წერილები 25–31 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

წერილები 25–31 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

[25] ერგინას

წმიდა მთა, 29 აგვისტო, 1945 წ.

ჩემო საყვარელო დაიკო, ჩემო ძვირფასო და წმიდა სამკაულო.

უფლის მადლი და წყალობა შენს კეთილ სულს. ჩემო საყვარელო დაიკო, ჩემო მრავალტანჯულო სულო, არ მავიწყდება შენი ბავშვობის წლები, როდესაც თვიდან თვემდე დიდი სითბოთი გვზრდიდი. არა ვარ უმადური ქველისმოქმედისა, რომელსაც, ფეხშიშველს, როგორც მერცხალს, ჩვენთვის მცირე საზრდო მოგქონდა.

აი, ის დროც დადგა, რომ გასამრჯელო მიიღო. იხარე და მხიარული იყავი ღმერთის ასეთი წყალობის გამო. ვინც უხვად თესს, უხვადაც მოიმკის1, მაშინ ცრემლებით თესდი ოფლს, ახლა კი ნაყოფს შენი სული სიხარულითა და მხიარულებით იმკის. მაგრამ ნამდვილი მკის ჟამი კიდევ წინ გვაქვს, ის ნეტარი წუთი, როდესაც სააქაოს დავტოვებთ და გადავინაცვლებთ სხვა სამშობლოში, ნამდვილსა და ჭეშმარიტში, ნეტარ ცხოვრებაში, უტყუარ სიხარულში, რათა თითოეულმა ის მივიღოთ, რასაც გულუხვი და უტკბილესი იესო მოგვანიჭებს.

ო, სიხარული! ო, მადლიერება! ო, ზეციური მამის სიყვარული! ცხონებისკენ გვიზიდავს, ყველანაირი მწიკვლისგან განგვწმედს, პატივს გვცემს, თავისი სიმდიდრით გვამდიდრებს. ო, სიხარული! ო, სიყვარული! ო, ჭეშმარიტება! იქ, ჩემო ოქროს ერგინა, არ არსებობს მჩაგვრელი, ბოროტმოქმედი. შური და ღვარძლი გაქრება. არანაირი ვნება აღარ არსებობს, იმას კი, რაც გვქონდა, ხიდზე გადასვლამდე დავტოვებთ. იქაურობასა და აქაურობას შორის დიდი უფსკრული დევს2.

მაგრამ, ჰოი, ქრისტეს ტკბილო სიყვარულო! რა დაინახე კარგი ჩვენში, რომ შენს საღმრთო გზაზე დაგვაყენე? როდესაც იმაზე ვფიქრობ, ჩემო საყვარელო და მართლაც ოქროს დაიკო, სულიერ ჭვრეტაში გადავდივარ. უზომოდ მიკვირს და გაოცებული ვრჩები: როგორ გამხადა ღმერთმა ამის ღირსი მე, უძღები, ბოროტებით სავსე, ყველა ჩემს კარგ მეგობარზე უარესი? მათზე კი არ იჩინა სათნო ღმერთმა, არამედ ჩემზე, უბადრუკზე სათნო-იჩინა უფლის სახიერებამ და თავის ცხვრებთან დამაწესა, რათა მთელი ჩემი სახლეულობით მის მიერ ვიხარო და იგი ვადიდო!

ასე რომ, გაიხარე და იბედნიერე, ჩემო საყვარელო დაიკო, მადლობდე და ადიდებდე ღმერთს! დადგა დრო, როდესაც უკვე მალე მოვისმენთ კურთხეულ ხმას: „მოდით ჩემთან, დამაშვრალნო“3. როგორც კი დავხუჭავთ სხეულის თვალებს, გონების თვალები აგვეხილება და თითქოს ძილიდან გამოგვეღვიძება ამ ცხოვრებიდან იქაურში. მაშინ დაინახავ მშობლებს, და-ძმას, ნათესავებს. მაშინ დაინახავ ანგელოზებს, წმიდანებს. ყოველთა ნეტარ დედას, წმიდა ქალწულსა და ღმრთისმშობელს, რომელსაც ყოველწამს მოვუხმობთ და ვისი წყალობითაც გვაქვს ყველაფერი.

მაშინ ვის დაველაპარაკებით პირველ რიგში? პირველი ვინ გვაკოცებს და ვის ვაკოცებთ? ყველაფერი წმიდადაა, ყველაფერი უბიწოდ, ყველაფერი ტკბილად. ჰოი, სიხარული, ჰოი, სიხარული, ჰოი, ბედნიერება! ვინ ელის, საყვარელო ჩემო სულო, ასეთ სიკეთეებს და განა ამის ხათრით ყველა ამქვეყნიურ მწუხარებას არ ითმენს?!

