ამონარიდები წიგნიდან “ჩემი მოძღვარი იოსებ ისიქასტი და მღვიმელი”
ბერი დანიელ კატუნაკელი სმირნის ცნობილი სკოლის თეოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო. გაცილებით ადრე ამ სკოლაში სწავლობდა წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელიც. მამა დანიელის ღვთივსათნო ცხოვრება და გონიერი ლოცვის ნიჭი მალევე გახდა ცნობილი როგორც წმინდა მთაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. მას მეგობრული მიმოწერა ჰქონდა წმინდა ნექტარიოსთან, პენდაპოლელ მიტროპოლიტთან. ისიქასტი ბერი დანიელის ასეთმა გამოჩენილმა სახელმა მიიზიდა დამწყები გულანთებული ფრანცისკე (მომავალში ღირსი ბერი იოსებ ისიქასტი). მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მამა დანიელი უკვე 76 წლის იყო და მისი ცხოვრება დასასრულს უახლოვდებოდა, სიყვარულითა და სიბრძნით სავსე ბერი დანიელი ფრანცისკესთვის დიდი საყრდენი და ნათელი გზის მაჩვენებელი გახდა. ფრანცისკემ მამა დანიელის საძმოში დარჩენა გადაწყვიტა. ღვთისმსახურებებზე და წმინდანთა ხსენების დღეებში, როცა ასკეტურ კელიებში დღესასწაული იყო და როცა ფრანცისკეს ფსალმუნს აკითხებდნენ, მიუხედავად მისი მცირე განათლებისა, ძალიან კარგად და უშეცდომოდ კითხულობდა, კარგი მეტყველება ჰქონდა და დიდი ლმობიერების გამო, კითხვისას ტიროდა.
მამა დანიელი თავის პატარა საძმოში კეთილგონიერებითა და გულისხმიერებით გამოირჩეოდა, ინარჩუნებდა ზომიერებას სიმკაცრესა და ლმობიერებას შორს. ასეთი მიდგომა უფრო გამართლებულად და უსაფრთხოდ მიაჩნდა. ფრანცისკე კი დიდი მოღვაწე იყო. როცა ბერი დანიელის საძმოში სხვა მორჩილები საზრდელს იღებდნენ, ფრანცისკე თეფშს ჩასცქეროდა, ძმები კი ეუბნებოდნენ:
- ჭამე, ფრანცისკე, ძმაო, ჭამე!
- როგორც მაკურთხებთ, – პასუხობდა, მაგრამ არ ჭამდა და არც ეწინააღმდეგებოდა.
იესოს ლოცვას ამბობდა და საერთოდ არ ლაპარაკობდა. როცა მამებს ეძინათ, ის ფხიზლობდა და ბევრს შრომობდა, რადგან ასკეტური სულიერი განწყობა ჰქონდა. ახლადდამწყებიც კი მაგალითი იყო სხვებისთვის. მამა დანიელის სიბრძნეს უსაზღვროდ დიდ პატივს სცემდა, მაგრამ მისი სული ისიქიის სურვილით იყო ანთებული.
