წერილები 106–112 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

წერილები 106–112 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

[106] მონაზონ პანტელეიმონს

წმიდა მთა, 10/1/1959

ჩემო საყვარელო და კურთხეულო შვილო პანტელეიმონ, ჩემო ნაშობო წმიდაო, გისურვებ, რომ კარგად იყო. [ასევე] გისურვებ, რომ ქრისტეს და მისი უტკბილესი დედიკოს მადლმა გაგანათლოს და ჯანმრთელობა მოგმადლოს, რათა სხვა სულებსაც გამოადგე.

ჩემო შვილო, მივიღე შენი ეპისტოლე და ვნახე, რასაც მწერ და ძალიან გამახარა შენმა ჯანმრთელობამაც და რომ ჩვენს და-ძმა ქრისტიანებს ამდენ სიკეთეს უკეთებ. ნამდვილად მართალია, რომ, რამდენადაც ადამიანი ისწრაფვის, რომ სხვას დაეხმაროს, იმდენად უფლის მადლი გარდაემატება მასში, რამეთუ სიყვარული არის ღმერთის მცნება* (ბრძანება), თანაც პირველი და უდიდესი: „შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა“1, „და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყვარო მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი“2. „ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი რჯული* (სულიერი კანონმდებლობა) და წინასწარმეტყველები“3.

მაშასადამე, რამდენადაც კაცს მოყვასის ცხონება სწყურია, იმდენად იმატებს მასში ღმერთის სიყვარული. ამგვარად, ბევრი შრომის გარეშე, დიდი ღვაწლის გარეშე. სწრაფად აღწევ მაღალ (სულიერ) საზომს, რადგან სიყვარული ყველაფერს შეიცავს. „არ ქედმაღლობს, არ უკეთურობს, არ ეძიებს თავისას, არ წყრება, არ იზრახავს ბოროტს“4 და ა.შ. ხედავ, რომ ყველაფრის ზიარია და მალე მიუძღვის უვნებობისკენ იმას, ვინც მასზე ზრუნავს? კარგად თქვა უფლის საყვარელმა მოწაფემ: „ღმერთი სიყვარულია და ვინც სიყვარულშია, ის ღმერთშია, ხოლო ღმერთი – მასში“5. ხედავ, ჩემო საყვარელო შვილო, უფალი ყოველთვის შენთან ერთადაა, როდესაც მის მცნებებს იცავ, ხოლო მირონსურნელი ანგელოზი ყველა შენს ნაბიჯს და საქმეს იწერს?

იკითხე, გთხოვ, წმიდა წერილი, ძველი აღთქმა და იქიდან რწმენისა და სიყვარულის საღმრთო ნექტარს შეიძენ; როდესაც ღმერთი მათ* (რჩეულ ერს) პირდაპირ ელაპარაკებოდა და ანგელოზები უძღოდნენ წინ.

ღმერთი ყველგანაა, არ არის ადგილი, რომ იქ ღმერთი არ იყოს. ყველაფერს ხედავს კიდეც და ყველაფერზე თვალსაც ხუჭავს. რამდენადაც შენ აქცევ მას ყურადღებას, უფრო მეტად ის გაქცევს. ეძახი: „ღმერთო ჩემო, სად ხარ?“, ის კი გპასუხობს: „აქ ვარ, ჩემო შვილო! შენ გვერდით ვარ მარადის“. შიგნით და გარეთ, ზემოთ და ქვემოთ, საითაც არ უნდა მიბრუნდე, ყველაფერი ხმამაღლა გეუბნება: „ღმერთი“. „მასში ვცოცხლობთ და ვმოძრაობთ“6. ღმერთს ვსუნთქავთ, ღმერთს ვჭამთ, ღმერთი გვმოსია. ყველაფერი ღმერთია. მთელი ქმნილება ამას გაიძახის. ყველაფერი ქადაგებს, ხილული და უხილავი, და ღმერთს ადიდებს. „ყოველი სული აქებდით უფალსა“7!

წმიდა სახარება ყოველთვის ჯიბეში გქონდეს, და როგორც კი მცირე დროს იხელთებ, ერთი მონაკვეთი წაიკითხე. ქრისტე ნათელს გაძლევს და თავისი მცნებებისკენ მიგიძღვის. სიყვარულს გივსებს და გიბიძგებს, რომ მას მიბაძო.

