წერილები 127–140 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

წერილები 127–140 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

[127] მორჩილ სტავრულას

წმიდა მთა, 9 ივნისი, 1959 წ.

ჩემო ძვირფასო და კურთხეულო შვილო სტავრულა, გისურვებ, რომ კარგად იყო.

მივიღე შენი ეპისტოლე და ვნახე, რასაც მწერ და გამიხარდა, რომ ჯანმრთელად ხარ. მე ყოველთვის ვლოცულობ თქვენთვის და ვთხოვ უფალსა და მის დედიკოს, რომ გაგანათლოს და ყოველივე ბოროტებისგან დაგიცვას.

ერთი სიტყვით, მოთმინება იქონიე. განსაცდელები, რომლებიც გვეწევა, ღმერთისგან მოდის, ჩვენი სულის სასარგებლოდ. ისინი გვასწავლიან, რომ ღმერთს უნდა მივუახლოვდეთ, გულისტკივილით მოვუხმოთ, [არასდროს] არ გავთამამდეთ, დავმდაბლდეთ. მაგრამ გული არ უნდა გავიტეხოთ, არ დავნაღვლიანდეთ ხოლმე და ნელ-ნელა ჩაივლის. ასეა კაცის ცხოვრება.

ასე რომ, მოთმინება, მოთმინება, ჩემო შვილო, რათა მარადიული სასუფეველი დავიმკვიდროთ. ნუ დარდობ – ყოველივე მტკივნეული, რასაც ამ ცხოვრებაში ითმენ, ყველაფერი სასარგებლოა, ზეცაშია ჩაწერილი. ამ მცირე შრომის გამო ქრისტე მარადიულ ცხოვრებას მოგანიჭებს.

ამიტომაც თავი აიძულე, გაისარჯე და მოთმინება იქონიე, ხოლო უფალი განგკურნავს. მოითმინე, ნუ წუხხარ, ნუ იგვემები, არ დასნეულდე და მაშინ ყველანი დამწუხრდებით.

გისურვებ, რომ უფალი დაგეხმაროს, რათა ყველაზე კარგი გახდე. ახლა ფოტოსურათზე გხედავთ და სათითაოდ ვლოცულობ.

ყველა ჩვენი მამაც ლოცულობს თქვენთვის.

მთელი სულით ვლოცულობ თქვენთვის.

მდაბალი ბერი იოსები

[128] მონაზონ პანტელეიმონს

წმიდა მთა, 10/6/1959

ჩემო საყვარელო შვილო, ჩემო სულის საღმრთო და წმიდა ნაწილო, ჩემო პანტელაკი, ჩემო სუფთა გულო, გისურვებ, რომ კარგად იყო.

ჩემო შვილო, მივიღე შენი ეპისტოლე და ვნახე, რასაც მწერ და გამახარა ჩემთვის საწადელმა შენმა ჯანმრთელობამ. ოთხი დღეც არ გასულა, რაც წერილი გამოგიგზავნე. პატარა ნაშრომის წერა დავიწყე შენთვის, რათა სამახსოვროდ გქონდეს.

ამ დღეებში ჭიპამდე დავსივდი. და რადგან მამა ეფრემი დაფნიში შეკვეთილი წერილების გასაგზავნად წავიდა, ჩემგან ფარულად ერთი კარგი ექიმისთვის დაურეკავს, რომელსაც კარგი სახელი აქვს, და უთხოვია მთაწმიდაზე ჩამოსულიყო. და მოტორი* (მოტორიანი ნავი) გაგზავნა ტრიპიტიში1, შემოიყვანა და შემდეგ ისევ გაიყვანა. ხოლო მე მომატყუეს, ვითომ ექიმი ათონზე მოგზაურობდა, [ნეა] სკიტში [შემთხვევით] შემოიარა და ამიტომაც მომიყვანეს. მეც დავუჯერე.