ასე რომ, გამხნევდი და გაძლიერდი უფლის მიერ. სული მყარად გეპყრას, გამძლეობა და მოთმინება იქონიე, გახსოვდეს, რომ [სულიერად] კოჭლები და კეთროვნები ამ სიკეთეებს ვერ ეწევიან. ამიტომაც უშვებს ქრისტე განსაცდელებს, რომ ცოდვილი მოგონებებისგან გავიწმინდოთ. ესაა ჩვენი საპონი და წკეპლა, რომლითაც სამოსს გვიწმენდს. თუ ტანსაცმელი მთლიანი და მყარია, ზეციური სიძისთვის გამოგვადგება, ხოლო თუ წკეპლას ვერ უძლებს, ნაგავში გადაიყრება.

დამავიწყდა ერთი თაფლმდინარი ამბავი მომეთხრო. ერთხელ, ლოცვით დაღლილმა, დაჩოქილმა ასეთი საოცარი რამ ვიხილე: ვინმე ცეცხლოვანმა ახალგაზრდამ ორი პატარა გოგონა მოიყვანა – ერთი ჩვენი მარუსო იყო, ხოლო მეორე ერგინა, რომლებიც პატარები გარდაიცვალნენ – ის ჭაბუკი ეკითხება: „ეს თქვენი ძმაა, იცნობთ?“. მარუსომ, უფროსმა, უპასუხა: „ვიცნობ, მაგრამ უკვე მრავალმა წელმა ჩაიარა“, მეორემ კი მიუგო: „მე ის არ მინახავს, ჩემს დროს არ იყო“. ჭაბუკმა უთხრა: „ეამბორეთ და წავიდეთ". პაწაწინებმა ტკბილად, დიდი სიყვარულით მაკოცეს, აჰ, როგორც კეთილსურნელოვანმა ყვავილებმა, და გამშორდნენ. ცრემლით სავსე თვალებით გამეღვიძა, რამეთუ ვიხსენებდი იმ სიხარულს, რომელიც ზეცაში ერთი ცოდვილის მოქცევის გამოც კი რომ ხდება4. ამიტომ ჩვენც მცირედ ვაიძულოთ თავს წუთისოფელში, რამეთუ დრო ახლოვდება.

წერილები, რომლებსაც გიგზავნი, შეინახე, რათა განსაცდელისა და მწუხარების დროს გადაიკითხო, რადგან მგონია, რომ მალე დაგტოვებთ. რაც დრო გადის, უფრო მძიმედ ვსნეულდები, პარალიზებულივით გავხდი.

დიონისე ნუღარ წამოვა, რადგან ზამთარი მოდის. მომავალ წელს, თუ ჯანმრთელად ვიქენით, აღდგომას დავილაპარაკებთ. სახლს ნუ გაყიდი. დიონისე მღვდელმთავარს მიანდე, როგორც უფალი გაუნათლებს გონებას, ისე მოიქცნენ.

შენ კი ხშირად მოინახულე ხოლმე ბარბარე, სიყვარული გქონდეს მათ მიმართ. გულისსიტყვებს ნუ აჰყვები, გამიგონე, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ. მხოლოდ ის მადარდებს, რომ მეუფეს განუდგნენ. რადგან დარწმუნებული ვარ, ყველანი ცდებიან, როგორც უფალმა გამომიცხადა. ამის გარდა, განხეთქილებას* (სქიზმას) წარმოშობენ, რითაც სულს იმძიმებენ. ამიტომაც შევინანე, რომ უმეცრებით აქაურმა მოძღვრებმა ამიყოლიეს, მაგრამ ტკბილმა იესომ არ დამტოვა.

მათე5 და კომპანია, სამწუხაროდ, ვარიკოპულოსი6 და ყველა მათგანი ასცდნენ გზას, მაგრამ უფალი შეეწიოს. ამიტომაც, როდესაც მათთან მიხვალ ხოლმე, ელაპარაკე იღუმენიასა და მოძღვარს, იქნებ უფალმა გაანათლოს.

თვითონ ეშმაკმა მითხრა: „მე ვარ, ის, ვინც წააქეზა, თავიანთ მეუფეს განდგომოდნენ". ამიტომაც მტკივა გული და ვწუხვარ ყველაზე, განსაკუთრებით კი, მამა პართენიზე, რადგან ბარბარე მათთან არის. ბევრს ვლოცულობ ამ საკითხზე.

შენ კი ჯერჯერობით ნურც ეკლესიას წამოიწყებ, ნურც სხვა რამეს, ხოლო როცა დრო მოვა, გეტყვი რა უნდა გააკეთო.

ჩემი საყვარელი დიონისეს აქ მოსვლა იმიტომ მინდა, რომ მის სულში ღრმად ამოვტვიფრო ის, თუ როგორ უნდა გაიწმინდოს შინაგანი დიონისე და არა მხოლოდ ფოთლებით გამშვენდეს გარედან. ამის დროც მოვა, თუ ცოცხლები ვიქენით, დავილაპარაკებთ, როცა აქ ჩამოვა.