მის დედას განუწყვეტლივ უძახე, დაუჯდომელი წაუკითხე, და ყველანაირი ბოროტებისგან დაგიცავს და დაგიფარავს. უბეში ყოველთვის ღმრთისმშობლის პატარა ხატი გქონდეს, რათა თაყვანისცე ხოლმე, როდესაც ჯდები ან დასაძინებლად წამოწვები. და რაც უფრო მეტად გიყვარს, უფრო მეტად უყვარდები, და თითოეულ შემთხვევაში, როდესაც მოუხმობ, საგრძნობლად განიცდი ხოლმე მის დახმარებასა და ნუგეშს. იგი ყოველთვის და განუწვეტლივ შუამდგომლობს თავისი ყველა შვილისთვის, რომლებიც მას მოუხმობენ.

მაკრაკისტებზე8 მწერ. თავი შორს დაიჭირე მათგან, რადგან ეგ კაცი დიდი მწვალებელია. წაიკითხე სხინას ბიბლიოთეკების9 ყველა შარშანდელი ნომერი, [ბერი] ფილოთე ზერვაკოსის პუბლიკაციები და გაიგებ, თუ რას ამახინჯებს სწავლებაში. სხინას სთხოვე მაკრაკის ცდომილებები გიჩვენოს. გაექეცი, მწვალებლებს საერთოდ ნუ დაელაპარაკები, რადგან შენი სუფთა სული დაბინძურდება მათი მკრეხელური სიტყვებით. მართლმადიდებელმა ეკლესიამ ისინი განკვეთა.

მწერ, რომ ამანათი გამოგიგზავნია. კი მაგრამ, არ გაგიგია, რომ დიდ გადასახადებს გვთხოვენ? ნურაფერს გამოგზავნი, ჩემო შვილო, უკან დაგიბრუნებენ. დიდი მადლობა. გასამრჯელო კი მიიღე, შენც და მაგდალინემაც. ოღონდ ნუღარ გამოგზავნით. ფულიც მივიღე. გმადლობ. ახლავე ხატების ვალს გადავიხდი.

წერილი მივწერე მაგდალინეს და იმ ქალბატონს; როგორც ჩანს, კარგი ქრისტიანია. კანდელებს ნუ გამოგზავნი, ნურაფერს, ნურაფერს. ნურც ფულს – დაიტოვე. რომ თავი შეინახო, რათა ავად არ გახდე. შენ სუფთა საკვები გჭირდება. იყიდე წიგნი „მწირები“10 და ქრისტიანებს დაურიგე, რათა სარგებელი მიიღონ. მხოლოდ ის ფული გამოგვიგზავნე ხოლმე, რომელსაც შეკვეთილი წირვებისთვის გაძლევენ, ჩვენთვის ეს საკმარისია. ვალს სადაცაა გავისტუმრებთ. ნურაფერს დარდობ, მწუხარების დროს, სნეულების დროს მოთმინება იქონიე და ქრისტეს ლოცვა იძახე – ნუ მოშორდება შენს ბაგეს, ხოლო მისმა და ჩვენმა ტკბილმა დედიკომ დაგიფაროს ყოველივე ბოროტისგან და ყოველთვის წარგიძღვეს თავისი ძის ნების აღსრულებისკენ.

ყველა მოგიკითხავს.

გემთხვევი.

მდაბალი ბ. იოსები

ქალბატონი ვასილიკის აღსარების შესახებ რომ მეკითხები, ადვილი რამაა: მიგზავნიან, მხოლოდ მე ვკითხულობ; მე ვწყვეტ, საჭიროა თუ არა ეპიტიმია; რაც საჭიროა, მამა ხარლამპის გადავცემ, რომელსაც შეკვრა და გახსნა შეუძლია* (როგორც მღვდელს). შემდეგ კი, ის ხელში იღებს აღსარებას და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ხატის წინაშე შენდობის ლოცვას უკითხავს [წერილის გამომგზავნს]. სკოლის მოწაფეებისთვისაც ასე ვიქცევით.

ისევ მე

ჩემი ჯვრები ერთ კონვერტში ჩავდე: დიდი – მაგდალინეს, ერთი – ქალბატონ ვასილიკის, ერთი – მის დედას, ერთი – კლიოს11 – ყველა [ჯვარი] ორმხრიანი; დანარჩენი კა შენ დაიტოვე და როგორც გინდა, ისე განაგე.

[107] მონაზონ პანტელეიმონს

[წმიდა მთა, 12/1/1959]12

ჩემო საყვარელო შვილო, ჩემო პანტელაკი13, ჩემო სულის ნაწილო, ყოველთვის ვლოცულობ და ვევედრები [უფალს] შენი ჯანმრთელობისთვის.

