თავები 1–3 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

თავები 1–3 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

ეპისტოლე უცნობ მონაზონს · თავები 1–3

თავი პირველი

განრიგისა და მონაზვნური მოღვაწეობის შესახებ, თუ როგორ უნდა განვლოს

მონაზონმა1 დღე-ღამის ოცდაოთხი საათი

და აი, შვილო, პირველად იქიდან ვიწყებ, თუ როგორ უნდა იცხოვრო. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ეპისტოლეთი და სწავლებით მყავხარ დარიგებული, ისევ ჩამოვწერ, ნაწილობრივ და მოკლედ, ყველაზე მთავარს. წესი და განრიგი კი შემდეგია:

ნაშუადღევს, 7 საათზე2, მას შემდეგ, რაც განსაზღვრულ საჭმელს შეჭამ, დაიძინე სამი ან ოთხი საათი. როდესაც გაიღვიძებ, მწუხრი სკვნილზე გადაიხადე3. როდესაც მორჩები, ყავა დალიე, რათა ღამისთევაში დაგეხმაროს. როცა დალევ, სერობა დაიწყე, წყნარად, ხმისა და შუქის გარეშე. ღმრთისმშობლის დაუჯდომელიც წაიკითხე. როდესაც მორჩები, ისევ მდგომარემ – თუ შეგიძლია – შემდეგი ლოცვა თქვი გონებით, ოღონდ ისევ შუქის გარეშე, რადგან შუქი გონებას ფანტავს:

„უფალო იესო ქრისტე, უტკბილესო მამაო, ღმერთო და უფალო წყალობისაო და ყოვლისა ქმნილებისა შემოქმედო, მოიხილე ჩემს სიმდაბლეზე და შემინდე ყოველი შეცოდება ჩემი, რაოდენიც შეგცოდე მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, დღევანდელ დღემდე და ამ ჟამამდე, და გამომიგზავნე ყოვლადწმიდა და ნუგეშინისმცემელი შენი სული, რათა მან მასწავლოს, განმანათლოს, დამიფაროს, დამიცვას, გამასუფთაოს და განმწმიდოს და ღირსი გამხადოს აღარ ვცოდო, არამედ სუფთა სულითა და გულით გემსახურო, გადიდო, გმადლობდე და მიყვარდე მთელი სულითა და გულით შენ, ჩემი უტკბილესი მაცხოვარი და ქველისმოქმედი ღმერთი, რომელიც ღირსი ხარ ყოველივე სიყვარულისა და თაყვანისცემისა. ჰე, სახიერო მამაო დაუსაბამოო, ძეო თანადაუსაბამოო და ყოვლადწმიდაო სულო, ღირსი გამხადე საღმრთო და სულიერი შემეცნების ნათლისა, რათა ვხედავდე შენს ტკბილ მადლს და მის მიერ ვიტვირთო ამ ღამისთევის სიმძიმე, ხოლო ჩემი ლოცვები და მადლიერება სუფთად და წმიდად შემოგწირო, ვედრებითა უტკბილესისა შენისა დედისა და ყოველთა წმიდათა შენთათა. ამინ".

ამის შემდეგ შენი საკუთარი სიტყვებითაც ილოცე, რამდენიც შეგიძლია და როგორც გესმის, რათა უფლის წმიდა გული წყალობისა და სიყვარულისკენ აღძრა. ხოლო როდესაც ძალიან დაიღლები, ჩამოჯექი და გონებაში შემოიყვანე სხვადასხვა კეთილი ფიქრები: სიკვდილის, ჯოჯოხეთის, საშინელი სამსჯავროსა და მეორედ მოსვლის შესახებ და იტირე, რამდენსაც ღმერთი მოგცემს, შემდეგ კი გონება სამოთხისკენ მიაბრუნე, მართალთა შვებისა და მარადიული სიკეთეების მიმართ, სახიერ მაცხოვარსა ქველისმოქმედ ღმერთს მადლობა შესწირე. ამის შემდეგ ადექი და კანონი გააკეთე. შემდეგ ისევ დაჯექი და წაიკითხე წმიდათა ცხოვრებები და სხვა ლმობიერების მომგვრელი წიგნები და ა.შ. ხოლო თუ ძილი მოგეძალა, ადექი და ღმრთისმსახურება დაიწყე4.

როდესაც ყველაფერს მორჩები – ჟამნებსაც და [ღმრთისმშობლის] პარაკლისსაც სკვნილით – როგორც გასწავლე, მაშინ ჩამოჯექი და დაისვენე; გათენებამდე ცოტა წაიძინე. ხოლო როდესაც ადგები, ჩაი5 დალიე 25 დრამ* (80გ) პურთან ან ორცხობილასთან ერთად და დაიწყე შენი საქმიანობა, თან უწყვეტად [იესოს] ლოცვა თქვი გონებით.

