[113] სხვა მონაზონ ბრიენას (კალამატა)
წმინდა მთა, 15/3/1959
ჩემო საყვარელო და კურთხეულო შვილო ბრიენა, ჩემი სულის წმიდა ნაწილო, გისურვებ, რომ კარგად იყო.
მივიღე შენი ეპისტოლე, წავიკითხე და გამიხარდა, რომ გამოჯანმრთელებას მისურვებ.
ჩემო პაწაწინა შვილო, კეთილმა ღმერთმა მოიხილა ჩემზე – რადგან ვუყვარვარ ძალიან მძიმე ავადმყოფობის, ბრონქოჰიპერპნევმონიის სახით. ღამეს მითევდნენ, რადგან მივდიოდი. ჩემი ბიჭები ტიროდნენ, მაგრამ დრო ჯერ არ მოსულა. ას ოცი ნემსი გამიკეთეს. საბოლოოდ მოვბრუნდი. საშინელი დისპნოე მაქვს, რომელმაც ერთი დღეც რომ არ დავლიო წამალი, შესაძლოა დამახრჩოს. ახლა უკეთ ვართ და ისევ დავიწყეთ წერა ჩვენი და-ძმის მიმართ.
როგორც ხედავ, მადლი ნელ-ნელა მოიხილავს შენზე და ამიტომ, რამდენადაც შეგიძლია თავი აიძულე [იესოს] ლოცვაში, და დიდ სარგებელს პოვებს შენი სული.
სულის მთელი ძალა ლოცვაშია. როგორც სხეული ძლიერდება საკვებითა და სანელებლით, რომელთაც ვუმატებთ, ასევე სულსაც, პირველ რიგში, ლოცვა სჭირდება, სულიერი საკითხავი, ცოცხალი სიტყვა, მისაბაძი მაგალითი, და ამგვარად ნელ-ნელა იღვიძებს. თუ არა და, ანუ, თუ მიუშვი, ჩაეძინება, მიეცემა დავიწყების ვნებას, უგრძნობლობას, გულგრილობას, არადა, განიავება სჭირდება, როგორც ცეცხლს ვუბერავთ, რომ აღეგზნოს. ნაცარი, რომელიც ნაკვერჩხალზე გროვდება, არის [ღმერთის] დავიწვების ნიმუში, ხოლო შებერვით ნაკვერჩხალი აგიზგიზდება, ხურდება. [მხურვალებით კი] უგრძნობლობა გვშორდება, რაც თავის მხრივ, ამ ცდომილებას შობს, რომ კაცს ჰგონია, რომ კარგად არის, არადა, არ არის კარგად.
ასე რომ, ჩემო პატარავ, სანამ დრო გაქვს, იტირე, რათა გაიხარო. იგლოვე, ეძახე, ჩაიხუტე ღმრთისმშობლის ხატი, ისევე, როგორც საკუთარ დედას ეხუტები, და პატარა ბავშვივით ეძახე: „დედი, ჩემო დედიკო, დამეხმარე, მომეცი ის, რასაც საჭიროდ თვლი ჩემი სულისთვის“. ბევრი ელაპარაკე და [მისგან] მანუგეშებელ მადლს მიიღებ ყოველ ჯერზე, როდესაც სთხოვ, სიყვარულს შეიძენ.
[სწორედ] იგი მოგანიჭებს [იესოს] ლოცვას, იგი აღაგზნებს ქრისტესადმი ალსა და ტრფიალს, რამეთუ თავისი ძის მიმართ ჩვენი შუამდგომელია, ხოლო ის ყველა თხოვნას უსრულებს, რადგან მისი დედიკოა და ხათრს ვერ უტეხს. ერთი სიტყვით, რაც რამე გინდა, მისგან [ღმრთისმშობლისგან] ითხოვე, როგორც პატარა ბავშვი სთხოვს დედიკოს და მის კაბას ეკონწიალება, ჰკოცნის, ეხუტება, [სიხარულის] ცრემლებით ავსებს.
გააკეთე რასაც გწერ და მალე დაინახავ, რამდენ სიყვარულს პოვებ ჩვენი ტკბილი დედიკოსგან. დიდი უბრალოებით იცხოვრე, რათა სულის სისუფთავე მოიპოვო. უბრალოება სულისთვის უდიდესი ბედნიერებაა. წაიკითხე ღმრთისმშობლის სასწაულები “ცოდვილთა ცხონებაში“1, რათა შეგიყვარდეს, რამეთუ ყველაფრის თავი არის სიყვარული.
მეც, რადგან ისევ მოვბრუნდი, გისურვებ, რომ უფალმა და ყოვლადწმიდამ გაგაძლიერონ.
