[42] მონაზონ ბრიენას
წმიდა მთა. 15 დეკემბერი, 1947 წ.
და კვლავ, და კვლავ და მრავალჯერ, ჩემს საყვარელ ბრიენას, ჩემი სულის ნაწილს; მოძღვრის კურთხეულ სულთან ერთად; კეთილ და საუკეთესო იღუმენიასთან ერთად, რომელიც, როგორც ატლანტი1, იტვირთავს თქვენს მრავალნაირ ვნებებს, რაც, თავის მხრივ, სიზიფეს2 შრომას აღემატება; და მთელ თქვენს საუკეთესო და კეთილ კრებულს.
ჩემს ბრიენას ვემთხვევი, როგორც ჩემს სისხლსა და ხორცს, ხოლო მოძღვარს მეტანიას ვუკეთებ და ქრისტესმიერ ამბორს გავუცვლი, იღუმენიას კი ლოცვა-კურთხევას ვთხოვ და ვაძლევ. მოვიკითხავ ყოველ დას და ვთხოვ, რომ ილოცონ ჩემთვის, თუნდაც ცოტა. ამგვარად აღესრულება „ძმა ძმისაი, შემწე [– ვითარცა ქალაქი ძლიერი]”3. და ისევ ჩემს საყვარელ ბრიენას მივმართავ.
ჩემო შვილო, ჩემო სულის ნაწილო, რატომ მოიწყენ და სასოს რატომ წარიკვეთ ასე ადვილად? გავიწყდება, რომ მე გყავარ? იმას აღარ ვამბობ, რომ მანდ შენი სულიერი მამა და წმიდა დედა გყავს, არამედ მხოლოდ მე და შენ დავილაპარაკოთ. ნუთუ არ იცი, რომ მზად ვარ ჯოჯოხეთში ჩავეშვა და შენი თავი არწივივით გამოვიტაცო ურჩხულის კბილებიდან? მაშ, როგორღა ეუბნები მტირალ იღუმენიას, რომ წარწყმდი, თანაც უიმედოდ? მაშ, მე გუშაგი, აქ რისთვის ვარ? ცოტა ხნით გტოვებ ყვავების ამარა, რათა დაგკბინონ და იხილო სიმდაბლე, რათა მოგშორდეს ამპარტავნება, რათა დამდაბლდეს შენი გული, რათა ისწავლო, რომ ადამიანი ხარ, შეიცნო საკუთარი თავი, რათა თანაუგრძნო შემცოდეს, არ განიკითხო, მაშინაც კი, როდესაც დაინახავ, რომ და სცოდავს. როგორ შეიმეცნებ საკუთარი ბუნების უძლურებას, თუ ყვავები არ გაგაღვიძებენ? თუ ტკბილმა იესომ თავისი მადლი არ მოგაკლო, როგორღა ისწავლი მეცნიერებათა მეცნიერებას და ხელოვნებათა ხელოვნებას?
სწორედ ახლა სწავლობ ხელობას, ახლა მუშაობ გასამრჯელოსთვის, ახლა აჩვენებ, რომ გიყვარს ქრისტე, და არა მარტო მაშინ როდესაც მადლია შენთან. შენი რა დამსახურებაა, როდესაც მადლი მოქმედებს? ისაა, ვინც უთქმელად ღაღადებს შენში: “აბბა მამაო”4. მადლი მადლის მომცემელს უხმობს. ასეთ დროს ამბობ: “ვინ განმაშორებს, ჩემო იესო, შენს სიყვარულს?”5. მადლი ამბობს ამას, [შენში] დამკვიდრებული ძალა – სხეულის ბაგეებით, არა სხეული, არა ხორცი. ასევეა ეშმაკეულები რომ ილანძღებიან და მკრეხელობენ ადამიანთა პირით.
ხოლო რა არის სხეული მადლის გარეშე? როგორც პავლე გოდრით, გალავნიდან ჩადის და მიდის6. სადღაა ქრისტეს ძალა? ხორცი, როდესაც მადლი არ არის, იესოს უარყოფს. მამალი ყივის, ახსენდება ღალატი – პეტრე მწარედ ტირის, ამბობს შევცოდეო, მაგრამ შემდეგ ისევ [სიონის] ქორზე7 იმალება, იუდეველებისა ეშინია. თაგვივით უცემს გული, გარეთ კატების მოახლოებას რომ გრძნობს. შენთან ერთად მოვკვდები, არ უარგყოფო – ამბობს, როდესაც ქრისტე მასთან ერთადაა, ხოლო როდესაც ქრისტე შორდება, სამჯერ უარყოფს.
