თავები 7–10 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

თავები 7–10 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

ეპისტოლე უცნობ მონაზონს · თავები 7–10

თავი მეშვიდე

იმის შესახებ, თუ როგორ ბრუნდება საღმრთო მადლი მას მერე,

რაც კარგად გამოგვწვრთნის

ისმინე, შვილო, როგორ განაგებს ბრძენი მესაჭე* (უფალი) განსაცდელთა დასრულებას და თავისი საღმრთო მადლის დაბრუნებას. როდესაც კაცი ბოლოს და ბოლოს კარგად გააცნობიერებს და დაინახავს ადამიანური ბუნების უძლურებას და სიმდაბლის სიღრმეში ჩაეშვება, მაშინ უფალი ამბობს: „კმარა სულიერი უჰაერობის ტანჯვა-წვალება, დავეხმაროთ მოწყლულს“.

მაგრამ არც მაშინ უგზავნის ანგელოზებს, რომ დამოძღვრონ, რამეთუ დაცემული კაცის ბუნება1 ამას ვერ იტევს; არც მადლს აძლევს თავიდან, როდესაც მარტოა, როგორც დასაწყისში, რათა კაცს არ ეგონოს, რომ მადლი საკუთარი მოთმინებისა და ღვაწლის წყალობით მიიღო.

ამიტომაც ბრძენი ღმერთი, რომელიც ყველაფერს ჩვენდა უმჯობესისთვის განაგებს, რომელსაც ზეცაში ავყავართ და ჯოჯოხეთში ჩავყავართ, რომელიც აცოცხლებს და აკვდინებს2, თავადვე მოაწევს განსაცდელებს ჩვენი განწმედისა და განკურნებისთვის, ხოლო როდესაც განსაცდელების დასრულების დრო ახლოვდება, ისევ ბრძნულად ასრულებს ჭირს.

წამოაყენებს ვინმე ამგვარადვე გამოწრთობილ და პრაქტიკული გამოცდილების მქონე მოძღვარს, რომელსაც სულის ცხონება ძალუძს — უფრო სწორად კი, თვით ღმერთი მკვიდრობს მასში და მეტყველებს მის მიერ – და შეახვედრებს [ჩვენს მოღვაწეს]. საუბრობენ და აი, საღმრთო მადლი უბრუნდება. სულიერი მამა ლაპარაკობს და ეს სიტყვები ელვის მსგავსად სწვდება მისი გულის სიღრმეებს და საღმრთო ნათელივით გაუნათებს სულს, ეშმაკები კი შორს გარბიან, რადგან ბერის წინაშე ყოფნა არ შეუძლიათ, რამეთუ იმ წუთებში წმიდა მოძღვარი მთლიანად საღმრთო ცეცხლია, ხოლო მისი სიტყვები სავსეა საღმრთო განათლებით, მისი რჩევები კი ფაქიზია, დიდი ცოდნითა და გონივრულობით, ღმერთის ხედვით აღსავსე, რამეთუ საღმრთო მადლი ახლავს.

როგორც კი [ბერის სიტყვები მსმენელის] გულში შედის, გონებას გაკვირვება და განცვიფრება ეუფლება, რამეთუ ზებუნებრივ რამეებს ასწავლის, რომელთაც შეუძლიათ, ეშმაკთა ბოროტების უდიდესი სიმძიმის ტვირთვაში შეეწიონ. მას მერე, რაც [ბერი] მას საკმაოდ აღმართავს და საკმაო დარიგებებს მისცემს, რომელთაც სულის ცხონება ძალუძთ, ერთმანეთს შორდებიან. და მთელმა ზამთრიანმა ღამემ თითქოს ერთ წუთში განვლო, სასწაულებრივად, ვერც კი გაიგო, როგორ გავიდა დრო.

განშორების შემდეგ ყოფილი ჩვილი საკუთარ სენაკს დაუბრუნდა, მაგრამ ახლა უკვე ეშმაკების [სივერაგის] გამოცდილებით გამოწრთობილი, და სიყვარულის უტკბილესი ცრემლების თხევით აღმოხდა: „თმენით და(ვ)უთმე უფალსა და მომხედნა მე“3; და „არა თუმცა უფალი შემეწია მე, კნინ ერთღა და-მცა-ემკუდრა* (ლამის დაემკვიდრა) ჯოჯოხეთს სული ჩემი“4; და მრავალი სხვა.

და როგორც კი თავის ქოხში მიღებული დარიგებების აღსრულება დაიწყო, იმ წუთასვე გათავისუფლდა იმისგან, რაც მანამდე სტანჯავდა. და მცირე ხნის შემდეგ, იმ წმიდა ბერის ლოცვებით (რომელიც სიზმარშიც ეცხადებოდა და ამხნევებდა) სრულიად განიკურნა, ქრისტესადმი სიყვარულით აღივსო, ვნებები დაუწყნარდა და გულისსიტყვების დამშვიდებას მიაღწია. ამასთან ერთად, რწმენის ძალაც მიეცა, იმ რწმენისა, რომელიც [ღმერთისა და სულიერი სამყაროს] ჭვრეტიდან** (ხედვიდან) მომდინარეობს, და არა, როგორც პირველად, კითხვისგან და საიდუმლო სასოებიდან, რაც წმიდა ნათლობისა და სწორი დოგმატების წყალობით გვენიჭება; რწმენა, რომელიც ჭვრეტიდან მომდინარეობს, რომელიც ხედავს და რომელსაც სწამს.