შენთვის მლოცველი
მოხუცებული იოსები
[114] სტუდენტ ფოტის
წმინდა მთა, 18/3/1959
ჩემო საყვარელო შვილო ფოტი, გისურვებ, რომ კარგად იყო.
ჩემო პატარა ფოტი, მივიღე შენი ეპისტოლე და ვნახე, რასაც მწერ და გამიხარდა.
ის, რაზეც მწერ, ჩემო შვილო, განსაცდელის* (აქ: ეშმაკის) მიერ მოწოდებული გულისსიტყვებია და ამიტომაც გტანჯავს. არაფერია, ჩემო შვილო, გაგივლის. ახლავე წაგიკითხავთ ლოცვას. ზამთარში ყურები ხან გვეყინება, ხან გვიხურს, ხოლო განსაცდელი, რამე მოხდება თუ არა, იმწუთასვე გებრძვის. შენს გულისსიტყვას ყურადღებას ნუ მიაქცევ, ნუ უსმენ. პატარა ბამბას გიკურთხებთ, წერილს ჩავაყოლებ, შენ კი ყურში ჩაიდე და ნუღარ დარდობ, არაფერია.
აღსარებაზე რომ მწერ, – რაც აღიარებული გაქვს, აღარ არის საჭირო გამეორება. მხოლოდ ის თქვი, რაც არ გითქვამს.
შეეცადე, რომ ყოველთვის ილოცო, [იესოს] ლოცვა თქვა, წმიდა სახარება იკითხო, ბიბლია, ძველი აღთქმა, პატროლოგია3, რათა გაიღვიძო და განათლდე. ესენია, რაც აცხოვნებს ადამიანს და ცოდვის ჩადენისგან იფარავს, ცუდ სამეგობროებსა და ამხანაგებს მოერიდე, და ყური დაუგდე მამა პანტელეიმონის რჩევებს, რომელიც ჩემი მადლიანი შვილია.
შენი მისამართი დაიკარგა. მე ავად გავხდი და წერილები ერთმანეთში აირ-დაირია. სადღაც გაიბნა, ამიტომაც პანტელიკის სახელზე გიგზავნი.
ვლოცულობ შენთვის მთელი სულით.
მდაბალი ბერი იოსები
[115] მორჩილ სტავრულას
წმინდა მთა, 19 მარტი, 1959 წ.
ჩემო კურთხეული შვილო სტავრულა, გისურვებ, რომ კარგად იყო.
ჩემო შვილო, მივიღეთ შენი ეპისტოლე და ვნახე, რასაც მწერ და გამიხარდა, რომ ერთმანეთში მშვიდობა და დიდი სიყვარული გაქვთ. მხოლოდ სიყვარულია ის, ჩემო შვილო, რაც ყველაფერს შეგვაძლებინებს. სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის. „სიყვარული არის ღმერთი, და ვინც სიყვარულშია, ის ღმერთშია, ხოლო ღმერთი – მასში”4. ამიტომაც, სხვა რამეს ნუ მიაქცევთ ყურადღებას, არამედ – [მხოლოდ] ერთსულოვნებასა და სიყვარულს. მორჩილები იყავით, რათა სიმდაბლე შეიძინოთ. რამეთუ უფალი იესო ჩვენთვის მაგალითი გახდა და გვასწავლა სიმდაბლე, „გახდა მორჩილი ვიდრე სიკუდილამდე“5.
ერთი სიტყვით, დაემორჩილეთ მარიამს, გაუგონეთ სტავროს, რომელიც ცდილობს სარგებელი მოგიტანოთ. ჩვენ კი აქ ყველანი ვლოცულობთ, რომ უფალი დაგეხმაროთ და მარადიული ცხოვრების ღირსები გაგხადოთ. ყოველთვის ფრთხილები და ყურადღებიანები იყავით. კარგადაც გახდები და ყველაფერიც ჩაივლის.
ვლოცულობ შენთვის მთელი სულით.
მდაბალი მოხუცებული იოსები
[116] მონაზონ პანტელეიმონს
წმიდა მთა, 29/3/19596
ჩემს საყვარელ შვილ პანტელეიმონს, ჩემს ძვირფას გულს, ჩემს სამოთხეულ ყვავილს.
გისურვებ, რომ კარგად იყო. ჩვენმა ტკბილმა ქრისტემ დაგიფაროს და მისი წმიდა ნებისაებრ წარგიძღვეს.
ჩემო საყვარელო შვილო, მივიღე შენი ეპისტოლე და ვნახე, რასაც მწერ, გამიხარდა და გული ამიძგერდა იმის გამო, რომ ჩვენმა კეთილმა ქრისტემ დაიწყო შენ მიმართ სიყვარულის გამომჟღავნება. ფრთხილად იყავი, ჩემო საყვარელო შვილო, რომ ბოროტმა რამე მახე არ დაგიგოს, რამეთუ ძალიან სძულს ყოველივე სიკეთე7.
