მოლბები და იტირებ და მადლიც მოგიახლოვდება. ვისაც ვნებებისაგან გათვისუფლება და მადლის მოსვლა სურს, სხვადასხვა გზებს იგონებს.

აქ, მე და ყველა ჩემიანს, სასთუმალთან ჯოხი-წკეპლა გვაქვს, და როგორც კი ხორცი სულს ეწინააღმდეგება, ირტყამს და ამგვარად ხორცი სულს ემორჩილება. და უნდა თუ არა, ტკივილისგან ტირის. ამას ჰქვია: სისხლი გაიღე და სული მიიღეო. მხოლოდ მაგარი წკეპლაა ის, რაც ხორცის ცუნდრუკს ათვინიერებს და ვნებებისგან ათავისუფლებს. მეც, სანამ სხეული დამიბლაგვდა, ბევრი ჯოხი მაქვს გადატეხილი ბარძაყებზე. საკუთარ თავს ჯალათივით ვედექი. მთელი სხეული მიკანკალებდა, როდესაც ჯოხს ხედავდა. ეშმაკები გარბოდნენ, ვნებები მშვიდდებოდა, ნუგეში მოდიოდა და სულს უხაროდა.

მგონია, ამ ეპისტოლეში საკმარისად მოგწერე სულიერი, სხვებში კიდევ სხვებს მოგწერ, ოღონდ ხელნაწერიც მოიძიე.

რაც შეეხება ხატებს, რომლებზეც იღუმენიამ და ჩემმა სულერმა დამ და ანესტის დამ მომწერეს, ხატმწერს პირდაპირ წერილი გადავეცი და მითხრა, რომ თითოეულში 70 ათასი უნდა, ხოლო ორისა ერთად – წმიდა კაზდოასა და წმიდა გოვდელასი6, 110 ათასი. ესო, წმიდა ბრიენასი, შენი ხათრით გავაკეთეო, და საფოსტო ხარჯის გამოკლებით. თქვენ იკისრეთ ხარჯები. ამიტომაც არ შევუკვეთე. ველი, რომ მომწერთ, და ნუ გეჩქარებათ მიღება, რადგან გამოგზავნა არ არის ადვილი.

მამა სიმეონი რომ იყო მოსული (ისიც ხატავს, მაგრამ მისი ნამუშევარი არ მაქვს ნანახი), წმიდანის ერთი ხატი რა ღირს-მეთქი, ვკითხე, 30X24 სმ, და მითხრა: 40 ათასიო. სხვა ხატმწერებიც, ზოგი ოდნავ მეტს, ზოგიც ოდნავ ნაკლებს ითხოვს. მომწერეთ, როგორ გირჩევნიათ.

როდესაც მოგიხერხდებათ, გამიხსენეთ მეც, რომელმაც გადაგტვირთეთ, რათა ცოტ ხორბალი ვიყიდო. აქ ჯვრები საერთოდ არ იყიდება, სრულიად გაჩერებულია. ამიტომაც ყვავის ბახალებივით პირი გვაქვს დაღებული და ღმერთისგან საკვებს ველით – როგორი გზით გაგვიხსნის თავისი ბრძანების კარიბჭეს.

მოძღვარს ჩემგან მეტანია გადაეცით, ხოლო იღუმენიას – უსაზღვრო ლოცვა-კურთხევა, ასევე ყველა დას.

მოგიკითხავ მთელი სულით,

შენი ბიძა და მ. იოსები

წერილებს ისევ ისე დააწერეთ ხოლმე, როგორც ყოველთვის: „ღირს ათანასე ფოტოგრაფს, კარიესი. იოსებ მონაზვნისთვის, წმიდა ანას მცირე სკიტი, ათონის წმიდა მთა“.

ძალიან გთხოვთ, თუ გაქვთ ნახმარი სქემა, გამომიგზავნეთ, რადგან ჩემი დადნა7. იოანე გახდა მონაზონი ეფრემი8. მან თქვენი გამოგზავნილი მეორე სქემა ჩაიცვა და ლოცულობს თქვენთვის, სავსეა მადლით.

მოძღვარმა ათანასე მოიხსენოს ხოლმე წირვაში, თქვენ კი ლოცვებში, რამეთუ მდუმარება არ უყვარს.