აგრეთვე, ჯაჭვის რგოლებივით გადაბმულად მიეცემა ღმერთის სხვა ყველა ნიჭი, მადლი და წყალობა, თანაც ისე, რომ არც უთხოვია. [მეტიც,] ლოცვაზე რომ დგება, ვერ ამბობს: ესა თუ ის მომეციო, რამეთუ უფალი იმაზე მეტს აძლევს, რაც შეეძლო ეთხოვა, ამიტომაც [მხოლოდ] იმას ლოცულობს, რომ ღმერთის ნება აღსრულდეს. ხოლო დროდადრო, ლოცვისას, იესოს სიყვარულის ტყვე ხდება ხოლმე და უფალს განუწევეტლივ მადლობს ამდენი საჩუქრისა და ქველისმოქმედებისთვის, გონებას კი განკვირვება და აღტაცება მოიცავს. ხოლო საღმრთო მადლის ჰაერი პირს უხშობს და სუფევს ქრისტე, და როდესაც ოდნავ ჩაივლის ჭვრეტა, კაცს თითქოს სხეული აღარ აქვს, და გაოცებული ღაღადებს: „ჰოი, სიღრმე ღმერთის სიმდიდრისა და სიბრძნისა და ცოდნისა! რამდენად გამოუკვლეველია შენი საიდუმლოები, უფალო5! ვის შეუძლია გამოიძიოს შენი მადლის აურაცხელი სიმდიდრე?! რომელ ენას ძალუძს შენი მიუწვდომელი საიდუმლოების გამოთქმა?! ჰოი, უფალო, თუ არ შეაკავებ შენი მადლის ტალღებს, კაცი შეიძლება ცვილივით დადნეს“. ამას ამბობს და თავი ქვეწარმავლებზე უარესადაც კი მიაჩნია და სურს – რომ შეეძლოს – ყველა ადამიანი გულში ჩაიკრას, რათა იხილონ და ცხონდნენ, თუნდაც თვითონ დააკლდეს ღმერთის მადლს. მაგრამ რადგან ისიც გამოსცადა, რომ შეუძლებელია კაცმა სხვები აცხოვნოს [თუ ეს სხვას თვითონ არ უნდა], ამიტომ მდუმარებაში ცხოვრებას სჯერდება და ყველასთვის ლოცულობს, რომ ღმერთმა ყველა აცხოვნოს.

ესაა, შვილო, მოკლედ ის, თუ როგორ მოქმედებს საღმრთო მადლი. და ვინც აქამდე* (ამ ზღვარს) მიაღწია, შეუძლია გვითხრას, სხვა რას ხედავს (თუ სხვა რამ წინაღობას არ შეეჩეხა), რამეთუ [ასეთი კაცი] საღმრთო სიყვარულს იხმევს და იმ ღვინოს სვამს, რომელსაც ყველა ის ღირსი მამა სვამდა, რომლებიც ამ გზას მიუყვებოდნენ და [ამის წყალობით ამქვეყნიური] ჭირი ავიწყდებოდათ. ამასთან ერთად, მადლი აღარ მიდის, როგორც დასაწყისში; თუ რამე [უხეში] ცვლილება არ მოხდა, რისგანაც ღმერთმა დაიფაროს!

შენც, ჩემო შვილო, თუ მორჩილება გექნება, ამ ყველაფერს სხვა რამის დახმარების გარეშეც იხილავ. მე კი სიტყვას აქ შევწყვეტ, რათა კიდევ ერთი ცდომილების შესახებ გითხრა. მხოლოდ იმას გეტყვი, რომ ყველა ის განსაცდელი იმიტომ გადახდა, ყველა ის ქარიშხალი და დაცემა იმიტომ შეემთხვა, ყველა იმ შიშსა და ამხელა სირთულეებს იმიტომ წააწყდა, რომ [სულიერი] წინამძღოლი არ ჰყავდა, რომელიც მას დაარიგებდა და იტვირთავდა. მაგრამ, რადგან ამგვარი, საქმით გამოცდილი მოძღვრების დეფიციტია, ათას კაცში ერთი თუ შეძლებს ამ სახიფათო გზის გავლას, რომელიც, როგორც ვთქვით, არის ღმერთის მოკლე გზა, კაცს მარადიულ ცხოვრებაში რომ მიუძღვის. სწორედ ამ დეფიციტის გამოა, რომ სხვადასხვა ცდომილებები არსებობს.

ღმერთის მადლი – მას მერე, რაც მხურვალე მოღვაწე მას დასაწყისში იგემებს – აუცილებლად უნდა წავიდეს, რათა [კარგად] გამოწვრთნას, საქმით გამოცდილ ქრისტეს მხედრად აქციოს. ამგვარი განსაცდელების გარეშე არავინ ასულა სრულყოფილებაში.

ხოლო ის ეტაპი, რომლის დროსაც, როგორც ვთქვით, მრავალი ადამიანი ჩავარდა ცდომილებაში, არის ის პერიოდი, როდესაც ღმერთის მადლი მიდის, რათა, როგორც აღვნიშნეთ, ომში გამოცდილ მხედრებად გვაქციოს და მუდამ ჩვილებად არ დავრჩეთ. უფალს სურს, რომ გავხდეთ ღირსეული კაცები და ვაჟკაცი მეომრები, რომლებსაც ჩვენივე სიმდიდრის დაცვა-შენარჩუნება შეგვეძლება. ამიტომაც უშვებს, რომ გამოვიცადოთ. წმიდა მამებიც რომ გვასწავლიან, უმაღლეს სათნოებაში, ანუ მორჩილებაში ვიყოთ და ამით ქრისტეს მივბაძოთ – მათი მთავარი მიზეზი ის არის, რომ მორჩილებით განგვწმიდონ სხვადასხვა ვნებებისგან, [არასწორი] აზროვნებისგან და საკუთარი ნება-სურვილის აყოლისგან – რათა საღმრთო მადლი მივიღოთ.

