დღეს ჩვენ დიდი მოციქულის, წმინდა იოანე ღმრთისმეტყველის ხსენებას აღვნიშნავთ. მას წმინდა წერილში ხშირად უწოდებენ მოწაფეს ,,რომელი უყვარდა იესუს’’. ხაზგასმით იმიტომ ეწოდება ასე, რომ მას უდიდესი გულმხურვალებით უყვარდა ქრისტე და მის წინაშე განსაკუთრებული კადნიერება ჰქონდა. ეს სიყვარულის თვისებაა. სიყვარული კადნიერებას გვანიჭებს მის მიმართ, ვინც გვიყვარს. როგორც მოციქული ამბობს: “შიში არა არს სიყუარულსა თანა, არამედ სრულმან სიყუარულმან გარე განდევნის შიში, რამეთუ შიშსა ტანჯვაჲ აქუს, ხოლო მოშიში იგი არა სრულ არს სიყუარულსა ზედა”(1.ინ. 4:18).
თუკი ჯერ კიდევ ხორცში მყოფი თავისი სიყვარულით ადამიანებს აშკარა დაღუპვისგან გამოიხსნიდა და ქრისტესთან მიჰყავდა, მაშინ რამდენად უფრო მეტი კადნიერება და მაცხოვნებელი ძალა ექნება მოციქულის სიყვარულს მისი გარდაცვალების შემდეგ. თუკი მოყვასისთვის აღვლენილი ქრისტიანის ერთ ლოცვასაც დიდი ძალა აქვს “უკუეთუ ვინმე იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელი ცოდვიდეს ცოდვასა არა სასიკუდინესა, ითხოვოს და მოსცეს მას ცხორებაჲ”(1.ინ. 5:16), მაშინ რამდენად უფრო აღმატებული ძალა აქვს თავად ქრისტესგან შეყვარებული მოციქულის ლოცვას? ტყუილად არ შთაგვაგონებს ეკლესია, რომ ამ სიტყვებით მოვუხმოთ მას: “მოციქულო ქრისტეს ღმრთისაო საყუარელო, მსწრაფლ გუეწიე და გვიხსენ შეცოდებული ერი, რამეთუ გაქვს შენ კადნიერება მისსა მიმართ, რომლისა მკერდსა მიეყრდენ, რომელსაცა ევედრე, ღმრთისმეტყველო, რაითა ნისლი ცოდვათა ჩუენთა განაქარვოს და მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაი”. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ცოდვით აღსავსე ვართ და საერთოდ არ ვგავართ მას, კადნიერებით მივეახლოთ წმინდა მოციქულს და მასთან ურთიერთობაში შევიდეთ.
რას გვასწავლის ქრისტეს წინაშე ამგვარი კადნიერების მომხვეჭელი წმინდა მოციქული თავისი სიტყვებითა და ცხოვრების წესით? იმას, თუ როგორ ვიპოვოთ ღმერთი, როგორ შევიდეთ მასთან ნეტარ ურთიერთობაში და ამ ურთიერთობით როგორ მოვიხვეჭოთ ყველაფერი ის, რასაც ქრისტესგან განშორებული ჩვენი სული ამაოდ ეძებდა და ვერ პოულობდა. როგორც კი დედამიწაზე ქრისტეს მქადაგებელი და წინამორბედი წინასწარმეტყველი გამოჩნდა, წმინდა იოანე მყისვე გაჰყვა მას და მისი მოწაფე გახდა, რათა ამ სამყაროში მომავალი ქრისტე ღმერთის შესახებ რაც შეიძლება მეტი გაეგო. როგორც კი წმინდა წინამორბედმა ქრისტეზე მიუთითა, იოანე მყისვე შეუდგა მას და მთელი სიცოცხლის განმავლობაში მას მიჰყვებოდა.
