წერილები 36–38 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

წერილები 36–38 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

[36] მონაზონ ბრიენას

წმიდა მთა, 21 აგვისტო, 1947 წ.

ჩემო საყვარელო შვილო. ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, გულისტკივილით ვლოცულობ, უამრავი ცრემლით, მუდმივი ლმობიერებით, რომ ჩვენმა უფალმა და ტკბილმა იესომ დაგიფაროს ყველანაირი ბოროტებისგან, რომ სწრაფად გაექცე და გადაახტე ხოლმე მახეებს, როგორც ირემი, და დათრგუნო ასპიტი და ვასილისკო1, რომ განუწყვეტლივ სიხარულით გიხაროდეს2 შენი სიძისა* (ქრისტეს) და მისი და ჩვენი ტკბილი დედის უკიდეგანო ნათელში.

ოჰ, ჩვენო ტკბილო დედიკო, ნეტავ შენს წიაღში დავლიოთ სული! სხვა არაფერი გვინდა, ტკბილო დედაო, ოღონდ საღმრთო წადილის შენდამი ცეცხლოვანი სიყვარულის აღტკინების დროს გარდავიცვალოთ, როდესაც ჩვენს სულს ალი მოედება და გონება დაცხრება, და

ანაზდად, ნიავი მოჰბერს კეთილსურნელებას და საღმრთო წყვდიადით დაიფარება, სადაც საგრძნობლები ჩერდება და სუფევს საწადელი სიყვარული, სიყვარული და ცხოვრება – ჩვენი მარად ტკბილი იესო.

ისწრაფეთ, გამოიქეცით, იტირეთ, იხარეთ და სიყვარულის ცრემლები დაღვარეთ, თქვენი გონება იმაში ჩაძირეთ, ვინც სხეული მიწაში ჩაძირა – იესო ხომ ჩვენს საცხოვნებლად გარდამოხდა ზეციდან; მოკვდა, რათა ჩვენც იქ ავიდეთ, აღდგა, რათა ჩვენც აღგვადგინოს. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ ღირსები გავხდით მისი შვილები ვიყოთ3, ვიგემოთ მისი მარადიული სიკეთეები, და ამქვეყნიდანვე ვიხარებდეთ მის უზომო სიყვარულში.

აქამდე კმარა ამის შესახებ. ახლა დავწერ, რატომ გწერთ.

პირველი ის არის, რომ ერთი ვრცელი, უდიდესი ღირებულების ეპისტოლე მოგწერეთ. არ ვუწყი, მიიღეთ თუ არა. ახლა გიგზავნით თქვენს კოვზებს, 40-ს, ყველას ევლოგიად* (საჩუქრად), რათა ამით ჭამდეთ, მე კი გასამრჯელო მქონდეს. გიგზავნით 35 ორმხრივ ჯვარს და 35-ს – ცალმხრივს4. ორმაგები თითო 5 ათასი ღირს, ხოლო ცალმხრივი – 2,5 (ორნახევარი). ჩემს ბრიენას, ერთ განსაკუთრებულს ვუგზავნი, რომ, თუ მოვკვდი (რადგან ვავადმყოფობ), ილოცოს ჩემთვის. ასევე, ყველასთვის ცოტა თხილს გიგზავნით. თითო-თითო ჭიქა წყალი დალიეთ ყველამ და პატარა ლოცვა თქვით: „აცხოვნე, ჩემო ქრისტე, ჩვენო ტკბილო სუნთქვავ, ცოდვილი იოსებ მონაზონი, რომელსაც უყვარხარ, და მისი საძმო“.

ამასაც გეტევით: თუ წერილი, რომელიც დიდი ხნის წინ გამოვაგზავნე, არ მიგიღიათ, სხვა ეპისტოლეს ნუ დაელოდებით, რამეთუ ნამდვილად არ ყოფილა ღმერთის ნება. ამიტომაც ნურც ღელავ, ნურც იდარდებ, არამედ ადვილად გაუგონე მოძღვარსა და იღუმენიას, ხოლო განსაცდელებში მოთმინება იქონიე.

ფულს, რომელსაც ჯვრებიდან აიღებთ, აქ ნუ გამოაგზავნით, არამედ მხოლოდ შემატყობინეთ, რომ გაიყიდა და მაშინ მოგწერთ, სად უნდა გააგზავნოთ, რამეთუ ბევრი ვალი მაქვს. თუ ჩემს რძალს უკვე მიეცით, თქვენ დაიტოვეთ5. 50 ათასი რომ გამოაგზავნეთ, მოვიდა.

მოძღვრის ხელს ვემთხვევი. ვლოცულობ ყველა თქვენგანისთვის.

მოგიკითხავ,

მდაბალი მ. იოსები

[37] მონაზონ ბრიენას

წმიდა მთა, 15 სექტემბერი, 1947 წ.

ისევ ჩემს საყვარელ შვილ ბრიენას და ყველა ქრისტესმიერ დას. იესოს მადლი იყოს თქვენთან და ჩვენთან.

ჩემო საყვარელო ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, მარადის ვლოცულობ, რომ კარგად იყოთ. დღეს მივიღე შენი ეპისტოლე და ვნახე, რასაც წერ. სხვა წერილი მქონდა უკვე დაწერილი – წინა რომ გამოგიგზავნე, იმის გაგრძელება – მაგრამ არ გამოვაგზავნე, მინდოდა გამეგო პირველი მიიღეთ თუ არა, თუ არა – სიბნელეს* (დავიწყებას) უნდა მივცე. მაგრამ, ჩემო შვილო, რადგან შენი ეს წერილი პასუხს დაუყოვნებლივ მოითხოვს, იმას გვერდზე გადავდებ და გიპასუხებ.