და კვლავ, როდესაც მადლი გვშორდება, რათა გამოგვწვრთნას, მოძღვარი – როგორც მეორე მადლი – გიტვირთავს და წინ მიგიძღვის იმ გამოცდილების სიტყვებით, რომელიც თვითონ საქმით შეიძინა, მოშურნეობას გიღვივებს მანამ, სანამ ღმერთის მადლითა და შენი მამის ლოცვებით გათავისუფლდები ბრძოლებისგან, საღმრთო მადლი მოგიცავს და ტკბილი იესო თავის ძვირფას საგანძურებს განდობს, როგორც სრულყოფილ კაცს.

ერთი სიტყვით, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ შედის კაცი მორჩილებაში. მაგრამ დღეს თითოეულს ჰგონია, რომ მოწაფე იმისთვის აჰყავს, რომ რამე ხელობა ასწავლოს და ფული იშოვოს, ან ვენახი თოხნოს, ან ვაჭარი გამოვიდეს და თავისი სახლის, ან თავისი სენაკის, ან თავისი მაღაზიის, ან სხვა რამის (რაც გააჩნია) მემკვიდრე გახადოს; ანდა, რომ მოემსახუროს.

ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი საჭიროების ჟამს არ უნდა ხდებოდეს, არამედ იმას, რომ ვინმე ბერის დამოწაფებისა და სრული მორჩილების მთავარი მიზანი არის შემდეგი: ერთი მხრივ, მოძღვარმა, ქრისტეს სიყვარულით აღგზნებულმა, თავისი სათნოებების სიმდიდრის ტალანტი გადასცეს მოწაფეს, ხოლო მოწაფეს სრული თავგანწირვა ჰქონდეს, ნება-სურვილი სრულად მოიკვეთოს და სრული მორჩილება გასწიოს, ამგვარად კი სულიერი მამისგან იმდენივე მადლი იგემოს; მაშინ უეჭველად ყველა საყოფაცხოვრებო საქმესაც, როგორც აუცილებელს, შეასრულებს.

მაგრამ იმის გამო, რომ მონაზონთა ეს სწორი დანიშნულება ჩაქრა – ათასობით მონაზონში თითო-ოროლა თუ გამოჩნდება ნაპერწკალივით, რომლებიც იმ დანარჩენი ათასობით მონაზვნის მიერ შეცდომილებად არიან შერაცხულები – ამიტომაც, რადგან არავინ ჰყავთ, რომ საკუთარი სულიერი განძი გაუზიარონ, მალავენ ამ საგანძურს და თავს ისე აჩვენებენ, თითქოს სულელები და [მართლაც] შეცდომილები ყოფილიყვნენ.

შესაბამისად, მოღვაწეებიც, როდესაც იმ ეტაპს აღწევენ, როცა მადლი აუცილებლად მიდის, იმის გამო, რომ კურნების შესაფერის წამალს ვერ პოულობენ, ეცემიან, ცდებიან და ასე უამრავი სული იკარგება, რომლებმაც დასაწყისში დიდი ღმრთისმიერი მოშურნეობა და კეთილგანწყობა გამოამჟღავნეს. ხოლო რომელთაც ეს [ჭეშმარიტება] არ იციან, ისინი ღმერთის გზას, რომელზეც წმიდათა მრავალტანჯულმა ფეხებმა იარეს, უმეცრებით ცდომილების გზას უწოდებენ. უმეცრებითვე [არა მარტო] სცოდავენ და შეურაცხყოფენ ღმერთის გზას, არამედ სხვებსაც არ აცლიან ამ გზას გაუყვნენ. ჩვენ კი, თუმცა ჩვენით არ ვლაპარაკობთ, როდესაც გვეკითხებიან, ამას ვპასუხობთ: „მე, ჩემო შვილო, უძლური კაცი ვარ და არ შემიძლია ამ გზას გავუყვე. შენ, რადგან გაქვს მოშურნეობა, შეეცადე მოძებნო შესაფერისი წინამძღოლი. თუ ასეთს იპოვი, გულმოდგინედ შეუდექი, ხოლო თუ ვერ იპოვი, მაშინ მამების ზოგად გზას გაუდექი, რომელზეც მრავალი თანამგზავრი და წინამძღოლი გეყოლება და ცდომილებისა არ შეგეშინდება“.

ესაა სუფთა და მიუკერძოებელი ჭეშმარიტება ღმერთისა და ვინც ასე ამბობს, მრავალგვარ საფრთხეს აღწევს თავს. ხოლო ის, ვინც, ჰკითხავენ თუ არა, გაიძახის, ეს გზა ცდომილების გზაა და მასზე მიმავალნი შეცდომილები არიანო, ასეთმა კაცმა უნდა იცოდეს, რომ [უკვე] მახეშია; იცოდეს ეს და ღმერთის წყალობა მანამ ითხოვოს, სანამ სიკვდილი წაგვასწრებს, ჯოჯოხეთში გამოგვამწყვდევენ და მაშინ უკვე ვეღარავინ გვიხსნის მარადიული სასჯელისგან, რასაც ჩვენი ენის უზრდელობით მოვიწევთ თავს. იმ დროს, როდესაც ნათელთა მამამ6 მთელი სასჯელი* (მსჯავრი) ძეს მისცა7, ჩვენ, უგნურები მსჯავრს ვისაკუთრებთ და მოყვასს დაუფიქრებლად განვიკითხავთ, თუმცა არ ვიცით მისი [სულიერი შინაგანი] საქმიანობა და არც მის შესახებ განგებულება ღმერთისა, რომლისაცაა დიდება და სიმტკიცე უკუნისამდე, ამინ.