ორჯერ გამისინჯა ყველაფერი და თქვა: „გულის დაავადება გაქვს. ორი თვის წინ რომ მენახე, სრული ჯანმრთელობის გარანტიას მოგცემდი, მაგრამ ახლა ბოლოში ხარ გასული. თუმცა რაღაცის გაუმჯობესება მაინც შესაძლებელია“. ერთი სიტყვით, 1000 დრაქმა, ხოლო მოტორი არ ვიცი რამდენს ითხოვს, იქნებ 500 დრაქმას. წინა ჯერზე 1600 დრაქმა. მთელი ფული, რაც შეკვეთილი წირვებით შევაგროვეთ და, შენ და მაგდალინემ რაც გამოგვიგზავნეთ, ექიმებსა და ნემსებში მიდის ყოველდღიურად. მე არ მინდა, მაგრამ ჩემები თავისას არ იშლიან. არასდროს ამიღია ამდენი მოწყალება, ახლა კი, ვაი ჩემდა: როდესაც უკვე უნდა ავიდე, მომთხოვენ და გირაოში დამიტოვებენ.

ახლა ფქვილი უნდათ, შემდეგ – ყურძენი, რომ ღვინო დალიონ; ელიან, როდის გაყიდი სეფისკვერის ბეჭდებსა და სკვნილებს, რომ, რაც სჭირდებათ, იყიდონ; მაგრამ თუ ისევ ექიმები გახდა საჭირო, ესეც წყალში ჩაგვეყრება. ამიტომაც, როგორ ვიყიდო 200 სკვნილი? გროშიც არ მაქვს. იმას კი ფული წინასწარ უნდა, 3200 დრაქმა, ამანათიც დაუმატე – 200 დრაქმა. [წინაზე] პატარა ამანათში 125 დრაქმა აიღო. ამიტომაც, ექიმებს რომ არ გავეტყავებინე, იმ ფულით ყველაფერს გავისტუმრებდი. მე სიკვდილის ხარჯებისთვისაც კი არ ვზოგავ, თქვენი ფულიდან გროშის დახარჯვაც არ მინდოდა. ვიყიდიდი იმას, რასაც მწერ, რომ მანდ ევლოგიად დაგერიგებინა.

მაგრამ ახლა, ჩემო შვილო, მევალეები უკან დამხევენ. შენ ზეცაში წახვალ, ქრისტესთან ახლოს, მე, საწყალი კი გზაში დავრჩები გირაოდ. წმიდანთა შორის დამიწყებ ძებნას, ხოლო მე უვარგისებთან ერთად ვიქნები. უნუგეშოდ და უსარგებლოდ ვტირი მე, გლახაკი – ვალი ვალია. ვეძახი: მაცალეთ, მოვკვდე, მოვიდეს ჩემი დრო-მეთქი. არაო: მიდი და უხვრიტე ვენები ყოველდღე, მანამ, სანამ სრულიად უხმარი არ გახდებაო.

ასეა, ჩემო პანტელაკი. ახლა მივიღე მაგდალინეს [წერილთან ერთად] 20 დოლარი, ნახვაც ვერ მოვასწარი. სკუფია2 გამოგიგზავნე, კანდელის უღლები, ორი პატარა სახარება მეუფისთვის. პირველი დიდი ხანია, რაც მაქვს – რომ დაიბეჭდა, მას მერე. ლამაზი საჩუქარია. დიდმარხვაში 7-8-ჯერ მაქვს წაკითხული, მთლიანად ტყავშია და პატარა ჩანთაც მეუფეს შეეფერება. ახლა ასეთებს, ტყავში ჩასმულს, ვეღარ იშოვი. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ, თუ მოვკვდები, მეუფე ილოცებს ჩემთვის.

ეჰ, რაც არის, არის… მე ახლა ვალები შემჭამენ. ქალბატონ ვასილიკის არაფერი გამოუგზავნია. მისი შეკვეთილი 40 წირვა მალე მორჩება. უფალი დაეხმაროს.

