წერილები 32–35 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

წერილები 32–35 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

[32] ერგინას

წმიდა მთა, 22 ივნისი, 1946 წ.

ჩემო საყვარელო დაიკო, გისურვებ, რომ კარგად იყო.

ჩემო დაო, მომივიდა ამანათი, რომელიც მამა ლონგინეს გამოატანე. ვიღაც სხვა მამამ მომიტანა. შენი პატარა წერილიც წავიკითხე. მწერ, რომ ვრცელიც მომწერე, მაგრამ ჯერ არ მოსულა.

ჩვენს მარიამზეც ზრუნავ – ძალიან კარგს შვრები, საიქიო ცხოვრებაში წინ დაგხვდება. გიგზავნი 80 და 45 ათასს, ანუ 125-ს მარიამისთვის. დროებითი საცხოვრებელი უშოვე. წმიდა საქმეს აკეთებ, თუ უფალი შეგეწია და გამოვა ისე, როგორც გსურს. მაგრამ მგონია, რომ, სანამ ზამთარი დადგება, თქვენთან გადმოვა, რათა სადმე ფეხი მოიკიდოს, რამეთუ მწერს, რომ სახლში წყალი ნიაღვარივით ჩამოსდის წვიმის დროს. ამიტომ, თუ ყოველ შემთხვევაში უნდა მოვიდეს, მაშ, ერთი საათით ადრე მოვიდეს, გადაბარგების ხარჯებს კი სწორედ ამით დაფარავს.

დასაწყისში ცოტა ძნელია, მაგრამ მერე ყველაფერი დალაგდება. ბავშვები მუშაობას დაიწყებენ. შეეწევათ ღმერთი. მაგრამ ახლა მოთმინებაა საჭირო, მანამ, სანამ დროებით სადმე მოეწყობიან, მარუსოსთან ახლოს, თუნდაც შენს სახლში.

ქვემოთ მანოლის სახლი არ აქვს, ეგეც ქირაობს. ბოლოს და ბოლოს, სადმე სამზარეულოში, თუნდაც თავ-ბოლოშექცევით [დაიძინებთ] და ნელ-ნელა გაფართოვდებით. მხოლოდ სიყვარული და მოთმინებაა საჭირო.

ყველისთვის მადლობა. ფრთხილად იყავი: მარიამის ფული არ დახარჯო, თორემ ერთხელაც დაგჭირდება და, რომ აღარ გექნება, შეწუხდები.

მოგწერე, 25 ათასი გამოაგზავნე-მეთქი ჩემი ვალებისთვის, მაგრამ ნუ გამოაგზავნი, მანდ უფრო გჭირდებათ. აქ ვყიდი რაღაცეებს და ვაგროვებ. მალე თხილი დამწიფდება და ათანასე წავა შესაგროვებლად. შენ ჩვენზე ნუ ფიქრობ. მხოლოდ მარიამზე იზრუნე და დიდი გასამრჯელო გექნება.

მისწერე, რომ ერთი თავი ყველი გამოგვიგზავნონ, იქნებ ერთხელ მაინც ვჭამოთ მაკარონი ყველით1, არ მახსოვს, მას მერე, რაც მონაზონი გავხდი, ან აქ ან გარეთ, თუ მაქვს ნაჭამი ყველიანი მაკარონი.

დაბოლოს, გაისარჯე, რომ ის გააკეთო, რაც წინა წერილში მოგწერე. და როცა წერილს აგზავნი, საფოსტო მარკა ჩააყოლე ხოლმე, რადგან დიდ განსაცდელში ვარ: აქაურ ფოსტაში არ აქვთ და ათანასე მეჩხუბება, რატომ არ სწერ, გამოგვიგზავნონო. თესალონიკიდან გვიგზავნიან და აგრეთვე, ელენეც.

ვლოცულობ შენთვის,

მდაბალი იოსები

[33] ბარბარეს

წმიდა მთა. 27 თებერვალი, 1947 წ.

ჩემო ნამდვილო და საყვარელო შვილო, ჩემი სულის ნაწილო, წმიდა სამკაულო, უტკბილესი იესოს პატარა სარძლოო, სამოთხის პაწაწინა ყვავილო და ჩვენი გვარის კეთილსურნელებავ – ჩემს დიდი ხნის საყვარელ ბარბარეს გისურვებ, რომ ჩემმა მდაბალმა ცრემლიანმა ლოცვებმა შენში ნაყოფი გამოიღოს.

დიდი დრო გავიდა მას მერე, რაც ჩემი ეკალბარდიდან მოკრეფილი ყვავილები გამოგიგზავნე – მეორე ეპისტოლე, მაგრამ არანაირი პასუხი არ მომსვლია იმის შესახებ, მიიღეთ თუ არა. ვფიქრობდი, იქნებ სადმე დაიკარგა-მეთქი. შემდეგ კი ძილში გიხილე: ჩემს წინ დაიჩოქე და ფეხები დამილბე ამბორით. გავიღვიძე და გავიფიქრე, ჩანს, მიიღო ეპისტოლე-მეთქი, და ასე დავწყნარდი.

ახლა ჩვენთან ღამის პირველი საათია ბიზანტიური დროით2. მამა ათანასე მოვიდა და სხვების წერილებთან ერთად (შენთვის უცნობი, ჩემთვის კი ნაცნობი ჩემი შვილებისგან) შენიც მომიტანა. დაუყოვნებლივ გავხსენი, რათა გამეგო, კარგად ხართ თუ არა, და რომ უფლისგან თქვენი სულისთვის სასარგებლო გამომეთხოვა.

წერილი მცირე იყო, ხოლო რომ მწერ, მოგწერეო, ის, როგორც ჩანს, დაიკარგა, ამაში კი არ წერია, ჩემი მიიღეთ თუ არა.

