წერილები 21–24 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

წერილები 21–24 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

[21] მონაზონ თეოდოსიას

[წმიდა მთა] 20 აგვისტო, 1938 წ.2

შვილო თეოდსია,

გაიხარე და იცოცხლე უფლის მიერ სულითა და ხორცით და მოითმინე ხოლმე შენზე მოწეული მწუხარებები.

ნუ დრტვინავ. შენი მდაბალი და შეცდომილი მოძღვრის ხასიათი გადაიღე, რათა გახსოვდეს, რომ ოდესღაც ერთად მოღვაწეობდით მაკედონიის3 გეროვიცის მონასტერში და ილოცე, რომ საიქიოში არ დავშორდეთ ერთმანეთს, არამედ ერთად ვიყოთ და თეოდორასთან, თეოდორასთან, ევპრაქსიასთან, მარიამსა და დესპინასთან და წმიდა ქალწულებთან ერთად ვადიდოთ წმიდა სახელი მამისა და ძისა და წმიდისა სულისა.

შეცდომილი,

მდაბალი მონაზონი იოსები

[22] ერგინას

წმიდა მთა, 2 ივლისი, 1945 წ.4

მოდი, ჩემო კარგო და საყვარელო დაიკო, ისევ განუგეშო გაჭირვებაში. მოდი, ჩემო სულის ნაწილო, ჩემო პაწია მზრდელო და მარადიულო შემწეო, სულიერო თანამოღვაწეო, კარგო და საყვარელო დაიკო, და ღმერთი ვაკურთხოთ გულისმიერი ტკბილი ხმით, პირიდან გამოსულით და გონებით გამოხმაურებულით: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი სახელსა წმიდასა მისსა"5

ხედავ, როგორ ვუყვარვართ უფალს? ხედავ, როგორი ბედნიერები ვართ ჩვენ უმადურები? მიმართე გონება, ჩემო ოქროს სულო, ჩვენი სამშობლოსკენ, ჩვენი სოფლისკენ – რამდენი ჩვენზე უკეთესი ადამიანია იქ. მაგრამ ღმერთმა მათზე სათნოჩენა არ ინება. გაიხსენე, რამდენი კარგი ქრისტიანია იმ სოფელში, მაგრამ ტკბილმა იესომ მათზე არ მოიხილა, არამედ ჩვენს პატარა და უბედურ, ყოველგვარ სიკეთეს მოკლებულ ქოხს მოხედა მისმა სახიერებამ – დიდი უფლის წყალობა! მართლაც, გასაოგნებელი სასწაულია, რომ დღეს ჩვენ მიერ იდიდება ღმერთი, იხარებს ჩვენი დედოფალი და ქალბატონი ყოველთა, ჩვენი ტკბილი და ნამდვილი დედა!

არ არის გასაოცარი?! ჩვენი სოფლის მფარველმა – პატიოსანმა წინამორბედმა იოანემ ჩვენი სოფლის სხვა ლამაზი სახლები კი არ აირჩია, არამედ ჩვენი, როგორც თვითონ მაუწყა 14 წლის წინ, რომ მან ჩაიბარა ჩემი თავი, იგი მმფარველობს (შენც მისგან გამოითხოვე ხოლმე, რაც გინდა) და რომ იგი ვიგულო მფარველად, წინამძღოლად, მზრუნველად, მოძღვრად ჩემი მცირე კალივისა. მის სახელზეა ჩვენი ტაძარი, ის არის ჩვენი მამა, ხოლო დედა — ღმრთისმშობელი.

მართლაც, დიდი სასწაულია! თანაც ვის მიმართ? ერთი არარაობის, ერთი უმრწემესის, ყოველგვარი კეთილის არმქონის მიმართ. რა ნახა ჩემში კარგი უფალმა, რომ ამდენი სიკეთე მომანიჭა?

შენც ასე მოიქეცი, ჩემო დაიკო. გადახედე შენს ცხოვრების. დაუკვირდი, როგორ ჩაიარა. გაიხსენე ღმრთისმშობლისა და მისი უტკბილესი ძისა და ჩვენი მაცხოვრის მრავალი ქველისმოქმედება და ამგვარად განსაცდელებში მოთმინებით აღიჭურვე. ღმერთი ყოველთვის გვეხმარება, ყოველთვის დროულად ხელს გვიწვდის, მაგრამ მოთმინებაა საჭირო. როგორც კი ვუხმობთ, ესმის, მაგრამ ისე არ მოქმედებს, როგორც ჩვენს ჭკუას ჰგონია. ფიქრობ, რომ შენმა ხმამ იმწუთას არ მიაღწია წმიდანებს, ღმერთს, ღმრთისმშობელს, მაგრამ ასე არ არის. სანამ დაუძახებდი, წმიდანები დიონისეს დასახმარებლად გაიქცნენ, რადგან იცოდნენ, რომ მოუხმობდი და მფარველობას შესთხოვდი.