ახლა კი ზამთარში დაისვენეთ. დიონისე ამჯერად ოდენ მოკითხვას დასჯერდეს.

მთელი სულით შენთვის მლოცველი,

შენი მდაბალი ძმა იოსები

[26] დიონისეს

წმიდა მთა, 3 ოქტომბერი, 1945 წ.

ჩემო საყვარელო და საწადელო შვილო დიონისე, ჩემი სულის ნაწილო. უფლის მადლი, მშვიდობა და კურთხევა შენს კეთილ სულს.

ჩემო ბიჭო, მივიღე შენი პატარა ეპისტოლე. მიხარია, რომ კარგად ხარ. მამა ანტონი ჯერ არ მინახავს, რომ შენი ამბები მისგანაც გავიგო.

საყვედურს იწერები: რადგან არ გწერ, არ მწერო. მე, უბადრუკი, იმათ ძლივს ვპასუხობ, რომლებიც მწერენ, ვინც არ მწერს, იმათ როგორღა მივწერ? არ იცი, შვილო, რომ შენი წერილი მიბიძგებს, რომ მოგწერო? არ იცი, რომ მე, როგორც მონაზონს, ბევრი სულიერი ვალდებულება მაკისრია, იმდენი, რომ წუთიც არ მაქვს მოსასვენებლად? მოვალე ვარ თქვენთვის ვილოცო და წერილის ვერმოწერას ლოცვით ვანაზღაურებ. მოსაუბრეს მანდაც ბევრს იპოვი, მსოფლიოსთვის მლოცველი კი თითქმის არ მოიპოვება, რაც აქ, დაყუდებაში, ჩვენთვის უფრო ადვილია.

ამიტომ, ნუ ჩივი, რამეთუ, მე რასაც ვაკეთებ, ყველაფერს შეგნებულად და ღმერთის შიშით ვაკეთებ. თუ წერილი გინდა, ნუ დაიზარებ, მომწერე და ისევ დაგემორჩილები და გიპასუხებ. უფალი ამბობს, ვინც გთხოვს, იმას მიეცი7, და არა იმას, ვინც არ გთხოვსო.

თუ წმიდა ღმერთი ინდომებს და აღდგომის მერე როგორმე ჩამოხვალ. დავილაპარაკებთ მშვენივრად და სულიერად, ბევრს ვისაუბრებთ. მაშინ ნახავ ჩვენს პატარა და ლამაზ ქოხებს, ნამდვილ სიხარულს განიცდი, ირემივით ინავარდებ, კრავივით იხტუნებ; გაიგებ, როგორ გამოიღვიძებს სული, როგორ გამოიზრდება რძით, როგორც ჩვილი; დროთა განმავლობაში როგორ იზრდება ღმერთის შემეცნებით და როგორ შეინარჩუნებს კარგ მდგომარეობას. აგრეთვე, როგორ შეიძლება წახდეს, დასნეულდეს და სრულიად მოკვდეს და სრულიად წარწყმდეს.

რომ ჩამოხვალ, შენს საყვარელ მამა ათანასესაც ნახავ, ყველგან მოგატარებს, ერთად ისეირნებთ, მშვენიერი ხეების ქვეშ წაუძინებთ ხოლმე, უამრავ ხილს შეჭამთ, რომლებიც ჩვენს ტყეებში თავისით იზრდება, ტოტებს ხრიან და თავიანთ ნაყოფებს გთავაზობენ, რათა მოურიდებლად მიირთვა და დანაყრდე, და ღმერთს მადლობა გადაუხადო, რამეთუ უხვად და უსასყიდლოდ გვანიჭებს ყველაფერს.

უფალი თავისი ქმნილებისგან მხოლოდ მადლიერებას ელის და იმის აღიარებას, რომ იგია ჩვენი კეთილისმყოფელი, ყოველივე სიკეთის უხვად მომნიჭებელი.

ამაზე იოცნებე კეთილი იმედით და დაელოდე გაზაფხულს, როცა ზაფხული წინ გვექნება. გონება იმისკენ აღამაღლე, რასაც გწერ და მაშინ დროც მალე გავა. თავს აიძულე, რომ შენი სულიერი ვალდებულებები შეასრულო, რათა საკუთარ თავზე უფლება ხელში არ ჩაუგდო მტერს, რომელიც მზაკვრულად არის ჩასაფრებული.

ამის თქმა მინდოდა ორიოდე სიტყვითა და შენდამი დიდი სიყვარულით.

გისურვებ, რომ კარგად იყო,

მდაბალი და უკანასკნელი მონ. იოსები

[27] ერგინას

წმიდა მთა, 16 ოქტომბერი, 1945 წ.

ჩემო საყვარელო დაიკო, ჩემო საყვარელო სულო ერგინა, უფლის მადლი და წყალობა შენს სულს.