ვკითხულობდი რა შენს ეპისტოლეს და მივაღწიე იმ ადგილს, რამაც ჩემი სული ანუგეშა, იმწუთას სიხარულისგან შეშლილივით წამოვხტი და მუხლი მოვიყარე, ხელები განვაპყრე და… გითხრა, რა სიტყვებს წარმოთქვამდა ენა, რას ჩურჩულებდა განუწყვეტლად ბაგე, რას ღმრთისმეტყველებდა გონება დაუცხრომლად, თვალები კი მოუკლებლად ცრემლებს ღვრიდნენ?! გმადლობ-მეთქი, ვამბობდი, ტკბილო ნიავო, ჩემი სულის ცხოვრებავ, ჩემი გონების ნათელო, ჩემი გულის ნუგეშო, ჩემო ტკბილო იესო. გმადლობ, ჩემო უტკბილესო სიყვარულო, საწადელო იესო, რომ არ უგულებელყავი ჩემი მდაბალი ვედრება, არამედ შეისმინე ჩემი ხმა და შეიწყალე ჩემი პატარა ბარბარე და აი, ორი დღის შემდეგ წმიდა სქემას შეიმოსავს, სახელს გამოიცვლის, ცოდვები შეენდობა, ქრისტეს სარძლო გახდება, ჩაიწერება ზეცაში, ანგელოზების წინაშე აღთქმებს დადებს, საქორწინე სამოსად მადლს შეიმოსავს და აღარ ეწოდება ბარბარუნა, აღარ ეყოლება ერში დედა და ძმა, არამედ ზეცისას განიზრახავს3, ზეციერთ შეეჯიბრება, ზეცისაზე იფიქრებს, საკუთარი ნება-სურვილი აღარ ექნება, თავის გემოზე აღარ იცხოვრებს, თავის სხეულზე აღარ ექნება უფლება, არამედ ყველაფერს უარყოფს და იღუმენიას სიტყვაზე იქნება დამოკიდებული უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ისევე, როგორც სულიერ მოძღვარზე.

აღარ უყურებს, რას აკეთებს მოყვასი, არამედ მუდმივად მდუმარეა, გონებრივ საქმიანობაში, გონებისმიერ საუბარში, თვალებზე შეუშრობელი ცრემლებით, თაფლმოუბარი ენით, უბიწო სხეულით, სუფთა და უფანტაზიო გონებით, გონებაგაუფანტავი ლოცვით, ზომიერი საუბრით, განუწვეტელი მშვიდობით, სრული მორჩილებით, უტკბილესი იესოსადმი ცეცხლოვანი სიყვარულით, რომლის საღმრთო ალიც მუდმივად ანთებული აქვს და არასდროს უქრება, არამედ, იტყვის თუ არა: „იესო“, იმწუთას სული იხარებს, ბაგეები ტკბება და მთლიანად იღვიძებს გონებითნაშენი4 ადამიანი.

სიყვარულს ასეთი თვისება და საღმრთო პრივილეგია აქვს: როდესაც საყვარელის სახელი ესმის, გული აუძგერდეს – გინა ხორციელი იყოს, გინა სულიერი – და სიყვარულის სიტკბოებას აფრქვევდეს. როდესაც მადლი სულის საღმრთო ბრწყინვალების ნათელს გამოანათებს, ადამიანი „გიჟდება“ და როგორც წმიდა დავითი, რომელიც საღმრთო კიდობნის წინაშე მხიარულებდა და ცეკვავდა5, ასევე ჩვენც გონებრივად ვიხარებთ საღმრთო ხატის წინაშე.

აი, წავიკითხე თუ არა შენი ეპისტოლე, იმწუთას ვილოცე და პასუხი მოგწერე, რომ დაწყნარდე და არ თქვა, რომ დამავიწყდი. ხოლო კვირას (ახლა პარასკევი თენდება), იმ დროს, როცა აღთქმებს დადებ და სულიერი მოძღვარი ლოცვებს წაგიკითხავს, მეც მანდ ვიქნები გონებრივად და მეც თქვენთან ერთად ვიგალობებ: „წიაღნი მამულნი…“6 და ა.შ. მთელი ღამისთევა ვილოცებ შენთვის და იმ დებისთვის, რომლებზეც მწერ, ასევე, ყველა ქრისტესმიერ დიდი და უმცროსი დედისა და დისთვის.

წმიდა მამის მარჯვენას ვემთხვევი.

მოგიკითხავთ ყველას,

უკანასკნელი მონ. იოსები

გაწყვეტილ სიმს ვაგრძელებ. მიიღებთ თუ არა ამ წერილს, მომწერეთ ახალი და მართლაც ზეციური სახელი, რათა „ბარბარე“ წავშალოთ და მის მაგივრად ახალი ჩავწეროთ. ისიც მომწერეთ, მიიღეთ თუ არა ჩემი ვრცელი წინა წელს დაწერილი ეპისტოლე. კონვერტს აეროფოსტის მარკა დააკარით, რომ მალე ჩამოვიდეს და მე, საწყალიც, დავწყნარდე.

ოღონდ ყველაფერი წმიდა მამისა და იღუმენიის ლოცვა-კურთხევით უნდა მოხდეს.

ისევ მოგიკითხავთ,

ისევ მე

იმავე ქაღალდზე დავწერე, რათა წამითაც არ დავაყოვნო.

ვინ არის დედა კირიაკია?

[34] მონაზონ ბრიენას

წმიდა მთა, 8 აპრილი, 1947 წ.

ჩემო საყვარელო შვილო, ჩემი სულის ნაწილო, ყოფილო ბარბარე და აწ. ბრიენა, ტკბილხმოვანო ბულბულო, რომელიც საღმრთო დავითივით ქნარზე უკრავ წმიდად წმიდათა წმიდა და საღმრთო და ზეციურ მელოდიებს, რომლითაც იდიდება მამა, იხარებს ძე და განისვენებს სული წმიდა. მადლი მადლზე თქვენს კურთხეულ სულებს და შენს სულს.

