წერილები 121–126 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

წერილები 121–126 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

[121] მორჩილ სტავრულას

წმიდა მთა, 28 აპრილი, 1959 წ.

ჩემო ძვირფასო შვილო სტავრულა, გისურვებ, რომ კარგად იყო.

მივიღე შენი ეპისტოლე და ვნახე, რასაც მწერ და გამიხარდა. ნუ დარდობ, ჩემო შვილო, ყველაფერი ჩაივლის, მოთმინება იქონიე. განსაცდელისაა* (აქ ეშმაკის) ის, რასაც ხედავ, ფანტაზიაა და ჩაივლის. შენთვის ეს სასარგებლო გამოდგება, რადგან შენს სინანულს ჭეშმარიტსა და სტაბილურს ხდის, რამეთუ შენში შიშს შობს, ეს შიში კი შეგაკავებს [ცოდვისგან]; ხოლო თუ კაცს შიში არ აქვს, ვნებები ისევ ადვილად ეუფლებიან.

ასე რომ, დამდაბლდი და გაგივლის. ახლა ყველა კმაყოფილია შენით, ყველა დაცა და სტავროც კმაყოფილები არიან იმის გამო, რომ თავმდაბალი და კარგი გახდი.

ამიტომაც გაისარჯე, რომ მარადიული ცხოვრება შეიძინო. ვინც დიდად იმდაბლებს თავს, დიდ მადლსაც იძენს. ასე რომ, აიძულე თავი, გამხნევდი და ყველას მიმართ სიყვარული იქონიე.

ყველა ჩვენი მამა ლოცულობს შენთვის; მეც ვლოცულობ შენთვის.

მდაბალი მამა იოსები

[122] მორჩილ სტავრულას

წმიდა მთა, 11 მაისი, 1959 წ.

ჩემო ძვირფასო შვილო სტავრულა, გისურვებ, რომ კარგად იყო.

დღეს მივიღე შენი ეპისტოლე და ვნახე, რასაც მწერ და გამიხარდა, რომ კარგად ხარ და გისურვებ, რომ უფალმა განსაცდელებში მოთმინება და ბევრი მადლი მოგცეს.

ნუ წუხხარ, რომ იტანჯები, ჩემო შვილო, და ჩაივლის. ოღონდ მოთმინება იქონიე და ყველაფერი გამოსწორდება უფლის ნებით. ოღონდ მორჩილება გასწიე.

ვლოცულობ შენთვის მთელი სულით,

შენი მდაბალი მოხუცი მოძღვარი იოსები

[123] მონაზონ პანტელეიმონს

წმიდა მთა, 21/5/1959

საყვარელო შვილო, ჩემი სულის ნაწილო, ჩემო კეთილო ბიჭუნა, ჩემო პანტელაკი, გისურვებ, რომ კარგად იყო.

დიდი ხანი გავიდა მას მერე, რაც წერილი, ვრცელი ეპისტოლე გამოგიგზავნე. გიპასუხე ყველაფერ იმაზე, რაც გაინტერესებდა, და ვღელავდი, რომ არ მწერდი, – ხომ არ დასნეულდა-მეთქი, ვიფიქრე.

დღეს – [უფრო სწორად,] გუშინ, 20 მაისს ძველი [სტილი]თ – მივიღე წერილი მაგდალინესგან, რომელიც მწერს, რომ არ მიგიღია ჩემი წერილი და დავმწუხრდი. არც მას მიუღია და ძალიან გავმწარდი იმის გამო, რომ ამდენი ვიწვალე წერაზე ავადმყოფმა. თანაც რაღაც სერიოზულ საკითხზე მოგწერე, ამიტომაც ახლა მაგდალინესთვისაც გავატანე, ვინიცობაა ისევ დაიკარგოს. თუ დღემდე არ მიგიღია, მაშინ თავიდან უნდა მოგწერო. ერთი სიტყვით, მიიღებ თუ არა ჩემს წერილს, იმწუთას მიპასუხე, რომ მეც მოგწერო.

აქ კი ახლა იმას დავწერ, რაც შემიძლია, ვაითუ მოვკვდე, რამეთუ ჯერჯერობით ვერ ვარ მთლად კარგად. იმას, რაც გამომიგზავნე მკურნალობაში ვხარჯავ, მაგრამ მიჭირს მომჯობინება. ხარჯები ბევრია, ჯანმრთელობა კი მცირე.

მოგწერე, რომ შენ, რადგან პატარა ხარ, მონასტერზე ნუ ფიქრობ. შენ მღვდელი უნდა გახდე, ეკლესიას ემსახურო. თუ ეს მანდ ძნელია (იქნებ არ მოგცენ უფლება), მაშინ იძულებული იქნები ჩამოხვიდე და ჩვენთან გახდე. მანამ, სანამ ცოცხალი ვარ, ბევრ ისეთ რამესაც ისწავლი, რომელიც არ იცი, და მერე უკან დაბრუნდები. სულიერი მოძღვარი აქ გახდები, მანდ კი სხვა სულებს დაეხმარები, ხოლო 50-60 წლისას გამოცდილებაც გექნება და სულიერი ცოდნაც. მაშინ სხვებსაც დამწყსავ.

ყურს ნუ დაუგდებ იმას, რასაც გეუბნებიან (იოასაფი): მონასტერი ავაშენოთო. მას ჯერ კიდევ ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს მონაზვნობაში. ჩემთანაც მოდის და იმავეს მეუბნება, ლაპარაკის მეტი არაფერი იცის. აქ ჩამოვიდა, რათა ბიძის მემკვიდრეობა მიიღოს, მთაწმიდაზე ჯერ არ მოსულა.

