მორჩილება უსისხლო მოწამეობაა
არ გადამიჭარბებია, როდესაც ერთი მონასტრის იღუმენიასა და მის დებს ვუთხარი: ”გააგრძელეთ თქვენი გმირული შრომა, სიცოცხლის ბოლომდე გმირებად დარჩით!”. მოწამეობისა და მორჩილების ცნებები ერთმანეთთან ძალიან მჭირდოდ არიან დაკავშირებულნი, რაც ძალიან კარგად ასახა ელ გრეკომ თავის ერთ-ერთ ნახატში. ეს ყველაფერი ერთ ისტორიას უკავშირდება: ესპანეთის მეფე ფილიპე მეორემ მას უზარმაზარი ტილოს, ”წმინდა მავრიკის მოწამეობის” შექმნა შეუკვეთა. როდესაც მხატვარმა ამ ნახატზე მუშაობა დაასრულა, მეფეს არ მოეწონა, რადგან, ალბათ, ელოდა, რომ მხატვარი სურათზე წმინდანის უსასტიკესი წამების ამსახველ მონაკვეთებს გამოხატავდა. ამის ნაცვლად, ნახატის პირველ პლანზე წმინდა მავრიკი თავის ვაჟთან და თანამებრძოლებთან მოსაუბრედ გამოსახა და მხოლოდ ნახატის უკანა ფონზე, სადღაც შორს თუ შეამჩნევდით ქრისტესთვის სიკვდილის გზაზე მიმავალ წმინდა მავრიკის და მის სამოცდაათ მეომარს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ნახატზე არა წამების რეალისტურობის, არამედ იმ სულიერი მდგომარეობის გამოსახვაა მთავარი, რომლითაც ეს მეომრები სიკვდილზე წავიდნენ. რა მდგომარეობაა ეს? ეს არის ღვთის ნებაზე სრული მინდობა და მისი მორჩილება.
სულიერი მოწამეობა ღვთისგან შესაბამის საზღაურს იღებს
ნახატის პირველ პლანზე მათ სახეზე ღრმა სიმშვიდეს შეამჩნევთ, რითიც გამოხატულია ის, რომ მათ უკვე გააკეთეს არჩევანი და ზეციური სამეფო (რომელიც ნახატის ზედა მხარესაა გამოსახული) მზადაა მათ მისაღებად.
ხორციელი მოწამეობის შესახებ მრავალი ისტორიული წყაროდან ვიგებთ. მაგრამ აუცილებლად ხაზგასმით უნდა ითქვას ის, რომ სულიერი მოწამეობა არანაკლებ მნიშვნელოვანია და ის ღვთისგან შესაბამის საზღაურს იღებს. სწორედ ამიტომ არიან აბრაამი და ისააკი წმინდანები. აბრაამი დაემორჩილა თავისი შვილის მსხვერპლად შეწირვის ბრძანებას, ამავდროულად, ისააკმაც მორჩილებით მიიღო ეს ყველაფერი და ამგვარად, ორივენი მოწამეებად გვევლინებიან. ეს გარეგნულად არ აღსრულებულა, მაგრამ ორივემ შინაგანად განიცადა და გადაწყვიტა ყველაფერი. ამიტომაც, მოწამეა დედა, რომელიც თავისი შვილისთვის ცხოვრობს, ასევე იღუმენია, რომელიც თავის დებზე ზრუნავს და, რა თქმა უნდა, მოწამეები არიან ის მონაზვნები, რომლებიც ქრისტეს სიყვარულისთვის იკვეთენ თავიანთ სურვილებს. ამიტომაც, მორჩილება უსისხლო მოწამეობაა.