ჩემო დაო, რამდენიმე დღის წინ სხვა ეპისტოლე გამოგიგზავნე. მხოლოდ იმას ვწერ, რომ მამა კორნელი მოვა და ელენე იატროპულოსთან ერთად წახვიდეთ – მიხაილ ვოდას ქუჩა 7-ში. რაღაცის შემოწირვა აქვს აღთქმული ღმრთისმშობლისთვის, მამა კორნელიმ გამოართვას და წამოიღოს. კანდელს გვიმზადებს. კარგად ჩაიდოს უბეში, რომ არ დაიკარგოს. თქვენ გაუფრთხილდით და დედაღმრთისამ შეინახოს – მისია.

ასევე, თითო კოვზს* (ხისას) გიგზავნით, რათა გაგვიხსენოთ ხოლმე ჭამის დროს. ბევრს გამოვაგზავნიდი, მაგრამ მამები აქ ხელსაქმეს არ აკეთებენ – [ათონის] გარეთ მუშაობენ პურის ფულის საშოვნელად. პროდუქტები არ გვჭირდება, მამა ეფრემმა* (კარაიანისმა) გამოგვიგზავნა. თუ გაქვს შაქარი და ცოტაოდენი ყავა, გამოგვიგზავნე, როცა გვაქვს, ვსვამთ ხოლმე. ღამისთევაში გვეხმარება.

მოგიკითხავთ, შენ და ოქროს დიონისეს.

მამა ანტონი იყო მოსული, ვისაუბრეთ. ხელსაქმეც ვაჩუქე გარჯისთვის.

ვლოცულობ შენთვის,

მდაბალი იოსები

[28] ერგინას

წმიდა მთა, 2 ნოემბერი, 1945 წ.

ჩემო საყვარელო სულო, ჩემო დაიკო ერგინა, უფლის მადლი შენს კეთილ სულს, ზეციურმა მაგრილებელმა ცვარმა ანუგეშოს შენი გული, ზეცის ნათლის ღრუბელმა მოიხილოს შენს გონებაზე, საღმრთო შემეცნების განათლება გამოგიბრწყინოს და გულისხმისყოფით აღავსოს შენი აზროვნება, და წინ წაგიძღვეს ყველაფერში, რაც კი სათნოა უფლისთვის, ხოლო ცოდვების ხელითწერილი8 დახიოს და შენი სახელი სიცოცხლის წიგნში ჩაწეროს.

„ახლაა ხელსაყრელი დრო, ახლაა ცხონების დღე“9, ჩემო საყვარელო დაიკო, „ყველაფერს თავისი დრო აქვს“10. სულო ჩემო, ერგინა, დღეს მივიღე შენი ეპისტოლე, შევიტყვე სამწუხარო ამბავი და ძლიერი ღელვა და გულისტკივილი დამეუფლა ლეონარდოს* (ბერის ძმა) სიკვდილის, მარიამის დაქვრივებისა და ბავშვების დაობლების გამო. ჩემი წუხილი უსაზღვროა, სული თავს ძლივს იკავებს.

ისწრაფე, ჩემო დაო, რანაირადაც შეგიძლია, რომ ტკივილი შევუმსუბუქოთ ამ სულს, ყველა ჩვენგანმა ხელი გავუწოდოთ, რამეთუ დარჩა [მარტო] უცხო უცხოობაში. თუ ათანასეს პენსიას აიღებ, არ გაქვს ლოცვა-კურთხევა, ერთი ლეპტაც11 კი დახარჯო ჩვენზე ან სხვაზე, არამედ მის ხარჯებს მოახმარე, ხოლო თუ შენთან ან შენს სახლში ყოფნა სურს, ყველა შევეცადოთ მოვიკლოთ, რათა მას გავუმართოთ ხელი მანამ, სანამ ბავშვები გაიზრდებიან და შეეძლებათ დამოუკიდებლად იცხოვრონ.

მანოლი უნდა წავიდეს და მოიყვანოს, ხოლო თუ არ შეუძლია, აქედან გავაგზავნი ადამიანს, მაგრამ ჯერ უნდა ვიცოდეთ, რომ უნდა მანდ მოსვლა. სწორედ ესაა, ჩემო დაო, მოწყალება, რისი გაკეთებაც გინდოდა. ღმერთის საქმეა და ამიტომ გაისარჯე მანამ, სანამ მტერი რამე მახეს დაგვიგებდეს.

