ბერძნული გამოცემის წინასიტყვაობა – წმინდა იოსებ ისიქასტი – ცხოვრება და სწავლება

ბერძნული გამოცემის წინასიტყვაობა – წმინდა იოსებ ისიქასტი – ცხოვრება და სწავლება

ბერძნული გამოცემის წინასიტყვაობა

ბერი სოფრონი1 წმიდა სილუანე ათონელის ბიოგრაფიაში წერს, რომ ეკლესიის მამებმა ქრისტესმიერი ცხოვრება სამ კატეგორიად დაყვეს: ადამიანთა უმეტესობა სარწმუნოებაში „მცირე მადლის" მეშვეობით მოდის, შემდეგ საშუალო შრომას გასწევს უფლის მცნებების დაცვისთვის, ხოლო სიცოცხლის დასასრულს უფრო მეტი საღმრთო მადლის ათვისება შეუძლია.

მეორე კატეგორიის მოწოდება შედარებით დიდი, „საშუალო მადლით“, ხდება. ადამიანი გულმოდგინედ იღვწის ლოცვასა და ვნებების წინააღმდეგ ბრძოლაში, ღირსი ხდება უმეტესი მადლისა, შესაბამისად, მოღვაწეობას უმატებს და ამგვარად, სრულყოფილების საკმაოდ მაღალ დონეს აღწევს.

მესამე კატეგორია, ბერის სიტყვებით, ყველაზე იშვიათია – ადამიანი სულიერი მოღვაწეობის დასაწყისშივე უდიდეს, სრულყოფილთა მადლს იღებს. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, მისი მხურვალე სინანულია, უფრო სწორად კი, ხდება ღმერთის წინასწარუწყების გამო. ეს გზა არა მარტო ყველაზე იშვიათი, არამედ ყველაზე რთულიც არის, რადგან, წმიდა მამების ცხოვრებებიდან და ნაშრომებიდან, აგრეთვე, ბოლო საუკუნეების მოღვაწეთა და თანამედროვე ბერების ზეპირი გადმოცემიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, არავის შეუძლია სრულად შეინარჩუნოს საღმრთო სიყვარულის ეს დიდი საჩუქარი. ამას მადლის მიმალვის ხანგრძლივი პერიოდი მოჰყვება. ბერი სოფრონი წერს: „ბევრი ადამიანი გახდა ღირსი საღმრთო მადლის მოხილვისა ღმერთისკენ მობრუნების დასაწყისში, მაგრამ მხოლოდ ერთეულებმა დაითმინეს იმ ღვაწლის სიმძიმე, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მოღვაწემ ისევ შეიძინოს – ამჯერად უკვე შეგნებულად – ის მადლი, რომლის ღირსიც მანამდე გახდა“.

უეჭველად, ამ ერთეულთა შორისაა ჩვენი ღირსი მამაც, ბერი იოსებ ისიქასტი* (დაყუდებულ -მდუმარე) . მის ღმრთივსათნო ცხოვრებას ჩვენი ცხონებული მოძღვარი, მისი პირველი მოწაფე და ბიოგრაფი – ბერი იოსებ ვატოპედელი ცოცხლად და ლამაზად წარმოგვიდგენს, მიუხედავად ერული განათლების არქონისა. ეკლესიის ისტორიიდან ვიცით, რომ წმიდანთა დახასიათება და მათი ცხოვრების აღწერა ყველაზე კარგად მათ უშუალო სულიერ შვილებს ძალუძთ, რამეთუ ეს უკანასკნელნი „იმკვიდრებენ" მოძღვართა გამოცდილებასა და ერთგვარად, სულიერ განცდებსაც.

ბერ იოსებ ისიქასტს მონაზვნური გზის დასაწყისიდანვე უხვად ებოძა უფლის წყალობა. იშვიათი მხნეობით გაისარჯა მდუმარებაში, მარხვაში, მღვიძარება-უძილობასა და განსაკუთრებით, ლოცვაში. სწორედ ამ სათნოებებს იყენებდა ცოდვისმიერი ვნებების წინააღმდეგ, რომელთაც სასტიკად ებრძოდა. ამ შერკინებიდან იგი გამარჯვებული და „გულით წმიდა“ გამოვიდა და შეიძინა სამი უმაღლესი სათნოება: რწმენა, იმედი*(სასოება) და სიყვარული. ამასთან ერთად, გათავისებული ჰქონდა ღრმა სიმდაბლეც, რაც ახასიათებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც გახდა შეუქმნელი ნათელის ხილვის, სული წმიდის ნიჭების ღირსი.