ახლა კი, ჩემო პანტელაკი, მალე შენი დღესასწაულიც3 დადგება და გისურვებ [სიცოცხლის] მრავალ და კურთხეულ წელს, ღმერთის მრავალი მადლითა და კურთხევით. ახლა ფოტოსურათებსაც მიიღებ, რათა შენმა სულმა და გულმა იხაროს.

ნაკურთხი ზეთი დაარიგე, როგორც მოგწერე: ერთი კლიოს, ერთი მაგდალინეს და ქრისტინეს.

ვლოცულობ შენთვის.

შენი მამიკო იოსები

[129] სხვა მონაზონ ბრიენას (კალამატა)

წმინდა მთა, 12/6/1959

ისევ მივწეროთ ჩვენს კურთხეულ, ჩვენს პატარა გოგონას, ჩვენს ძვირფას პაწაწინას, ბრიენის.

რამდენიმე დღეა უკვე, რაც შენი პატარა წერილი მივიღე და ვნახე, რასაც მწერ. ძალიან გული დამწყდა, რომ ჩემი წერილი დაიკარგა, რამეთუ ლამაზი რამეები მომეწერინა, ყველა სხვა ჯერზე უფრო სასარგებლო. თანაც, უფალმა იცის, რომ ძალიან მძიმედ სნეული ვიყავი, მაგრამ [მიუხედავად ამისა,] ყოველთვის ვაიძულებ თავს.

ახლა [ათონის] გარედან ექიმი მომიყვანეს. ჩემებმა მომატყუეს: გარედან ერთი ძალიან კარგი ექიმი მოვა და თვითონ გამოთქვა სურვილი გნახოსო. რადგან ექიმები მობეზრებული მყავდა და არ მინდოდა, ტყუილები მოიგონეს.

ძალიან დავსივდი, ვერ ვჭამდი (ამიტომაც გწერ გვიან). ერთი სიტყვით, მოიყვანეს იერისოდან4 – უთხრეს, ასე უთხარიო – და ჩემი ნახვა მოინდომა. ორჯერ გამსინჯა კარგად, ყველგან. მითხრა: გულის დაავადება გაქვს, თანაც მძიმე ფორმაშიო. ორი თვის წინ რომ ვენახე, სრულ ჯანმრთელობას მპირდებოდა, ახლა კი – [მხოლოდ] ნაწილობრივს. ბრძანა, ყოველდღიურად ნემსები მიკეთონ ვენაში. დასიებისთვის კი – სხვა. შემდეგ, ერთ საათში მოტორიანი ნავით გარეთ გაიყვანეს, ორნი იყვნენ.

როდესაც წირვისთვის უნდა გამზადებულიყვნენ, მაშინ მითხრეს ჩემებმა აღსარებაში. ექიმს 1500 დრაქმა აუღია.

ახლა, ღმერთის შეწევნით, უკეთ ვარ, [ამ] ნემსების წყალობით – სხვა ექიმმა მოგვცა და სახლში ვინახავთ. სურთ, აღმადგინონ და ირჯებიან. ერთი სიტყვით, ასეთია ჩემი სავალალო ყოფა. ახლა, როგორც კი ცოტათი მოვმჯობინდი, ისევ დავიწყე თქვენდამი წერა. ხოლო შენ დიდი სიყვარული გქონდეს ქრისტეს მიმართ, და ბევრი დრო არ გავა, რომ დატკბები მისით. სიყვარულზე ამაღლებული არაფერია. ეს სთხოვე ხოლმე უფალსა და მის უტკბილეს დედიკოს, რომ მოგანიჭონ.

როდესაც [იესოს] ლოცვას ამბობ განუწყვეტლივ და მისი მადლი მოიხილავს შენზე, მაშინ სული მისი საღმრთო სიყვარულით გაგითბება, ხოლო გულს ალი მოეკიდება; ისე, რომ გენდომება, მხოლოდ ქრისტეს სახელით იყო დაკავებული, მხოლოდ ის იყოს შენი სუნთქვა და სიცოცხლე.