ისევ მე

[48] მონაზონ ბრიენას

წმიდა მთა, 14/9/1948

ჩემო შვილო ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, მთელ ქრისტესმიერ კრებულთან და მმართველობასთან ერთად, ყოველთვის და მუდმივად ვლოცულობ, რომ ჯანმრთელად იყოთ სულითაც და ხორცითაც.

ჩემი სულის წმიდა ნაწილო და ჩვენი გვარის ლოცვა-კურთხევავ, ეს-ესაა მივიღე შენი ეპისტოლე და წავიკითხე რასაც მწერ. მიხარია, რომ სწავლა გწადია. ის, რომ კაცს სწავლა სურს, კარგი ნიშანია – გაგონილიდან რაღაცას მაინც აუცილებლად გააკეთებს. მაგრამ რომც ვერ გაართვას თავი, ის მაინც ეცოდინება, რომ არიან სხვები, რომლებიც ამას აღასრულებენ. შესაბამისად, თავს აყვედრის, რითაც სიმდაბლეს იძენს და შემდეგ ღმერთისგან ითხოვს, რომ წყალობა მისცეს და განაძლიეროს, ამგვარად კი იმათ მდგომარეობას აღწევს, რომელთაც სათნოება აღასრულეს.

ასე რომ, გამხნევდი, ხოლო მე სიხარულით გიამბობ იმას, რაც ჩემი თვალით ვიხილე და რაც გამოვცადე იმ ძმასთან, რომელზეც სხვა წერილშიც მოგახსენე. ვინც ღმერთისგან მადლს ითხოვს, ვალდებულია განსაცდელები და ჭირი მოითმინოს, საიდანაც და როგორიც არ უნდა იყოს ისინი. ხოლო თუ განსაცდელის ჟამს წუწუნს დაიწყებს და შესაფერის მოთმინებას არ გამოიჩენს, მაშინ არც საკმარისი მადლი მოვა, არც სათნოება სრულყოფება, არც ქარიზმის* (საღმრთო ნიჭის) ღირსი ხდება.

განსაცდელს ყოველთვის მადლი უსწრებს წინ, თითქოს გვაფრთხილებს: მზად იყავი და ყველა შენი კარი დაკეტეო. როდესაც ხედავ, რომ შენს გულს ნუგეში აქვს, ხოლო გონებას – განათლება და ჭვრეტა, იმწუთას გაემზადე. ნუ იტყვი, განსვენება მომეცა და გავიხარებო. არამედ შენი იარაღები დატენე: ცრემლები, მარხვა, მღვიძარება და ლოცვა, ხოლო საგრძნობლებს გონება დაუწესე დარაჯად, რომ დაიცვას. ნეტავ საიდან დაიწყება შეტაკება – ეშმაკებისგან თუ ადამიანებისგან, თუ ჩემი საკუთარი ბუნებიდან? და ნუ ჩათვლემ მანამ, სანამ ბრძოლის საყვირის ხმას არ გაიგონებ, რათა ბრძოლაში გამოჩნდეს შენი ღვაწლიცა და გამარჯვებაც.

სწორედ მაშინ უნდა გეშინოდეს, როდესაც მადლი მოქმედებს შენზე. ხოლო როდესაც ხედავ, რომ განსაცდელები და მწუხარება გახრჩობს ყოველმხრივ, მაშინ გიხაროდეს, ნუ დარდობ, ნუ დრტვინავ, ნუ დანაღვლიანდები. გაიმხნევე თავი იმით, რომ სიხარული და ნუგეში გელის. „ყოჩაღად იყავი, სულო ჩემო“, – თქვი ხოლმე, – „მხოლოდ ესაა განსაცდელი, ჭირი, ანუ გამოცდა, მრავალი დღის შემდეგ კი გექნება მშვიდობა და მადლი“. [ხოლო უფალს] უთხარი: „გმადლობ შენ, ჩემო ქრისტე, რომ ჭირსა შინა განმივრცე მე9 და სწავლით განმსწავლე10 და გამომიყვანე მე განსასვენებლად11“.