ჩემო საყვარელო ასულო, გამახარე შენი სიტყვებით. მივიღე შენი წერილი და სიხარულით წავიკითხე, გამახვილებული გონებითა და თვალების ხედვითი ძალით გაფაციცებით ვეძებდი ახალ სახელს, ახალ ბრიენას, ახლა კი დაკმაყოფილდა ჩემი სულის წადილი და მოშუშდა ტკივილი, და ამიერიდან ჩემს დამაგვირგვინებელ და სამადლობელ ხმას აღვავლენ ყოველივე სიკეთის მომნიჭებელი და მარადიული ქველისმოქმედი უფლის მიმართ, რომელიც, როგორც ჭეშმარიტი და მზრუნველი მამა, აღასრულებს თავისი შვილების სურვილებს, თუკი მისთვის სათნონი არიან.

მტკიცედ გეპყრას, ჩემო საყვარელო ბრიენა, საომარი აღჭურვილობა, რომლითაც შეიმოსე და მხნედ მოიმარჯვე ისრები მტრების მიმართ, რათა ერთი მიზანი გქონდეს, ერთს უმიზნებდე – არასდროს ეურჩო იღუმენიას. სჯობს ღმერთს აწყენინო. ვიდრე სულიერ დედას, რადგან, თუ ღმერთს აწყენინებ, სულიერი დედა გიშუამდგომლებს და ღმერთს შენთვის შეევედრება, ხოლო თუ მას აწყენინებ, ვინღა მოალბობს უფლის გულს?

მართლაც, დიდი საიდუმლოა მორჩილება! თვით ტკბილმა ჩვენმა იესომ ხომ პირველმა დაგვისახა ეს გზა და მაგალითი მოგვცა. მით უმეტეს, ჩვენ ვალდებულები ვართ მივბაძოთ. ნეტავ მეც თქვენთან ვყოფილიყავი და ჩემთვის საყვარელი მორჩილებით მეცხოვრა, რამეთუ გულწრფელად ვაღიარებ, მთელი ჩემი ძალითა და სრული შეგნებით, რომ ცხონების სხვა გზა არ არსებობს, რომელიც ეშმაკის ცდომილებისა თუ მოქმედებისგან იყოს ისე დაზღვეული, როგორც მორჩილება. და თუ ვინმეს ნამდვილად სურს ცხონდეს და სწადია მალე იპოვოს ტკბილი იესო, ვალდებულია მორჩილება გასწიოს და ისეთი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდეს იღუმენიას მიმართ, თითქოს თვით უფლის სახეს ხედავდეს, რადგან ეს კურთხეული ადამიანი თითოეული თქვენგანის გამო, რომელთა მიმრქმელიც ხდება, თითო უმძიმეს ჯაჭვს იდებს ქედზე და ძალიან ბევრი ლოცვა სჭირდება, რათა ტვირთი შეუმსუბუქდეს. მისი გულწრფელი სიყვარული გმართებთ, და არა ურჩობა. თქვენს ბაგეთაგან თაფლი და ამბროზია8 უნდა გამოდიოდეს, და არა შეპასუხება. უნდა დაკოცნოთ ხოლმე თვალებზე შეუშრობელი ცრემლებით, კი არ უნდა ეკამათოთ. თვალცრემლიანებივე უნდა სთხოვდეთ ღმრთისმშობელს, რომ სულისა და სხეულის ჯანმრთელობა მიანიჭოს, [და ნუ დაასნეულებთ] დავებითა და კინკლაობით.

რამეთუ თითოეული მწარე სიტყვა, რომელსაც განსაცდელის დროს ეტყვით – იმის გამო, რომ ბოროტი გველისგან მომდინარეობს – შხამივით ჩაენთხევა სულში და ჭკნება ისევე, როგორც პატარა ყვავილი სეტყვის ქვეშ, და ამიტომ აღარ შეუძლია ილოცოს, არც საკუთარი თავისთვის, არც თქვენთვის, მანამ, სანამ ტკივილი არ გაუვლის.

ხოლო როდესაც მორჩილებითა და სიყვარულით ცხოვრობთ, როგორც ვთქვით, მისი კეთილსურნელოვანი ყლორტი ყვავის და იზრდება. ლოცულობს და ნათლდება. რჩევას გაძლევთ და უფრო მეტი მიეცემა. ხდება დაუწყვედელი წყარო, რომელიც უფლისგან მიღებულ მადლს ყველა თქვენგანს უნაწილებს.

ერთი სიტყვით, ამაში გამიგონეთ და ეს ისწავლეთ. მიუხედავად იმისა, რომ მოძღვარიცა და იღუმენიაც ამას გეუბნებიან და ჩემი არაფერი გჭირდებათ, რადგან მეც, მდაბალს, მთხოვთ სიტყვას, მე კი მორჩილება ძალიან მიყვარს, ამიტომაც მონასავით გემორჩილებით და ვაკეთებ იმას, რასაც მიბრძანებთ. მოგვწერეო, მითხარით – გწერთ. ილოცეო ჩვენთვის – ვლოცულობ. მიყვარხართ და ამიტომაც გემორჩილებით. მეტყვით, გაჩერდიო – გავჩერდები.

ასე რომ, თქვენც თუ გიყვარვართ, როგორც ნამდვილი ძმა, მოძღვრითა და იღუმენიათი დაწყებული, ყველაზე უმცროსი დით დამთავრებული – ყველამ ილოცეთ ჩემთვის გულისტკივილით, გულწრფელი ქრისტესმიერი სიყვარულით, რათა უფალმა თქვენი ლოცვებით დამიფაროს. რამეთუ სრული რწმენა მაქვს თქვენდამი და ჩემი იესოსმიერი შეუორგულებელი სიყვარული, და ვიმედოვნებ, რომ თქვენი ლოცვებით შემიწყალებს, ამგვარად კი ჩვენზე აღესრულება სიტყვები: „ძმა ძმისაი შემწე…" და ა.შ.9

თქვენ სახელებს არა მარტო პირად ლოცვაში ვიხსენიებ, არამედ კვეთაზე მივიწოდე, რომ მღვდელმა მოგიხსენოთ. ჩვენ აქ ხშირად გვაქვს წირვები. ყველა დღესასწაულზე, კვირაობით და ბევრ შაბათ დღეს გვაქვს ლიტურგია. მთელი წელი მღვდელი მოდის ჩვენთან10.