როდესაც ჩვენს ძმას, მოყვასს ვხედავთ, ჩვენ თავად ღმერთს ვხედავთ
ქრისტემ თქვა: ”უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით” (ინ. 14:15) და ასევე: ”რომელმან მიხილა მე, იხილა მომავლინებელი ჩემი” (ინ. 12:45). როდესაც ჩვენს ძმას, მოყვასს ვხედავთ, ჩვენ თავად ღმერთს ვხედავთ. ამაოა მხოლოდ სიტყვები: ”მე შენ მიყვარხარ” და ა.შ., მნიშვნელოვანია ის, თუ საქმით რას ვაკეთებთ. ვერ გადაგვარჩენს მხოლოდ სიყვარული, ვერც მხოლოდ რწმენა, არამედ – ამ ყველაფერთან შეერთებული სწორი ცხოვრების წესი. როგორც იაკობ მოციქული ამბობს – ეშმაკებსაც კი სწამთ და იციან, რომ არის ღმერთი, მაგრამ არ სურთ გადარჩენა. ღმერთი სიყვარულია, მაგრამ სიყვარული არ არის ღმერთი. ჭეშმარიტი სიყვარული ღვთის სიყვარულია, რომელიც თავის თავში მოიცავს მოყვასის, მეგობრის, სამშობლოს და ყველა სხვა სიყვარულსაც. სწორედ ეს გვაძლევს თავგანწირვის მზაობას.
ჰიტლერსაც უყვარდა ევა ბრაუნი, მუსოლინს – კლარა პეტაჩი, ხოლო ალ კაპონეს – თავისი განგსტერები. ერთი მათგანი ადამიანებისგან საპონს ამზადებდა, ხოლო ალ კაპონეს საყვარელი განგსტერები ქუჩებში ხალხს ხოცავდნენ.
მოდით, არ გამოვიყენოთ სიყვარული იმისთვის, რომ საკუთარი თავებისთვის რაღაც გავაკეთოთ. ხშირად ვეუბნებით მოყვასს: ”შენი სიყვარულისთვის ვაკეთებ ამას…”. ჩვენ ვიყენებთ სიყვარულს იმისთვის, რომ ჩვენს ოპონენტებს ყელში ვწვდეთ. ვეუბნებით: ”მე სიყვარული მამოძრავებს და ამიტომაც უნდა დამნებდე”.
რაც შეეხება ჭეშმარიტ სიყვარულს, ეს მხოლოდ სიმდაბლით აღმოცენდება. ვისაუბრეთ სიყვარულის იმ სახეებზე, რომლებსაც არ მოაქვთ სულიერი სარგებელი. ახლა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ მოვიპოვოთ ის. იმისათვის, რომ ღვთის სიყვარული მოვიხვეჭოთ, უნდა ვეცადოთ, ქრისტეს მივბაძოთ.
– რაში?
– საკუთარი თავის დამდაბლებაში.
თავად სამყაროს შემოქმედმა ღმერთმა დაამცრო საკუთარი თავი, ”ხატი მონისა მიიღო” და ”მსგავს კაცთა იქმნა”. სახარებაში ვკითხულობთ, რომ როდესაც ქრისტე პატარა იყო, ის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და იოსებს სრულად ემორჩილებოდა. სამყაროს შემოქმედი ღმერთი ემორჩილებოდა! ჩვენ კი ვერ ვემორჩილებით ჩვენს ეკლესიას და სულიერ მოძღვარს?… მხოლოდ მაშინ მოვიხვეჭთ სიყვარულს, როდესაც სინანულის გზით სიმდაბლეს ვისწავლით. წინააღმდეგ შემთხვევაში სრულიად ამაოა ჩვენი სიცოცხლე.
რაც შეეხება ჭეშმარიტ სიყვარულს, ეს მხოლოდ სიმდაბლით აღმოცენდება
მოდით, გვერდზე გადავდოთ სიყვარულზე საუბარი და მოუკლებლად ვილოცოთ: ”უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე”. ვიყოთ მდაბალნი და მორჩილნი ჩვენი სულიერი მოძღვრისა და ეს სიმდაბლე აუცილებლად ყველა სათნოებას მოგვიტანს. სათნოებები ხომ ეშმაკსაც გააჩნდა, როდესაც ის ჯერ კიდევ სინათლის ანგელოზი იყო. ის იყო უმაღლესი ანგელოზი, რომლის სიმაღლესაც ვერავინ სწვდებოდა. ჩვენ ვერასდროს ვიმარხულებთ მასზე უკეთ, მას საერთოდ არ სჭირდება საკვები; ვერ შევძლებთ მასზე მეტი ვიფხიზლოთ, რადგან საერთოდ არ სძინავს… მას ყველაფერი ჰქონდა გარდა სიმდაბლისა. თუკი სიმდაბლეს ვისწავლით, ჩვენ შევიძენთ იმას, რაც ბოროტს არ აქვს. ამიტომაც ვთქვი: მოდით, გვერდზე გადავდოთ ცრუ სიყვარული და მასზე საუბარი, რათა ქრისტეს ჭეშმარიტი სიყვარული მოვიპოვოთ.