თავი მერვე

[კიდევ] სხვა ცდომილების შესახებ

მოისმინე, შვილო, სხვა ცდომილების შესახებაც, რათა ფრთხილად იყო. მრავალი მონაზონი გაისარჯა ერთ რომელიმე სათნოებაში და მთელი ძალისხმევა მისი შეძენისკენ მიმართა. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მარხვა, რომ ზეთიანი საჭმელი არ ჭამეს, ან ცეცხლზე მომზადებული, ან სხვა. მათ საკუთარი თავისუფლება საკუთარივე გულისსიტყვით შებოჭეს, თითქოსდა ყველაფრის არსი მარხვაში მდგომარეობდეს. და რადგან თავად ახორციელებენ ამ სათნოებას, სხვებსაც იმავეს ურჩევენ: სწორედ ეს არის ერთადერთი გზა, ყველა სათნოების სავსება და სულიერი ცხონების უსაფრთხოებაო. იმედს იმაზე ამყარებენ, რომ ამდენი და ამდენი წელი არ უჭამიათ ზეთიანი ან ცეცხლზე მომზადებული საჭმელი, ან სხვა რამ [საკვები].

და ვამბობთ, რომ ასეთი კაცი მისთვის სასურველი მარხვის მონა გამხდარა და ჰგონია, რომ, ვინც იმავეს არ აკეთებს, ვერ ცხონდება, ან გზას არის ამცდარი. ასეთ ადამიანს ვეკითხებით: „ჰოი, ღმრთის კაცო, მითხარი: ამდენწლიანი მარხვით რა შეიძინე? მიჩვენე შენი მრავალწლიანი მარხვის ნაყოფი და დამაჯერებ. ჰოი, კაცო, შენ შენი ქალბატონი მარხვის გამო სხვებს ღმერთის წყალობის კარი დაუკეტე. მაშ, სადღა მოათავსე უფლის სახიერების უსასრულო წყალობა? განა ყველა ადამიანს შენნაირი სხეულებრივი აგებულება ან ამტანობა აქვს, რომ ითხოვ, ყველა შენნაირი გახდეს? სწორედ იმის გამო, რომ შენსას კარგად არ განაგებ, ამდენი წელია მარხვის დაზგას რკინის უროს ურტყამ, და ჭურჭელი კი არ ჩანს! ეს კი იმის გამო, რომ გარჩევის უნარი არ გაქვს“. ამგვარი კაცი იმით განიკურნება, რომ თავს დაანებებს თავის ე.წ. მარხვას და სულიერ მოძღვარს სთხოვს, ურჩიოს როგორ იღვაწოს.

სხვა კიდევ ღამისთევას, მღვიძარებას ეყრდნობა და მხოლოდ ამას ასწავლის. წლებს ითვლის, თუ რამდენი ხანია ძილს იკლებს. ხოლო მასზე, ვინც მისნაირად არ იქცევა, ამბობს, ბნელში დაიარებაო. ამანაც თავი დაანებოს ღამისთევას და სულიერი მოძღვრის დარიგებებს მისდიოს.

სხვას კიდევ ცრემლების იმედი აქვს და ისე ასწავლის, თითქოს [ცრემლები] ადამიანის გამოგონილი რამ იყოს – ვაი იმას, ვინც არ ტირისო! და ჰგონია, რომ რადგან მხოლოდ ტირის, სრულყოფილებასაც მიაღწია. ასეთის წამალი ის არის, რომ გააცნობიეროს, რომ ცრემლებს სიმდაბლე უნდა ახლდეს თან, და არ იფიქროს, რომ ღმერთის რამე საქმეს აღასრულებს, ხოლო უფალი მის წინაშე ვალდებულია. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ანუ კარგადაც რომ ტიროდეს, იცოდეს, რომ მხოლოდ ერთ სათნოებაზე მუშაობს და კიდევ ოთხმოცდაცხრამეტი [სათნოება] აკლია.

სხვას [იესოს] ლოცვის იმედი აქვს და სხვებსაც იმას ასწავლის: ასე თუ მოიქცევი, გონებას შეაკავებო, და მსგავსადვე, ჰგონია, რომ მისი ჭკუის აღმოჩენაა.

სხვას მდუმარებისა და დაყუდების იმედი აქვს – ფიქრობს, რომ მთელი სრულყოფილება ამაშია. ჰგონია, რომ, კაცს თუ მოუნდა, შეუძლია დაეყუდოს. მაგრამ რაღას ვაგრძელებ სიტყვას, როდესაც არსებობენ მონაზვნები, რომლებიც მხოლოდ იმის თვლაში არიან, თუ რამდენი წელია რაც სქემა შეიმოსეს, და ამით იქადიან?