წმიდა ბრიენას ხატზე რომ მწერ, ახლა ამის დროს არ არის – მოგვიანებით. ახლა [ყველაფერში] ლირებს11 ითხოვენ.

შენს ხორციელ დედაზე მწერ. ყველაფერი ვიცი, ყველაფერი მომწერა. ორმოცდაათზე მეტი ეპისტოლე მაქვს მისთვის მიწერილი. ზოგჯერ ვამხელ, ზოგჯერ ვთხოვ, მაგრამ სამწუხაროდ, სასმენლები დახშული აქვს და ჭეშმარიტებას არ ისმენს, მხოლოდ იმათ უგდებს ყურს, რომლებიც მის ცდომილებას ეთანხმებიან. დაიწყო თუ არა ჩივილი, მივხვდი, რომ სატანა მოქმედებდა. ბევრჯერ ვურჩიე, რომ სწორედ ეს იყო ღმერთის ნება, რასაც ეძიებდა. რადგან შენ შეიმოსე სქემა, რომ ამიტომ ისინიც უნდა მოვიდნენ [შენს მონასტერში]. რა სასიხარულო იქნებოდა, რომ ორივე მანდ მოსულიყო, ბერის მემკვიდრე დიონისე გახდებოდა, ხოლო ერგინა მონაზვნად გარდაიცვლებოდა.

ჩემი ხმა უფალს შეჰღაღადებს. გულის ტკივილით ვტირი, ჩემი ხადილი მთებს კვეთავს, მაგრამ ერგინა რკინასავით შეუვალი გახდა, უხეში ქვასავით. სატანური ცდომილება. არ სურს გამიგონოს. საბოლოოდ, მობეზრდა ჩემი მხილება და აღარ მწერს. დაახლოებით ექვსი თვეა არ მოუწერია, მე კი ხშირად ვწერ და ეპისტოლეებში ვტირი თქვენზე, მოძღვარზე და იღუმენიაზე. მე კი, არა თუ არ მწყინს, არამედ მთელმა მსოფლიომ რომ აყვედროს, ცრემლებით ვეტყვი მადლობას იმისთვის, რომ ყურს არ უგდებენ, რამეთუ ლოგიკა, რომელსაც ჩემი და იშველიებს, ყოვლად ალოგიკურია — საგიჟეთშიც ვერ შეხვდები ასეთს.

ამას ეძებდა, ღმერთმა კი კარი გაუხსნა, რომ შიგნით შევიდეს. ღმერთი ეძახის, მე ვეძახი, თქვენ ეძახით, მაგრამ მაინც თავისაზეა. მას უნდა, რომ იმ დროს მომხდარიყო, როცა არა ღმერთს და ჩვენ, არამედ მას თავად მოესურვებოდა. ნუთუ შესაძლებელია ან გაგონილა სადმე, რომ ქალი თავისი დედის გვერდით გამხდარიყოს მონაზონი?! რამეთუ, დააცემინებ თუ არა, გეტყვის: „ჭამე, რომ ავად არ გახდე“. ბალიშ-მუთაქაზე წამოწოლით მონაზონი ვერ გახდები. მონაზონი უნდა გალანძღონ, შეურაცხყონ, დაამცირონ, დაეცეს, ადგეს – კაცი გახდეს. თუ დედას ჰყავს ჩახუტებული, არაფერი გამოვა.

თანაც, არ აქვს მნიშვნელობა, შენ თვითონ წახვედი თუ იღუმენიამ წაგიყვანა – საღმრთო მოწოდებაა, მიზანი წმიდაა. თვითონაც, თუ უნდა, სანამ მოკვდება, მოვიდნენ მანდ და მერე სახლში ცხონდნენ. ამისთვის ყველანი ერთად ცრემლებით ვილოცებთ ღმრთის და მისი ტკბილი დედის მიმართ, რომ გაუნათლოს გონება. განაგდოს განსაცდელი* (აქ: ეშმაკი), შეუცვალოს აზრი, შეწყვიტოს უკეთური აზროვნება, ყური დაუგდოს გოდების ხმას და ღმრთისმიერ ღაღადს, მოვიდეს თქვენთან და ამოისუნთქოს უამრავი გასაჭირისგან, რომლებიც ბავშვობიდან თან სდევს.

თუ პატიოსანი მოძღვარი და კეთილი იღუმენია უთმენენ, თუ ლოცვა-ვედრება აღევლინება, მაშინ შეიძლება, რომ შეიცვალოს. რომც მოკვდეს, მაინც იმედი გვაქვს, რომ მტრის ნება არ ასრულდება, რამეთუ უმეცრებით ცდება, და მოწყალე უფალი დაუმსახურებლად შეგვიწყალებს.

რაც შეეხება ეპისტოლეს, არ მგონია, რომ დაიკარგა, რადგან ასეთი შრომით შევაგროვე ჩემი ეკლები და ორი თვე ყველა თქვენგანს ვუქსოვდი დაუჭნობელ გვირგვინებს. ბოლოს და ბოლოს, ილოცონ მოძღვარმა და იღუმენიამ და იქნებ იპოვოთ, ხოლო თუ ჩემი ცოდვების გამო დაიკარგა, ჩემზე, უბადრუკზე იყოს ცოდვა.