ამავდროულად, არ უნდა ვიჩქაროთ. დღეს ყველა ჩქარობს და სადღაც გარბის. იმის გამო, რომ ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლეა, ყველანი ვჩარობთ, რომ რაც შეიძლება მეტი მოვასწროთ, მაგრამ ღმერთს თავისი დრო აქვს. ჩვენი ერთი საუკუნე მისთვის არაფერია. ხშირად ეშმაკი ჩაგვჩურჩულებს: იქ წადი; იმას დაეხმარე, ხომ ხედავ, რომ დახმარება სჭირდება; აი, რომელიღაც ოჯახი დანგრევის პირასაა..”. სწორედ სიყვარულს იყენებს ის, რომ ჩვენი ყურადღება რაღაც უფრო მეტად მნიშვნელოვანს მოსწყდეს. როდესაც ბოროტი ვერ გვიშლის ხელს, რომ რაღაც კარგი გავაკეთოთ, ის ცდილობს შეამციროს მაინც ეს კარგი, რასაც ვაკეთებთ. მისთვის ესეც გამარჯვებაა.
ვიყოთ მორჩილნი სიცოცხლის ბოლომდე, რადგან გადარჩება ის, ვისაც მოთმინება და მორჩილება აქვს. თავად ქრისტე იყო მორჩილი სიკვდილამდე. დაე, მივბაძოთ მას. არ არის რთული მოწყალების გაცემა, არც მარხვაა განსაკუთრებით რთული. მაგრამ, აი, საკუთარ ცოდვისმიერ სურვილებზე, სიამაყესა და ქედმაღლობაზე უარის თქმა თუ შეგვიძლია? სწორედ ასეთი მარხვაა ეშმაკისთვის უცხო და შეუძლებელი.
ბოლო დროს მამა ეფრემი ხშირად მეუბნებოდა: ვერ მივაგენი ხორციელ ღვაწლში სულიერ სარგებელს. არ ვამბობ, რომ არ დამხმარებია, მაგრამ არც ისეთი ნაყოფი გამოუღია, როგორსაც ველოდი და როგორიც მორჩილებისგან ნაშობ სიმდაბლეს მოაქვს.
ერთი წმინდა მამა ამბობს: ”გინდა მარხვა? – ეშმაკი დაგეხმარება. გინდა, რომ იფხიზლო და არ გეძინოს? – ამაშიც დაგეხმარება, მოწყალების გაცემა გინდა? – აუცილებლად დაგეხმარება”. რატომ? რადგან მან იცის, რომ ამით შეიძლება საკუთარი ღირსების შეგრძნება გაგიღვივდეს და კმაყოფილებით იფიქრო, რომ იმარხულე, ღამე უძილოდ გაატარე და მოწყალებაც გაეცი.. აი, გიჩვენებს შენს ერთ სათნოებას, მეორეს, მესამეს… ასე იზრდება შენი სიამაყე. ის ამ ყველაფერში დაგეხმარება და არ დაგტოვებს, მაგრამ არის საქმეები, რომლისკენაც ის არასდროს გიბიძგებს, ესენია: აღსარება (რადგან აღსარება შეუძლებელია სიმდაბლისა და მორჩილების გარეშე) და გონიერი ლოცვა: ”უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე”. მისთვის ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულია და სწორედ ამ იარაღებით უნდა ვგვემოთ ის. ამიტომაც გირჩევთ, რომ ხშირად თქვათ სიღრმისეული აღსარება.