მაშინ ნახავ, რა მოხდება შენ შიგნით. ცრემლებს ვერ შეიკავებ ხოლმე. „სიყვა- რული, სიყვარული, სულ სიყვარული!“ – იძახის [სული]. [მადლის] ტალღებს ვეღარ აკავებ, ისე, რომ სულს [სხეულიდან] გასვლა და უფალთან მისვლა უნდა. ერთი სიტყვით, კმარა.

კვლავ ვლოცულობ შენთვის,

შენი მამიკო იოსები

[130] მონაზონ პანტელეიმონს

წმიდა მთა, 25/6/1950

ჩემო საყვარელო და კურთხეულო შვილო, ჩემო სულის საღმრთო და წმიდა ნაწილო, გისურვებ, რომ კარგად იყო.

ჩემო კეთილო შვილო და ჩემი გულის ნაწილო, დღეს მივიღე შენი პატარა წერილი და გაიხარა ჩემმა სულმა თავისი შვილის სიყვარულით. ყველაფერზე, რასაც მწერ, უკვე იზრუნეს შენმა სულიერმა ძმებმა. დღეს ექიმები იყვნენ, ნემსები გამიკეთეს, მაგრამ უფლის ხელი ამ ყველაფერზე მაღლაა და ელის. ნემსები მხოლოდ იმაში მეხმარება, რომ [ძალა მომცეს] მოგწერო. მთელ ღამეს უძილოდ ვატარებ, ან მდგომარე ან მჯდომარე. ძალიან ავად ვარ. თუ ოდნავ არ მოვმჯობინდი, ნუ წამოხვალ – იქნებ მკვდარი დაგხვდე და ხარჯებსაც ტყუილად გაიღებ. მე მოგწერ ხოლმე, მოთმინება იქონიე.

მანამდე იყიდეთ, როგორც მაგდალინე მწერს, ერთი სახლი და იქ დაეყუდეთ, მანამ, სანამ უფალი გზას გაგიხსნით, და ვნახოთ, რა არის მისი ნება.

რაც გამოგზავნე, შენმა ძმებმა აიღეს, მე კი თქვენთვის ვლოცულობ და განუწყვეტლივ ვტირი, რათა უფალმა ყოველივე ბოროტისგან დაგიფაროთ. ახლა ვასილიკიმაც მომწერა და მოვისვენე, მშვიდობით მოვკვდები. მეორე პატარა წიგნაკიც გამოგიგზავნე, ახლა კი მესამესაც გიგზავნი, თუმცა დავმძიმდი – არ ვიცი, შევძლებ თუ არა წერის გაგრძელებას. თუ არა და, საიქიო ცხოვრებაში ვილოცებ თქვენთვის. ჩემი ლოცვა-კურთხევა ყოველთვის თქვენთან ერთად იქნება. ქრისტე და ღმრთისმშობელი გეხმარებათ; თქვენს გონებასა და გულში ყოველთვის მათი უტკბილესი სახელები გქონდეთ, ეს მრავალი ლოცვის მაგივრადაც კმარა. ნუ დარდობ იმის გამო, რომ ლოცვაში მადლს ვერ პოულობ. ისევ მოვა. იმისთვისაც იმალება, რომ მეტი წადილით მოიძიო, ხოლო როდესაც მოვა, უფრო ფრთხილი და ყურადღებიანი იყო, რომ არ დაკარგო. [შემდეგ] ისევ მიიმალება. ამგვარად ხდები სრული კაცი, პრაქტიკულად გამოცდილი, რომელსაც შეუძლია სხვებსაც უსაფრთხოდ გაუძღვეს ცხონების გზაზე. ასე რომ, თავი აიძულეთ, გაისარჯეთ და ეშმაკის მახეებს მოერიდეთ, რამეთუ ცათა სასუფეველს ისინი მიიტაცებენ, რომლებიც თავს აიძულებენ5.