რაც შეგემთხვა, ჩემო ბრიენა, იმას გვიჩვენებს, რომ გაქვს დიდი, ერისკაცთათვის დამახასიათებელი ამპარტავნება და ამიტომაც არ გაქვს გულმოწყალებისა და თავმდაბლური აზროვნების სული, ამიტომაც გგონია, რომ აღარაფერი შეგეშლება, აღარ იურჩებ, აღარასდროს შეგეცვლება ხასიათი, არამედ ისეთ უცვლელ გზაზე ივლი, რომელიც ანგელოზებსაც არ ეგულებათ. ამიტომაც გითხრეს, რომ ღრმა უმეცრებით ხარ დაავადებული, რაც ამპარტავნებას შობს.

ასე რომ, ყურადღება მიაქციე, რასაც გეუბნები, გამიხსენი სასმენლები და მათ სიკეთით აღგივსებ. ყურად იღეთ, ქალწულნო, ჩემი სიტყვები და გაექეცით უმეცრებას – ყოველივე ბოროტების დედას. აი, უფალია ჩემი მოწმე, რომელიც წარწყმედს მატყუარებსა და ტყუილს6, რომ ოცდახუთ წელზე მეტი აქ ყოფნის დროს გაშმაგებით, სისხლისღვრამდე ვებრძვი ეშმაკებს. ჩავედი ზღვის სიღრმეში, თავმოთნეობისგან7 და საკუთარი ნება-სურვილისგან გაშიშვლებული, რათა ძვირფასი მარგალიტი მეპოვა. თვით სატანა დავატევევე მთელი თავისი ჯარითა და ხელოვნება-ოსტატობით, ხოლო როდესაც სიმდაბლის მეშვეობით შევბოჭე, ვეკითხები: „რატომ გვებრძვი ასე გაშმაგებით და ასეთი ღვარძლით?“. მეუბნება: „რათა ჯოჯოხეთში ბევრი თანამკვიდრი მყავდეს და ნაზარეველს დავექადნო, რომ მხოლოდ მე კი არ ვარ განდგომილი, არამედ, აი, სხვა რამდენია ჩემ გარდა!“.

და ისევ ავედი ზეცად [საღმრთო] მადლის და სულიერი ჭვრეტის მიერ და ვიხილე სამოთხის გამოუთქმელი სილამაზე, რომელიც ღმერთმა თავის მოყვარულთ განუმზადა8. ამ ყველაფრის შემდეგ მადლი ცოტათი განმშორდა და ფეხები ცოტა შემერყა და მცირე უდებებაში ჩავვარდი

და ძილმა დამატყვევა და ბევრი სიკეთე დამაკლო. მაგრამ მალევე წამოვდექი და ომი გავაჩაღე, სისხლიანი ორთაბრძოლა, ხოლო როდესაც გავიმარჯვე, ისევ ჩამთვლიმა, და ისევ ყველა უბედურების დედამ – უდებებამ შემიჭამა ძვლები. და ისევ წამოვდექი და გამოვუცხადე ომი ყველა [ბოროტ] სულს.

დასაწყისში რვა წელი ვებრძოდი ხორციელ ვნებებს. არ წამოვწოლილვარ, არამედ ფეხზე მდგომსა და კუთხეს მიყრდნობილს, ან პატარა სკამზე მჯომს მეძინა. ყოველდღე ორჯერ და სამჯერ ვიცემდი თავს, ვტიროდი და ვკვნესდი, რომ ღმერთს შევცოდებოდი და ბრძოლა მოეშორებინა, მანამ, სანამ არ შემიწყალა გულუხვმა ღმერთმა და სატანის მანია განმაშორა. ახლა მხოლოდ აჩრდილს აღგიწერ ჩემი უთვალავი გაკვეთილიდან, ზღვაში წვეთს გაძლევ.

ყოველღამ ეშმაკების რაზმები მოდიოდნენ ჯოხებით, ნაჯახებით და სხვა მომაკვდინებელი იარაღებით, სასტიკად მაწამებდნენ მთელი ეს რვა წელი. ერთი ჩემს პატარა წვერს ეჭიდებოდა, მეორე – თმებს, მესამე – ფეხებს, მეოთხე – ხელებს, სხვა კი გაჰკიოდა: დაახრჩვეთ, მოკალითო და ყველანაირ სხვა ბოროტებას. და მხოლოდ რომ ვიტყოდი სახელს – „ყოვლადწმიდაო, დამეხმარე!“. ქრებოდნენ და მათი ძალა განქარდებოდა. ეს ყველაფერი მანამ, სანამ არ შემიწყალა უფალმა და არ ამომიყვანა სიღრმიდან და „მღვიმისაგან გლახაკებისა“9. ხოლო აწ, ჩემო გოგონა, გონებაშეშლილს ვემსგავსები: გიყვებით ამ ყველაფერს, რადგან არ შემიძლია თქვენი ცხონების წადილს გავექცე, არამედ მგონია, რომ სარგებელს მოგიტანთ და ამიტომაც ვაგრძელებ სიტყვას.

ახლა, როდესაც ძალღონით სავსე ახალგაზრდისგან ასწლიან ბებერს დავემსგავსე უამრავი მტანჯველი ცვლილების გამო, პირველ რიგში, ჩემს პურს ჩემივე ოფლით მოვიპოვებ – როგორც თავად იხილე ჩემს გზავნილებში – და ჩემი ხელით ვმუშაობ. ათონის სხვადასხვა მონასტრებიდან და სკიტებიდან მოდიან და უფლის მადლით, ვასწავლი იმას, რასაც ღმერთი მაძლევს, რათა ვარგო. ვმუშაობ გონებრივად და ჩემს [სულიერ] მოვალეობებს უკლებლივ ვასრულებ, ხოლო ღამღამობით, როცა გონება ლოცვით იღლება, არაერთ ეპისტოლეს ვწერ, რამეთუ ყოველი მხრიდან, სულის სარგებელს ეძიებენ ქრისტიანები. ამ ყველაფრის შემდეგ კი, სასოწარკვეთილებაში ვვარდები იმის გამო, რომ უფლის ნებას არ ვასრულებ.

