ეპილოგი და სტროფები – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

ეპილოგი და სტროფები – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

ეპისტოლე უცნობ მონაზონს · ეპილოგი და სტროფები

ეს ყველაფერი, რაც მოგწერე, შვილო, განუწყვეტლივ გქონდეს1 შენს გონებასა და გულში. და ზუსტად იცოდე, რომ ღმერთის სუფთა გზისა და ყოველივე სიკეთის მოსვლის დასაბამი არის ის, რომ კაცმა საკუთარი უძლურება შეიმეცნოს.

ხოლო იმისთვის, რომ ეს გააცნობიეროს, დიდ განსაცდელებში უნდა შევიდეს, [ისეთი დიდი სირთულეები გამოიაროს, რომლებიც მის ძალებს აღემატება. თუ ასეთ ზებუნებრივ განსაცდელებში არ შევიდა, შეუძლებელია, რომ საკუთარი ბუნების უძლურება შეიმეცნოს2. ხოლო როდესაც ამას გაიგებს, [უკვე] ყველაფერი იცის და ყველაფერი მის ხელთაა. და მაშინ ახლოა ჭეშმარიტი სიმდაბლეც; ამის მეშვეობით კი მოთმინებაც მოუსწრებს, საიდუმლოთა ცოდნასაც მიაღწევს, გარჩევის უნარითაც დაზღვეულია, და სიყვარულისგანაც მიიღებს [წმიდა] სულის ნაყოფებს: სიხარულს, მშვიდობას, სულგრძელებას, რწმენას, სიმშვიდეს, მარხვას, თავშეკავებას3.

კითხვა: მაშ, რაში მდგომარეობს ყველა ეს სიკეთე?

პასუხი: ეს ყველაფერი იმაში მდგომარეობს, რომ კაცმა შიშველი სახით იხილოს – არა მოჩვენებითა თუ წარმოსახვით – მადლისმიერი სუფთა ჭეშმარიტება, შიშველი [ადამიანური ზრახვებისა და ცდომილებებისგან], რომ ადამიანი არის არაფერი.

კითხვა: მაგრამ, რას ნიშნავს „არაფერი“?

პასუხი: არაფერი არის ის, რაც მანამ, სანამ ღმერთი ცასა და ქვეყანას და მთელ სამყაროს შექმნიდა, იყო არაფერი. ხოლო როდესაც ცა და ქვეყანა შექმნა, მას უწოდა ქვეყანა – იმას, რაც არაფრისგან შეიქმნა. შემდეგ ღმერთმა აიღო მისგან თიხა და შექმნა კაცი, რომელიც იყო თიხის, უსულო. და როდესაც შებერა მას სუნთქვა, [კაცმა] მიიღო სიცოცხლის სული, გონიერი სული, და [ღმერთმა] მას უწოდა კაცი „ხატად და მსგავსად თვისა“. „ხატად“ ნიშნავს სულს, რომელიც შებერვით მისცა, გონიერ სულს, ხოლო „მსგავსად“ – კარგი და კეთილი სათნოებები: სიყვარული, სიკეთე, მოწყალება და სხვა, რომლებიც მაღლა ვახსენეთ. და ვისაც ეს ბუნებრივი და კეთილი სათნოებები აქვს, [ღმერთის] მსგავსება აქვს, ხოლო ვისაც არ აქვს, მას არ აქვს მსგავსება, არამედ მასზე ამბობს წინასწარმეტველი, რომ „პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ჰყო“, არამედ „ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ”4.

კითხვა: მაგრამ, რა არის ყველა სიკეთის სისავსე და სისრულე და დასასრული ყოველთა, რათა ჩვენი სიტყვაც დავასრულოთ?

პასუხი: ვამბობთ, რომ სისავსე ყველა სიკეთისა და დასასრული ყველაფრისა არის ღმერთი, კეთილი, მოწყალე, ლმობიერი, რომლისგანაც „ყოველი შეიქმნა“ არაფრისგან, „და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა“5. და შესაბამისად, მას შვენის ყოველი დიდება, სიყვარული, პატივი, მსახურება, თაყვანისცემა, თავის საყვარელ ძესა და ჩვენს უტკბილეს მაცხოვარ იესო ქრისტესთან, და მის ყოვლადწმიდა და სახიერ და ცხოველმყოფელ სულთან ერთად, აწ და მარადის და დაუსრულებელი საუკუნეების უკიდეგანო საუკუნეებში.

ამინ.

მისივე სტროფები

მე არ დავწერე რაცა მქვია, ეს ყველამ იცის,

შენ თუ არ უწყი, მომისმინე, გეტყვი, რაც არი:

იწყო არაფრით, მიწა იყო, რითაც დაიწყო,

ასე რომ, მქვია მიწა, თიხა, მქვია ნაცარი.

მიწისგან შემქმნა, სახე მომცა თვით შემოქმედმა,

შემამკო სულით გონიერით, ასეთად ვიქეც,

და მქმნა მონაზვნად, რომ ვადიდო უფალი ღმერთი,

კმარა ძიება, არ შესცოდო, ძალი მოიეც!

მადლი მიაგე უფალს, მუდამ ადიდე იგი,

იგია ღირსი შენგან ქების და დიდებისა,

დაუსაბამო მამა, თვისით მხოლოდშობილით

ძით და სულითურთ ყოვლადწმინდით, სამება წმინდა.

რათა გაგვხადოს ცხონებულთა ნაწილის ღირსი,

მეოხად გვყავდეს დედაღვთისა ჩვენი უტკბესი,

და შეგვეწიოს ყოვლთა წმინდათ ღირსთა ლოცვები,

ამინ.

დაესრულა და ღმერთს დიდება! 6

შენიშვნები

  1. სიტყვასიტყვით: „ატრიალე, აბრუნე“. ↩
  2. რა თქმა უნდა, არა საკუთარი ნებით, არა ღმერთის გამოცდით, არამედ ღმერთის დაშვებით. ↩
  3. შეად. გალ. 5,22-23. ↩
  4. ფსალმ. 48,13/21. ↩
  5. იხ. იოან. 1,3. ↩
  6. ამ ნაშრომის ასლში ამ წინადადების წინ შემდეგი მინაწერია: „არ არის კურთხევა, რომ ამ წიგნს რამე დაემატოს ან მოაკლდეს“. ↩
Share