წამლები ჯერ არ ჩამოგვსვლია; რომ ჩამოვა, ვნახოთ. მოგწერე, რომ დისპნოე გულის დაავადების გამო მაქვს-მეთქი, მაგრამ სიღრმისეული ჭეშმარიტება ისაა, რომ ღმერთისგან არის. რამეთუ, ახალგაზრდობაში საკუთარი ნებითა და არჩევნით ვიღვაწე, ახლა კი საჭიროა, რომ უნებლიედ და საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდაც გავისარჯო, რათა სასყიდელიც უფრო მეტი მქონდეს.

ყველაფერს ვხედავ, ჩემო შვილო, მაგრამ რა ვქნა? შენი ძმები არ ისვენებენ: სურთ, გამაცოცხლონ, მე კი ყველაფრის უკან უფლის ხელს ვხედავ. [ათონის] გარეთ არ გავდივარ. არ მივდივარ, რათა ქუჩაში არ მოვკვდე. აქ დავიძინებ ჩემს მამებთან ერთად.

ახლა ძალიან მძიმედ ვარ. დისპნოე ოდნავ მოიკლებს თუ არა, წერას ვიწყებ. სამი დღეა არ მეჭამა. დღეს დავიძინე და რამდენიმე ახლად დაკრეფილი ლეღვი შევჭამე, სამოციქულო6.

ვამთავრებ შენს წერილს. ყველა მოგიკითხავს.

გემთხვევი,

მდაბალი მ. იოსები

[131] იოანეს(

ბატონ იოანეს.

ჩემო საყვარელო და კურთხეულო ბატონო იოანე, მივიღე შენი ეპისტოლე, ვნახე, რასაც მწერ და გამახარა შენმა მხურვალე სიყვარულმა საკუთარი შვილების მიმართ.

გთხოვთ, იზრუნოთ, რომ ისე მოიქცეთ, როგორც გწერთ, თქვენი სულის სასარგებლოდ. შედეგად კი სხეულიც გამოჯანმრთელდება.

და ნუ იღლებით ექიმებთან სირბილით – სულისა და სხეულის ექიმი ხომ ჩვენთან, ყველასთან ახლოსაა.

ხოლო ჩვენ აქ მოუკლებლად გიხსენებთ, რათა უფალმა დაგიფაროთ.

გამოჯანმრთელდი უფლის მიერ.

უკანასკნელი ბერი იოსები

[132] ერგინას

[1946 წ. ?]

[…] გონს მოვა და მიხვდება, რომ ცხოვრება სიზმარია, რომელიც მალე ჩაივლის. ამაოება, ამაოება… ყველაფერი წარმავალია. ყოვლადძლიერმა [უფალმა] ხომ გამოუგზავნა შეტყობინება. ეგ დალოცვილი რატომ ვერ ხვდება? მსგავსი რამ მეც შემემთხვა. გახსოვს? წავიდა ყვავილი8, წავიდა და ამაოება შემაცნობინა. ჩვენი ძმაა, გული შეგვტკივა. მაგრამ თავისივე ცრემლებით განიკურნება, არა მარტო ჩვენით.

ახლა, ჩემო საყვარელო დაო, მითხარი, სახლში როგორ ირჯებით. მოთმინება იქონიე, მე მანდ ვარ. გულის თვალებით შეგიძლია დამინახო.

ჰე, ჩემო კეთილო დაო! თქვენი სახლი პირეაში ჩემთვის, ცოდვილისთვის, უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე სახლი, რომელშიც დავიბადე. სწორედ მანდ, მაგ კედლებს შორის მივიღე გადაწყვეტილება წავსულიყავი. მანდ ჩავალაგე უკანასკნელი სამოსი და ჩვენი პატივცემული დედის ლოცვა-კურთხევა ავიღე.

