[11] დიონისეს
წმიდა მთა, 12/2/1935
ჩემო საყვარელო შვილო, ჩემი სულის სამკაულო, ჩემი სიბერის საყრდენო, ჩემო კარგო დიონისე, ჩემო საყვარელო ბიჭო, ნეტავ მალე გიხილო, როგორც ჩემს სულს სურს. ამინ.
ჩემო შვილო, ჩემო საყვარელო ბარტყო, გამოფრინდი ჩემთან. აი, სიყვარულით სავსე მამობრივ წიაღს გიშლი. გამოიქეცი, როგორც შველი, მე კი ცოცხალ წყალს დაგალევინებ. მოდი ჩვენს ტრაპეზზე1 და ცხოვრების პურს გაჭმევ. სწრაფი ნაბიჯით, დრო ნუ გაგყავს, რამეთუ სიკვდილი უკან გვდევს, როგორც მზაკვარი თანამგზავრი. წუთისოფელი მატყუარაა, ხოლო ცხოვრება – სატანის მახეებით სავსე, რომლებიც ორმაგ სიკვდილს მოგვიზღვავენ. ამქვეყნიური ტკბობა ჩრდილივით ქრება. ყველაფერი სიზმარივით განქარდება და ბუშტივით სკდება. ამაოებაა ყველაფერი.
ჩვენ კი აქ ზეციური ფილოსოფია გვაქვს არჩეული და საღმრთო საიდუმლოებს ვუღრმავდებით, გონებას შეძლებისდაგვარად გამჭვირვალეს ვხდით და ვცდილობთ მივწვდეთ იმას, რაც ხელებით მიუღწეველი, გონებით კი მიღწევადია, რაშიც ღმერთი გვეხმარება და ცეცხლოვანი ანგელოზები წინ მიგვიძღვიან, რომლებიც გვესაუბრებიან და ზეციურ გზებს გვიჩვენებენ სინდისის მეშვეობით. ყველაფრის ბოლო კი ის არის, რომ, როდესაც ჩვენი სული წავა, დატოვებს მიწას – ყველა ჩვენგანის დედას, უჩინო სხეულს, მაშინ ჩვენს ნამდვილ სამშობლოში გადავდივართ და ანგელოზებს, როგორც ძმებს, ვესაუბრებით, საღმრთო ამბორს ვუცვლით ერთმანეთს, მუდმივად განცვიფრებულ-განკვირვებულნი ზეციური მწყობრებით, მანამ, სანამ ჩვენს მეუფესა და მაცხოვარს მივწვდებით და მასთან უკვე განუყრელნი ვიქნებით.
ერთი სიტყვით, სირბილით მოდი, რათა ესოდენ სიკეთეებს არ დააკლდე. ქალწულება და უბიწოება შეინარჩუნე. ცუდ აზრებს მოერიდე. მორჩილი იყავი და გულისსიტყვები ხშირად თქვი2. მამაშენს შესტირე ხოლმე, რომ გამოგიშვას, თუ არა და, ჩუმად ვინმე ნაცნობ მღვდელთან ან სულიერ მოძღვართან ერთად წამოდი, ანდა მე გადავკვეთ ზღვას და წამოგიყვან ისე, რომ ვერავინ გაიგებს. საკმარისია მომწერო, რომ მზად ხარ. მარტო ვერ წამოხვალ, ვერონიკა და სხვები, ჩვენი ნაცნობები, ხომ მოდიან თესალონიკში და მე ვინმეს გამოვაგზავნი, რომ წამოგიყვანოს. ერთი სიტყვით, შენ გაემზადე, მომწერე და [დანარჩენი] ჩვენთვის ყველაფერი ადვილია. მხოლოდ შენმა დედიკომ მომწეროს და საკმარისია.
აბა, სხვა რა გინდა ჩემგან? სხვა რა გიყო? რა მუსიკას უკრავ – თუ არ გინდივარ, მოძღვარი სხვაგან გამგზავნისო? რა გინდა, რომ გული ამიჩქარდეს? შენზე საყვარელი ვინ მყავს? წამწამები გამიცვდა, იმდენს ვტირი შენთვის.
ბიძაშენი ნიკოლა კი ვეღარ იძინებს – ესიზმრება, როგორ მოდიხარ, როგორ გეხვევა, როგორ ჭამთ ერთად. როგორ იძინებთ და ა.შ. წამოდექი, ერთი სიტყვით, და ქამარი მოირტყი, როგორც კაცს შეშვენის.
ყველა მამა შენთვის ლოცულობს, ბიძა მოგიკითხავს.
მეც გეხვევი, მთლიანად შენი მამა,
ცოდვილი იოსები
[12] დიონისეს
[წმიდა მთა. ივნისი, 1935 წ.]3
დიონისაკოს.