ვინ იცის-მეთქი, ვამბობ, რომ ის, რასაც ვაკეთებ, სათნოა უფლისთვის; იქნებ ეცდები, როცა სხვას ვუქადაგებ, ხოლო თავად გამოუცდელი ვრჩები10. უცნობია ჩემთვის უფლის საღმრთო ნება. შენ კი, ჩემო პატარა ბრიენა, ერთი ურჩობის გამო დაყარე იარაღი? თანაც, ჯერ არც ზამთარი გინახავს, არც ზვავი, არც რაზმები და დივიზიები, რომლებიც გემუქრებიან. ერთი ჭინკის მუქარისა შეგეშინდა? მაგრამ ნურასდროს ენდობი მის ნათქვამს, რადგან მატუუარაა დასაწყისიდანვე11 და ჩვენ წინააღმდეგ არანაირი ძალა არ აქვს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამპარტავნებაში და უმეცრებაში დაგვიგულებს. მაგათ მხოლოდ მუქარა და დაშინება იციან, ძალა კი არანაირი არ აქვთ. თუკი ღორებში შესვლის უფლება არ აქვთ, როგორ შეძლებენ უფლის ნებართვის გარეშე გვავნონ12?

მწერ, ჯერ კიდევ მაქვს ნარჩენები ძველი კაცისო. მე კი გეტყვი, რომ ჯერ ახალი ადამის წვეთიც არ გაქვს, არამედ მთლიანად ძველი ხარ13. ხოლო როდესაც ახალი ადამი შენში გამოსახვას დაიწყებს – თუ იმ დროისთვის ცოცხალი ვიქნები – მე თვითონ მოგწერ, როგორ და რანაირად ყალიბდება ახალი კაცი ჩვენში. ახლა ჯერ კიდევ ერთი პატარა ვარდი ხარ, რომელიც, დაუბერავს თუ არა გველისეული ცივი ქარი, იმწუთას ჩამოყრი ფურცლებს და სახეცა და კეთილსურნელებაც წაგიხდება.

ერთი სიტყვით, ისწავლე თავმდაბლური აზროვნება, ეშმაკეული ადამიანისა კი არანაირად არ შეგეშინდეს. რადგან მათესაც14 თავის მონასტერში ჰყავდა ერთი ეშმაკეული მონაზონი (თქვენ უკეთ უნდა იცოდეთ ეს ამბავი, რადგან ახლოს ხართ, მე კი, ვიღაც რომ მოვიდა, იმან მითხრა). ჰოდა, შეპყრობილ დას ხილვა ჰქონდა [ვითომ], რომ ეკლესია უნდა აეშენებინათ. შეპყრობილის ჩვენების თანახმად, ესა და ეს უნდა გაეკეთებინათ – წიგნიც კი დაწერა შეპყრობილის მონაყოლით. თანაც, ეშმაკის ნალაყბევს კი არ უწოდებს, არამედ ხილვას! საბოლოოდ კი შეპყრობილმა სქემა გაიძრო და გათხოვდა!

ხოლო ამას რა მოჰყვება? ადამიანი, რომელიც ეშმაკებს უჯერებს და მათ სიტყვებს იწერს, მათი სამასხარაო ხდება. ჩვენმა იესომ ცალსახა მოწმობა დაგვიტოვა ამის შესახებ: როდესაც ეშმაკმა უთხრა, ვიცით ვინც ხარო, მიუხედავად იმისა, რომ ჭინკამ სიმართლე თქვა, უფალმა პირი დაუხშოო და გააჩუმა, რითაც ჩვენც მაგალითი მოგვცა15. ანუ დღეს ჭეშმარიტებას იტყვის, ხვალ კი მოიტყუება, რადგან თავიდანვე მატყუარაა.

შეპყრობილს შემდეგი სჭირდება: ვისაც ამის ძალა აქვს, 25 დრამი* (80გ) პური დღეში, ერთი თეფში საჭმელი (ისიც წყალზე მომზადებული, უზეთო), მოძღვარმა კვეთებულის ლოცვები16 წაუკითხოს – დილით, შუადღეს და საღამოს – თქვენ კი ყველამ ილოცეთ მისთვის. ორმოცი დღეა საჭირო და გადის. ამის გარდა, ამ დღეებში წირვაც აღსრულდეს მისთვის. ამგვარად მის ლაყბობას თავს დააღწევთ, მანამდე კი არანაირი ყურადღება არ მიაქციოთ რას ამბობს, რამეთუ ტყუის.

რადგან17 არ მაქვს დრო, რომ მეორედაც წავიკითხო შენი ეპისტოლე, წაკითხვისთანავე გიპასუხებ.

უფრო ქვემოთ წერ, რომ სიხარულს გრძნობ. ეს მიგანიშნებს, რომ, თუ თავს აიძულებ, ქრისტე დაიწყებს შენს სულში გამოხატვას. იღუმენია მართებულად გეუბნება

სასოწარკვეთილების შესახებ — სულმოკლეობისგან მომდინარეობს, ამპარტავნებისგან იშვება. მართალი კაცი, ათი ათასჯერაც რომ ეცემოდეს ყოველდღიურად, ისევ წამოდგება და ეს მას გამარჯვებად ერაცხება, სასოწარკვეთილება კი უპატიებელი ცოდვაა, ეშმაკს ყველაზე მეტად ეს ცოდვა ახარებს, ხოლო დაირღვევა აღსარებით, რამეთუ ტკბილ იესოს ერთ დუიმს18 ვთხოვთ, ერთ მეტრს გვაძლევს. მის ერთ სხივს ვითხოვთ და მთლიანად გვეძლევა. რატომღა წარიკვეთ სასოს?

ტანსაცმელს რაც შეეხება, წელს გვაქვს, აღარაა საჭირო. გაისად თუ დამჭირდა. გთხოვთ. ინგლისელებმა19 ბევრი მოგვცეს ყველას. საჭმელი რომ იყოს, მაგალითად, ყველი ან კარაქი, კი ბატონო – შევჭამდით, მაგრამ ტანსაცმელი არ იჭმევა. ამიტომ ჩვენზე ნუ იდარდებთ, არ შეგვშურდება, თუ სხვებს გაუგზავნით.