ღარიბები შეიწყნარეთ, მწყურვალებს წყალი მიართვით, გაჭირვებულები ანუგეშეთ. თქვენს სახლში ვიხილე ჭეშმარიტება წმიდა სახით.

სიამოვნებით დავრჩებოდი კიდევ თქვენთან ერთად, მაგრამ სკიტში უნდა წავსულიყავი.

იმედი მაქვს, რომ ოდესმე თქვენს სახლს გაჭირვებულთა ოაზისად აქცევთ.

შენი მოწყალება ყველამ დიდი სიხარულით მივიღეთ. ჩემგანაც მიიღე ეს ევლოგია* (საჩუქარი) ჩვენი საყვარელი რძლისთვის.

გფარავდეთ ჩვენი ყველას დედის, უტკბილესი „მირტიდიოტისას“ ლოცვა-კურთხევა9.

[133] ერგინას

[…]

ჩემო დაო, დიონისაკო ერთ დღეს მოციქული გახდება, ჩემი საყვარელი დისშვილი და შენი ძე; ჩემი სულის სულია. ნიჭიერია, ხოლო სათნოებები შორიდან ჩანს.

გთხოვ, ღმრთისმშობლის „მირტიდიოტისას" ხატი დაიტოვო, მისია.

ო, ჩემო ძვირფასო, როგორ გამიხარდა, როდესაც შევხვდი! ნეტავ მომეცემა კიდევ ღმერთისგან იმის შესაძლებლობა, რომ მისი წინსვლა ვიხილო? [იესოს] ლოცვა თქვას განუწუვეტლივ და [ამგვარად] თავმდაბალიც გახდება და დიდიც […]

[134] ერგინას

[დაახლოებით 1946 წ.]

…მისი მეშვეობით მომწერე დაუყოვნებლივ.

დღეს წავალ და ვალს მოვითხოვ, მილიონს. ვნახოთ, როგორ განაგებს უფალი.

ბევრ გასანაღდებელ ქვითარს ველი, რამეთუ ჯვრები მაქვს გაგზავნილი. მაგრამ ფოსტალიონი ადგილზე არ არის. ერთი სიტყვით, რადგან შეწუხებული ვარ, არ მაქვს ბევრი წერის მადა. ოღონდ თქვენ სულებზე იზრუნეთ.

ვლოცულობ შენთვის.

შენი მდაბალი ძმა, მ. იოსები

[135] დიონისეს

[დაახლოებით 1946 წ.]

ჩემო საყვარელო შვილო დიონისე, ჯანმრთელობას გისურვებ.

ჩემო ბიჭუნა დიონისე, მივიღე შენი ეპისტოლე და გამიხარდა. უფალმა, ჩემო შვილო, იზრუნოს შენი სულის უმჯობესი. შენი პირველი აზრი მსუბუქი უღელია, ხოლო მეორე – მსუბუქი და მძიმე. მონაზონი ზოგჯერ – როდესაც მადლი აქვს და ეხმარება – სამოთხეშია და ისე ცხოვრობს, როგორც სხეულში მყოფი ანგელოზი. მაგრამ როდესაც მადლი მიდის, რათა გამოსცადოს, მაშინ ყოველ წუთს ჯოჯოხეთის მოწამლულ წყალს იგემებს: სიბნელე და სულიერი ტკივილი, შემდეგ კი ისევ ნათელი და ნუგეში, და ისევ გამოუთქმელი ტანჯვა.

ხოლო დაოჯახებული კაცი ზომიერ გზაზე დგას: არც აღმართია დიდი და არც დაღმართი. ერთი სიტყვით, უფალმა ის ტვირთი მოგცეს, რაც ხელგეწიფება.

ველი წიგნაკებსაც; ყველა პატარაა და იაფი, მაგრამ სასარგებლო.