ერთი სიტყვით, ყველა ამ სათნოების შესახებ ჩვენ ვამბობთ, რომ უეჭველად ის საშუალება-ინსტრუმენტებია, რომელთა გარეშეც სრულყოფილებას ვერ მივაღწევთ, და ვალდებულები ვართ სისხლის დათხევამდე ვიმუშაოთ მათზე, თანაც ყველაზე ერთად, [ხსენებულებზეც] და რომლებიც აქ არ გვიხსენებია. რამეთუ, [მაგალითად,] დაყუდება, მდუმარება არის ერთადერთი დამხმარე საშუალება, რომელიც შეგვეწევა ყველა სათნოების შეძენაში. მაგრამ ამას დავძენთ: არავის შეუძლია გაცნობიერებულად და გონივრულად იტვირთოს მისი სიმძიმე, თუკი უფალი, როგორც წყალობასა და საჩუქარს, არ გამოუგზავნის დაყუდების [განსაკუთრებულ] მადლს. შესაბამისად, დაყუდებულმა უნდა იცოდეს, რომ მდუმარება არის ნიჭი ღმრთისა, რომელსაც უნდა მადლობდეს. იმავეს ვიტყვით მლოცველზეც. მოციქული ამბობს, რომ არავის შეუძლია თქვას „უფალი იესუ“, თუ არა სული წმიდით8. მაშ, როგორღა ამბობ, სუფთად ვლოცულობ და შეუკავებულ გონებას გაუფანტავად ვაკავებო და ასწავლი, რომ, თუ კაცმა თავი აიძულა და გაისარჯა, შეუძლია გონება შეაკავოს და სუფთად ილოცოს? ჩვენ კი ვამბობთ, რომ ლოცვა არის ერთადერთი დამხმარე საშუალება, რომელიც შეგვეწევა გონების განწმენდაში, და მის გარეშე სულიერად ვერ ვიცხოვრებთ. მაგრამ, არავის შეუძლია შეაკავოს გონება და სუფთად ილოცოს, თუ საღმრთო და სულიერი ცოდნის მადლი არ მოვა, ან რამე კეთილი და საღმრთო გულისსიტყვა მოვა ზებუნებრივი, ან სხვა რამ მოქმედება საღმრთო მადლისა. შესაბამისად, უნდა იცოდეს, რომ მას კი არ უკავია გონება, არამედ საღმრთო მადლს, და რამდენი საღმრთო მადლიც აქვს, იმის მიხედვით ლოცულობს სუფთად. ასეთმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ არა თავისით [იღვწის], არამედ ღმერთით, და მადლობდეს მას, ხოლო სხვებს ასწავლოს, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, გარეგნული ფორმები და მოძრაობები, რითაც ღმერთს ჩვენს არჩევანსა და განწყობას ვუჩვენებთ სუფთა ლოცვასთან მიმართებით, მაგრამ მოვა თუ არა – ეს [უკვე] ღმერთის საქმეა.

მსგავსად, ვისაც ცრემლები აქვს, ვეუბნებით, რომ ცრემლები არის ეშმაკების წინააღმდეგ ერთადერთი იარაღი, ცოდვებისგან განმწმედელი საბანელი, თუ კაცი მათ სწორად იყენებს. მაგრამ თავისი მაინც არ არის, არამედ, კაცი ირჯება, რომ ტირილის მიმართ საკუთარი ნების არჩევანი გამოხატოს, ხოლო მოვა ცრემლები თუ არა, ეს დამოკიდებულია მასზე, ვინც „აღმოიყვანნის ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაით“9.

დაე, საქმით გამოსცადოს: მაშინ ტირის, როდესაც მოისურვებს, თუ – როდესაც ღმერთს სურს, და მადლობა შესწიროს მომნიჭებელ ღმერთს, ხოლო რომელთაც ცრემლები არ აქვთ, მათ ნუ განიკითხავს, რადგან ღმერთი ყველას ერთნაირად არ აძლევს.

ასევე, ვამბობთ, რომ ღამისთევა და მღვიძარება ხელს უწყობს გონების განწმედას, თუკი გაცნობიერებულად და გონივრულად აღესრულება. მაგრამ, თუ უფალი არ შეგვეწევა, ნაყოფი არ აქვს. ასე რომ, ვისაც მღვიძარება შეუძლია, ღმერთისმიერი ცოდნა უნდა ითხოვოს, გონივრულად უნდა იმართოს, რადგან საღმრთო დახმარების გარეშე უნაყოფო დარჩება.

იგივე ეხება მარხვას და სხვა ყველაფერს — ისინი, თუკი ადამიანი კარგად მოიხმარს, სათნოებები ხდება, რომლებსაც ძალისხმევით გამოვიმუშავებთ – ერთი მხრივ, ღმერთს ჩვენს განწყობასა და არჩევანს ვუჩვენებთ, მეორე მხრივ კი, ვეწინააღმდეგებით ვნებათა გულისთქმებს თუ ამ სათნოებებში არ გავირჯებით, მაშინ აუცილებლად ჩავიდენთ ცოდვებს. ესაა სუფთა ჭეშმარიტება, ჩვენი, ადამიანური. როგორც მიწათმოქმედი: კაცი მიწას ხნავს, თოხნის, აფხვიერებს, თესავს და ღმერთის წყალობას ელის, რადგან, თუ ღმერთმა შესაფერის დროს წვიმა და კეთილშეზავებული ჰაერი არ გამოგზავნა, შრომა წყალში ჩაეყრება, რამეთუ სარეველა მოედება და ვერაფერს იმკის, მხოლოდ – პირუტყვის საკვებს.