შენ კი, რადგან ვერ ხედავ, არ იცი, გინდა, რომ ყველაფერი ელვისებრად მოგვარდეს, მაგრამ ასე არ არის. უფალი მოთმინებას ეძიებს, რათა ჩვენი რწმენა დაინახოს6. საჭირო მარტო ლოცვა კი არაა, რომ ადამიანმა თუთიყუშივით იმეოროს, არამედ ყველაფერი დანარჩენიც. მოთმინების გარეშე ადამიანი იგივეა, რაც ლამპა ზეთის გარეშე.

აი, მოვიდა დიონისე. მაგრამ შენ იზარალე იმის გამო, რომ სულგრძელება არ გამოიჩინე და რწმენით არ დაელოდე – მაშინ ორივენაირად მოიგებდი. ახლა ბარბარეზე ბრაზობ. მე კიდევ გეუბნები, რომ ადრე თუ გვიან ისევ ისე იხილავ, შენ გვერდით. თუ მოეწონება ის, რაც გინდა და რაზეც ოცნებობ, ყველა შემთხვევაში მოხდება, მაგრამ საჭიროა მთელი სულით ლოცვა და მოთმინებით ლოდინი.

არას გარგებს, რომ ბრაზდები, დარდობ, მწარე სიტყვებს ამბობ, არამედ პირი უნდა მოკუმო, ვერავინ ვერ უნდა გაიგოს რა გჭირს, ხოლო კვამლი თვალებიდან უნდა გამოგივიდეს, ცხვირიდან კი არა7. მე, ჩემო დაო, უფალია მოწმე, რომელიც ტყუილის მთქმელთ წარწემედს8, რომ დიდი სარგებელი მივიღე იმისგან, რაზეც ახლა გწერ. თუმცა ზოგჯერ ისეთი მტკივნეულია ამის გაკეთება, რომ გგონია, გავარვარებულ ღუმელში ხარ და სული ამოგძვრება. სამაგიეროდ, როდესაც ჩაივლის [განსაცდელი], ისეთი ნუგეში მოდის, რომ, თითქოს სამოთხეში ხარ სხეულის გარეშე: ქრისტეს უყვარხარ. ღმრთისმშობელი ტკბილად გეამბორება, წმიდანებს შენთან ერთად უხარიათ, ანგელოზები გაკვირვებულები არიან. ხედავ, რა სასარგებლოა მწუხარებები?

როცა გინდა ქრისტეს სიყვარული იხილო, მოითმინე რაც მოგეწევა. ისე კი არა, როგორც შენ მოგწონს, არამედ ისე, როგორც უფალს უნდა შენი გამოცდა. იმ ყველაფერზე, რასაც ნებით ვაკეთებთ, მილიონჯერ ამაღლებულია ის, რასაც უფალი გვიგზავნის ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ. ძვალი ძვლის და სისხლი სისხლის წილ. ღმერთის დაშვებით ისე ებრძვის მტერი ადამიანს, რომ ცვილივით დნება, სითხედ იშლება, ხოლო როდესაც განსაცდელი ჩაივლის, სიხარულით ივსები, უკიდეგანო ნათელი მოგიცავს და იმ საიდუმლოებს ხედავ, რომელთა გამოთქმაც ენას არ ძალუძს. და მაშინ გწყურია განსაცდელები, რადგან ხედავ. თუ რა დიდი სარგებელი მოაქვთ.

ნამდვილად ეს არის [სწორი] გზა და ის, ვინც გწერს, გამოცდილებით მოწმობს ამ ჭეშმარიტებას. ასე რომ, გამხნევდი, ჩემო საყვარელო დაიკო, და განძლიერდი უფლის მიერ, მოითმინე რაც გეწევა და გულისტკივილით მოელოდე ღმერთისმიერ დამშვიდებასა და მადლს. გეუბნები, რომ მტრედი ხარ და არა ყვავი, როგორც მწერ.

დიონისესთან ერთად წადი და ერთ სულს შეხვდი, რომელსაც სულიერად აღვზრდი უკვე მრავალი წელია – თავიდანვე მე ვყავდი სულიერ მამად – ელენე იატროპულუ ჰქვია. მიხაილ ვოდას ქუჩა 7, ათენი.

ვლოცულობ შენთვის.

შენი ძმა იოსები

ვიმეორებ და წერილს ვაგრძელებ, ჩემო საყვარელო დაიკო. ეს ელენე, რომელთანაც გითხარი, წადი-მეთქი, თესალონიკიდან არის, მაგრამ [ეკლესიური) შფოთის გამო მანდ გადმოვიდა ქმართან და ორ შვილთან ერთად. გაუძეხი მას ფლორინის* (ქალაქი ჩრდ. საბერძნეთში) მიტროპოლიტის ეკლესიაში9, რამეთუ არაფერი იცის. ნამდვილი ქრისტეს მარგალიტია. დიონისეც წაიყვანე, რომ მის ქმარს ორიოდე სულიერი სიტყვა უთხრას.

