წერილები 99–105 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

წერილები 99–105 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

[99] სხვა მონაზონ ბრიენას (კალამატა)

წმინდა მთა, 18/11/1954

მონაზონს, კურთხეულ ბრიენას და სავანის დანარჩენ დებს, გისურვებთ, რომ კარგად იყოთ.

მივიღე, ჩემო შვილო, შენი ეპისტოლე და ძალიან გამიხარდა, რომ ღმერთის სიტყვას ეძიებ შენი სულის სასარგებლოდ.

ასე რომ, სასმენლები გამიხსენი და სიკეთით აგივსებ. პირზე მოუკლებლივ გეკრას ლოცვა: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე“. შენი სუნთქვა ქრისტეს უტკბილეს სახელს შეუერთე, ხოლო როდესაც ეს დიდი ხანი გაგრძელდება, [მაშინ] გონება მიეჩვევა, სხვადასხვანაირად წარმოთქვას შინაგანი სიტყვით. ოღონდ ფანტაზია წარმოსახვებთან ფრთხილად იყავი, არამედ მხოლოდ ლოცვის სიტყვებს მიაქციე ყურადღება და დიდ სარგებელს მიიღებ. რამეთუ [იესოს] ლოცვის მეშვეობით გონება განიწმიდება, შემდეგ კი ლოცვას გულში ჩაიყვანს და დაიწყება მოძრაობა – ერთობა გონებისა, სიტყვისა და გულისა, და შენს შიგნით სამოთხე გექნება.

მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ [იესოს] ლოცვა განუწყვეტლივ იმეორო, თავი აიძულო ამისთვის, რათა ყველა ვნებისგან გათავისუფლდე. ასე რომ, გაისარჯე, შენც და სხვა დებიც, მოთმინება იქონიეთ, თავმდაბლები იყავით, იღუმენიას გამგონები და მორჩილები. ერთმანეთში სიყვარული იქონიეთ, ერთსულოვნება და მოუკლებელი ლოცვა. თუ [იესოს] ლოცვას მიაღწევთ, ეს ყველა სიკეთე მასშია. ამიტომაცაა საჭირო, რომ თავი აიძულოთ, ხოლო თუ თქვენ დაიწყებთ, ტკბილი იესო დაგეხმარებათ… და თუ კიდევ მომწერთ, ჩვენც თქვენი კითხვების შესაბამისად გიპასუხებთ.

მონაზონს, რომელმაც [იესოს] ლოცვა ვერ ისწავლა, ვერ გაუგია, რატომ გახდა მონაზონი. ბევრი მინდა მოგწეროთ, მაგრამ არ ვიცი, რა ნიადაგია, რომელზეც თესლს ვაბნევ. მაგრამ თუ გულმოდგინებას გამოიჩენთ, კიდევ მოგწერთ. პანტელეიმონმა მომწერა, თქვენთვის მომეწერა.

ასე რომ, გაისარჯეთ, ჩემო შვილებო, რადგან დასასრულთან ახლოს ვართ, და ყოველთვის და ყოველ წამს მზად უნდა ვიყოთ. ბრძენ ქალწულებს მიბაძეთ, და თქვენს სულზე იზრუნეთ, რათა უტკბილესი იესოთი დატკბეთ. კმარა პირველი ჯერისთვის.

მთელი სულით ვლოცულობ თქვენთვის.

მდაბალი ბერი იოსები

[100] მორჩილ სტავრულას

წმიდა მთა, 21 ნოემბერი, 1958 წ.

ჩემო საყვარელო შვილო სტავრულა, ვლოცულობ შენი ჯანმრთელობისთვის.

დღეს მივიღე შენი ეპისტოლე და ძალიან გამახარა შენი ჯანმრთელობის ამბავმაც და შენმა სინანულმაც. თუ, ჩემო შვილო, ისე გააგრძელებ, როგორც მწერ, მართლაც დიდ სარგებელს მიიღებს შენი სული, მტრედი გახდები, უფლისგან მადლს მიიღებს. ღმერთი იყოს შენთან. ასე რომ, იზრუნე, რომ შენი საქმე ბოლომდე მიიყვანო, და მეც მეყვარები უფრო მეტად, ვიდრე სხვა დები.

[იესოს] ლოცვაში თავი აიძულე. ლოცვა, იესოს სახელი, ეშმაკებს განდევნის, მის მზაკვრობას დახსნის და ადამიანს ყველა ვნებისგან წმენდს. როდესაც ვინმე ლოცვაში ირჯება, მისთვის მე ორჯერ მეტს ვლოცულობ და მრავალი ცრემლისღვრით ვევედრები უფალს. ახლა შენთვისაც, რადგან კარგად იწყებ, ბევრს ვლოცულობ. ყველას სიმძიმე იტვირთე, სიმდაბლე და თავისბრალობა. ჩემი ბრალია-თქო, – თქვი ხოლმე. „მე შევცოდე, ჩემო დებო, შევცოდე, მომიტევეთ“.

