თავი მეოთხე
ყურადღების შესახებ, [რომელიც საჭიროა მაშინ,]
თუ საღმრთო შეწევნას ვეღირსებით, [და] როგორ უნდა
ვებრძოლოთ ამპარტავნების გულისსიტყვას
უკვე ისწავლე, შვილო, როგორ უნდა იფიქრო, ახლა ისიც ისწავლე, თუ როგორ უნდა იბრძოლო. თუ კეთილი უფალი მოგვინახულებს, ვნებებისგან გაგვათავისუფლებს, და თავის უსასრულო სიყვარულს გვიჩვენებს, არ გეგონოს, რომ სიფრთხილე აღარ გმართებს, არამედ იცოდე, რომ, სანამ ღარიბები ვართ, სიმდიდრეს ვეძებთ, ხოლო როდესაც გავმდიდრდებით, მაშინ უფრო მეტად უნდა გვეშინოდეს, რომ ძილისა თუ სიზარმაცის დროს ქურდები არ შემოგვეპარონ და განძი არ მოგვპარონ.
და აი, მოისმინე ქურდების მაგალითიც.
ლოცვის დროს საღმრთო განათლება გეწვია, გრძნობ სიხარულსა და გამოუთქმელ სიტკბოებას. იმწუთასვე ვიღაც ქურდი – ამპარტავნება, მოდის და საიდუმლოდ გეუბნება: „ააა! ახლა კი ნამდვილი წმიდანი ხარ!“. შენ [ასე] უპასუხე: „გაჩერდი, ბოროტო ეშმაკო, მესამე ცამდეც რომ ავიდე, ჩემი არაფერია“. პავლე ხომ ამბობს, აღვიტაცე და გამოუთქმელი სიტყვები მოვისმინეო1. ნუთუ საკუთარი ნებით ავიდა? არა. ხოლო თუ სხვას აჰყავს, რამე არის [პირადად] მისი? არა. და აი, რას ამბობს იმ დროს, როდესაც მთელ ქვეყანას აცხოვნებდა თავისი ქადაგებით: არა საკუთარი ნებით ვაკეთებ ამას, არამედ ჩემში მოქმედი ქრისტეს ძალითო2.
ხედავ, შვილო?! რა ჰქონდა მას საკუთარი მაშინ, როდესაც სხვა მიუძღოდა წინ? შენც ასე მიუგე ხოლმე ბოროტ ამპარტავნებას: „ცაშიც რომ ავიდე და ანგელოზებიც რომ ვნახო და უფალსაც რომ ვესაუბრო, ჩემი არაფერი იქნება – მოისურვა მეფემ და ამომიყვანა მე, თიხა და ტალახი, წუმპიდან და თავისი საყდრის მახლობლად დამადგინა. ნუთუ მეფე არ არის? რასაც უნდა, იმას აკეთებს“. ანდა, ნუთუ შეუძლია თიხას იამპარტავნოს იმით, რომ მეფის სიახლოვეს ამოყო თავი? არა, არამედ განცვიფრებულია მეფის სიკეთითა და სიმდაბლით, რომ არ შეეზიზღა ჭუჭყიანი თიხა, არამედ დაიახლოვა კიდეც. შესაბამისად, როგორც ამოგიყვანა წუმპიდან, ასევე, როდესაც მოისურეებს, კვლავ შენს ბუნებაში – ტალახში დაგაბრუნებს.
ამიტომაც, როდესაც აგიყვანა, არც ის იყო შენი წარმატების ნიშანი, არც ისევ რომ დაგანარცხა შენს ადგილას, მაშინ უნდა დამწუხრდე, არამედ უთხარი შენს თავს: „მე, უფალო, წარსაწყმედელის შვილობის ღირსი ვარ და არაფერს უჩივი, რადგან შესაბამისი საქმეები მაქვს ჩადენილი და ახლაც იმავეს ვშვრები; შენ კი მოინდომე და ცაში ამიყვანე, ხოლო თუ მოინდომებ, ჯოჯოხეთში მომისვრი. იყოს ნება შენი წმიდა“. მხოლოდ მაშინ უნდა დამწუხრდე და იდარდო, როდესაც ცოდვას ჩაიდენ და დაეცემი. მაგრამ იმის გამო კი არ უნდა იდარდო, რომ დაეცი, არამედ იმის გამო, რომ ღმერთს აწყენინე, თანაც მას მერე, რაც ამდენი სიყვარული გიჩვენა, შენ კი უმადური აღმოჩნდი.
მაგრამ ისევ უნდა განიახლო სასოება და წამოდგე; სასო არ წარიკვეთო იმის გამო, რომ შესცოდე. ხოლო თუ შენი შეცოდების მიზეზით არ მომხდარა, მდგომარეობა რომ შეგეცვალა, ნუ შეგეშინდება, არამედ გიხაროდეს, რომ ღმერთის საგანძურები იხილე და შეიძინე უფრო მეტი რწმენა და მხურვალე იმედი; რომ ღმერთის წყალობითა და კაცთმოყვარებით ის უნდა დაიმკვიდრო, რომელიც იხილე, და გაისარჯე, რომ მეტი სიმდაბლე მოიპოვო.