ჩემო საყვარელო შვილო, ჩემო ოქროს დიონისე, ჩემო თვალთა ნათელო, ჩემი სიბერის საყრდენო, ჩემი სულის სამკაულო. აჰ, დიონისაკო, შვილო ჩემო, თვალთ დამაკლდა უკვე გზის ყურებით, როდის დაგინახავ და ამოისუნთქავს ჩემი ნატანჯი სული, რომელიც დიდად ირჯება და გულისტკივილით ლოცულობს შენთვის, რათა უფალმა სულითა და ხორცით ჯანმრთელად და საღად დაგიფაროს.
აჰ, ჩემო შვილო, ფრთხილად იყავი, მსოფლიო ძალიან წახდა, ეშმაკი კი ბოროტ გულისსიტყვებს თესს, რათა სულის გულმოდგინება შეანელოს. ამიტომაც, რამდენადაც შეგიძლია, კვერცხს მოერიდე, რამეთუ ამისგანაც იშვება ბოროტება, შენ კი ღმრთისმშობელს შეუვრდი ხოლმე.
[იესოს] ლოცვა თქვი ხოლმე, რადგან, თუ ეშმაკმა შეგაცდინა და რამე ცოდვას ჩაიდენ, მღვდელი ვეღარ გამოხვალ4, რაც გულდასაწყვეტი იქნება. ამიტომ, გაფრთხილდი, მაქსიმალურად თავშეკავებული იყავი, მეტანიები გააკეთე, საკუთარ სხეულს გაუბრაზდი ხოლმე, მოსცხე ხოლმე, ცუდ [ხორციელ] გულისსიტყვებს ცეცხლივით გაექეცი. საერთოდ არ მიაქციო ყურადღება, რათა ფესვი არ გაიდგან შენში. მეორე მხრივ, სასო არ წარიკვეთო, რადგან ღმერთი დიდია და შემცოდეთ შეუნდებს. ოღონდ, როცა შეცდომა მოგდის, სინანული უნდა გქონდეს და თავი აიძულო, რომ მსგავსი რამ აღარ ჩაიდინო. ამას მოკლედ გწერ, როდესაც მოხვალ, უკეთ ვისაუბრებთ. ოღონდ შენ მალე მოდი. ბიძაშენსაც ნახავ, რომელიც, ალბათ, ოციოდე დღის შემდეგ მონაზონი გახდება. ამიტომაც მანამდე მოდით.
ვლოცულობ შენთვის.
მამა იოსები
ნიკოლა მოგიკითხავს.
[13] ბარბარეს
[წმიდა მთა. ივნისი. 1935 წ.]
ბარბარესთვის.
ჩემო საყვარელო შვილო, სულო ჩემო, ჩემო პაწია ბარბარე, ოქროს გოგონავ, მივიღე შენი წერილი. მიხარია, რომ ჯანმრთელად ხარ და ვწუხვარ იმ ცოდვების გამო, რომლებსაც განუწყვეტლივ ჩაიდენ. ასეთი პატარა გოგო ხარ და ყველას როგორ ეკინკლავები?! ნეტავ, როდესაც ქრისტეს პატარა სარძლო გახდები, გამოსწორდები თუ ისევ ჩხუბისთავი იქნები?
ერთი სიტყვით, კი, გეპატიოს ყველაფერი, ოღონდ შემდეგში ყურადღებით იყავი, რადგან მკაცრ ეპიტიმიას დაგადებ. ზეციერი მეფის სარძლო ცუდს არაფერს უნდა აკეთებდე, არამედ ყველას მიმართ მდაბალი, უმცროსი უნდა იყო, თვალებზე მუდამ ცრემლები გქონდეს, იტირო და გული გტკიოდეს, რომ ზეციერი სიძის სიხარულის ღირსი გახდე. დედა ღმრთისმშობელს უნდა, რომ ყოველთვის ფრთხილები ვიყოთ და ღმრთის შიში გვქონდეს.
ახლა ამას გწერ, ხოლო როცა მოხვალ, მაშინ სხვაზეც და უთვალავ რამეზეც დავილაპარაკებთ. ახლა კმარა.
ბიძაშენი ლოცულობს შენთვის, მეც.
მამა იოსები
[14] მარგარიტას
[წმიდა მთა, ივნისი, 1935 წ.]
მარგარიტასთვის.
ჩემო შვილო, მარგარიტა, ჩემო კარგო და საყვარელო, გისურვებ, რომ კარგად იყო, რომ კარგი გოგო გაიზარდო და სამოთხის ღირსი გახდე. თუ გინდა და უფალსაც უნდა, რომ მონაზონი გახდე, ყურადღებით უნდა იყო, ჩემო შვილო, თავს უნდა გაუფრთხილდე. დაქალებს ნუ გაიჩენ, ჩაცმა-მორთვა ნუ გეყვარება, ილოცე, უფალი და ღმრთისმშობელი გიყვარდეს. უფალიც გაგინათლებს სულს, რათა კარგი გოგო გახდე.