[იესოს] ლოცვა და ცრემლები. ნახავ, რამდენი ცრემლი წამოგივა და რა სიყვარული გექნება ღმერთის მიმართ. [იესოს] ლოცვა, სულ [იესოს] ლოცვა. თუ თავს ამაში აიძულებ, ჩვილივით უბოროტო გახდები, მხოლოდ კარგზე იფიქრებ. როდესაც გეძინება, [იესოს] ლოცვას იტყვი ხოლმე, როდესაც გაიღვიძებ – ასევე; ჭამის დროს, სიარულის დროს – განუწვეტლივ შენში [იესოს] ლოცვა ითქმება. ამიტომაც, გაისარჯეთ. ნუ ზარმაცობთ, ყველამ ერთად მიიღეთ საქორწინე შესამოსელი.

მარიამი რას შვრება? ავადმყოფობა გასდის? კარგად არის?

ისწრაფეთ, როგორც ბრძენმა ქალწულებმა, მანამ, სანამ კარი დაიხშობა და გარეთ დარჩებით. ჩემი სტავრო3, დიდად საყვარელი, როგორ არის? გაუგონეთ ხოლმე. დიდი მოკითხვა გადაეცი. მივწერე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ჩვენი ათენა4 რას შვრება? ორი ეპისტოლე მივწერე, ერთი მის ძმა ანდრიას. წირვები დაიწყო5 ამ თვის 15 რიცხვიდან, როგორც მივწერე.

ერთი სიტყვით, გავისარჯოთ, [რათა] ერთად წავიდეთ სამოთხეში.

მთელი სულით ვლოცულობ თქვენთვის.

მდაბალი ბერი იოსები

[101] სხვა მონაზონ ბრიენას (კალამატა)

წმიდა მთა, 8/12/1958

ჩემო კურთხეულო შვილო, ბრიენა, გისურვებ, რომ კარგად იყო.

მივიღე შენი ეპისტოლე და ძალიან გამახარა შენმა გულმოდგინებამ. გისურვებ, რომ უფალმა გაგაძლიეროს მის წმიდა ნებაში, ჩემო კურთხეულო შვილო.

ჩვენ ჩვენით არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, თუ ქრისტე თავისი საღმრთო მადლით არ დაგვეხმარა. მან პირველმა გაგვაცნო თავი, მაშინ, როდესაც ჩვენ მას არ ვიცნობდით. მან შეგვიყვარა და ჩვენც გვიყვარს. თუ ის არ იმოქმედებს. ჩვენში [არაფერი] კეთილი არ იძვრის.

ასე რომ, გახდი პატარა ბავშვი, ბავშვური უბრალოებით, და ფეხებში ჩაუვარდი შენს ტკბილ დედიკოს, [უფლის] უხრწნელ დედას, რომელსაც ხელში უპყრია დიდი ღმერთი, როგორც პატარა ჩვილი. და იტირე და [შემდეგი სიტყვები] იძახე იმ დიდი სიყვარულით, რომელსაც უფალი მოგანიჭებს: „ჩემო ტკბილო დედიკო, დამეხმარე, გზა მიჩვენე როგორ ვცხონდე! მიშუამდგომლე, ჩემო დედი, შენს შვილთან, წინ წარმიძღვეს ცხონებისკენ. რა არის მისი ნება, რომ აღვასრულო და რა უნდა ვითხოვო მისგან, რათა სულის თვალები ამიხილოს, რომლებიც დახუჭული მაქვს და მას ვერ ვხედავ, თუმცა ის ყოველ წუთას მხედავს, და მე განუწყვეტლივ გულს ვტკენ“.

მომისმინე, ჩემო შვილო. ძალიან ფაქიზად უნდა იარო.6 დიდი სიმდაბლე იქონიე: ის კი არა, რომ თავმდაბლურად უქმად ილაპარაკო, არამედ ნაგავივით უნდა გახდე, რომ ყველამ გაგთელოს – თუ გსურს, რომ ქრისტემ მოგიხილოს, შენი გული უნდა დარბილდეს, ბამბასავით უნდა გახდეს. ვისაც არ უნდა ელაპარაკებოდე, დაიხარე ხოლმე [და თქვი]: „შენ [უკეთ] იცი, ჩემო დაო, მაპატიე“.

როგორი სიფაქიზითაც ილაპარაკებ, იმავე სიფაქიზით მოგეპყრობა შენ ქრისტე. რა საზომითაც მიუდგები სხვებს, იმავეთი მოგიდგება ის შენ. როგორც შენ მიუტევებ სხვებს შეცოდებებს, ასევე მოგიტევებს ის შენებს. როგორი სიფაქიზითაც სთხოვ, იმავეთი გეცხადება.

ნუ იტყვი, ვითომ მორჩილებას ვწევ, არადა, მაინც ჩემსას ვაკეთებო, რამეთუ იღუმენიას კი არ სცოდავ, არამედ ღმერთს, რომელიც ახლოსაა და ყველა შენს მოძრაობას ხედავს. ყოველთვის შენთან ერთადაა. შენ ბრმა ხარ და ვერ ხედავ, რომ მას ჰყავხარ ჩახუტებული, მას სუნთქავ, მას ჭამ, იგი გმოსია, ვერასდროს მოატყუებ. შენსას ყველაფერს, რაც არ უნდა გააკეთო, ხედავს მანამდე, სანამ შენ გაიფიქრებ.

თუ იტყვი, პატარა ცოდვაა, არა უშავსო, მაშინ შენი ლოცვაც პატარა იქნება და ღმერთთან არ მივა. „არა უშავს“! ხოლო თუკი ამბობ და გნებავს, რომ შენი მცირე ლოცვა შესმენილი იყოს, მაშინ იცოდე, რომ შენი პატარა ცოდვებიც კი წარუშლელად ჩაიწერება და შენს მცირე სიკეთესაც აყალბებს.