ჩვენც ასევე: თუკი უფალი თავისი საღმრთო მადლის განმწმედელ წყლებს არ მოგვივლენს, ნაყოფისგან შიშველნი* (უნაყოფონი) დავრჩებით, ჩვენი შრომა კი ეშმაკების საზრდო გახდება, რამეთუ ჩვენი ვნებები ახრჩობს მათ და ვერაფერს ვიმკით. ხოლო სათნოებები, როდესაც კაცი მათზე არასწორად მუშაობს, მანკიერებებად იქცევა.

ერთი სიტყვით, ყველაზე მეტად სულიერი გონივრულობა და გარჩევის უნარი გვჭირდება, რაც დაჟინებით უნდა ვითხოვოთ ღმერთისგან, რომლისაცაა დიდება და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

თავი მეცხრე

იმავე ცდომილების განსხვავების შესახებ

ისმინე, შვილო, [კიდევ] ერთი ცდომილების შესახებ. არსებობენ სხვა ყაიდის მონაზვნები, რომლებიც ყველა სათნოებას აღასრულებენ და თავიანთი საქმეების იმედი აქვთ. და როდესაც ლოცულობენ და ღმერთს რამეს სთხოვენ, სიმდაბლით კი არ სთხოვენ, არამედ თავხედურად და მოთხოვნით, თითქოს ღმერთი მათი მოვალე იყოს იმის გამო, რომ [ამდენ] შრომას ეწევიან. ხოლო როდესაც მათი ლოცვა არ შეისმინება და უფალი ნება-სურვილს არ უსრულებს, შფოთავენ და უზომოდ მწუხრდებიან, მტერი ეშმაკი კი, როდესაც მათ ასეთ უმეცრებაში გამოიჭერს, თავს ესხმის და დამახინჯებული გაულისსიტყვებით ამას ასწავლის: „ხედავ? შენ სიკვდილამდე ამდენს ირჯები, რომ მას (ღმერთს) ემსახურო, ის კი არც გისმენს! მაშ, რაღას ემსახურები?“. და აიძულებს, რომ ღმერთის სახელი დაგმოს და შემდეგ მასში შევიდეს ეშმაკი, დაეუფლოს და ჯაჭვებით დასაბმელი გახდეს.

ხოლო თუ ამასაც ვერ მიაღწია, მაშინ სხვა მხრივ მიუდგება – ნათლის ანგელოზად აჩვენებს თავს და ეუბნება: გაბრიელ მთავარანგელოზი (ან სხვა ანგელოზი) ვარ და ღმერთმა გამომგზავნა შენთან, რადგან შენი საქმეებით ღმერთს სათნო ეყავიო. ან შეიძლება ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახე მიიღოს, მანამდე კი სხვა ანგელოზის სახით მივიდეს და უთხრას: „რადგან ღმერთს განუსვენე შენი გარჯა-ოფლით, უფალი მოვიდა, რომ მოგინახულოს. გამოდი, თაყვანი ეცი მას, რათა მადლი მიიღო“. ანდა ეუბნება, წინასწარმეტყველ ილიასავით უნდა აგიყვანო ცაშიო. ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ამნაირი გზებით მრავალი [მონაზონი] შეაცდინა ძველ დროშიც და დღესაც [აცდენს]. ამგვარად ზოგი კლდეებზე დაანარცხა, ზოგი ჭაში ჩააგდო, ზოგი დაჩეხა და სრულიად წარწყმიდა. ეს კი იმიტომ შეემთხვათ, რომ თავიდანვე არ იცოდნენ გარჩევა, საკუთარ ნება-სურვილს მიჰყვებოდნენ და არავის უგონებდნენ.

ხოლო შენ, უფლისმიერო ჩემო საყვარელო შვილო, რადგან მორჩილი და გამგონე ხარ და ყველაფერს სუფთად აღიარებ, ნუ გეშინია; რადგან მოძღვარი გყავს, რომელიც წინ მიგიძღვის და დღედაღამ შენთვის ლოცულობს, ამიტომაც ღმერთი არ დაუშვებს, რომ შეცდე.

ხოლო თუ ოდესმე ანგელოზის მსგავსი რამ გამოგეცხადა, ნუ შეგეშინდება, არამედ თამამად უთხარი – თუნდ უფლის სახე ჰქონდეს, თუნდ წმიდანის, თუნდ ანგელოზის: „მე მყავს მოძღვარი, რომელიც წინ მიმიძღვის. ანგელოზების რჩევა-დარიგება არ მჭირდება! ჩემი უფალი და ანგელოზები და წმიდანები საიქიოში მინდა ვნახო, აქ არა“. და პირი სხვაგან მიიბრუნე. ნუ უყურებ. ხოლო ის, რადგან ვერ აიტანს შენს სითამამეს, გაქრება. ჭეშმარიტიც რომ იყოს ხილვა, უფალი არ გვიწყრება, არამედ იმწუთას შიში სიხარულად იქცევა და ისე ხდება, როგორც უფალს სურს. მაგრამ ჩვენ არასდროს უნდა ვთხოვოთ ღმერთს ან ვისურვოთ მსგავსი რამ, ანუ ანგელოზების თუ წმიდანების ნახვა, რადგან ცდომილებებია.