მე, ჩემო კეთილო ბიჭუნა, ამ წერილის წერა ადრე დავიწყე, მაგრამ, რადგან დისპნოემ შემაწუხა, ველოდი, რომ შემცირდებოდა, რამეთუ, როგორც კი ჰაერი ცივდება, მიმძაფრდება. ამიტომაც რამდენიმე დღე გავიდა და დღეს, ბზობას, შენი ახალი წერილი მივიღე და მეც ვაგრძელებ წინას. სხვა სულიერი რამეების მოწერას ვფიქრობდი, მაგრამ ახლა, რასაც მეკითხები, იმაზე გაგცემ პასუხს.
პირველ რიგში, მონასტერზე რომ მწერ, ჯერჯერობით შენთვის სასარგებლო არ არის ამაზე ფიქრი. მგონია, რომ შენგან ახლა სხვა რამე მოითხოვება: წესის მიხედვით, [ჯერ]დიაკვანი გახდე და [მერე] მღვდელი, რათა ღმერთის სიტყვა იქადაგო, ხალხსა და მანდაურ და-ძმას სარგებელი მოუტანო. ეპისკოპოსთან ძალიან კარგად ხარ და დიდად მადლიერნი ვართ მისი, ვლოცულობთ, რომ უფალმა ჯანშრთელობა მისცეს შენთვის გაწეული სიკეთისათვის. დროთა განმავლობაში იქნებ ღმერთმა გაანათლოს* (უბიძგოს, აზრი მისცეს), რომ შენი მამა გახდეს ხელდასხმის გზით. სხვებთან ერთად შეგიძლიათ რამე საზოგადოება შექმნათ – ახლავე, ოღონდ ეპისკოპოსის კურთხევით – და ქრისტეს მსახურება აღასრულოთ, იღვაწოთ იმისთვის, რომ შესაფერისი და სასარგებლო რამეები ასწავლოთ [ხალხს], უმწიკვლო და სულიერი ცხოვრება გქონდეთ, შეძლებისდაგვარად იმუშაოთ, რათა აუცილებელი ხარჯები დაფაროთ და ამგვარად, თითოეულის ღირებულება საქმით გამოჩნდება. შენ კი, [რადგან] ასაკით უფროსი ხარ, ზედამხედველობას გაუწევ თეორიულადაც და პრაქტიკულადაც.
თუ უფალს უნდეს, ისიც მოხდება, რასაც ითხოვ. [მაგრამ] უმნიშვნელო არ არის. მონაზვნური ცხოვრება ძალიან დიდი რამაა, დიდი შრომაც სჭირდება და ძალიან მძიმეც არის. ადამიანები ცხვრები კი არ არიან, რომ კაცმა [უბრალოდ] მწყსოს ისინი. თითოეულ ადამიანს თავისი ჩვევები და ნება-სურვილი აქვს, თავისი აზროვნება და უკურნებელი სენები, თანაც ისეთი, რომ თვითონ არც მოშურნეობა აქვთ და არც სწორი განწყობა. ათენის საპირფარეშოების გაწმენდა უფრო ადვილია, ვიდრე ვნებებიანი ადამიანის კეთილად ქცევა.
ოდათხუთმეტი წელია მოძღვარი ვარ. დიდი საძმოს მამა, პრაქტიკაშიც და თეორიაშიც უკიდურესად გამოწვრთნილი, და ნერწყვი სისხლად მექცა ადამიანთა გამოსწორების მცდელობაში. ვიცი, რამდენი სისხლის ნთხევაა საჭირო, რათა კაცი ნამდვილ მონაზვნად გახადო. ძალიან მცირედნი არიან ისეთები – როგორიც ჩემი პანტელაკი და ჩემი პატარა მღვდელი ეფრები, – რომლებსაც არ უნახავთ და არ იციან, რა არის ბოროტება. ისიც იმიტომ, რომ მადლმა დროულად დაგიფარათ და ეს, რაც გაქვთ, ღმერთის მადლისაა. მაგრამ მადლი თუ არ იქნა და ეშმაკები ვნებებს აამოქმედებენ, მაშინ, როგორც წმიდა მამები ამბობენ, მონაზვნობა ხელოვნებათა ხელოვნება და მეცნიერებათა მეცნიერებაა. ამიტომაც ამჯერად მოისვენე და დროთა განმავლობაში უფალი გვიჩვენებს, თუ რა არის მისი ნება.