მონასტრებს ჯერ თავი დაანებე. იზრუნე, რომ ეპისკოპოსმა მღვდლად გაგხადოს. მომწერე, რამე [კანონიკური] წინაღობა ხომ არ გაქვს [მღვდლობისთვის]. ეპისტოლეში მოგწერე, რა აბრკოლებს ადამიანს მღვდლად გახდომაში, რათა შენც ასწავლო სასწავლებელში და წმიდა მამათა კანონების დარღვევით არ გახდნენ მღვდლები და არ წარწყმდნენ. ხმა მოგვდის, რომ გარეთ ერისკაცივით დაიარება1. ღმერთმა ყველა გაანათლოს და თავისი წმიდა ნებისკენ გაუძღვეს.

შენ კი, თუ აქამდე ჩემი წერილი მიიღე, კეთილი, თუ არა და მომწერე, რომ ვიცოდე. რაც გამომიგზავნე, ყველაფერი მივიღე, ნუ ღელავ. ამ ყველაფერს ჩემი სნეულებისთვის ვხარჯავ, მაგრამ გამოჯანმრთელებას ვერ ვხედავ. მეუფესაც ვმადლობ 10 დოლარისთვის და ვლოცულობ მისთვის, 20 დოლარი კი ჯერ არ მიმიღია, რადგან მ. იოასაფი ჯერ არ მოსულა. ველი შენს წერილს, რათა შენი ჯანმრთელობის ამბავი შევიტყო.

თუ ჩემი წერილი არ მიგიღია, მასში მამა პეტრეს შესახებ გწერ: მაგდალინესაც უთხარი და მოშორდით მას, რამეთუ ღმერთთან ერთად არ არის, არამედ სპირიტუალიზმითაა დაკავებული. თვითონ მას ნურაფერს ეტყვით, რათა რამე სკანდალი არ მოჰყვეს. უბრალოდ წამოდით და აღარ მიხვიდეთ. საცოლემ ასწავლა, რომელიც აქ იყო ჩამოსული და ახლა ისევ მანდ მობრუნდა. ერთი სიტყვით, სატანის კლანჭებს თავი დააღწიეთ და პირველ შემხვედრს, რომელიც ტკბილად დაგელაპარაკებათ, ნუ ენდობით, რათა მახეში არ გაებათ. სატანა ყველა ღონეს ხმარობს, რომ უბოროტო ადამიანი შეაცდინოს.

თითქმის ყველაფრის შესახებ მოგწერე. ფრთხილად იყავი და იზრუნე შენს სულზე და ღმერთი იყოს მარადის შენთან ერთად.

მეუფეს ჩემგან მეტანია გადაეცი.

ვლოცულობ შენთვის მთელი სულით.

მდაბალი მოხუცებული იოსები

მე ვერ ვარ კარგად, არ ვიცი ბევრი დამრჩენია თუ არა.

[124] მონაზონ პანტელეიმონს

წმიდა მთა, 1/6/1959

ჩემო საყვარელო შვილო, ჩემი სულის წმიდა ნაწილო, ჩემო კეთილო ბიჭუნა პანტელაკი, გისურვებ, რომ კარგად იყო.

რამდენიმე დღის წინ მივიღე შენი წერილი, მაგრამ ავადმყოფობა მტანჯავს და თუ არ დაცხრა ხოლმე, არც კითხვა შემიძლია, არც წერა. ისევ დისპნოე. ეგ კი არა, ჭამაც არ შემიძლია. ახლა მხოლოდ დილაობით ვჭამ, ერთხელ დღეში, რაც მომხვდება.

ამბობენ, რაღაც ჟანგბადი არსებობსო, რომელსაც ბუშტით შეისუნთქავ და ცხრება. კი გამომიგზავნეს, მაგრამ ჩემი სნეულება ძალიან მძაფრია, უფრო ძლიერი წამალი სჭირდება, ამას კი „სასინჯი“ ჰქვია, ორი წუთი ძლებს, მერე კი ისევ მეწყება. თუ ყოვლადსამღვდელო2 იცნობს ვინმე მეცნიერ ექიმს და არსებობს უფრო ძლიერი წამალი დისპნოეს დასაცხრობად, გამომიგზავნე. იმისთვის, რომ ნახევარი საათი წავიძინო, ვინმემ უნდა მინიავოს, თუ არა და, მახრჩობს, დაძინებას არ მაცლის.

არაფერს ვამბობ, შენს მონასტერზე რომ მწერ; მაგდალინესთვის კი კარგი იქნებოდა, რათა ორმა-სამმა იცხოვროს ერთად, ასევე კლიოსთვისაც. მათთვის ადვილია, რადგან ქალები არიან, შენთვის კი ძნელია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ჩემთან დარჩებოდი ცოტა ხნით, რათა მონაზვნური ცხოვრების ფაქიზი საიდუმლოები გესწავლა. მხოლოდ შენ ძალგიძს სხვების დახმარება, სხვას არავის იმათგან, რომლებზეც მწერ, რომ გამოგზავნიან. დიონისე, [სხვა] არავინ აქედან. ნურავის ეძებ, ნურავის ითხოვ. შენ თვითონ, მარტოს, რაც შეგიძლია, გააკეთე.