ჩვენ უნდა ვითხოვოთ ხოლმე, როგორც ხშირად მომიწერია, ცოდვათა მოტევების წყალობა, და სულის სისუფთავეზე ვიზრუნოთ, ხოლო ღმერთისმიერი რამეები თავისით მოდის, თხოვნა არ უნდა. ზეცაშიც რომ ავიდეთ [სულიერი] ხედვის* (ჭვრეტის) მეშვეობით, ჩვენი [მაინც] არაფერია; ამის შემდეგ მალევე რომ შევიცვალოთ – საკუთარი სურვილის გარეშე – და ისეთი დიდი სევდა და უსაშველო მწუხარებაც რომ გვეწიოს, რომ ჯოჯოხეთში გვეგონოს თავი, თანაც ისე, თითქოს აღარასდროს გაგვშორდება ეს მდგომარეობა, არამედ სიკვდილამდე გაგვტანჯავს, მაინც არ უნდა შევძრწუნდეთ და უშფოთველები დავრჩეთ. როგორც ცაში ასვლისას მხიარულები ვიყავით, ასევე, როდესაც მდგომარეობა შეგვეცვლება და სევდა მოგვეძალება, — მოთმინება იქონიე, ნუ შფოთავ და ნუ დრტვინავ, არამედ მშვიდად მიუგე ხოლმე [შენს] გულისსიტყვებს: „ჩემს მამას ორი ადგილი და სამკვიდრებელი აქვს – ერთი ცაში, სიხარულისა და ტკბობის, მეორე კი ჯოჯოხეთში, ჭირისა და მწუხარებისა; და როდესაც უნდა, სიხარულში ავყავარ, და როდესაც უნდა, დაბლა ჩავყავარ, რათა გავიგო, რომ სანამ ეს თიხის სხეული მმოსავს, ცვალებადობასაც უნდა ველოდე. ასე რომ, მე ჩემი არაფერი შემიძლია ვთქვა, არამედ მხოლოდ «იყოს ნება უფლისა ჩემისა ყველაფერში, ყველაში და ყოველთვის». სამუდამოდაც რომ დამტოვოს დაბლა, მაინც ამას ვიტევი: „ჩემო უტკბილესო მაცხოვარო და ღმერთო, მე არანაირი სიკეთე ან შენთვის სათნო არ გამიკეთებია, არამედ, როგორც ცოდვის გულმოდგინე მუშაკი, ჯოჯოხეთის ღირსი ვარ. ასე რომ, რომც წარვწყმდე, დამსახურებულად დავიღუპები. ჩემთვის საკმარისია, რომ შენ არ დამწუხრდე ჩემ გამო, არამედ მხიარული სახით შემომხედო — მაშინ ჩემთვის ჯოჯოხეთიც ნათელ სამოთხედ იქცევა!»“

როდესაც ასეთ რამეს ამბობ, მწუხარება მიდის და ისევ სიხარული გეუფლება. მაგრამ იმიტომ კი ნუ იტევი, რომ სიხარული მოვიდეს, არამედ – გულწრფელად, როგორც ჭეშმარიტება.

და სანამ – როგორც სხვა დროსაც გვითქვამს – ცოცხლები ვართ, ნუ გაუთამამდები შენს თავს, თუნდაც მეშვიდე ცამდე ახვიდე, თუნდაც ყოველგვარი საიდუმლოს ბუნება განიხილო. სანამ სხეულს ატარებ, შიში უნდა გვქონდეს და სიფრთხილე გვმართებს. როდესაც დატოვებ მკვდარ სხეულს, მხოლოდ მაშინ გაიხარე, რომ ცვლილება აღარ გემუქრება, არამედ რასაც უფალი მოგცემს, შენია და ვერავინ ვეღარ წაგართმევს, რომლისაც არის დიდება და სიმტკიცე უკუნისამდე. ამინ.

თავი მეათე

ეშმაკების ორმაგი ბრძოლის შესახებ;

და რომ მოღვაწეებს მეთოდურად და გათვლით ებრძვიან

ახლა, შვილო, ეშმაკების ორმაგი ბრძოლის შესახებაც ისწავლე. და ვამბობთ, რომ ეშმაკი [სულიერად] მოღვაწეებს მეთოდურად და გათვლით ებრძვის. და როდესაც ხედავს, რომ გულმოდგინე მონაზონი დიდი სიშმაგითა და მხურვალებით მირბის წინამძღოლის გარეშე, მზაკვარი ეშმაკიც ახლოს მიჰყვება, ფარულად უსაფრდება, თავის მახეებს მალავს და წინ უბიძგებს მოღვაწეს. ეს უკანასკნელიც, რადგან ვერ ხვდება, რომ მტერიც იქვეა, მირბის განუსჯელად, მარხულობს, მღვიძარებს, ლოცულობს. ეშმაკიც სრულიად აკარგვინებს საჭმლის მადას და კაცმა საუკეთესო საჭმელიც რომ იხილოს, გული არაფერზე მიუვა. აგრეთვე, ღამისთევასაც თავისუფლად აცლის, რათა მონაზონმა იფიქროს, რომ უკვე უვნებობას მიაღწია და შეუძლია საკვების გარეშე იცხოვროს.

და როდესაც ეშმაკი დაინახავს, რომ კიდეს მიუახლოვდა, მიუშვებს და ეცემა; რადგან [ღმერთის] ჭვრეტის მაღალი ფრთები არ აქვს, რომ ამაღლდეს და სხეული ასწიოს, დაბლა დაძვრება გველივით. რამეთუ სწორედ მაშინ, როდესაც ჰგონია, რომ მიწიდან ზეცად გადავიდა, უეცრად აღმოჩნდება – ისე, რომ ვერც ხვდება – ზღვის შუაგულში, თანაც იარაღის გარეშე. რამეთუ სხეული, რომელსაც იარაღი უპყრია და იბრძვის, გადაჭარბებული უჭმელობის გამო სრულიად გამოიფიტა და დაეცა.