თუ მონაზონმა მოუკლებელი ლოცვა ვერ იპოვა, ჩემო შვილო, ხოლო ამ ლოცვის მეშვეობით მადლი არ ამოქმედდა, შეუძლებელია, რომ ვნებები არ მოუბრუნდეს და მაშინ იმაზე უარესი გახდება, ვიდრე ერში ცხოვრების დროს იყო. თავის მხრივ კი, ლოცვაში ნუგეში რომ პოვოს, კაცი უნდა გაისარჯოს, გულისტკივილით ეძიოს, პატარა ბავშვივით იტიროს, სულთქმით ილოცოს, რომ ქრისტემ და მისმა ტკბილმა დედიკომ თვალი აუხილონ. თუ კარგად გავხდი, მოგწერ მონაზვნური [ცხოვრების] წესის შესახებ.
ახლა კი, ჩემო კეთილო შვილო, დიდად გმადლობ იმისთვის, რაც გამომიგზავნე. ღმერთმა მისცეს გასამრჯელო იმათ, რომლებიც ამეებს შენ გაძლევენ. ყველაფერი მივიღე, მაგრამ დამავიწყდა შენთვის მომეწერა, რადგან ჯერჯერობით ვერ ვარ კარგად. ცოტა დავწერ ან წავიკითხავ თუ არა, იმწუთას დისპნოე მახრჩობს და თავს ვანებებ. ვმადლობ წმიდა ეპისკოპოსსაც, იოანეს. ყველა თქვენგანს ვმადლობ.
დაახლოებით ორი ათასი დაიხარჯა ნემსებში, წამლებში და ექიმში. ახლაც, უფლის მადლითა და წამლებით მიდგას სული.
ქალბატონ ვასილიკის არც სხვა წერილი მოუწერია, არც აღსარება. მაგდალინე როგორ არის? ავადაა? არ არის კარგად? ძალიან გთხოვ, დაუყოვნებლივ წამოვიდეს მამა პეტრესგან, რადგან ის ღმერთთან ერთად არ არის. იძულებული ვარ ვთქვა ის, რასაც არ უნდა ვამბობდე. არავითარ შემთხვევაში არ გამოაქვეყნო, რათა განსაცდელი და სკანდალები არ მოჰყვეს. ისე წამოვიდეს, რომ მან ეჭვი არ აიღოს. სპირიტუალისტია. აქ რომ იყო, საცოლე ჰყავდა. მაგის მღვდლობა არ შეიძლებოდა. ძველმესტილეებმა კანონების დარღვევით გახადეს მღვდელი. წავიდა, თავისი ძველი საცოლე იპოვა და იმან ასწავლა სპირიტუალიზმი, თანაც წმიდანად მიიჩნევდა [საცოლეს]. მერე ისევ [ათონის] წმიდა მთაზე დაბრუნდა, მაგრამ არავინ იღებდა. [ამიტომაც] ისევ იმ ქალთან ერთად წამოვიდა მანდ, ამერიკაში. მერე რა მოხდა, აღარ ვიცი. უფალმა მაუწყა და ამიტომაც გწერთ, რომ მისგან წამოხვიდეთ, რათა არ დაიღუპოთ. [და ზოგადად,] ყველას ადვილად ნუ უჯერებ. ხომ ამბობს მოციქული: ყველა სულს ნუ ენდობით, არამედ გამოსცადეთო8.
მაგდალინესაც მივწერ ორიოდე სიტყვას. ახლა მე ავად ვარ და წერა არ შემიძლია. მაგრამ მრავალი ადამიანი მწერს, ამიტომ, თუ აღსარება უნდა ვინმეს, დიონისიუს მონასტრის წინამძღვარ მამა გაბრიელს მისწერონ, რადგან მამა იოსები ძალიან უბრალო ადამიანია და [საეკლესიო] კანონები არ აქვს წაკითხული.
შენ კი, ჩემი საყვარელო შვილო, როდესაც იმათ ასწავლი, რომლებსაც მღვდლობა უნდათ, პიდალიონიდან9 უთხარი ხოლმე, რომ, თუ კაცი ერთხელ მაინც დაეცა ცოდვით ქალთან, ბავშვთან ან პირუტყვთან, მღვდელი ვეღარ გახდება. აგრეთვე, თუკი ადამიანი ჰყავს მოკლული, თუ ომში მოკლა ვინმე, თუ ტყუილზე დაიფიცა, მღვდელი ვერ გახდები. ეს და სხვა რამეები [ასწავლე], რასაც პოდალიონში კანონები მოწმობენ, რამეთუ ხალხმა არ იცის ეს კანონები და ამიტომაც გაივსო ჯოჯოხეთი უღირსი მღვდლებით.