ერთი სიტყვით, თუ ზუსტი და [სულიერად] ფაქიზი ხარ, ნუ აწყენ უფალს, რომელიც ყველაფერს ხედავს. გეშინოდეს იმისა, რომ იღუმენიას აწყენინო, ისევე, როგორც ნებისმიერ დას, რამეთუ იცი, რომ ამგვარად ღმერთს აწყენინებ. ნუ იტყვი, ზოგჯერ მართალი ვარო. თვალებიც რომ დაგთხარონ, შენს სიმართლეს ნუ ეძებ ნურასდროს, რადგან ქრისტე გყავს შემოსილი, რომელიც კაცი გახდა კაცისთვის და ის ყველაფერი დაითმინა, რათა ვეცხოვნებინეთ. ურჩ ადამიანს [კი] არ სცნობს.

შენ, ჩემო პატარავ, როდესაც ურჩობ, [იცი,] როგორ სწყვეტ გულს სულიერ დედას და [როგორ] წინ აღუდგები ღმერთის ნებას? იმწუთასვე გვაშორებს თავის მადლს და რჩები შიშველი, შენი სინდისი მწარდება, გონება გებინდება, და მრავალი დღის განმავლობაში რჩები, როგორც უხეში და უნაყოფო ნიადაგი. ოჰ, რომ იცოდე, რა ზარალი მოგადგება!

წმიდა [იოანე] კიბისაღმწერელი ხომ წერს, ჯობია ღმერთს აწყენინო, ვიდრე წინამძღვარსო7. რადგან, თუ ღმერთს აწყენინებ, წინამძღვარი გეგულება, რომელიც შენთვის ილოცებს და გეპატიება, ხოლო თუ წინამძღვარს აწყენინებ, ვინღა ილოცებს შენთვის?

ასე რომ, ჩემო შვილო, ფრთხილად იყავი. კარგად დაიწყე, რათა კარგადაც დაასრულო. გაისარჯე სანამ ახალგაზრდა ხარ, რათა სიბერეში მშვიდობა მოიმკო. გათენდება თუ არა, ყოველ დილით თქვი ხოლმე: „უფალო, ჩემო უტკბილესო იესო, ღირსი გამხადე, რომ ჩემი ეს დღე უცოდველად განვვლო“.

სამუშაოს გულმოდგინებით მოჰკიდე ხელი, ხოლო ბაგეებზე იესოს ლოცვა გქონდეს. და გახსოვდეს, რომ უფალი გხედავს, ანგელოზი კი ყველაფერს იწერს. ანგელოზი შენს საქმეებს იწერს, ხოლო უფალი – შენს ფიქრებს. ყოველწუთას შემდეგი სიტყვები უთხარი შენს თავს: „ბრიენა, მოიკრიბე გულისსიტყვები, უფალი გხედავს. ნუ მიედ-მოედები, არამედ [იესოს] ლოცვა შეგნებულად თქვი“.

იმას ნუ უყურებ, სხვები რას აკეთებენ. ნუ გსურს თავი გამოიჩინო, რომ რამე იცი. ის, რაც უნდა იცოდე, არის ის, რომ [იესოს] ლოცვა უნდა თქვა და შენს საქმეზე გქონდეს მოკრებილი ყურადღება. გახდი სულელი ქრისტესთვის, რათა უფალმა ბრძენი გაგხადოს.

თუ ამ ყველაფერს მიაღწევ, შენთვისვე იქნება კარგი, რამეთუ კარგი და სათნოებიანი მონაზონი გახდები, დანარჩენი დებისთვის მისაბაძი მაგალითი, და მოყვასისთვის სასარგებლო. ასე რომ, გაისარჯე, აიძულე თავი, და უფლის მადლი იქნება შენთან, რომელიც დაგიფარავს განსაცდელის ყოველი ბოროტი მოქმედებისა და გავლენისგან.

ვლოცულობ ყველა იმ დისთვის, რომლებიც შენთან ერთად ცხოვრობენ, განსაკუთრებით კი, იღუმენიასთვის, რომ ღმერთმა მადლი და ძალა მისცეს, რათა თქვენი სიმძიმე იტვირთოს, რამეთუ ტვირთიც მძიმეა და შრომაც დიდი.

მოგიკითხავთ,

მდაბალი ბერი, მრავალტანჯული მონაზონი იოსები, მღვიმელი

ნეა სკიტი, დაფნი, [ათონის] წმიდა მთა

სულიერი და ხორციელი ჯანმრთელობით შევხვედროდეთ დღესასწაულებს.

[102] მონაზონ მაგდალინეს (ამერიკა)

წმიდა მთა, 9/12/1958

ჩემო კურთხეულო შვილო მაგდალინე, ჩემო სულის წმიდა და საღმრთო ნაწილო, გისურვებ, რომ კარგად იყო.