თუკი მზაკვარი ეშმაკი ისევ გეუბნება, რომ სხვა მონაზვნებზე უკეთესი ხარ, მიუგე: „გაჩერდი, ეშმაკო, რადგან, თუ უფალი მოინდომებს, თავისი საღმრთო მადლი ყველა ადამიანზე გადმოღვაროს, ყველა ასეთი გახდება“. მაშ, რა დააშავა იმან, ვისაც არ აქვს მადლი ან ნაკლებად აქვს? უფალია ის, ვინც ზოგს ხუთ ტალანტს აძლევს, ზოგს – ორს3. ნუთუ იმან, ვინც ორი მიიღო, რამე დააშავა? არა. უფალმა იცის, რა არის თითოეულისთვის უმჯობესი. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ ორი [ანუ ნაკლები] მიიღო, იგივე სიტყვები მოისმინა: „შედი შენი ბატონის სიხარულში“4; ის კი არ უთხრა, რატომ [ორი] ათად არ გახადეო. ასე რომ, ხედავ, შვილო, რომ თუ ძალიან ბევრი მიიღე ღმერთისგან, ბევრსაც მოგთხოვს?
ამიტომაც, ვინც ბევრი მადლი მიიღო, არც იმან უნდა შეურაცხყოს და განიკითხოს მადლის არმქონე და არც მადლის უქონელმა უნდა იდარდოს და იდრტვინოს იმის გამო, რომ ღმერთი მას იმავეს არ აძლევს. პირიქით, ვისაც მადლი აქვს მან სულგრძელებით უნდა მოუთმინოს არმქონეს, იტვირთოს ყველა მისი ფიზიკური და სულიერი უძლურება; გონივრულად წარუძღვეს სულიერ გზაზე მანამ, სანამ ისიც შესაბამისად გაამრავლებს თავის ტალანტს, უფრო სწორად კი, სანამ [საღმრთო ნათლის] სხივი არ შეეხება და სულიერ თვალებს აღუხელს და გაუნათლებს, რათა საკუთარი ნაკლულება შეიცნოს და [სულიერად] თავისზე უფროსს განუსჯელად დაემორჩილოს.
ესაა, შვილო, იმ აზროვნების წესი, რომლითაც უნდა ვფიქრობდეთ, რამეთუ წმიდა ღმერთის დახმარების გარეშე არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, როგორც უფალი ბრძანებს: ჩემ გარეშე ვერაფერს გააკეთებთო5, და თუ უფალმა არ ააშენა სახლი ამაოდ შვრებიან მაშენებლებიო6. მაშასადამე, უნდა ვითხოვოთ, რომ სულიერი ცოდნა და გარჩევის უნარი მოგვეცეს, რამეთუ ამათ გარეშე ზოგი რამ თვალით კარგ რამედ რომ გვეჩვენება, [სინამდვილეში] ცუდი და უკუღმართია, თაფლს ვხედავთ, არადა, შხამია. რამეთუ გარჩევის უნარი ხედავს, ზომავს და წონის, ხოლო ცოდნა ყველანაირ ბოროტებასა და ამპარტავნების გულისსიტყვას არღვევს და შლის. სიმდაბლე შეკრებს, სიყვარული კი, როგორც ყველა სათნოების თავი, ინახავს. სწორედ იმის გამო მოვიდა ჩვენი ტკბილი იესო და ჯვარს ეცვა, რომ ჩვენთვის თავისი ის უსასრულო სიყვარული ეჩვენებინა, რომელიც საკუთარი ქმნილების მიმართ აქვს, რომლისაცაა დიდება და სიმტკიცე უკუნისამდე. ამინ.
თავი მეხუთე
იმის შესახებ, თუ როგორ მოდის საღმრთო მადლი და როგორ
გაირჩევა ცდომილებისგან, და[, ასევე, ] მოკლე გზის შესახებ
ახლა კი მოისმინე, შვილო, თუ როგორ მოდის საღმრთო მადლი და როგორ შეიცნობა* (ამოიცნობა). და ვამბობთ, რომ ვისაც ღვინის გემო გასინჯული აქვს, მოგვიანებით ძმარს თუ დაალევინებ, მიხვდება [და გაარჩევს]. ასევე იფიქრე საღმრთო მადლის შესახებ. ვინც მისი გემო გასინჯა, შემდგომში ცდომილებას ხვდება – რომ ეშმაკი მადლს ბაძავს. მაგრამ ვისაც ჭეშმარიტების ნაყოფი ნაჭამი აქვს, როგორც ვთქვით, ის ცდომილების ნაყოფს ამოიცნობს. რამეთუ გონებამ ოდნავაც თუ მიაქცია ყურადღება ცდომილებას, გული შფოთით ივსება. გონება ბნელდება, თმაც კი ყალყზე უდგება კაცს; ამასთან ერთად, ადამიანს თან ბუშტივით ბერავს7. ხოლო, საღმრთო მადლი არის ტკბილი, მშვიდი, მდაბალი, წყნარი, განმწმედელი, განმანათლებელი, სიხარულის მომგვრელი, და კაცი არ ეჭვობს, ეს საღმრთო მადლია თუ არაო. ახლა კი ყურადღებით მომისმინე, რომ კარგად ისწავლო, როგორი გზით მოდის საღმრთო მადლი და როგორ ვარჩევთ ჭეშმარიტების გზას ცდომილებისგან.