წკეპლა კი ყველა ვნების უებარი წამალია, რომლისაც ეშმაკებს ეშინიათ და ძრწიან, რამეთუ ხედავენ, რომ ადამიანი მოწამესავით იტანჯება ქრისტეს სიყვარულისთვის. როდისაა საჭირო? როდესაც ვნებები სულის წინააღმდეგ აღდგებიან და ცდილობენ მხედარი ჩამოაგდონ. როგორც კი ნებისმიერი ვნება წამოყოფს თავს, ლოზუნგივით გექნება მომარჯვებული შემდეგი ფრაზა: „გაჩუმდი, თორემ კვერთხი ამუშავდება!“ მაგალითად, ეკლესიაში ხარ და გეჩიჩინება:

– რატომ გეუბნება მოძღვარი, რომ წმიდა ბრიენას „დიდება“12 კი არ იგალობო, არამედ სახარების გერი13?

შენ მიუგე

გაჩუმდი, ეშმაკო, სული ამოგძვრეს!

– არა! რატომ?!

– პირი დაიდუმე, ძაღლო, და თავი დამანებე!

– არა! კი მაგრამ, რატომ?!

– კეთილი, კეთილი! ცოტა მოიცადე და გიჩვენებ სამართალს, რომელსაც ეძიებ. დაამთავრებ თუ არა გალობას, გარეთ გადი, ვითომ წყლის დალევა გინდა, შედი სენაკში და სასწრაფოდ წკეპლა მოიმარჯვე. რისხვით მოიცხე ბარძაყებზე და უთხარი:

– აი, შენი „რატომ!“, ხომ გინდოდა? მიიღე!

ხოლო მას მერე, რაც მოწყლავ, ქრისტეს მიუბრუნდი ვედრებით. გარბის ეშმაკი, ქრისტე მოდის. ნუგეშით ივსები, ვნება იკლებს და სწავლობ გამარჯვების ხელოვნებას14.

ან კვლავ ხორციელი ვნება გებრძვის? სადაც არ უნდა იყო, მიატოვე [რასაც აკე- თებ], შედი შენს საუნჯეში, ეკვეთე უკიდურესი სისასტიკით და იმავეს იგემებ. საჭმელი არ მოგწონს? ერთი სიტყვით, როგორც კი სხეული რამე „რატომს“ ან „უფლებას“ მოითხოვს, კვერთხი ყველაფერს შველის. „ან ისე ვიცხოვრებ, ქრისტე, როგორც შენ გსურს, თუნდაც ერთი საათი, ანდა სულაც ნუ ვიცხოვრებ“. ასე ტირი, გოდებ და მოდის უფლის წყალობა. წყნარდება ვნებები და ყველა დასთანაც მშვიდობას ამყარებ. უძლურდება სხეული, მთელი თავისი ხორციელი აზროვნებით, და წკეპლაც აღარაა საჭირო, რადგან უკვე სულს ემორჩილება. ერთი სიტყვით, კმარა ამის შესახებ.

ის, რაც იმ ღამეს განიცადე ლოცვის დროს, მადლის მოქმედებაა. ეს მოიძიე, რომ კიდევ მოგცეს უფალმა, როდესაც ინებებს. იმ ძმისგან ვიცი, რომ ერთ დღეს ბევრი განსაცდელი ჰქონდა და მთელი დღე ცრემლების ღვრაში გაატარა, საერთოდ არ უჭამია. მზის დასვლისას ერთ ქვაზე ჩამოჯდა და ათონის მწვერვალზე მდებარე ფერისცვალების ტაძარს გაჰყურებდა. ცრემლმორეული გულისტკივილით ითხოვდა: „უფალო, როგორც შენი მოწაფეების წინ იცვალე სახე, ჩემს სულშიც იცვალე ფერი, დააცხრე ვნებები, დაამშვიდე ჩემი სული, მოეც მლოცველს ლოცვა15 და შეაკავე ჩემი შეუკავებელი გონება“. როდესაც ამას ამბობდა გულისტკივილით, თითქოს კეთილსურნელებით სავსე ანაზდმა ნიავმა დაუბერა იმ ტაძრის მხრიდან, რომელმაც, როგორც მიყვებოდა, სული გაუვსო სიხარულით, ნათლითა და სიყვარულით. და მაშინ გულიდან იესოს ლოცვამ თაფლივით დაიწყო აღმოდინება განუწევეტლად. მაშინვე წამოდგა, თავის სენაკში შევიდა, რამეთუ უკვე დაღამებულიყო, თავი მკერდზე დახარა და დაიწყო იმ ტკბილეულის მირთმევა, რომელიც ლოცვისგან მოედინებოდა, და იმწუთას ჭვრეტაში აღიტაცა, საკუთარი თავიდან გავიდა. და აი, არ შემოიზღუდება არც კედლებით, არც კლდეებით, ყოველგვარ ნება-სურვილისგან უცხოქმნილი, იმყოფება მყუდროებაში, უზომო ნათელში, შეუზღუდავ უკუნში16, სხეულის გარეშე. ერთადერთი, რაც გონებაში უტრიალებს ადამიანს, არის ის, რომ სხეულში აღარ დაბრუნდეს, არამედ დარჩეს იქ, სადაც არის მარადიულად. ეს იყო იმ ძმის პირველი ხილვა. ამის მერე ისევ დაუბრუნდა ჩვეულ მდგომარეობას და თავისი ცხონებისთვის მოღვაწეობა განაგრძო.