თუ სხვაგვარად არ გამოდის, ერთი პატარა ეკლესია მოაწყვე, ორი-სამი ოთახი. ორი ამხანაგიც იპოვე, კარგი ბიჭები, და დაეყუდეთ, როგორც მეუდაბნოეები. ხოლო როდესაც დაბერდება, როგორც თვითონ ამბობს მეუფე, ეს კარგი ბიჭები სიბერის ჟამს მოუვლიან.

თუ ჩამოსვლას შეძლებდი, დარჩენას ცოტა ხნით, დიდსქემოსანიც გახდებოდი – მე აღგკვეცდი3, და ცოტას ისწავლიდი კიდეც, შემდეგ კი უკან დაბრუნდებოდი უკვე გამოცდილი მეუდაბნოე, სხვებსაც გახდიდი სქემოსნებად, ხოლო სიტყვით სხვა და-ძმასაც დაეხმარებოდით.

ერთი ისაა, რომ კარგი მღვდელი გჭირდებათ. მამა ეფრემი4 კარგი მღვდელი და სულიერი მოძღვარია, მანდ თუ ჩამოვიდოდა. მაგრამ, როგორც მანდედან მოწერილი წერილებიდან ვასკვნი, მანდაური ხალხი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს გარეგნულს, ხოლო რადგან ის კარგად ჭამს და სვამს, ვშიშობ, არ აყვედრონ, მის გამო კი – შენც. ახლა შენ შესახებ ბევრს მწერენ, განსაკუთრებით, შენს მარხვასა და ყურადღება-სიფრთხილეზე.

მამა პეტრეზე, რადგან ჩამოშორდი, აღარაა საჭირო რამე მოგწერო. ღმერთმა გამომიცხადა, რომ იგი არ არის ღმერთთან. მაგდალინეც წამოვიდეს მისგან და სხვა არაფერი გვჭირდება.

კლიოს რაც შეეხება, ძალიან უბრალო გოგონაა, არ არის ცუდი. ჩემთვის არაფერი მოუწერია, რომ რაღაც ჩვენებებს ხედავს. ის, რაც ნახა – როგორც[, მაგალითად,] შენი ჰაჯი-ბებია5 – არ არის ცუდი. გონიერი გოგოა, ბევრია მისნაირი. ამქვეყნად ბევრ რამეს ნახავ და მოისმენ, ამით სწავლობ და [ეს] ყველაფერი ბრძნად გხდის.

მამა იოასაფი ჯერ არ მოსულა. კანდელები გამოგზავნა, ასევე ერთ შავი [ …]6 და ორი შარვალი და ორი მაისური, სხვა არაფერი. ახლა ერთი მისი მონაზონი წავიდა მოსატანად (ერთი პატარა მორჩილი ჰყავს).

ჩვენს მეუფეს ჩემგან მეტანია გადაეცი. ბევრ კარგ და მშვენიერ რამეს მოგწერ, ოღონდ – როცა კარგად გავხდები. მთელ შენს ფულს ვხარჯავ, მაგრამ ჯანმრთელობას ვერ ვხედავ. დიდება შენდა, ღმერთო! ჯანმრთელობას მაშინ აღვიდგენ, მიწაში რომ ჩავალ.

მთელი საძმო მოგიკითხავს.

ბევრს გემთხვევი,

შენი მოხუცი მოძღვარი იოსები

პატარა სახარებას ჩვენი პატივცემული მეუფისთვის ვგზავნი. როცა მე მქონდა, დიდმარხვაში 7-8-10-ჯერ ვკითხულობდი მთლიანად.

ნაკურთხი ზეთი ერთი მაგდალინესათვისაა, ერთი – კლიოსთვის, ერთიც – ქრისტინესთვის, ევტიქესა და იოანეს დეიდისთვის.

[125] სტუდენტ იოანეს

წმინდა მთა, 5/6/1959

ჩემს საყვარელ იოანეს ვუსურვებ ხანგრძლივ ჯანმრთელობასა და ღმრთის მიერ განათლებას, – რათა გონება გაგიხსნას თავისი სახიერი სულით, რომელიც თავის წმიდა მოწაფეებს გამოუგზავნა.

ერთი სიტყვით, კეთილო შვილო, გეშინოდეს ღმერთისა და აღასრულე მისი მცნებები და კეთილ-გეყოფა.

დღეს მივიღე შენი ეპისტოლე, ვნახე, რასაც მწერ და ძალიან გამიხარდა, რომ შენი სულისთვის საზრდელს ეძიებ. გაისარჯე, ჩემო კარგო, ბიჭუნა, და პირველ რიგში [იესოს] ლოცვა თქვი ხოლმე. მოიხსენე ღმერთის სახელი, რათა ღმერთმაც მოგიხსენოს განსაცდელის დროს.

რასაც არ უნდა აკეთებდე, ფიქრობდე და განიზრახავდე, ყოველ წუთში შენს თავს უთხარი ხოლმე: „იოანე, გაფრთხილდი, ყურადღებით იყავი! ღმერთი გხედავს, აქ არის, შენ გვერდით არის. ყველაფერს ხედავს კიდეც და ყველაფერზე თვალს ხუჭავს კიდეც. ვერაფერს დაუმალავ. მისთან შედარებით მატლი ხარ, ჭიანჭველა“.

[ჩვენი] ღმერთი ხომ მრავალთვალიანი ღმერთია, რომელიც ყველგან ხედავს. სანამ შენი გონება რამე გულისსიტყვას გამოსახავს, ღმერთმა ის უკვე იცის. მაშ, შენ რატომ ვერ ხედავ მას? ღმერთის ხედვა ნიშნავს ღმერთის შესახებ ცოდნას.