გუშინწინ წერილი გამოგიგზავნე. ახლა მხოლოდ ორ სიტყვას ვამატებ: რადგან ფოტის მისამართი დაიკარგა, ვასილიკი – რომელმაც ჯვრები იყიდა, ამბობს, რომ მისი წერილები შენთან გამოვგზავნო ხოლმე; არ უნდა, რომ მისიანებმა იცოდნენ. ამიტომაც შენი მისამართი დავაწერე, რომ იცოდე.

ისევ მოგიკითხავ,

მდაბალი მოხუცებული იოსები

ჰკითხე მაგდალინეს, ამანათში ორი წყვილი მცირე დაფარნა ხომ არ იყო? რადგან ერთი წყვილი მცირე დაფარნა იყო შიგნით და 2 ჰაერი* (დიდი დაფარნა). ამიტომაც ვკითხულობთ14.

ძალიან გთხოვ, დურბინდს ნუ იყიდი, როგორც მწერ. ცოდვაა ამდენი ფულის გადაყრა.

ისევ მე

[108] მორჩილ სტავრულას

წმიდა მთა, 12 იანვარი, 1959 წ.

ჩემო კუთხეულო შვილო სტავრულა, გისურვებ, რომ კარგად იყო.

მივიღე, ჩემო შვილო, შენი ეპისტოლე და ვნახე, რასაც მწერ და გული შემეძრა და ძალიან შევწუხდი თქვენთან არსებული მდგომარეობის გამო. მოთმინება იქონიეთ. ახლა, როდესაც თქვენთვის ორმოცი [შეკვეთილი] წირვა აღესრულება, ნუ იკინკლავებთ, სიყვარული იქონიეთ ერთმანეთში, ერთსულოვნება, რათა საღმრთო წირვების მადლმა გაგანათლოთ.

ხედავ, შვილო, როდესაც მტერი უფლებას მოიპოვებს, როგორ სტანჯავს ადამიანს? ამიტომაც ფრთხილად იყავი, ნუ ჩხუბობ ნურცერთ დასთან, რადგან, ვაი, რომ ასე განსაცდელს გასაქანს ვაძლევთ და ადამიანში შედის და ვაი, როგორ სტანჯავს მას! აქ ჩემთან მრავალი ასეთი ჰყავთ მოყვანილი სხვადასხვა დროს და ნანახი მაქვს და ვიცი რა არის. თქვენ არ გინახავთ, ამიტომაც ფრთხილად იყავით.

სტავრო ბევრ რამეს გეტყვით, როდესაც მოვა – სულიერს, რაც მე ვუთხარი. ფრთხილად იყავი, ჩემო სტავრულა, რამეთუ ძმამ მითხრა, რომ არ ხარ მორჩილი და გამგონე და ამიტომაც ვერ ისვენებ.

ერთი სიტყვით, დაე, გახდეს მარიამი15 პირველი წინამძღვარი, საკმარისია, რომ კმაყოფილები იყოთ. თურმე ენა მიგაქვს აქეთ-იქით და აბრკოლებ ერთმანეთზე. ჯობია მოისვენო, ნუ ერევი, და ღმრთისმშობელი მოგიტანთ მშვიდობას. ლიტურგიები გაგანათლებენ.

გონებაში მუდამ [იესოს] ლოცვა იქონიეთ. ვინც იესოს ლოცვას მოუკლებლად ამბობს, მასში განსაცდელი ვერასდროს შეაღწევს. ერთი სიტყვით, იესოს ლოცვა გაკლიათ და ამიტომაცაა, რომ მშვიდობა არ გაქვთ. თავი აიძულეთ; განუწყვეტლივ იესოს ლოცვა; ცრემლები, რამდენიც შეგიძლია – რათა სატანამ არ დაგანაწევროთ. ერთი მუჭა ხართ, თანაც პატარაობიდანვე ერთად იზრდებით და არ შეგიძლიათ ერთმანეთში სიყვარული იქონიოთ?

უფალი თავის მადლს იმას მისცემს, ვინც მშვიდომისმყოფელია, ვისაც სიყვარული აქვს, სიმდაბლე, მორჩილება და ყველაზე უმცროსი ხდება სიყვარულის ხათრით. ასე რომ, იზრუნეთ, რომ სიყვარული და ერთსულოვნება გქონდეთ.

