წერილები 39–41 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

წერილები 39–41 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

[39] მონაზონ ბრიენას

წმიდა მთა, 26 ოქტომბერი, 1947 წ.

ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა, და ყოველნო ქრისტესმიერ დანო, გისურვებთ, რომ ყოველთვის კარგად იყოთ, სულითაც და ხორცითაც.

ჩემო საყვარელო ბრიენა, უკვე არაერთი დღე გავიდა მას მერე, რაც ორი ეპისტოლე გამოგიგზავნე: პირველი პასუხი, მეორე კი, როგორც შეგპირდით, შეკვეთილი [წერილი]. ახლა მხოლოდ იმის პასუხი მივიღე, რომ კოვზები ჩამოგივიდათ და ა.შ.; რომ 50 ათასი გამოვაგზავნე სკვნილისთვის. ახლა ორიოდე სიტყვას პასუხად გწერ, ხოლო როდესაც იმ ორი წერილის პასუხს მივიღებ, დანარჩენს მოგიგებ. რამეთუ მე თქვენს გულისსიტყვებსაც ვამოწმებ – რამდენს იტევს თქვენი კურთხეული ჭურჭელი. ნეტავ, თუ გესმით, რასაც გეუბნებით? სწორად და გონივრულად გესმით, და შემიძლია გავაგრძელო უფრო ამაღლებულ საკითხებზე ლაპარაკი? რამეთუ ადამიანი ცოდნიდან ცოდნაში ადის და ჭვრეტიდან ჭვრეტაში.

ცოდნა არის ბუნებრივი და არის ცოდნა სულიერი, ცოდნა [საღმრთო] განათლებისმიერი და ცოდნა საიდუმლოებათა. აგრეთვე, არსებობს ჭვრეტა ბუნებრივი, ჭვრეტა სულიერი და ჭვრეტა საიდუმლოებათა. არის საქმე1, რომელსაც მოსდევს განმწმედელი მადლი, არის ჭვრეტა, რომელსაც მოსდევს განმანათლებელი მადლი და არის სიყვარული, რომელსაც მოსდევს სრულმყოფელი მადლი. არსებობს ბუნებრივი, ზებუნებრივი და ბუნების საწინააღმდეგო მდგომარეობა2.

საქმე, ანუ პრაქტიკული მოღვაწეობა იმას არ ნიშნავს, რომ კაცმა ოდენ მოსინჯოს და უკან დაიხიოს, არამედ იმას, რომ შევიდეს, შეეჭიდოს, სძლიოს, იძლიოს, მოიგოს, წააგოს, ყველაფერი ააწრიალოს და ბრძოლას უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ელოდოს; და არასდროს გაუთამამდეს თავის თავს მანამ, სანამ სული სხეულიდან არ გავა. არამედ, თუ ზეცად ავა, ელოდოს, რომ მეორე დღეს ქვემოთ ჩავა. იმას აღარ ვიტყვი, რომ შეიძლება იმწუთასვე მოხდეს ჩასვლაც. ამიტომაც კაცს [შინაგანი მდგომარეობების და გარეგნული ვითარების] ცვლილებები არ უნდა ეუცხოვოს, არ გაუკვირდეს, არამედ ორივე თვალწინ ჰქონდეს, რადგან ორივე მისია.

პირველად განსაცდელების მადლი მოდის, როგორც გაფრთხილება, რომ კაცი უნდა მოემზადოს. და როგორც კი მადლს ხედავ, ძალები მოიკრიბე და [შენს თავს] უთხარი: „ომი გამოცხადდა: თვალი ადევნე, თიხავ, საიდან გააჩაღებს ბრძოლას მზაკვარი. ხშირად უცბად მოდის, ზოგჯერ კი – ორი-სამი დღის შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, მოვა და ამიტომაც თავდაცვა გაამაგრე. ყოველ საღამოს აღსარება თქვი ხოლმე სულიერ დედასთან, მორჩილება და სიმდაბლე და სიყვარული ყველასადმი. ამგვარად გასაჭირს იმსუბუქებ.

ამჯერად კმარა. ახლა ყველა თქვენგანს პირობა უნდა ჩამოვართვა, რომ რასაც გწერთ და რასაც მოგწერთ, იქიდან სიტყვასაც არ ეტყვით არცერთ მონაზონს ათონიდან, არავის – არცერთ სიტყვას; ხოლო ერის ადამიანებს რაც შეეხებათ, თუ შეუძლია ვინმეს დაიტიოს, დაე განათლდეს – მთელი მსოფლიოც კი, რამეთუ ერში შესაძლებელია, რომ მადლიც მიიღონ და ნაყოფიც გამოიღონ, ხოლო აქ… სრულიად მიივიწყეს საკუთარი მიზანი და არა მარტო აღარ ესწრაფვიან, არამედ გაგონებაც არ უნდათ.

კაბები, თუ მზად არის, გამოგვიგზავნეთ. ამას წინათ იოანეც3 მოვიდა, პატარა ბიჭი [ქ.] ვოლოსიდან – მარიამს მისთვის სკვნილი რომ გაატანე, ის. თუ შეგიძლიათ ორი სქემა და პოლისტავრი4 გამოგვიგზავნეთ, აგრეთვე, თუ ადვილია და გაქვთ, ფულიც. ახლა ჯვრებს გიგზავნით. —5

[40] მონაზონ ბრიენას

წმიდა მთა, 5 ნოემბერი, 1947 წ.

ჩემს საყვარელ შვილს, ჩემს საწადელ ბრიენას, რომელიც ჩვენი იესოს მადლმა გაანათლა და სოფელს მოსწყვიტა, და მზაკვარი ცხოვრების ცდომილებისგან დაიხსნა და ფრთებშესხმული განეშორა და განისვენა მონასტერში6 წმიდა კრებულთან ერთად და განუწყვეტლად ადიდებს და მადლობს ღმერთს იმ სიკეთეთათვის, რომელიც მიჰმადლა.

