ეს ხელნაწერი წმიდა წიგნი ნეტარხსენებულისა და ღირსთა შორის ჩვენი მამისა, იოსებ მონაზვნისა, დედისგან ბიძისა ჩემი სიგლახაკისა, გადმოეცა ევლოგიად და ჩვენი [ღმრთისმშობლის ხატ „მირტიდიოტისას“] მონასტრის სასარგებლოდ, – შესაბამისად კი, ამ სავანის მუდმივი კუთვნილებაა – ჩვენი ღირსი მამის ეფრემ კარაიანისის მიერ, რომელიც იყო ხსნებული ღირსთა შორის ჩვენი მამის, იოსების პირველი სულიერი შვილი.
დაე, ჩვენი ამ ორი ღირსი მამის ლოცვები ყოველთვის შეგვეწიოს წუთისოფლის მრავალტალღოვან ზღვაში, მანამ, სანამ ღმერთის მადლით მივაღწევთ მარადიული ცხოვრების წყნარ ნავსაყუდელს.
სტამატა, 18/3/73
საწყალობელი მონაზონი ბრიენა1
შესავალი ლექსი
არროს დამცხრალა მხცოვანი და დიდი ათონი, –
რაც ჯვარცმის შემდგომ უფლის დედას მიერთვა ძღვენად, –
რომ ასაზრდოოს თავის ფერხთით ხემცენარენი,
ყვავილნი ბევრნი, აღმონაცენთ კეთილნაყოფნი.
მოციქულებთან ერთად როცა ათონს მოადგა,
დედა უფლისა შეევედრა ყოვლადსანატრელს:
„შვილო ჩემო და ღმერთო ჩემო, გთხოვ, მე მიბოძო
წალკოტი ესე, რათა საღვთო ბაღჩა2 გაშენდეს.
კიდით კიდემდე რომ დამშვენდეს, აღმოაცენოს
ღვთივგანბრძნობილი ხეები და ამო მაღნარნი,
რომ დაარხიოს და იგემოს ტკბილნი ნაყოფნი,
ამო სურნელით დატკბეს ყველა სიბრძნის მძებნელი.
ირბინ-ეძიოს იმ მძებნელმა, ნუ დაიღლება,
დიდი დათმენით მოერიოს სულმოკლეობას,
ყოფით საფიქრალს ნუ დაუთმობს სულის სიწრფელეს,
ზრუნვა წუხილით ნუ შეირყვნის სულის ზეობას“.
უტყუარია მოწმე – ღმერთი, თავად უფალი –
ცისა და მიწის ფრინველ-ქვემძრომთ თუ ასაზრდოებს,
კაცს მიატოვებს, თავისივე ხატად მოვლენილს?
არ დაიფარავს, არ დაიცავს? ზრუნვას მოაკლებს?
ეს თუ არ კმარა, აქვე არის მეორე მოწმეც –
გესმას ღვთისმშობლის, დედოფალი მარიამისა,
რომელიც ამბობს: „ვინც აქ დარჩა და მე მომიხმო,
არც მონაზვნური ქცევა-ქმნანი უდებუყვია,
მას მე მივინდობ, ზრუნვის კალთას გადავაფარებ,
გამოვკვებავ და ვუმკურნალებ, თუ რამ დასჭირდა.
ჭირში დავიხსნი, ვუმეოხებ უფლის წინაშე,
თანამგრძნობელი ვეყოლები ზეცაში მუდამ.
რამეთუ მე ვშევ, ხელში მეპერა, რძით გამოეკვებე
ჩემი უფალი, შემოქმედი, ღმერთი ყოველთა –
გარს რომ არტყიან საყდარნი და ხელმწიფებანი,
ქერუბიმები, სერაბიმნი, ანგელოზები,
წინასწარმეტყველთ, მოციქულთა, მარტვილთ, ღირსთ დასნი.
მეც – დედოფალი მიწიერთა და ცისიერთა.
თუ მოისურვებ, გამიგონე, იტვირთე ჭირი
და ჩემი ძის ჯვარს ნურასოდეს ნუ მიატოვებ,
სამარადისო სიხარული ძღვნად გელის ცაში
ყველა წმინდანის ლოცვით,
ჩემი შუამდგომლობით“.
ამინ.
[141] უცნობ მონაზონს
(უთარიღოდ)
ამით სძლო
ი. ქე
ძლ ვი3
Ф
Ζ Ω Η
Σ4
ვინმე მთაწმიდელი ასკეტი მონაზვნის ეპისტოლე, რომელიც თავებადაა დაყოფილი და მოიცავს შემდეგს:
—პრაქტიკულ სიტყვებს განრიგის, ჭამისა და ლოცვის შესახებ, თუ როგორ უნდა განვლოს [მონაზონმა] დღე-ღამის ოცდაოთხი საათი.