გკოცნი,

მდაბალი მ. იოსები

[136] ერგინას

ჩემო ერგინა, მოთმინება და სიმდაბლე.

მხოლოდ ასე გვიღებს ღმერთი სიყვარულის მდინარეს.

დახმარებას ნუღარ გამოაგზავნი, საკმარისია.

ბავშვებს ღმერთის გზაზე ვხედავ. ლოცვაში მყავს.

[137] დიონისეს

ძვირფასო დიონისაკო, საყვარელო დისშვილო, საყვარელი დისა, მახარებს შენი მონახულება და შენი ოჯახისა და ქრისტესმიერი ძმების სიახლეები.

საღმრთო სიყვარული არ მტოვებს, მაგრამ ჩემი ცოდვების გამო სულიერ ძმებს დავაკლდი. რატომ დამტოვა ჩემმა ძმამ?13

ჩემო დიონისაკო, შენ თუ ოდესმე მას შეხვდები, ჰკითხე, თითქოს მე ვეკითხებოდე: “ლოცვას მთხოვთ. მეც მინდა თქვენი [ლოცვა] იმ წუთებში, როდესაც შინაურები მტოვებენ“.

მიჭირს მეტის წერა. ეს წელი ტკივილის, გოდებისა და ტანჯვის წელია.

[იესოს] ლოცვა თქვით ხოლმე. ღმერთი სიყვარულია და ესმის ჩვენი. ამიტომ ჩვენც უნდა დავუგდოთ ყური, როდესაც ჩვენდა სასიკეთოდ ხმას უწევს.

თუმცა წავიდა ჩემი ძმა, ღმერთი თავის სიტყვას ეტყვის. ღმრთისმშობელი უკან მოიყვანს. ნეტავ, ნეტავ!

ო, ჩემი სულის ნათელო, სანამ წავალ, დაბრუნდეს….

[138] დიონისეს

[1958 წ. ?]

ჩემო საყვარელო შვილებო, საყვარელო დისშვილო, საყვარელი დისა, თქვენდამი სიყვარულის ცეცხლი ძლიერია.

ვწერ შენთვის და ჩვენი რძლისთვის, რომელიც ღმრთის შვილებს გააჩენს.

სხეული იმდენად გატანჯული მაქვს, რომ მზადაა წავიდეს. საბედნიეროდ, სულის თვალებიც არსებობს, რომლებიც წინ მიმიძღვიან. გულიც ვეღარ იტანს.

ჩემო საყვარელო. დიონისაკო, გამოვატანე ერთი…

[139] მონაზონ ბრიენას

[…]

ჩემთვის ფულის მაგივრად ის გააკეთოთ, რასაც ამდენი შრომის ხარჯზე გწერთ. პირველ რიგში, ეს ბრიენას ეხება და მერე ყველა დას, – ჩემთვის ეს საკმარისია, დიდი წყალობა იქნება, ხოლო ქრისტე სიყვარულის გასამრჯელოს მანიჭებს და იმ სიყვარულს მაძლევს, რომელსაც ვთხოვ.

ისევ მე.

იოსები

[140] ერგინას

[1945-1946 წლებს შორის]

[…] რომ ვწერო. ამიტომაც სიკვდილი, რომელიც უმრავლესობისთვის დიდი და საშინელი რამ არის, ჩემთვის განსვენება, ტკბილი რამაა, რომელიც, მოვა თუ არა, დამასვენებს ამქვეყნიური მწუხარებებისგან. ყოველ წუთს ველი მას, რამეთუ მართლაც დიდია – დიდი რამაა კაცმა მთელი ქვეყნის სიმძიმე იტვირთოს, დღეს, როდესაც ყველა სხვებისგან ელის მცნებების აღსრულებას.