ბრძენმა ბერმა, დანიელმა, კარგად შეიცნო ფრანცისკე და მიხვდა, რომ ის ფენომენი იყო. სიყვარულით სავსე მამა დანიელი ჭეშმარიტად ზრუნავდა სხვათა სულიერი წინსვლისთვის და არ უნდოდა განუსჯელი მეთოდებით მოეკვეთა მისი მოშურნეობა, ამიტომ უთხრა: “შვილო, აქ სხვანაირი ცხოვრებაა. შენ უფრო ასკეტური ხარ და ვერ იქნები ჩვენს საძმოში. შეარჩიე მღვიმე და მე მოგიძებნი ვინმეს, ორნი რომ იყოთ. მარტომყოფობა არ იქნება კარგი, ძალიან საშიშია, ხიბლში ჩავარდები.” , “როგორც მაკურთხებთ, მამაო.” – უპასუხა ფრანცისკემ. როგორც შემდეგ ვნახავთ, ღმერთს, დიდი ხნის წინ, უკვე ნაზრუნი ჰქონდა ვინ იქნებოდა მისი თანამოსაგრე…
ამრიგად, მამა დანიელის დალოცვით, ფრანცისკე წავიდა თავის გამოქვაბულში, უმთავრესად, გონიერი ლოცვისთვის რომ ეშრომა… მას შემდეგ, რაც ფრანცისკემ საჩუქარი მიიღო გულითადი ლოცვის სახით, მალევე საღმრთო განგებულებამ, კიდევ ერთი, უზარმაზარი მნიშვნელობის საჩუქარი მიმადლა. აღსრულდა ღირსი ბერის, დანიელ კატუნაკელის, სიტყვები – ღმერთმა ფრანცისკეს, ჯერ კიდევ ერისკაცს, გამოუგზავნა ღვთივკურთხეული მამა არსენი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მისი განუყრელი თანამოსაგრე იყო. სულიერი ცხოვრების დასაწყისში ახალგაზრდა ფრანცისკეს მტკიცე სურვილი ჰქონდა, რომ ეპოვა სულიერი მამა, სარწმუნო სულიერი გამოცდილებით, რომელიც მას ასწავლიდა და წარუძღვებოდა გონიერი ლოცვის წმიდათა წმიდათაში და მის საიდუმლოებებში. ამიტომ, სულიერი წინამძღვრის მოსაძებნად მან მამა არსენისთან ერთად ყველა გამოქვაბული, კალივი (ასე ეწოდება სამყოფელს, რომელშიც დაყუდებული მეუდაბნოები ცხოვრობენ) და სკიტი (განმარტოებული მონასტერი უდაბნოში) შემოიარა.
დიდი ლავრის კუთვნილ მიწაზე, წმინდა პეტრე ათონელის ისტორიულ კათიზმაში (დაყუდების ადგილი), ახალგაზრდა ასკეტებმა აღმოაჩინეს ერთი მოძღვარი, ცნობილი მამა დანიელ ისიქასტი, რომელიც მაშინ დაახლოებით 70 წლის იყო. ეს ღირსი მამა, მთელი 35 წლის განმავლობაში, მორჩილებაში ცხოვრობდა და კათიზმის სულიერი მოძღვარი 1909 წლის პირველ აპრილს გახდა. სამწუხაროდ, ამ დიდი ათონელის შესახებ მცირედი თუ ვიცით, რადგან თავისი სიმდაბლის გამო შეუმჩნევლად ცხოვრობდა. მოგვიანებით, ბერი იოსები მის შესახებ წერდა: “ის იყო უკიდურეს მდუმარებაში მყოფი განდეგილი, რომელიც თავისი ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო დღეებამდე აღასრულებდა საღმრთო ლიტურგიას. სამოცი წლის განმავლობაში მას ერთხელაც არ უფიქრია ღვთისმსახურების მიტოვება. დიდმარხვაში კი ყოველდღე პირველშეწირულის ლიტურგიას ატარებდა. ჯანმრთელი მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში (გარდაიცვალა, სავარაუდოდ, 1929 წელს, დაახლოებით 75 წლის ასაკში). მისი წირვა ყოველთვის სამ-ნახევარი ან ოთხი საათი გრძელდებოდა, რადგან ლმობიერებისგან ასამაღლებლის თქმა არ შეეძლო. მიწა მის წინ მუდმივად ცრემლით იყო დალტობილი. ამიტომ არ უნდოდა, რომ ვინმე უცხო დასწრებოდა წირვას და მისი ღვაწლი