— პასუხებს კითხვებზე ცდომილებისა და მადლის შესახებ, ცოდნისა და გონიერების შესახებ, სიმდაბლისა და სიყვარულის შესახებ, ეშმაკების ორმაგი ბრძოლის შესახებ, ბუნების სამი მდგომარეობის შესახებ, სრული სიყვარულის შესახებ.
— და დანარჩენს, რასაც [ავტორმა] მიაღწია, იხილა და მოისმინა, და სწერს თავის სულიერ შვილებს.
წინათქმა
უფლისმიერო საყვარელო შვილო, გიხაროდენ და მადლი ღმრთისა მამისა, ძისა და წმიდისა სულისა შენს სულს, ამინ.
რადგან, ჩემო შვილო, ვხედავ, რომ მწყურვალი ირემივით ისწრაფვი საღმრთო მადლის ზეციური წყლების წყაროთა მიმართ, და მხურვალე სიყვარულით ეძიებ მათ, მე, თუმც უწიგნური, ხელვყოფ *(ვიწყებ) ამის წერას, და ვივიწყებ საკუთარი უუნარობისა და უცოდინრობის საზომს, არამედ ვესავ ჩემი მამების ლოცვა-კურთხევას. ღმერთის დახმარებითა და შენი წმიდა ლოცვებით ჯერ განვმარტავ მონაზვნურ და ასკეტურ მოღვაწეობას და იმას, თუ როგორ ხდება მონაზონი ცათა სასუფევლის ღირსი და მარადიული სიკეთეების ზიარი ღმერთის მადლითა და წყალობით.
შენ კი, ჩემო შვილო, ნუ დაიზარებ მის ყურადღებით კითხვას, არამედ ყოველ დღიურად მრავალჯერ წაიკითხე, მანამ, სანამ შენს სულში არ აღიბეჭდება და კარგ და კეთილ ნაყოფებს არ შობს. არ გეგონოს უბრალო სიტყვები იყოს რამეთუ არ არის [უბრალო], არამედ [საღმრთო] მადლის მიერ განათლებული წმიდა მამების საქმით გამოცდილი სიტყვებია, რომელთაგანაც ვისწავლე და მათი ნაყოფებიც ნაწილობრივ ვიგემე. ხოლო რადგან უწიგნური ვარ, ბევრი ვიწვალე, რომ შენთვის დამეწერა, რადგან მათ დამუშავებაში სისხლდათხევამდე გავისარჯე. ახლა კი მზად წარმოვადგენ შენ თვალთა წინაშე, როგორც მრავალი საჭმლით გაწყობილ ტრაპეზს* (სადილს), ანდა როგორც მრავალფერ ხეთაგან გაშენებულ საამო ბაღს, ნაყოფებით სავსეს.
ასე რომ, ნუ უდებყოფ, არამედ კრიფე ნაყოფი და მიირთვი ყოველ წუთს, რათა მარადიული ცხოვრებით იცოცხლო, და გაერიდო შემეცნების ხის ნაყოფს, რომელიც ჩვენში წინაპრებმა შეჭამეს და მოკვდნენ.
ასე დაგვიფარე, უფალო, აკრძალული ნაყოფისგან და შენ, უტკბილესი ღმრთის მიერ, განგვანათლე [შენი] ჭეშმარიტებით, რომელსაც გშვენის დიდება და სიმტკიცე უკუნისამდე. ამინ.
დასაწყისი – ღმერთის შეწევნით
შენიშვნები
- ეს შენიშვნა ნაშრომს მიაწერა ბერის დისშვილმა, მონაზონმა ბრიენამ, ღმრთისმშობლის ხატ „მირტიდიოტისას“ სახელობის მონასტრის წინამძღვრობისას. ↩
- ორიგინალშიც არის „ბაღჩა“ – სპარსული წარმოშობის თურქული სიტყვა. ↩
- „ამით სძლო“ ანუ „ამით სძლევ“ (ბერძ. Εν τούτω νίxα) – წარწერა, რომელიც წმ. კონსტანტინე დიდმა ცაზე გამოსახულ ჯვარზე იხილა. აქედან მომდინარეობს შემდეგი წარწერაც: „იესუ ქრისტე – ძლევაი“, რომელიც სეფისკვერზე აუცილებლად გამოისახება. ↩
- ბერძნული სიტყვა φώς ნიშნავს ნათელს, ხოლო … – სიცოცხლეს. ↩