მამა მინას არ უჭირს. ისინი კარგ ყოფაში არიან. არც მამა ანტონს – ყველაფერი აქვთ. მე მამა ანტონს საკმაოდ მივეცი ხელსაქმე მისი ხარჯებისა და შრომისათვის, ერთი წყვილი შალის წინდები და შარვალი. ორი შარვალი იყო იმ ტანსაცმელში, რომელიც მოიტანა, ერთი მას დავუტოვე და ათი ათასი დრაქმის ხელსაქმეც მივეცი, ოღონდ ნურსად იტყვი. ერთი სიტყვით, კმაყოფილი იყავი, არ იდარდო ამაზე. მამა მინას არ ეყო, ათასი დრაქმა რომ მიეცი. არა უშავს, მასაც, დრო რომ მოვა, ერთ ძვირფას ჯვარს გავუკეთებ. ნუ დარდობ, მე ხელგაშლით გავიღებ.

შენ მხოლოდ მარიამზე12 იზრუნე, რადგან მშვიდად ვერ დავიძინებ მანამ, სანამ არ გავიგებ, რომ დამშვიდდა. ათანასეს პენსიას აიღებს ხოლმე და რასაც…13

[29] ერგინას

წმიდა მთა, 12 დეკემბერი, 1945 წ.

ჩემო საყვარელო დაიკო ერგინა, ჩემი სულის ნაწილო, გისურვებ, რომ კარგად იყო. ჩემო სულო, ჩემო ერგინა, დღეს მივიღე შენი ეპისტოლე და მეტად გამახარე, რადგან მარიამზე ძალიან ვღელავდი.

ყველა თქვენგანისთვის ვლოცულობ და ყველას გმადლობთ იმ მხურვალე მზრუნველობისთვის, რომელსაც ჩვენი დაობლებული დის მიმართ იჩენთ. მეც აქედან შეძლებისდაგვარად ვიზრუნებ, ოღონდ ჯერ ცოტა ამინდი გამოვიდეს, რამეთუ ზამთრის გამო გამოვიკეტეთ. კარგი შესაძლებლობა იყო ახლა, კორნელი რომ მოდიოდა, მაგრამ ხელთ არაფერი მქონდა.

მამა ათანასე ახლა ზეთისხილებშია. როგორც კი მობრუნდება, რამეს ვიღონებ, რადგან ისაა ჩვენი გასაღები, ხაზინადარი. ჩვენ სახლის გარეთ არ გავდივართ. დაგვეხმარება ღმერთი14, რადგან თქვენ ყველას ღმრთისმიერი სიყვარული გაერთიანებთ, თქვენ შორის ქრისტე იმყოფება. დიდება შენდა, წმიდაო ღმერთო! გულის სიღრმიდან გმადლობ, რომ ყველა ჩემს და-ძმას შემეცნებული აქვს ჭეშმარიტება. ყველა თქვენგანი გაანათლა უფალმა, არ უგულებელყოფს ჩემს – მდაბლის ვედრებას. უფალმა დაგიფაროთ ბოლომდე.

წერილი, რაზეც მწერ, დიონისესგან არ მიმიღია, რომ გამეგო პენსიაზე რას ფიქრობს. ცოტა უფრო სუფთად წეროს, ხომ იცის, რომ ანბანის ოდენმცოდნე ვარ და მთელი კვირა ვუნდები მისი ნაწერის მარცვალ-მარცვალ ძლივძლივობით წაკითხვას, ისიც ნაწილობრივ, თანაც, ბოლოში რომ ჩავდივარ, მავიწყდება რით დაიწყო.

მამა პართენიზე ნურაფერს დაიჯერებ იმას, რასაც ისმენ, რადგან მე გაუწყებ, რომ ყველაფერი ტყუილია. შეუძლებელია, რომ ასეთი სულიერი მოძღვარი, რომელსაც ასეთი რჩეული სულების კრებული ჰყავს, რომელთაგანაც თითქმის ყველას ვიცნობთ, მათ შორის იღუმენიასაც, და სამოთხესავით ყვავის და ყვავილებივით კეთილი სურნელი ასდის – გამორიცხულია-მეთქი, გეუბნები, რომ უქმ სიტყვებს ისმენდეს შენზე.

მოკლედ, თავი დაიმდაბლე, მოინახულე ხოლმე და უდიდეს სარგებელს მიიღებ. რადგან, როგორც ვხედავ, შენც მანდ დაასრულებ გზას, იქ პოვებ მაცხოვნებელ ნავსაყუდელს, თუნდაც უკანასკნელი აღმოფშვინვის დროს.

ერთი წვეთი მორჩილება მაინც გამიწიე და ხშირად მიდი ხოლმე. ილაპარაკე თავმდაბლურად, აზროვნებაც მდაბალი გქონდეს, ტერფები დაუკოცნე, ემთხვიე მიწას, რომელზეც დადიან და მოათვინიერე ქედმაღლური აზროვნება. სწორედ მაშინ გამოიღებ ქრისტეს სიყვარულისა და შემუსვრილი სულის ნაყოფს.