და ვამბობთ, რომ მონაზვნური ცხოვრება ასე ვითარდება: მას მერე, რაც ღმერთის მადლი გაანათლებს ადამიანს. [ეს უკანასკნელი] მსოფლიოს ტოვებს და კინობიალურ, დიდსა თუ მცირე მონასტერში მიდის. ყველას უგონებს, ყველას მორჩილებს და საღმრთო მცნებების დაცვით პოვებს შვებას, აღასრულებს მისთვის განწესებულ სულიერ მოვალეობებს და კეთილი სასოებით ელის კაცთმოყვარე ღმერთის წყალობას. ესაა, ერთი სიტყვით, საზოგადო გზა, რომელსაც მრავალი მამა მიუყვება. მაგრამ არსებობს სხვა, უფრო მოკლე გზაც, რომლის შესახებაც ახლა ვიტყვით.
ეს მოკლე გზა არ არის ადამიანური ცოდნის მეშვეობით მოგონილი, არამედ თავად უფლისაა, რომელიც თითოეულ ადამიანს თავისი წმიდა ნებისკენ მიუძღვის ისე, როგორც სურს. და მას მერე, რაც კაცთმოყვარე და სახიერი ღმერთი თავისი საღმრთო მადლის სხივს გამოავლენს ცოდვილის გულში, კაცი იმწუთას წამოდგება და სულიერ მოძღვრებს* (აქ: გამოცდილ მოღვაწეებს ბერებს) ეძებს, რათა ჩადენილი ცუდი საქმეები აღიაროს, ეძებს უდაბნოსა და გამოქვაბულებს, რათა ვნებებისგან დაიცვას თავი და ძველი ბოროტებების სანაცვლოდ მწარე შრომა გასწიოს: შიმშილი, წყურვილი, სიცივისა და სიცხის მოთმენა, და სხვა სახის მოღვაწეობა. ხოლო უფალი მხურვალებას უღვივებს და მის გულს ღუმელივით აღანთებს ღმერთისადმი მხურვალე სიყვარულითა და საღმრთო მცნებების დაცვის უზომო მოშურნეობით, ვნებებისა და ცოდვის მიმართ კი უსაზღვრო სიძულვილსა და ზიზღს უჩენს.
ამგვარად, კაცი დიდი გულმოდგინებით იწვებს საკუთარი ქონების გაფანტვას, გინდ ცოტა ჰქონდეს, გინდ ბევრი. და მას მერე, რაც სრულიად ღატაკი დარჩება და საღმრთო მცნებებს ნაწილობრივ დაიცავს, იმის გამო, რომ უდაბნოს სიყვარულისა და წადილის შეკავება აღარ შეუძლია, მიაშურებს უდაბურ ადგილებს, სადაც წინამძღოლსა და დამრიგებელს ეძებს სულიერი აღმასვლისთვის.
მაგრამ, რადგან დღეს, სამწუხაროდ, მოშურნე და გამოცდილი წინამძღოლები შემცირდნენ და ძალიან ცოტანი არიან ისინი, რომლებიც ამ გზას მიუყვებიან, ამიტომაც [საწყალი] კაცი ტირის და გოდებს, რომ ვერ პოულობს იმას, რასაც გული უთქვამს, ისე, როგორც ძველ დროში ხდებოდა [რომ ადამიანი ასეთ მოძღვრებს უფრო ადვილად პოულობდა].
მაგრამ, რა უნდა უყოს იმ დიდ მხურვალებას, რაც დაყუდების* (მდუმარების) მიმართ აქვს? ეძებს და გამოიკვლევს ყველაზე გამოცდილ წინამძღოლს, მორჩილებას სწირავს თავს, და [მოძღვრის] ლოცვა-კურთხევით იწყებს სულიერ მოღვაწეობას. აქ ახლა მრავალია ისეთი, რომელთაც ასეთი მხურვალება ჰქონდათ და შეიმოსეს წმიდა სქემა და მარტო დაეყუდნენ მოძღვრების ლოცვა-კურთხევით, რომლებთანაც პერიოდულად მიდიოდნენ და რჩევას ეკითხებოდნენ. ხოლო სხვები ერთად ცხოვრობდნენ და ჰქონდათ ნებართვა გარკვეული საათები მდუმარებით ეღვაწათ და სხვადასხვა სათნოებებისთვის მიემართათ. ტირილი, მღვიძარება, ღამისთევა, მარხვა, ლოცვა, კითხვა, შეძლებისდაგვარად მეტანიები – ანუ ზოგადად ზრუნავდნენ [სულის] სისუფთავეზე და ებრძოდნენ ვნებებს.