ახლა იმასაც მოგწერ, თუ რა მიზეზით გადმოვედი ამ კურთხეულ მღვდელმთავართან. [თავიდან] მამა აკაკის სიტყვას ვენდე, რომ მოგვწერა, პირველმა მღვდელმთავრებმა გვიღალატეს, ბრძოლა მიატოვესო და უამრავი სხვა რამ. მე კი, რადგან ყოველთვის გამოკეტილი ვარ, ჩემს ჭიშკარს გარეთ არ გავდივარ და არც სხვათაგანაც მოსულა ვინმე, რომ აეხსნა სადაა ჭეშმარიტება, სხვებივით ვფიქრობდი, რომ კარგად ვერ იყვნენ (ისინი, ვინც ახალ კალენდარს მისდევდნენ). თუმცა, არც ვმტრობდი, როგორც ზოგიერთი აქაური, რომელიც ილანძღება და უამრავ რამეს ამბობს. ამიტომაც, ჩვენმა კეთილმა ღმერთმა დაინახა, რომ საკითხის უმეცარი ვიყავი და არ დამტოვა ცდომილებაში, მიუხედავად იმისა, რომ მათეს მიმდევრები ხშირად მოდიოდნენ და ჩვეულ რამეებს მეუბნებოდნენ. მე პირიქით ვეუბნებოდი, რომ სქიზმა* (განხეთქილება) ყველაზე უარესია, ხოლო ერთსულოვნება ღმერთის მცნებაა და კარგი ნაყოფიც გამოაქვს. საბოლოოდ, იხილა რა ღმერთმა ჩემი ცოცხალი და მზეზე სუფთა სული, დამანახა, რომ ვცდებოდი და რომ მათეს ყველა მიმდევარი და სხვები, რომლებიც განხეთქილებაში გავიდნენ, ცდებოდნენ და უაზრო სქიზმას ქმნიდნენ, რითაც თავიანთ ამპარტავან სულებს ამძიმებდნენ. რამეთუ მიზეზი სხვა არაფერია, თუ არა მათი ეგოიზმი.

არ მაქვს დრო, რომ გიამბოთ, რა სასწაული შემემთხვა. ამიტომაც ვუხმე მამა ანტონს, რათა აეხსნა რა და როგორაა, და დანამდვილებით მივხვდი, რომ უმეცრებით შევმცდარვარ.

ხედავ უფლის სახიერებას? ხშირად ადამიანი უმეცრებით ცდება ან სხვები ჩაითრევენ ცდომაში, მაგრამ, თუ ადამიანი წრფელი სულისაა, ღმერთი არ ტოვებს, არამედ მრავალნაირად ანათლებს [და სწორ გზას უჩვენებს]. როდესაც ამაზე ვფიქრობ, თავი მიწად, ნაცრად, ჭიად მიმაჩნია [ღმერთის დიდებულებისა და სიკეთის წინაშე).

ვინ ვიყავი მე, ბრმა, ყოველგვარ სიკეთეს მოკლებული. ან რა სიკეთე მიმიძღვის ჩემი შემოქმედის წინაშე, რომ ასეთ მზრუნველობას იჩენს ჩემ მომართ, ასე ზრუნავს, რომ არ დავიღუპო, რომ ჩემს თანატოლებზე მეტად შემიყვარა და თავის მადლს უხვად მანიჭებს, რათა ვილაპარაკო, ვილოცო, ვწერო, ვიქადაგო მისი სიტყვები?!

ეს ყველაფერი არ გაკვირვებს, ჩემო დაიკო, როდესაც ჩემს საერო ცხოვრებას იხსენებ? აბა, ჩემი მონაზვნობა იქნებოდა? მაშ, რატომღა დრტვინავ და არ მადლობ ღმერთს? მეც რომ დავიწყო ჩემი განსაცდელების აღწერა, ვერ გაუძლებ. მიუხედავად ამისა, ღმრთისმშობლის მადლი ყოველივეს განაქარვებს.

დიონისეს მონაზვნობას ნუ აძალებ. კარგ გზაზეა. ბევრი მოკითხვა გადაეცი და დამიკოცნე. ახლა მას ცალკე მივწერ, რომ ერთი კონვერტისთვის ბევრი არ გამოვიდეს და არ გადმოვარდეს.

და მოთმინება იქონიე, რამეთუ დედოფალი ღმრთისმშობელი და ყოველთა ქალბატონი არ გვტოვებს. იგი ლოცულობს ჩვენთვის.

არ მწერ, რას შვრებიან მანოლი, მარუსო და სხვები.

ისევ მოგიკითხავ.