მე რომ ვიყო შენს ადგილას, ჩემო სულო ერგინა, ძაღლივით ავულოკავდი ფეხებსა და მიწას, ხოლო ჩემი გონება გამოუთქმელ სიხარულს პოვებდა. გულმოდგინედ ისწრაფე და იჩქარე, დროს ნუ კარგავ, რამეთუ ახლაა რთველის, ახლაა მკის პერიოდი, როდესაც თითოეული მაქსიმალურად სუფთა საკვებს იმარაგებს მომავალი ცხოვრებისთვის.

ის კი არ გამოდის გამარჯვებული, ვინც ჭკვიანია, ვინც კეთილშობილური წარმომავლობისაა, ვინც მოქნილად ლაპარაკობს, ვინც მდიდარია, არამედ ის, ვისაც ლანძღავენ, ვინც მაგიდის გადასაწმენდი ღრუბლის მსგავსად შეკრებს ნარჩენებს – იმას, რაც ესმის, რასაც ეუბნებიან, როგორი სიტყვებიც არ უნდა იყოს. ასეთი ადამიანი მეტად სუფთავდება და გაბრწყინდება, აღწევს მაღალ სულიერ საზომს, ტკბება საიდუმლოთა ხედვით და ამავე ცხოვრებიდან სამოთხეში ხვდება, ხოლო როგორც კი ხილულ თვალებს დახუჭავს, გაეხსნება გონებისმიერი თვალები. და ჯერაც იქაურის განზრახვაშია, რომ აღმოჩნდება იქ, სადაც ეწადა, ისე, რომ თვითონაც ვერ მიხვდება, როგორ. სიბნელიდან ნათელში გადადის, გაჭირვებიდან განსვენებაში, ომიდან განუწყვეტელ მშვიდობასა და აუღელვებელ ნავსაყუდელში.

ისწრაფე, სანამ თვალები და ფეხები გაქვს. გამიგონე მე, რომელსაც, იცი, რომ ძალიან მიყვარხარ და უპირველეს ყოვლისა, შენთვის უმჯობესი მწადია, უცხო ხალხისა კი ნუ გჯერა, რამეთუ არც მაგათ და არც შენ არ იცით და არ ლაპარაკობთ ჭეშმარიტებას და თქვენი სულებისთვის სასარგებლოს.

დიონისეს საღმრთო ამბორით მოვიკითხავ. მარიამს წერილი გაუგზავნე.

მუდმივად ვლოცულობ შენთვის, ჩემო ოქროს დაო,

ცოდვილი იოსები

[30] ერგინას

წმიდა მთა. 4 იანვარი, 1946 წ.

ჩემო საყვარელო დაიკო ერგინა, ჩემი სულის ნაწილო, გისურვებ, რომ კარგად იყო. ჩემო დაო. რამდენიმე დღის წინ წერილი გამოგიგზავნე და იმედი მაქვს, რომ მიიღე. ახლა სხვა მიზეზით გწერ, რადგან მრავალჯერ მომწერე, რომ მამა მინასადმი დიდი მოწიწებით განეწყვე, ხშირად უგზავნი მეტანიას და ლოცვა-კურთხევას ითხოვ, – გუშინწინ გამოგვიარა და გადავეცი შენი პატივისცემა. ვუთხარი, ორმოცი წირვა რომ გინდა შეუკვეთო. მოკლედ, მითხრა, რომ, თუ გსურთ შენ თუ იმ სხვა ქალბატონს, რომელიც, გითქვამს, რომ პირეაში ცხოვრობს, გააკეთებს. ერთი სიტყვით, ვინც არ უნდა იყოს, საკმარისია, რომ ძველით [კალენდრით] იყოს – თვითონაც და ისინიც, ვისთვისაც შეუკვეთავენ.

თქვა, სიამოვნებით ვიმსახურებო, ოღონდ, უნდა იზრუნოთ, თაფლის სანთლები, საკმეველი და სხვა, რაც კი რამ შეგიძლიათ, მიაწოდოთ; შავი ნაჭერი, რომ შარვალი, კაბა, ანაფორა შეიკეროს. ანუ, თითოეულს რაც შეუძლია და სურს გაიღოს ორმოცი წირვისთვის, არა როგორც გადასახადი, არამედ იმ ხარჯების დასაფარად, რაც ბუნებრივად სჭირდება ამას: ზეთი, კოლიო* (წანდილი), სეფისკვერი, ზედაშე და სხვა დანარჩენი, რამეთუ აქ, სამწუხაროდ, ფული არ ფულობს.

ორიოდე სიტყვით, ასე. მამა მინა ლოცვა-კურთხევას გადმოგცემს, ისევე, როგორც მისი კურთხეული მოძღვარი – მამა მინას ხომ მოძღვარიც ჰყავს და ძმებიც, საძმოა. ხოლო თუ შვილისადმი ასეთი კრძალულებით განეწყვე, მით უმეტეს, პატივისცემით განიმსჭვალებოდი მამის მიმართ, რომელიც ძალიან კარგი მოძღვარია, მადლით სავსე და ჭაღარა თმა-წვერით, მოკრძალებული გამოხედვით, ტანად დაბალი და ხშირად ფეხშიშველა, რომელიც სიყვარულის მცნებას მამამთავარ აბრაამივით აღასრულებს — ყველას მასპინძლობს. ჩვენთანაც, რამდენჯერაც მოვა, აუცილებლად რაიმეს მოგვიტანს ხოლმე.