იმის შესახებ, რომ გინდა ღმერთის მადლი მუდმივად შენთან იყოს, სხვა ეპისტოლეში განვაგრძოთ, რათა ბევრი არ ვწერო ერთ ჯერზე, და მერე, იქნებ ისევ დაიკარგოს და უფრო საწყენი იქნება. ყოველ შემთხვევაში, შენ ის გააკეთე, რასაც კეთილი იღუმენია გეუბნება, ხოლო მადლი თუ წავა-მოვა, ნუ იდარდებ, რამეთუ ასე იწვრთნება ადამიანი, რომ თავმდაბლურად იაზროვნოს და თავი არ აიმაღლოს.

დღეს თქვენი გადმორიცხვა მივიღეთ. დიდი მადლობა. ფეხი უკვე მოიკიდა, რამეთუ რაღაც ძველი ნაჭრები მოიტანეს, კაბებისთვის გვინდოდა და თითოში 30 000 [დრაქმას] ითხოვენ. ამიტომაც ვთქვი, ფეხი მოიკიდა მეთქი. მიუხედავად ამისა, ნუღარ გამოაგზავნით, რადგან ჩვენ უნდა გეხმარებოდეთ, თქვენ ხომ უფრო მეტნი ხართ და თანაც – ქალები.

ერთადერთი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ ჩვენთვის – თუ მოძღვარსა და იღუმენიას ენდომებათ, თუ ადვილია, თუ არ დაგამძიმებთ და რადგან თქვენთან მომლოცევლები მოდიან – ჯვრებს გამოგიგზავნიდით, რომ გაგეყიდათ და ფული გამოგეგზავნათ. ეს ჩვენთვის დიდი ქველისმოქმედება იქნებოდა.

ახალი ამბები კი ის გვაქვს, განსაკუთრებით, მოძღვრისთვის, რომ სრულად გამოგვკეტეს, წმიდა მთაზე გემი აღარ არის, ყველა გააჩერეს, დაფნიში12 ჩაძირეს13, არც უცხოს აკარებენ – ასეთია ხელისუფლების ბრძანება.

ასე რომ, თუ სადმე წასვლა გინდა, მხოლოდ ფეხით — კარიესი14, დაფნი. ხუთი დღის წინ დაფნი კომუნისტებმა* (მოჯანყეებმა) გადათელეს და რაც იპოვეს, ყველაფერი გაიტაცეს: საბაჟოდან – თოთხმეტი მილიონი, მაღაზიებიდან – საჭმელ-სასმელი. ნავით, რომლითაც ფქვილი მოეტანათ და გადმოეტვირთათ, რაზმი გამოედევნა და დაარტყა, და რისი დამალვაც კომუნისტებმა ვერ მოასწრეს, უკან დააბრუნეს. ათონის მთა ერთი კიდიდან მეორემდე ყველანაირი ჯიშის ცხოველებით გაივსო – მდედრობითიცაა15, მამრობითიც და საშუალოც, რამეთუ გარეთ კომუნისტები ყველაფერს უჭამენ.

თქვენს ლოცვებს ვითხოვ,

ცოდვილი იოსები

გთხოვთ, კოვზებზე გამარკვიოთ: პატარები გინდათ სადილისა, თუ დიდები, ქვაბის ჩამჩები? მე დიდები მეგონა, კერძის გადმოსაღებად. ახლა გადავიკითხე და მივხვდი, რომ სადილისას გულისხმობდით. ერთი სიტყვით, უკეთ ამიხსენით16.

[35] ერგინას

წმიდა მთა, 5 მაისი, 1947 წ.

ჩემს საყვარელ და ნამდვილ დაიკოს, ჩემი სულის ნაწილს, ჩვენს საყვარულ და ერთსულ დიონისესთან ერთად, მადლი და წყალობა, სიბრძნე, განათლება, მშვიდობა და ბევრი სიყვარული და მუდმივი ჯანმრთელობა სულისა და ხორცისა იყავნ თქვენ თანა.

ჩემო საყვარელო, ორეულო, ერგინა და დიონისე, აჰ… რა შემიძლია გითხრათ?! საიდან დავიწყო ჩემს დაზე ლაპარაკი? დაახლოებით ნახევარი წელიწადი გავიდა, რაც შენ მიერ დაწერილი ასოები არ მინახავს და განუწვეტლივ დაგტირი და მოვთქვამ: „აჰ, ნეტავ კიდევ ვიხილავ მის სახეს? ნეტავ კიდევ გავიგებ სირინოზებზე უტკბეს მის სმას? ნეტავ კიდევ ვიგემებ რამეს, რასაც მცირე ასაკიდან გვიგზავნიდა ხოლმე, რათა ჩემი სასა დაეტკბო?“ დავიწყოთ ჩვეული მცირე კამათი?

ამ ყველაფერზე ვფიქრობდი და უნუგეშოდ დავტიროდი ჩემს დაიკოს, რამეთუ მონაზვნის ნუგეში სხვა არაფერია, თუ არა ტირილი. გულის ნამეტნავია ის, რაც მოგწერე. ახლა კი შენგან გავიგე, რომ ცოცხალი ყოფილხარ, და ისევ ვტირი, რათა უფალმა განგანათლოს, სწორ გზაზე წაგიძღვეს მანამ, სანამ მოკვდები, შენ და ჩვენი საყვარელი შვილი დიონისე.

წავიკითხე, ჩემო საყვარელო და საწადელო სულო, ერგინა, ყველაფერი, რაც მომწერე. ამანათიც მივიღე და ვადიდე ჩვენი უტკბილესი იესო, შენც ადიდე იგი იმისთვის, რომ ხელუხლებლად ჩამოაღწია, რამეთუ ორი დღის წინ კომუნისტებმა საფოსტო განყოფილება დაარბიეს და რაც კი რამ ნახეს, მოიპარეს. დღეს ისიც შევიტყვეთ, რომ გზაზე ისევ ბევრი მანქანა გაუჩერებიათ და ამანათები მოუპარავთ, ხოლო შენი ამანათით, რადგან დიდი სიყვარულითაა მომზადებული და უფალსაც უყვარხარ, არ დაუშვა, რომ გული დაგწყვეტოდა. ამიტომაც, მადლობა გადავუხადოთ ღმერთს, მარადის და ყოველთვის, იმისთვის, რომ მუდამ ზრუნავს ჩვენზე და გვკვებავს სულიერადაც და ხორციელადაც, თავის ტკბილ დედიკოსთან ერთად, რომელიც ჩვენი სულების ერთადერთი სუნთქვა და სიცოცხლეა.