ენახა, მაგრამ მე, რადგანაც მხურვალედ ვთხოვდი, ამის უფლებას მაძლევდა. ყოველთვის, როცა ღამით, ფეხით გასავლელი სამსაათიანი გზის შემდეგ, მასთან მივიდოდი, ამ ჭეშმარიტად შემაძრწუნებელ საღმრთო სანახაობაზე დასასწრებად, საკურთხევლიდან გამოსული, ერთი-ორ სიტყვას მეტყოდა და მაშინვე თვალს მიეფარებოდა. მას გონიერი ლოცვა ჰქონდა ცხოვრების ბოლომდე და მღვიძარებაში ატარებდა ღამეებს. მეც გადავიღე მისგან წესი და ამან უდიდესი სარგებლობა მომიტანა. ის დღეში 25 დრამ (75გრ.-მთრგ.) პურს იღებდა და ყოველ ლიტურგიაზე ზეცაში აღიტაცებოდა. წირვას ისე არ ამთავრებდა, რომ მიწა ტალახად არ ქცეულიყო. (მონ. გამ. გადმ. გვ.70-71). მზის ჩასვლიდან შუაღამემდე სკვნილით ხელში მღვიძარებდა, შუაღამის შემდეგ კი საღმრთო ლიტურგიას აღასრულებდა მორჩილებაში მყოფ თავის მოწაფესთან, მამა ანტონთან ერთად. ბევრს ის ხიბლში მყოფად მიაჩნდა მდუმარების, მარტომყოფობის და კიდევ იმის გამო, რომ არავის უშვებდა საღმრთო ლიტურგიაზე მსახურებისას, მაგრამ მან იცოდა, რასაც აკეთებდა. ამიტომ ბრალდებებს მდუმარედ და მოთმინებით იღებდა. ჭეშმარიტად, საღმრთო ლიტურგიის აღსრულებისას ის ბევრჯერ სულით ზეციურს განიცდიდა. ერთხელ, როდესაც უნდა ემსახურა და მგალობელ-მედავითნე არ ჰყავდა, დასახმარებლად მას ივირონის მონასტრის ქტიტორები, წმინდანები იოანე, ექვთიმე და გიორგი გამოეცხადნენ. ის ისეთ მადლს გრძნობდა, წირვის დამთავრების შემდეგ ერთი საათი მაინც უნდა გასულიყო, რომ წმინდა მღდელმსახურების მადლის ზემოქმედებისგან გონს მოსულიყო, და როგორც კი გონს მოვიდოდა, მაშინვე სენაკში მიდიოდა და იქაც საათობით აგრძელებდა ტირილს”. მისი დიდი ლმობიერება, ჩუმი გოდება, რომელიც ხშირად ხმამაღალ ტირილად იქცეოდა, ნამდვილი აღმზრდელი სანახაობა იყო და ძალიან განამტკიცებდა ახალგაზრდა ფრანცისკესა და მამა არსენის. ვინაიდან ხედავდა, რომ ფრანცისკე რჩეული ჭურჭელი იყო, საღვთო ლიტურგიის შემდეგ იღებდა ამ ორ ასკეტს მათი გულისსიტყვების მოსასმენად. აღსარებისთვის დრო რომ არ დაეკარგა, თვითონ “კითხულობდა” მათ გულისსიტყვებს და მადლით სავსე ერთი-ორი სიტყვით პასუხობდა. მის სულში მდიდრად დავანებული მადლის მოქმედებით დაწვრილებით და სიზუსტით იცოდა, თუ რა იყო დაფარული მათ გულებში, ამიტომ მამა დანიელი მაშინვე წვდებოდა პრობლემის არსს და საჭირო რჩევებს აძლევდა მათ. ერთ რჩევას ხშირად უმეორებდა: “წმინდა სინკლიტიკია აღიარებდა: ლამპარი ანათებს, მაგრამ წვავს კიდეც”. ამას მთელი გულით ამბობდა, რადგან ეშინოდა ამპარტავნებითა და მრავლისმეტყველებით არ დაეკარგა თავისი სულიერი მდგომარეობა. ამრიგად, ვინაიდან მამა დანიელი გულმოდგინებით გაურბოდა სხვისთვის სწავლებას, ახალგაზრდა ასკეტები სარგებელს საღვთო ლიტურგიის განცდით უფრო პოულობდნენ, ვიდრე მისი სულიერი წინამძღოლობით. მხოლოდ მისი, როგორც მწირველის ყურებით პოულობდნენ ნუგეშსა და განსვენებას.
ითარგმნა ახალი შუამთის, ხახულის ღვთისმშობლის მონასტერში
სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©