იოსები

[23] ერგინას

წმიდა მთა, 21 ივლისი, 1945 წ.

ჩემო საყვარელო დაიკო ერგინა, ჩემი სულის ნაწილო, მადლი და წყალობა მოვიდეს შენს კეთილ სულში, რომელმაც მცირე ასაკიდანვე შეიყვარე ქრისტე, თუმც მასწავლებელი არ გყავდა.

ორი დღის წინ მამა მინა გამოგიგზავნე, ახლა კი მეორე ეპისტოლეს პასუხს გწერ, რადგან დრო გამოვნახე. მონაზონთა დღევანდელი მდგომარეობა, ჩემო დაიკო, ფორმალურია, ანუ მხოლოდ ფორმალური მხარით კმაყოფილდებიან – პირად კანონს აღასრულებენ, ღმრთისმსახურებას იხდიან და ა.შ. – მხოლოდ იმ ტრადიციით, რაც ჩვენს გარეგნულ მოქცევას ეხება. ამაზე მეტი აღარ გვაინტერესებს, ამაზე მეტს აღარ ვზრუნავთ სულის შინაგან მდგომარეობაზე, რაც ყველაზე ძვირფასია, რაც სულის არსს შეადგენს, სადაც ნივთიერი უნივთოს* (მატერიალური არამატერიალურს) უერთდება, სადაც ადამიანი ღმერთს ერწყმის და უერთდება, იმდენად, რამდენადაც ჩვენს მიწიერ ბუნებას შეუძლია დაიტიოს.

ეს ყველაფერი დიდად მშვენიერი და მეტად კარგია, მოსასმენადაც საამოა, მაგრამ ყველანი გავურბივართ, ზურგს ვაქცევთ, რადგან გარჯას ითხოვს და ამიტომ გონებას შიშს ჰგვრის ამგვარი ღვაწლი. ღმერთი უნდა შეეწიოს კაცს, თორემ მის გარეშე ვერაფერს მიაღწევს. ადამიანის შინაგანი არჩევანი უნდა გამოიწრთოს. სხეულმა კი სისხლი უნდა დათხიოს, შიდა კაცს ტყავი უნდა გადასძვრეს, ძველი კაცი ცვილივით უნდა დადნეს. როგორც რკინას სცილდება ჟანგი ცეცხლში შეტანით, ასევე მოსდის ადამიანს. ნელ-ნელა მადლი მოდის და, როგორც კი მოუახლოვდება ადამიანს, ცვილივით დნება და იმ წუთებში კაცი ვეღარ სცნობს საკუთარ თავს. მიუხედავად იმისა, რომ გონება მრავალთვალიანი და გამჭვირვალე ხდება, ამ ზებუნებრივი მოქმედების დროს საკუთარ თავს ვეღარ არჩევს, რადგან ღმერთს უერთდება და მაშინ ჟანგი სცვივა, ბეჭედი აიხსნება, ძველი კაცი კვდება, დედობრივი სისხლი გამოდის, ბუნება განახლდება. თანაც ადამიანი სხეულებრივად არ იცვლება, არამედ მადლი მის ბუნებრივ ნიჭებსა და თვისებებს განანათლებს, აძლიერებს, განაახლებს და ამგვარად ცოცხლდება ყოფილი ადამი, ღმერთის ხატად შექმნილი. რამეთუ ახლა, რადგანაც მემკვიდრეობით ბოროტები ვართ, გახრწნილები და გაუძღომლები, ვართ ეშმაკის ხატები, რომელმაც ჩაგვყარა ამ მდგომარეობაში სისხლისა და განხურვების მეშვეობით.

მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მოხდება, ბევრი რამ არის საჭირო: უკიდურესი მარხვა, რათა დედობრივი სისხლი გამოშრეს და ნერწყვი – ეს ჭუჭყი – გაიწმინდოს, ხოლო ბავშვობიდან მეხსიერებაში ჩარჩენილი ცოდვის მოგონებები ჩაქრეს; ამას მუდმივი მღვიძარება, ძილის მოკლება უნდა დაერთოს, არა ერთხელ და ორჯერ, არამედ მუდმივად, რათა გონება, რომელიც ახლა უხეში და ტლანქია, ფაქიზი გახდეს, მესამე კი განუწყვეტელი ლოცვაა – გონებით, სიტყვითა და გულით.