მწერ, ჩემო დაიკო, თუ რას ფიქრობს ჩვენი საყვარელი დიონისე და რომ მოგწონს, რომ ბარბარე ბრიენა გახდა… აჰ, ჩემო საყვარელო სულო, ერგინა! მაშ, რატომ არ წახვედი მარიამთან ერთად (რომელიც ამბობს, რომ წავიდა) ბარბარეს სიხარულის გასაზიარებლად? რატომ დასწყვიტე გული ჩვენს საყვარელ ბრიენას? ნუთუ ეს არ იყო ის საწადელი ჟამი, რომელსაც ეძიებდი, რომ იესოს სარძლოდ გენახა იგი?

აჰ, ჩემო დაიკო, უთვალავ ცრემლს ვღვრი. ახლაც კი ვერ ვჩერდები, რათა წერა განვაგრძო, ქაღალდიც კი, რომელზედაც გწერ დავალტე [ცრემლებით]. ბარბარე ქორწინდებოდა, შენ კი – როგორ მოითმინე როგორ გაუძლო შენმა სულმა, როგორ

შეძელი შინ დარჩენილიყავი და მისი სიხარული არ გაგეზიარებინა?! ვტირი, აჰ, ვტირი უნუგეშოდ. როგორ სხვანაირად ხედავ შენ და როგორ სხვანაირად – მე! როგორ ფიქრობ შენ და როგორ – მე! ცხოვრების რომელი სხვა წუთი იქნება ამაზე ამაღლებული, ამაზე გულის ამაჩუყებელი, როდესაც შენი პატარა საყვარელი ბარბარე გშორდება, რათა ქრისტეს რძალი გახდეს?! რომელ სულს შეუძლია ცრემლები შეიკავოს ამ საღმრთო განშორების დროს, როდესაც ყველა საკითხავი და საგალობელი იმას ღაღადებს, რომ უნდა განვეშოროთ მშობლებსა და ნათესავებს და შევერწყათ ჩვენს სიძეს, ჩვენს უტკბილეს იესოს?!

აჰ, გაოცებული ვარ, ვძრწი, მიკვირს, არ მესმის, როგორ, როგორ, ჩემი ასეთი კარგი, ასეთი საყვარელი ერგინა, როგორ გახდი ქვაზე უხეში?! ჩემი საყვარელი, ჩვენი ტკბილი ბარბარე. ჩვენი საწადელი გოგონაც, წარმომიდგენია, რამდენს იტირებდა! წარმომიდგენია, რა ცრემლები დაღვარა, რა ტკივილი განიცადა – მე ძლივს ვიკავებ თავს, მით უმეტეს, ის… ქაღალდზე დაწვეთებულმა ცრემლებმა დაგარწმუნოს.

თავის გარშემო ხედავდა დებს, სულიერ მოძღვარს და სულიერ დედას, აქეთ-იქით გეძებდა, რომ უკანასკნელად გადაეკოცნე, რამეთუ გშორდებოდა შენ, რომელმაც აღზარდე და ქრისტეს სარძლოდ მიუძღვანე. აყურადებდა კარის ხმას — იქნებ შენი ხმა გაეგო. …ხშირად ტირის, ცრემლებს კი ჩუმად იწმენდს. ტკივილით იკრებს ძალისხმევას, რათა ქვითინის ხმა არ გამოსცეს, თავში იხშობს და მხოლოდ გონებრივად გოდებს, ზეციერ სიძეს უხმობს:

„სიძეო, უტკბილესო სიძეო, გაუნათლე გონება ჩემს მშობელს, ჩემს აღმზრდელს, მასწავლებელს, მას, ვინც ამ წუთამდე მომიყვანა, ხოლო ახლა, როდესაც დადგა ჟამი შენს წიაღს გადმოაბაროს ჩეში თავი, მას ვერ ვხედავ ჩემ გვერდით. ჩემს აღსარებას* (აქ: აღთქმების დადებას) არ ესწრება. ზეციდან ანგელოზები ჩამოვიდნენ და ყველაფერს იწერენ. ჩემი სულიერი მამა, რომელიც ქრისტეს ნაცვლად არის აქ, მომიხმობს, აღთქმები დავიცვა, ჩემი სულიური დედა მე და მთელ ჩემს სიმძიმეს თავის თავზე იღებს, მე კი ვპასუხობ, რომ ღმერთის შეწევნით ყველაფერს დავიცავ. ჩემი სულიერი დები ყველანი აქ არიან მოწმეებად. ბიცოლა მარიამი ცრემლებით ადევნებს თვალყურს საიდუმლოს, მადლითა და სულიერი სიხარულით სავსე შემნატრის და ფიქრობს, თვითონ როდის გახდება ამის ღირსი. ნეტავ ჩემი ყოფილი დედიკო სადღაა, რომელმაც ამდენი იტანჯა, რომ მე ამ წუთამდე მოვეყვანე? იქნებ გზაში მანქანა გაუფუჭდათ? იქნებ დიონისემ დააგვიანა და მას ელოდა, რომ ერთად მოსულიყვნენ?“.

აჰ, უბედურო ბარბარა, აჰ, ჩემი სულის ნაწილო, აჰ, უტკბილესი იესოს სარძლოვ… რას

იფიქრებდი, რომ, მიუხედავად ამდენი შრომისა, რომელიც შენმა ტკბილმა დედიკომ გასწია, ახლა, უკანასკნელ მომენტში, ეშმაკმა გაძარცვა და შენს სიხარულში არ მოვლენ!