ვლოცულობ თქვენთვის ყველასთვის, მდაბალი იოსები

კოვზები20 გამოგიგზავნეთ და ჯვრები: 35 ორმხრივი და 35 ცალმხრივი. ორმაგები ხუთი (ათასი) ღირს, გამოდის ას სამოცდათხუთმეტი (175) ათასი, ხოლო ცალმხრი- კუბი 2.500 და გამოდის ოთხმოცდაშვიდ-ნახევარი (87.500), ჯამში 262 500. ერთი სიტყვით, როდესაც გაიყიდება, გთხოვთ, ას თორმეტი მარიამს, ჩემს რძალს მისცეთ. მივწერ, რომ მოვიდეს და წაიღოს. ერგინასთვისაც 50 ათასი მიეცით. დანარჩენი ასი აქ გამოგვიგზავნეთ, რადგან ამბობენ, ფქვილს მოიტანენო და რომ ვიყიდოთ. თუ ეს თქვენ არ გამძიმებთ და ადვილად იყიდება, ისევ გამოგიგზავნიდით. ჩემთვის ეს უხვი შენაძენი უფროა, ვიდრე მოწყალება.

სხვაგანაც ვაგზავნი ჯვრებს, მე თვითონ ვაკეთებ. სხვები მასალას მიმზადებენ, ჭრიან, ხის მასალა მოაქვთ, მე კი ვკვეთავ. ნახევარი დღე ვმუშაობთ, დანარჩენი კი მდუმარებით ვართ, გვყოფნის.

შემდეგ ეპისტოლეს მოგვიანებით გამოგიგზავნი, მაგრამ საფოსტო მარკები ისევ არ გამოგიგზავნია, ამიტომ – ეპიტიმიის სახით – აღარ მოგწერ.

ახლახან პირველად და მეორედ მოუახლოვდა გემი დაფნის და ფოსტის მუშაობა გაადვილდება.

მოძღვარს. მეტანია, ხოლო იღუმენიასა და კომპანიას, ყველა დას – ლოცვა-კურთხევა გადაეცი.

მთელი სულით მოგიკითხავთ.

ათანასეს ჩათვლით ოთხნი ვართ საძმოში21.

მდაბალი მონაზონი იოსები

[38] მონაზონ ბრიენას

წმიდა მთა, 1 ოქტომბერი, 1947 წ.

ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა და მიმდევრობით ყველა ქრისტესმიერო დანო, ჩვენი მოძღვრის ლოცვა-კურთხევა იყოს თქვენთან და ჩვენთან.

აი, ისევ, ჩემო საწადელო ბრიენა, შენდამი ორმაგი სიყვარულით ვიწყებ შენს ყურებთან გალობას, რომელთაც სურთ და სწადიათ [ჩემი] მოსმენა. ითხოვდეთო, ამბობს ტკბილი იესო, და მოგეცემათო, ეძებდით და იპოვითო, აკაკუნეთ და გაგიღებენო22. პატივს ვცემ თქვენს განწყობას, ვაქებ მოშურნეობას, ვაფასებ სიყვარულს და გბაძავთ.

როგორც მწერ, ლოცულობ დასაწყისში და ეს ძალიან კარგია. ამგვარი აზრებით შეძლებ გონების შეკავებას, როდესაც ფიქრობ, რომ მოძღვრისა და იღუმენიას ლოცვები, რომლებიც გონებით ღმერთს ესაუბრებიან, ცეცხლის სვეტივით ადის ცაში. ასე რომ ფიქრობ და აზროვნებ, რაღაც მომენტში გონება ჩერდება და ლოცვა ტკბილი ხდება, ცრემლები გვდის და მადლი გვიახლოვდება, როგორც ამბობ, დამწყებთა მადლი. რომელიც დედას ჰგავს, ბავშვებს სიარულს რომ ასწავლის: ხელს უშვებს, შორდება, ჩვილი კი ეძებს, ტირის, ყვირის… ისევ მოდის და მალე ისევ მიდის. პატარა კვლავ ტირის, ყვირის. კვლავ ბრუნდება. მანამ, სანამ გაიზრდება, არ არსებობს, რომ ჩვენთან ერთად იყოს მუდმივად, რადგან ვნებები ხელს უშლის.

ვნებები უხეში მატერიაა, ურალის მთებია, 35 კილომეტრის სიმაღლე აქვთ23! მადლი არის მზე. კი ამოდის მზე, მაგრამ მთების ჩრდილი არ აძლევს შესაძლებლობას მთელი სულიერი ადამიანი დაფაროს, ერთი სხივი თუ შეეხება სადმე, და სიხარულით აღენთება, მაგრამ დანარჩენი ნაწილები ჯერ კიდევ ვნებების ჩრდილშია, შესაბამისად კი, ყოველ წამს ეშმაკებიც შეიძლება ამოქმედდნენ, როდესაც მადლი მიეფარება. ამგვარად ხშირად ხელს უშლიან, როგორც ღრუბლები მზის ნათელს. რამეთუ ვნებების ჩრდილს ორთქლიც ამოსდის, რომელიც იმ მცირე სხივსაც კი აბნელებს. ესენია ის, რასაც მწერ: სასოწარკვეთის გულისსიტყვები, სიმხდალე, შიში, თავხედობა, მკრეხელობა და ა.შ. ეს ყველაფერი სულს აჭკნობს და [უფლის მიმართ] კადნიერებას აკარგვინებს.

ნებისმიერი გულისსიტყვა, რომელსაც სასოწარკვეთა ან უზომო სევდა მოაქვს, ეშმაკისგანაა; ვნებების ორთქლია, რომელიც იმწუთას უნდა განაგდო ღმერთისადმი იმედით, სულიერ დედასთან აღსარებით, უფროსი დების ლოცვებით – იფიქრე, რომ ისინი ლოცულობენ და ღმერთს გულს ულბობენ. ხოლო ცრემლებთან შერეული მცირე სევდა და სულის ნუგეში მადლის მოქმედებაა, რომელიც მთელი ცხოვრება სინანულისკენ გვიბიძგებს, რაც არ უნდა შევცოდოთ.