ეს ყველაფერი მას მერე, როგორც ვთქვით, რაც ამა თუ იმ გზით8 დაეყუდება. მაგრამ აქ სიფრთხილეა საჭირო, რამეთუ ბევრი მოღვაწე ერთმანეთს დაშორდა არა ქრისტესადმი ცეცხლოვანი სიყვარულის გამო და მკაცრი მოღვაწეობისა და ჭირთათმენის სურვილით, არამედ მდუმარებაში საკუთარი ვნებების დასაკმაყოფილებლად. რამეთუ არ შეუძლიათ მორჩილება და შეურაცხყოფა მოითმინონ, არამედ უყვართ საკუთარი ნება- სურვილი, და რადგან ვნებების მონები გამხდარან, მათვე ემსახურებიან – ვგულიხმობთ რისხვასა და [ხორციელ] გულისთქმას – და [ამგვარად] სრულიად ცდებიან.
ხოლო ვინც ჭეშმარიტად ქრისტესთვის დაეყუდა, მას მუდმივი ცრემლი აქვს, ტირის საკუთარ ცოდვებს და ირჯება ყველა სათნოებაში და მხურვალე რწმენით მიეცემა ყოველგვარ მოღვაწეობას სიკვდილამდე. და ჩაჰყავს რა გონება გულში, თავს აიძულებს შესუნთქვა-ამოსუნთქვით ეს ლოცვა თქვას: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე“, და ცდილობს გონება მოიკრიბოს [სულიერი] სიფხიზლის მასწავლებელი წმიდა მამების დარიგებების მიხედვით.
ხოლო აკეთებს რა ამ ყველაფერს და გულისტკივილით ეძიებს ღმერთის წყალობას, ნელ-ნელა გონებით საიდუმლოდ იწყებს საღმრთო დახმარების შეგრძნებას, რომელიც ნელ-ნელა, როგორც აბანო, განწმედს მას; გულს ურბილებს და განუწყობს ლმობიერების, გლოვის, მორჩილებისა და მეტი მოშურნეობისა და მხურვალების მიმართ, და როგორც დედას, ხელში უჭირავს და ჩვილი ბავშვივით აღზრდის.
ხოლო როდესაც მადლი მიდის, რადგან კაცი [ჯერ] ვერ ხვდება წმიდა ღმერთის სიბრძნეს, ტირის და მოთქვამს, ეძებს და მარხვზე მარხვას ამატებს, ფეხზე დგომასა და ღამისთევას, ლოცვასა და ვედრებას, რადგან ჰგონია, რომ ამეებით მიიზიდება ღმერთის მადლი. ამასთან ერთად, განსაცდლები ყოველმხრივ ავიწროებენ, რათა ცრემლებით უფრო მეტად ეძიოს საღმრთო დახმარება, რაც საღმრთო განგების მზრუნველობით ხდება, რომ კაცი გამოიწრთოს. ხოლო როდესაც საღმრთო მადლი ისევ მოიხილავს მასზე, ჩვილივით ჩივილს იწყებს: „აჰ, აჰ, როგორ მიმატოვე?! ის-ის იყო ეშმაკები ბოლოს მომიღებდნენ: აღარ წახვიდე! აჰ, რა უნდა ვიღონო, რომ შეგინარჩუნო?“ [ასე იმიტომ ამბობს, რადგან] ბავშვურად ჰგონია, რომ მის მოღვაწეობას მოჰყავს მადლი, და წვალობს, რომ რამენაირად შეინარჩუნოს. მაგრამ ღმერთი, მანამ, სანამ კაცი მას საკმაოდ იგემებს, ისევ მიდის, მაგრამ ნელ-ნელა უფრო მალე და უფრო დიდი ხნით ბრუნდება.
ხოლო აზროვნებითა და ცოდნით ჩვილი იწყებს [ასეთი ყოფის] მიჩვევას და თამამდება, რადგან ჰგონია, რომ უკვე მიიღო თავისი შრომის გასამრჯელო. და სამი-ოთხი წელი ხედავს, რომ ღმერთის მადლი განუწყვეტლივ წვრთნის და განაბრძნობს მას, ხოლო ვნებები მცირდება, ეშმაკები კი დიდი ხნით ვეღარ ებრძვიან, რადგან ღმერთის საღმრთო მადლი მას იფარავს. [ამგვარ სულიერ მდგომარეობაში] კაცს, როდესაც ღვიძავს, ცრემლების ნუგეში აქვს, გინდ დადიოდეს, გინდ მუშაობდეს, თუკი გონებით ლოცულობს, აქვს იმ ნათელი ღრუბლის გონებისმიერი შეგრძნება, რომელიც დროდადრო მასზე მოიხილავს ხოლმე. ხოლო თუ სძინავს, თუნდაც ცოტა ხნითაც, ხედავს ლამაზ სიზმრებს: სამოთხეებს* (ბაღებს) ოქროსავით ბრწყინვალე ყვავილებით, წარმოუდგენელ სამეფო სასახლეებს, რომლებიც მზეზე ძლიერად ბრწყინავს, სხვადასხვა და მრავალ ამნაირ რამეს ხედავს, რომლებიც გაღვიძების შემდეგ გონებაში უტრიალებს და მეტი მხურვალებისა და მოშურნეობისკენ უბიძგებს, და კაცი განცვიფრებულია მარადიული სიკეთეების მშვენიერებით, და იმას ნატრობს, როდის გახდება ამ ყველაფრის დამკვიდრების ღირსი.