ამგვარად დაიჭერს ხოლმე მადლი გონიერ თევზებს და გამოჰყავს ერული ცხოვრებიდან. უფლის გამოუთქმელი სიკეთეების დიდება, მადლობა, სიყვარული, გალობა და გაკვირვება არ არის ჩვენი, არამედ – ღმრთისა.

ეს არის პირველი, დამწყებთა მადლი. ხოლო მადლი, როგორც უკვე გასაგებად ვთქვით, არის დიდი თუ მცირე ნიჭი, ძღვენი მისი უსასრულო სიმდიდრეთმოცემობისა7, რომელსაც იგი, როგორც კეთილი, არიგებს თავისი უზომო სიკეთის გამო. და კვლავ, სანაცვლოდ იღებს რა ჩვენგან მადლიერებას, ანუ ღმრთის შემეცნებას, და შესაბამისად, სიყვარულს, გაოცებას, სამადლობელს, გალობას და დიდებას – იღებს რა ამ ყველაფერს კეთილის მომნიჭებელი, თავისიდან თავისას, „შენთა შენთაგან“ მოგვანიჭებს. და კვლავ, თავისიდან თავისას, თავისი სიმდიდრიდან გვინაწილებს, ხოლო ჩვენ, გლახაკნი და ბრმანი და კოჭლნი, მის მიერ ვმდიდრდებით, მაგრამ ამ სიმდიდრეს [იმავდროულად] სრულად ინარჩუნებს, არც რამე აკლდება, არც ემატება. ჰოი, წარმოუდგენელი დიდებულება! ყველას ამდიდრებს, მილიონობით ხალხი განამდიდრა, წმიდანები გახადა, ხოლო ღმერთს მაინც იგივე სიმდიდრე აქვს.

არ არსებობს კეთილი გულისსიტყვა, რომ ღმერთისგან არ იყოს, არც ბოროტი – რომ ეშმაკისგან არ იყოს. ანუ, რაც კი კარგ რამეს გააკეთებ, ან იტყვი, ან იბრძოლებ, ან გაიმარჯვებ, ან გაიხსენებ – ყველაფერი ღმრთის საჩუქარია. ჩვენი საკუთარი არაფერი გვაქვს.

მაშასადამე, ვინც ეძიებს და სურს მადლი მიიღოს, რომ ღმერთმა ის მუქთად მისცეს, პირველ რიგში, კარგად უნდა გააცნობიეროს თავისი არსება. „შეიცნოს თავი თვისი“. ესაა ნამდვილი ჭეშმარიტება. რამეთუ ყველაფერს აქვს თავისი საწყისი, დასაბამი. თუ არ გაიგებ, რა არის საწყისი, ვერც [საწადელ] მადლისმიერ ბოლოს მიაღწევ. ხოლო დასაბამი, საწყისი და ჭეშმარიტება არის ის, რომ კაცი მიხვდეს, რომ არის არარაობა, რომ ყველაფერი არარაობისგან შეიქმნა. [უფალმა] „თქვა და შეიქმნნენ, ბრძანა და დაიბადნენ“8. თქვა, და შეიქმნა დედამიწა. და აიღო თიხა, შექმნა უსულო ადამიანი, უგონებო, თიხის კაცი. ესაა შენი არსება. ეს ვართ ყველანი, მიწა და ტალახი. ეს არის პირველი გაკვეთილი იმისთვის, ვისაც სურს მიიღოს და მარადიულად შეინარჩუნოს კიდეც მადლი. აქედან შეიძენს [ნამდვილ] შემეცნებას და აქედან იშვება სიმდაბლე – არა მარტო ცარიელი სიტყვებით ილაპარაკოს კაცმა თავმდაბლურად, არამედ მტკიცე საფუძველზე მდგარმა გამოთქვას ჭეშმარიტება: „მიწა ვარ, ტალახი ვარ, თიხა ვარ“, ისაა ჩვენი პირველი დედა.

შესაბამისად, მიწას ხალხი ზედ აბიჯებს და თელავს, ხოლო რადგან შენც მიწა ხარ, შენც უნდა დაგაბიჯონ და გაგთელონ. ტალახი ხარ, არანაირი ფასი არ გაქვს, მოგისვრიან აქეთ-იქით. შენით აშენებენ. ერთი შენობიდან მეორეში შეიძლება გადაგიტანონ, როგორც უვარგისი მასალა.

შემდგომ კი შემოქმედმა შთაგბერა და სიცოცხლის სული მოგცა. ასე გახდი გონიერი კაცი. ლაპარაკობ, მუშაობ, წერ, ასწავლი. ღმერთის აპარატად იქეცი, მაგრამ ნუ დაივიწყებ, რომ შენი დასაბამი არის მიწა და ვინც სული მოგცა, უკანვე თუ წაიღებს, ისევ კედლების საშენ მასალად იქცევი.

ამიტომაც, „მოიხსენე შენი ბოლო და უკუნისამდე არ შესცოდავ“9. ეს ის პირველი მიზეზია, რომელიც არა მარტო იზიდავს მადლს, არამედ ამრავლებს და ინარჩუნებს. ესაა, რაც გონებას აღამაღლებს ბუნების პირველ ჭვრეტაში (ხედვაში) და ამ საფუძვლის გარეშე რაღაცას თითქოს იპოვის, მაგრამ მალე დაკარგავს, რამეთუ მტკიცე ნიადაგზე არ დგას, არამედ ცდილობს [საკუთარი] ძალებითა და მცდელობით [დადგეს].