ხედავ, რა ხდება? ხვდები, თუ არა რა დიდი საიდუმლო იმალება ამ სიტყვაში? ანუ მხოლოდ ქრისტე უხმობს თავის თავს. ამიტომაცაა, რომ, როდესაც მოდის, ყველანი მქადაგებლები ვხდებით და რიტორები, ხოლო მებადურები მასწავლებლები ხდებიან, მრუშები და მეძავები ქალწულებენ, ქურდები აღარ იპარავენ და ყველა სინანულს გამოხატავს. ვინ აკეთებს ამ ყველაფერს? ის, ვინც ყველაფერი უწყის, კეთილი წინამძღოლი, ტკბილი, მხოლო სიყვარული, იესო. ადამიანი მაშინ თანაუგრძნობს თავისნაირ ადამიანებს, როდესაც თავად გამოცდის, თავად იწვნევს.
როგორღა ისწავლი ამ, ყველა ცოდნას აღმატებულ მეცნიერებას, თუ განსაცდელმა არ გაგცრა8? ხედავ, რომ მადლის გარეშე, მე და შენ კი არა, მოციქულებიც აღარ იქნებოდნენ მოციქულები?! როგორ შეძლებს თიხა წყლის დატევას, თუ მანამდე ცეცხლში არ გამოიწვა? ღმერთს სურს, რომ ასეთები ვიყოთ – როგორც მოჭიდავე ასპარესზე, როგორც ბურთი, რომლითაც თამაშობენ. [ჯერ] აჰყავხარ ცაში, გიჩვენებს იმას, რაც ვნებიანი ადამიანის თვალს არ უნახავს, რაც მატერიალურზე მზრუნველი კაცის ყურს არ გაუგია, [ამის შემდეგ კი,] ისე, რომ არაფერი დაგიშავებია, გვერდს გადაშლის და ქვესკნელში ჩაგაგდებს, და უხარია, როდესაც ხედავს, რომ მეომარივით ებრძვი ეშმაკების ყველა რაზმს.
ისევ პავლე აიღე, მე თავი დამანებე: მას მერე, რაც მესამე ცაზე ავიდა და გამოუთქმელი სიტყვები მოისმინა, ისევ ღაღადებს: „მომეცა მე. საწერტელი სატან"9 და ა.შ. ასე გვეპყრობა ძლიერი ძალითა უფალი მანამ, სანამ ადამიანი არ მიეჩვევა იმას, რომ ხან ავა [ღმერთის] ხედვაში, ხან ჩავა და გაიჭირვებს, და ორივეს ჩვეულებრივ მოვლენად მიიღებს, ზოგადი ცვლილებები აღარ აკვირვებს, ამბობს: ორივე ჩემთვის არისო.
არ გინდა გაიჭირვო? ნურც აღმასვლა გენდომება. ვისაც ჭირთა თმენა არ უნდა ღმერთს ნურც მადლს სთხოვს. ამიტომაც განგაშორა მადლი, რათა ბრძენი გახდე. ისევ მობრუნდება, არ მიგატოვებს. ასეთია ღმერთის კანონი, მაგრამ ისევ წავა და ისევ მოვა. შენგან მხოლოდ ისაა საჭირო, რომ მისი ძიება არ შეწევიტო მანამ, სანამ სრულყოფილს არ გაგხდის.
ცნობილია, რომ, როდესაც ვნებებით სავსე ადამიანი სხვა გაჭირვებულს ასწავლის, მადლი იმწუთას ტოვებს და თვითონაც იმავეში ვარდება, იმიტომ, რომ მისთვის ასეთი პრეროგატივა არავის მიუცია. იმის თქმა არ მინდა, რომ მხოლოდ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ღმერთმა დაგტოვა – ესეც რომ არ მომხდარიყო, მადლი ამ პერიოდში მაინც უცილებლად წავიდოდა. არ გახსოვს დასაწყისში რას გეუბნებოდი? რასაც ახლა ამბობ, მინდა, რომ ოთხ წელიწადშიც მითხრა-მეთქი. მოიძიე ჩემი პირველი ეპისტოლეები და ნახავ, ასეთია ღმერთის გარდაუვალი კანონი: სამი-ოთხი, იშვიათად კი, ხუთი წლის შემდეგ მადლი განშორდეს მოღვაწეს, რათა გამოაწრთოს და, თუ სურს, ბრძენი გახადოს.
ერთი სიტყვით, ნუ დარდობ – ყეველასთვის საერთო სასმისია. წაიკითხე წმიდა ანდრია სალოსის10 ცხოვრება და ნახავ, რას ამბობდა, როდესაც ქრისტე მწარე სასმისს აძლევდა. ეს ყველა ჩვენგანს ეხება. მოუხარე ქედი შენი სიძის ჯაჭვს, პირი კარგად მოკუმე და სიტყვა არ წამოგცდეს, საკუთარი თავი კი ასე გაამხნევე: „რატომ დარდობ, სულო, და რატომ ხარ დაღვრემილი? ცუდი არაფერი შეგმთხვევია. წავიდა ქრისტე, რათა უფრო ლამაზი სამოსი მოგიტანოს. ცოტა შეყოვნდა, რადგან მამა იოსებმა [რაღაცით] დააკავა, რათა ოდნავ დაგამდაბლოს და ისევ დატოვებს მას [და შენთან მოვი]. და აი ისიც! ბაგაში მოვა პაწაწინა. აჰ, საწყალო ბრიენა, შენ რა გითხარი! ამდენი ხალხი ლოცულობს შენთვის, შენ კი ნაღვლიანობ: „არა, ჩემო ქრისტე, არ მაქვს სევდა. თუმცა დავეცი, ისვე ავდგები – სამოცდაათჯერაც რომ დავეცე დღეში. შენმა წმიდანებმა ამდენი რამ მოითმინეს, მე რას ვჩივი? ბიძაც ხომ მყავს, ჩემი მამა, რომელიც დაუღალავად მიტვირთავს. მაშ, მომშორდით, განსაცდელებო, და მასთან წადით, რომელმაც იცის, როგორ მოგაგვაროთ“.