და კვლავ, თუ გაქვს დრო, წაიკითხე და დუმილით იტირე. და საჭმელი მოამზადე ზომით, როგორც გასწავლე. რძის ერთ ყუთში მშრალ ლობიოს6 ან ბრინჯს თუ ჩაყრი, ორი თეფში საჭმელი გამოდის და ორი დღე გყოფნის, ნახევარი ერთ დღეს, ნახევარი – მეორე დღეს. როცა კარგად მოიხარშება, 7-ზე (შვიდზე) შეჭამ ორმოცდაათ დრამ* (160გ) პურთან ან ორცხობილასთან ერთად. ხოლო თუ ზეთიც იჭმევა იმ დღეს – სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს, კვირას – თეფშზე შენც დაამატე 10 დრამი* (30გ). ხოლო თუ გაქვს, ცოტა ყველიც მიაყოლე, კვერცხი, სარდელი ან ათი ზეთისხილი. და რაც გაქვს, ხილი იქნება თუ ტკბილეული, ტრაპეზის დროს ყველაფერი ცოტ-ცოტა იხმიე ღმერთის სადიდებლად ჭამე და სიმდაბლე იქონიე, სხვებს ნუ განიკითხავ. ნაშუადღევის7 შემდეგ კი არ გაქვს კურთხევა ვინმე მიიღო, სალაპარაკოდ, არც მონაზონი, არც ერისკაცი ვინც არ უნდა იყოს, დილით მოვიდეს.

ეს წეს-განრიგი უნდა დაიცვა. გინდ აღდგომა იყოს, გინდ ქრისტეშობა, გინდ ხორციელის შვიდეული – ყოველთვის დღეში ერთხელ ჭამე. დიდმარხვის დასაწყისშიც სამდღიანს ნუ იმარხულებ8, არამედ ის სამი დღე ჩაი სვი ცოტა პურითა თუ ორცხობილათი, მას მერე, რაც მზე ჩავა. და ყველაფერში იქონიე ზომა და გონივრულობა, მაგრამ, რადგან ეს ყველაფერი მრავალჯერ მითქვამს შენთვის და წეს-განრიგიც კარგად იცი, ამიტომაც მსგავს რამეებს თავს დავანებებ, რამეთუ დიდხნიანი გამოცდილება, მადლის შეწევნით, ყველაზე უკეთ განგვაბრძნობს. ამინ.

თავი მეორე

იმავე მონაზვნის კითხვებზე პასუხი

მაშ ასე, შვილო, [უკვე] ისწავლე. როგორ უნდა იცხოვრო, ახლა კი მოისმინე პასუხები იმეებზე, რისი სწავლაც გწყურია.

ჯერ ერთი, იმაზე ვთქვათ, შენ შიგნით რომ გესმის: „წმიდა არს, წმიდა არს“ და სხვა, რასაც მწერ. ესენი – მე გეტევი, ჩემო შვილო – გძინავს და [ისე] გესმის. რამეთუ [სულიერ] მოღვაწეებს ძალიან ფაქიზი, ფრთხილი ძილი აქვთ, როდესაც სხეული უსუსტდებათ. ზოგჯერ დგას ან ზის კაცი და ისე იპარავს ძილი, რომ ვერც ხვდება. და [სწორედ] მაშინ ხედავს ძილში ასეთ რამეებს, თუმც ჰგონია, რომ ცხადშია, არადა, არ არის, და ზოგჯერ მთელი ღამე სძინავს ისე, რომ ვერ ხვდება. აბა, შენ სცადე ღამე მღვიძარედ იყო და იკითხო ფეხზე მდგომმა; იარე ოთახში, სახეზე წყალი შეისხი, რომ გამოფხიზლდე. და მაშინ მიხვდები, თუ როგორ ხედავ ამ ყველაფერს, რამეთუ ყველა მოღვაწე ძილში ხედავს ასეთ რამეებს. ხოლო თუკი ისევ ცხადში ხედავ, ისევ არ არის ცდომილება, [რადგან] ეშმაკი ვერ იტყვის: „თაყვანს ვცემ მამას, ძეს და წმიდა სულს“.