ადამიანებმა კი გააუქმეს კანონები [და ანგარიშს არ უწევენ], მაგრამ ღმერთს ისინი არ გაუუქმებია, არამედ ისეევა ძალაში, როგორც წმიდა მამებმა და საღმრთო მოციქულებმა დააწესეს. შესაბამისად, ვალდებულები ვართ დავიცვათ, თუ ჩვენი სულების ცხონება გვინდა, რათა არ დავუპირისპირდეთ ღმერთს, რომელიც თავისი საყვარელი მონების კანონებს დაიცავს10.
და აი, ჩემო საყვარელო შვილო, წმიდა აღდგომაც დაგვიდგა.
დღეს ვხურავ შენს წერილს, რომელიც ამდენი ხნის წინ დავიწყე, მაგრამ დისპნოე მარხვაში ძლიერად მებრძოდა. დღეს ყველი, კვერცხი და მაწონი ეჭამე, და თვალებში გამოვიხედე. და მწამს, რომ მალე კარგად გავხდები, ჰოდა, მოგწერ გამოცდილებისეულ და პრაქტიკულ სიტყვებს – წიგნებში წაკითხულს კი არა.
ის, რაც სიყვარულზე მოგწერე, მე თვითონ დავწერე: როგორც გემო ვუხილე, ისე დავწერე წერილშიც.
ერთი სიტევით, გიგზავნი მამობრივ ამბორს დიდი სიყვარულით.
მდაბალი ბ. იოსები
არ მახსოვს, იოანეს ვუპასუხე თუ არა, რადგან ავად ვიყავი.
[117] მორჩილ სტავრულას
წმიდა მთა, 2 აპრილი, 1959 წ.
ჩემო ძვირფასო შვილო სტავრულა, ჩემო წმიდა გულო, გისურვებ, რომ კარგად იყო.
ჩემო პატარავ, მივიღე შენი ეპისტოლე და ვერ წარმოიდგენ, რა სიხარული გამოიწვიე ჩემში, როცა მწერ, თუ როგორი სინანული გაქვს. ისე, სტავრომაც მითხრა, რომ სხვა ადამიანი გახდი: „ეს არის განახლება მარჯვენისა უფლისა“11, ეს არის ღმერთის მადლი, რომელიც გიფარავს. და ახლა გექნება წმიდა ღმერთის ლოცვა-კურთხევა.
ბოროტის ფანტაზია-წარმოსახვებისა კი ნუ გეშინია – ვერაფერს დაგიშავებს. შენ მხოლოდ ამაზე იზრუნე, რომ სინანული და მორჩილება გქონდეს. ახლა ღმერთი კმაყოფილია შენით, რადგან სინანული გაქვს. ზეცაში სიხარულია სტავრულის გამო, შენს დებაც უყვარხარ და არცერთი აღარ ჩივის. და ახლა გაკურთხევს უფალი და ისევ მოგცემს მადლს. ოღონდ სიყვარული და მოთმინება იქონიეთ.
მეც, თუ ცოცხალი ვიქენი, ისევ ვილოცებ თქვენთვის, როგორც ჩემი ნამდვილი შვილებისთვის, რომლებიც მიყვარს.
ვლოცულობ შენთვის მთელი ჩემი სულით.
მოხუცებული იოსები
[118] სხვა მონაზონ ბრიენას (კალამატა)
წმინდა მთა, 9/4/1950
ჩემო ძვირფასო და კურთხეულო შვილო ბრიენა, ჩემო სულის წმიდა და საღმრთო ნაწილო, გისურვებ, რომ კარგად იყო.
მივიღე შენი ეპისტოლე და ვნახე, რასაც მწერ და მიხარია, რომ ჯანმრთელად ხარ.
ღმერთი, ჩემო შვილო, სიყვარულია. და სწორედ სიყვარულის გამო, სურდა რა თავისი დიდი სიყვარულის სიმდიდრე გაეზიარებინა, შექმნა ყველაფერი. ღმერთს არც სჭირდებოდა, არც სჭირდება ადამიანი, რამეთუ თვითდიდებულია, მთლიანად სიყვარულია. ამიტომაც ადამიანისგან სხვა არაფერი უთხოვია, გარდა სიყვარულისა. ხომ ამბობს: „შეიყვარო უფალი ღმერთი შენი მთელი სულით, მთელი გულით, მთელი გონებით და მთელი ძალით"12.