ლოცვის ორი ხერხი, რომლებიც სულიერმა დედამ მიგითითა, კარგია. თუმცა მეორე, სიტყვებით, ცოტა საშიშია, მაგრამ უფრო ნაყოფიერია. მე ყოველღამე ორივეს ვიყენებ. თავიდან სიტყვებით, ხოლო როცა დავიღლები, და თუ ნაყოფს ვერ ვხედავ, მაშინ გონებას გულში გამოვკეტავ. იმ ძმას, როდესაც 28–30 წლის იყო, ექვსი საათი ჩაჰყავდა გონება გულში, და გარეთ გამოსვლას არ აცლიდა საღამოს ცხრა საათიდან ღამის სამ საათამდე – ამისთვის მაღვიძარას რთავდა. იმდენ ოფლს ღვრიდა, რომ მთლიანად სველდებოდა. ამის შემდეგ იწყებდა დანარჩენ სულიერ მოვალეობებს* (სენაკის კანონს). ერთი სიტყვით, იმისთვის, რომ ადამიანმა თავისუფლება მოიპოვოს, სხეული უნდა დაულპეს და სიკვდილს არად უნდა აგდებდეს.

სიტყვებით ლოცვაც გონებით სრულდება, ხმის გარეშე. ჰქვია თხოვნა და ვედრება. მოკლედ, ვისაც სურს, ასე იწყებს თხოვნით ლოცვას: „ღმერთო უხილავო, მიუწვდომელო, მამაო, ძეო და სულო წმიდაო. მხოლოო ძალო და შემწეო თითოეულისა სულისაო. მამაო მოწყალებისაო და ღმერთო ყოვლისა ნუგეშინისცემისაო, მხოლოო სახიერო და კაცთმოყვარეო, ცხოვრებაო ჩემო, სიხარულო ჩემო და მშვიდობაო…" და საკმაო ხანი აგრძელებს თავისი სიტყვებით ამგვარ ლოცვას. და თუკი მადლი იმოქმედებს, იმწუთას გაეხსნება კარი და ზეცის კარიბჭეს აღწევს, ხოლო ლოცვა ცეცხლის ალივით ადის. სწორედ ამ დროს ხდება [საღმრთო] ცვლილება. მაგრამ თუ მადლი არ შეეწევა, არამედ გონება ეფანტება, მაშინ [გონებას] გულში წრიულად გამოკეტავს. თითქოს ბუდეში დაყუდებულიყოს, არ იფანტება, გამომწყვდეულივით არის.