ასევე მწერ, რომ გულის ძგერას გრძნობ. მე კი გეტევი, რომ წმიდანები ამბობენ, რომ როდესაც კაცი სულს გაისუფთავებს და მასში ჩაისახება ახალი ადამი, [ანუ] ჩვენი უტკბესი იესო, მაშინ გული – რადგან ვეღარ იკავებს იმ სიხარულსა და გამოუთქმელ სიტკბოებას, რომელიც მასში იღვრება – [სიხარულით] ძგერს, ხოლო თვალებიდან ტკბილზე ტკბილი ცრემლები გადმოედინება; და მთელი ადამიანი იესოს სიყვარულის ალს ემსგავსება. ხოლო გონება მთლიანად ნათლდება და გაოცებულია და განცვიფრებული ღმერთის დიდებით. არა ისე, როგორც მწერ, რომ [გონება] გებინდება და არ იცი სად ხარ. ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი არასწორად გესმის და ფრთხილად იყავი.

და კვლავ მწერ, რომ სხეული გიქვავდება და მკვდარივით ხდები. მე კი გეტყვი: ხშირად სხეული ქვავდება, მაგრამ გონება მთლიანად თვალად იქცევა, ხოლო გული დიდ სიტკბოებასა და უზომო სიხარულს გრძნობს. ბოლოს და ბოლოს, ესეც, ისეც რომ იყოს, როგორც გწერ, მაინც არ არის მაღალი [სულიერი] მდგომარეობა, არამედ – დამწყებთა. სული რომ სუფთავდება, ასეთ რამეებს ხედავს. მაგრამ როდესაც სრულიად განიწმიდება, მაშინ სხვანაირად ხედავს, როგორ – არ გწერ, რადგან ვერ გაიგებ. მხოლოდ ამას გეტყვი: ილოცე, რომ ღმერთმა სულიერი გარჩევის ცოდნა მოგცეს, თუ როგორ უნდა იფიქრო და რა უნდა იქონიო გონებაში, რათა ნამდვილი ჭეშმარიტების ღირსი გახდე, ჭეშმარიტება კი ქრისტეა, რომლისაცაა დიდება და სიმტკიცე უკუნისამდე. ამინ.

თავი მესამე

გონების სულიერი საქმიანობის შესახებ, და როგორ უნდა

ვაზროვნებდეთ და ვფიქრობდეთ

მაშ ასე, შვილო, კითხვებზე პასუხიც მიიღე. [ახლა] ისიც მოისმინე, თუ როგორ უნდა წინაღუდგე მტრებს. [ეს სიტყვა] ბევრჯერ წაიკითხე ყურადღებით, გაკვეთილივით, რათა იცოდე, რა უნდა ითხოვო და როგორ უნდა ებრძოლო ამპარტავნების გულისსიტყვებს, როდესაც გეუბნებიან, რომ უკვე განწმედილი ხარ და რომ მადლი გაქვს და ბევრს ტირი.

ასე უთხარი ხოლმე უფალს: (ლოცვა)

„ჰოო, ჩემო საყვარელო, უტკბილესო იესო ქრისტე, ვინ გთხოვა ჩემთვის და ვინ ილოცა, რომ ამქვეყნად მოგეყვანე და კარგი და მორწმუნე ქრისტიანი მშობლებისგან გავჩენილიყავი, იმ დროს, როცა ამდენი ადამიანი იბადება თურქებში, ფრანკებში9, მასონებში, ებრაელებში, კერპთაყვანისმცემლებში და სხვებში, რომელთაც შენი არ სწამთ, მაგრამ ისე არიან, თითქოს საერთოდ არ დაბადებულიყვნენ და მარადიულად იტანჯებიან?! მაშ, როგორ უნდა მიყვარდე და გმადლობდე ამხელა მადლისა და წყალობისთვის, რომელიც ჩემზე მოიღე? სისხლიც რომ დავღვარო, ვერ შევძლებ ღირსეული მადლობა გამოვხატო. ამის გარდა, ჩემო ტკბილო მაცხოვარო, ვინ გევედრა ჩემ გამო, რომ ამდენი წელი მოგეთმინა ჩემთვის, რომელიც ბავშვობიდან ვცოდავდი, და არ მოგბეზრდი, როდესაც მხედავდი, რომ უსამართლოდ ვიქცეოდი, ვიპარავდი, ვბრაზდებოდი, ნაყროვანებას და მომხვეჭელობას მივეცემოდი, მშურდა და ყოველივე ბოროტებით სავსე ვიყავი, ხოლო შენ, ჩემს ღმერთს, ჩემი საქციელით შეურაცხგყოფდი?!

>>ხოლო შენ, ჩემო უფალო, სიკვდილი არ გამომიგზავნე მაშინ, როდესა ვცოდავდი, არამედ სულგრძელებით მითმენდი, რადგან, რომ მოვმკვდარიყავი, მარადიულად დავიტანჯებოდი. რაოდენ კეთილი ხარ, უფალო!