შეცდომა კადნიერებას გვაკარგვინებს, ხოლო სინანული იმწუთას გვიბრუნებს. ეშმაკის სატყვები უმალ სასოწარკვეთის შეგრძნებას იწვევს, ისე აჭკნობს და თელავს ადამიანს, როგორც სეტყვა – ნორჩ ყლორტებს.

პრაქტიკული სულიერი ცხოვრების ეს პატარა გაკვეთილი კარგად დაისწავლე. როდესაც ხედავ, რომ მადლი მოქმედებს და შენი სული იხარებს და ცრემლებს უშრომელად ღვრი იმის გამო, რომ ღმერთმა ამდენი წყალობა მოიღო შენზე, დარჩი როგორც ხარ – თუ ფეხზე მდგომი ლოცულობ, ნუ გაინძრევი, ხოლო თუ ზიხარ, იჯექი; თუ ლოცულობ, ილოცე. ჩვილური აზრის გარეშე24 შეიწყნარე სული წმიდის ცვარი მანამ, სანამ იღვრება, რამეთუ, თუ საქმიანობის დროს მოვიდა და ლოცვაზე დადგები, იმწუთის შეწყდება. სურს, რომ სადაც „წაგასწრებს“, იქ დარჩე, შენ კი არ გახდე მისი „ოსტატი“. მას სურს, შენს გულისსიტყვას ასწავლოს, რომ არასდროს ენდო საკუთარ თავს, სანამ პირში სული გიდგას. ერთი დღის წვიმა საკმარისია, რომ სულის აღმონაცენები მთელი ის დრო შეინახოს, როდესაც მადლი განგვეშორება.

სხვა არის მღვდლობის მადლი, სხვა – სქემისა, სხვა – [საეკლესიო] საიდუმლოებათა, სხვა – ასკეზის მადლის მოქმედება. ყველა ერთი წყაროდან გამოედინება, მაგრამ ერთი მეორისგან აღმატებულებითა და დიდებით განსხვავდება. სინანულის მიერ ამოქმედებული მადლი – მათთვის, ვინც ცხონებისთვის ირჯება – მამათაგან გადმოცემული მემკვიდრეობაა; ის გაცვლა და გადაცვლაა, როდესაც მიწას გავიღებთ და ზეცას მივიღებთ, გავიღებთ მატერიას და მივიღებთ სულს. ღმერთის გულისთვის გაღებული ოფლის თითოეული წვეთი, თითოეული შრომა, თითოეული ღვაწლი ხდება ამ „ვაჭრობის“ ობიექტი; სისხლის ჩამორთმევა და სულის შემოღვრა. ნივთიერს, მატერიალურს ცვლი წმიდა სულზე. ეს მადლი იმისდა მიხედვით იზრდება, რამდენიც ადამიანს შეუძლია დაიტიოს, გააჩნია, მის ჭურჭელს რამდენის დატევა შეუძლია. ამიტომაც ჰქვია განმწმედელი მადლი.

საქმეს* (პრაქტიკულ მოღვაწეობას) [საღმრთო] განათლება ენაცვლება – მეორე ეტაპი განმანათლებელი მადლია. მას მერე, რაც მოღვაწეობითი მადლის მიერ კარგად გაიწვრთნება, უამრავჯერ დაეცემა და ადგება, [პირველ მადლს] შემეცნების განათლება ენაცვლება, გამჭვირვალე გონება, რომელიც ჭეშმარიტებას ხედავს. საგნებს თავიანთ ბუნებრივ მდგომარეობაში ხედავს, ადამიანური ოსტატობის მეთოდებისა თუ მსჯელობების გარეშე. ყოველი საგანი ბუნებრივად თავის რეალურ ჭეშმარიტებაში იმყოფება, როგორც წინა წერილში მოგწერეთ. მაგრამ მანამ, სანამ ადამიანი აქამდე მოაღწევს, ჯერ სხვადასხვა მცდელობები, მტკივნეული [შინაგანი] ცვლილებები უნდა გამოიაროს. მაგრამ აქ პოულობს გულისსიტყვებისგან შვებას და განსაცდელებისგან ამოისუნთქავს.

განათლებას მოსდევს ლოცვის შეწყვეტა და ხშირი სულიერი ჭვრეტები* (ხედვები), გონების ატაცება, საგრძნობელთა დაცხრომა, სხეულის ნაწილთა [ვნებების მიმართ] უძრაობა და დაწყნარება, ღმერთისა და ადამიანის შეერთება, ერთად გახდომა.

ესაა საღმრთო ვაჭრობა, რომელიც, თუ კაცი განსაცდელებს მოითმენს და სულიერი მოღვაწეობის გზაზე წინსვლას არ შეწყვეტს, ცვლის მატერიალურს არამატერიალურზე. ოღონდ აგიხსნით, რას ვგულისხმობ, თუ ქაღალდი მეყო25.

მეკითხები, რა ერთობა გვაკავშირებსო? მაშ, ისმინეთ ჩემი, ყურად იღეთ ჩემი სიტყვები, რამეთუ უნდა გითხრათ საღმრთო განგებულების საშინელი და დაფარული დიდი საიდუმლო. სხვისი სარგებლის არ მშურს, არ ვმალავ იმას, რაც ვიხილე, როგორც ის, ვინც ტალანტი დაფლა26, არ მაშინებს ეშმაკების მუქარა, რომლებიც მძვინვარებენ ჩემ წინააღმდეგ, როდესაც ამგვარ საიდუმლოებს გამოვაცხადებ – არამედ თქვენი ლოცვების იმედი მაქვს.