ასეთი სიტყვებით ანუგეშე ხოლმე შენი სული და ნუ დარდობ, რამეთუ განსაცდელებს* (აქ: ეშმაკებს) სწორედ ეს ახარებთ, რომ დანაღვლიანებულებსა და სევდიანებს გვხედავდნენ. როდესაც მადლი წავა და ისევ მოვა. მაშინ სწავლობ ბრძოლას და ცვალებადობა აღარ გაკვირვებს. [მოგვიანებით] ისე გაგიხარდება, რომ იტყვი ხოლმე: „გამომცადე, ქრისტე ჩემო, და გამომაწრთე როგორც ვერცხლი”11. სწორედ მაშინ გაუშვებ ფესვებს ღრმად და როგორც ხე, რაც მეტად უბერავს ქარი, ფესვებს უფრო ღრმად გაიდგამ. ღმერთია მოწამე, რომ ჩემს ყველაზე დიდ განსაცდელებში ვპოვე ყველაზე დიდი ნუგეში.
ასე რომ, გამხნევდი და განძლიერდი უფლის მიერ, მოითმინე განსაცდელები და მადლი ისევ მობრუნდება. ამის შესახებ 15 წლის წინ ხელნაწერი წიგნი დავწერე, საკუთარი შთაგონებით, თავიდან ანონიმურად. მოგვიანებით ვიფიქრე, გამოვცემ-მეთქი და სათაურიც მოვუგონე: „სულითმოძრავი საყვირი"12. ომი სანამ დაიწყებოდა, გარეთ გავგზავნე. ორი ხელნაწერი მქონდა, ერთი სულ გალექსილი სტრიქონები იყო, სხვა ხასიათის, წმიდა წერილიდან. მეორე შინაგან მღვიძარებაზე იყო, 10 სიტყვა. თუ გაინტერესებთ, კირიაკიასა და თეოდულის გამოართვით. რადგან აღარ გამოვეცი. პოდონიფტიში13 გავაგზავნე, რათა სარგებელი მიიღონ.
ფილოკალიას14 კარიესში მოვიკითხავ. ბევრი მქონდა, მაგრამ დიდი ხნის წინ, რაც კი წიგნი გამაჩნდა, ყველა დავარიგე. გთხოვთ, სქემებზე [მალე] იზრუნოთ, იქნებ [მომავალში] დაგვჭირდეს, რამეთუ საერთოდ არ არის კარგად საქმეები და ალბათ, იმაზე უარესები მოხდება, რაც აქამდე გამოვიარეთ. იქნებ დაგვჭირდეს-მეთქი, რომ მორჩილები მონაზვნებად აღვკვეცოთ. თუმცა აქ ისევ დაიწყეს გაყიდვა, მაგრამ ყველაფერი ძალიან გაძვირდა – ორი იმდენი ღირს, რაც ადრე ღირდა. ამიტომ ჯვრებსაც რომ გიგზავნით, ფასი აუწიეთ იმდენი, რამდენსაც ჩათვლით საჭიროდ. წმიდა ბრიენას [ხატის] შესახებაც [მომწერე]. 6 ორმხრივი ჯვარი რომ მთხოვე, საჩუქრად გამოგიგზავნი, ოღონდ ზუსტად მომწერე, რომ შევუკვეთო. გუშინწინ წერილი მოგწერეთ ამ საქმეზე, პასუხზე იზრუნეთ.
თავი აიძულე მორჩილებაში. აჰ, იმაზე ტკბილად არასდროს მძინებია და არასდროს მიგრძნია სულის ისეთი შვება, როგორიც მორჩილებაში ყოფნისას! ნეტარები ხართ! მხოლოდ თქვენი იღუმენია მეცოდება, რომ ბევრს წვალობს და სული მოეწყვლება, როდესაც უხეშ სიტყვებს ეუბნებით.
მეც მინდოდა თქვენი მებაღისგან სტაფილო, ბოლოკი, ნიახური და კარგი პომიდვერები. მაგრამ შორს ხართ. წერილში პატარა ბოლოკის ცოტაოდენი თესლი ჩადეთ, სხვაში კი – სტაფილოსი, რათა აქ დავრგო.