მაშასადამე, როდესაც შენ არ სცოდავ, არ იტყუები, არ განიკითხავ, მზაკვრობის არ განიზრახავ მოყვასის მიმართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთის შიში გაქვს. სწორედ მაშინ ხარ ბრძენი და გესმის ღმერთისა, და არ სცოდავ იმიტომ, რომ არ გინდ მას აწყენინო. [სწორედ] ესაა ღმერთის ხედვა, ჭვრეტა, ხოლო ღმერთი, რომელიც ყველაფერს ხედავს, გიფარავს სატანის მახეებისგან.

აი, გზა, ჩემო საყვარელო შვილო, თუ როგორ უნდა მოიზღუდო თავი სატანის მახეებისგან.

კმარა ამ ჯერზე.

ვლოცულობ შენთვის.

მდაბალი მ. იოსები

[126] მონაზონ პანტელეიმონს

წმიდა მთა, 7/6/1959

„ერთ პატარა ნაშრომს დავუწერ ჩემს შვილ პანტელეიმონს“7

ჩემო საყვარელო შვილო პანტელაკი, ჩემო ნაშობო საღმრთოო და წმიდაო, გისურვებ, რომ ყოველთვის კარგად იყო.

ის, რასაც [ახლა] მოგწერ, შეინახე, სამახსოვროდ იქონიე, ყურადღებით იკითხე, და დარწმუნებული ვარ, რომ სარგებელს მიიღებ.

ღმერთმა, ჩემო შვილო, ადამიანი მიწისგან შექმნა. ანუ ჯერ ყველა ქმნილება ბაღისდარად შექმნა, შემდეგ კი მნათობებით შეამკო [ცის] სამყაროს* (სიმყარე, მყარი). მთვარე დააწესა, რომ ღამის ყველა ვარსკვლავზე მთავრობდეს – თითქოს დიდი ჭაღი ყოფილიყოს მრავალი ნათურით, დიდითა და მცირეთი, რათა ცა შეამკოს და გაამშვენოს; ხოლო მიწა უამრავი ხით შეამკო, [ასევე] დიდითა და პატარით. მხეცები და ქვეწარმავლები. ყველა ზომის ჩიტი, რომლებიც ცისქვეშეთში დაფრინავენ. შინაური ფრინველ-ცხოველი ადამიანის საჭიროებისთვის. ზღვა — თევზების ყველა ჯიშით. ეს ყველაფერი – იმისთვის, რომ კაცმა ჭამოს და განცვიფრდეს. ხოლო ყველაფრის ზემოდან დიდი მნათობი შექმნა, რათა დღეზე უფლებდეს და თავისი სითბოთი ყველაფერი გაათბოს და ყველაფერს მოეფეროს, მისმა ნათელმა კი ყველაფერი გაალამაზოს და გაამშვენიეროს. ხოლო ადამიანი ყველაზე ბოლოს შეიქმნა, როგორც ყველას მეფე, როგორც საპატიო სტუმარი [დაუსრულებელ] სანახაობაზე. ო, დიდებულება! ო, რა პატივი აქვს ადამიანს! ყველა და ყველაფერი ღმერთს უგალობს, სულიერი და უსულო: ზოგი თავისი ხმით, ზოგიც ფოთლების შრიალით – ყველას თავისი ხმა აქვს; სულ მცირე ბალახსაც კი, ფეხი რომ დაადგა, ყვირის, ხოლო მისი სურნელება მისი ხმაა.

ეს ყველაფერი, რასაც წმიდა წერილი ახსენებს, ყველაფერი ადამიანისთვის გაჩნდა. ერთი სიტყვით, იმისთვის შექმნა8 კაცი, რათა ხედავდეს, რომ ყველაფერი ზედმიწევნით კარგადაა შექმნილი და მათი ჭვრეტით იხაროს და განცხრებოდეს.

ხოლო თვითონ კაცი როგორ შექმნა? აიღო მიწა, რაც ყველაზე მდაბიო ნივთიერებაა – რათა კაციც ყოველთვის თავმდაბალი იყოს, მიწაზე მდაბალი ხომ არაფერია, – თიხის სახლი მოხაზა და შეჰბერა, შექმნა ადამიანის სული, როგორც წერს ანასტასი სინელი9 და წმიდა წერილი. ერთი სიტყვით, თითქოს თიხის ოთხ კედელს შუა მოათავსა ღმერთმა თავისი შთანაბერი, ჩასვა თავისი სუნთქვა.

ო, ზეციერი დიდებულება! ო, რა დიდება და პატივი აქვს ადამიანს! მდაბალი თიხაა და იმავდროულად – ღმერთის სუნთქვა! ხრწნადი მატერიაა და იმავდროულად საღმრთო სუნთქვაა! [მაგრამ] დადგება წუთი, როდესაც შეიცვლება. „მიწა ხარ და მიწადვე დაუბრუნდები“10 – ჩვენი შემოქმედის ეს სიტყვა ახდება. მაგრამ საღმრთო შთანაბერს, საღმრთო სუნთქვას რაღა მოუვა? როგორც მიწა დაუბრუნდება მიწას, ასევე სულიც, რომელიც ღმერთის შთანაბერია, დაუბრუნდება ღმერთს. კი, მაგრამ როგორ? როდესაც ღმერთიდან გამოვიდა, იყო კეთილსურნელოვანი, საღმრთო სუნთქვა, მაგრამ ახლა იმავენაირია? არა, არ არის. მაშ, რა მოხდება? საჭიროა გაიწმინდოს. ცრემლი, გლოვა, ტკივილი – რადგან აწყენინე ასეთ კეთილ და ქველისმოქმედ მამას, ღმერთს, რომელმაც ასე გადიდა შენ, თიხა; მოგმადლა საღმრთო სუნთქვა. იტირე და იგლოვე, რათა ისევ პირველ მდგომარეობაში დაგაბრუნოს. ხოლო როდესაც შენ მწარე სულიერი ტკივილით ტირი, რომ შესცოდე, რომ ღმერთს აწყენინე, ტირილის შემდეგ ნუგეში გაგაგრილებს. და მაშინ გაიხსნება შენთვის ლოცვის კარი.