ერთი სიტყვით, ხედავ, რომ შენი სულის მთელი წადილი მისკენ უნდა მიაბრუნო, და არ უნდა დაანაწევრო [ეს სიყვარული] მშობლების, შვილების ან რამე ნივთიერის მიმართ, არამედ მთლიანად მას მიუბრუნო და ეძახო:
“ჩემო იესო, ჩემო ტკბილო სუნთქვავ, ჩემი სიცოცხლის ნათელო, მხოლოო სიყვარულო, მხოლოო სათაყვანებელო, შენ გემსახურები, შემიყვარე მე, მიჩვენე შენი სიყვარულის ტრფიალი, რათა მეც მოგაგო „შენთა შენთაგან“. ქრისტეს და ჩემო ტკბილო დედაო, წარმიძეხი შენს შვილთან, რომელიც შევ, და გიპყრია ის, ვისაც ყოველივე უპყრია”.
როდესაც ამას და ბევრ ასეთ რამეს ეტყვი ხოლმე, რაც სიყვარულს ამოძრავებს, შეუძლებელია, რომ მალე ქრისტეს სიყვარული არ იგემო, ისე, რომ შენ შიგნით, შენმა გულმა ფრთები არ შეისხას, ქრისტეს მხურვალე სიყვარულით აღგზნებულმა.
მაშინ სულის თვალები აგეხილება და ვნებების ღელვაც დაგტოვებს. მაგრამ მაინც, განსაცდელები და განუწყვეტელი მწუხარებები არ მოიკლებს. რამეთუ, როგორც კი მადლი მოიკლებს ხოლმე, ვნებები და განსაცდელები იწყება. და ისევ თავის იძულება, ისევ თავიდან დაიწყება, ისევ ღაღადია საჭირო: „მაცხოვნე მე, უფალო, მიშველე“; ისევ – ჩვენი ტკბილი დედიკო, ისევ ჩაეკარი გულში და ჩვილივით ეღუღუნე. და ასე ნელ-ნელა განათლდები. გაისარჯე, [იესოს] ლოცვა ნუ გავიწყდება, რადგან ძალიან გეხმარება განსაცდელის დროს.
ვერ გავიგე რას გულისხმობ იღუმენიას მიტოვებაში.
ერთი სიტყვით, კარგ აღდგომას გისურვებ, ხოლო ჩემი პატარა წერილი შენთვის სულიერი აღდგომა* (პასექი) გამხდარიყოს.
მე კი ვერ ვარ ბოლომდე კარგად, არამედ ღმრთისმშობლის მადლითა და წამლებით მიდგას სული.
ვლოცულობ შენთვის.
მდაბალი მოხუცებული იოსები
[119] მონაზონ მაგდალინეს (ამერიკა)
წმიდა მთა, 16/4/1959
ჩემო კურთხეულო შვილო მაგდალინე, ჩემო სულის წმიდა და საღმრთო ნაწილო, გისურვებ, რომ ეს, სასიხარულო „ქრისტე აღსდგას“ შემცველი წერილი სრული ჯანმრთელობით მიგეღოთ.
ჩემო საყვარელო შვილო, მივიღე შენი ეპისტოლე და ვნახე, რასაც მწერ და გამახარა შენმა კარგმა სინანულმა, შენმა სასიამოვნო სიტყვებმა, შენმა კეთილგანწყობამ.
ღმერთმა, რომელსაც სიყრმიდან მთელი სულითა და გულით ვემსახურები, გამოგიგზავნოს თავისი სახიერი და ცხოველმყოფელი და სიცოცხლის მომცემი სული, და შემოვიდეს შენს შიგნეულში და შენი სული თავისი საღმრთო მადლით გააგრილოს. თავისი სიწმიდის მირონით განგბანოს და სამოთხის ცვარით დაგატკბოს.
შენი ლამაზი სიტყვებით ჩემი გულით გაახარე და საკმეველივით აღევლინა ღმერთის წინაშე. ასე რომ, გამხნევდი, ჩემო საყვარელო შვილო, და როგორც მწერ, დედასავით მოუარე ჩემს პანტელაკის, რომელიც ანგელოზივით უმანკოა და უბოროტო კრავივით კეთილია.
ისიც მივიღე, რაც წერილში ჩაგიტანებია, 50 დოლარი, პანაშვიდს დღეს იხდიან.
ზეთსაც ვაკურთხებთ13 და ნაკურთხ წმიდა ზეთსაც გამოგიგზავნით, რათა შენც იცხო, პანტელაკიმაც და ყველამ – სულისა და სხეულის საკურნებლად. ოღონდ ქაღალდი, ბამბა, რაშიც ბოთლია გახვეული – ყველაფერი, თვითონ საცხები ჯოხების გარდა, დაწვით14. ჯოხები კი ხატების სიახლოვეს შეინახე და როდესაც ავად გახდები, წმიდა ზეთი იმით იცხე.
დაგავიწყდა შენი მშობლების სახელები მოგეწერა, რათა მოვიხსენო ხოლმე დიდი სიხარულით.