ჩაიბარეთ ჯვრები: 20 დიდი, 12 პატარა ორმხრივი და 16 ცალმხრივი. მოძღვარს ჩემგან მეტანია გადაეცით.
ვლოცულობ ყველა თქვენგანისთვის.
მდაბალი იოსები
ჯანმრთელები მივგებებოდეთ უფლის შობას.15
[43] მონაზონ ბრიენას
წმინდა მთა, 16 მარტი, 1948 წ.
ჩემს სულიერ მამას, ღმრთისმოშიშ იღუმენუას, მთელ წმინდა კრებულს და ჩემს საყვარელ ბრიენას. ჩვენ თვითონ ჯანმრთელად ვართ და თქვენი ორმხრივი* (სულიერი და ხორციელი) ჯანმრთელობაც გვწადია.
ბევრი დრო გავიდა, რაც ჩემმა მერცხალმა ჭიკჭიკი შეწყვიტა. ხოლი როდესაც ის მერცხლები დავინახე, რომლებიც გაზაფხულის მოსვლასთან ერთად მოფრინდნენ, ვიფიქრე, ჩემს სულიერ მერცხალსაც შევახსენო თავი-მეთქი, ჩემს საყვარელ ბრიენას და გავიგო თქვენი ჯანმრთელობის ამბავი.
მაშ, აღაღე პირი შენი, იღუმენიის ლოცვა-კურთხევით, და დამელაპარაკე თქვენი სულიერი და ხორციელი ჯანმრთელობის შესახებ. კი მაგრამ, რატომ აღარ ჭიკჭიკებ? ერთი კვირის წინ მამა ბართლომე მობრუნდა მამა სვიმეონთან ერთად, ხოლო ორი დღის წინ მამა ბართლომემ გამოგვიარა და გვითხრა, რომ კარგად ხართ. მამა სვიმეონი ჯერ არ მინახავს. მოგვიტანეს კაბები, რომლებიც შეკერეს და გაამზადეს თქვენმა კურთხეულმა ხელებმა, რისთვისაც დიდად გმადლობთ და უსასრულოდ ვლოცულობთ, რომ უფალმა სასყიდელი ზეცაში მოგაგოთ.
ერთ-ერთ ეპისტოლეში მოგწერეთ წმ. ნაწილის შესახებ – გსურთ თუ არა, რომ გამოგიგზავნოთ. წმინდა ბრიენას ხატს რაც შეეხება, თუ ზომები მოგწონთ, შევუკვეთავ, ზომები წერილს ჩავაყოლე. ისიც მოგწერეთ, ასეთი წყლის საკურთხებელი ჯვარი თუ გჭირდებათ, საჩუქრად დაიტოვეთ-მეთქი. აგრეთვე ერთი სხვა ამანათიც გამოგიგზავნეთ ხელსაქმით. ამ ყველაფრის შესახებ არაფერი მოგიწერია.
მივიღე 100 ათასი, მივიღე 250 ათასი, მაგრამ არ მიმიღია 50, რომელიც სანამ ასს გამოგიგზავნიდით, მანამ გამოგიტანიათ სკვნილებისთვის: მოიკითხეთ, რომ არ დაიკარგოს. ჯვრებზე ნუ იდარდებთ, დაიტოვებთ და ნელ-ნელა გაიყიდება. სხვა ამანათსაც გამოგიგზავნით – აქ ყოფნას ჯობია მანდ იყოს, რადგან აქ ხიფათში ვართ, თუ ჩვენი ტკბილი დედიკო დაუშვებს. ამიტომ ჯობია მანდ იყოს, ხოლო თუ დავიხოცებით, ჩვენი სულებისთვის ილოცებთ.
კომუნისტები ვატოპედში მივიდნენ და 18 კაცი გააშიშვლეს* (გაძარცვეს), ესფიგმენშიც მივიდნენ16. ფილოთეუში ერთი მოკლეს ყოველ დღე ახალ-ახალ და უარეს ამბებს ვიგებთ. ამიტომ ჩვენც ველით.
ორი სქემის შესახებაც მოგწერეთ და არ ვიცი, იზრუნეთ თუ არა. ახლა, გასაჭირში, თუ ეს ბოროტება კარზე მოგვადგება, [მორჩილებს სასწრაფოდ აღვკვეცთ და] იმ ორ ძველ სქემას ჩავაცმევთ, რომლებიც ჩვენ გვაცვია. პოლისტავრები ვიშოვე, ახლები. ვნახოთ, იყოს უფლის ნება. ჩვენ მზადმყოფნი ვართ და ველით. იქნებ ამოგვჟლიტონ და დამთავრდება ამ საწვალებელი ცხოვრების ტანჯვა-წამება, სამარადისოდ დავისვენებთ.
ფილოკალია ათანასემ მთელ წმიდა მთაზე მოიკითხა და რაღაც კრლიებში მიაგნო: ზოგი 200-ს, ზოგიც 180 ათასს ითხოვს. თუ აღდგომის შემდეგ ცოცხლები ვიქნებით და ფული მექნება, ამასაც საჩუქრად გიყიდით. მინდა გამოგიგზავნოთ, რათა ჩვენს მონასტერში მეც მქონდეს რამე [წვლილი].