ვიცნობ კაცს, რომელიც ტიროდა და სურდა ცრემლები შეეკავებინა, რამეთუ ვიღაც ესტუმრა, მაგრამ ვერ შეძლო ცრემლების შეკავება, რადგან ისეთი ძალით მოედინება, თითქოს ვინმეს სასიკვდილოდ დაეჭრას. გულისტკივილიანი ლოცვა გლოვას შობს, გლოვა — ცრემლებს, ცრემლები კი – უფრო სუფთა ლოცვას, რამეთუ ცრემლი, კეთილსურნელოვანი მირონივით ჩამორეცხს [სულიერ] ჭუჭყს და ასე იწმინდება ღმერთის სუნთქვა, რომელიც მტრედივითაა გამოკეტილი ოთხ კედელში, როგორც ოთხი ელემენტისგან შექმნილი11. და მაშინ, როგორც კი დაირღვევა და დაიქცევა [ეს ოთხი] კედელი, მტრედი იმწუთას თავისი მამისკენ გაფრინდება, რომლისგანაც გამოვიდა.

(გაგრძელება იქნება)

*

მაშასადამე, ვთქვით, რომ ღმერთის სუნთქვა ვართ. რადგანაც ღმერთს ვენათესავებით, ღმერთი კი ყველგან არის, ჩვენც ყოველთვის ღმერთთან ახლოს ვართ. მისი შვილები ვართ. როდესაც გავაცნობიერებთ, თუ რა დიდი პატივი გვარგო, რომ მისი სუნთქვა ვიყოთ, უნდა ვიფრთხილოთ, რომ გული არ ვატკინოთ. „წინაწარვხედევდ* (თვალწინ ვხედავ) უფალსა წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რათა არა შევიძრა“12.

ხოლო რადგან ჩვენი გონება და ჩვენი გული და ჩვენი სხეული შევბილწეთ სიტყვით და საქმით და აზრებით, ახლა კადნიერება აღარ გვაქვს. არ გვაქვს საქორწინე შესამოსელი. ამიტომაც თავი უნდა გავისუფთაოთ აღსარებით, ცრემლებით და სულის ტკივილით, და ყველაზე ამაღლებულით ლოცვით, რომელიც განწმედს და სრულყოფს ადამიანს. სამოსელი, რომლის შესახებაც ვგალობთ დიდ პარასკევსა თუ დიდ ხუთშაბათს13 – „სასძლოსა შენსა ვხედავ, მაცხოვარ, შემკობილსა და სამოსელი14 არა მაქუს, რაითა შევიდე მას შინა“ – ღმერთის მადლია, რომელიც მხოლოდ სუფთა და გულისტკივილიანი ლოცვით მოიპოვება.

თავდაპირველად ადამიანი იმ უბრალოებით ლოცულობს, რომელიც თავიდანვე აქვს; მრავალ ცრემლს ღვრის, რაც ღმერთის მადლის საჩუქარია და რასაც განმწმედელი მადლი ჰქვია. ეს [პირველი] მადლი ანკესივით მოინადირებს ადამიანს და სინანულისკენ მიუძღვის, რამეთუ ჩვენი კეთილი ღმერთი, რომელიც ყველაფერშია და ყველაფერს აღემატება, თვითონ გვპოულობს. ის გვხედავს, ის მოგვიწვევს, პირველად ის გვაცნობს თავს, შემდეგ კი ჩვენ ვიცნობთ მას, მას მერე, რაც თავისი საღმრთო წყალობის მირონს გვცხებს. შესაბამისად, სინანულიც და გლოვაც და ცრემლებიც, ანუ ყველაფერი, რაც [ახლად] მონანულს აქვს, ყველაფერი საღმრთო მადლის [გან] არის. ესაა: ის განმწმედელი მადლი, რომელიც ადამიანს განწმედს, ასუფთავებს. არ არსებობს სიკეთე, რომ ღმერთისგან არ იყოს, არც ბოროტება არსებობს, რომ ეშმაკისგან არ იყოს.

ერთი სიტყვით, არასდროს ჩაიდო გონებაში ის აზრი, რომ ოდესმე რამე კარგი გაქვს გაკეთებული ღმერთის გარეშე, რადგან, როგორც კი ასე იფიქრებ, იმწუთას განგეშორება მადლი – დაკარგავ, რათა შეიცნო საკუთარი უძლური მდგომარეობა და ისწავლო. საკუთარი თავის შემეცნება, „შეიცან თავი შენი“.

იმისათვის, რომ კაცმა საკუთარი ბუნების უძლურება გააცნობიეროს, საჭიროა ბევრნაირი და დიდი განსაცდელები გამოიაროს და მაშინ, მრავალი განსაცდელის შემდეგ მდაბლდება და სწავლობს ნამდვილ სიმდაბლეს; მაგრამ ამას დრო სჭირდება.