მივიღე შენი ეპისტოლე და ვნახე, რასაც მწერ და ცრემლებამდე შემძრა. შენი სიმდაბლე გულს მიძრავს და მაიძულებს ძალიან შეგიყვარო, როგორც უფალმა სისხლმდინარე ქალი, და მეც მსგავსი სიტყვა გითხრა: „გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გაცხოვნა შენ. წადი მშვიდობით“9 და ამიერიდან ნუ დარდობ. სამოთხე გაიხსნება და იმ დღეს გამოგეცხადება იესო და დიდად გაიხარებ და მხიარული იხტუნებ, როგორც შველი.

ნუ დასტირი [შენს] სიღატაკეს, ტკბილი იესო ხომ იმისთვის მოვიდა დედამიწაზე და ივნო ჩვენთვის, რომ ზეცად აღგვამაღლოს გულწრფელი სინანულის მეშვეობით. საკმარისია მხურვალე გულით თქვა: „შევცოდე“ და იმწუთას გაგეხსნება ზეცა. ტკბილი იესო ბევრს არ გვთხოვს, არამედ მხოლოდ: „ვცოდე, უფალო, ცად მიმართ და წინაშე შენსა“10, და იმწუთას გესმის: „უფალმაც მოგიტევა ცოდვა შენი“11.

ოჰ, როგორი კეთილია ღმერთი, როგორი სახიერი! რამდენად ბედნიერები ვართ, რომ ასეთი კარგი მამა გვყავს! ასე რომ, გამხნევდი, ჩემო კურთხეულო შვილო, თამამად მომწერე შენი გაჭირვებების შესახებ. მე კი დიდი სიყვარულით გიპასუხებ იმას, რასაც უფალი მომანიჭებს.

დიდი მადლობა შესამოსელისთვის, რომ ასე გაისარჯე და დაიხარჯე. როდესაც მივიღებთ, ისევ მოგწერ. არ ველოდი, მაგრამ მივიღე თუ არა შენი ეპისტოლე, მოგწერე, რათა გამეხარებინე და იესოს სიყვარულით გამთბარიყავი. წერილი ჩემს კეთილ შვილ პანტელეიმონსაც მივწერე, და ვწერ, რომ მაგდალინესაც მისცეს და წააკითხოს, რათა ერთი და იგივე არ გწეროთ ორივეს. ყური დაუგდე ჩვენს ამ კურთხეულ შვილს და დიდ სარგებელს მოგიტანს. ყოყმანის გარეშე, თავისუფლად მომწერე შენი გულისნადები და ღმერთი დაგლოცავს. როდესაც მიიღებენ, ჩემს პატარა მღვდლებს დავსვამ, რომ მოგწერონ. ძალიან მადლიანები არიან, რადგან მოუკლებელი [იესოს] ლოცვა აქვთ. შენც გაისარჯე, რომ [განუწყვეტლივ] თქვა და ქრისტე მოვა შენში.

მთელი სულით გისურვებ, რომ ჯანმრთელობით შეხვედროდე წმიდა დღეებს – მაცხოვრის შობასა და კურთხეულ ახალ წელს.

ჩვენს საყვარელ შვილ პანტელეიმონს დიდი მოკითხვა გადაეცი.

იცოცხლე უფლის მიერ, ჩემო საწადელო შვილო მაგდალინე.

ეს-ესაა წერილი უნდა დამებეჭდა, რომ დაფნიდან შეტყობინება მოვიდა ამანათის შესახებ. ფოსტაშია და 2800 დრაქმას ითხოვენ, რომ გამოვიტანოთ. ერთი სიტყვით, დილით პატარა მღვდელს გავუშვებ, რომ დაელაპარაკოს, მაგრამ თუ დაიჟინეს, ამანათი უკან მოგიბრუნდება, რამეთუ არაფერი მაქვს, რომ გადავიხადო. შენ, ჩემო შვილო, გული ნუ დაგწყდება: უფალმა შენი ძღვენი ისე შეიწირა, თითქოს უკვე მიგვეღო, და ამიტომ სასყიდელსაც მიიღებ ქრისტესადმი შენი გულწრფელი სიყვარულის გამო. ჩვენც გულწრფელად გმადლობთ და გისურვებთ, რომ შენი კარგი სინანული ბოლომდე შეგენარჩუნებინოს, და ველი, როგორც მწერ, გაგრძელებას შენი გასაჭირების შესახებ.

დამავიწყდა მომეწერა, რომ ამ დღეებში ჩვენს საყვარელ შვილ პანტელეიმონს ერთ პატარა ამანათს გავუგზავნით. შენი კეთილი სულის გასახარად, ერთი ჯვარი ვიპოვე, რომელსაც ევლოგიად გიგზავნი, როგორც მთხოვე, და ვლოცულობ, რომ უფალმა უხილავად დაგლოცოს. დილით ჩვენი მღვდელი ორიოდე სიტყვას მიამატებს იმის შესახებ, დაფნის საბაჟოში რა მოხდება.

(მამა ეფრემის მინაწერი)

ჩვენთვის პატივსაცემო სულო, კურთხეულო ქრისტესმიერო დაო მაგდალინე, მე, უკანასკნელი მამა ეფრემი, სულის სიღრმიდან გისურვებ, რომ ჭეშმარიტმა ნათელმა, რომელიც განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად12, აღგიხილოს სულის თვალები, რათა იხილო ჭეშმარიტება და შენში ქრისტე გამოისახოს. ამინ.