ბერი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ლოცვას, ხოლო მის მისაღწევ საშუალებად უზრუნველობას მიიჩნევდა, როგორც „კიბეში“ წერს წმიდა იოანე სინელი: „დაყუდებული* (მდუმარებითი) ცხოვრების თავდაპირველი და საწყისი საქმე არის უზრუნველობა… მეორე – დაუღალავი ლოცვა… ერთეულები არიან ისინი, რომელთაც სრულად დაისწავლეს და შეიმეცნეს ამქვეყნიური სიბრძნე, მაგრამ, მგონია, უფრო მცირენი არიან ისინი, რომლებიც უფლისმიერი მდუმარების ფილოსოფიას ფლობენ".

ამასთან ერთად, ნეტარი ბერის ღვაწლი უფრო მძიმე იყო, ვიდრე სხვა ეპოქების მონაზვნებისა, რადგან, ერთი მხრივ, საწყის ეტაპზე ვერ შეხვდა დაყუდებულ ცხოვრებაში გამოცდილ მასწავლებლებს (ხოლო ვისაც შეხვდა, მოწაფეებს არ იღებდნენ), მეორე მხრივ კი, მოგვიანებით გარემოს მტრულ განწყობას წააწყდა, რადგან მდუმარებით მოღვაწეობდა, რაც იმხანად უდაბნოშიც კი იშვიათი მოვლენა იყო.

სხვათა შორის, ამ სულიერი კრიზისის შესახებ წინასწარმეტყველება არსებობს მეოთხე საუკუნის წმიდანის, ნიფონ ალექსანდრიელის2 ბიოგრაფიაში: „უკანასკნელ დროში ჭეშმარიტად ღმრთივსათნო ქრისტიანები ადამიანთა თვალთაგან ჭკვიანურად დაიმალებიან… და პრაქტიკულ სათნოებებს დიდი სიმდაბლით [ფარულად] აღასრულებენ. ცათა სასუფეველში ესენი უფრო მეტად იდიდებიან, ვიდრე სასწაულმოქმედი წმიდანები. და იცი რატომ? იმიტომ, რომ მათ დროს მათ თვალწინ ახლანდელივით აღარავინ აღასრულებს სასწაულებს, რათა მათი რწმენა და სამოღვაწეო სული გაახურვოს“.

წმიდა იოანე სინელი დაყუდების შესახებ სიტყვაში ასეთ რამესაც წერს: „იმისთვის, რომ კაცი მდუმარებაში (დაყუდებაში) მარტო მოღვაწეობდეს, უნდა ჰქონდეს ანგელოზებრივი ძალა და უნარი“. ნეტარ ბერ იოსებს, როგორც ღმრთის მიერ განსწავლულსა და ღმრთის მხილველს, ჰქონდა იმის უნარი, რომ სიკვდილამდე დაპირისპირებოდა გარეგნულ სირთულეებსა და მწუხარებებს; რომ ღმერთის ნების სრული დამორჩილებით მდუმარება განეცადა, როგორც ღმერთთან ერთობის, ადამიანის განღმრთობის გზა. ამგვარად, არა მარტო თვითონ გამოსცადა, არამედ გამოცდილი, ბრძენი წინამძღოლიც გახდა სხვებისთვის და თანამედროვე სამყაროს შინაგანი მდუმარებისა და გონებრივი მოღვაწეობის საიდუმლოები გაანდო.

საღმრთო მადლმა ბერ იოსებს აუწყა, თუ რა მოხდებოდა მისი გარდაცვალების შემდეგ და ამიტომ იწინასწარმეტყველა, რომ მოწაფეები – იოსებ ვატოპედელი, ეფრემ ფილოთეველ-არიზონელი და ხარლამპი დიონისიელი — „ათონს მონაზვნებით გაავსებდნენ“. მართლაც, დღეს მთაწმიდის ოციდან ექვს მონასტერს ნეტარი ბერის სულიერი შთამომავლები მართავენ, ისევე, როგორც უამრავ სხვა სავანეს ათონის გარეთ.