ქრისტეს და ღმრთისმშობლის, და ჩემი, ცოდვილის ლოცვა-კურთხევა გქონდეთ. მთელი სულით გისურვებთ, რომ სიყვარული და ერთსულოვნება გქონდეთ, რამეთუ განსაცდელს* (აქ: ეშმაკს) სწორედ ეს უნდა – რომ დაგანაწევროთ და ქუჩაში გახეტიალოთ.

უკანასკნელი ბერი იოსები

[109] სტუდენტ იოანეს

წმინდა მთა, 1959 წლის მარტი

ჩემო საყვარელო შვილო იოანე, ჩემო სულის წმიდა ნაწილო, გისურვებ, რომ კარგად იყო.

ძალიან კარგად ხარ, ჩემო ძვირფასო შვილო, და ამიტომაც შეგიყვარა ქრისტემ. ბოლო ნიშანი იმისა, რომ უყვარხარ, არის ის, რომ მადლმა ბავშვობიდანვე მოიხილა შენზე და გარიგებს.

გაფრთხილდი, თავს გაუფრთხილდი, მცირეოდენი მწარე სიამოვნებისთვის ნუ აწყენინებ ჩვენს ესოდენ ტკბილ ღმერთს. ეს ყველაფერი სატანის შურით ხდება, რომელსაც სძულს [ყველა] ის ადამიანი, რომელსაც ქრისტემ თვალები აუხილა. ასე რომ, გაიღვიძე, ჩემო საყვარელო შვილო, და თავს გაუფრთხილდი, რადგან უფალი ხედავს იმას, რასაც შენ ვერ ხედავ. საუკეთესო და უტკბილესი ქრისტე ცდილობს თვალები აგიხილოს, რათა იგი შეიცნო. ეჰ, როგორი კეთილია!

ხოლო ბოროტი, ხედავს რა ამას, ცდილობს თვალები დაგიხუჭოს გახრწნილი და ცოდვილი სიამოვნების მეშვეობით.

ამიტომაც, ჩემო ძვირფასო შვილო, იესოს სახელის მოხმობას ნუ შეწყვეტ. ყველა შენს ამოსუნთქვაზე ეს სახელი გამოიძიე, თუნდ გონება გეფანტებოდეს. ნუ დარდობ – ამგვარი განუწყვეტელი ძიება და მუდმივი წადილი მისი პოვნასა აიძულებს, რომ თვითონ მოვიდეს და გიხილოს. და შენს გულში აღმოცენდება მაგრილებელი წყარო, რომელიც ხმობს: „იესო ჩემო, უტკბილესო, მაცხოვნე მე”. და მაშინ განუწყვეტლივ იხარებ უტკბილესი იესოს ხმაზე. ოღონდ ფრთხილად იყავი და ცოდვისა გეშინოდეს – თოვლივით იყრება და ყველაფერს ახმობს.

ის, რასაც მწერ, ღმერთის მოხილვაა, პირველი მოხილვა ყოველი ცოდვილის მიმართ, რომელიც შეინანებს და ღმერთს უბრუნდება. ყურადღებით გაიწმინდე თავი სუფთა აღსარებით და ცოდვის სიბინძურეს ნუ დაიტოვებ შენში, რათა ბოროტს საბაბი არ მისცე, რომ მოგვიანებით დაგანარცხოს.

ადამიანს, ჩემო შვილო, არაფრის გაკეთება არ შეუძლია. არც არაფერი ჰქონია, არც არაფერი აქვს და არც არაფერი შეუძლია გაკეთოს ღმერთის მადლის მოხილვის გარეშე. თითოეული კეთილი გულისსიტყვა და გონების თითოეული მოძრაობა ღმერთის მადლის მოქმედებაა. „რაი გაქუს, რომელი(ც) არა მიგიღებიეს? ხოლო უკუეთუ მიგიღებიეს, რაისა იქადი, ვითარცა არა-მიღებულსა?”17. თუ რამეს ისე გააკეთებ, რომ სხეულმა არ მიიღოს მონაწილეობა, შენი იქნება, მაგრამ თუ სხეულით აღასრულე, სხეული ღმერთის შექმნილია. თუ რამეს ისე გაიფიქრებ, რომ გონებამ არ მიიღოს მონაწილეობა, შენი იქნება, ხოლო თუ გონებით გაიფიქრე, გონება ღმერთის ქმნილებაა. შესაბამისად, ადამიანს თავისით არაფერი აქვს, ანუ ყველაფერი ღმერთით იწყება და ღმერთით მთავრდება.