>>და კვლავ, ვინ გევედრა, რომ სინანულსა და აღსარებაში მოგეყვანე და დიდი და ანგელოზებრივი სქემა შემემოსა? რამდენად დიდებული ხარ, უფალო! რა საშინელი და რამდენად დიდია შენი განგებულება! რამდენად მდიდრულია შენი ძღვენი, მეუფეო! რამდენად დაულეველია შენი საუნჯეები და გამოუთქმელი – საიდუმლოები! ვინ არ შეძრწუნდება, შენი სახიერებით განცვიფრებული?! ვინ არ დარჩება განკვირვებული, როდესაც შენს მდიდარ წყალობას ხედავს?! ვძრწი, მეუფეო, [ვერ ვბედავ] შენი მდიდარი ნიჭი ვიქადაგო. ჩემი მეუფე და უფალი ჯვარს ეცმის, რათა ჯვართმცმელი აცხოვნოს. მე ცოდვის მიერ ჩემს შემოქმედს ჯვარს ვაცვამ, ხოლო ჩემი შემოქმედი თავისუფლებას მანიჭებს!

>>ჰოი, ტკბილო სიყვარულო, იესო, რამდენად ვალდებული ვარ შენ წინაშე! არა, ჩემო შემოქმედო, უნდა მიყვარდე არა მარადიული ცხოვრების გამო, რომელსაც მპირდები, არა იმიტომ, რომ შენი მადლის მოცემას აღმითქვამ, არც სამოთხის გამო, არამედ ვალდებული ვარ მიყვარდე [მხოლოდ] იმიტომ, რომ ყოველივე სიყვარულის ღირსი ხარ. ვალდებული ვარ გემსახურო, რადგან გამათავისუფლე ცოდვისა და ვნებების მონობისაგან.

ჰოი, დიდი სასწაული! რომელი ნაყიდი მონა სთხოვს თავის ბატონს გასამრჯელოს იმის გამო, რომ მას ემსახურება? ან როგორ ითხოვს თავისუფლებას მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ყიდვის ფული მართებს?

აი, ყოველთა მეფე და უფალი შენთვის ჯვარს ეცვა და გაგათავისუფლა ეშმაკთა მონობისგან, და მოგცა მცნებები, როგორც ვნებებისგან საკურნებელი წამალი, რათა თავი დააღწიო ვნებებს, რომლებიც გძლევენ. გეუბნება: ნუ იმრუშებ10, არამედ იღვაწე იმისთვის, რომ უბიწო იყო, რამეთუ, თუ არ შეეცდები უბიწო იყო, გინდა-არ გინდა, მრუში გახდები. ნუ მოიპარავ, რათა სანდო კაცი გახდე, ხოლო თუ არ გაირჯები ამისთვის, რომ სანდო გახდე, მაშინ ქურდი ხდები. ნუ იქნები ვერცხლისმოყვარე, რათა მოწყალე იყო, ხოლო თუ არ გაირჯები, რომ მოწყალე იყო, ვერცხლისმოევარე გახდები. ნუ მიეცემი ნაყროვანებას, რათა თავშეკავებული გახდე. სიყვარული იქონიე, რათა შურიანი არ იყო. იგივე შეიძლება ითქვას ყველა [სხვა] სათნოებაზეც.

მაშასადამე, უფალმა ჯერ გაგვათავისუფლა საღმრთო ნათლობის მეშვეობით, შემდეგ კი მოგვცა თავისი საღმრთო მცნებები, როგორც ვნებებისგან საკურნებელი წამალი, რათა ისევ არ ჩავვარდეთ ცოდვის ტყვეობაში.

ასე რომ, ისე კი არ არის საქმე, რომ ჩვენ ღმერთს ვემსახურებით, მას კი ჩვენი გასამრჯელო მართებს; მარადიული ცხოვრებისთვის კი არ ვიღვწით, არამედ, როგორც ნაყიდი მონები, ვირჯებით იმისთვის, რომ ეშმაკების მონები არ გავხდეთ. ვალდებულები ვართ ვიღვაწოთ, რადგან ნაყიდები ვართ. ხოლო რადგან მისი მოვალეები ვართ, უნდა ვემსახუროთ დიდი სიმდაბლით და ყველა მისი წმიდა მცნება დავიცვათ. ხოლო თუ სანდო, სარწმუნო მონები აღმოვჩნდებით, მაშინ უფალი მუქთად გვაძლევს თავის საღმრთო მადლს და ვნებებისგან გვათავისუფლებს, თავის ზეციურ სასუფეველსაც გვანიჭებს და გვეუბნება: მოდი, მონაო კეთილო და სარწმუნოო, ცოტაზე სანდო აღმოჩნდი, ბევრზე დაგადგენო11. ხედავ, შვილო, რომ არ გვეუბნება, მოდი, შენი ნაშრომის მიხედვით გაგისწორდეო; არამედ სიყვარულის მოწყალებით, თავისი უდიდესი სიკეთის გამო, გვაძლევს თავის ტკბილ მადლს, მოგვაშორებს ჩვენში არსებულ შემაწუხებელ ვნებებს და ზოგადად, თავისი სასუფევლის ღირსებად გვხდის.