ამბობ, ცოდვილი ვარო, მაგრამ შინაგანად მართალი გგონია თავი. [ამიტომაც] ცდომილებას თავს ვერ აარიდებ. მადლს სურს დარჩეს [ჩვენში], მაგრამ რადგან ადამიანს ჭეშმარიტება ვერ უპოვია, [მადლი] იძულებულია წავიდეს, რამეთუ [წინააღმდეგ შემთხვევაში] კაცი აუცილებლად მიენდობა თავის გულისსიტყვას, ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ შეცდეს. შესაბამისად, მადლი არ რჩება იმის გამო, რომ გვყავს მოწინააღმდეგე, რომელიც მზაკვარია, ძლიერია, ბოროტების გამომგონებელი და ყოველი ცდომილების შემოქმედია, რომელიც ჩვენს ქუსლსაა ჩასაფრებული10, რომელიც იყო ნათელი და ბნელი გახდა და ყველაფერი იცის, რომელიც ღმერთის მტერია და უნდა, რომ ყველანი ასევე მტრებად გვაქციოს. დაბოლოს, სულია, ბოროტი სული და ამიტომაც ადვილად შეერთვის ჩვენს სულს, რომელიც ღმერთმა მოგვანიჭა. და ამ [ღმერთის] აპარატს იღებს და ისე მომართავს, როგორც თავად სურს. თვალყურს ადევნებს: საით მიიდრიკება სულის წადილი და როგორ ეხმარება მას ღმერთი და წამსვე საპირისპირო გეგმებს აწყობს და ა.შ.

რამეთუ არსებობს ბრძოლები* (აქ: ეშმაკის განსაცდელები) , რომლებიც ადამიანმა იცის და ამიტომ გაურბის, მაგრამ არსებობს ისეთებიც, რომლებიც არ იცის, რადგან შერკინება გონებაში ხდება და არ არის ადვილი, კაცმა შეამჩნიოს სამშვინველში ცვლილება, გონების მოძრაობა, სხეულის სნეულება და ცვალებადობა…

რამეთუ, როდესაც შემოქმედმა თიხა შექმნა, მასალად [ბუნების] ოთხი ელემენტი გამოიყენა: მშრალი, სველი, ცხელი და ცივი. შესაბამისად, ყოველ წუთს იძულებით მიჰყვება ამ ელემენტების ცვალებადობას: შრება, სველდება, ცხელდება, ცივდება. ხოლო თუ რომელიმე ელემენტის თვისება იმატებს, სხეული სნეულდება და შედეგად სულიც იტანჯება. გონებას აღარ შეუძლია თავისი გონებრივი ფუნქციები აამოძრაოს, რადგან სხეულთან ერთად კოჭლობს. მზის სიცხის გამო სხეული გამოშრება – გამოშრება გონებაც. როცა წვიმს, სხეული სველდება და მოდუნდება – გონებაც დუნდება. თუ ქარი უბერავს, სხეული ცივდება და ნაღველს მეტად გამოყოფს – ბნელდება გონება და ფანტაზია- წარმოსახვები ჭარბობს.

ყველა ამ ცვლილების დროს, მადლიც რომ იყოს ადამიანში, არ მოქმედებს, რამეთუ ორგანოები დასნეულებულია. ხოლო ჩვენმა მტერმა ეშმაკმა იცის თითოეული ასეთი ცვლილების დროს როგორ უნდა გვებრძოლოს. სიმშრალის დროს ქვასავით გაუხეშებს, გაურჩებს, შეპასუხებისკენ გაქეზებს; სიცივის დროს მოშურნეობას გინელებს, რათა სულიერ საქმიანობებში ყინულივით ცივი გახდე; სიცხის დროს – რომ გაბრაზდე, შეშფოთდე და სწორი არასწორისგან ვერ გაარჩიო (რამეთუ, როგორ ვთქვი, სისხლი ჭარბობს და თავისი მხურვალებით გულისთქმასა და რისხვას აღძრავს); სისველის დროს კი მოდუნებას შობს – კაცი თვლემს, უქეიფოდაა, თითქოს მთელი სხეული პარალიზებული ჰქონდეს.

ამ ყველაფერში სხეულთან ერთად სულიც იტანჯება, მიუხედავად იმისა, რომ სული გონიერი და უსხეულოა. ასევე მადლიც, როდესაც ადამიანს უახლოვდება, უცვლის არა ბუნებას, არამედ – შემადგენელ და ბუნებრივ ელემენტებს და კეთილ მიდრეკილებებს, რითაც ბუნებრივადაა დაჯილდოებული, რამდენსაც იტევს თითოეულის ჭურჭელი. შეავსებს და აღავსებს. ან [რაც ცუდია], ამცირებს და განაშორებს.

როგორც [თიხისგან] შექმნა უძღოდა წინ საღმრთო შთაბერვას11, ასევე საქმე უნდა უძღოდეს წინ ჭვრეტას. საქმე აქ ეწოდება იმ ყველაფერს, რაც სხეულით აღესრულება, ხოლო ჭვრეტა* (ხედვა) – რასაც გონება გონებრივად საქმიანობს. შეუძლებელია კაცმა ჭვრეტას საქმის გარეშე მიაღწიოს.

ამიტომ, გაისარჯე იმაში, რასაც საქმე მოითხოვს, ხოლო უფრო ამაღლებული რამეები შემდეგ თავისით მოვა. ხომ გაიგე, რომ თიხა ხარ, ღატაკი და შიშველი, ახლა სთხოვე გაგამდიდროს იმან, ვისაც ძალუძს [ჩვენი] ბუნების განახლება. და როცა მოგცემს – ბევრს თუ ცოტას – შეიცანი შენი კეთილისმყოფელი, ხოლო უცხოს ნუ მიისაკუთრებ, თითქოს შენი ყოფილიყო.

ცრემლითა და გულისტკივილით უნდა ითხოვო, რათა მოგეცეს, შემდეგ კი ისევ სიხარულის ცრემლებით, მადლიერებითა და შიშით უნდა შეინარჩუნო, [რადგან] მხურვალებითა და მოშურნეობით შეიძინება, ნელთბილობითა და უდებებით იკარგება. ქრისტე მეტს არაფერს გთხოვს იმისთვის, რომ თავისი წმიდა ქარიზმები მოგცეს: მხოლოდ უნდა აღიარო, რომ, რაც კი კარგი რამ გაქვს, მისია [და მისგანაა], და რომ თანაუგრძნობდე იმას, ვისაც არ აქვს, და არ განიკითხავდე იმის გამო, რომ არ აქვს, რომ ცოდვილია, რომ ენაჭარტალაა, რომ ბოროტია, რომ ეშმაკია, რომ წამხდარია, რომ ჭორიკანაა, რომ ქურდია, რომ მეძავია, რომ მატყუარაა.