ბიძაშენი ლოცულობს შენთვის, მეც.
მამა იოსები
[15] ერგინას
წმიდა მთა, 6 აგვისტო [1935 წ.]6
დაო ჩემო, საყვარელო, ჩემი სულის სამკაულო, ჩემო დაიკო ერგინა, გაიხარე ჩვენი უტკბილესი უფალი იესოს მიერ. ჩემო შვილო, მივიღე შენი ეპისტოლე და მიხარია, რომ ჯანმრთელად ხართ. ვლოცულობ, რომ ტკბილმა იესომ მალე მიიყვანოს საქმე სასურველ და ბედნიერ დასასრულამდე.
ასე რომ, უფლის იმედით მხნედ იყავი და განძლიერდი მის სიყვარულში, მანამ, სანამ მისი საღმრთო ბრწყინვალება თავზე დაგადგება და სულს გაგინათლებს. მოთმინება და სულგრძელება გამოიჩინე ყველა უსიამოვნო შემთხვევაში. მე კი შენი შემწე ვიქნები, შუამდგომელი, წინამძღოლი ყველაფერში. ამიტომაც სირბილით წაიწიე წინ საღმრთო გზაზე, უკანმოუხედავად. მხოლოდ წინ გქონდეს მზერა საღმრთო ძალის დახმარებით. დიდება წმიდა და კეთილ უფალს, რომელმაც, ვხედავ, დიდად გამოაღვიძა შენი გონება და ისე ცხოვრობ, როგორც უფალს სურს.
ლეონარდოზე მწერ, მაგრამ ზამთარი დადგა და ვეღარ მოვალ, გადავიფიქრე, იქნებ – გაზაფხულზე.
საქორწინე გარიგებას7 რაც შეეხება, ყველაფერი მანოლიზეა დამოკიდებული. თუ გითხრა წადიო, წადი, თუ არა და, მოისვენე. გოგოს სახელს ნუ შევურცხვენთ, თორემ მერე მანოლი იჯუჯღუნებს, თუმც მის ჩხუბს აზრი არ ექნება. ნეტავ რამე გადაწყვეტილება მიიღონ და გაიჭრას გორდიას კვანძი8. ერთი სიტყვით, ყოველთვის გონივრულად და რჩევის კითხვით იმოქმედე. ხალხმა არ იცის იმდენი, რამდენიც შენ. სიკეთე სიკეთე არ არის, თუ სიკეთით არ კეთდება.
ვლოცულობ აკაკიასა და ყველა ქრისტესმიერი დისთვის. სინკლიტიკიაზე არაფერი ვიცი. უფალმა გაანათლოს ყველა და ღმრთის გზაზე წარუძღვეს.
მოიკითხე მილტიადე, ჩემი ბარბარულა, უფალმა გაანათლოს და განწმიდოს, ოღონდ სხვა გოგოებს ნუ ემეგობრება, თუ სურს ღმერთს სათნო-ეყოს.
მარგარიტას ვუსურვებ, რომ კარგი გოგონა გახდეს.
(დიონისესთვის)
ჩემს დიონისეზე რა ვთქვა?
ჩემო შვილო, საწადელო შვილო, ჩემი სულის ნაწილო, ჩემო ბიჭო დიონისე, გაიხარე უფლის მიერ.
მივიღე შენი წერილი და სხვებზე მეტად შენით ვხარობ. მაგრამ შენი ორი ეპისტოლე არ მივეცი მ. ბართლომეს, არც დიაკვანს. გარდა იმისა, რომ ჯერ არც მოსულან, რომც მოსულიყვნენ, არ მივცემდი, რადგან პატარა ხარ და არ შეგეფერება, არც არის ორივე თქვენგანისთვის სასარგებლო. მე შენთვის საკმარისი მამა ვარ, დედა, ძმა, ბიძა, სულიერი მოძღვარი და ყველაფერი. სხვა მასწავლებელი და აღმზრდელი არ გჭირდება. ყურადღებით შეარჩიე ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობ. მოერიდე ძმაკაცებს და ძმაკაცობას, რათა არ დაიკარგო.
ბიძაშენი ნიკო ათანასე გახდა, ათონელი წმიდანის პატივსაცემად, რომელიც დიდი ლავრის წინამძღვარი იყო. მხნედ და ფრთხილად იყავი.
მე კი ყველა თქვენგანისთვის ვლოცულობ, რათა დაგიფაროთ და სულები გაგინათლოთ უფალმა.
შემდეგ ჯერზე ბევრს მოგწერ.
მდაბალი იოსები
[16] ერგინას
წმიდა მთა, 21 აპრილი, 1937 წ. (ა)9
ჩემს საყვარელ და ჭეშმარიტ დაიკოს, დამალულ მარგალიტსა და მის ორ ძვირფას ქვას, დიონისეს და ბარბარეს, და კეთილ მეუღლე მილტიადეს – უფლის მიერ ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ.