სიმდაბლე ის კი არ არის, რომ კაცი უბრალოდ გაიძახოდეს: ძაღლი ვარ, ვირი ვარ, ცოდვილი ვარო და ა.შ. სიმდაბლე არის სიმართლე, ჭეშმარიტება – გაიგოს კაცმა, რომ არაფერია. არაფერი არის ის, ვინც, სანამ ღმერთი ყველაფერს შექმნიდა, იყო არაფერი. ასე რომ, ჩვენც ეს არაფერი ვართ. შენი ფესვები, შენი არსებობა სათავეს იღებს არაფრისგან, შენი დედა არის თიხა, ხოლო შემოქმედი იყო ღმერთი. „რა გაქვს, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რატომ იქადი, თითქოს არ მიგეღოს?“15

ღმერთის დიდი საჩუქარია ის, რომ კაცმა ჭეშმარიტება შეიცნოს, ხოლო ეს ჭეშმარიტება, როგორც უფალმა ბრძანა, ცოდვისგან გვათავისუფლებს“16.

ღმერთის შესახებ ცოდნა არის ღმერთის ხედვა. რამეთუ ესაა სულიერი ცოდნა, არა – ბუნებრივი. ბუნებრივი ცოდნა არის გარჩევის უნარი. კაცმა კარგისა და ცუდის გარჩევა იცოდეს – ეს ყველა ადამიანს აქვს. ხოლო სულიერი ცოდნა მომდინარეობს სულიერი საქმიანობისგან, სულიერი მოღვაწეობისგან, რომელსაც თან ახლავს საკუთარი თავის შემეცნება. ამ ყველაფერს ვიძენთ ღმერთის მადლისგან ლოცვის მეშვეობით. ღმერთის მადლს კაცი გონებით ხედავს და შეიცნობს გონებრივი შეგრძნებით, მხოლოდ [და მხოლოდ] ლოცვის დროს.

ლოცვის მრავალი სახეობა არსებობს, ყველა კარგია, თუ კაცმა არ იცის და უბრალოებით ლოცულობს17. ხოლო თუ წინამძღოლი ჰყავს, მაგრამ ეურჩება მას, მაშინ ცდომილებაში გადადის. [გულში] მოტრიალე* (აქ: მოუკლებელი) გონებისმიერი ლოცვის გარდა ყველა სხვა ლოცვები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს, როდესაც უბრალოება იკარგება და კაცი თავის თავზე დიდი წარმოდგენის შექმნას იწყებს.

ხოლო გონებისმიერი ლოცვა, ღმერთის სახელის მონოლოგისტური18 მოხმობა, ეჭვის ადგილს არ ტოვებს. მას არც ცდომილება მოჰყვება, რამეთუ გულში გონებაგაუფანტავად მოვუხმობთ სახელს „იესო“, რომელიც განგვწმედს ბნელისაგან და ნათლისკენ მიგვიძღვის.

(გაგრძელება იქნება)

*

(გაგრძელება)

გონებისმიერი ლოცვა, რომელიც ვახსენეთ, არის: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე“. ამ ლოცვის მეშვეობით შესუნთქვის დროს გონება გულში ჩაგყავს, როგორც ლოცვის მასწავლებელი მამები გვირჩევენ, და სუნთქვას შეძლებისდაგვარად დიდი ხანი იკავებ, და მხოლოდ ლოცვის სიტყვებზე გაქვს ყურადღება კონცენტრირებული. თავიდან ძალიან შრომატევადი რამაა, რადგან გონება არ არის მიჩვეული გაუფანტაობას, მაგრამ დროთა განმავლობაში ერთ ადგილზე დგომას სწავლობს.

ვიცნობ ძმას, რომელსაც 6 საათის განმავლობაში ეპყრა გონება გულში, თანაც ისე, რომ ერთ საათამდე არ ეფანტებოდა, ზოგჯერ კი – უფრო დიდი ხანი19.

ლოცვა [თავიდან] შრომა-გარჯით ხდება, მოგვიანებით კი – უშრომელად და საოცარი სიხარულით, რამეთუ, რადგან ღმერთს ვენათესავებით – არა არსებით, არამედ, როგორც ვთქვით, იმიტომ, რომ ღმერთის შთანაბერნი ვართ, როდესაც ცოდვისგან ვიწმინდებით მარხვით, მღვიძარებით და ლოცვით (იმით, რომელზეცაა ლაპარაკი), მტკივნეული მოღვაწეობითა და [სულიერი] სიფხიზლით გონება გამოკეტილი გვყავს გულში და არ ვაცლით გამოვიდეს, [მაშინ] ჩვენი კეთილი ღმერთიც მოგვხედავს და თავის მაგრილობელ მადლს გვიგზავნის, რომელიც გამჭვირვალე ღრუბელივით გვანათლებს და ის, ვინც ცოტა ხნის წინ სიბნელეში იჯდა, ახლა შინაგან ადამიანს უსუფთავესად ხედავს. და მადლი რჩება მასთან იმდენ ხანს, რამდენსაც უფალი მოისურვებს. ეს განუწყვეტლივ ხდება და ადამიანი მუდმივად სუფთავდება და საღმრთო მადლის მიერ სრულიყოფება.