ძალიან გთხოვ: მივწერე შენს ძმას, ჩემს პანტელაკის, და როგორც მას მივწერე (ისე, რომ შფოთი და ეჭვი არ გამოიწვიოთ), გაერიდეთ მამა პეტრეს. დაწვრილებით ყველაფერს. პანტელაკის ვწერ, იქ წაიკითხე.
მე თქვენს სულზე ვზრუნავ. ყველაფერს, რასაც ისურვებთ, გაგიკეთებთ, ოღონდ თქვენს ცხონებას ნუ უგულებელყოფთ. [იესოს] ლოცვა განუწყვეტლად თქვით, რათა მადლი მიიღოთ. მიბაძე წმიდა [მარიამ] მაგდალინელს, იტირე უფლის ხატის წინაშე, თმებით შეაშრე მისი გამოსახულება, რათა [უფლისგან] იგივე დალოცვა მოისმინო, რაც მან მოისმინა.
შენ უხვად გაქვს კეთილი განწყობის ნიჭი და უფლის დიდი სიყვარულის შესატყვისს მიიღებ. ოჰ, როგორი ტკბილი ხმა აქვს, როგორ მანუგეშებელი! გული იხარებს, გონება ვრცელდება. ჰოი, ჩვენი ქრისტეს ტკბილი ხმა, რომელიც მარიამმა მოისმინა!
ეს საღმრთო ტრფიალი ეძებე, რომ მოიპოვო. თქვი ხოლმე: „მომეცი, სიძეო ჩემო, ჩემო უტკბილესო იესო, ეს სიყვარული“. ისეთი სიყვარული, რომ, გაიგებ თუ არა [უფლის] სახელს – „ჩემო უტკბილესო იესო“ – შენი სული სიხარულით ივსება და გული გიძგერს და ცრემლები წყაროსავით მოგდის, თანაც ისე, რომ თავს ვერ იკავებ.
იძახე ხოლმე: „ჩემო იესო, ჩემო ცხოვრებავ, ჩემი სულის ნათელო, ჩემო ტკბილო სუნთქვავ, ჩემო სიხარულო და ჩემო სიცოცხლევ“. რაც შეგიძლია, ტკბილი სიტყვებით გაახურვე შენი სული, აიძულე უფალს, რომ შეგიყვაროს, და მაშინ ნახავ, რამდენად ტკბილია მისი სიყვარული.
ჩემს პანტელაკის მოკითხვა გადაეცი, და ყოველთვის ფრთხილად იყავით, ღმერთის შიშით იცხოვრეთ და მხოლოდ სულიერად ილაპარაკეთ, და ღმერთი ყოველთვის თქვენთან ერთად იქნება და ყოველივე ბოროტისგან დაგიფარავს.
მოვიკითხავ ქალბატონ ვასილიკის, კლიოს; უფალმა მშვიდობა მოგცეს. მთელი სულით ვლოცულობ შენთვის.
მოგიკითხავენ მამა ეფრემი და შენი სულიერი ძმები, ყველა.
შენი მდაბალი მოხუცებული მამა,
იოსებ მონაზონი
ეს წერილი პანტელაკის მიეცი. მამა არსენი უგზავნის, რადგან პანტელაკიმ მოსწერა.
[120] სტუდენტ იოანეს
წმიდა მთა, 28/4/1959
ჩემო საყვარელო და კურთხეულო შვილო, ჩემო იოანე, გისურვებ, რომ კარგად იყო.
დიდი ხანი გავიდა მას მერე, რაც შენი წერილი მივიღე 5 დოლარით, მაგრამ არ მახსოვს, გიპასუხე თუ არა, რადგან დისპნოე ხელს მიშლის [წერაში] და ბევრი წერილი მიგროვდება. სნეულების გამო ვერ ვასწრებ პასუხის მიწერას და ამიტომაც, ჩემო საყვარელო შვილო, მავიწყდება ხოლმე.
ძალიან შთამაგონა შენმა ძვირფასმა ეპისტოლემ. შენი წერილები იმას მიჩვენებენ, რომ შორს არ ხარ წყაროდან. [საღმრთო] მადლმა უკვე გაგიხსნა შესასვლელი, რისი მეშვეობითაც არცთუ გვიან მიაგნებ წყაროს. კიდევ რამდენიმე ხანი აკაკუნე ხშირი ლოცვის მეშვეობით და გაგეხსნება არა მარტო წყარო, არამედ ზეციური ჩანჩქერი და უფსკრულის სათავე, რომელიც მოგრწყავს და მორწყავს იმას, რასაც ახლა განიცდი და გინდა, რომ ქრისტე გიყვარდეს.