მე ამას კი გწერ, ჩემო საყვარელო შვილო, მაგრამ შენც უნდა გაუფრთხილდე შენს თავს. ხოლო როდესაც კარგად გავხდები, რადგან ახლა ავად ვარ, – და მიპასუხებ, მაშინ მეც საკუთარი ხელით მოგწერ18.

ჩემს პანტელაკის დიდი მოკითხვა გადაეცი და უთხარი, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ვითვლი19. ექიმი ნემსებით მაკავებს და მეუბნება, გამოჯანმრთელდებიო, ჩემები კი ტირიან და არ მიშვებენ.

დიდი სიყვარულით,

მრავალტანჯული მოხუცებული, ბერი იოსები

[110] მონაზონ პანტელეიმონს

წმინდა მთა, 6/3/1959

ჩემი საყვარელი და კურთხეულო შვილო პანტელეიმონ, ჩემო ნაშობო წმიდაო, მივიღე ჩემთვის სასურველი შენი წერილი, წამიკითხეს და მოვისმინე შენი ლამაზი სიტყვები. ვნახე შენი სულიერი საქმეები და მიხარია, რომ ზრუნავ ჩვენი ქრისტიანი და-ძმის წინამძღოლობასა და ცხონებაზე.

წერილი გამოგიგზავნე თუ არა, უფალმა მომინახულა, თავისი სიყვარული მიჩვენა – ის, რომ ნამდვილი შვილივით ვუყვარვარ – და მძიმედ დავსნეულდი, ჯერ კიდევ ავად ვარ. 40 დღე არაფერი მიჭამია. ახლა ოდნავ უკეთ გავხდი, მაგრამ მე თვითონ ვერ გწერ20. როცა გამოვკეთდები, მოგწერ.

ფული რომ გამომიგზავნე, ძალიან გამომადგა, რადგან ექიმსა და წამლებში დავხარჯე. ვასილიკის მივწერ, რომ იმ ფულისთვის, რომელიც გაჩუქა, ქტიტორად21 ჩავწერე. [ამიერიდან] ქტიტორად მოიხსენიება ხოლმე მანამ, სანამ ეს ეკლესია იარსებებს, რადგან კარგი ადამიანია და ძალიან უყვარხარ.

ჩემი მღვდლის მეშვეობით მივწერე შენს მეგობარ სტუდენტებს. შენც, როგორც ჩემი შვილი, როგორც საყვარელი ძე, ხარების ეკლესიაში ქტიტორად მოიხსენიები.

დიდი სიყვარულით,

შენი მამა, მონაზონი იოსები, მღვიმელი

[111] მონაზონ პანტელეიმონს

წმინდა მთა, 10/3/1959

ჩემს საყვარელ და ძვირფას ძეს, ჩემს წმიდა ნაშობს. ჩემო პანტელაკი, მუდამ ვლოცულობ, რომ კარგად იყო, ჩემო საყვარელო შვილო.

მივიღე ჩემთვის ძვირფასი შენი ეპისტოლე და ვნახე, რასაც მწერ. და სული სიხარულით ამევსო ამ ლამაზი სიტყვების გამო, რომ მოიხილა შენზე ჩვენი კურთხეული და წმიდა ღმერთის მადლმა. მე ახლა, ჩემო საყვარელო შვილო, ისევ ვღონიერდები.

ჩვენმა კარგმა და ძალიან კეთილმა ღმერთმა, რათა მიჩვენოს, რომ ვუყვარვარ, მომიხილა ძალიან მძიმე სნეულების სახით. დაე, ჰქონდეს დიდება მის წმიდა ნებას. სამჯერ მითიეს ღამე, ეგონათ, რომ მივდიოდი, მაგრამ დრო ჯერ არ მოსულა. ჩემი ბიჭები ტიროდნენ. ანგელოზებივით მივლიდნენ. დისპნოე22 მქონდა საშინელი და განუწყვეტლივ მინიავებდნენ. მქონდა ბრონქოჰიპერპნევმონია23. დიდება შენდა, ღმერთო, დიდება შენდა! 40 დღე უჭმელი. 120 ნემსი გამიკეთეს, და კიდვე ერთი – ვენაში ყოველდღიურად. საბოლოოდ, ეს-ესაა დავიწყე წერა ჩემი შვილის და ყველა საყვარელი და-ძმის მიმართ.

მწერ, ჩემო ძვირფასო შვილო, იმ მადლის შესახებ, რომელიც გულით იგრძენი და მეც ვიწყებ სიყვარულის სიტყვას. ღმერთმა, ჩემო საყვარელო შვილო, მიწა აიღო და თიხა გააკეთა, შექმნა თიხის ჭურჭელი – კაცი, ისევე, როგორც მეთიხე აკეთებს ჭიქას; [მერე] შებერა და შეიქმნა ცოცხალი სული.