როგორც სუნთქვის შეწყვეტით კაცი მოკვდება, ასევე გულმოდგინე და გამუდმებული ლოცვის გარეშე სული კვდება, რადგან, იძინებს თუ არა ახალი კაცი10, რომელიც გულმოდგინე ლოცვით ჩაისახება, განახლდება ვნებები — მტერს ხომ არასდროს სძინავს და დაუცხრომლად გვებრძვის. როგორც ჩვილი, რომელიც დედის მუცელში ჩაისახება, თუ მშობელი სუნთქვას შეაჩერებს, მოკვდება, ასევე ხდება სულიერი ჩასახვის დროს, როდესაც გონებრივი მუშაობა ჩერდება. ეს მარტო ამას რაც შეეხება, მაგრამ ბრძოლა ამით არ მთავრდება, წინ კიდევ ბევრია. მრავალ სულს უნდა შეებრძოლო. ამათგან ყველაზე დიდი სიძვის სულია, რომელიც ანძას ცამდე აღმართავს, უფსკრულში კი იძირება. შენ მარხულობ, ძილს იკლებ, ღაღადებ, უფალს მოუხმობ, ტირი, გტკივა, ის კი სატანის შემწეობით წამითაც არ ცხრება, არამედ აღძრულია – ცეცხლის ნაშობი ცეცხლი, ესავის თესლი, ბაბილონის ძე. შენ კვნესი, ქრისტეს ევედრები, ირტყამ, ტირი, გტკივა, ის კი გაჰკივის: „ქალი მინდა!“, თანაც ერთი და ორი დღე კი არა, არამედ რვა და ათი წელი, მანამ, სანამ ღმერთი შენს მოთმინებას არ დაინახავს, რომელიც სასოწარკვეთილებას აღწევს და მაშინ უფალი მოგაშორებს ამ ბოროტებას და ვნებაც გშორდება.

ეს ყველა ვნებას ეხება, მაგრამ ისინი არც სრულიად განიგდებიან, არც აქვთ ასეთი ძალა, რამეთუ გარეგნული და შეძენილია, ხოლო ცოლქმრობის ვნება ბუნებრივია და ადამიანი იბრძვის, რომ ბუნება შეცვალოს. მაგრამ ამის გაკეთება ადამიანს არ შეუძლია, არამედ მხოლოდ ღმერთს, რამეთუ მან დაუწესა ბუნებას ზღვარი, მხოლოდ მასვე ძალუძს ამ ზღვრის გადაწევა, როდესაც ინებებს.

მაგრამ, თუ მოვინდომებ, ჩემო დაიკო, სათითაოდ მოგწერო ჩემი განსაცდელები და ვნებები, წიგნის დაწერა მომიწევს, რამეთუ იმათ გარდა, რომლებიც ადამიანს მთელი ცხოვრება ებრძვიან და ადამიანიც ებრძვის მათ, არის ისეთებიც, რომლებსაც ღმერთი უშვებს ჩვენს გამოსაცდელად, ხოლო ის, რაც ჩვენი ნების გარეშე და საწინააღმდეგოდ ხდება, ძალიან დამღლელი და რთულად დასაძლევია. იცი, რას ნიშნავს არავის აწუხებდე და შენ გაწუხებდნენ? არავის ჰპარავდე, ხოლო შენ გპარავდნენ? აკურთხევდე და გწყევლიდნენ? იწყალებდე, შენ კი გჩაგრავდნენ? აქებდე და განგიკითხავდნენ? უმიზეზოდ მოდიოდნენ და გამხელდნენ? მთელი ცხოვრება შეცდომილს გეძახდნენ? შენ კი, თუმცა იცი, რომ არ არის ასე, როგორც ამბობენ, თანაც ხედავ, რომ განსაცდელი* (აქ: ეშმაკი) აქეზებს ამაზე, მაინც ვალდებული ხარ სინანული გამოხატო და იტირო, როგორც ამ ყველაფრის მიზეზმა?

ეს ყველაზე ძლიერი ბრძოლაა, რამეთუ არა მარტო ისინი გებრძვიან, არამედ შენც ებრძვი შენს თავს, რათა დაარწმუნო, რომ ყველაფერი ისეა, როგორც ადამიანები ამბობენ, თუმცა არ არის; ხედავ, რომ მართალზე მართალი ხარ, მაგრამ თავი უნდა დაარწმუნო, რომ მტყუანი ხარ.

ეს, ჩემო საყვარელო ერგინა, ხელოვნებათა ხელოვნება და მეცნიერებათა მეცნიერებაა. შენ თავს ჯოხი სცე მანამ, სანამ არ დარწმუნდება, ნათელს ბნელი უწოდოს, ხოლო ბნელს – ნათელი: რათა ყველა „უფლება“ გაქრეს და ქედმაღლობა სრულიად ჩაქრეს, სრულიად გონიერი უგნური გახდე, ყველას ხედავდე ისე, რომ ვერავინ ვერანაირად ვერ გხედავდეს.