როცა წერილს წაიკითხავთ, ილოცეთ ჩვენთვის, მაგრამ ვნახოთ, ცოცხლები ვიქნებით თუ არა. უკეთესი იქნება დაგვხოცონ, მაგრამ, როგორც უფალს ენებოს. თუ სქემები მზად გაქვთ, პოლისტავრების გარეშე გამოაგზავნეთ საჰარო ფოსტით, ერგინამ იცის [როგორ]. თუ მოესწრო, ხომ კარგი, ხოლო თუ ვერ მოესწრო და დაგვჭირდა ძველებს ჩავაცმევთ.
საშიში გახდა, რადგან მთებში იჭერენ ხალხს. მიდი მერე და ეძებე, რომ სქემა ჩააცვა! ამიტომაც გვეშინია სადმე გავუშვათ მანამ, სანამ სქემას შეიმოსავენ, ხოლო როდესაც უკვე მონაზონია, აღარ ვწუხვართ – ერთი სიკვდილია, ადრე იქნება თუ გვიან. რაც მალე, მით უკეთესი, ერთხელ, კვდება კაცი. ცუდადაა ყველაფერი. უფლის ნება იყოს.
ერთი სიტყვით, თუ არის ამაზე ლოცვა-კურთხევა, მოგვწერეთ პასუხები, რაზეც შეგეკითხეთ, ხოლო თუ აღარ მოგწერთ – კეთილად შევხვედროდეთ სამოთხეში!
მთელი გულით მოგიკითხავთ.
ჩეში მეტანია მოძღვარს.
უკანასკნელი მონ. იოსები
[44] მონაზონ ბრიენას
წმიდა მთა. 6 აპრილი, 1948 წ.
ჩემს საყვარელ შვილს, ბრიენას, მამასა და წმიდა დედასთან და მთელ კეთილ კრებულთან ერთად. გისურვებთ, რომ ყველანი კარგად იყოთ, სულითაც და ხორცითაც.
შვილო, ჩემი სულის ნაწილო, მივიღე მარტის თვის შენი ეპისტოლე და წავიკითხე რასაც მწერ, მაგრამ ახლა ავად ვარ და ვერ გიპასუხებ. ამ ორიოდე სიტყვასაც ძლივძლივობით გწერ იმისთვის, რომ წყნარად იყო – იცოდე, რომ შენი ეპისტოლე მივიღე.
არ დამვიწყებიხარ, მაგრამ, რადგან მოგწერეთ, რომ ერთი ხელნაწერი წიგნი მოგეძიებინათ, დავწყნარდი, რადგან ვიცოდი, რომ იქიდან დიდ სარგებელს მიიღებთ და დიდი ხნის განმავლობაში საკმაო სულიერი საკვები გექნებით. ამიტომაც ვიყავი წყნარად.
იზრუნეთ ამაზე შენ და შენმა კეთილმა სულიერმა დედამ და არ დაზარალდებით, ხოლო, როგორც კი გამოვკეთდები, ისევ მოგწერთ. მე ის წიგნი თეოდულის გავუგზავნე, ყოფილ ლუკიას, პოდონიფტიში. ასკეტებისთვის არის. მე თვითონ დავარქვი „სულითმოძრავი საყვირი"17. მაგრამ ეს სათაური არ მომწონს. ათი თავისგან შედგება. [სულიერ ცხოვრებაზე უფრო] დეტალურად ვწერ, რადგან სხვა დროსაც გამიგზავნია.
ამ ჯერზე კიდევ ერთი დიდი ამანათი გამოგიგზავნეთ ჯვრებით. როცა მიიღებთ, მომწერე. შენი წერილი გახსნილი იყო, სრულიად გახეული ორივე მხრიდან, თესლები კი ამოუღიათ, თავიდან გამომიგზავნე. არ ვიცი [რატომ], მაგრამ აქ მამები ბევრ ჩემს წერილს ხსნიან. ცნობისმოყვარებით? ვინ იცის.
ხელსაქმეზე ნუ დარდობ, როდესაც აკურთხებს უფალი, მაშინ გაიყიდება.
კომუნისტები ყველანი განდევნეს წმიდა მთიდან. ყოვლადწმიდა ჯერ კიდევ გვიფარავს. მოვიდა საბრძოლო გემი, თვითმფრინავი, ჯარი და გაყარეს ათონიდან.
ერთი სიტყვით, მოთმინება იქონიე, მორჩილება, სიმდაბლე. მე კი კარგად გავხდები თუ არა, განუგეშებ. ახლა ისევ ავად ვარ. კმარა.
მთელი სულით ვლოცულობ თქვენთვის.
ჩემი მეტანია სულიერ მამას.
უკანასკნელი მონ. იოსები
სკვნილების 50 ათასი მოიკითხეთ. მე მხოლოდ 100 და 200 მივიღე.