რამეთუ, როდესაც მადლი მოიხილავს, ხოლო ღმერთის სუნთქვა – ანუ ჩვენი სული, როგორც ვთქვით – სიყვარულით აღგზნებული, ამაღლდება, მაშინ ხდება საღმრთო შეერთება, და იმდენად ემსგავსება ღმერთს, რომ ერთმანეთისგან ვერც გაარჩევ, ვერც განაცალკევებ, ისევე, როგორც მზესა და [მის] შუქს, ან ცეცხლსა და რკინას, როდესაც ერთდებიან. რადგან შთანაბერსაც და მადლსაც ერთი წყარო ჰყავთ – ჩვენი ტკბილი ღმერთი.

ო, როგორი კარგია ჩვენი კეთილი ღმერთი! როგორი მოწყალეა! არანაირი ანგარება არ აქვს, არც არასდროს დასჭირვებია ადამიანი, რადგან ზესრულყოფილია. მაგრამ, რადგან სურდა თავისი უდიდესი სიყვარულის გამო თავისი ზესრულყოფილი ნიჭები გადმოეცა ჩვენთვის, შექმნა მთელი სამყარო. ხოლო როდესაც კაცი შექმნა, მეფედ დაადგინა და ყველაფერი მას უბოძა.

მხოლოდ ერთს გვთხოვს ღმერთი: პატივი სცე, გიყვარდეს და მისი მცნებები დაიცვა, რადგან აღიარებ, რომ შენი შემოქმედი მხოლოდ ის არის. არ უნდა, რომ შენ მისი დიდება სხვას გაუზიარო და სხვის მაგივრად სხვას მიაგო საღმრთო თაყვანისცემა. არ სურს, რომ მასზე მეტად რამე [ან ვინმე] შეიყვარო. ამიტომაც როდესაც მოსეს ღმრთივდაწერილ რჯულს* (კანონს) აძლევდა, უთხრა: „ისმინე, ისრაელ! შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი სულით, მთელი გულით, მთელი ძალით, მთელი გონებით“20.

ასე რომ, გაიგე, ჩემო პანტელაკი? არაფერი დაგიტოვა ისეთი, საითაც შენი სიყვარული შეიძლება მიიდრიკოს, არამედ მთლიანად, მთელი შენი სულის წადილით უნდა შეიყვარო უფალი. ამგვარად დაიმკვიდრებს [შენში] მისი მადლი. გული არ ნაწევრდება: მხოლოდ შენს ღმერთს უნდა სცე თაყვანი და მას ემსახურო. და, ოჰ, მაშინ! მაშინ შენში მოვა ქრისტე, რომელიც არის სიტყვა [ღმრთისა], და მამა და სული [წმიდა], [როგორც ] შეგპირდა, სავანეს შექმნიან [შენში]21, [ღმერთის] ტაძარი გახდები. მაშინ ლოცვა გაბატონდება და გონებას დაიმორჩილებს. ო, სიხარული! ო, სიხარული, რომელიც უბედურ თიხას ეწვევა! რამდენ სიკეთეს მოგვმადლებს უფალი!

ვიცნობ ერთ ძმას, რომელსაც ამგვარი სიყვარული ჰქონდა და განკვირვებაში მოვიდა, და სამი ერთნაირი და ერთი ასაკის ბავშვი იხილა უკიდეგანო ნათელში. ლოცავდნენ მას და გალობდნენ: „რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ, ალილუია“22. მრავალჯერ დალოცეს და ამას ამბობდნენ. და გამაკვირვა იმან, თუ რამხელა სიყვარული ჰქონდა ამ ძმას უფლის მიმართ.

ერთი სიტყვით, ღმერთთან მისაახლოებელ სხვა გზას ნუ ეძებ. მხოლოდ მთელი სულით უნდა შეიყვარო იგი. მაშინ საკუთარ სხეულს ანგარიშს აღარ გაუწევ, არამედ დატანჯავ, რათა ვნებები დაამარცხო, რის ძალასაც ისევ უფალი განიჭებს. და რამდენადაც შენ იწმიდები ვნებებისგან, იმდენად მშვიდდები, გონიერი ხდები და გესმის ღმერთისა.

(გაგრძელება იქნება)

*

ასე რომ, ჩემო პანტელაკი, ჩემო პატარა ბიჭუნა, დავიწყე წერა; შენ კი გადაწერე და უკან გამომიგზავნე, რათა გავაგრძელო, ხოლო შენ პატარა წიგნაკი გააკეთე, რომ სამახსოვროდ დაგრჩეს. ძალიან ლამაზ რამეებს მოგწერ, რომლებიც არასდროს მოგისმენია. ჩემი შთაგონების შედეგია. საქმე და ჭვრეტა23.

სიკვდილს ვუახლოვდები. მთლიანად დავსივდი. მაგრამ არ ვჩერდები. მინდა რამე კარგი გავაკეთო, თუნდაც სული დავლიო ამასობაში, ბრძოლის დროს გავიდე.

ფულს რომ მიგზავნი, ექიმებს მიაქვთ, ნემსებს მიაქვს, ღარიბებს მიაქვთ, გროშიც არ მრჩება. ახლა ფქვილი უნდათ და მეჩხუბებიან, მაგრამ მე იმ კვიპაროსებს ვუყურებ, სადაც საფლავს გამიხსნიან.