ცნობილია, რომ ათონურმა მონაზვნობამ აშკარა და სახიფათო დაკნინება განიცადა მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან დაწყებული, ათასი წლის იუბილემდე (1963), 1970 წლიდან კი მისი აღორძინება იწყება, რაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა ღირსმა იოსებ ისიქასტმა.

მის სიტყვას, რომელიც იყო „მადლითა, ვითარცა მარილითა შეზავებული“ *(კოლ. 4,6), შეეძლო, დაღლილი და დამძიმებული გულები განეახლებინა – როგორც თავის ეპოქაში, აგრეთვე ჩვენს დროშიც – სწავლებისა და ეპისტოლეების მეშვეობით. ამგვარად, ბერი იოსებ ისიქასტი სასწაულმოქმედებდა კიდეც და განუწყვეტლივ სასწაულმოქმედებს, რამეთუ, წმიდა გრიგოლ დიალოღოსის თანახმად, „ყველაზე დიდი სასწაული, რაც შეიძლება კაცმა აღასრულოს, არის სიტყვის მიერ მკვდარი სულის აღდგინება“.

ნეტარი ბერი თანამედროვე მსოფლიოს, მონაზვნებსა თუ ერის ხალხს, პირველ რიგში, ალბათ, გონებისმიერი, იესოს ლოცვის დახვეწა-გამომუშავებისკენ მოუწოდებს, რაც ადამიანს საღმრთო მადლის განცდასა და „ღმრთისმიერ შეგრძნებას" ანიჭებს, შესაბამისად კი, ადამიანი არსებობის განსხვავებულ, უფრო მაღალ დონეზე ადის.

ბერ იოსების ცხოვრება ნათარგმნია ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, სერბულ და რუმინულ ენებზე, ბერძნულად კი მეთერთმეტედ გამოიცემა. „ხსენება მართლისა ქებით იყოს" *( იგავ. 10,7).

წმიდა ბერის ღმრთისადმი მეოხების ნაყოფები აშკარაა და ყველანი ვგრძნობთ მის შემწეობას სულიერ მოღვაწეობაში, ამიტომაც ჩვენს სულიერ ძმებსა და დებს ვუსურვებთ, რომ მისმა ღმრთივსათნო ცხოვრებამ და მადლიანმა დარიგებებმა გვიბიძგოს აუთენტური ** (ნამდვილი, უტყუარი) მართლმადიდებლური სულიერი ცხოვრების ათვისებისკენ.

არქიმ. ეფრემი

მეოთხე ბერძნული გამოცემის წინასიტყვაობა

„ლავსაიკონში“4 ვკითხულობთ: „ვინმე პავლე მონაზონი ასეთ ცხოვრებას ეწეოდა: არც საქმეს აკეთებდა, არც სხვა რამე ამქვეყნიურს, არც ვინმეს გამოართმევდა რამეს, საჭმლის გარდა. მისი მოღვაწეობა იმაში მდგომარეობდა, რომ განუწყვეტლად ლოცულობდა“.

ასეთი მონაზონი იყო ცხონებული ბერი იოსებ ისიქასტი, რომელიც ამშვენებს ათონის უახლეს ისტორიას, რამეთუ ურთულეს პერიოდში შეძლო განეახლებინა და აღედგინა მდუმარებისა და ლოცვის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, ხოლო თავისი მოწაფეების სწორი სულიერი აღზრდისა და მკაცრი ასკეზის მეშვეობით შეამზადა იესოს სახელით მლოცველთა ახალი თაობა, რომლის სხივებიც საბერძნეთის საზღვრებს გასცდა.