თუ ამ შემეცნებას შეიძენ, [რომც გინდოდეს], ვეღარავის განიკითხავ ოდესმე, თუნდაც შენ თვალწინ სასიკვდილოდ სცოდავდეს, რამეთუ იმწუთას ამბობ: „უფალო, შენი მადლი არ აქვს და იმიტომ სცოდავს. თუ დამტოვებ, მეც უარესს ვიზამ – თუ ვდგავარ, შენით ვდგავარ. რამდენსაც ხედავს, იმდენს აკეთებს, ბრმაა, როგორ გინდა დაინახოს თვალების გარეშე? ღარიბია – როგორ სთხოვ მდიდარი იყოს? მიეცი სიმდიდრე, რომ ჰქონდეს, მიეცი თვალები, რომ დაინახოს“. თუ შენი სიმართლის ძებნას დაიწყებ ნებისმიერ საკითხში – თუ ვინმე დაგჩაგრავს, ან უსამართლოდ მოგექცევა, ან დაგამცირებს, ან შეურაცხყოფას მოგაყენებს, ან დაგარტყამს, ან გაგაძევებს, ან შენს მოკვლას დააპირებს (უარეს შემთხვევაში) – მაინც შენ გამოხვალ უსამართლო, თუ თავს დაიცავ ან სხვას დაადანაშაულებ. [რატომ?] რადგან [მისგან] ითხოვ იმას, რაც ღმერთს მისთვის არ მიუცია. თუ ამას, რასაც გეუბნები, კარგად გაიაზრებ, მაშინ ყველა უდანაშაულო გახდება შენთვის, რაც არ უნდა დააშავოს, და მხოლოდ შენ იქნები დამნაშავე.

რამეთუ ადამიანს სამი მტერი ებრძვის: ეშმაკები, თავისივე ბუნება და ჩვევა. ამ სამის გარდა სხვა ბრძოლა არ არსებობს. თუკი მოაცილებ ეშმაკს, რომელიც მძლავრი ტირანივით იმონებს კაცობრიობას, მაშინ ყველანი კარგები ვიქნებით. მაშასადამე, აი, ვინაა დასაჩაგრი და განუსჯელად მოსაძულებელი, განსაკითხველი და [სიცოცხლის] ბოლომდე საკუთარ მტრად მისაჩნევი.

სხვა მტერია, როგორც ვთქვით, ჩვენივე ბუნება, რომელიც, შეიმეცნებს თუ არა კაცი სამყაროს, ეწინააღმდეგება სულის კანონს და ეძიებს იმ ყველაფერს, რაც სულს ანადგურებს. აი, კიდევ რა უნდა გძულდეს მთელი ცხოვრება, ის უნდა განიკითხო, ის უნდა შეურაცხყო და ადანაშაულო.

ამათ გარდა კიდევ ერთი მტერი გვყავს – ჩვევა, ანუ ყველანაირი ცოდვის ჩადენას რომ ვართ მიჩვეულები [კაცი შესცოდავს ერთხელ, ორჯერ და შემდეგ ეს] ჩვევად გაუჯდება და მეორე ბუნებასავით ხდება, ხოლო მისი კანონმდებელი არის ცოდვა. ამას რომ კაცმა თავი დააღწიოს, იგივე ბრძოლა სჭირდება – აი, მესამე მტერიც, რომელიც სრულ სიძულვილს იმსახურებს.

შესაბამისად, თუ გინდა, რომ მოყვასი ყოველმხრივ კარგი იყოს, ისეთი, როგორიც მოგეწონება, მოაშორე ეს სამი მტერი იმ მადლის მეშვეობით, რომელიც მიიღე. სწორედ ეს იქნება ის სამართალი, რომელსაც ეძებ. ღმერთს სთხოვე, რომ გაათავისუფლოს ამ მტრებისგან და მაშინ საერთო ენასაც გამონახავთ. ხოლო თუ შენმიერი სიმართლის ძიებას დაიწყებ, მაშინ ყოველთვის უსამართლო იქნები და შესაბამისად, მადლიც იძულებული იქნება წავიდეს და მოვიდეს ხოლმე [ანუ არ დარჩეს შენთან მუდმივად].

ერთი სიტყვით, წინა წერილებში, რომელიც გამოგიგზავნე, იყო საქმე* (პრაქტიკული მოღვაწეობა). ახლა რასაც გწერ, არის [ღმერთისმიერი] განათლება, ანუ საქმით კაცი შემეცნების განათლებას იღებს. რამეთუ საქმე არის ბრმა, ხოლო განათლება ის თვალებია, რომლითაც გონება ხედავს იმას, რასაც მანამდე ვერ ამჩნევდა, ახლა კი ლამპარიც აქვს, თვალებიც და ყველაფერს სხვანაირად ხედავს. თავდაპირველად იყო საქმითი ღვაწლის მადლი, მაგრამ ახლა ათჯერ მეტი მადლი მიიღო. ახლა გონება ზეცად იქცა, შორს ხედავს, გაცილებით უფრო მეტი მოცულობა აქვს. ახლა ჭვრეტაღა აკლია. პოვა საყდარი, როგორც მეფემ, და ახლა სახილველი აკლია, რის შესახებაც სხვა ეპისტოლეში მოგწერ.

შენ კი ეს ეპისტოლეები მელნით გადაწერე, რომ არ წაიშალოს (რადგან ფანქრით ვწერ), რათა გაჭირვების დროს მოიხმარო, იკითხო და შენი ყოფაქცევა გამოასწორო. ერთს ვთხოვ იღუმენიას, რომ, ეპისტოლეს მიიღებთ თუ არა, საფოსტო მარკები გამომიგზავნოთ, რადგან აქაურ ფოსტაში არ აქვთ იშვიათად მოაქვთ ხოლმე, თანაც ცოტა და საჩუქრად* (აქ: ქრთამით) არიგებენ. ამიტომაც, ვისაც მიმოწერა სურს, ყველას ვწერ, რომ საფოსტო მარკები ჩადონ წერილებში. სხვაგვარად არ შეგვიძლია, ყველა აქაური მამა გარედან იმარაგებს, რაც ომი დაიწყო, ასეა.