მაგრამ, შვილო, აქაც სიფრთხილეა საჭირო, რომ კაცი სიზმრებს არ ენდოს, არამედ შეეძლოს იმის გარჩევა, ღმერთისგანაა თუ ეშმაკებისგან. ხოლო რადგან ყველას არ აქვს ამის გარჩევის უნარი, ჯობია კაცი საერთოდ არ ენდოს, თუმცა, რომლებიც ღმერთისგანაა, ამოიცნობა: ზოგჯერ ღრმა ძილის დროს ხედავს, ზოგჯერ კი – მსუბუქის, კაცს თითქოს სძინავს კიდეც და არც სძინავს, მცირე ხნით. ხოლო როდესაც იღვიძებს, სიხარულითაა სავსე, გონებაში [ნანახი] უტრიალებს და [საღმრთო რამეების სულიერ] ხედვას გამოიწვევს; წლების განმავლობაში იხსენებს და დაუვიწყარია.
ხოლო რომლებიც ეშმაკებისგანაა, ისინი სულს შფოთით აღავსებენ, და როდესაც კაცი იღვიძებს და გონებას სურს [ნანახი] მესხიერებაში აღიდგინოს, შიშით ივსება, გული კი არ იღებს. ამასთან ერთად, ის, რასაც სიზმარში ხედავს, არ არის მდგრადი, არამედ [მალმალე] იცვლის იერსა და სახეს, ადგილსა და ფორმას, მოძრაობასა და მოქმედებას. ამ ცვლილებებითა და შფოთით და საზიზღარი ნიშნებით შეგიძლია მიხვდე, საიდან არის [ეს სიზმარი].
არსებობს [სიზმრის] სხვა სახეობაც, რომელსაც გონების ფანტაზია წარმოსახავს ან ბევრი ჭამისგან მომდინარეობს, მაგრამ ამის ახსნა-განმარტება საჭირო არ არის. თუმცა ზოგჯერ, როგორც სხვაგან უკვე ვახსენეთ, ლოცვებსაც განუწყვეტლივ უღრმავდება მოღვაწის გული, როცა სძინავს. ამიტომაც, როდესაც [სულიერად] ჩვილი ასეთ მშვენიერ რამეებს ხედავს, მაგრამ შესაბამისი ცოდნა არ გააჩნია, რომ ამოიცნოს და გაარჩიოს ღმერთის განგების მოქმედება, იწყებს ამგვარ ფიქრს. აი, მისი მოღვაწეობისა და ჭირთათმენის გამო რას ანიჭებს ღმერთი! და ეს იმიტომ ხდება, რომ აქამდე რძეს მიირთმევდა და დაწმენდილი თვალები ჯერ არ აქვს, აქამდე ნათელი და სიბნელე [ერთად] აღმოეცენება, მისი საქმეები კი [ჯერ კიდევ] ვნებებთანაა აღრეული. ამიტომაც ბოროტი ეშმაკი საიდუმლოდ საწამლავს ურევს, როგორც ძველად ევას, ჩვილი კი ყურს უგდებს.
ხოლო ეს ღმერთის დაშვებით ხდება, რათა სიმდაბლე ისწავლოს და იწყებს მზაკვარი ეშმაკი და ეუბნება: „ხედავ, დღეს კი ამბობენ, რომ ღმერთი მადლს აღარ იძლევაო! ხედავ?! რადგან თვითონ არ უნდათ გაისარჯონ, სხვებსაც ხელს უშლიან და ეუბნებიან შეცდები, დაეცემი, დასუსტდებიო“. და სხვა მრავალ ასეთ რამეს ასწავლის ძველი ბოროტება* (სატანა). ისიც ვერ ხვდება, თუ რა მახეს უგებს [მტერი], რადგან ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, და ამგვარად გაუცნობიერებლად ტყუილს ჭეშმარიტებად იღებს; ან, როგორც ვთქვით, ამას ღმერთი უშვებს, რათა განაბრძნოს და ყოველთვის ჩვილად არ დარჩეს.