[45] მონაზონ ბრიენას
წმიდა მთა, 1 მაისი, 1948 წ.
საყვარელო შვილო ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, ჩვენი მოდგმის კეთილსურნელებავ, ჩემო ერთადერთო სიხარულო. გისურვებთ, რომ მონასტერში ყველას სრული ჯანმრთელობა, სიხარული და სულიერი კეთილგანწყობა გქონდეთ.
ჩემი სულის საყვარელო შვილო, დღეს მომივიდა 14 აპრილის შენი ეპისტოლე, ბზობის შვიდეულში კი სქემები მივიღე. ერთი მორჩილი მონაზვნად აღვკვეცეთ18. სქემებისთვის არ ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა ყველას ჩვენს წმიდა სავანეში. ამან დაარწმუნოს მოძღვარი, იღუმენია და მთელი კრებული, რომ, იმ წუთიდან, რაც მანდ მიხვედი, იმდენად მადლიერი ვარ, იმდენად ვმადლობ მონასტრის მმართველობას, რომ საკუთარ სავანედ ვთვლი, ხოლო რაც ერგინამ უმეცრებით უმადურობა გამოხატა, მე, პირიქით, იმდენს და უფრო მეტს სიყვარულს ვგრძნობ.
მწარე გამოცდილებამ მასწავლა, თუ რა პასუხისმგებლობა და ტვირთი აწევს მწირველ მოძღვარსაც და განწმედილ იღუმენიასაც; რამდენს იტანჯება მანამ, სანამ თითოეულ უღირს სულს ღირსს არ გახდის19 და სამოთხეში არ შეიყვანს, მით უმეტეს, თუ ადამიანი რთული ხასიათისაა, რაც ჩვენს გვარს ახასიათებს.
ამიტომაც ვთვლი, რომ თქვენი მოვალე ვარ, უამრავი ვალის მქონე. ამიტომ, სანამ ამ წუთისოფელში ვარ, თუ შევძლებ, როგორც მერცხალი, ჩემი ენით ცოცხალი წყლის წვეთს მივართმევ რომელიმე მოწულულ სულს, რათა მალამოს ნაცვლად გამოიყენოს.
შესაბამისად, სავანეს ჩემსას ვუწოდებ და გული შემტკივა, როგორც საკუთარზე და როგორც ჭიანჭველას, მსურს ჩემი პრობოსცისით20 რამე წვლილი შევიტანო – ფილოკალია იქნება თუ სხვა რამ, რათა ჩემს საყვარელ დებს სარგებელი მოვუტანო, რადგან ორივეს ერთი მიზანი გვაქვს: ვცდილობთ უტკბილესი იესო და მისი უსაყვარლესი დედიკო შევიყვაროთ (რამეთუ პირველად მათ შეგვიყვარეს), საიქიოში მათგან განუშორებლად ვიყოთ, მარადის ეჭვრეტდეთ უფლის იმ საიდუმლო დიდებასა და გამოუთქმელ მშვენიერებას, რომელიც ჩვენთვის გაამზადა.
ნამდვილად ვიცნობ ძმას, არ გატყუებთ, რომელიც განკვირვებაში მოვიდა ერთ სავსე მთვარიან ღამეს ღრმა უდაბნოში, სადაც არც კაცი იყო, არც კალივა, აბსოლუტური მდუმარების დროს. როდესაც მღვიძარებდა და ლოცულობდა, მოესმა ჩიტის ჭიკჭიკი, რომელმაც დაატყვევა მთელი მისი გონება და წაართვა ყველანაირი შეგრძნება, და გაჰყვა მას, რათა გაეგო, საიდან მოდიოდა ასეთი ტკბილი ხმა.
როგორც შეშლილი, იყურებოდა აქეთ-იქით, ოღონდ არა ფეხებითა და თვალებით, არამედ განკვირვების მდგომარეობაში მოძრაობდა და ხედავდა. როდესაც წინ წაიწია, უბრწყინვალესი ნათელი იხილა, მადლითა და კეთილსურნელებით სავსე, და მიატოვა რა ჩიტის ჭიკჭიკი, ამაღლდა, უფრო სწორედ კი, დატყვევდა იმ უზომო ნათლის ჭვრეტით.
და როდესაც სულელივით მიაბიჯებდა, ერთ გზაზე გავიდა, თოვლივით სპეტაკზე. აქეთ-იქით ბრილიანტის ზღუდეები იყო აღმართული. შეუძლებელია ყოველივე იქაურის გადმოცემა. შიგნით რომ შეიხედა, ულამაზესი ბაღი იხილა, ყველანაირი ყვავილით შემკული, ყველა ოქროფურცლოვანი იყო, ისეთი, რომ ადამიანის ენას არ ძალუძს გამოთქმა.