როდესაც მამა ეფრემთან ვცხოვრობდით, კვირაში ოთხჯერ – სამშაბათს, ოთხშაბათს, შაბათს და კვირას ვეზიარებოდით. გულისთქმების გასამხელად აღსარებაზე ყოველდღიურად მივდიოდით. კვებაში განსაკუთრებულ შეზღუდვებს არ გვიწესებდა და გვაძლევდა უფლებას, რომ კარგად გვეკვება, რადგან ყველას ერთნაირი ფიზიკური გამძლეობა არ გვქონდა. თუკი ვინმე ვერ ახერხებდა მთელი ღამის განმავლობაში მღვიძარებას, აძლევდა უფლებას, რომ დაეძინა. მაგრამ სულიერ საკითხებში ის ერთი ნაბიჯითაც კი არ იხევდა უკან. თუკი ხორციელ ზრახვებს უბრძოლვლად მივიღებდით, გარკვეული დროით ზიარებას გვიკრძალავდა. რადგანაც ჩვენი აზრები და ზრახვები გაშიშვლებულია ღვთის წინაშე. სიძვა არა მხოლოდ ხორციელი ცოდვაა, არამედ სულიერიც.
სულიერ გამარჯვებებს საპირწონედ მძიმე განსაცდელებიც ახლავს. რაც უფრო მაღლა მიემართება ადამიანის სული, უფრო და უფრო მძიმე განსაცდელებიც ხვდება. მაგრამ მთავარი არც ეს სულიერი გამარჯვევებია, არამედ რწმენა იმისა, რომ ქრისტე ადამიანად მოსული ღმერთია და ის, თუ როგორ რეალიზდება ეს რწმენა ჩვენი ცხოვრების წესში.
ყველაფერი გონებისა და გულის განწმენდით უნდა დავიწყოთ
ჩვენი მხილველნი ხვდებიან კი რომ ქრისტიანები ვართ, თუ ახსნა სჭირდებათ? თუ მათ ახსნა სჭირდებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ცხოვრების წესით ვერ ვამოწმებთ ჩვენს რწმენას. ეს ყველაფერი გონებისა და გულის განწმენდით უნდა დავიწყოთ. თუ შინაგანი პრობლემებით აღსავსენი ვართ, მაშინ ჩვენს ირგვლივაც მუდამ პრობლემებს ვთესავთ. გაწონასწორებული, მშვიდი ადამიანის მდგომარეობა კი მის ოჯახის წევრებზე, ცოლზეც და შვილებზეც აისახება. ამიტომაც, თუ გვინდა, რომ სხვებს დავეხმაროთ, პირველ რიგში საკუთარი თავის გამოსწორებით უნდა დავიწყოთ.
რამდენიმე წლის წინ ჩემს კელიაში ერთი ინჟინერი დავპატიჟე, რომელიც კიდევ სხვა რამდენიმე ბერძენთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა სადღაც შუაგულ აფრიკაში და ვკითხე მას:
– ტაძარი გქონდათ იქ?
– არა, რომელ ტაძარზეა საუბარი, მღვდელიც კი არ იყო.
მხოლოდ ერთი მღვდელი ჩამოდიოდა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ და ხალხს ნათლავდა.
ეს ინჟინერი ყვებოდა, რომ სამშობლოში დაბრუნებამდე არც ისე მცირე ხნით ადრე, ასობით აფრიკელი მივიდა მათთან და განუცხადეს, რომ მართლმადიდებლობის მიღება სურდათ.
მეც ვკითხე: – და შემდეგ თქვენ როგორ მოიქეცით?
მან მიპასუხა: – როდესაც მღვდელი ჩამოვიდა, ყველანი მოვნათლეთ.
– როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
– თავდაპირველად ვესაუბრეთ მართლმადიდებლობის, კათოლიციზმისა და პროტესტანტიზმის შესახებ. ავუხსენით, თუ რით განვსხვავდებით მათგან.
– და რატომ გადაწყვიტეს, რომ მართლმადიდებლობა მიეღოთ?
– ამაზე ჩვენც ვკითხეთ და გვიპასუხეს, რომ ათი წელი გვაკვირდებოდნენ ჩვენ, მართლმადიდებლებს და მოუნდათ, რომ ჩვენნაირები ყოფილიყვნენ.
ნათელი ჩვენი გულებიდან უნდა ანათებდეს
აი, სწორედ ეს არის ჭეშმარიტი მდუმარე მისიონერობა. ისინი ხედავდნენ ბერძნებს, რომლებსაც იქ სრულფასოვანი ეკლესიური ცხოვრების საშუალებაც კი არ ჰქონდათ და მოუნდათ, რომ მათნაირები გამხდარიყვნენ.