პირველ შემთხვევაში, თუ ხდება ცვლილება, ვედრების დროს ხდება, და როდესაც მადლი ჭარბობს, [ადამიანი] განათლებითა და უსასრულო სიხარულით ივსება, და მაშინ, ვეღარ იტევს რა დამატყვევებელი სიყვარულის ცეცხლს, საგრძნობლები უცხრება და [ღმერთის] ხედვაში აღიტაცება. აქამდე ჯერ კიდევ თვით ადამიანის ნების მოძრაობის სფეროა, ამის შემდეგ კი უკვე აღარ ფლობს საკუთარ თავს, ვეღარც სცნობს თავს, რადგან უკვე შეუერთდა [საღმრთო] ცეცხლს, სრულიად გამოიცვალა, ღმერთი გახდა მადლით. ეს არის საღმრთო შეხვედრა, როდესაც კედლები და ზღუდეები ქრება და ადამიანი გონების სხვა, თავისუფალი ჰაერის სუნთქვას იწყებს, სამოთხის კეთილსურნელებით სავსეს. ამის შემდეგ ნელ-ნელა მადლის ღრუბელი იკლებს და თიხა [ე.ი. ადამიანი] ცვილივით მაგრდება და გონს მოდის, თითქოს აბანოდან გამოსულიყო, სუფთა, მსუბუქი, გამჭვირვალე, ბედნიერი, დამტკბარი, ბამბასავით რბილი და სიბრძნითა და ცოდნით სავსე.

ასეთი რამეები რომ გესმით, შეგშურდეთ იმ ძმისა, ისევე, როგორც მე მშურს17. მაგრამ უდებებამ ძვლები შემიჭამა. მიუხედავად ამისა, მაინც წამოვდგები, თქვენი ლოცვების იმედით. თქვენც, ჩემო საყვარელო დებო, ნუ შეწყვეტთ ჩემთვის ლოცვას, რომ მომშორდეს უდებება და იმ მდგომარეობას მივაღწიო, რომელზედაც ვლაპარაკობ. სხვა დროს კიდევ გიამბობთ იმ ძმის შესახებ, რომელმაც მსგავსი ნაყოფები იგემა. ვისაც ასეთი რამეები სურს, ყოველ წუთს სიკვდილს უნდა უყუროს თვალებში. კმარა ამჯერად.

ხატებზე მშვიდად იყავით. მამა სიმეონს მივაწვიდნე ხმა და მითხრა, რომ მარტო ჩამოვა ქრისტეშობის შემდეგ, და ხატებსაც ნახავთ და დაილაპარაკებთ კიდეც. როდესაც მამა ბართლომე გამოივლის, თუ ძნელი არ არის, ერთი ყუთი ქიშმიში რომ აგვიღოთ, 3-4 ოყა* (დაახ. 5კგ) კოლიოსთვის – ზემოდან ჯვარს ვახატავთ ქიშმიშით. ფული [ჩვენი გაყიდული] ხელსაქმიდან აიღეთ.

ამიერიდან წერილებს რომ გაგზავნით ხოლმე, გამომგზავნად გოლფო დიმოპულოს კი ნუღარ დააწერ, არამედ დედაშენი ერგინა დააწერე, ქ. ჰერაკლიონი. რადგან აქ ვიღაც მამა სცოდავს – არ ვიცი ვინ, არც მაინტერესებს – თქვენს წერილებს ყოველთვის ხსნის და კატუნაკებიდან მუდამ გახსნილი წერილი მომდის. რადგან გარეთ არ გავდივარ, სხვებს მოაქვთ წერილები. ჭიშკარზე ყუთი მაქვს დამაგრებული, შიგ აგდებენ და მიდიან. თქვენი წერილები, არ ვიცი როგორ, კატუნაკებში მიაქვთ, და აქ გახსნილი მოაქვს ხან ერთს, ხან მეორეს. ამიტომ თესლიც დაიკარგა, რომელიც გამომიგზავნეთ, და თქვენი ნაწერი ფურცლებიც. ამიტომაც დააწერე ხოლმე სხვა გამომგზავნი, რომ ცოდვას შევუშალო ხელი. სამწუხაროდ, ამას ზილოტები აკეთებენ, მოშურნეობით არიან აღძრულები18, ნახონ ვინ ვის რას სწერს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვავნებს. თითოეულმა იმაზე იზრუნოს, რომ თავისი სული აცხოვნოს. მოძღვარს ჩემგან მეტანია გადაეცი, მოიკითხე ყველა და.