ასე რომ, მოდით ყოველნი, ერთიმეორის მიყოლებით. განიწმიდეთ ბაგეები ჭეშმარიტებით, სხეულები მარხვით უბიწოდ დაიმარხეთ, სულები ლოცვით წმიდაჰყავით. გახდით ჩვილი სხეულები და ხელმწიფე სულები. ჭიებმა ფრთები შეისხით და პეპლები გახდით. გონებაში არაფერი მიწიერი არ შემოუშვათ. მოფრინდით ჩემთან და მე წინ გაგიძღვებით. ეთერი უნდა გავიაროთ. ნუ შეგეშინდებათ, ბევრჯერ ვარ ასული და ვიცა გზა. მაშ, გამომყევით, ჩემი იესოს შვლებო, ერთი მეორის მერე. აცალეთ გონებას ზეციერი თავისუფლად განიზრახოს და აი, სამოთხის კარიბჭე გაგვეხსნება.

აქეთ-იქით ანგელოზები დგანან, ქერუბიმები და სერაფიმები, ექვსფრთიანები დაფრინავენ. მარჯვნივ და მარცხნივ ბრილიანტის კედლებია. ოქროსავით ბრწყინვალე კეთილსურნულოვანი ყვავილები იქაურობას ატკბობენ. უამრავი ფრინველია, უთვალავი ფერის, სხვადასხვა გალობას ჭიკჭიკებენ, რომლებსაც ჩვენი გონება ერთი ჭვრეტიდან მეორეში აჰყავთ. იატაკი თოვლივით სპეტაკია, ხოლო მის შუაში ჩვენი დედოფლისა და უხრწნელი დედის დიდი სასახლე დგას.

გამოიქეცით, რადგან ჩვენი ტკბილი დედიკო გველოდება. ანგელოზებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, რამეთუ წერია: „ანგელოზებიც ვერ განგვაშორებენ იესოს სიყვარულს"27.

და აი, კეთილი მეკარე – ცეცხლოვანი ანგელოზი კარიბჭეს გვიხსნის, ხოლო ჩვენი ტკბილი დედიკო, თოვლივით ქათქათა, წამოდგება და შემოგვეგებება.

ჰოი, ჩვენო ტკბილო დედიკო! ჰოი, ჩვენი სულის ნათელო! ჰოი, სიყვარულო შეუორგულებელო! ჰოი, ჩვენი სულის ცხოვრებაო! ნეტავ ბაგეებზე შენი სახელით აღმოგვხდებოდეს სული! ნეტავ უტკბილესი ამბორით დაგვხვდე და შენს წიაღში შეგვიწყნარო! ჰოი, დედაო, თაფლსა და ნექტარზე უტკბესო! ჰოი, კეთილსურნელო და მირონსურნელოვანო არომატო!

მაშ, დაეცით ძირს და ემთხვიეთ ჩვენს უტკბილეს დედიკოს – ფეხებსა და ხელებზე და მიიღეთ გამოუთქმელი კეთილსურნელება წმიდა ქალწულისგან. ნუ ყოყმანობთ, მან თვითონ მასწავლა ეს გზა, მაჩვენა და მიბოძა თავისი თავის მიმართ კადნიერება და სიყვარული.

განგვიმარტე, ჩვენო ტკბილო დედიკო, შენი განგების და შენთან ჩვენი ნათესაობის გამოუთქმელი საიდუმლო. შენ, ჩვენო უტკბილესო დედიკო, რომელსაც წიაღში მუდმივად გიპყრია უტკბილესი ჩვილი – ის, ვისაც ყოველივე უპყრია; რომელიც პაწაწინა გახდა ჩვენთვის, დროს დაექვემდებარა, თუმცა იმავდროულად არის უდროო და „ძველი დღეთა“28 – გვითხარი შენი მირონმდინარე ბაგეებით ის, რაც „ანგელოზთა გული უთქუამს ხილვად“29, ხოლო ჩვენ რისიც ღირსნი გავხდით.

კიდევ მომისმინეთ, ჩემო საყვარელო დებო. როდესაც წმიდა წირვა აღესრულება, ჩვენი ტკბილი დედიკო თავის ჩვილს გვაძლევს და ის ჩვენთვის შეიწირება. და რამდენჯერაც ჩვენ ღირსად ვეზიარებით, წინასწარ ნამარხულებნი, ნებაყოფლობითი ღამისთევითა და ლმობიერი ლოცვით მომზადებულები, იესოს ხორცსა და სისხლს ვჭამთ, იმას, რომელიც ღმრთისმშობლის უხრწნელი სისხლიდან მიიღო. აგრეთვე, როდესაც უფლის ხორცს ვჭამთ, გამუდმებით ღმრთისმშობლის რძეს ვწოვთ. შესაბამისად, რა მოგვდის? ვხდებით ღმრთისმშობლის ნამდვილი შვილები და ქრისტეს ძმები და მადლით ღმრთის შვილები. ხოლო რადგან ქრისტე გვყავს გამოუთქმელად ჩვენს სულსა და სხეულში, მაშასადამე – რადგან იგი განუყრელია მამისგან – ჩვენში მამაც არის და სული წმიდაც.

ესაა ის ზებუნებრივი ნათესაობა, რომელიც ჩვენი ყოვლადწმიდა დედიკოსგან მივიღეთ. ხედავთ, რა ძღვენის ღირსნი გაგვხადა ჩვენმა ტკბილმა დედიკომ? ხედავთ, რამდენად ვალდებულები ვართ გვიყვარდეს იგი? ამიტომაც განუწყვეტლივ, როგორც ჩვილები, უნდა მივუახლოვდეთ და ხშირად მოვწოვოთ მისი საღმრთო რძე, როგორც მისმა უბოროტო შვილებმა. როდესაც საზიარებლად მივდივართ, გონებით მისი ძუძუ მოვწოვოთ, ხოლო პაწაწინა ტკბილი იესო, რომელიც მის წიაღშია, უკან იწევს და ამის უფლებას გვაძლევს. არ შურს, რომ მისი დედიკო უხვად გვირიგებს, არამედ უხარია და გვიწვევს კიდეც.