მისი ლოცვა-კურთხევა შეგეწიოს და იზრუნე, რომ ის გააკეთო, რასაც სინდისი გკარნახობს და რის უფლებასაც გაძლევს გარემოებები.

დიონისე მოიკითხე. ათანასეს წერილი პენსიის შესახებ მოვიდა, მაგრამ თვითონ ათანასე – ჯერ არა. მოვა თუ არა, ყველაფერზე იზრუნებს, რასაც [დიონისე] სწერს, მე კი ვაიძულებ, რომ უფრო ხშირად მისწეროს დიონისეს, რადგან მე უკვე გამოუსადეგარი ვარ, დავბერდი და ყველაფერი მამძიმებს.

მთელი სულით ვლოცულობ შენთვის,

მდაბალი მონ. იოსები

რაც კი რამ იქნება ორმოცი წირვისთვის, პირდაპირ ბერ ეგნატეს გაუგზავნე, ან ბ. ანტონის, ან ბ. არტემის, ან მ. კორნელის მეშვეობით – ვინც მოვა, სახელები კი წერილით გამოაგზავნე და დააწერე, რომ ორმოცი წირვისაა მავანისგან. ბერ ეგნატეს ყველა იცნობს, წმიდა ანას სანაპიროზე ცხოვრობს.

[31] ბარბარეს

[1946 წლის დასაწყისი]15

[…]

დავჯექი და ცოტა სული მოვითქვი, და მოვიხსენე რა […], ისევ აღვადგენ გაწყვეტილ სიმს. ავიღე ლირა და თაფლივით ტკბილად ვღუღუნებ ეკალმღერას16., რომელსაც უდაბნოში შევკრებ.

კვალად მოვედ, ჩემო კარგო მერცხალო, ჩემს ჩრდილში გაგრილდი, მე კი ეკალ-ბარდიდან მასტიკას17 შეგიგროვებ და როცა მწუხარება გეწევა, გადახედე18 და თაფლზე უფრო ტკბილად მოგეჩვენება.

მყარი საფუძველი ჩაუყარე შენს ცხოვრებას, ლამაზი სასახლე აიშენე ზეცაში. სასმისი შიგნიდან გაასუფთავე19, როგორც უფალი გვასწავლის, რათა გარეთაც სუფთა გახდეს. რამეთუ დანარჩენი ყველაფერი, რაც ფორმალურ მხარეს ეხება – ტიპიკონი, გალობა, საეკლესიო მსახურება, პირადი კანონი და სხვა ყველაფერი, რაც სხეულით აღესრულება, არის ფოთლები, რომლებიც გარე კაცს ამშვენებენ – ესეც კარგი და მშვენიერია.

ხოლო ისინი, რომლებიც ზემოთ ვახსენე, შინაგან ადამიანს ასუფთავებენ, ისინი აღგიხელენ სულის თვალს, ისინი გაგიწმენდენ გულს და იმ დღეს ღმერთს იხილავ. რამეთუ გონებრივი საქმიანობის გარეშე, გარეგნულისგან დიდი ხეირი არ გვაქვს. თუკი ღმერთის ყოველ გახსენებაზე ცრემლებს არ ღვრი, უმეცრებით ხარ დაავადებული, რაც ამპარტავნებას შობს და გულს გიუხეშებს.

ამიტომაც, ყველა შენი ქმედება სიმდაბლით შემოსე, მაგიდის გადასაწმენდი ღრუბელი გახდი კრებულისთვის, შენს სულს ქება-დიდებით კი ნუ მორწყავ, არამედ [სხვათაგან] შეურცხუოფითა და ყვედრებით, ოღონდ ისე, რომ [ობიექტურად] დამნაშავე არ იყო.

ნურასდროს შეეცდები შენი სიმართლე სხვას დაუმტკიცო, რადგან სწორედ მაშინ გამოდგები მტყუანი. არამედ მხნედ მოითმინე განსაცდელები, როგორიც არ უნდა იყოს ის. ბევრი თავის მართლების გარეშე თქვი ხოლმე „მაპატიე“ და, თუმცა არ შეგშლია, ისეთი სინანული გქონდეს, რომ თითქოს შეგშლოდეს, ოღონდ გააკეთე ეს შეგნებულად. თანაც, ნუ იტყვი, შემეშალაო, მხოლოდ იმისთვის, რომ ხალხმა შეგაქოს, შენ კი გულში განიკითხო. მწუხარების დროს ადამიანებისგან ნუგეშს ნუ ეძებ, რათა ღმერთმა განუგეშოს.