ჩემო ქრისტესმიერო, დაო, დღეს მივედი დაფნის ფოსტაში, რათა თქვენი ამანათი გამომეტანა, მაგრამ გადასახადი მთხოვეს 2801 დრაქმი. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ ფულით გამოვიტანო. საბაჟოს მეშვეობით სამინისტროს მივმართე, იქნებ ათონელი მონაზვნების გადასახადებისგან გათავისუფლების კანონის თანახმად შევძლო გამოტანა. თუ არაფერი გამოგვივა, იცოდე, რომ უკან მოგიბრუნდება, და ზაფხულში გამოატანეთ, როდესაც ჩვენი თანამემამულეები საბერძნეთში ჩამოვლენ.

ყოვლადწმიდამ იხილოს თქვენი შრომა და განწყობა, და შეგვაძლებინოს გამოვიტანოთ.

ჩვენს საყვარელ ძმას, მამა პანტელეიმონს ჩვენი მდაბალი მოკითხვა გადაეცით.

ამანათი ჯერჯერობით დაფნის საფოსტო განყოფილებაშია. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. გიხსენებთ ქრისტესმიერი სიყვარულით.

დოლარი მივიღეთ.

ამ დღეებში მ. პანტელეიმონს პატარა ამანათს გამოვუგზავნით.

ვლოცულობ შენთვის მთელი ჩემი სულით, გისურვებ კარგ დღესასწაულებსა და „კეთილ აღსასრულს“.

იოსების საწყალი მამა ეფრემი

[103] მორჩილ სტავრულას

წმიდა მთა, 10 დეკემბერი, 1958წ.

ჩემო კურთხეულო შვილო სტავრულა, გისურვებ, რომ კარგად იყო.

მივიღე შენი ეპისტოლე და ვნახე, რასაც მწერ და გამიხარდა, რომ შენი სულისთვის ირჯები.

გაისარჯე, ჩემო შვილო, რომ დებს განუსვენო* (ასიამოვნო), ხოლო უფალი შენ განგისვენებს, თავის მადლს მოგცემს. მოთმინება იქონიე, მორჩილება გასწიე, ყველასთვის ნაგვის ურნასავით გახდი და მაშინ გაგანათლებს უფალი.

ის არის დიდი, ვისაც ყველაზე მეტი სიმდაბლე აქვს, სწორედ მას აძლევს უფალი მადლს. ვისაც ღმრთის შიში აქვს და ყველას ბავშვივით უგონებს და უფლის წმიდა ნების განუწვეტლივ ეძიებს, არასდროს ცდილობს საკუთარი ნება-სურვილი ასრულდეს, არამედ ნება ღმრთისა. ასეთი კაცი სხვას ყოველთვის ასე ეუბნება: „როგორც გნებავთ, როგორც იცით, როგორც გესმით“. რჩევას არავის აძლევს, რადგან თავი ყველაზე უმცირესად მიაჩნია. როდესაც რამის გაკეთებას დაავალებენ, გულმოდგინეა და ამბობს: „იყოს კურთხეული“13. როდესაც დაუძახებ, „მაკურთხე“, – გპასუხობს და პატარა ბავშვივით მორბის.

ერთი სიტევით, ჩემო შვილო, შენც ასე მოიქეცი, რადგან ამისგან ძრწიან დემონები და შორს გარბიან და მეტს ვეღარ გიახლოვდებიან. ძალიან ეშინიათ, როდესაც ხედავენ სიმდაბლეს, მორჩილებას და ყველასადმი სიყვარულს. შენ პირველი გაიქეცი ხოლმე ყველაფერში და სულ ეს სიტყვები იმეორე: „არაფრის მაქნისი ვარ, ძალიან უდები ვარ, მაპატიეთ და ილოცეთ, რომ უფალმა გონება გამინათოს“. ნურასდროს ბრაზდები. სოლო თუ ვინიცობაა, გაბრაზდი, თქვი ხოლმე: „მაპატიეთ, შევცოდე".

აიძულე საკუთარი თავი, გაისარჯე, ჩემო შვილო, და დარწმუნებული ვარ, რომ უფალი გაგანათლებს, რომ ყველაზე უკეთესი გახდე. მწუხარება და განსაცდელები რომ გეწვევა, მოთმინება იქონიე და უფალი გაგაძლიერებს იმაში, რომ უშიშრად გადალახო. მეც აქედან განუწყვეტლად ვილოცებ, რომ უფალმა გაგაძლიეროს.

ახლა ათინაც შენს გვერდითაა. არ მოგიწერია, როგორაა, კარგად არის? იღვწის? ბევრი წერილი მაქვს მისდამი მიწერილი. დიდი მოკითხვა გადაეცი. მოიკითხე ყველა და ილოცე მუდმივად.

ვლოცულობ თქვენთვის მთელი სულით.

მდაბალი ბერი, მონაზონი იოსები

სტავროს განსაკუთრებული ლოცვა-კურთხევა გადაეცი.

[104] სხვა მონაზონ ბრიენას (კალამატა)

წმიდა მთა, 9/1/1959

ჩემო კურთხეულო შვილო ბრიენა, მივიღე შენი ეპისტოლე და ვნახე, რასაც მწერ და გამახარა შენმა მოშურნეობამ.

ერთი სიტყვით, განაგრძე ისე, როგორც მოგწერე. ხოლო როდესაც რამე არ გესმის, ან რამე მოხდება და გამოსავალს ვერ იპოვი, და გენდომება ვინმემ აგიხსნას, მომწერე და მეც დიდი სიყვარულით მოგწერ.