ხედავ, ჩემო შვილო, რამხელა პატივი დაგვდო ღმერთმა! თიხა ღმერთის ნათესავი ხდება! იხილე, კაცო, ის დიდი პატივი, რომელიც ღმერთმა მოგანიჭა! ღმერთის სუნთქვა ხარ, როდესაც განიხილავ შენს ამ პატივს და იმას, თუ რამხელა სიყვარული აქვს ჩვენ მომართ, ფრთხილად იყავი, რომ გული არ ატკინო ესოდენ კეთილ ღმერთს, რომელმაც არაფრისგან არსებად შეგქმნა და საკუთარი სუნთქვით საყვარელ შვილად დაგადგინა, მხოლოდ და მხოლოდ თავისი დიდი სიყვარულის გამო.

ხოლო რადგან ღმერთი მთლიანად სიყვარულია, რაც კი რამ შექმნა, მაღლაც და დაბლაც, თავისი დიდი სიყვარულით გააკეთა. ადამიანისგან არაფერი უთხოვია, გარდა სიყვარულისა. და რადგან მთლიანად სიყვარულია, როდესაც მოსეს დაწერილი რჯული* (კანონი) მისცა, პირველ და ყველაზე აღმატებულ მცნებად იღაღადა: „შეიყვარო უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი ძალით”24. ანუ სულის მთელმა წადილმა და სურვილმა უნდა „გადასანსლოს“ ღმერთი: შემეცნება, შეგრძნება, აზროვნება, ჭვრეტა, გამჭრიახობა და გონების ყველა მოძრაობა ყველაფერსა და ყველაფერში ღმერთს უნდა განიზრახავდეს, ხოლო ადამიანმა, თიხამ [ღმერთს] მიაგოს „შენთა შენთაგან”25. მართლაც, დიდებული და საოცარი რამ არის! ყველა სათნოებასა და საღმრთო ნიჭს თავისი შეგრძნება და მოქმედება აქვს, ხოლო საღმრთო სიყვარული – როდესაც ადამიანი [თავისი] შემყვარებლის სიყვარულს მიაღწევს – ყოველივე შეგრძნებას სცილდება და უკვე [მხოლოდ] საღმრთო სიყვარული მოქმედებს და [ღმერთის] ჭვრეტა სუფევს. მაშინ საღმრთო სიყვარულით მოცული ადამიანი ღაღადებს: “ჰოი, ჩემო იესო, ტკბილო სიყვარულო, სანამ გიხილავდი, მიხილე. ჰოი, ჩემო სულის ნათელო, სანამ გაგიცნობდი, გამაცანი შენი თავი, ხოლო სანამ შეგიყვარებდი, შემიყვარე. ჰოი, სიცოცხლევ და ტკბილო ჩემო სუნთქვავ, სიბნელეში ვიყავი, ხოლო შენმა ტკბილმა სუნთქვამ გამაღვიძა და დამიძახა. მაშინ შეგიცანი, როცა გამიცანი. შენი ცოდნა არის შენი ხედვა. ჰოი, ჩემო სიხარულო და სულის მხიარულებავ! ჰოი, ზეციურო ტრფიალო! ჰოი, სიყვარულო, რომელიც წვავ და არ დაწვავ!

ერთი სიტყვით, ჩემო საყვარელო შვილო, როდესაც ეს სიყვარული [ჩვენში] აგიზგიზდება, მაშინ ღმერთის მეორე მცნებაზე გადავდივართ. მას მერე, რაც ღმერთს შეიყვარებ, შემდეგ მოყვასსაც საკუთარი თავივით შეიყვარებ. „ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველები“26. გესმის, რას ამბობს უფალი, ჩემო პანტულაკი? როდესაც შენ, ჩემო საყვარელო შვილო, გწყურია შენს ძმას სარგებელი მოუტანო, ეუბნები იმას, რაც იცი, გწყურია დაეხმარო – ეს არის სიყვარული მოყვასის მიმართ: გიყვარს შენი ძმა, როგორც საკუთარი თავი.