ვლოცულობ შენთვის ყველასთან ერთად,

შენი მდაბალი მლოცველი, იოსები

შენიშვნები

  1. ბერი, ალბათ, გულისხმობს, რომ მომავალში ახლად აღკვეცილი მონაზონი იზრუნებს წერილების წაღება-მოტანაზე. ↩
  2. ლაპარაკია შემდგომში ბერ იოსებ ვატოპედელზე. ↩
  3. მწვალებლობა, წვალება – არასწორი, დამახინჯებული ქრისტიანული სწავლება. ბერძნულიდან განსხვავებით, სადაც „[ჰ]ერესს“ უფრო რთული ეტიმოლოგია აქვს, ქართული სიტყვა ნიშნავს „გაყოფას, დანაწევრებას“ და გულისხმობს ეკლესიის ერთადერთი ჭეშმარიტი სწავლებიდან გადახვევას, ერთობის დარღვევის მნიშვნელობით. ამ ტერმინს საერთო არაფერი აქვს თანამედროვე ზმნა „წვალებასთან“ („ვაწვალებ, ვტანჯავ"). ↩
  4. იხ. დაბ. 3,18. ↩
  5. შეად.ლუკ. 24,32. ↩
  6. წმიდანები გოვდელი (გავედაი), კაზდოა და დადა წარჩინებული სპარსელები იყვნენ და ქრისტესთვის შაპურ II-ის დროს (IV ს.) ეწამნენ. ↩
  7. ანუ გაცვდა. ↩
  8. ლაპარაკია ფილოთეუს მომავალ წინამძღვარზე, ბერ ეფრემ არიზონელზე. ↩
  9. შეად. ფსალმ. 4,2. ↩
  10. შეად. ფსალმ. 117,18. ↩
  11. შეად. ფსალმ. 65,12. ↩
  12. დიდება – აქ: საეკლესიო საგალობელი, რომელიც, როგორც წესი, დღესასწაულისა თუ წმიდანის მსახურების უმთავრეს აზრს გამოხატავს, რის გამოც დანარჩენ საგალობლებზე უფრო ნელა სრულდება. მის შესავალ მუხლად იგალობება „დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა" – აქედან მომდინარეობს სახელწოდება. საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ყველა „დიდება“ იკითხება, არ იგალობება. ↩
  13. სახარების გერი – კვირადღის საცისკრო ღმრთისმსახურების საგალობელი, რომელიც ეხმიანება იმავე მსახურებაზე წაკითხულ სააღდგომო სახარებას. როდესაც წმიდანის ხსენება კვირადღეს ემთხვევა, ცისკრის ბოლოს უნდა იგალობოს ან წმიდანის „დიდება“, ან საცისკრო სახარების გერი. საეკლესიო ტიპიკონის, განაწესის თანახმად, ზოგჯერ ეს გადაწევეტილება ტაძარში მყოფ უპირატესს ეკისრება. ↩
  14. ბერი ამ კონკრეტულ მეთოდს არ წარმოაჩენს, როგორც მუდმივ და ყველასთვის ხელმისაწვდომს, როგორც შეცდომით ზოგიერთ დასავლურ მონაზვნურ ორდენში ისწავლება, არამედ, პირიქით, ეს უნდა ხდებოდეს სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევითა და განსჯით, ვნებების განსაკუთ- რებული აღძვრის დროს, ვითარებების მიხედვით. იმავე მეთოდს მიმართავდა ბერი სოფრონ ათონელიც (იხ. წიგნი «Αγώνας θεογνωσίας – Ἡ ἀλληλογραφία Γέροντος Σωφρονίου μὲ τὸν Δ. Μπάλφουρ", Ἔσσεξ 2004, გვ. 243-244). ↩
  15. შეად. 1 მეფ. 2,9. ↩
  16. ბერი იმ ზებუნებრივ მდგომარეობებს აღწერს, რომლებიც საგრძნობლებისეული აღქმის მიღმაა. მიუხედავად იმისა, რომ გამოუცდელ ადამიანს ზოგიერთი გამოთქმა შეიძლება აბსურდულად ან წინააღმდეგობრივად მოეჩვენოს, ეს ფრაზები ობიექტურად არსებულ სულიერ რეალობას შეესაბამება. ↩
  17. აქ ზმნა „შეშურება“ საღმრთო მოშურნეობის აღძვრის მნიშვნელობით გამოიყენება. ↩
  18. აქ სიტყვათა თამაშია: სიტყვა „ზილოტი“ ბერძნულად მოშურნეს ნიშნავს. ↩
Share