ახლა კი, ვამჯობინე რა თქვენი ღირსება, სხვა ეპისტოლე, რომელსაც საფოსტო მარკა ჰქონდა, შუაში შევწყვიტე. დღეს მივიღე თქვენი ეპისტოლე [თუმცა] მე წერილი მანამდე მქონდა დაწერილი, რადგან დრო მომრჩა. ახლა ახალ წერილში იმაზე გიპასუხებთ, რასაც მეკითხებით, ოღონდ გთხოვთ, რომ თქვენი კინობიიდან ნუ გამომყოფთ. მე აღარ ვარ დაყუდებული, არამედ – თქვენს მონასტერში თანამოღვაწე და ჩემს მორჩილებასაც აღვასრულებ. აქ იმიტომ ვცხოვრობ დაყუდებით, რომ თქვენთვის ვილოცო. რომ მწერთ ხოლმე, რომ ესა თუ ის ვუთხრა ჩვენს საყვარელ და უტკბილეს იესოს, მე კი, როგორც უფროსი ძმა, მივდივარ, ან ის მოდის, და ვუყვები რასაც მეუბნებით, ხოლო თქვენ გადმოგცემთ იმას, რასაც მეუბნება – ნუთუ ეს მორჩილება არ არის? ასე რომ, აწი მეც ჩვენს წმიდა მონასტერს ვემსახურები ამ სახით, [თანაც] დიდი მადლიერებით იმის გამო, რომ ჩემი ბრიენა მიიღეთ და მიიღებთ სხვებსაც, რომლებიც მალე უნდა მოვიდნენ.

ტანსაცმელს რაც შეეხება, თუ არ გამოგიგზავნიათ, იყოს. ჯერ ერთი, თქვენ თვითონ უნდა შეკეროთ, რათა თქვენი ხელებით12 იკურთხოს. თუ უკვე შეკერეთ, გამოაგზავნეთ, ხოლო თუ ჯერ არ შეგიკერავთ, არ შეკეროთ. ნუ გამოაგზავნით და როცა დამჭირდება, მოგწერთ.

ლოცვაზე რომ მწერ, ბრიენა, რადგან იღუმენიამ იცის ამ ლოცვის შესახებ, ნუ შიშობ, რომ შეცდები. ჩვილებს ასე სჩვევიათ დასაწყისში. „ვაი შენდა, ქალაქო, ბავშვი რომ გიზის მეფედ“13. ვაი შენ, სულო, შენი გონება რომ დამწყები და გამოუცდელია ასეთ რამეებში.

ჩამჩებზე ვიკითხავ, მაგრამ რა ფორმის მოგწონთ – ოვალური თუ მრგვალი. ასეთი14? მათი გამოგზავნაც ძნელია, წამომსვლელი კაცი უნდა გამოჩნდეს. დრო გავა, სანამ გამოვაგზავნით. ფოსტა არ იღებს. მხოლოდ პატარა შეკვეთილი ამანათებითაა შესაძლებელი, რაც ძვირი ღირს, როგორც შეკვეთილი წერილი, წონის მიხედვით. ჯვრებს კი, როგორც კი მ. ათანასე მოვა, ფოსტით გამოვაგზავნი, მაშინ დავწერ ფასსაც. ესენი პატარა ამანათებშიც ეტევა, შეკვეთილი მოვა. ერგინასა და დიონისეზე ეჭვი ნუ გეპარება, როცა უფალი ინდომებს, მოვა. „სადაც ღმერთს ნებავს, იქ ბუნების წესი იძლევა15. ყველაფერი შეუძლია, მისთვის შეუძლებელი არაფერია.

პირველ რიგში, ვემთხვევი ჩემი სულიერი მამის ხელს, შემდეგ კი, მიმდევრობის მიხედვით ყველა თქვენგანს ვუსურვებ, რომ უფალმა ყოველივე ბოროტისგან დაგიფაროთ და მოგმადლოთ გონებისმიერი და მოუკლებელი* (შეუწყვეტელი) ლოცვა.

თქვენც ილოცეთ ჩემთვის, რამეთუ მჭირდება თქვენი წმიდა ლოცვები. ამგვარად აღსრულდება: „ძმა ძმისაი შემწე – ვითარცა ქალაქი ძლიერი“16.

ცოდვილი იოსები

[41] მონაზონ ბრიენას

წმიდა მთა, 9 დეკემბერი, 1947 წ.

ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, გისურვებ, რომ კარგად იყო მთელ შენს კრებულთან ერთად, მოძღვართან და კურთხეულ სულიერ დედასთან ერთად.

ჩემო შვილო ბრიენა, ორ თვეზე მეტი გავიდა, რაც არ მოგიწერია, მიიღე თუ არა ჩემი სამი წერილი, და ამიტომაც გულისსიტყვა მომივიდა: იქნებ იმ თავისუფლებით, რომლითაც გწერთ, გული გატკინეთ? ან იქნებ ჩემმა სიტყვებმა დაგაბრკოლათ? თუ მსგავსი რამ მოხდა. ნუ მაძაგებთ, არამედ მკითხეთ სიტყვების აზრი და მეც სწორ და გულწრფელ ახსნა-განმარტებას მოგცემთ. რამეთუ, როდესაც უფლის სიყვარული ადამიანის სულს ალივით მოედება, ვერანაირი საზომით ვეღარ შემოისაზღვრება, ამიტომაც გარეთ განაძებს შიშს17 და, წერს თუ ლაპარაკობს, საზომს გადადის, უზომობაში ვარდება. ასეთ წუთებში, რაც არ უნდა თქვას იმ ცეცხლივით შემწველი ნათლის შესახებ, ყველაფერი ცოტა იქნება.