ეს ყველაფერი მოკლედ – ზღვაში წვეთი. ამის დაწერის მიზეზიც სხვა არაფერი იყო, გარდა იმისა, რომ მწერ, მონაზვნების შეცდომებს ვხედავ და ამიტომ პატივს აღარ ვცემო. მეც გეტყვი, რომ მართალს ამბობ, მაგრამ ასე არ უნდა წერო, რადგან შენც მათი მსგავსი ხარ და ბიწისგან თავისუფალი არ ხარ. ცეცხლი და წყალი უნდა გაიარო11 და მაშინ გამოჩნდება შენი ღირსება. მნიშვნელობა იმას აქვს, უფალი როგორ დაგაფასებს, და არა ადამიანები. ადამიანებმა დაფასება არ იციან. უნდა დაგვაფასოს მთავარმა მწვრთნელმა, რომელსაც ასპარეზზე გავყავართ, ბრძოლას წარმართავს, ძალას გვანიჭებს, მოწინააღმდეგეებს ათვინიერებს, გვირგვინს ადგამს მოასპარეზეთ და დიდებას გვიწყალობებს.

ასეთ [ღმერთის მიერ პატივდებულ] ადამიანს ყველას მხილება ძალუძს, მისი კი ვერავის. ყველაფერს ხედავს, ზემოდან იმზირება, ზემხედველი თვალები აქვს, მას კი ვერავინ ხედავს. სათნოებას ეჟვანი არ უკიდია, რომ იწკრიალოს, ცნობისმოყვარეობა აღგიძრას და დანახვა მოგინდეს – ღმერთის არამატერიალური ძღვენია.

რატომ დაერქვა „მადლი“? იმიტომ, რომ არ დაინახვება, არ შემოისაზღვრება, არ წარმოიდგინება, ფერი არ მიეცემა. ღმერთის ნიჭი, საჩუქარია, გამოუთქმელი და ჩაუწვდომელი და მრავალმდიდარი სასწაულია. ამიტომაც იყო, რომ უფალი, ქუჩაში რომ მიდიოდა ხოლმე, სხვა ადამიანებს ჰგავდა, არადა, ნამდვილი ღმერთი იყო. ჭამს და სვამსო, ხალხი ამბობდა, მაცდური და ეშმაკეული უწოდეს.12 დღესაც ასეა: თუკი მადლზე, შიდა კაცის განწმედაზე დაილაპარაკებ, მაცდურად გთვლიან – შეცდომილიაო, იმწუთას იტევიან. ადამიანთა გონებიდან სრულად აღიხოცა იმის შეგნება, რომ „სასმისზე“ „შიგნიდან“ უნდა ვიზრუნოთ, როგორც უფალი ბრძანებს.13

ამის სიტყვებით სწავლა არ არის ადვილი, თუ ღუმელში არ შეხვედი, სხვანაირად გემოს ვერ გაუგებ. ეს წერილი და მეორე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოვაგზავნე, გადაიწერე და ხშირად წაიკითხე ხოლმე, რათა განათლდე მათგან და გონება დაიმდაბლო, და არ იფიქრო, რომ ადვილია ამგვარი რამეების ცხოვრებაში გამოცდა და სწავლა.

არ მწერ, დედა მელანია და ირინე სად არიან. გამოჯანმრთელდა? მოიკითხე ჩემი საყვარელი დიონისე. მოვიკითხავ ყველა ჩვენს და-ძმას. მოვიკითხავ ყველა ჩვენს ბიძაშვილ-დეიდაშვილ-მამიდაშვილს.14

მთელი სულით ვლოცულობ თქვენზე.

შენი მდაბალი ძმა

მილტიადეს ერთი პერანგი გამომიგზავნე, ერთი თავი ტულუმის ყველი, და სხვა რაც გინდა, ყველაფერი. მინდა ადამივით შიშველი ვიყო და ერთ გამოქვაბულში ვცხოვრობდე. აჰ, ნეტავ მხედავდე!

იოსები15

ბარბარეს

წმიდა მთა, 30 ივლისი, 1945 წ.

ჩემო საყვარელო შვილო, ჩემო პატარა კრავო, უფრო სწორად კი, ჩემი ქრისტეს ბატკანო, რომელიც დიდ ცხვრებთან ერთ საღმრთო სამწყსოში ხარ, სადაც სულიერი რძით იკვებები, იზრდები, ყალიბდები ღმერთის მადლით, ღმერთის მშვიდობით, სულიერი სიმშვიდით, რითაც იდიდება მამა, იხარებს ძე და განისვენებს ყოვლადწმიდა სული. უფლის მადლი და წყალობა შენს კეთილ სულს.

ჩემო საყვარელო გოგონა, ჩემი დის სისხლო და საღმრთო სულის ნაშობო, მიხარია, თუ გიხარია; უხარიათ მთავრობათ და ხელმწიფებათ17, ქერუბიმებს და სერაფიმებს, ანგელოზთა რაზმებს, მოწამეთა, წინასწარმეტყველთა, მართალთა და წმიდათა დასებს. ჩვენს ყოვლადუბიწო დედას, ყოველთა დედოფალს.