ძმა კი სულელივით მიაშტერდა და დატყვევებული ტკბებოდა მათი ხედვით. როდესაც შიგნით შევიდა, შუაში ცათამბჯენი სპეტაკი სასახლე დაინახა, ხოლო კარში ჩვენი ტკბილი დედიკო იდგა, ანგელოზთა დედოფალი, ჩვენი ერთადერთი შვება, გამოუთქმელი კეთილსურნელება და ყველა ქრისტიანი სულის ნუგეში, რომელსაც ხელში, თოვლის მსგავსში, თოვლივით ქათქათა და უთვალავ მზეზე უბრწყინვალესი ჩვილი ეპყრა.
როდესაც ძმა მას მიუახლოვდა, როგორც შვილი დედას, ფეხებში ჩაუვარდა, საღმრთო სიყვარულით სრულად მოცული, მან კი, როგორც საკუთარი ძე გულში ჩაიკრა და ეამბორა. ჰოი, ღმერთის სიყვარულის წადილი! ჰოი, დედის სიყვარული შვილის მიმართ! როგორც თავის შვილს, აკოცა და საოცარი კეთილსურნელებით აღავსო. ის უტყუარი ძმა მეუბნებოდა, რომ მთელი ეს წლები, გაიხსენებს თუ არა იმ ხილვას სულში კეთილსურნელებასა და სიტკბოებას გრძნობს.
ის საოცარი და უტკბილესი ჩვილიც სახეზე მოეფერა თავისი პაწაწინა პუტკუნა ხელით. ამასთან ერთად, ის საიდუმლოც გაიგო, რაზეც მრავალი დღის განმავლობაში, ევედრებოდა ღმერთს. ამგვარად, ისევ უთხრა, რომ, თუ ასეთი მადლით სურდა ტკბობა, მთელი ცხოვრება ტანჯვით უნდა ეღვაწა. ძმა კი იქიდან წამოვიდა, თუმცა არ უნდოდა – გამოვიდა იქიდან, საიდანაც შევიდა. ხოლო როდესაც მოდიოდა, ისევ მოესმა ჩიტის გალობა და მაღლა რომ აიხედა, დიდი ფრინველი დაინახა, რომელიც თავის ფრთებით მთელ იმ ბაღს ფარავდა, მრავალფერი იყო, ხოლო გარშემო საყდრები იდგა, რომლებზეც პატარა ჩიტები ისხდნენ, ერთნაირები, და გამოუთქმელ მელოდიას გამოსცემდნენ, ყველა იქ მყოფს ატკბობდნენ. ძმა კი ისევ საკუთარ ჩვეულებრივ მდგომარეობას დაუბრუნდა – აღმოჩნდა იქ, სადაც იმ ხილვამდე იყო.
ამიტომაც, როდესაც ამგვარი რამეები გესმით, ყოველი და ყოველნაირი ჭირი მოითმინეთ იმ დიდი სიკეთეებისთვის, რაც გველის, რამეთუ, როგორც ვთქვი, აქაური ვითომ სილამაზე იქაურთან შედარებით სიბნელე და წარწყმედაა.
ამბა ისააკზე რომ მწერ, მარტო იმას კი არ ამბობს: ღმერთი სრულყოფილებთან დააწესებს იმას, ვინც ირჯება, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწევსო, არამედ მოწამეებთან ერთად დააწესებს მის ნეშტს, თუკი [სულიერ] ბრძოლაში დაეცემა და მოკვდებაო.
მილტიადე, როგორც დამ იხილა, ისეა. მშობლები შვილების მიერ იკურთხებიან, თუ ცხონდებიან, და მათთვის შუქურები ხდებიან. ისეთი მადლი მიეცემათ, რომ მეშვიდე გენეალოგიურ თაობამდე ძალუძთ დახმარება. ჩვენ გამო მრავალნი ცხონდებიან, თუკი ისე გავირჯებით, როგორც ღმერთს ნებავს.
ამიტომაცაა საჭირო მოღვაწეობა სიკვდილამდე, მოთმინება და მორჩილება. ახლა ხედავ, რომ ისეც მოვიდა მადლი. ყურადღებით იყავი, ისევ წავა. ხოლო როცა წავა, საჭიროა მხნეობა, მოთმინება, სრული მორჩილება და ისევ მოვა. გითხარი, ქრისტეშობას ისევ მოვა-მეთქი. მოვიდა, მაგრამ, რადგან წესრიგში არ იყავი, არ გაჩერდა. ახლა მოვიდა, მაგრამ ისევ წავა, რათა ვნებებისგან განგწმიდოს, მანამ, სანამ ისეთი არ გახდები, როგორიც უფალს სურს.
ერთი სიტყვით, კურთხეული იღუმენიას მიმართ სრული რწმენა, ნდობა გქონდეს, მწუხარებები კი დრტვინვის გარეშე მოითმინე, რათა უფლის სიკეთეების ღირსი გახდე და შენ მიერ სხვებიც ცხონდნენ, თუკი კარგი გახდები.