მწერ: როდესაც ერთის ნებას ვასრულებ, ხშირად მეორეს სწყინსო. იმისთვის, რომ არავის ეწყინოს და ღმერთის წინაშე წესრიგში იყო, ყოველთვის ჰკითხე ხოლმე დედა იღუმენიას: „რას მიბრძანებ, დედაო? მავანმა დამ მითხრა, ასე გააკეთეო“. და რასაც გეტყვის, განუსჯელად აღასრულე, და არავის აღარ ეწყინება. მათ თვითონ არკვიონ იღუმენიასთან, თუ რამე არ მოსწონთ.

მორჩილებაში ყველაფერი შედის14, ხოლო ქრისტე ყოველწუთს გვირგვინს გიწნავს. მაგრამ იმისთვის, რომ შინაგანი სულიერი კაცი გაიზარდოს და დროთა განმავლობაში ვნებებისგან დამშვიდება პოვო და შენი კეთილი მოღვაწეობის ნაყოფი იგემო, ყველაფერს თან უნდა სდევდეს განუწყვეტელი და მოუკლებელი ლოცვა. მუშაობის დროს განუწყვეტლივ იმეორე [იესოს] ლოცვა, ბაგით იქნება თუ გონებით. სულიერი კითხვა გონებას ანათლებს და [იესოს] ლოცვაში გვეხმარება. ფიზიკური მუშაობა, როდესაც ზომიერად აღესრულება და შფოთს არ გამოიწვევს დიდად სასარგებლოა, რამეთუ სიმდაბლისკენ მიგიძღვის. თუ მიეჩვევი, ყველას „მაპატიე“ და „მაკურთხე“ უთხრა ხოლმე, ყველაფერში საკუთარი თავი ლანძღო და არასდროს ეძიო საკუთარი „უფლება“ და ნება-სურვილი, მაშინ მალე იხმევ სიმდაბლის ნაყოფს, ოღონდ ყველაფერში მოთმინება უნდა იქონიო, რადგან მოთმინების გარეშე უზეთო ლამპარი იქნები.

მინდა მომწერო ლოცვისა და კვების რა ტიპიკონი, რა განრიგი გაქვთ; რამდენი საათი საქმიანობთ, რამდენი საათი ისვენებთ, რა საქმეებს აკეთებთ, რამდენი წლის ხარ – რათა გავიგო, რა ტვირთს ზიდავ.

სიყვარულითა და უბრალოებით, მრავალი გულისსიტყვის გარეშე, მალე მიაღწევ წყნარ ნავსაყუდელს. გულში ღმრთისმშობლის ხატი ჩაიხუტე, თითქოს ცოცხალი ყოვლდაწმიდა ყოფილიყოს, როგორც დედიკოს ეხუტებოდი, პატარა რომ იყავი. მას გაანდე მთელი შენი ტკივილი და მასზე დაღვარე წმიდა და უბიწო ცრემლები, და მისგან მუდმივ ნუგეშს მიიღებ. ის გიშუამდგომლებს თავისი ძის წინაშე, რომელიც ძალიან კეთილია და კეთილები ძალიან უყვარს, ხოლო ცუდებს სწყალობს და ცოდვილებს აპატიებს. სწორედ ის აგიხელს სულის თვალებს, გულს საღმრთო სიყვარულითა და ტრფიალით აგივსებს, და მაშინ შენი თვალები ცრემლების ორ წყაროდ იქცევა.

გისურვებ, რომ ამას მიაღწიო.

მდაბალი ბერი იოსები

[105] მონაზონ მაგდალინეს (ამერიკა)

წმიდა მთა, 10/1/1959

ჩემო კურთხეულო შვილო მაგდალინე, ჩემო სულის წმიდა და საღმრთო ნაწილო, გისურვებ, რომ კარგად იყო.

ჩვენი უფლის მადლმა განგანათლოს, განგწმიდოს, ახალ წმიდა [მარიამ] მაგდალინელად გაგხადოს, რომლის უხრწნელი ხელიც აქ, სიმონპეტრას მონასტერში გვაქვს – ხელი, რომელიც ჩვენი უტკბილესი იესოს ფეხებს შეეხო. ეს ხელი თბილია, თითქოს ცოცხალი ადამიანისა ყოფილიყოს, და გამოუთქმელ კეთილსურნელებასაც გამოსცემს. იმდენი მადლი მისცა მას ქრისტემ.

ჩემო შვილო მაგდალინე, მივიღე შენი ეპისტოლე და ვნახე, რასაც მწერ და გამიხარდა, რომ ასეთი შემართებით ეძიებ შენს ცხონებას. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ შენი სიძე, ტკბილი იესო, მდიდრად მოგანიჭებს თავის მადლს. ხოლო ყოვლადწმიდა, მისი ტკბილი დედიკო, მფარველად გყავდეს და მას განუწყვეტლივ ევედრე. მისი საღმრთო ხატი ცოცხალივით ჩაიხუტე ხოლმე, ცრემლებით დაასველე. ისევე, როგორც წმიდა [მარიამ] მაგდალინელი იესოს ფეხებს დაალტობდა, და ამგვარად ხელშესახებ ნუგეშს მიიღებ, თითქოს შენ გვერდით ყოფილიყოს.