მოგვიანებით, როდესაც გული შეიკუმშება და ღრუბელი ჩაივლის, მაშინ იღებს ფარგალს და ცდილობს ზომა მოხაზოს. ერთი სიტყვით, რაც მოგწერეთ, ყველაფერი მხოლოდ ერთი მიზნით მოგწერეთ. მინდოდა თქვენი სულის მხურვალება გამეღვივებინა, მოშურნეობა აღმეძრა და გულისთქმა გამეღვიძებინა ჩვენი უტკბილესი იესოს მიმართ; ჯარშიც ხომ ასეა: მხედართმთავრები შეტევის წინ ახალბედებს მხნე მეომრების მიღწევებს მოუთხრობენ, რათა ვაჟკაცურად იომონ და გამარჯვებაც მოიპოვონ.

წმიდანების ცხოვრებებისა და სიტყვების მიზანიც იგივე არ არის? თუ სული,რომელიც ღმერთმა შექმნა, ხშირად არ ისმენს ამგვარ ამაღლებულ და ჭვრეტის* (აქ: დაფიქრების) ღირს სიტყვებს, თვლემასა და უდებებას მიეცემა, და [პირიქით,] მხოლოდ ასეთების კითხვით, საოცარი ამბების თხრობით განაახლებს შინაგან სახლს და განდევნის სევდას.

უკანასკნელ, მესამე ეპისტოლეში რომ მოგწერეთ, ათონელ მონაზვნებს არაფერი უთხრათ, რასაც გწერთ-მეთქი, აი, მიზეზი: იმიტომ კი არ გეუბნებით, რომ ძმებს განვიკითხავ, არამედ, რადგან, წმიდა მთაზე რომ მოვედი, მრავალ მამას მოვესწარი, ასაკოვანსა და წმიდანს, პრაქტიკულ და თეორიულ მოღვაწეობაში გაწაფულთ.

ბერი კალინიკე საუკუთესო ასკეტი იყო. 40 წელი გამოკეტილი ცხოვრობდა, გონებისმიერ მოღვაწეობაში ირჯებოდა, საღმრთო სიყვარულის თაფლს მიირთმევდა, რითაც სხვებისთვისაც მოჰქონდა სარგებელი. მან გონების ატაცება გამოსცადა.

მის ქვემოთ სხვა ბერი, მამა გერასიმე ცხოვრობდა, ნამდვილი დაყუდებული, წარმოშობით ქიოსელი18, საოცარი მოღვაწე, გონებისმიერი ლოცვის მუშაკი, ოთხმოცდაათი წლისა. 17 წელი ილია წინასწარმეტყველის მწვერვალზე19 დაჰყო და ეშმაკებს ებრძოდა, ამინდი მეხს ატეხდა, ის კი მოთმინების ურყევი სვეტი აღმოჩნდა. მას ცრემლი შეუშრობლად ჰქონდა, იესოს [სახელის] ტკბობით აღასრულა უზრუნველი და მყუდრო ცხოვრება.

უფრო მაღლა ბერი ეგნატე ცხოვრობდა, რომელიც მრავალი წელი ვეღარ ხედავდა, დიდი ხნის მოძღვარი. ოთხმოცდათხუთმეტი წლის იყო, გონებით განუწყვეტლად ლოცულობდა და იესოს ლოცვის გამო ბაგეთაგან იმდენი კეთილსურნელება გამოსდიოდა, რომ კაცი ხარობდა ახლო მანძილიდან მასთან საუბრით.

კიდევ ერთი იყო, ყველაზე საოცარი, წმ. პეტრე ათონელის კელიაში, ბერი დანიელი, არსენ დიდის20 მიმბაძველი, უკიდურესად მდუმარე, ჩუმი, მთელი ცხოვრება გამოკეტილი, სამოცი წლის განმავლობაში მღვდელი, ერთი დღეც არ გაუცდენია წირვა, დიდმარხვაში კი ყოველდღიურად აღასრულებდა პირველშეწირულს21. უკანასკნელ დღემდე წირავდა, აღესრულა ღრმად მოხუცებული ყოველგვარი სნეულების გარეშე. მისი წირვა ყოველთვის სამსაათნახევარი ან ოთხი საათი გრძელდებოდა, რადგან ცრემლების გამო ასამაღლებლების წარმოთქმა უჭირდა, გამორიცხული იყო, რომ იატაკი ცრემლებით არ გაევსო. ამიტომაც არ უნდოდა, რომ ვინმე უცხო ყოფილიყო მის წირვებზე – რათა მისი სულიერი საქმიანობა არ გამჟღავნებულიყო. მაგრამ, რადგან მე ძალიან ვემუდარებოდი, მიღებდა და თითოეულ ჯერზე სამი საათი უნდა მევლო ფეხით, რომ ამ მართლაც საღმრთო მსახურებას დავსწრებოდი. [წირვის შემდეგ] როდესაც საკურთხველიდან გამოვიდოდა, ერთ-ორ სიტყვასაც მეტყოდა ხოლმე და იმწუთას მიიმალებოდა მომდევნო დღემდე. იგი მთელი ღამე მღვიძარებდა და გონებით ლოცულობდა, მთელი ცხოვრება. სწორედ მისგან გადმოვიღე მე, საწყალმაც, განრიგი, რითაც უდიდესი სარგებელი მივიღე. ყოევლდღიურად 25 დრამ* (80გ) პურს ჭამდა და წირვის დროს ამქვეყნიერებას სრულიად სცილდებოდა, ხოლო თუ იატაკს ცრემლებით არ დაატბორებდა, წირვას არ დაამთავრებდა.

სხვა მრავალი, თეორიულ* (ჭვრეტით) ცხოვრებაში გაწაფული მოღვაწეც ყოფილა, რომელთა ნახვასაც ვერ ვეღირსე, რადგან ჩემს მოსვლამდე ერთი ან ორი წლით ადრე გარდაცვლილიყვნენ, მაგრამ მათი საოცარი მიღწევების შესახებ სხვებმა მიამბეს. რამეთუ [დასაწყისში] სწორედ ეს იყო ჩემი საქმიანობა, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვივლიდი ხოლმე მთებსა და გამოქვაბულებს, რათა ამგვარი ადამიანები მეპოვა. რადგან ჩემი მოძღვარი უბრალო და ძალიან კეთილი ადამიანი იყო, საჭმელს რომ მოვუმზადებდი, ლოცვა-კურთხევას მაძლევდა მეძებნა ის, რაც ჩემს სულს სარგებელს მოუტანდა. ხოლო მას შემდეგ, რაც იგი დავმარხე, მთელი ათონი მოვიარე.