აჰ, ჩემო დაიკო, ნამდვილად შესცოდე. დიონისესთან ერთად უნდა წასულიყავი და ბარბარეს საიდუმლოს უნდა დასწრებოდი, რომელიც უკვე ქრისტეს რძალი გახდა და ბრიენა ეწოდა, და აღარ არის შენი, არამედ ანგელოზთა სიაში ჩაეწერა.

მითხარი, ჩემო კეთილო და საყვარელო ერგინა, რატომ არის, რომ მე, პირიქით, ასე მიყვარს ისინი და რატომაა ჩემი სული მათზე გამოკიდებული? იმიტომ, რომ სხვანაირი [შენგან განსხვავებული] უწვება მაქვს და მათ წმიდანებად მივიჩნევ. არ გიფიქრია იმაზე, ჩემო დაიკო, რომ სწორედ ესაა ის, რაზეც ამდენი წელი ოცნებობდი? არ გიფიქრია, რომ იქნებ ტკბილმა იესომ თქვენი სახლი მოინახულა და თავისი ანგელოზი გამოაგზავნა იმისთვის, რომ ბარბარე წაეყვანა და თქვენს ძველ მოძღვართან

გასძღოლოდა? არ გიფიქრია, რომ შენი სტუმართმოყვარეობის გამო, ამ მცირე სიკეთის გამო – მეც ხომ ვიყავი მეინახე ყოფილ ელენესა და კალიოპესთან, აწ იღუმენია ეფთიმიასთან ერთად – არ გიფიქრია-მეთქი, ვამბობ, რომ ამ მონაზვნური კრებულის სახით ზეციდან გასამრჯელო გამოგეგზავნა?

არ გახსოვს, ამ სულიერ დებთან ერთად როგორ დავსხედით შენი სახლის გარეთ წმიდა პარასკევას ღამისთევის შემდეგ? არ გიფიქრია, რომ, რადგან ასე ძლიერ გიყვარდა ისინი, ტკბილმა იესომ გზა გაგიხსნა, რათა შენ და დიონისეც შეხვიდეთ იქ, სადაც პირველად ბრიენა შევიდა? ერთად გეყოლებოდა ორივე – დიონისე დიაკვანი და შემდეგ – მემკვიდრე გახდებოდა თქვენი სულიერი მამისა, რომელიც განუწევეტლად ხელებს აღაპყრობს და თვალზე ცრემლით ღმერთს თქვენთვის შესთხოვს? ამას ელის, ამაზე ოცნებობს და ლოცულობს, რომ ასე მოხდეს, რადგან, თუ გინდა დიონისე შეიძინო, მხოლოდ ამ გზას გიხსნის ქრისტე. აჰ, აჰ, აჰ! ვინ მომცემს ცრემლთა ნაკადს თვალებისთვის და მგლოვარე ხმას, რათა მუდმივად დავტიროდე შენს დაუჯერებელ* (აქ: ვისაც ვერ დააჯერებ) სულს მანამ, სანამ სულს არ დავლევ?

რასაც ეძებდი, ღმერთმა მოგცა. რაზეც ოცნებობდი, ახდა. მაშ, რატომ არ მიგყავს ბოლომდე? ზეციდან ანგელოზი გამოგეგზავნა, რათა გზა დაგისახოს და კარი გაგიხსნას. პირველად [შენი ასული], როგორც ქალწული ქალწულებთან ერთად შეიყვანა წმიდათა წმიდაში რათა – მოხუცებულობის ჟამს შენი მომვლელიც გახდეს და ადგილიც გაგიმზადოს, შენ კი თვლემ! გსურდა ზინობი და ზინობია18 გყოლოდა, მაშ, გვყავდეს ბრიენა და ბრიენი19 – ეკლესიის მასწავლებელი და დიდი გონება, რომელიც საღმრთო. აზრებსა და სიტყვებს აღმოაცენებდა20.

აი, საკითხი როგორ მოგვარდება, აი, პრობლემა როგორ გადაიჭრება. ნუ ხარჯავ დღეებს არასწორი ფიქრით. ბრიენას ნუ განეშორები, ჩემს მართლაც საყვარელ გოგონას, რომელმაც სული დამიტკბო, გული გამიხარა, სული გამიმხიარულა. ღმერთმა ის შენს წინამორბედად გააგზავნა, რათა შენ, როგორც მზრუნველი დედა, უკან შეუდგე მეორე ვაც

თან, ჩვენ საყვარელ დიონისესთან ერთად თქვენი სულიერი მამის, პართენისა და იღუმენია ეფთიმიას სამწყსოში; რათა მადლი მიიღოთ და გავიხარო ხოლმე თქვენი ამბებით და სიხარულით ვთქვა: „აჰა, ესერა, რაიმე კეთილ, ანუ რამე შუენიერ, არამედ დამკვიდრებაი ძმათა და დედისა ერთად“21. მაშინ დიონისე მონასტრის გარეთაც იქადაგებს მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, როგორც მისი წარმომადგენელი და მემკვიდრე, ხოლო შიგნით წირვა-ლოცვისას იმსახურებს, როგორც დიაკვანი. აი, დიდებულება, რომელსაც ეძიებ.

ერთი სიტყვით, გამიგონე და სწრაფად გაიქეცი, ენდე ჩემს ნათქვამს და მომწერე. ჰო, ჩემო დაიკო, მორჩი მოთქმას და წადი. სხვაგვარად, თუ არ გამიგონებ, არ შევწევეტ შენზე ტირილსა და ვაებას, რადგან, ნუთუ არ იცი, რომ, დროს რაც მეტს წელავ, დიონისეს ცოლის მოყვანა უნდება?

