ქრისტე

ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე – დაუთმეთ ღამე ლოცვას

ვერავინ აღწერს გულის იმ სისავსეს და სიხარულს, რასაც მლოცველი ადამიანი განიცდის. ამ დროს იმდენად მძლავრია ღმერთის განცდა, რომ შეუძლებელია აღწერო ეს მდგომარეობა. ასე რომ, თუ გსურთ ყველაზე დაუვიწყარი და საოცარი ღამე გაატაროთ, დაუთმეთ ის ლოცვას. სიტყვებით ვერ აღწერ ლოცვაში გატარებული ღამეებს, რომლებიც თითქოს დაუსრულებელია.

საღმრთო საიდუმლოებები ღამე ლოცვისას ცხადდება. ღამე ერთი საათი ლოცვა, დღის ხუთ საათ ლოცვას უდრის. ამიტომაც ღამე – დიდი სიმდიდრეა. თქვენ, ქრისტიანები, რომლებიც დადიხართ ტაძარში და ეკლესიის წევრები ხართ ვალდებულნი ხართ, რომ ღამის გარკვეული პერიოდი ლოცვას დაუთმოთ, რადგან სწორედ ამ დროს, ღამე, აქტიურდება კაცთა მოდგმის მტერი, რათა დაღუპოს ადამიანთა სულები.

მინდა გითხრათ ღამე ლოცვის სარგებლის შესახებ. მონასტრებში დღის განრიგი იმგვარია, რომ მონაზვნებს დასვენების საშუალება ეძლევათ, რათა ღამე ლოცვაში გაატარონ. თუ ადამიანი არ დაიშურებს ძალისხმევას, იშრომებს, რომ ღამის გარკვეული პერიოდი ლოცვას დაუთმოს, მაშინ წმ. ისააკ ასურის სიტყვებით: ”ღამე აღვლენილი ლოცვისგან საღმრთო ნათლის სხივი შეაღწევს ადამიანის სულში”. ღამის სიბნელე ადამიანის სულში საღმრთო ნათლად გარდაიქმნება.

არის მონასტრები, სადაც დღის განმავლობაში ერთი ან ორი საათი ძილს ეთმობა, რათა რაც შეიძლება მეტი დრო დაეთმოს ღამე ლოცვას. ვფიქრობ, რომ ერის ადამიანებსაც შეუძლიათ მიმართონ ამ გზას. ვიცნობ ადამიანებს, ოჯახებს, რომლებსაც გამოსდით ამ ყველაფრის რეალიზება. დღის განმავლობაში რამდენიმე საათს გამოყოფენ დასვენებისთვის და საღამოს, როგორც კი საქმეებს დაასრულებენ ლოცვას იწყებენ. ამგვარი ღვაწლი ძალიან სასარგებლოა და ყველას გირჩევთ რომ დაიწყოთ.

წყარო: http://pravoslavie.ru

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©