ასე რომ, როდესაც შენი მოვალეობის მოხდას, ლოცვას იწყებ, დიდი სიმდაბლით მიუახლოვდი ხოლმე და ღმერთს წყალობა სთხოვე. არა თუ შენი ვალი ჰქონდეს და ვალდებული იყოს მადლი მოგცეს, არამედ ევედრე, როგორც შეკრული, რომელიც სთხოვ, რომ წყალობა მოიღოს და გაგხსნას: (ლოცვა).

„მეუფეო, უტკბილესო უფალო ჩვენო იესო ქრისტე, გამომიგზავნე შენი წმიდა მადლი და გამხსენი ცოდვის ბორკილებისგან. გამინათლე სულის სიბნელე, რათა შენი უსასრულო წყალობა გულისხმავყო, და ღირსეულად შეგიყვარო და გმადლობდე შენ, ჩემს უტკბილეს მაცხოვარს, რომელიც ყოველივე სიყვარულისა და მადლიერების ღირსი ხარ. ჰე, ჩემო სახიერო კეთილისმყოფელო და მრავალმოწყალეო უფალო, ნუ განმაშორებ შენს მდიდარ წყალობას, არამედ შემიწყალე შენი ქმნილი. ვუწყი, უფალო, ჩემი ცოდვების სიმძიმე, მაგრამ შენი წარმოუდგენელი წყალობაც ვიცი. ვხედავ ჩემი უგრძნობი სულის სიბნელეს, მაგრამ კეთილი იმედით მწამს და ველი შენს საღმრთო გამონათებას და ჩემი ბოროტი და დამღუპველი ვნებებისგან გათავისუფლებას, შენი უტკბილესი დედის, ჩვენი დედოფლის, ღმრთისმშობელისა და მარადისქალწული მარიამისა და ყოველთა წმიდათა მეოხებით. ამინ“.

ამგვარ ლოცვა-ვედრებას ნუ შეწყვეტ უკანასკნელ აღმოფშვინვამდე, ხოლო ღმერთს ძალუძს სათხოვარი აღგისრულოს, რომლისაცაა დიდება და სიმტკიცე, პატივი და დიდადშვენიერება უკუნისამდე. ამინ.

შენიშვნები

  1. სიტყვა „მონაზონმა“ გადახაზულია. სავარაუდოდ, თვითონ ბერმა გადახაზა, როდესაც ნაშრომი გაასწორა. ↩
  2. ათონის წმიდა მთაზე გამოიყენება ე.წ. ბიზანტიური დრო, რომელიც მზის ჩასვლით განიზომება და ყოველთვის წინ უსწრებს სამოქალაქო დროს. წელიწადის დროის მიხედვით განსხვავება სხვადასხვაა: ზაფხულში დაახლოებით, სამი საათია, ხოლო ზამთარში – დაახლოებით ექვსი. ↩
  3. იხ.სქოლიო 1. გვ. 321. ↩
  4. შუაღამიანი და ცისკარი. ↩
  5. სიტყვასიტყვით: „ცხელი წყალი“, აქაც და შემდგომშიც მცენარეულ ნაყენს უფრო გულისხმობს, რაც ათონელი ასკეტებისთვის ნატურალურ ჩაიზე მეტად ხელმისაწვდომია. ↩
  6. ბერძნულ სიტყვაში ლობიოს რამნდენიმე ჯიში მოიაზრება, მათ შორის, ოსპიც. ↩
  7. იხ. სქოლიო 2, გვ. 319. ↩
  8. იხ. სქოლიო 2, გვ. 302. ↩
  9. ფრანკი – აქ. კათოლიკე ან პროტესტანტი. ↩
  10. უფრო ზუსტად, აქაც და წინადადების ბოლოშიც არის სიტყვა „სიძვა“, „მეძავი“. ↩
  11. იხ. მათ. 25,21 და 23. ↩
Share