თუ მაინც ქორწილს გადაწყვეტთ, რაღა გითხრათ? ევლამპი და ევლამპია22 თუ გინდა, იპოვე ვინმე ევლამპია და მასაც დიონისეს ნაცვლად ევლამპი დაარქვან ხელდასხმის დროს, თუმცა მერე ინანებ. რადგან ის, რასაც ეძებდი, მოგცა ღმერთმა, შენ კი უარყავი და არ მიგონებ მე, რომელსაც ასე მიყვარხარ და ვიტანჯები და ვგოდებ, რათა ცხონდეთ.

ჯობია მოვრჩე, რადგან დავიღალე. მოიკითხე დიონისე. მადლობა, რომ ყველი გამოგვიგზავნე. ახლა, რადგან მამა ანტონი აქ არის და წამოვა, მისწერე, რომ კიდევ ერთი-ორი [ყველი] გამოგიგზავნონ, მე ხელსაქმეს გამოგიგზავნი, გაყიდულის ფულით გადაუხდი, მამა ანტონი კი მოგვიტანს.

ხატებს რაც შეეხება, ჯერ დაანებე, რადგან ძალიან ძვირს ითხოვენ. მარიამს წერილი გადაეცი.

ვლოცულობ თქვენთვის მთელი სულითა და გულით.

ბოლოს და ბოლოს, ცდა მაინც ჩაატარეთ ერთი წლით და წადით ბრიენასთან სალოცავად. ნუ ატირებთ, მას ხომ ასე სწადია, რომ ერთად იყოთ.

ისევ მოგიკითხავთ, მდაბალი მონ. იოსები

შენიშვნები

  1. სიტყვასიტყვით: „თავყველათი“ – თხის ან ცხვრის რძისგან დამზადებული მყარი ყველი, რომელსაც საბერძნეთში და კვიპროსზე ამზადებენ). ↩
  2. ღამის საათების ათვლა მზის დასვლიდან იწყება. თებერვალში, დაახლოებით 19:00 სთ. ↩
  3. შეად. კოლ. 3,2. ↩
  4. გონებითნაშენი – გონ(ებ)ითნაგები, ის, ვინც, უპირველეს ყოვლისა, გონიერ არსებად შეიქმნა, გონებითაა შემკული (ბერის მოგონილი სიტყვა). ↩
  5. იხ. 2 მეფ. 6,14-16. ↩
  6. ანუ „მამობრივი წიაღი…“ არის პირველი სიტყვები იმ საგალობლისა, რომელიც მონაზვნად აღკვეცის მსახურების დასაწყისში იკითხება, უშუალოდ დიალოგისა და სამღვდელო ლოცვების წინ. საგალობელი აღებულია უძღები შვილის კვირადღის მსახურებიდან (ცისკარი, წარდგომა მესამე გალობის შემდეგ, ხმა პირველი). ↩
  7. ესაა პირველი ეპისტოლე დისშვილ ბარბარეს მიმართ, რომელიც 1947 წლის 3 მარტს მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ბრიენა ეწოდა. ↩
  8. ამბროზია – ბერძნულ მითოლოგიაში, ოლიმპოელი ღმერთების საკვები, რომლის მეშვეობითაც უკვდავებასა და მარადიულ სიყმაწვილეს ინარჩუნებდნენ. ↩
  9. იგავ. 18,19. ციტატა გრძელდება ასე: „…ვითარცა ქალაქი ძლიერი და მაღალი; და ძლიერ არს ვითარცა სამეუფოდ მოზღუდვილი“. ↩
  10. მამა ეფრემ კატუნაკელს გულისხმობს. ↩
  11. ლირა — ფულის ერთეული ოსმალეთის იმპერიაში. ↩
  12. დაფნი – ათონის მთავარი ნავსაყუდელი. ↩
  13. ალბათ გადატანითი მნიშვნელობით ამბობს. ↩
  14. კარიესი – ათონის წმიდა მთის ადმინისტრაციული ცენტრი. ↩
  15. ათონის განაწესის თანახმად, მდედრობითი სქესის ცხოველების მოშენება აკრძალულია. ↩
  16. ეს მინაწერი სხვა, პატარა ზომის ქაღალდზეა შესრულებული. ↩
  17. ეპისტოლე ერგინას შვილის აღკვეციდან ორი თვის მერე დაიწერა. როგორც ჩანს, მან, როგორც დედამ, შვილის მონაზვნობა გულით არ მიიღო და აღკვეცას არ დაესწრო (ბიცოლა მარიამი, ქვრივი, დაესწრო). ბერი ძმურად, მამობრივად, უშუალოდ, თან დელიკატურად კიცხავს დას ასეთი საქციელისთვის. ↩
  18. წმ. ზინობი და ზინობია — და-ძმა, რომელიც ეწამა დიოკლეტიანეს დევნის დროს, 285 წ. (ხსენება 30 ოქტომბერს/12 ნოემბერს). ↩
  19. იოსებ ბრიენი კონსტანტინეპოლში არსებული სტუდიის მონასტრის მონაზონი იყო, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIV ს-ის მეორე და XV ს-ის პირველ ნახევარში. მისი მრავალი ნაშრომი შემორჩა, ძირითადად პოლემიკური ხასიათისა – იგი კათოლიკებთან უნიის სასტიკი მოწინააღმდეგე იყო. ↩
  20. სახელი „ბრიენი“ ეტიმოლოგიურად ზმნიდან „ბრიო“ მომდინარეობს, რაც ნიშნავს „აღმოვაცენებ, აღმოვიდინებ“, შესაბამისად, აქ სიტყვათა თამაშიც არის. ↩
  21. იხ. ფსალმ. 132,1. ↩
  22. წმიდანები – ევლამპი და ევლამპიაც და და ძმა იყვნენ, ეწამნენ IV ს-ის დასაწყისში (ხსენება 10/23 ოქტომბერს). კონტექსტიდან ისე ჩანს, რომ ბერს ისინი ცოლ-ქმარი ეგონა. ↩
Share