ჩემო დაო, ჩემი მდაბალი სულის სამკაულო, ეს-ესაა მივიღე შენი ეპისტოლე, რომელსაც მოუთმენლად ველოდი და გამიხარდა, რომ ჯანმრთელად ხართ. მე ცოტა ხნის წინ მქონდა მოწერილი, იქნებ უკვე მიიღე კიდეც.
მწერ, ჩამოდიო. თუ უფალმა განაგო, იქნებ ივლისში, ჩვენი დღესასწაულის10 შემდეგ ჩამოვიდე. მინდა ვნახო, შევძლებ თუ არა რამდენიმე წიგნი დავბეჭდო და ამით ვალი გავისტუმრო. შესაბამისად, მთელი ეს დრო შენ გვერდით ვიქნები. რადგან ადამიანთა ლიქნით ფრიად დავნაყრდი და ამიტომაც მიმოწერა ბევრთან შევწვიტე — ძალიან მამძიმებდა.
ერთი სიტევით, ამაზე ნუ დარდობ. შენს გასაჭირზე მეკითხები. ნუ მკითხავ, რადგან ყელამდე ვარ ჩაფლული, თუმცა სულიერად ძალიან მარგებენ ასეთი რამეები. იმედი მაქვს, რომ ღმერთის შეწევნით მალე ამოვისუნთქავ. თანაც, თუ ორი წიგნი დავბეჭდე, რომლებიც დიდი შრომითა და ტკივილით დავწერე მრავალი წლის წინ და ჯერ კიდევ სიბნელეშია *(არ გამოქვეყნებულა). ახლა კი, იხილავს რა ნათელს, ორმაგი სარგებელი მექნება: ძმებს სულიერად ვარგებ, მე კი ეკონომიკურად ვირგებ.
ასე რომ, შენი დური და თანამგრძნობი ლოცვები შემაწიე, თავად კი გამხნევდი და მოუთმინე უფალს და დადგება ჟამი, როდესაც შენი სული მისი ყოფნით გაიხარებს მადლის მიერ.
ასევე, გმადლობ ყველაფრისთვის, რაც ადრე გამომიგზავნე: ვერცხლს ვგულისხმობ, ყველს – ორჯერ, და დანარჩენს.
წინაზეც მოგწერე შეფარულად „შიშისათვის ჰურიათა“, მაგრამ შენ ვერ მიხვდი და კიდევ მეკითხები. ამაზე ნუ დარდობ. ჩვენ აქ ვიღუპებით, მარუსო კი ფულს გვთხოვს? ნეტავ გვქონდეს და [ფულს კი არა,] ჩვენს სულსაც შევწირავდით.
როცა მოვალ, შეიტყობ ჩემი გასაჭირების შესახებ.
მთელი სულითა და გულით ვლოცულობ შენთვის, თუმც ყველაზე უკანასკნელი ვარ.
მოიკითხე მილტიადე – გამიხარდა, რომ მომწერე, ცოტა დაწყნარდაო.
შენი მდაბალი ძმა,
მონ. იოსები
[17] დიონისეს
[წმიდა მთა, 21 აპრილი, 1937 წ. (ბ)]
ჩემს საყვარელ დიონისეს, ჩემს ძვირფას შვილს, ჩემი სიბერის საყრდენს, ჩემს იშვიათ მარგალიტსა და ზოგადად ჩემს იდუმალ იმედს – გიხაროდენ, და კვალად გეტყვი: გიხაროდენ!
ავიღე თუ არა ხელში შენი ეპისტოლე, ენა წამერთვა. ვთქვი: „ვინ არის ეს ბოსორიდან მომავალი, სამოსელი კი მისი მეწამულია?"11 რატომ დააყოვნა-მეთქი ასე მოწერა? იქნებ ჩემი ძე მეცადინეობდა-მეთქი, – ვიფიქრე.
ო, ჩემო შვილო, ფრთხილად იყავი, რადგან, ასაკთან ერთად ვნებებიც იმატებს და მათთან ბრძოლაც უფრო სასტიკი ხდება.
ყური დაუგდე ჩემს რჩევას. დედას გულს ნუ სწყვეტ, ნურც მამას, თუ გინდა ჟამით მრავალ იყო. დედის ლოცვა-კურთხევა ამტკიცებს სახლს, ხოლო წყევლა აღმოფხვრისო12, – არ გაგიგია? თუ ჩემს სიტყვებს დაიმარხავ, ნეტარი იქნები. სიბრძნე ბევრ სიმდიდრეს გერჩივნოს და გამუდმებით გამოიძიე, რა გარგებს, რათა კარგად წარგემართოს ცხოვრება.