როგორც ჩვილები, გაეხვიეთ ჩვენი დედიკოს კაბაში და მისი ქალწულებრივი საღმრთო სხეულიდან უბიწოებით აღივსეთ, კეთილსურნელებით აივსეთ. ვერაფერი ვნახე ისეთი, რაც ღმრთისმშობელს ქალწულებაზე მეტად მოსწონდეს. და რომელ ჩვენგანსაც სურს შეიძინოს მისი დიდი სიყვარული, იზრუნოს იმაზე, რომ თავი განიწმიდოს და ყოვლადწმიდაც მას მუდამ გულში ჩაიკრავს და ყოველივე ზეციურს მიანიჭებს.

ახლა კი აგიხსნით, რას ნიშნავს ლოცვის შეწყვეტა ადამიანში მადლის გამრავლების დროს.

პრაქტიკული ღვაწლის მადლი ვარსკვლავების ბრწყინვალებას ჰგავს, განათლებისა — სავსე მთვარის ნათებას (წმიდა მამებმა სულიერი მოღვაწეობა სამად დაყვეს), მესამე, თეორიული, ჭვრეტითი, სრულმყოფელი მოღვაწეობა კი შუადღის მზის სინათლეს ჰგავს, რომელიც მთელ ჰორიზონტს სწვდება. ამგვარად, როდესაც ადამიანში მადლი მრავლდება, მაშინ ყველაფერს, რაზეც ზემოთ დავწერე, სცნობს და გონება დიდ უბრალოებას, სიმარტივეს იძენს, თანაც განივრცობა და ფართო მოცულობისა ხდება.

და როგორც შენ იხილე მადლის წვეთის გემო და წერ, რომ დიდი სიხარული იგრძენი, ასევე აქაც, ზოგჯერ ლოცვაზე დგახარ და მადლი მოდის, თანაც ბევრი, როგორც „წულილი* (მსუბუქი, ფაქიზი) ნიავი“30, როგორც კეთილსურნელოვანი „სასტიკი ქარი"31, მთელ სხეულში განეფინება ისე, რომ ლოცვა წყდება. სხეულის ნაწილები ჩერდება და მხოლოდ გონება ჭვრეტს უკიდეგანო ნათელს. ადამიანი ღმერთს უერთდება. როგორც რკინა: სანამ ცეცხლში შეაგდებენ, რკინა ეწოდება, ხოლო როდესაც გაღვივდება და გაწითლდება, ცეცხლს უერთდება, ერთი ხდება ცეცხლთან. ანდა ცვილი ავიღოთ: როცა ცეცხლს უახლოვდება, დნება, თავის ბუნებას ვერ ინარჩუნებს. [ადამიანიც] მხოლოდ, როდესაც ჩაივლის [ღმერთის] ხედვა, უბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას. მთლიანი მთლიანად ღმერთს უერთდება. ჰგონია, რომ აღარ აქვს სხეული, არც ქოხი. მთლიანად აღიტაცება, ცაში სხეულის გარეშე ადის, მართლაც, დიდია ეს საიდუმლო, რამეთუ ისეთ რამეებს ხედავს, რისი გადმოცემაც ენას არ ძალუძს.

ხოლო როდესაც ეს ჭვრეტა ჩაივლის, ისეთ სიმდაბლეს იძენს, რომ პატარა ბავშვივით ტირის იმის გაცნობიერებით, რომ ასეთ რამეებს უბოძებს უფალი იმ დროს, როდესაც თვითონ არაფერს აკეთებს. თანაც, ისეთ შემეცნებაში მოდის [საკუთარი თავისა], რომ, ვინმემ რომ ჰკითხოს, უღატაკესი ადამიანია; იმის ღირსიც კი არ არის, რომ დედამიწაზე არსებობდეს.

და რაც მეტად ფიქრობს ასე, უფალი უფრო მეტს აძლევს: „კმარა!“ – ეძახის ღმერთს, და უფრო მრავლდება. ხდება მეფის შვილი.

რომ ჰკითხო: „ის, რაც შეგიმოსავს, ვისია?“, მოგიგებს: „ჩემი უფლისა“.

— ვის პურს ჭამ?

— ჩემი უფლის.

— ვისი სამოსი გაცვია?

— ჩემი უფლის.

— ვისი ფული გაქვს?

— ჩემი უფლის.

— საკუთარი რაღა გაქვს?

— არაფერი. მიწა ვარ, ტალახი და მტვერი. ამაყენებ, ავდგები; დამაგდებ, დავეცემი; ამიყვან, დავფრინავ; მომისვრი, ვიმსხვრევი. ბუნებით არარაობა ვარ.

თანაც ვერ ძღება იმის თქმით, რომ არაფერია. და რას ნიშნავს ეს „არაფერი“? იმას, რომ სანამ ღმერთი ცასა და ქვეყანას შექმნიდა, იყო არაფერი, არარაობა, არარსი.

ესაა ჩვენი არსების დასაბამი. ჩვენი წარმომავლობა და „საშენი მასალა“ არის თიხა, ხოლო მაცოცხლებელი ძალა – ღმრთის სუნთქვა, ღმრთის შთაბერვა.

მაშ, დაიბრუნე, ღმერთო, მოყვარულთა მოყვარულო32 და ყოველივე სიკეთის შემოქმედო. საღმრთო შთაბერვა, რომელიც სახეში შემოგვბერე და ცხოვრების სული მოგვეცი, და ისევ თიხად დავიშლებით.

ასე რომ, რა გაქვს ისეთი, ამპარტავანო ადამიანო, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რატომღა იქადი, თითქოს არ მიგეღოს [და მუდამ შენი ყოფილიყოს]33? შეიცანი, ჩემო მდაბალო სულო, შენი კეთილისმოქმედი და ფრთხილად იყავი, რომ სხვისი რამ არ მიითვისო – ღმრთისა საკუთარ მიღწევად არ ჩათვალო. შეიცანი, უბადრუკო, შენი არსება და წარმომავლობა. ნუ გავიწყდება, რომ აქ უცხო ხარ და ყველაფერიც უცხოა. ხოლო თუ ტკბილმა კეთილისმოქმედმა რამე მოგცა, სუფთა სინდისით დაუბრუნე „შენნი შენთაგან“.