დიდება ღმერთის სიბრძნესა და ცოდნას, რომელიც მრავალნაირად ზრუნავს ჩვენი სულის განკურნებაზე, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
თავი მეექვსე
იმის შესახებ, თუ როგორ ცვივიან ასეთი მოღვაწეები ცდომილებაში, როდესაც წინამძღოლი არ ჰყავთ, და რა წამლით შეიძლება განიკურნონ
აქამდე ის მოისმინე, თუ როგორ მოდის მადლი. ახლა ისიც ისმინე, თუ როგორ შეიძლება შეცდეს კაცი. მოღვაწეს უდიდესი ყურადღება და სიფრთხილე უნდა ჰქონდეს. რამეთუ ბევრი დაცემულა ძველადაც, და დღესაც ყოველდღიურად ეცემა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ სიცრუეს ჭეშმარიტებად იღებს, ამპარტავნებით იბერება და ამბობს: „ადამიანს არ უნდა და ამიტომაც არ აკეთებს, ხოლო როცა [ნამდვილად] სურს და თავს აიძულებს, ირჯება, [მაშინ] მადლის ჭურჭელი ხდება“. და ამგვარად, თუ ვინმე შეეპასუხა, იმათ გაავებით ებრძვის და ნელ-ნელა ცდომილებაში ვარდება და ეშმაკის მონა ხდება, თანაც ამბობს, რომ ყველა წარწყმდება, [სულიერი] ცოდნა კი მხოლოდ მას აქვს, სხვას არავის. [შესაბამისად,] აღარ უგონებს მათ, რომელნიც მისთვის უმჯობესს ურჩევენ, გამოიკეტება მარტო და აღასრულებს მასში დამკვიდრებული ეშმაკის ნებას.
ხოლო თუ გამოიკეტა, [ეშმაკი] ან დაახრჩობს, ან თავს ჩამოახრჩობინებს იმ აზრით, რომ [იმქვეყნად] მოწამედ წავა. თუ ამას ვერ მიაღწევს, გულგრილობასა და უდებებაში ჩააგდებს, რომ ყველაფერზე ხელი აიღოს. ჭამა-სმა და თრობა დაიწყოს. თანაც აზრადაც კი არ მოუვა, რომ დაეცა და მკურნალობა სჭირდება, არამედ ფიქრობს, რომ სწორ გზას ადგას და ესაა სწორი გზაცა და ჭეშმარიტებაც.
კაცთმოყვარე უფალი კი ამასობაში ელის, რომ მიხვდეს, რატომ დაეცა, [რადგან,] თუ გააცნობიერებს დაცემას, მკურნალობაც შესაძლებელი ხდება.
ესაა, შვილო, ერთი სახის ცდომილება, რომლის წამალიც არის საკუთარი ცდომილების შეცნობა და რომ კაცმა ცრემლებით მოიძიოს გამოცდილი [სულიერი] ექიმი, რომელსაც ძალუძს გამოიხსნას იგი და შესაფერისი წამლები მისცეს მისი სულის უსაფრთხოებისთვის.
ჩვენ კი იქ დავბრუნდეთ, სადაც გავჩერდით. და ვამბობთ, რომ თუკი კაცი [მონასტრის] გარეთ არ წავიდა იმის მსგავსად, რომელიც ეს-ესაა [მაგალითად] ვახსენეთ, არამედ უმეცრებაშია და ჰგონია, რომ თავისი თავით მოიპოვა მადლი, [ასეთი კაცი დაჟინებით ამტკიცებს, რომ ადამიანს შეუძლია, თუ მოინდომებს, გაისარჯოს და მიიღოს მადლი. თუმცა, ამასთან ერთად, შიშიც აქვს და ბუნებრივი გონივრულობით ამბობს: „როგორ განვიკითხო სხვები, თითქოს არავის აქვს [სულიერი] ცოდნა და მხოლოდ მე ვარ [ღმრთის მიერ] განათლებული?“. ამგვარად, თვითონაც ურტყამს, მასაც ხვდება და ასე ებრძვის გულისსიტყვებს. ამასობაში კი, ღმერთის მადლი ნელ-ნელა შორდება და უშვებს, რომ განსაცდელებში ჩავარდეს, რათა სიმდაბლე ისწავლოს. მაშინ ადამიანი, რადგან ვეღარ უძლებს გულისსიტყვების სისასტიკეს, თანაც ეშინია, რომ არ შეცდეს, გულმოდგინედ იწყებს მოძღვრის ძიებას, რათა ჭრილობა განიკურნოს. მაგრამ, თუმცა მამები ყველანი კარგები და წმიდანები არიან, ამის მიუხედავად, თითოეული თავის აზრს ამბობს და ამიტომაც კაცი ვერ იკურნება, მიზეზი კი ის არის, რომ ჯერ არ დამდგარა იმის დრო, რომ ღმერთმა ექიმი და წამლები გამოუჩინოს, ამიტომ გულსავსება (ჯერ) არ აქვს. [თავის მხრივ, ამის მიზეზი ის არის, რომ] მას სჭირდება თავისზე აღმატებული მოღვაწეობის სიტყვა9, რაც დაამდაბლებს და ამპარტავნებას მოუკვეთს. ხოლო რადგან ვერ პოულობს იმას, რასაც ეძებს, იმის გამო, რომ მოთმინება არ აქვს დაელოდოს უფლის ნებას, – კიდევ უფრო იბუქება და იბერება [ამპარტავნებით]. მაშინ კი ბუნებრივი უძლურება მიეშვება მასზე, მადლი მიდის, სხეული სნეულდება; კაცს აღარ ძალუძს ჩვეულებრივი [მონაზვნური] მოვალეობების შესრულება და ვეღარ უმკლავდება უდებებას, მოწყინებას, სხეულის სიმძიმეს, უზომო ძილს, კიდურების გაქვავებას, გონების დაბნელებას, უნუგეშო სევდას, ურწმუნოების გულისსიტყვების, ცდომილების შიშს; და რადგან ვეღარ იტანს ამ ყველაფერს, მირბის შველის სათხოვნელად.