ხიდი, რომლითაც ყველანი გაღმა უნდა გადავიდეთ, არის დამნაშავეთათვის პატიება. როდესაც დამნაშავეს არ შეუნდობ, ამ გადასასვლელ ხიდს ანგრევ. სხვებს კეთილი და უფლისთვის სათნო საქმეებით კარგი მაგალითი მიეცი. ნუ გსურს ენით აჯობო ყველას. ამ ყველაფერს, რასაც გწერ, ჩემო გვრიტო, თუ დაიცავ, მართლაც სათნო გახდები უფლისთვის, სიძის უბიწო სარძლო, უმწიკვლო ქალწული. ასე, ჩემო ნამდვილო ნათესავო, გამგონე შვილო.

მე კი, თქვენი თხოვნა-მუდარით დაჯერებული, შევეცდები ჩემი მორჩილება აღვასრულო. შევეცდები, როცა შენს საქმეს მოაგვარებ, დაჟინებით ვთხოვო შენს კეთილ დედიკოს, რომ სახლი გაყიდოს და მანდ მოვიდეს, რადგან ყველანი კარგები ხართ მანდ შეკრებილები.

არ მავიწყდება ანესტის20 დედა. ის თქვენგან ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან დედაჩემს ჰგავს და მუდმივად გონებაში მიტრიალებს. მივიღე მოსახსენებლები და მოვიხსენებ ხოლმე.

დიონისეზე ღმერთის ნებისაებრ ვიზრუნებთ.

აი, მორჩილება გავწიე და მოგწერეთ, მაგრამ კმარა, რამეთუ გყავთ მოძღვარი. მეშინია, არ მოვისმინო სიტყვები: ექიმო, თავი განიკურნეო21. ილოცეთ, რომ არა მარტო ვილაპარაკო, არამედ გავაკეთო კიდეც.

მოგიკითხავთ ყველას,

უკანასკნელი და ცოდვილი, მდაბალი იოსები

შენიშვნები

  1. კორ. 9.6. ↩
  2. შეად. ლუკ. 16,26. ↩
  3. შეად. მათ. 11,28. ↩
  4. შეად.ლუკ. 15,7 და 10. ↩
  5. იხ. სქოლიო 1, გვ. 49. ↩
  6. ვარიკოპულოსი (გვარი) – კიკლადების სქიზმატიკოსი მიტროპოლიტი გერმანე († 1951), ზილოტების ერთ-ერთი მეთაური. ↩
  7. იხ. მათ. 5,42; ლუკ. 6,30. ↩
  8. ხელითწერილი – ძველად ფულის მსესხებელი გარანტიას წერილობით იძლეოდა. ამ დოკუმენტს, თამასუქს, ერქვა ხელითწერილი ანუ ხელით ნაწერი. ↩
  9. იხ. 2 კორ. 6,2. ↩
  10. იხ. ეკლ. 3,1; 3,17; 8,6. ↩
  11. ლეპტა (ბერ. λεπτό) – წვრილი ფული (თეთრი, გროში). ↩
  12. ისევ ლეონარდოს ქვრივი იგულისხმება, რომელიც მოგვიანებით მონაზონი გახდა მელანიას სახელით. ↩
  13. წერილი წყდება. ↩
  14. სიტყვასიტყვით: „არსებობს ღმერთი“ – იმ გაგებით, რომ ცოცხლად ზრუნავს ჩვენზე. ↩
  15. ეპისტოლეს დასაწყისი არ აქვს. სავარაუდოდ, ეს მეორე წერილია დისშვილ ბარბარეს, როგორც მორჩილის მიმართ. პირველი წერილი 30-7-1945-ში მისწერა, ხოლო მესამეში (27-2-1947) სწერს, რომ დიდი ხანი გავიდა მეორე წერილის დაწერიდან, რომელიც ვრცელი იყო და წინა წელს მისწერა. ↩
  16. ბერის მიერ მოგონილი სიტყვა, ჩანს, სევდანარევი სიხარულის აღსანიშნავად. ↩
  17. მასტიკა – არომატული ფისი, რომელიც გამოიყენება სამედიცინო, ფარმაცევტული, ორთოდონტული, ჰიგიენური, გასტრონომიული და სხვა დანიშნულებით. ↩
  18. ორიგინალში არის ზმნა, რომელიც აღნიშნავს პროცესს, როდესაც პირუტყვი შეჭმულს კუჭიდან პირში იბრუნებს და ხელმეორედ ღეჭავს ↩
  19. შეად. მათ. 23,26 ↩
  20. ანესტი – კაცის სახელი, „ანასტასის“ კნინობითი ფორმა. ↩
  21. იხ. ლუკ. 4,23. ↩
Share