სხვა ბერი ერთ გამოქვაბულში ცხოვრობდა და დღეში შვიდჯერ უნდა ეტირა. ეს იყო მისი საქმიანობა. მთელ ღამითაც ცრემლებად იღვრებოდა და სასთუმალი ყოველთვის მთლიანად სველი ჰქონდა. მონაზონი, რომელიც ემსახურებოდა, დღეში ორ-სამჯერ მიდიოდა მასთან, რამეთუ არ სურდა, რომ ვინმე მუდმივად ყოფილიყო მის სიახლოვეს და ამის გამო გლოვა შეეწყვიტა. როდესაც ამ მონაზონმა ერთხელ ჰკითხა: მამაო, რატომ ტირი ამდენსო, მიუგო:

— როდესაც ადამიანი ღმერთს ხედავს. მისდამი სიყვარულით ცრემლებს ღვრის და არ შეუძლია თავის შეკავება.

სხვებიც იყვნენ, უმცროსები – მამა კოზმა და სხვები, ასევე უფროსებიც, მაგრამ თითოეულზე რომ დაწეროს კაცმა, ძალიან ბევრი ქაღალდი დასჭირდება. ეს ყველა მოღვაწე ახლა აქ მოკვდა, ხოლო იქ მარადიულად ცხოვრობს. და რადგან დღეს ამგვარ რამეებზე სიტყვაც არსად ისმის, არამედ ყველგან დუმილი და ფორმალურ-გარეგნული საქმიანობა სუფევს, ამიტომაც მოგწერეთ, ნურავის ეტყვით-მეთქი რამეს – რამეთუ, იმდენმა საზრუნავმა და მატერიალურმა საფიქრალმა მოიცვა წმიდა მთა, რომ სრულიად უგულებელყოფენ შინაგან სიფხიზლეს, თანაც, არა მარტო თვითონ არ სურთ მოიძიონ და აღასრულონ, არამედ სხვა თუ იტყვის რამე ამგვარს და შემწე არ ჰყავს გვერდით, შეკრავენ, შებოჭავენ, დააბამენ, რადგან მათნაირად არ ცხოვრობს და ამიტომაც სხვები შეურაცხყოფად აღიქვამენ.

მეორდება ის, რაც კერპთაყვანისცემის ეპოქაში ხდებოდა: თუ მაშინ კერპებს შეურაცხყოფდი, ჩაგქოლავდნენ და საზარელი სიკვდილით მოგკლავდნენ, ახლა კი კერპების ადგილის თითოეული ვნებაა – თუ რამე ვნებას ამხელ და განიკითხავ, რითაც ხედავ, რომ სხვა იძლევა, იმწუთას გაიძახიან: „შეკარით და ჩაქოლეთ, რამეთუ ჩვენი ღმერთები შეურაცხყო!“

ერში კი ადამიანები უბრალონი არიან, ბევრი რამ არ იციან, ამიტომაც პირველ შემართებაზევე მადლი შეეწევათ და წინ მიიწევენ, განსაკუთრებით, თქვენ, ქალები, რა- მეთუ უფრო მეტი მხურვალება გაქვთ, რასაც ქრისტეც იმწუთას ეხმაურება. ამიტომაც ვთქვი, შესაძლებელი რომ იყოს, მთელი მსოფლიო განათლდეს-მეთქი.

ამეების შესახებ ამჯერად კმარა, ხოლო თუ რამეს არასწორად ვამბობ, შენდობას ვითხოვ. ამ ეპისტოლეს მიზანი, ზოგადად, ის კი არ იყო, რაც დავწერე, არამედ ის, წმიდა ბრიენას [ხატის] შესახებ რომ შემეკითხე, ჩემო საყვარელო ბრიენა, რამეთუ დადგა ჟამი. ზომები ამ ქაღალდზეა22. 30 ათასს ითხოვენ. მაგრამ ახლა ფასზე არ არის ლაპარაკი, არამედ იმაზე, ეს ზომები საკმარისია თუ არა, და უკვე ხომ არ შეგიკვეთავთ.

მოძღვარს მეტანია გადაეცი, შემდეგ კი – იღუმენიას და მთელ კურთხეულ კომპანიას.

ვლოცულობ შენთვის,

მდაბალი იოსები

ჯანმრთელობით შეხვედროდეთ უფლის შობას.23

ესაა წმინდა ბრიენას [ხატის] ზომები. თუ უფრო დიდი გინდათ მომწერეთ.

აღმოსავლელი* (აქ: მცირეაზიელი) მონაზონი დედები გაცვლის დროს24 იკონიიდან25 რომ ჩამოვიდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც ნიგდიდან იყო26 და ვიღაც ეპისკოპოსს ენათესავებოდა, თან წმინდა ნაწილები ჩამოიტანა – წმ. ხარლამპისა და სხვებისა. ყველა ერთად ერთ ძველ ყუთში ეწყო წმ. ხარლამპის ხატთან ერთად. თვითონ ყუთი სიძველის გამო უკვე გამოუსადაგარი იყო.

ერთი სიტყვით, როდესაც გარეთ გავედი და მათ თესალონიკში შევხვდი, ეს სიწმიდეები მაჩუქეს. საოცარი კეთილსურნელება აქვთ, განსაკუთრებით, წმ. ხარლამპის დღესასწაულზე, ძლიერ კეთილსურნელებას აფრქვევენ. სხვა აშკარა მოწმობა არ მაქვს.

ასე რომ, თუ გსურთ, გამოგიგზავნით მის ერთადერთ დარჩენილ ნაწილს, რამეთუ დანარჩენი უკვე დიდი ხანია, რაც ცოტა-ცოტა დავურიგე მამებს, ლანცეტით ვჭრიდით.