თუკი ზეცად ახვალ და ანგელოზების ბუნებას იხილავ, საღმრთო ძალების ხმებს მოისმენ, თუკი ღმრთისმეტყველებ და ასწავლი, თუკი ეშმაკების ხრიკებს სძლიე, თუკი წერ და ამბობ – რასაც არ უნდა აკეთებდე ღმერთისთვის, უთხარი ხოლმე უფალს: „მიიღე, ჩემო ტკბილო სუნთქვავ, ჩემო იესო, შენნი შენთაგან“.

და მაშინ, მაშინ… აჰ! ჩემო სულო, იცი რას ნახავ?.. როცა ღმერთის საუნჯეები გაიხსნება და გეტყვის: „მიიღე, ჩემო შვილო, ყველაფერი, რამეთუ სანდო და კეთილად გამგებელი აღმოჩნდი!".

ვლოცულობ თქვენთვის მთელი ჩემი სულით,

მდაბალი იოსები

და ჩემი მეტანია გადაეცი მოძღვარს.

იზრუნე, რომ ის ფული გამოგვიგზავნოთ, რომელიც წინა ეპისტოლეში ვახსენე, რადგან ამბობენ, ფქვილს მოიტანენო და ხუთი ლეპტაც არ მაქვს ჯიბეში (თუ ჯვრები გაიყიდა). საფოსტო მარკებიც გამოაგზავნე.34

შენიშვნები

  1. შეად. ფსალმ. 90,13. ასპიტი შხამიანი გველია, სავარაუდოდ, ვასილისკოც. ↩
  2. ერთი და იმავე ფუძის ორი სიტყვის არსებით სახელად და ზმნად ერთ ფრაზაში გამოყენება ძველებრაული ენის დამახასიათებელი ნიშანია, რაც ჩვენი ეკლესიის ტერმინოლოგიაშიც დამკვიდრდა. ↩
  3. შეად. იოან. 1,12. ↩
  4. გულისხმობს მხოლოდ ერთი მხრიდან ან ორივე მხრიდან ნაკვეთს. ↩
  5. ასეა – აზრი ბუნდოვანია. ↩
  6. შეად. ფსალმ. 5,7; 62,12. ↩
  7. თავმოთნეობა – აქ, საკუთარი თავის მოსაწონად რომ იქცევა კაცი. ↩
  8. შეად. 1 კორ. 2,9. ↩
  9. ფსალმ. 39,3. ↩
  10. შეად. 1 კორ. 9,27. ↩
  11. შეად. იოან. 8,44. ↩
  12. შეად. მათ. 8,31-32; მარკ. 5,12-13; ლუკ. 8, 31-33. ↩
  13. შეად.კოლ. 3.9-10. ↩
  14. იგულისხმება ზილოტთა მეთაური (იხ. სქოლიო 1, გვ. 49). ↩
  15. შეად. მარკ 1,24-25; ლუკ. 4,34-35. ↩
  16. ლოცვა არაწმიდა სულის (ეშმაკის) მიერ კვეთებულისთვის (შეპყრობილის, „გვემულის“) – რამდენიმე სპეციალური ლოცვა, რომელიც სამღვდელო ლოცვათა კრებულში – „კურთხევანში“ შედის. ↩
  17. აქედან დაწყებული, ბერი, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ ქაღალდი არ ჰყოფნიდა და ძალიან პატარა ასოებით წერს. ↩
  18. დუიმი (ინგ. inch) – სიგრძის საზომი ერთეული. უდრის 2,54 სმ-ს. ↩
  19. წლის სექტემბერში საბერძნეთში სამოქალაქო ომი (1946-1949) გრძელდებოდა სამთავრობო ჯარებსა და კომუნისტ მოჯანყეებს შორის (საბოლოოდ უკანასკნელნი დამარცხდნენ). ინგლისელები ოფიციალურ ხელისუფლებას უჭერდნენ მხარს. ↩
  20. ეს მინაწერი სხვა, მცირე ზომის ფურცელზეა დაწერილი ორივე მხრიდან. ↩
  21. ეს წინადადება ორ წინადადებას შორის მოგვიანებითაა ჩაწერილი. საძმოს იმხანად შეადგენდნენ მ. არსენი, მ. ათანასე და მ. სოფრონი (შემდგომში ბერი იოსებ ვატოპედელი). ↩
  22. იხ. მათ.7.7; ლუკ. 11,9. ↩
  23. ურალის მთები – მთათა სისტემა რუსეთსა და ყაზახეთში, რომელიც ევროპასა და აზიას შორის საზღვარს ქმნის. უმაღლესი მწვერვალი 1895 მ-ია – ბერი ჰიპერბოლას მიმართავს. ↩
  24. ის, თუ რაში გამოიხატება სულიერად ჩვილური აზროვნება, განმარტებულია მომდევნო წინადადებაში. ↩
  25. ბერი პირდაპირი მნიშვნელობით წერს ამ სიტყვებს: ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ეპისტოლე დიდი ზომის ექვს ფურცელზეა დაწერილი ისე, რომ უმცირესი ადგილიც კი არ არის ცარიელი. ტექსტი წყდება, ჩანს, ქაღალდი გათავდა. ხელმოწერა და უკანასკნელი მოკითხვა გვერდის კუთხეში უწვრილესი ასოებითაა მიწერილი. ↩
  26. შეად. მათ. 25,14-30. ↩
  27. იხ. რომ. 8,38-39. ↩
  28. იხ. დან. 7,9 და 13. ↩
  29. იხ. პეტ. 1,12. ↩
  30. შეად. 3 მეფ. 19,12. ↩
  31. შეად. საქმე 2,2. ↩
  32. ან: „საწადელთა მწვერვალო“. ↩
  33. შეად. 1 კორ. 4,7. ↩
  34. ეს დანართი პირველი გვერდის ზემო ნაწილშია მიწერილი – იქ, სადაც ერთადერთი ცარიელი ადგილი იყო დარჩენილი. ↩
Share