ხოლო ის, რაზეც მწერ, რომ გულში გრძნობ და რაც შენში სიხარულს გამოიწვევს, არის ღმერთის სიყვარული, რომელიც შენს სულში მოქმედებას იწყებს. თუკი ფრთხილად იქნები და [იესოს] ლოცვას იტყვი განუწყვეტლივ, თანაც უმცროს ძმებს დაეხმარები, [მაშინ] შენს სულში ღმერთის სიყვარულის ცეცხლს ანთებ; და რაც მეტად გწყურია და ისწრაფვი, რომ სხვას დაეხმარო, მით უფრო გიხსნის ღმერთი სიყვარულის ნიაღვარს და შენც მოგრწყავს. ხოლო როდესაც მოციქულ პავლეს სიტყვებს მოისმენ – „ვის შეუძლია განმაშოროს [უფლის] სიყვარულს?”27, პავლე კი არ ამბობს ამას, არამედ ეს სიყვარული ღაღადებს [თავად] სიყვარულის მიმართ, პავლეს ჭურჭელში მყოფი. ამიტომაც, „ვინც სიყვარულშია, ის ღმერთშია, ხოლო ღმერთი – მასში, რადგან ღმერთი სიყვარულია“28. და სადაც ჩავარდება ეს სიყვარული, წვავს, მაგრამ არ დაწვავს; სწყურია, მაგრამ წყურვილი არ ცხრება; იწვის გული და სიყვარულით იძახის: „სად ხარ, ჩემო ტკბილო სიყვარულო, ჩემო იესო, ჩემი სიცოცხლის ნათელო?!” და უფრო აღეტკინება, მანამ, სანამ საგრძნობლები არ დაცხრება. ასე რომ, ჩემო საყვარელო შვილო, სხვა ნურაფერს ეძებ, არამედ მხოლოდ სიყვარული ეძიე: „ღირსი გამხადე, უფალო, რომ [ისე] შეგიყვარო, როგორც შენ შემიყვარე“.

ახლა კი კმარა, ჩემო პანტელაკი, რადგან დავიღალე, რამეთუ დისპნოე ძალიან მტანჯავს. ერთი სხვა პატარა წერილიც გამოგიგზავნე, რომელიც მამა ეფრემმა დაწერა. მაშინ კალამს ხელში ვერ ვიჭერდი. ახლა, მადლობა ღმერთს, დავიწყე წერა, რათა ჩემს პანტელაკის წყურვილი დავუცხრო.

დიონისემ წიგნი არ გამოგიგზავნა, მაგრამ გულს ნუ დაიწყვეტ. თუ კარგად გავხდი, ბევრ რამეს მოგწერ. თავი შორს დაიჭირე, ჩემო შვილო, მწვალებლებისგან. იქ, სადაც ხარ, უცხო ტომები და ენები არიან.

დღეს ვიღაცას დავუძახე, მომიტანა და ვიყიდე, სკვნილები რომ მთხოვე, 15 დრაქმად თითო. ლამაზია, მოვლილი. ერთი დრაქმით მეტს ითხოვდა, მაგრამ ვუთხარი: ახლა გავგზავნოთ, და თუ კიდევ მთხოვს, მეტს გადაიხდის-მეთქი. აქ ვასრულებ წმინდა და საღმრთო ამბორითა და უსასრულო ლოცვა-კურთხევით.

მომიკითხე ყველა.

მდაბალი ბერი იოსები

[112] ღირს ეფრემ კატუნაკელს

[წმინდა მთა, 1959 წლის მარტი]

ჩემო გულო, წმიდაო და საღმრთოო, ჩემო საყვარელო შვილო, მამაო ეფრემ, მიიღე ჩემი მამობრივი კოცნა, მიიღე მთელი ჩემი სიყვარული, მიიღე მთელი ჩემი ლოცვა-კურთხევა ჩემგან, რომელიც ძლივძლივობით ვსუნთქავ!

ორი დღის წინ ძალიან მძიმედ ვიყავი. 10 დღე ვერაფერი ვჭამე. ეს ორი დღეა ამერიკიდან წამლები ჩამოვიდა, ვსვამ და სარგებელს ვგრძნობ. ვნახოთ, სადამდე დამეხმარება.

მე არ მგონია, რომ გამოვკეთდე. როგორც არ უნდა იბრძოდნენ ჩემები, არაფერი გამოდის, მხოლოდ ჩემს წასვლას აყოვნებენ. მოვიწამლე. ჩემი სხეული მატლებს არ მოეწონებათ, არც დადნება. საჭმელად არ მოეწონებათ.

ერთი სიტყვით, ახლა დაწყნარდი. ჯერ არ მოსულა დრო.

მოიკითხე ჩემი მეომარი პროკოპი29.