მეგობრებს ნუ გაიჩენ, ნურც უაზრო ბოდიალი შეგიყვარდება, არამედ სულიერი წიგნების კითხვა, რომლებშიც უდიდესი საგანძური და წარმოუდგენელი სიმდიდრეა დაუნჯებული. სწორედ ეს კვებავს სულს და გვამტკიცებს ღმერთის ნების დაცვაში.
მ. ათანასე მოგიკითხავს და სხვა მამებიც,
მეც, შენთვის მლოცველი და სულიერი მამა იოსები.
თუ ჩამოვედი, სულ შენ გვერდით ვიქნები.
[18] ბარბარეს
[წმიდა მთა, 21 აპრილი, 1937 წ. (გ)]
ჩემს საყვარელ ქალიშვილს, ჩემს კეთილ მტრედს, ხმატკბილ ბულბულს, ჩემს კარგ გოგონა ბარბარეს. გისურვებ, რომ კარგად იყო სხეულითაც და სულითაც.
ო, ჩემო ასულო, მივიღე შენი ეპისტოლე და გავიხარე და ვილოცე, რომ უფალმა დაგიფაროს.
ფრთხილად იყავი, შვილო, რამეთუ უკვე გაიზარდე და აზრებიც გეცვლება. დედის გარეშე ნაბიჯიც არ გადადგა. დაქალებს ნუ გაიჩენ.
ასე, ჩემო ოქროს გოგონავ, რადგან ქვეყანა გაფუჭდა და განსაცდელიც*(აქ ეშმაკი) რომ ხედავს, რომ ღმერთი გიყვართ და მისმიერი მოშურნეობა გაქვთ, დასაბრკოლებელ ლოდს დაგიგებთ მახედ.
ისმინე და შეიყვარე ჩემი სიტყვები, რამეთუ ესენი დაგიცავენ დაბრკოლებისგან, რომ ფეხი არ წაჰკრა. არავის უყვარხარ ჩემზე მეტად – მზად ვარ საკუთარი სული დავდო ჩემი ქალიშვილისთვის.
საღმრთო წიგნები იკითხე, რათა სული გაგინათლდეს და სულიერ გზაზე დაგაყენონ. ეს იქნება შენი საუკეთესო მარადიული მზითვი და სიმდიდრე. ფრთხილად იყავი, დედას ნუ ეურჩები, ნურც მამას. ერის ადამიანებთან ურთიერთობას თავი აარიდე და ბავშვურ თამაშებს ნუ ითამაშებ, არამედ, როგორც ჭკვიანმა გოგომ – ეკლესია, სახლი და საღმრთო წიგნები.
მამა ათანასე ლოცულობს შენთვის, ისევე, როგორც სხვა მამები. მეც მთელი სუ- ლითა და გულით ვლოცულობ.
შენი მამა და მლოცველი,
ცოდვილი მონ. იოსები
[19] ერგინას
წმიდა მთა, 18 ივლისი, 1937 წ.
ჩემო საყვარელო დაო, ჩემო გულო ერგინა, ჩემო სულო, დაიკო ჩემო, შენს ორ ოქრო-ბრილიანტ, დიონისესა და ბარბარესთან ერთად. მთელი სულითა და ძალით გისურვებთ, რომ ღმერთმა დაგლოცოთ და იყოთ კურთხეულები და რომ მილტიადე სწორ და წმიდა გზაზე დააყენოს, და ყოველი თქვენგანი მართალთა სამყოფელში დაამკვიდროს.
ჩემო საყვარელო ერგინა, კვლავ მივიღე შენ მიერ ფარულად გამოგზავნილი, ეპისტოლეს გარეშე. რატომ ასე უხმოდ? ვიფიქრეთ, მრავალი საზრუნავი აქვს და ვერ მოიცალაო. მაგრამ იმ ორ ბრილიანტს, უფრო სწორად კი, ბულბულს რა მოუვიდა, თევზებად ხომ არ იქცნენ? მითხრან დიონისემ და ბარბარემ, როგორ არიან, მე კი მათ ჭიკჭიკს დავუგდებ ყურს და ნეტარი დავითის ქნარს გავიხსენებ13.
აბა, დაუკარი, ჩემო საყვარელო დიონისე, ჩამოჰკარი ენის სიმებს და მოვისმენ სირინოზის14 ხმას. ასევე ენასწრაფი ბარბარე დიონისეს ჰარმონიას აჰყვეს და მრავალ ხმოვანი სიმღერა გამოსცენ, რათა მე სნეული საულივით მანუგეშონ.