მაგრამ, როგორც ხშირად გვითქვამს, ძნელია დღეს ისეთი წინამძღოლი იპოვო, რომელსაც [შესაბამისი] პრაქტიკული გამოცდილება აქვს. ამიტომაცაა, რომ ერთი ეუბნება: ჭამე კვერცხი, ყველი, რძე, ხორცი, რომ ჯანზე მოხვიდეო. ისიც უჯერებს, რადგან სხვანაირად არ შეუძლია მოიქცეს, რამეთუ მოთმინება დაეკარგა, მოშურნეობა და რწმენის მხურვალება გაუცივდა, სხვადასხვა განსხვავებული რჩევების გამო კი შეშლილივით გახდა. მეორე ეუბნება, დაღუპული ხარო; მესამე – შეცდომილიო, სხვებიც ასე წარწყმდნენო. ერთი სიტყვით, თითოეული სიყვარულით იმას ეუბნება, რამდენიც ესმის და რა [სულიერი] ცოდნაც აქვს. ისიც იწყებს ჭამა-სმას, თოხნა-ბარვას და ა.შ. ამგვარად ყოფილი ფხიზლად მყოფი და მოღვაწე ხდება ვაჭარი, მევენახე და მებაღე.
თანაც, მამების საზოგადო გზასაც არ სურს მისდიოს, არამედ, ან სრულიად განიმოსავს მონაზვნურ შესამოსელს და ცოლს მოიყვანს, ან, როგორც ვთქვით, გახდება სხეულის მონა და სხვა მოღვაწეების მტერი; თუ გაიგებს, რომ ვინმე მარხულობს, ღამეს ათევს, ტირის ან ლოცულობს, ბრაზდება, შფოთავს და ამბობს: „ეგ ყველაფერი ცდომილებაა, შეცდები, [ასე თუ გააგრძელებ]. ღმერთს დღეს ასეთი რამეები აღარ უნდა. მეც ვაკეთებდი მაგეებს და კინაღამ ჯაჭვებით შემკრეს“. თანაც, თვითონ ხომ სრულიად უგულებელყოფს თავის სულიერ მოვალეობებს10 და უგრძნობლად ცხოვრობს და ჯოჯოხეთის ზღურბლზე დგას ყოველწუთიერად ჩადენილი ცოდვების გამო, სხვებსაც ხელს უშლის ცხონებაში, რადგან სურს, რომ ყველა მისნაირი გახდეს – ის, ვინც ადრე მხურვალე მოღვაწე იყო, ახლა კი ეშმაკების მონა გამხდარა.
ეს, შვილო, სხვა ცდომილებაა, რომელიც მოღვაწეებს აცდუნებს. მისი წამალი არის გულისმიერი სიმდაბლე და ის, რომ დაბრუნდეს იქ, სადაც იყო და მოთმინებით მოელოდეს ღმერთის წყალობას. თუ მოვიდა საღმრთო დახმარება, კეთილი, ხოლო თუ არა, მაშინ მორჩილებაში იცხოვროს, დამდაბლდეს, მამების ზოგად გზას გაუყვეს. ჩვენ კი ისევ ჩვენსას დავუბრუნდეთ. და ვამბობთ, რომ მას, ვისზეც ახლა ვთქვით, ღვაწლი მოთმინებით რომ დაეთმინა, ღმერთის მამობრივი წყალობის მოლოდინითა და თავმდაბლობით, მაშინ, მას მერე, რაც ოდნავ გამოსცდიდა მამების დარიგებებს და იხილავდა, რომ ვერ იკურნება – რადგან ის წამლები, რომლებსაც აძლევენ, არაა მისი შესაფერისი, მაგრამ რაღაც სხვა სჭირდება, რაც აუცილებლად ვინმეს უნდა ჰქონდეს იწყებს თავის დამდაბლებას ცრემლებით და [ამ წამლის] ღმრთისგან და ადამიანებისგან თხოვნას.
ხოლო წმიდა ღმერთი უფრო მეტად უმალავს თავის მადლს და მასზე განსაცდელებს უშვებს, რათა სრულიად დაამდაბლოს და კარგად ასწავლოს, თუ როგორ უნდა ფიქრობდეს, რადგან ჯერ კიდევ აქვს ამპარტავნება. სწორედ აქ არის საჭირო უდიდესი ღვაწლი, სწორედ აქ გამოიცდება მოღვაწის არჩევანი და განწყობა, როგორც ოქრო ბრძმედში. იმის გამო, რომ ვნებებითაა სავსე, ყველაზე მეტად კი ამპარტავნებით, სწორედ ამიტომ უშვებს უფალი, რომ სულმოკლეობის, სევდის, უგუნებობის, მრისხანების, მკრეხელობისა და მტრის სხვა ყველა ბოროტების ხელში ჩავარდეს; და ყოველწუთს სულიერ უჰაერობას გრძნობს, ჯოჯოხეთის წყალს იხმევს, მის ვნებებს კი ეშმაკები დღედაღამ ამოქმედებენ. ხოლო უფალი შორს დგას და არ აძლიერებს ისე, როგორც დასაწყისში.