გემთხვევი მთელი სულით,

მდაბალი და მრავალტანჯული მ. იოსები

შენიშვნები

  1. იხ. მათ. 22,37-38; აგრეთვე იხ. რჯლ. 6,5; მარკ. 12,30; ლუკ. 10,27. ↩
  2. მათ. 22,39, აგრეთვე, იხ. ლევ. 19,18, მათ. 19,19; 12,31; ლუკ. 10,27; იაკ. 2,8; რომ. 13,9; გალ.5,14 ↩
  3. მათ.22,40. ↩
  4. იხ.1. კორ. 13,4-5. ↩
  5. 1 იოან. 4,16 ↩
  6. იხ.საქმე 17,28. ↩
  7. ფსალმ. 150,6. ↩
  8. იხ. ეპისტოლე 56-ის მინაწერი და სქოლიო 2, გვ. 243. ↩
  9. „სხინას ბიბლიოთეკები“- იხ. სქოლიო 1. გვ.198. ↩
  10. „მწირებში“ გულისხმობს ცნობილ წიგნს „მწირის გულახდილი საუბრები სულიერ მოძღვართან“ (რუს. Откровенные рассказы странника своему духовному отцу), რომელიც რუსმა უცნობმა ავტორმა XIX ს-ის მეორე ნახევარში დაწერა (მისი კორინთელ მიტროპოლიტ პანტელეიმონისეული (კარინიკოლა) ბერძნული თარგმანი ისეთი წარმატებული გამოდგა, რომ ათენის აკადემიის ჯილდო მიიღო). ↩
  11. კლიო – ანტიკური ქალის სახელი (ისტორიის მუზა). ↩
  12. წერილს თარიღი არ აქვს, მაგრამ ბერი ახსენებს, რომ „გუშინწინ“ წერილი გაგზავნა. ↩
  13. პანტელიკი – პანტელეიმონის კნინობითი ფორმა. ↩
  14. ამ ადგილას ბერს მიუწერა „ისევ მე“, შემდეგ კი წაუშლია, რათა დანარჩენი მოეწერა. ↩
  15. ლაპარაკია მარიამ ვასოპულოსზე, შემდგომში იღუმენია მაკრინეზე (1921-1995). წმიდა იოსებს უფლისგან უწება ჰქონდა, რომ სწორედ ის უნდა გამხდარიყო კრებულის წინამძღვარი, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ასაკით უფროსი დებიც იყვნენ. ↩
  16. იოანე იყო ქ. ბოსტონის პატიოსანი ჯვრის სახელობის თეოლოგიური სკოლის სტუდენტი. ↩
  17. კორ. 4,7. ↩
  18. წერილს ბერი თავის მოწაფეს, მამა ეფრემს კარნახობდა, რადგან მძიმე სნეულების გამო წერა აღარ შეეძლო. ↩
  19. სიტყვასიტყვით: “სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვებში ვიმყოფები”. ↩
  20. ეპისტოლე ნაკარნახებია. ↩
  21. ქტიტორი (ბერძ. κτητωρ) – აქ: ეკლესიის ან მონასტრის მაშენებელი ან დიდი ქველისმოქმედი. ↩
  22. დისპნოე (ბერძ. δύσπνοια) – სუნთქვის შენელება, რასაც თან სდევს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება. ↩
  23. ბრონქოპნევმონია (ბერძ. βρογχοπνευμονια), ბრონქიალური პნევმონია – ბრონქების კედლების მწვავე ანთება. გაუგებარია, რატომ ამატებს ბერი წინდებულს („ჰიპერ”). ↩
  24. იხ. რჯლ. 6,5; მარკ. 12,30; ლუკ. 10,27. ↩
  25. ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის წირვების ამ მთავარი ასამაღლებლის მოტივი ძველი აღთქმიდანაა აღებული: “შენი არს ყოველი და შენგანივე მიგეცით შენ” (1 ნეშტ. 29,14). ↩
  26. მათ. 22,40. ↩
  27. იხ. რომ. 8,39. ↩
  28. იხ. იოან. 4,16. ↩
  29. მონაზონი პროკოპი ბერ ეფრემის სულიერი ძმა, ანუ წმ. ეფრემ ასურის კელიის საძმოს წევრი იყო (რიგით მეორე). დიდი მოთმინება გასწია ცხოვრებაში, განსაკუთრებით მას მერე, რაც მამა ნიკიფორე გახდა საძმოს უფროსი. გარდაიცვალა 1968 წელს. ↩
Share