ვაი, ვაი მე, უბადრუკს! მოვუძლურდი, მაგრამ ჩემმა თვალებმა მაცხოვარება ვერ იხილეს15. მიუხედავად ამისა, იმის იმედი მაქვს, რომელმაც ბრძანა: „არა დაგიტეო, არა დაგაგდო შენ“16. სხვა ჩემი ხელით ნაწერიც გამოგიგზავნეთ ყველას, მაგრამ არსაიდან ხმა, არსაიდან გამოძახილი. ამიტომაც შევწუხდი და გული მეტკინა, თანაც, სხვათა შორის, ავად ვიყავი. გავიხსენე თქვენი პირველი მოშურნეობა და მთელი ღამე გულით ვტიროდი და ვთქვი: თუ უფალი არ მოდრკება ჩემს ლოცვებსა და ვედრებაზე, სადაცაა ჩემი შვილები დამივიწყებენ ამ ცრუ და ამაო სოფელში. ამას გწერთ და ველი თქვენს კარგ პასუხს.
და ისევ სიტყვას ჩემს საყვარელ ერგინას ვუბრუნებ. აჰ, ჩემო დაიკო! არ იცი, რომ თხუთმეტი დღეა, რაც მძიმედ დავსნეულდი ჩემი მრავალი გასაჭირის გამო, ამიტომ შენმა ცოტაოდენმა ყველმა დიდად მარგო. კიდევ გამოგზავნე. ღმერთის შემდეგ, მხოლოდ შენ მყავხარ, რომელიც ჩვეულ ნუგეშს გვიგზავნი ხოლმე.
თუ იღუმენიას ამბავიც გაინტერესებს, ყველანი გაყარეს სოფლიდან, მეუფემ [გაყარა], მაგრამ ალბათ მათივე ბრალია, რადგან სიყვარული არ ჰქონდათ ერთმანეთში, და ამგვარად ქუჩაში აღმოჩნდნენ, ხოლო მთელი ჩვენი შრომა და ასკეტური ოფლი წყალში ჩაიყარა, ამდენი ათასი ხარჯიც. მე ისინი უარვყავი, მოვიშორე, აღარც ვეკითხები, რამეთუ ქალებს, ჩემო შვილო, საშინელი ეშმაკი ჰყავთ შიგნით. სიყვარული არ აქვთ. შური, ეჭვიანობა, გაბუტვა, დაუფიქრებელი მოქმედებები – და საბოლოოდ ღმერთს აძევებენ თავიანთი თავიდან. ნურც მკითხავ, რა სავალალო მდგომარეობაში არიან. დადიან აქეთ-იქით და ყველაფერს მე მაბრალებენ! გარეთ გამათრევენ, მდუმარებას მაკლებენ, ვალებს მაღებინებენ, მანადგურებენ და ისევ მე ვარ დამნაშავე! ბნელი, უკუნი — ვერ ხედავენ რას ამბობენ და რას აკეთებენ. თვითონ მეზიდებიან, მოსვენებას არ მაძლევენ, და მაინც ისინი არიან მართლები…
ყველაფერი ევპრაქსიას ბრალია, რომელიც დაეხეტება ქუჩებში, მაგან წამოიწყო ყველაფერი, ახლა კი თავისი ვნებების ნაყოფს იმკის. კაცი რომ შეხედავს, წმიდანები ეგონება, მაგრამ თუ მოუსმენ, როგორ ჩხუბობენ, ეშმაკები არიანო, იტყვი! ასეა! შემაძრწუნა მათმა გაუწონასწორებლობამ და ცვალებადობამ, ღმერთის წყალობას მივანდე. აღარ ვზრუნავ მათზე. სამოთხე გავუშენე, ბაღი, წყარო, საუკეთესო სახლი – თვალის დახამხამებაში დააქციეს და წავიდნენ.
ერთი სიტევით, მე ქრისტესთან ერთად მდუმარებაში მშვიდად ვარ, მათ კი თავიანთი ბოროტების საფასური ქუჩებში გადაიხადონ. მათმა ენამ მოაწია ყველა უბედურება. ილანძღებიან, ილანძღებიან ისეთი სიტყვებით, რომლებსაც ერის ადამიანებიც კი არ ამბობენ, უწმაწური სიტყვებით, ბილწით, თითქოს ერთიმეორისთვის ეშმაკები გამხდარიყვნენ. ამიტომაც დაუშვა ღმერთმა, რომ ქუჩებში იწრიალონ გზააბნეულებმა წინამძღოლის გარეშე.
როცა კაცს სიმდაბლე არ აქვს, არ აკეთებს იმას, რასაც ეუბნებიან და ამიტომაც ეშმაკების მონა ხდება. თავიდანვე ჩავძახდი: დამტოვეთ უდაბნოში, ნუ დამათრევთ ქუჩებში, მომასვენეთ, ვინმე მოძღვარი იპოვეთ-მეთქი. ისინი კი არა, არა და არაო. ყოველ ორი დღეში: „ჩამოდი, ჩამოდი, ჩამოდი“. ახლა კი მეც ვალებში ჩამაგდეს და თვითონაც დაიძირნენ. მაგრამ მე, მადლობა ღმერთს, ნელ-ნელა ვიხდი ვალს, იმათ კი – დასარჩენი ადგილიც რომ არ აქვთ?