ნამდვილი მოღვაწე, მიუხედავად ყველა ამ ხიფათისა, თავის პოზიციას არ თმობს, არამედ დგას და თავს იცავს, ეშმაკებთან ბრძოლაში შემუსრული გემის ნაკუწებს აგროვებს, ზის და დასტირის თავის ჭრილობებს, ცდილობს ტრავმები მოიშუშოს და გულისფანცქალით ელის ან განსაცდელების დასრულებას, ან სრულ განადგურებას.
[მიუხედავად ამისა, ] აქვს პატარა იმედი და [თავის თავს] ეუბნება: „სჯობს ბრძოლაში მოვკვდე, ვიდრე ხელი ავიღო და [ჩემ გამო] ღმერთის გზა დასაცინი გახდეს რამდენი მოწმობა მაქვს იმისა, რომ ყველა წმიდანმა სწორედ ეს გზა გაიარა“.
ყველა სხვა მამაზე მეტად [ამაში] გვარწმუნებს და გვამხნევებს ამბა ისააკი [ასური], მდუმარების სიქადული და ასკეტთა ნუგეში.
ასეთი ნუგეშით ოდნავ განიქარვებს სევდას და იკრებს მოთმინებას, სხეულს კი მცირე გლახაკური საკვებით აძლიერებს, რათა ჭირისა და ხორციელი მოღვაწეობის ტვირთს გაუმკლავდეს და მოითმინოს, ხოლო გონების მთელ ძალებს ყურადღებისკენ მიმართავს, რათა ეშმაკებისა და ვნებების მიერ შეშფოთებულმა ღმერთის სახელი არ დაგმოს. ეს დიდი ბრძოლა საკმაო ხანი გრძელდება, თითოეულის მოთმინების მიხედვით, და რამდენიც სურს ღმერთს, მანამ, სანამ სრულიად არ განწმედს სხვადასხვა ვნებებისგან და სრულად არ შეამეცნებინებს და კარგად არ დაანახებს, თუ რას აკეთებს თავისით და რა მომდინარეობს ღმერთისგან.
ხოლო მას მერე, რაც საკმარისად გამოიცდება, მაშინ სწორად იწყებს ფიქრს და თავის თავს ეუბნება: „შე მდაბალო და უბადრუკო, სად არის ის, რასაც ამბობდი: თუ გინდა, შეგიძლია გაისარჯო და ღმერთის მადლი მიიღოო? სად არის ის, რასაც ამბობდი: სხვები არ ირჯებიან და ამიტომაც არ წარემატებიანო? ვაი შენ, რამეთუ, თუკი უფალმა არ ააშენა შენი სულის სახლი, ამაოდ ირჯები“11.
ამ და სხვა მრავალ რამეს ფიქრობს და განუწყვეტლივ ებრძვის ეშმაკებს. ერთს მოსცხებს და ათი ხვდება. ხოლო ის ერთი, რითაც ურტყამს, არის მოთმინება, რომელსაც ღმერთი სრულად არ ართმევს, არამედ ცოტას უტოვებს – ზუსტად იმდენს, რომ ძლივძლივობით ფეხზე იდგეს; საიდუმლოდ კი რაღაც ხმა ეუბნება: „ფრთხილად იყავი, შენი პოზიციიდან ფეხი არ მოიცვალო, რადგან სრულიად დაიღუპები და შენი სახსენებელიც კი აღიხოცება ცხოვრების წიგნიდან, და ერის ადამიანებზე უარესი გახდები“. ამიტომაც ითმენს.
ამასობაში მზაკვარი ეშმაკები ისე ებრძვიან, რომ [ყველაფერს უკეთებენ], მხოლოდ ბოლოს არ უღებენ. ძილში მათ მთელ რაზმებს ხედავს, რომლებიც მრავალნაირად სტანჯავენ, ხოლო მღვიძარე ვნებების ყოველგვარ შფოთს აწყდება.
ყოვლადსახიერმა ღმერთმა მოგვცეს ვაჟკაცობა და მოთმინება, რომ უსაფრთხოდ გადავლახოთ ეს სულიერი საშიშროება. ამინ.
შენიშვნები
- კხ. 2 კორ. 12,4. ↩
- შეად. 1 კორ. 15,10; ფილიპ. 4,13; კოლ. 1,29. ↩
- იხ. მათ. 25,15. ↩
- ის. მათ. 25,23. ↩
- იხ. იოან. 15,5. ↩
- იხ. ფსალმ. 126,1. ↩
- ამპარტავნული გულისსიტყვებით ავსებს. ↩
- ანუ მარტო ან სხვებთან ერთად. ↩
- ანუ შეიტყოს, ვინ და როგორ მოღვაწეობს მასზე აღმატებულად, უფრო მკაცრად. ↩
- ლოცვის, მარხვას, სენაკის კანონს, ღმრთისმსახურებას, მუხლდრეკას და ა.შ. ↩
- შეად. ფსალმ. 126,1. ↩