ენთუზიაზმი რომ გაქვს, ეგ არის უფლის მადლი, განმწმედელი [მადლი], რომელიც ადამიანს განწმედს, ასუფთავებს; რადგან მადლი სამ მდგომარეობად იყოფა.
პირველ მოქმედებას ჰქვია განმწმედელი. [იგი,] მას მერე, რაც ადამიანს განწმედს, გაასუფთავებს, აძლევს უფრო დიდ საჩუქარს, რომელსაც განმანათლებელი მადლი ჰქვია, ანუ [ადამიანი სულიერი] შემეცნების, ცოდნის ნათელს იღებს. ხოლო მესამე მადლს ეწოდება სრულმყოფელი, რომელსაც, როდესაც მიაღწევ, მერე გეტყვი რა არის.
აი, ახლა შენი შესაფერისი ნაწილი გაქვს [მიღებული] და რასაც კი კარგს აკეთებ, რაც კი რამ კარგი გახსენდება, ყველაფერი საღმრთო მადლისაა, როგორც წმიდა [მამები] წერენ: „არ არსებობს სიკეთე, ღმრთისგან რომ არ იყოს, და არ არსებობს ბოროტება, ეშმაკისგან რომ არ იყოს“. ერთი სიტყვით, რაც კი რამ კარგს გაიფიქრებს ადამიანი, ღმერთის მადლისაა.
ხოლო თუ ახლა თავს აიძულებ [იესოს] ლოცვაში და მოუკლებლად ილოცებ; თუ წმიდათა ცხოვრებებს წაიკითხავ და ცოტა ღამღამობითაც გაირჯები, მაშინ მალე მიაღწევ საწადელს, და გაიხარებს შენი სული იმის გამო, რომ ასე შეგიყვარა ქრისტემ. იგი სიყვარულია და ჩვენგანაც სიყვარულს ითხოვს. და მაშინ ჩანს ის, რომ გვიყვარს იგი, როდესაც ჩვენ ჩვენი მოყვასი გვიყვარს.
გამახარა შენმა სიტყვებმა, რომ მალე პირისპირ შევხვდებით. როგორ მოგივიდა ეგ აზრი? ვლოცულობ, რომ უფალმა აახდინოს.
ასე რომ, გაისარჯე, თავი შეძლებისდაგვარად აიძულე, მე კი ვილოცებ, რომ მალე მიაღწიო საწადელს.
ყველა ჩვენი მამა მოგიკითხავს.
ვლოცულობ შენთვის,
მდაბალი მოხუცებული იოსები
შენიშვნები
- ცოდვილთა ცხონება (ბერძ. Ἀμαρτωλών σωτηρία) – ΧVII ს-ში ათონელი მონაზვნის, აგაპი კრეტელის (გვარად ლანდოსი) მიერ დაწერილი სულიერი სახელმძღვანელო, რომელიც რამდენიმე საუკუნის განმავლობაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა ბერძენ ქრისტიანებში (ასეა დღესაც). ↩
- ფოტი ქ. ბოსტონის პატიოსანი ჯვრის სახელობის თეოლოგიური სკოლის სტუდენტი იყო. ↩
- პატროლოგია – აქ: წმიდა მამების ნაშრომები. ↩
- იხ. 1 იოან. 4,16. ↩
- ფილიპ. 2,8. ↩
- ბერმა წერილის წერა დიდმარხვის მეოთხე შაბათს დაიწყო (29-3-1959), მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო წერა 15 დღის შემდეგ განაგრძო, ბზობის კვირას, 13-4-1959-ს, ხოლო დასრულება მხოლოდ აღდგომის კვირას შეძლო, 20-4-1959-ს. ↩
- შემდეგი აბზაცი უკვე 13-4-1959 გააგრძელა, მელანიც განსხვავებულია. ↩
- იხ. 1 იოან. 4,1. ↩
- პიდალიონი (ბერძ. Πηδαλιον – გემის საჭე) – წმ. ნიკოდიმე მთაწმინდელის მიერ გამოცემული საეკლესიო კანონების (მსოფლიო და ადგილობრივი კრებების, მოციქულთა და წმინდა მამების) კრებული დეტალური განმარტებითა და ახალბერძნული თარგმანით. ↩
- წერილის დანარჩენი ნაწილი. ბერმა 20-4-1959-ს განაგრძო. ↩
- იხ. ფსალ. 76,11. ↩
- იხ. რჯლ. 6,5; მათ. 22,37; მარკ. 12,30; ლუკ. 10,27. ↩
- იგულისხმება ზეთის კურთხევის, ანუ ე.წ. „შვიდგზის ზეთის ცხების“ საიდუმლო. ↩
- რათა სიწმიდე ჩვეულებრივ ნაგავში არ მოხვდეს. ↩