რა დაეხმარა წმინდა იოანეს იმაში, რომ ასე მალე ეპოვა ღმერთი და მთელი სიცოცხლე უკანდაუხევლად მას გაჰყოლოდა? მას ღმრთის სიყვარული და გულის სიწმინდე დაეხმარა. ღმრთისადმი სიყვარული თითოეული ადამიანის ბუნებაში დევს. ისევე როგორც მცენარე მზისკენ ისწრაფვის, ასევე ადამიანის სულის თვისებაცაა, რომ სულიერი მზისკენ, ღმერთისკენ ისწრაფოს, რომლისგანაც არამხოლოდ არსებობა, არამედ ხატებაც მიიღო. მსგავსი მსგავსისკენ ისწრაფვის.
ადამიანის სულს, ისე რომ თვითონაც არ იცის, საღმრთო სიყვარული სწყურია. დააკვირდით წყლის აორთქლებას და წყლის წვეთებს – თუ როგორ ისწრაფვიან, რომ ღრუბელს, ან წყაროებს, ან ტბებს შეუერთდენენ სანამ ერთ დიდ ოკეანეში არ აღმოჩნდებიან. განა ასე არ ისწრაფვის ადამიანის სული საღმრთო სიყვარულის ოკეანესთან შეერთებისკენ? როგორც წყლის წვეთები იმდენად სწრაფად შეუერთდებიან წყაროებს და ოკეანეში ჩაიღვრებიან, რამდენად ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდებათ გზაზე, რამდენად დაქანებულიცაა გზა, ზუსტად იმდენადვე სწრაფად შეუერთდება ადამიანის სული საღმრთო ყოფიერებისა და სიყვარულის ოკეანეს, რამდენადაც ქრისტესკენ სავალ გზაზე ნაკლები ვნება შეხვდება. წმინდა იოანე მოციქულს ცოცხალი ღმერთისკენ იმდენად ძლიერი სწრაფვა, ქრისტესთან ურთიერთობის იმდენად დიდი წყურვილი ჰქონდა, იმდენად აღივსო ქრისტეს სიყვარულით, იმდენად თავისუფალი იყო მისი გული იმ ვნებებისგან, რომელიც ქრისტეს მიღებაში ხელს შეუშლიდა, მისი გული იმდენად წმინდა იყო, რომ მან პირველმა აღასრულა ის, რასაც თავადვე ასწავლიდა წმინდა ეკლესიის შვილებს: “ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა. რამეთუ ყოველივე სოფელსა შინა ესე არს გულის თქუმაჲ ჴორცთაჲ და გულის თქუმაჲ თუალთაჲ და სილაღე ამის ცხორებისაჲ. და ესე არა არს მამისაგან, არამედ სოფლისაგანი არს”(1.ინ.2:15-16).
მხოლოდ წმინდა გულს ძალუძს ღმერთის შეცნობა და მისი პოვნა. როგორც თავად უფალი ამბობდა: “ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ”. წმინდა გული ცოცხალ ღმერთს ისე ირეკლავს, როგორც სუფთა სარკე. დაცემულ ადამიანში კი ეს სარკე დასვრილი და დაბზარულია. სწორედ ამიტომ, ვისი გულიც არ არის წმინდა და ცოდვისმიერი ვნებებითაა შესვარული, საერთოდ ვერ ხედავს ღმერთს. ასეთი სულები ღმერთს ხშირად მეცნიერებით შეიარაღებულნი ეძებენ, მაგრამ ვერ პოულობენ და მათზე სრულდება მეფსალმუნის სიტყვები: “თქვა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი!” ვნებები ადამიანის გულის თვალებს ბინდავენ და ღმერთის შეცნობაში ხელს უშლიან. ეს ხომ ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ასე ხდება. ხშირად სიზარმაცე ან სიამოვნებებისკენ მიდრეკილება, ან სხვა ვნებები მიწიერი სიბრძნის მიღებაში ხელს უშლიან ადამიანს. რამდენ მეცნიერს დაუკარგავს სამეცნიერო კვლევებისადმი ლტოლვა რომელიმე ვნების ტყვეობაში აღმოჩენის გამო! განა უფრო მეტად არ ითქმის ეს ღმერთის შეცნობასთან დაკავშირებით? მხოლოდ წმინდა გულს ძალუძს ღმერთის შეცნობა.