ერთხელ ის მღვდელი ვნახე, რომელმაც სამშობლოში ჩვენ ყველანი მოგვნათლა. წმიდა კაცი იყო – ქალწულებით ცხოვრობდა, ბევრ მოწყალებას გასცემდა. სიზმარში მეუბნება: “დედამიწაზე ცხოვრებისას მეგონა, რომ მხოლოდ წირვებს ამოჰყავდათ სულები ჯოჯოხეთიდან, მაგრამ ახლა, სიკვდილის შემდეგ, საქმით დავრწმუნდი თქვენს ლოცვებსაც ამოჰყავთ წარწყმედილი სულები". ამიტომაც სულებზე ლოცვას ნუ შეწყვეტთ, რადგან მოწყალე ღმერთი საბაბს ეძებს, რომ თითოეული სული აცხოვნოს.
კმარა, დავიღალე. მხოლოდ იზრუნეთ, რომ ქრისტეთი დავტკბეთ. ხელსაქმის ანგარიშს ჩემთვის ნუ იწერთ, მხოლოდ თქვენ იცოდეთ, გენდობით.
მოძღვარს ჩემგან მეტანია გადაეცით.
მოგიკითხავთ ყველას, როგორც ძმა,
მდაბალი იოსები
გავიგე, რომ ერთ-ერთი და მიდის ხოლმე და ეხმარება ერგინას, რისთვისაც დიდად ვმადლობ მოძღვარსა და იღუმენიას.
წმიდა თომაიდა21 მზადაა და ვუთხარი გამოაგზავნონ.
ახლა სხვა დამრიგებლურ ეპისტოლეს გიმზადებ, შენ კი იმაზე იზრუნე, რომ სრულ მორჩილებას ჩაუყარო საფუძველი.
შენიშვნები
- ატლანტი – მითიური ტიტანი, რომელსაც მხრებით ცის კამარა უჭირავს. ↩
- სიზიფე (ბერძ. Σίσυφος) – მითოლოგიური პერსონაჟი, რომელსაც მიესაჯა მთის მწვერვალზე ლოდის ატანა, მაგრამ, როგორც კი აიტანს, ძირს უგორდება. ↩
- იგავ. 18,19. ↩
- შეად. რომ. 8,15; გალ. 4,6. ↩
- შეად. რომ. 8,35. ↩
- შეად. 2 კორ. 11,33. ↩
- ქორი – აქ: შენობის ზემო სართული(იხ. საქმე 1,13). ↩
- შეად. ლუკ. 22,31. ↩
- იხ. კორ. 12,2-7. ↩
- ღირსი ანდრია, ქრისტესთვის სალოსი (სულელი) IX-X საუკუნეში ცხოვრობდა, მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლდი. სწორედ მას უკავშირდება ღმრთისმშობლის საფარველის დღესასწაული. მისი ცხოვრება ძალიან საინტერესო და სულიერად სასარგებლოა. ხსენების დღე: 28 მაისი/10 ივნისი (რუსულ ეკლესიაში 2/15 ოქტომბერს აღინიშნება, ანუ ღმრთისმშობლის საფარველის მეორე დღეს). ↩
- შეად. ფსალმ. 25,2; 65,10. ↩
- იხ. სქოლიო 1, გვ:21. ↩
- იხ. სქოლიო 1, გვ. 96. ↩
- იხ.სქოლიო 2, გვ. 64. ↩
- ეს წინადადება წერილის დასაწყისშია, თარიღის ზემოთ. აშკარაა, რომ ბერმა. ის სულ ბოლოს მიაწერა, რადგან სხვა ცარიელი ადგილი აღარ დარჩა. ↩
- ქილანდარიცა (სერბული მონასტერი) და ესფიგმენიც ვატოპედს ემეზობლება, სამივე სავანე ათონის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს. ↩
- მოგვიანებით ეს ნაშრომი მცირე ტირაჟით გამოსცა ბ-ნმა სოტირი სხინამ, იმხანად ცნობილ ჟურნალ “მთაწმინდური ბიბლიოთეკის” (ბერძ. (Αγιορειτιχγ Βιβλιοθηχη) რედაქტორმა. ამჟამად ბერძენ მკითხველს შეუძლია მას გაეცნოს წმ. იოსებ ისიქასტის ბიოგრაფიის (ვატოპედის მონასტერი) დანართში, ხოლი ქართულ ენაზე ცალკე წიგნად გამოცემა იგეგმება. ↩
- გულისხმობს შემდგომში ბერ იოსებ ვატოპედელს, რომელიც ლაზარეს შაბათს აღკვეცა და თავისი სახელი მისცა. ↩
- შეად. იერ. 15,19: „[ამას იტყვის უფალი]… და გამო-თუ-იყვანო პატიოსანი უღირსისაგან, ვითარცა პირი ჩემი იყო“. ↩
- პრობოსცისი – ცხოველის სხეულის წინამხრის წაგრძელებული დანამატი. ↩
- წმიდა თომაიდა ალექსანდრიელი ეწამა 476 წ. (ხს. 13/26 აპრილს, საბერძნეთში 14 აპრილს). ↩