დღეს ჩემი სული გაახარე იმით, რაც მელნითა და ქაღალდით მითხარი. უკანას არ მივტირი, წინა მახარებს. უმცირესი უმეტესის მიერ იკურთხება18 – ცოდვაც, დიდი იქნება თუ მცირე, ჭეშმარიტი სინანულის მიერ ქრება.

ასე რომ, უკან კი ნუ იყურები, არამედ წინ წაიწიე19. ძალიან გამიხარდება, თუ ბოლომდე საქმით აღასრულებ იმას, რასაც მწერ, რამეთუ მტერი ბრძოლას [მონასტერში მისვლიდან] სამი-ოთხი წლის მერე გვიწყებს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მადლი გვშორდება, რათა გამოგვცადოს, ლამპარი ქრება და ის, რასაც ახლა ლამაზად მივიჩნევთ (და სინამდვილეშიც ლამაზი და მშვენიერია), უშნოდ, შავად და ბნელად გვეჩვენება. ამიტომ, მათ, რაც ახლა შეგემთხვევა, განსაცდელებად ნუ მიიჩნევ, რადგან ახლა სხვა ვინმე* (ღმერთი) გიფარავს.

თუ რჩევას მთხოვ, ჩემო საყვარელო შვილო, მე, მდაბალს, გეტყვი: მხოლოდ ფოთლებს ნუ გამოისხამ, არამედ ფესვები გაუშვი ღრმად, იპოვე წყარო, როგორც ჭადარმა, რათა განუწვეტლად ირწყვებოდე და ყვაოდე, ხოლო როდესაც გვალვა დადგება, არანაირი უარყოფითი ცვლილები არ გემუქრება, რამეთუ საკუთარი წყარო გაქვს ნაპოვნი: ანუ, როდესაც ის ლამპარი, რომელიც ახლა გინთია, ჩაქრება, შენ უკვე სხვა გექნება ანთებული შენი საქმეების წყალობით და ამგვარად, სიბნელეში არ მოხვდები.

ეს კი შემდეგნაირად მოიპოვება: პირველად საჭიროა სრული და განურჩეველი მორჩილება ყველასადმი, რაც სიმდაბლეს შობს. სიმდაბლის უტყუარი ნიშანი კი უზომო ცრემლებია, რომლებიც სამი-ოთხი წელიწადი წყაროსავით იდენს, რისგანაც, თავის მხრივ, განუწყვეტელი, ეგრეთ წოდებული გონებისმიერი ლოცვა იშვება – იტყვი თუ არა: „იესო ჩემო უტკბილესო“, ცრემლები წამოვა; იტყვი თუ არა: „სიყვარულო ჩემო, იესო“. თავის შეკავებას ვერ შეძლებ; იტყვი თუ არა: „ტკბილო ღმრთისმშობელო“, საკუთარ თავს ვერ შეიკავებ. ეს ყოველივე აწყნარებს მთელ სხეულს და სრულ მშვიდობას განიჭებს.

ერთ ძმას ერთხელ სურდა თავი შეეკავებინა, რადგან ცრემლები მოსდიოდა, ხოლო კარზე ვიღაც აკაკუნებდა, მაგრამ ვერ შეძლო მანამ, სანამ ცრემლები თავისით არ შეჩერდა. ასეთი ძალა აქვს! თუ ამ ყველაფერს შეიძენ, შინაგანი უსიამოვნო ცვლილებებისა აღარ შეგეშინდება, რადგან სხვა ბუნების ადამიანი ხდები.

გალობა თავმდაბლობით უნდა სრულდებოდეს, გონება ტროპარის აზრზე უნდა ნადირობდეს. აზროვნება გონების მიერ გააზრებულით უნდა ტკბებოდეს და მის ჭვრეტაში ადიოდეს. სულიერი კითხვაც ასე უნდა ხდებოდეს. ამ ყველაფრის მეშვეობით სული იზრდება და ძლიერდება, ხოლო ძველი კაცი კვდება, ახალი კი – განახლდება და იმატებს ქრისტეს სიყვარული. ამის მერე ადამიანს არაფერი ამქვეყნიური აღარ აკმაყოფილებს.

აგრეთვე, სხეულს რაც შეეხება, მთელი ძალისხმევით უნდა იღვაწო, რათა მუდამ სულს დამონებული იყოს. საერთოდ არ შეგეცოდოს. ჭამ თუ საქმიანობ, იესოს ლოცვას ნუ შეწყვეტ. ყველა ლოცვის დროს გონება უნდა მისდევდეს და იაზრებდეს, რას ლოცულობ და რას ამბობ. რამეთუ, შენ თვითონ თუ არ გესმის, რას ამბობ, ღმერთს როგორ შეუთანხმდები, როგორ მოგცეს, რასაც სთხოვ?