შენიშვნები

  1. სავარაუდოდ, ისევ ხსენებული მ. იოასაფი იგულისხმება, ხოლო „ერისკაცივით“ ნიშნავს კაბა- ანაფორის უცმელობას. ↩
  2. სიტყვასიტყვით: „უღმრთისმოყვარესმა“, ეპისკოპოსს გულისხმობს. XIX-XX ს-ში ბერძნულენოვან ეკლესიებში (ზოგან სრულად, ზოგან კი ნაწილობრივ) მღვდელმთავრების ისტორიული წოდება „ყოვლადსამღვდელო“ შეცვალეს ტიტულებით „უპატივცემულესი“ – მიტროპოლიტების მიმართ – და „უღმრთისმოყვარესი“– ეპისკოპოსების (უმეტესად ქორეპისკოპოსების) მიმართ. ხოლო კონკრეტულად ლაპარაკია ელეის ეპისკოპოს ათინაგორა კოკინაკისზე (1912-1979), შემდგომში თიატირის მთავარეპისკოპოსზე, რომელიც 1954-1959 წწ. ბოსტონის პატიოსანი ჯვრის სახელობის საღმრთისმეტყველო სკოლის დირექტორი იყო. ↩
  3. გულისხმობს, რომ მიმრქმელი გახდებოდა. ↩
  4. სავარაუდოდ, მამა ეფრემ კარაიანისს გულისხმობს. წმიდა ბერს სთხოვდნენ ამერიკაში მოწაფეები გაეგზავნა, რათა მონაზვნობისთვის ჩაეყარათ საფუძველი – იმას, რაც დიდი ხნის შემდეგ აღსრულდა, როდესაც 1992 წელს დიდი ბერის მოწაფე, მამა ეფრემ ფილოთეველი ამერიკაში გაემგზავრა და ოცამდე მონასტერი დააარსა. ↩
  5. ბერძნები წინდებულ „ჰაჯის“ უმატებენ იმ ადამიანის სახელს, ვისაც იერუსალიმი (ზოგადად, წმიდა მიწის სიწმიდეები) აქვს მოლოცვილი. კონკრეტული კონტექსტიდან გამომდინარე, მ. პანტელეიმონის ბებია ნამყოფი იყო პალესტინაში. ↩
  6. ხელნაწერში გაუგებარი სიტყვა წერია. ↩
  7. ეს ეპისტოლე მცირე ტრაქტატს უფრო წააგავს, ვიდრე წერილს, ამიტომაც თვითონაც „პატარა ნაშრომს“ უწოდებს და ამ პატარა სათაურსაც ურთავს, რაც სხვა დროს არ გაუკეთებია. ეპისტოლე 4 ქაღალდზეა დაწერილი – 3 ოთხფურცლიანსა და 1 ორგვერდიანზე, ანუ 14 დანომრილ გვერდზე. თითოეული ოთხგვერდიანი ქაღალდის ბოლოს აწერს: „გაგრძელება იქნება“, ხოლო ახალი ფურცლის თავზე – „გაგრძელება“. თითოეულ ახალ ნაწილს ისე იწყებს, რომ თითქოს დროის სხვადასხვა მონაკვეთში დაწერა (რაც ავადმყოფობის გამო სავსებით რეალურად გვეჩვენება). დაბოლოს, ეპისტოლეს, ჩვეულების საწინააღმდეგოდ, დალოცვისა და ხელმოწერის გარეშე ამთავრებს. ↩
  8. ბერი ოთხ ზმნას იყენებს, რომლებიც მოცემულ კონტექსტში მხოლოდ „შექმნად“ შეიძლება ითარგმნოს: δημιουργῶ, πλάττω, κτίζω, κάμνω. ↩
  9. წმ. ანასტასი სინელი (VI-VII სს.) იყო სინაწმიდის წინამძღვარი და მრავალი მნიშვნელოვანი ნაშრომის ავტორი, რომელთაგან ერთ-ერთია „[შესაქმის] ექვსი დღის შესახებ“. ↩
  10. იხ. დაბ. 3,19. ↩
  11. ცეცხლი, წყალი, მიწა, ჰაერი. ↩
  12. ფსალმ. 15,8. ↩
  13. ეს „გამოავლინე“ (ცისკრის საგალობელი, რომელიც კანონის შემდეგ სრულდება, „აქებდითის“ წინ) იგალობება დიდი ორშაბათიდან დიდ ხუთშაბათის ჩათვლით. ↩
  14. ძველქართულ თარგმანში არის „სამკაული“ (ძველბერძნული სიტყვა – ორივენაირად შეიძლება ითარგმნოს). ↩
  15. კორ. 4,7. ↩
  16. იხ. იოან. 8,32. ↩
  17. ანუ არ ჰყავს ლოცვის მასწავლებელი, მაგრამ სიმდაბლითა და უბრალოებით ცდილობს ლოცვის ხელოვნებას დაეუფლოს. ↩
  18. იხ. სქოლიო 3, გვ. 34. ↩
  19. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ერთი საათის შემდეგ უკვე გონებაგაფანტულად ლოცულობდა, არამედ იმას, რომ ამ ექვსი საათის განმავლობაში გონება მცირედ თუ გაეფანტებოდა ხოლმე წამიერად, დაახლოებით, საათში ერთხელ. ↩
  20. იხ. რჯლ. 6,4-5; მარკ. 12,29-30. ↩
  21. იხ. იოან. 14,23. ↩
  22. იხ. გალ. 3,27. ქართული პრაქტიკისგან განსხვავებით, ბერძნულენოვან ეკლესიებში წირვაზე ეს ტექსტი ზუსტად ისე იგალობება, როგორც სამოციქულოშია. ↩
  23. ანუ პრაქტიკული და თეორიული მოღვაწეობა, სხეულებრივი და გონებრივი. ↩
Share