ღმრთისმშობელი ყველგან ასწრებს, ხოლო თუკი ვინმე მხურვალედ მოუხმობს, უხვად აძლევს თავის მადლს. ყველას შუამდგომელია, რადგან ღირსი გახდა უფალი ეშვა, ღმერთის დედა გამხდარიყო – ხელში უჭირავს ჩახუტებული და მუდმივად ევედრება.

ჩვენც, ცოდვილები, იმის გამო, რომ არ გვაქვს პირდაპირ ღმერთისადმი თხოვნის კადნიერება, მის დედას ვეძახით, რადგან იგი განგვაახლებს, მეორედ გვშობს, გვშუამდგომლობს, ყველა გასაჭირისგან გვიფარავს. იგია მფარველი და დამხმარე; ყველა ანგელოზზე უპატიოსნესი* (ყველაზე პატივცემული) და უდიდებულესი, წმიდა სამების შემდეგ, მეორეობის მქონე. თანაც, ჩემო მაგდალინე, ისეთი კეთილია, ისეთი ტკბილია, რომ გინდა, ყოველ წუთას ემთხვიო და მანუგეშებელი მადლი მიიღო. რაც უფრო მეტად გიყვარს, მით უფრო მეტად უყვარხარ.

ამანათზე ნუ წუხხარ, ჩემო შვილო, მე საერთოდ არ ვდარდობ – როგორც უფალს უნდა, იყოს მისი წმიდა ნება. გვითხრეს, სამინისტროში მიგვეწერა და მივწერეთ, და რაც უნდა, მოხდეს. მე შენს სულზე ვზრუნავ: რომ ერთი კენჭი მეც დავდო, რათა აშენდეს შენი სახლი ზეცაში, სადაც ყველაფერი უკვდავი და მარადიულია. აქ კი ყველაფერი ხრწნადი და წარმავალია – არის თუ არ არის, სული ამით არანაირად არ ზარალდება.

იზრუნე, რომ აღსარება სუფთად დაწერო, ბავშვობიდანვე. ძალიან სუფთად დაწერე, რამეთუ ბებერი ვარ და ვერ ვხედავ, სხვას კი არ ვაძლევ, რომ წამიკითხოს15. წერის დროს ნუ იჩქარებ. ოღონდ მალე გამოგზავნე, ვაითუ მოვკვდე: რათა მე გიყო სიკეთე და არა სხვამ, რათა ვუთხრა ქრისტეს: „აი, მე და ბავშვები, რომლებიც მომეცი შენ, ღმერთო“16.

შენ ჩვენთვის ნუ იხარჯები. რაც გააკეთე, გააკეთე. ქრისტემ სურნელოვანი მირონივით შეიწირა. მიუხედავად იმისა, ჩვენამდე მოაღწევს თუ არ მოაღწევს, შენ შენი გასამრჯელო მიიღე – ზეცაში ჩაიწერა. ნუ ტირი, რომ დაკარგე. ამ წუთიდან ჩემს შვილებთან ერთად ჩაგწერე. შენთვის ვლოცულობ მას მერე, რაც შენი პირველი წერილი მივიღე და ყოველ წირვაზე გიხსენებთ. გამხნევდი, არ მოკვდები, არამედ მარადიულად იცოცხლებ. მალე გამოგზავნე წერილი, ხოლო თუ რამე დაგავიწყდა, სხვა ეპისტოლეში დაწერე.

იზრუნე, რომ ქალბატონმა ვასილიკიმაც17 დაწეროს აღსარება, რომ, სანამ ცოცხალი ვარ, მოგაწესრიგოთ. გადაეცი მას ის პატარა წერილი, რომელსაც შენსაში ვაყოლებ. შეკვეთილი გამოგზავნოს, რომ არ დაიკარგოს.

ბაგეზე ასეთი პატარა ლოცვა გქონდეს: „ჩემო უტკბილესო იესო, მაცხოვნე მე“. მხოლოდ ის ერთადერთია მაცხოვარი, და იმედი გვაქვს, რომ გვაცხოვნებს. ოღონდ მოთმინებაა საჭირო. შენი ყოველდღიური ჯვარი იტვირთე და ხშირად იძახე: „ჩემო იესო, სად ხარ? ისწრაფე, მაცხოვნე, ვიღუპები!“ ის კი გიპასუხებს: „ნუ ხარ სულმოკლე, ჩემო შვილო, აქ ვარ ყოველთვის, შენ გვერდით. მოთმინება იქონიე, მოვა დრო, როცა ჩემთან წაგიყვან და მარადიულად გაიხარებ“.

ამანათებს ნუ გამოგზავნით, რადგან გადასახადებს ითხოვენ. არაფერი არ გვჭირდება. ოღონდ თქვენს სულზე იზრუნეთ. მისი ცხონებისთვის გაისარჯეთ, რამეთუ უკდავია.

საკმარისია, რაც დავწერე. როდესაც აღსარებას მივიღებ, ბევრს მოგწერ. ახლა პანტელეიმონსაც მივწერ, ჩემს კეთილ ბიჭუნას, რომელიც ცდილობს ყველა გაანათლოს, ქრისტესთან მიუძღვეს. შენი პატარა ძმა არის, ყოველთვის გაუგონე, რათა შენმა სულმა ირგოს, რამეთუ ძალიან კარგი და კეთილი მრჩეველია.

