სიწმინდე ქრისტესთვის სასურველი ტაძარია და გულისთვის ცაა დედამიწაზე.
სიწმინდე ყველა სათნოების საერთო სახელია.
წმინდა არის ის, ვისაც სრული სიფხიზლე მოუპოვებია და ვისშიც ვნების არანაირი კვალი არ არის.
ვისაც სიწმინდე მოუპოვებია, არავის ეგონოს, რომ ის საკუთარი ძალით მოიპოვა. შეუძლებელია საკუთარი ბუნების დამარცხება!
სადაც ბუნება დამარცხდა, უეჭველია, რომ იქ ბუნებაზე აღმატებული დაემკვიდრა. უდავოდ, უმდაბლესს უმაღლესი სძლევს.
მელა თავს მოიმძინარებს ხოლმე, ხოლო სიძვის ეშმაკი ბრძოლას აყოვნებს. პირველი ჩიტის შესაპყრობად იქცევა ასე, ხოლო მეორე – ადამიანთა სულების მონადირებისა და წარწყმედის მიზნით.
ძმაო, არ დაიჯერო ხორცთა ბრძოლის შეწყვეტა და მთელი სიცოცხლე არ ენდო მათ, სანამ ქრისტესთან არ წარგადგენენ.
ნუ გექნება მარხვის იმედი, რომ დაცემისგან დაგიცავს. ვინც არაფერს ჭამდა, ზეციდან გადმოვარდა. განა შენ უჭმელობა გიშველის?!
ვისაც ხორცთან შებრძოლება და გამარჯვება საკუთარი ძალით სურს, ამაოდ დაშვრება. თუ უფალი არ დაარღვევს ხორციელ სახლს და არ ააშენებს სულიერს, ამაოდ იფხიზლებს და იმარხულებს ამ სახლის დარღვევის მოსურნე.
უჩვენე უფალს სნეულება შენი ბუნებისა, ყოველთვის გახსოვდეს შენი უძლურება და ღვთისგან სიწმინდის მადლს უხილავად მიიღებ.
გევედრებით, მითხარით, ვინ უფრო დიდია: იგი, ვინც მოკვდა და აღსდგა, თუ იგი, ვინც არასდროს მომკვდარა? ვინც მეორეს შენატრის, თავს იტყუებს, რადგან ქრისტე მოკვდა და აღსდგა. ხოლო ვინც პირველს – მკვდრეთით აღდგომილს – შენატრის, ყოველ დაცემულსა და მკვდარს მოუწოდებს, სასოება არ წარიკვეთონ.
კაცთმოძულე მტერი – სიძვის ეშმაკი – ღმერთს კაცთმოყვარეს უწოდებს და ჩაგვაგონებს, რომ ეს ვნება ბუნებრივია და ღმერთი მალე შეგვინდობს. მაგრამ დავუკვირდეთ ეშმაკთა მზაკვრობას: დაცემის შემდეგ ისინი ღმერთს მართლმსაჯულსა და უმოწყალოს უწოდებენ. დაცემამდე ცდილობენ, ცოდვისკენ მიგვიზიდონ, ხოლო დაცემის შემდეგ – სასოწარკვეთილებაში ჩაგვაგდონ.
ვინც ხორცთა ბრძოლის დაცხრომას მხოლოდ მარხვით ცდილობს, იმ კაცსა ჰგავს, ცალი ხელით რომ ცურავს და დიდი ზღვის გადალახვა მოუწადინებია.
მარხვა თავმდაბლობით შეაზავე. უსარგებლოა პირველი მეორის გარეშე.
ყოველთვის შენთან ერთად დაიძინოს სიკვდილზე ფიქრმა და იესოს ლოცვამ. ძილში ვერაფერი შეგვეწევა ისე, როგორც ეს უკანასკნელნი, და ვერც რა ჰპოვო მათზე უკეთესი.
სრული სიწმინდის შესახებ გასაოცარი რამ მიამბეს: მავანს უხილავს რა ძალიან ლამაზი დედაკაცი, გაჰკვირვებია შემოქმედის სიბრძნე და ძალა – თიხისა და არაფრისაგან მსგავსი მშვენიერების შექმნისა გამო, და დიდად უდიდებია დამბადებელი. მხოლოდ სილამაზის ხილვით ღვთის უდიდეს სიყვარულამდე მისულა და ცრემლთა ნაკადული დასდენია. საოცარია! ის, რაც სხვისთვის დაცემისა და წარწყმედის მომტანია, მისთვის ზებუნებრივი გვირგვინოსნობის მიზეზი აღმოჩნდა.
თუ ეს ადამიანი მსგავს შემთხვევებში ამგვარ საზომსა და გონიერებასაა მიღწეული, მაშინ უხრწნელი აღდგომით იგი უკვე აღმდგარა საყოველთაო აღდგომამდე.
რომელ საქმეშიც და ადგილზეც გვებრძვიან მტრები, იქ უნდა შევებრძოლოთ ჩვენც. მათთვის მიუღებელი რომ არ იყოს ეს ადგილი და საქმე, რაღატომ შეგვებრძოლებოდნენ?! და თუ გვებრძვიან, ხოლო ჩვენ არ ვებრძვით და ვემორჩილებით, მაშინ ცხადია, რომ მისი მეგობრები გავმხდარვართ.
ზოგიერთი ამბობს, რომ შეუძლებელია, ადამიანს წმინდა ვუწოდოთ ცოდვით დაცემის შემდგომ. მე არ ვეთანხმები მათ და ვიტყვი: დიახ, შესაძლებელია! რამდენადაც მსურველს შეუძლია ველურ ზეთისხილზე შინაური ტკბილი და კარგი ზეთისხილის დამყნობა, იმდენად ცოდვის შემდეგ სიწმინდე შესაძლებელია.
სიძვა ლოცვის დამაბრკოლებელია, ღვთის წინაშე კადნიერების განმაქარვებელი და გონების დამაბნელებელია.
ვერავინ სძლევს ხორცს, თუ გულს არ შემუსრავს. ვერავინ შემუსრავს გულს, თუ საკუთარ თავს არ უარყოფს. და განა, შეიძლება გული არ შეიმუსროს, როცა მკვდარია ნება?!
არსებობს ვნებულზე უფრო ვნებულნიც, რომელნიც აღსარებასაც თავიანთი სიბილწით ტკბობად და ვნებად აქცევენ.
ყოველგვარი ბილწი ზრახვა სიძვის ეშმაკისგან იშვება. მას კურნავს და დევნის მარხვა, ზრახვების უგულებელყოფა, მღვიძარება, გულის სიმდაბლე და ღვთისადმი თავის მინდობა.
წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”