ეს იყოს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, მეტს რჩევას ნუ მთხოვ, რადგან „მეთაურის თანდასწრებით სხვა აღარავინ მეთაურობს“20. გყავს მოძღვარი და იღუმენია, მე ზედმეტი ვარ. ჩემი სული ვერ მოისვენებს.

დედაზე ნუ ღელავ. მე ნელ-ნელა, ზოგჯერ „ჰო“-თი, ზოგჯერ „არა“-თი, დავაწყნარებ და დაგაახლოვებთ. დიონისესაც რამეს მოვუფიქრებ. ღმერთის მადლით, ესაა ჩემი სამსახური. მაგრამ თქვენთვის წერა არ შემიძლია, რაც მოგწერე, იმას თუ დაიცავ, შენთვისვე იქნება სასიკეთო – მარადიულად ცხონდები და მეც გამახარებ, ხოლო თუ არ დაიცავ. მე პასუხს აღარ ვაგებ.

მოიკითხე ყველა და.

მოძღვარს21 წმიდა ამბორისყოფით ვცემ თაყვანს.

მოიკითხე კეთილი დედა იღუმენია.

უკანასკნელი იოსები

შენიშვნები

  1. მონაზონი თეოდისია(1894-1979) ქ. ედესის წმინდა სამების მონასტერში მიიცვალა. სიცოცხლის ბოლომდე დიდი მოწიწებით ინახავდა ამ წერილს, წმინდა იოსების ფოტოსურათს და მის მიერ გაკეთებულ კვერთხს, რომელიც თვითონ ბერმა აჩუქა. ↩
  2. სხვა გამოცემებში 1930 წელი წერია, რაც არ არის სწორი. ↩
  3. იგულისხმება ჩრდილოეთ საბერძნეთის ისტორიული ოლქი. ↩
  4. მკითხველი შეამჩნევდა, რომ ერგინის მიმართ ამ და უკანასკნელ წერილებს შორის 8 წელია გასული. უცნობია, მიმოწერა შეწყვიტეს თუ ჩვენამდე არ შემოინახა. ამ პერიოდში ერგინას მეუღლე – მილტიადე გარდაცვლილა, ხოლო ქალიშვილი, ბარბარე მორჩილი გამხდარა. შესაბამისად, ერგინა მხოლოდ დიონისესთან ერთად ცხოვრობდა. ↩
  5. ფსალმ. 102,1. ორიგინალში ტექსტი მეონე პირშია: „აკურთხე, სულო ჩემო, უფალი და ყოველო შინაგანო ჩემო, სახელი წმიდა მისი". ↩
  6. მოთმინება მოწმობს ჩვენს რწმენას. ↩
  7. სავარაუდოდ, გულისხმობს იმას, რომ უნდა იტიროს ღმერთის წინაშე და არა გაბრაზდეს. ↩
  8. ფსალმ.5,7 ↩
  9. ამ დროისთვის წმიდა იოსები უკვე წამოსული იყო ე.წ. „მათეელების" უკიდურესი დაჯგუფებიდან და ურთიერთობდა ზომიერ ძველმესტილეებთან, რომელთაც ქ. ფლორინის მიტროპოლიტი ქრიზოსტომი ხელმძღვანელობდა. 1951 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც 1950 წლის სექტემბერში ამ უკანასკნელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ელადის ეკლესია ახალ სტილზე გადასვლის გამო მწვალებლურია და მადლი დაკარგა, ბერმა იოსებმა საბოლოოდ დატოვა ძველმესტილეები და მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში გადმოვიდა. ↩
  10. სიტყვასიტყვით წერია „ცოცხალი სხეული“, რასაც ვარჩიეთ „ ახალი კაცი“, სავარაუდოდ, ბერი ამას
    გულისხმობს. ↩
  11. შეად. ფსალმ.65,12 ↩
  12. იხ. მათე 11,19; ლუკ. 7,34; იოან. 7,20; 8,48; 8,52. ↩
  13. შეად. მათე 23,26. ↩
  14. ბერძნულში ერთი კრებითი სიტყვაა. ↩
  15. სიტყვა „იოსები“ მიკროსკოპული ასოებით წერია ქვემო მარჯვენა კუთხეში, რადგან ქაღალდი გადავსებულია. ↩
  16. ეს არის პირველი ეპისტოლე, რომელსაც ბერი უგზავნის თავის დისშვილ ბარბარეს, როგორც მორჩილ მონაზონს. ↩
  17. მთავრობანი, ხელმწიფებანი – აქ: ანგელოზთა დასები. ↩
  18. შეად. ებრ. 7,7. ↩
  19. შეად. ფილიპ. 3,13. ↩
  20. ძველბერძნული სიბრძნე. ავტორი უცნობია. ↩
  21. გულისხმობს ბერ პართენის, თრაკიელ-მაკედონელთა მიძინების მონასტრის სულიერ მოძღვარს. ↩
Share