ათონის წმინდა მთა საუკუნეების მანძილზე მართლმადიდებლური ბერმონაზვნობის მედროშედ ითვლება. მან მრავალი ღირსი მამა აჩუქა სამყაროს. უახლესი ისტორიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე იყო ბერი იოსებ ისიქასტი, რომლის კანონიზაციაც ორიოდე წლის წინ მოხდა. მის არაჩვეულებრივ ცხოვრებასთან გაცნობა დიდ სულიერ სარგებელს მოუტანს ყველა მორწმუნეს, განსაკუთრებით კი, ბერ-მონაზვნებს.
დიდად გვახარებს არქიმანდრიტ ეფრემის სიყვარული და კეთილგანწყობა საქართველოსა და ქართველთა მიმართ, რასაც ვატოპედის მონასტრის მიერ გამოცემული ქართული წიგნებიც მოწმობს. ღმერთმა ხელი მოუმართოს მას და მის საძმოს ყველა მსგავს ღმრთივსათნო წამოწყებაში.
† ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი
და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
ქართული გამოცემის წინასიტყვაობა
ქართველი მკითხველი უკვე გაეცნო ჩვენი მოძღვრის – ბერ იოსებ ვატოპედელის ბიოგრაფიასა და ლოცვით გამოცდილებას. მის შესახებ წიგნებს საუკეთესო გამოხმაურება მოჰყვა მორწმუნეთა მხრიდან, რამაც დაგვაჯერა იმ სულიერი წიგნების გამოცემის აუცილებლობასა და სარგებელში, რომლებიც ქართულ ენაზე არ მოიპოვება. ისტორიულად ვატოპედის მონასტერი გამოირჩეოდა თავისი საგანმანათლებლო-სამისიონერო საქმიანობით. ღმერთის შეწევნით, ვცდილობთ, ჩვენი მწირი ძალებით გავაგრძელოთ ეს ტრადიცია.
ბერი იოსებ ისიქასტი ქართველი მართლმადიდებლებისთვის ცნობილია, ნაწილობრივ მისი ეპისტოლეების, ნაწილობრივ კი რუსულად ნათარგმნი ბიოგრაფიების წყალობით, მაგრამ ქართულად მისი ცხოვრება ჯერ არ გამოცემულა. გვიხარია, რომ ეს პატივი მის სულიერ შთამომავლებს გვერგო, თანაც, ქართული თარგმანი არის პირველი წიგნი, რომელსაც სათაურად აქვს „წმიდა“, ნაცვლად სიტყვისა „ბერი“, რამეთუ მისი კანონიზაცია მხოლოდ ორი წლის წინ მოხდა1. ამგვარად, ეს ორგზის ისტორიული გამოცემაა.
ბერი იოსებ ვატოპედელი იყო თავისი მოსახელე წმიდა მოძღვრის ცხოვრების პირველი აღმწერელი. ოციოდე წლის შემდეგ მისმა საყვარელმა სულიერმა ძმამ, ბერმა ეფრემ ფილოთეველმა (შემდგომში არიზონელმა) დაწერა წიგნი „ჩემი მოძღვარი – იოსებ დაყუდებული და მღვიმელი“2. ორივე მოწაფე თავის ღირს მასწავლებელს საკუთარი გადმოსახედიდან წარმოაჩენს, რასაც ისტორიაშიც ხშირად ვხვდებით – ერთი და იმავე წმიდანის ცხოვრებას სხვადასხვა ადამიანები – უმეტესწილად, უშუალო მემკვიდრეები აღწერდნენ.
ჩვენი მოძღვარი, ბერი იოსებ ვატოპედელი. ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა იმის გამო, რომ ღმერთმა ასეთი სულიერი წინამძღოლი უბოძა და ცდილობდა ამ უდიდეს ლოცვა-კურთხევას სათანადოდ გამოხმაურებოდა, ამიტომაც გულმოდგინედ შეუდგა იმის გამოძიებას, თუ როგორ მიაღწია მონაზვნობის ამ გიგანტმა ასეთ სულიერ სიმაღლეებს. ეს წიგნი, ფაქტობრივად, ამგვარი სულიერი „გამოძიების“ შედეგი უფროა, ვიდრე ცხოვრებისეული ფაქტების ქრონოლოგიური ჩამონათვალი. ეს ჩვენი მოძღვრის სულს შეეფერება კიდეც, რამეთუ ყოველთვის და ყველაფერში ცდილობდა, არსს ჩასწვდომოდა, საგნისა თუ მოვლენის მთავარი მიზანი და დანიშნულება გაეგო.
აგრეთვე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბერი იოსებ ვატოპედელი არაფერს წერდა და ამბობდა, თუ თავად არ ჰქონდა გამოცდილი და განცდილი, მიუხედავად იმისა, რომ ამის თქმის უფლებას არ აძლევდა ის ღრმა სიმდაბლე, რომელიც თავისი უწმიდესი მასწავლებლისა და ჩვენი წიგნის გმირის წყალობით ჰქონდა ათვისებული.
ქართველ მკითხველს ვუსურვებთ, რომ დიდი ბერის ცხოვრება და ლოცვა-კურთხევა შეეწიოს ლოცვით ღვაწლსა და ზოგადად, სულიერ ღვაწლში, შესაბამისად კი, აღმოაჩინოს ეკლესიაში დაუნჯებული დაულეველი სულიერი საგანძური.
ვატოპედის დიდი და წმიდა სავანის წინამძღვარი
(† არქიმანდრიტი ეფრემი)
2022 წლის 29 ივნისი / 12 ივლისი
ხსენება წმიდათა და ყოვლადქებულთა
თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი
და მიცვალება ღირსთა ათონელთა მამათა ჩვენთა
გიორგი ივერისა და პაისი ახლისა
შენიშვნები