ერთი სიტყვით, იმიტომ გწერ, რომ ვიცი, გინდა გაიგო, რა ხდება. ასეთი სავალალო მდგომარეობაა. იმის გამო, რომ სული ჩამიწვეს, სიტყვაც კი – „მონაზონი დედა“ არ მინდა გავიგო, არც ვუპასუხო, როცა მწერენ. მოთმინების ნასახიც არ აქვთ. გველებივით ეპყრობიან ერთმანეთს, ეშმაკებივით. „შეძრწუნდი, მზეო“!
სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ სათანადოდ „შევამკო“ – რაც არ უნდა ვთქვა, მათთვის ცოტა იქნება. ერთს ვთხოვ ღმერთს, რომ დამიფაროს და სიზმარშიც არ ვნახო ისინი, რადგან სული ამომაძრეს, დამაავადმყოფეს და უნებლიედ საფლავში მაწვენენ17.
მოიკითხე დიონისე და ბარბარე. რაღაც უნდა გამომეგზავნა, მაგრამ, რადგან დავსნეულდი, ჯერ გამოვჯანმრთელდე და მერე. მილტიადეზე ვლოცულობ.
შენთვის კი მთელი სულით ვლოცულობ,
შენი მდაბალი მლოცველი მონ. იოსები
[20] ერგინას
წმიდა მთა, 12 ნოემბერი, 1937 წ.
ჩემო საყვარელო ერგინა, ჩემო დაიკო და სულო, ჩემო ძვირფასო სამკაულო, ორ ძვირფას ქვასა და საოცარ მეუღლესთან ერთად, მოგიკითხავთ ყველას მე, გამოუსადეგარი ტვირთი, კეთილი და წმიდა, უფალ ქრისტესმიერი ამბორისყოფით.
ისევ დიდი დრო გავიდა, რაც ჩემი კარგი და მშვენიერი მერცხლის ჭიკჭიკი არ გამიგია. ბარტყები დასნეულდნენ მხოლოდ ორცხობილის ჭამით18, განუწყვეტლივ პირს აღებენ მარცვლის მოლოდინში. შენ კი, დედა მერცხალო, საზრუნავებით გართულო, სრულიად დაგვივიწე, კეთილო მეყველევ.
დღეს მივიღე შენი ეპისტოლე და თვალით ვეძებდი ასოებს „კ“ და „ა“, რომლებითაც იწყება სიტყვები „კალათი“ და „ამანათი“, მაგრამ ამაოდ! არსად იყო. დაიკომ დაგვივიწყა. ხორციელებსაც და ყველიერებსაც19 ორცხობილით გავდივართ. არა უშავს, განვაგდოთ გემოთმოყვარების ფიქრები და სხვა რამეზე ვთქვათ.
ნამდვილად გამახარა ჩვენი დის ქორწინების ამბავმა და ვლოცულობთ, უფალმა გააბედნიეროს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის არც საკუთარი ხელით დაწერილი მოკითხვისთვის იხელთეს დრო, არც რამე ტკბილეული გამოაგზავნეს მოსაწვევით20. კეთილი, კეთილი, საიქიოში გვექნება ეს ყველაფერი. ოდნავაც არ ვწუხვართ ამის გამო.
შენ კი, ჩემო კარგო, რატომ დარდობ? რატომ იტანჯები? დაანებე თავი წუთისოფელს და წუთისოფლის ამბებს. ყველანი მწირები ვართ ამქვენად. ქრისტეა ჩვენი ძმა და ნეტავ მის ქორწილში გავიხაროთ. რას მიაჩერდი ამაოებას? შენ ახლა დედოფალივით ცხოვრობ. ნეტავ ისიც შენს ყოფაში აღმოჩენილიყო.
დედაზე მწერ, მაგრამ მე სურვილმა გადამიარა, თანაც სწორედ ამ სურვილის გამო გავიხლართე და დავიძირე. თუ უნდათ, დაუძახე ვინმეს, ვინც უნდათ, და წაუკითხოს ლოცვები, მე კი იმ ცხოვრებაში შევხვდები. დამხრჩვალს სხვისი დახმარება აღარ შეუძლია. როგორც გინდათ, ისე მოიქეცით. მე აქედან ვილოცებ.21
მწერ, რამდენი ხელსაქმე გამოაგზავნეო. დაიკო, მე ისიც კი არ მახსოვს, გამოვაგზავნე თუ არა. მაშინ წერილი გამოგიგზავნე შენ და ბავშვებს, თუ იქ წერია რამე, ხომ კარგი, თუ არა, არ მახსოვს. მაგრამ მიიღე საერთოდ ის წერილი, თუ ცენზურამ, ანუ შენმა ქმარმა დაიტოვა?
დაბოლოს, დედაზე გული დამწყდა — ამდენჯერ გამოვედი და ვერ გადაწყვიტეს. ახლა ვლოცულობ, ისე მოხდეს, როგორც ღმერთს უნდა.