ვნებების ტყვეობაში მყოფ ადამიანებს არც კი სურთ, რომ ღმერთს იცნობდნენ და იმასაც კი კითხულობენ, საერთოდ რისთვის არის ეს საჭიროო. მათ გამოგონილი მითების შესწავლა ურჩევნიათ და ქრისტეს სახარებას, მოციქულთა და წინასწარმეტყველთა სიტყვას საერთოდ ზედმეტადაც თვლიან. არ აინტერესებთ ქრისტეს ეკლესიის ისტორია და არც ის, თუ როგორი იქნება მისი ხვედრი. ისინი იმ მეზღვაურებს ჰგვანან, რომლებიც ხედავენ, რომ გემში წყალი ჟონავს, მაგრამ ყურადღებასაც არ აქცევენ, რადგან საკუთარ ფეხქვეშ ჯერ კიდევ ვერ ხედავენ წყალს. ისინი იღებენ ხის ნაყოფს, მაგრამ არ აინტერესებთ, თუ სად და როგორ იზრდება ის.
წმინდა გულის მქონე ადამიანი კი ღმერთს იცნობს და სწავლულ ღმრთისმეტყველზე მეტად იცის მის შესახებ. ადამიანის ბუნებაში ღმერთის შესახებ ცოდნა ინსტინქტის მსგავსადაა ჩადებული. დააკვირდით ცხოველებსა და მწერებს, რომლებსაც არავისგან უსწავლიათ, მაგრამ როგორ სიბრძნესა და ცოდნას ავლენენ. მაგალითად დააკვირდით ფუტკარს, თუ როგორ აგებს სკას და თაფლს გამოიმუშავებს. ასევე წმინდა გული თავის თავში ღმერთის შესახებ ცოდნას ატარებს. საჭიროა სინდისის ხმის მიყოლა და არა ცოდვისმიერი ვნებებისა და ღმერთის შემეცნებას მოიხვეჭს ადამიანი. სწორედ ამიტომ თქვა უფალმა: “მას ჟამსა შინა იტყოდა იესუ და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჳლთა”(მთ.11:25).
სიყვარული კი თავის მხრივ, ცოდნის გამრავლებაში გვეხმარება. როგორ? ის საყვარელი ადამიანისადმი იმდენად ყურადღებიანს გვხდის, რომ მისი ცხოვრების ყველა უწვრილმანესი დეტალის შემჩნევაში გვეხმარება და მის სულთან გვანათესავებს. ქრისტეს სიყვარულიც ხომ უფრო მეტად გვეხმარება იმაში, რომ უფრო კარგად გავიცნოთ ის? ეს სიყვარული მასთან გვანათესავებს, გვამსგავსებს და შემდეგ უკვე მსგავსი მსგავსს მარტივად შეიცნობს. სწორედ ამიტომაც, წმინდა გულის მქონე და სიყვარულით აღსავსე მოციქული ღმრთისმეტყველად იქცა. მისი სწავლება სიტყვა ღმერთის შესახებ გახდა დასაბამი იმ ღმრთიმეტყველებისა, რომელიც საეკლესიო კრებებზე ეკლესიის უაღრესად განსწავლული მამების მიერ უფრო მეტად გაიშალა.
ვეცადოთ ჩვენც, რომ გული განვიწმინდოთ, რომელიც ვნებებისგან დაზიანებული ღმრთისაგან განშორებას ცდილობს და ქრისტე შევიყვაროთ. სიყვარული ადამიანს გონიერსა და ისეთი ცოდნით აღსავსეს ხდის, რომელიც გაცილებით უფრო ღრმაა, ვიდრე მეცნიერული თუ ფილოსოფიური ცოდნა. ქრისტეს სიყვარული სულს ტკბილი ნეტარებით აღავსებს. ისეთი ნეტარებით, რომელსაც ამ სამყაროში სხვაგან ვერსად ვიპოვით, რადგან ის მხოლოდ ქრისტეს სიყვარულის უსასრულო ოკეანედან მოიხვეჭება. ამინ.
წყარო: https://pravoslavie.ru
მთავარი ფოტო: ჯვარცმის ხატი მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)