თუ გაიგეს, რომ გსურს აღასრულო მცნება: „ვინც შენსას წაიღებს, უკან ნუ მოსთხოვ16, იმწუთას სრულიად გაგაშიშვლებენ და გაყინულს აღმოგხდება სული! თუ გადაწევეტ აღასრულო „თუ ვინმე გთხოვს, ერთი მილის მანძილზე გამომყევიო, ორზე გაჰყევი მას”17, იცოდე, რომ შენს ქოხს აღარ დაგანახვებენ, რადგან აქა-იქ წრიალით ბოლოც მოგეღება! ხოლო თუ გინდა აღასრულო: „თუ ხელი გაგარტყეს, მეორეც მიუშვირე“18, მაშინ დიდი და პატარა მთელი ცხოვრება შენს ცემა-ტყეპაში იქნება!

ასეთი დრო დაგვიდგა. ამიტომაც დიდი მოთმინებაა საჭირო, მანამ, სანამ ზეზეურად არ დავლევთ სულს. ასეა მოკლედ, ჩემო საყვარელო დაო, ამიტომაც გამხნევდეს და განძლიერდეს შენი სული იმ ყველაფერში, რაც გეწევა. მამა ანტონისგან მივიღე რაღაცები და ის ორი ათასი, რომელსაც ევპრაქსია, ბერ არსენის და გზავნის, და უთვალავჯერ მადლობელი ვარ. და ყველასთვის ვლოცულობ, განსაკუთრებით კი, შენთვის, მთელი სულით.

მდაბალი მ. იოსები

შენიშვნები

  1. ტრიპიტი – ათონის გარეთ არსებული პატარა ნავსადგური. ↩
  2. სკუფია – სასულიერო პირის თავსაბურავი. ↩
  3. მფარველი წმიდანის ხსენებას გულისხმობს. კონკრეტულ შემთხვევაში – წმ. პანტელეიმონის დღესასწაულს 25 ივლისს / 9 აგვისტოს. საყურადღებოა, რომ მონაზვნები, წესით კი ყველა ქრისტიანი, თავიანთ დაბადების დღეს კი არ აღნიშნავენ, არამედ მფარველი წმიდანის დღეს. ამ დღეს სხვები ულოცავენ, სტუმრობენ და ა.შ. ↩
  4. იერისო, ერისონი – საპორტო სოფელი ათონის მთის სიახლოვეს. ↩
  5. იხ. მათ. 11,12. ↩
  6. რადგან რამდენიმე დღეში, 29 ივნისს (ძვ. სტილით) პეტრე და პავლე მოციქულთა ხსენების დღეა. ↩
  7. იოანე იყო მორჩილების – ეკატერინესა და ნავსიკის მამა; იხ. ეპისტოლეები 93 და 96. ↩
  8. თავის საცოლეს გულისხმობს. ↩
  9. წერილი სხვა დალოცვისა და ხელმოწერის გარეშე მთავრდება. ↩
  10. ერგინას მიმართ უცნობი წერილის ნაწევეტი. მომდევნო ეპისტოლ ბისტოლე დიონისეს მიმართ დაწერილია იმავე ქაღალდზე, უთარიღოდ. ↩
  11. ეპისტოლე იმავე ქაღალდზეა დაწერილი, რომელზეც წინა წერილი. ↩
  12. ეს სიტყვები წიგნის ყდის შიდა მხარეზეა სახელდახელოდ მიწერილი (იხ.სურ. 13). ↩
  13. გაუგებარია, ვის გულისხმობს, მ. ეფრემ კარაიანისს თუ მ. ათანასეს. ↩
  14. ეს რამდენიმე წინადადება ერთ პატარა ქაღალდზეა დაწერილი და ჩანს, რომელიღაც წერილს ერთვის. ↩
  15. წერილის ორი ფრაგმენტია შემორჩენილი, გვერდები ნომრებით 9 და 10, რომლებიც რომელიმე ეპისტოლეს არ მიესადაგება. ↩
  16. ლუკ. 6,30. ↩
  17. მათ. 5,41. ↩
  18. შეად. მათ. 5, 39. ↩
Share