ჩვენ რომ დაგვინახავენ, მოუნდებათ, რომ მოგვბაძონ? თუ გაიქცევიან? ნათელი ჩვენი გულებიდან უნდა ანათებდეს და ასეთ დროს არა სიტყვები, არამედ ჩვენი ცხოვრება ხდება ქადაგება.
განათლება აქ არ არის პირველხარისხოვანი. წმინდა პაისი ათონელმა, წმინდა პორფირი კავსოკალიველმა, მამა ეფრემ არიზონელმა მხოლოდ დაწყებითი სკოლა დაამთავრეს. ამიტომაც, არანაირი გამართლება არ გვაქვს. თუ მათ შეძლეს, ესე იგი, ჩვენც შევძლებთ.
თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ, აუცილებლად უნდა ვიფხიზლოთ
მთელი მათი ბრძოლა, რამაც ისინი სიწმინდემდე მიიყვანა, იყო შინაგანი. დედა მაკრინა (წმ. იოსებ ისიქასტის სულიერი შვილი) ყოველთვის ამბობდა: ”თქვენი გონება და გული ღვთის საყდრად და ზეცად უნდა იქცეს!”. იგივეს ამბობს მამა ეფრემიც: ”სწორედ ჩვენს გონებაზეა დამოკიდებული გადავრჩებით, თუ დავიღუპებით”. თუ გონება და გული ქრისტესკენ ისწრაფვიან და მისით არიან აღსავსენი, მაშინ გარდაცვალების შემდეგაც მასთან ვიქნებით. ამიტომაც, თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ, აუცილებლად უნდა ვიფხიზლოთ ჩვენი ზრახვების წინააღმდეგ და ყურადღებით ვიყოთ. ზოგი რამ შეიძლება გვეჩვენებოდეს, რომ კარგია, მაგრამ სინამდვილეში ბოროტისგან იყოს. რა თქმა უნდა, ბოროტი არ მოდის რქებით და აგრესიულად, რომ ეგრევე ვიცნოთ, არამედ როგორც კარგი, სათნო აზრი, რომელიც ნელ-ნელა შენი მოძღვრის და ეკლესიის მორჩილების გზიდან გადაგიყვანს. ყველა ერეტიკოსი, ვისაც ეკლესიაში განხეთქილება შემოჰქონდა, საკმაოდ მიმზიდველი და საყვარელი ადამიანები ჩანდნენ. ისინი თითქოს კარგები იყვნენ, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ იყო, რადგან მათ არ ჰქონდათ უმთავრესი – სიმდაბლე. ჯობია, რომ ცდებოდე და ეკლესიის წიაღში რჩებოდე, ვიდრე მართალი იყო ეკლესიის გარეთ. ჯობია შეცდე მორჩილებაში, ვიდრე მორჩილების მიღმა რაღაც სწორად აღასრულო. როდესაც მორჩილებაში ხარ, უფალი გიცავს ყოველგვარი დემონური თავდასხმისგან. მას ხომ (ეშმაკს) ათასწლეულების გამოცდილება აქვს და ჩვენ ჩვენი მცირე გამოცდილებით არ შეგვიძლია განვასხვავოთ რა არის ღვთისგან და რა – ეშმაკისგან. მაგრამ თუკი დავმდაბლდებით, უფალი აუცილებლად დაგვიცავს.
როდესაც მორჩილებაში ხარ, უფალი გიცავს ყოველგვარი დემონური თავდასხმისგან
ეს ძალიან ელემენტარული და ამავდროულად უმნიშვნელოვანესი საკითხებია, რომელიც არა თეორიულად, არამედ ცხოვრებისეული პრაქტიკით შეიცნობა. შეიძლება ბევრი რამ ვისწავლოთ, მაგრამ ვერასდროს გვეცოდინება იმდენი, რამდენიც ეშმაკმა იცის. აი, ის ადამიანები კი, რომლებსაც მხოლოდ სამი კლასის განათლება ჰქონდათ, წმინდანები ხდებიან. წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი ძალიან კარგად ამბობს: ” ერთ ადამიანს მილიონი სურვილი აქვს, ხოლო მილიონობით ანგელოზს მხოლოდ ერთი – თუ როგორ სათნოეყონ ღმერთს”.
წყარო: http://pravoslavie.ru