ვლოცულობ შენთვის მთელი ჩემი სულით.

მდაბალი ბერი, მონაზონი იოსები

შენიშვნები

  1. მონაზონი ბრიენა (არ აგვერიოს ბერის დისშვილ მონაზონ ბრიენაში) შემდგომში იყო ქ. კალამატის წმ. კონსტანტინე და ელენეს მონასტრის წინამძღვარი. სხვათა შორის, სწორედ მისდამი წერილები წაიკითხა ეპარქიის იმდროინდელმა პროტოსინკელმა (მიტროპოლიტის პირველი თანაშემწე), არქიმ. აგათანგელმა (ყოფილმა ქსენოფონტელმა, ათონელმა) და აღიარა: „უსამართლოდ ვადანაშაულებდით იმ წმიდა კაცსო“ (ბერ იოსებს), რადგან სწორედ ის იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელთაც თავის დროზე ბერს ცილი დასწამეს (იხ. შესავალი. გვ. 24-25, ქ. გეროვიცას წმ. ნიკოლოზის მონასტრის ამბავი). ↩
  2. ამ ეპისტოლეს, ისევე, როგორც ეპისტოლეების 103, 108, 115, 117, 121, 122 და 127, ადრესატი არის სამონაზვნე მორჩილი სტავრულა („სტავროს“ – ბერძ. ჯვარი), გვარად ფილიპონი. იგი არაოფიციალური მონაზვნური კრებულის წევრი იყო ექვს ახალგაზრდა ქალთან ერთად. რომლებიც ქ. ვოლოსის შემოგარენში, მცირე დასახლება სტაგიატესში დასახლდნენ. ბერი იოსები მათი სულიერი მოძღვარი იყო და მათთან მიმოწერით ურთიერთობდა. სხვათა შორის, სახლი, რომელშიც მოღვაწეობდნენ, წმიდანს უფლისგან ეჩვენა მანამ, სანამ გოგონები მას იპოვიდნენ. მოგვიანებით ამ დებმა პორტარიის მონასტერი დააარსეს იღუმენია მაკრინეს წინამძღვრობით. მორჩილი სტავრულა შემდგომში ათანასიას სახელით აღიკვეცა. გარდაიცვალა 2001 წლის 20 ივნისს, 84 წლისა, კუნძულ თასოსის მთავარანგელოსის მონასტერში, რომელიც ფილოთეუს სავანის მეტოქია. ↩
  3. სტავროს (ბერძ. Σταύρος) – კაცის სახელი. ↩
  4. ათენა (ბერძ.. Αθηνά) – ქალის სახელი. ↩
  5. გულისხმობს ორმოც შეკვეთილ წირვას. ↩
  6. გულისხმობს: „სიფრთხილით უნდა იცხოვრო, ადამიანებთან სულიერად დელიკატური იყო“. ↩
  7. იხ. „კიბე“, სიტყვა მეოთხე, მორჩილების შესახებ. ↩
  8. მონაზონი მაგდალინე აშშ-ში, ქ. ბოსტონში ცხოვრობდა, იცნობდა მ. პანტელეიმონს, რომლის მეშვეობითაც დაუკავშირდა წმიდა ბერს და მასაც და მის საძმოსაც მრავალ საჩუქარს უგზავნიდა. სწორედ მან შეუკერა სამღვდელო შესამოსელი მღვდელმონაზვნებს – ხარლამპისა და ეფრემს და ითხოვა ფოტო გავგზავნათ მისთვის (იხ. ფოტო 10). ასე რომ, ბერის რამდენიმე ფოტოსურათი, უპირველესად, მონაზონ მაგდალინეს წყალობით შემორჩა, ხოლო მის შემდეგ – კონსტანტინე კავარნოსის (1918–2011), ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ბიზანტიოლოგის მეშვეობით, რომელიც პირადად იცნობდა ბერს და შეიძლება ითქვას, მისი თაყვანისმცემელი იყო. წიგნში Anchored in God ერთ თავს სწორედ ღირს მამას უძღვნის. ამქვეყნიური ცხოვრების ბოლოს მონაზვნად აღიკვეცა. წმ. ანტონის სახელობის მონასტერში არიზონაში, რომელიც დიდი ბერის მოწაფე მ. ეფრემმა დააარსა. ↩
  9. ლუკ, 8,48; იხ. მათ. 9,22. ↩
  10. იხ. ლუკ. 15,18 და 21. ↩
  11. მეფ. 12,13. ↩
  12. იხ. იოან. 1,9. ↩
  13. ასე პასუხობენ მონაზვნები, როდესაც რამეს ავალებენ. ↩
  14. ბერს იმის თქმა სურს, რომ მორჩილება გულისხმობს სხვა სათნოებებსაც. სიყვარულს, სიმდაბლეს, შრომისმოყვარეობას და ა.შ., რომელთა გარეშეც ადამიანი მორჩილი ვერ იქნება. ↩
  15. ამ თემაზე ის. შემდეგი (106) ეპისტოლეს მინაწერი. ↩
  16. შეად. ეს.8,18 ↩
  17. ვასილიკი – საბერძნეთში საკმაოდ გავრცელებული სახელი, ითვლება „ბასილის“ მდედრობით ფორმად. ↩
Share