ამჯერად ისვე რამდენიმე ჯვარს გამოგიგზავნით, დიდებია, ალექსანდრიული კიპარისისგან. სასიამოვნო სურნელი უდით. მონაზონი მამებისა და დედებისთვისაა. ახლა რადგან შობა-ახალი წელი ახლოვდება, იქნებ ადვილად გაიყიდოს.

მომწერეთ, თუ გსურთ წმიდა ნაწილი გამოგიგზავნოთ და თუ შეიძლება, რომ შემდეგ ჯერზე სხვა ხელსაქმესთან ერთად ჩავდო ამანათში. ჯვრები – ოცი დიდი, თითო ათი ათასად, დანარჩენებიც იმავე ფასად, როგორც ყოველთვის.

ფული ჯერ არ ჩამოგვსვლია, არც ფქვილი მოუტანიათ. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ოკეანე აქვს გადმოსალახი. სხვა არაფერია ჯერჯერობით.

და კვლავ, მეტანია ჩემგან,

მდაბალი იოსები

შენიშვნები

  1. საქმე – აქ: იგულისხმება მცნებების დაცვა, საქმით აღსრულებული სათნოებები. ↩
  2. სამი მდგომარეობა, რომელშიც შეუძლია ყოფნა ადამიანს ამქვენიური ცხოვრების დროს. ↩
  3. პატარა იოანე არის შემდგომში ათონის ფილოთეუს სავანის წინამძღვარი და ამერიკაში მრავალი მონასტრის დამაარსებელი არქიმანდრიტი ეფრემი. ↩
  4. პოლისტავრი – მონაზონის შესამოსლის აუცილებელი კომპონენტი. ჯვრის ფორმის დაწნული ნაჭერი, რომელსაც სქემის ზემოდან იკეთებენ (იხ. სურ. 11). ↩
  5. ეპისტოლე დიდი ტირეთი მთავრდება, ხელმოწერის გარეშე. ↩
  6. შეად. ფსალმ. 54,7-8. ↩
  7. სიმდიდრეთმოცემობა — ბერის შექმნილი სიტყვა, რომელიც აღნიშნავს ღმერთისა და ადამიანის „თანამშრომლობას“, თანამოქმედებას საღმრთო მადლის დიდი ნიჭების, ანუ უფლის გამოუთქმელი სიმდიდრის შესაძენად. ღმერთი გვაძლევს მადლს, ადამიანი მადლობს, ხოლო ღმერთი ისევ აძლევს, თანაც, უფრო მეტს. ↩
  8. ფსალმ. 32,9; 148,5. ↩
  9. ზირ. 7,36. ↩
  10. შეად. დაბ. 49,17; ფსალმ. 55,7. ↩
  11. შეად. დაბ. 2,7. ↩
  12. სიტყვა „ხელები“ კნინობითში უწერია: „ხელუნები“. ↩
  13. ეკლ. 10,16. ↩
  14. ამ ადგილას ორი პატარა ფორმა აქვს მიხატული რათა უფრო გასაგები გახდეს, რას გულისხმობს (იხ. სურ. 14). ↩
  15. ხარების დღესასწაულის საგალობლიდან (დიდი მწუხრი, „უფალო ღაღადყავის“ მესამე დასდებელი). ↩
  16. იგავ. 18,19. ↩
  17. შეად. იოან. 4.18. ↩
  18. კუნძილი ქიოსი (ბერძ. Χιος) – ეგეოსის ზღვაში არსებული, მცირე აზიის ნაპირებთან ახლოს მდებარე სიდიდით მეხუთე ბერძნული კუნძული, რომელიც ძირძველი და ღრმა ქრისტიანულ-ასკეტური ტრადიციებით გამოირჩევა. ↩
  19. ილია წინასწარმეტყველის მწვერვალი ათონის (მთავარი) მწვერვალის გასწვრივაა (ამ უკანასკნელის ძირში არსებულ დთისმშობლის ტაძარზე დაბლა მდებარეობს). ↩
  20. არსენ დიდი (354-449/450) – ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბერი, წარმოშობით რომაელი. იშვიათი განათლებისა და სულიერების გამო ბიზანტიის იმპერატორმა თეოდოსი დიდმა (379-395) თავისი შვილების, არკადისა და ჰონორეს აღმზრდელად დაადგინა. რამდენიმე ხანში არსენიმ დედქალაქი დატოვა და ეგვიპტის უდაბნოში განმარტოვდა. მდუმარებისა და დაყუდების სიყვარულის გამო ადამიანებს გაურბოდა — (ამ კონტექსტში ახსენებს ბერი). ხსენება 8/21 მაისს. ↩
  21. პირველშეწირული (ანუ “უკვე ნაკურთხ”) ძღვენთა წირვა არსებული ტიპიკონის თანახმად მხოლოდ დიდმარხვაში, ისიც მხოლოდ ოთხშაბათ-პარასკევს, ვნების შვიდეულის პირველ სამ დღეს და კიდევ 2-3 დღეს აღესრულება. მისი ყოველდღიური აღსრულება არათუ აკრძალული არ არის, უფრო ძველ ტრადიციასაც ასახავს. ↩
  22. იხ. შემდეგი სქოლიო. ↩
  23. დანარჩენი ტექსტი სხვა ქაღალდზეა დაწერილი, რომლის ზომაც 19,5×16სმ-ია – წმ. ბრიენას ხატის ზომების ნიმუში. ↩
  24. იგულუსხმება 1923 წლის ლოზანის ხელშეკრულების მიხედვით მომხდარი მოსახლეობის იძულებითი გაცვლა საბერძნეთსა და თურქეთს შორის. ↩
  25. იკონია (ბერძ. Ιχονιον) – უძველესი ქალაქი ისტორიულ ფრიგიაში, მცირე აზიის ცენტრალურ ნაწილში, დღევანდელი კონია (თურქ. Konya). ↩
  26. ნიგდი (თურქ. Nigde) – ქალაქი თურქეთში, კესარიასა (თურქ. Kayseri) და იკონიას შორის. ↩
Share