მაშინ, სისხლისმსმელი ურჩხული იხარებს და მხიარულობს, მოულოდნელად თავს ესხმის იმ საწყალ მონაზონს და თავისთან მიათრევს, იგი და უამრავი სხვა ბოროტი სული; სრულიადაც ბოლოს მოუღებენ, თუ იმწუთას არ მოიძია გამოცდილი და საქმით გაწაფული წინამძღოლი. აქედან მრავალი მოღვაწე ჰყავს ჩაყრილი სხვადასხვა ცოდვისმიერ სამარცხვინო ვნებებში, რადგან ამ [ხორციელ] ვნებას ეშმაკები სხვა ვნებებზე მეტად აღაგზნებენ, მაშინაც კი, როდესაც სხეული სრულიად ძალაგამოცლილი და დაჩაჩანაკებულია.

თუ მოღვაწეს გამჭრიახი გონება აქვს, გონივრულად იღვწის და ფრთხილად არის, რომ წინ არ დაეცეს, მაშინ ეშმაკი აცლის. ხოლო როდესაც შეამჩნევს, რომ მხურვალება ნელდება და დიდი მოშურნეობა იკლებს და [პირველი] შემართება ოდნავ სუსტდება და უდებება ეძალება, მაშინ ეშმაკი უკან ეწევა, რათა გულგრილობაში ჩააგდოს, ყველაფერი დაატოვებინოს და ისევ ეშმაკების მონა გახადოს.

ამიტომაცაა ორმაგი ბრძოლა, ხოლო მონაზონი ვალდებულია ან წინამძღოლი ჰყავდეს თავის [სულიერ] საქმიანობაში და სრული მორჩილება გასწიოს, საკუთარი ნება-სურვილი კი სრულიად მოიკვეთოს, ან, თუ მარტო ცხოვრობს, უკიდურესობებს მოერიდოს და საშუალო გზაზე იაროს – არც მარჯვნივ გადაუხვიოს, არც მარცხნივ. და კარგად იცოდეს, რომ მხოლოდ მაშინ, როდესაც [ღმერთის] ჭვრეტის მაღალ ფრთებს შეიძენს, მისი [ანუ ჭვრეტის] საღმრთო მადლისდა მიხედვით, სხეულიც აკავებს სნეულებებს. ერთი მხრივ, სხეული, რადგან ხრწნადია, ხშირად იცვლება, სნეულდება და ეცემა, გონება კი, რადგან სხვა, ზეციერი და ზებუნებრივი ფრთები აქვს, მაღლა დაფრინავს და არ ადარდებს სხეულის სიმძიმე, არამედ ისიც უპყრია, რამდენად სნეულიც არ უნდა იყოს.

ამგვარად იყო, რომ მრავალი წმიდანი, რომელთაც მადლი ჰქონდათ, მრავალი წელი პურისა და საჭმლის გარეშე ცხოვრობდა, და მხოლოდ უხრწნელი ხორცისა და სისხლის წმიდა ზიარებას სჯერდებოდა.

მაგრამ ჩვენ, რადგან წმიდა მამები არ გვასწავლიან, რომ საერთოდ არ ვჭამოთ, ამიტომაც, რომც მივიღოთ ასეთი მადლი და ვიცოდეთ, რომ შეგვიძლია საკვების გარეშე არსებობა – თანაც, ნამდვილად და არა ჩვენი წარმოდგენით, – მაშინაც კი უნდა ვჭამდეთ ყველს და კვერცხს და რძეს (თუ გვაქვს, თევზსაც) – ყველაფრიდან, რასაც მონაზვნური მოწოდების კანონი ნებას გვრთავს, ცოტ-ცოტას, შემდეგი ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, რომ ამგვარად ამპარტავნების საფუძველს შევმუსრავთ და ღმერთის წინააღმდეგ ამხედრებულ ყოველგვარ აზროვნებას გავთელავთ; მეორე მხრივ კი, [გარეგნულად] ყველა დანარჩენს ვემსგავსებით, ოღონდ ისე, რომ არავინ იცის ჩვენი ღმრთისმიერი მოღვაწეობის შესახებ, და ამგვარად ადამიანურ დიდებასა და შექებას ვაღწევთ თავს. და რომ არ გვეგონოს, რომ ეს ცოტაოდენი საჭმელი, გონივრულად და შეგნებულად მიღებული, საღმრთო მადლს გვაკარგვინებს, და თითქოს, რომ გვემარხულა, მეტი მადლი გვექნებოდა. არა! რამეთუ ღმერთი ჩვენი მოღვაწეობის რაოდენობას კი არ უყურებს, არამედ მიზანსა და გონივრულობას გამოსცდის, რომლითაც ამ საქმეებს ვიქმთ, და შესაბამისად მოგვფენს თავის სახიერ, დიდ და მდიდარ წყალობას; რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა ყოვლადვე* (ყოველთვის), აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

შენიშვნები

  1. სიტყვასიტევით: „მერვე საუკუნის ბუნება“ (იხ. სქოლიო 1, გვ. 279). ↩
  2. შეად. 1 მეფ. 2,6. ↩
  3. ფსალმ. 39,2. ↩
  4. ფსალმ. 93,17. ↩
  5. შეად. რომ. 11,33. ↩
  6. იხ. იაკ. 1,17. ↩
  7. იხ. იოან. 5,22. ↩
  8. იხ. 1 კორ. 12.3. ↩
  9. ფსალმ. 134,7: „ამოჰყავს ღრუბლები ქვეყნის კიდეებიდან“. ↩
Share