მოიკითხე დიონისე და ბარბარე, მილტიადე, დედა, მანოლი და მარუსო და ახალი სიძე. მოგიკითხავ შენი მლოცველი,
მდაბალი მონაზონი იოსები
შენიშვნები
- ტრაპეზი – მონაზვნური საუზმე / სადილი / ვახშამი. ↩
- აღსარებას გულისხმობს. ↩
- ეპისტოლეები 12, 13 და 14 (დიონისეს, ბარბარეს და მარგარიტას) იმავე ფურცელზეა. თარიღი წერილს არ აწერია; გამოვთვალეთ ბერის ფრაზიდან – ნიკოლოზი ოციოდე დღეში მონაზონი გახდებაო. ↩
- თუ ადამიანს ნათლობის შემდეგ რამე სასიკვდილო ცოდვა აქვს ჩადენილი, ეკლესიის კანონების თანახმად, უფლება არ აქვს სასულიერო პირი გახდეს. სამღვდელო ხარისხის მიღება არ შეუძლია. ↩
- სავარაუდოდ, რომელიმე და ძმის შვილი იყო, რადგან წერს, ბიძაშენი ნიკოლაო. ↩
- მიუხედავად იმისა, რომ ეპისტოლეს წელი არ აწერია, მ. ათანასეს აღკვეცის ფაქტიდან გამომდინარე, ეჭვი არ არსებობს. ↩
- სავარაუდოდ, მათ დაზე – მარუსოზეა საუბარი. იხ. წერილი 20, გვ. 117. ↩
- გორდიას კვანძი — ძველბერძნული მითის თანახმად, ფრიგიის მეფე გორდიამ დახლართა კვანძი; ორაკულს ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ, ვინც ამ კვანძს გახსნიდა, აზიის მბრძანებელი გახდებოდა; ალექსანდრე მაკედონელმა გახსნის მაგივრად მახვილით გაკვეთა იგი. შესაბამისად, გორდიას კვანძის გახსნა (ან გაჭრა) ნიშნავს რაიმე რთული, დახლართული საკითხის გაბედულად, ძალის გამოყენებით გადაწყვეტას. ↩
- ეპისტოლეები 16, 17 და 18 ერთ ფურცელზე წერია. ↩
- სავარაუდოდ, ნათლისმცემლის შობას გულისხმობს (24 ივნისს / 7 ივლისს). ↩
- იხ. ეს. 63,1. ↩
- იხ. ეს. 3,9. ↩
- გულისხმობს, რომ განიქარვებს ნაღველს, ისევე, როგორც დავით მეფე და წინასწარმეტყველი ქნარზე დაკვრით ბოროტ სევდას უქარვებდა საულს (ის. 1 მეფ. 16,23). ↩
- სირინოზი – ძველბერძნულ მითოლოგიაში ქალთევზა, რომელიც არაჩვეულებრივად მომხიბლავი სიმღერით მეზღვაურებს იტყუებს და ღუპავს. ↩
- შეად. ლუკ. 2,30. ↩
- ებრ. 13,5; იხ. რჯლ. 31,6 და 8. ↩
- იმის გამო, რომ გეროვიცის მონასტრის სამწუხარო ამბავი ახალმომხდარი იყო (იხ. შესავალი, გვ. 46-47), ბერი ასე მკაცრად მოიხსენებს მონაზვნებს. მაგრამ მოგვიანებით უმრავლესობამ სინანული გამოხატა და ბერი მათ წერილებით მოძღვრავდა, განსაკუთრებით, მონაზონ ევპრაქსიას, რომელსაც თესალონიკში ხვდებოდა ხოლმე და სულიერად ეხმარებოდა. ამ უკანასკნელს ღირსეული აღსასრული ჰქონდა, მანამდე კი წმიდა იოსებმა იგი თავისი გარდაცვალების დღეს ხილულად მოინახულა (იხ. „წმიდა იოსებ ისიქასტი“, გვ. 147). ↩
- თავის თავს და მამა არსენის გულისხმობს. ↩
- დიდმარხვის წინა სამ შვიდეულს გულისხმობს, როდესაც ერთგვარი შეღავათებია ქრისტიანულ დიეტაში, დამდეგი რთული მარხვისთვის მოსამზადებლად. ↩
- საბერძნეთში საქორწილო მოსაწვევთან ერთად სპეციალურ ტკბილეულს აგზავნიან. ↩
- ბერი იმას გულისხმობს, რომ აღარ სურს ერში გავიდეს და დედა მონაზვნად აღკვეცოს, ამიტომაც ურჩევს მის გარეშე მოაგვარონ საკითხი. ხსენებული მონასტერი ის-ის იყო დაიშალა და ბერს გული ჰქონდა აცრუებული. საბოლოოდ, მაინც თვითონ გახდა დედის მიმრქმელი აღკვეცაში. ↩