ეს ახლად აღმობრწყინვებული მნათობი ყველამ შეიყვარა, ხოლო მისი წმიდა პიროვნება გახდა სუფთა სარკე, რომელშიც ყველა, ვინც მასში გულისმიერად ჩაიხედავს, ქრისტესმიერი სრულყოფილებისა და გონებრივი მოღვაწეობის ტრფიალი ხდება. მრავალმა მათგანმა, რომელნიც ნეტარ ბერს შეუდგნენ, თავი მიანდეს მას და დატკბნენ მისი სულიერი თაფლითა და რძით. მრავალმა ახალგაზრდამ, რომელნიც ჯერ კიდევ ერში ცხოვრების დროს იკვებებოდნენ მისი ღმრთივშთაგონებული წიგნებით, მოაშურეს ღმრთისმშობლის ამ სამოთხეს, რათა ამ წმიდა ბაღის ნორჩი ნერგები გამხდარიყვნენ. ამგვარად, მისმა შვილებმაც – ზოგიერთი ცოცხალია, ზოგიც მიიცვალა – მრავალი სულიერი შვილი შვეს, და ათონისა და მის საზღვრებს გარეთ მონაზვნური საძმოები შეკრიბეს, რათა ამ მოღვაწეობის ესტაფეტა სხვებსაც გადასცენ.

ბერმა იოსებმა თავის თავში სათნოებები ააყვავა: ასკეზა და პრაქტიკული ლოცვა. არაერთი კეთილი და მხნე მონაზონი დაემოწაფა მას. როდესაც მასთან ღმრთისმოშიში მონაზვნები მიდიოდნენ, რათა ამა თუ იმ საკითხზე რჩევა მიეღოთ, თითოეული მათგანი ხვდებოდა, რომ ბერი ყველა საკითხში გამოცდილი იყო და სული წმიდის ნაყოფები ეგემა. თავის მხრივ, ამ უკანასკნელთ ახალგაზრდა ქრისტეს მონები მიჰყვებიან და საზრდოობენ მათი ლოცვა-კურთხევითა და დარიგებებით.

ნეტარი მამის ცხოვრება მადლიანი და მიმზიდველია. ბერს ერში ამქვეყნიური განათლება არ ჰქონდა მიღებული. არც სულიერი ცხოვრებისა და შინაგანი მდუმარების გამოცდილი მასწავლებელი ჰყოლია, არამედ ღმერთის მიერ განისწავლა. იგი ბუნებრივი გამჭრიახობით იყო დაჯილდოებული და ჩანდა, რომ მისი ცხოვრება ზეგარდამო წარიმართებოდა. ზეგარდამო ისწავლა ცათა სასუფევლის საიდუმლოებიც. ამგვარად, როგორც კარგ მწიგნობარს, თავისი საუნჯე ძველთაგანაც გამოჰქონდა და ახალიდანაც *( შეად. მათ. 13.52), უმეტესად კი, ახლებურად – ძველთაგან. ბერი იოსები არ დასცილებია ძველი (მათ შორის, მეთოთხმეტე საუკუნის) ისიქასტი მამების გზას და ამ უკანასკნელთა მიმბაძავს, ღირს ნიკოდიმე მთაწმიდელს. უსასტიკესი მოღვაწეობის მეშვეობით საღმრთო მდგომარეობებს მიაღწია და შეეძლო, მთხოვნელთათვისაც გაეზიარებინა ამ მდიდარი საგანძურიდან გამოღებული საიდუმლო მარგალიტები.

ცხონებული ბერის მოწამეობრივ ცხოვრებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ეპოქისთვის, რამეთუ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ, როდესაც უფლისადმი გულისმიერი სიყვარული და მოშურნეობა არსებობს, [ყოველი დროის] ათონელ წმიდანთა გამოცდილება ერთი და იგივეა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი თაობა უამრავი ნეგატიური ცვლილების მსხვერპლი გახდა. ასეთი ადამიანების მეშვეობით ჩვენამდეც აღწევს ზეციური ექო, რომელიც ქრისტეში განღმრთობილი მდაბალი ადამიანური ბუნების საღმრთო საიდუმლოებს გვიგალობს.

წმიდა ისააკ ასური ამბობს: „ როდესაც სული [წმიდა] იმკვიდრებს ადამიანში, კაცი ლოცვას არ წყვეტს, რამეთუ თვითონ სული [არის ის, რომელიც მასში] მუდამ ლოცულობს“. ღმერთი თავის ნიჭებს ძუნწად არ არიგებს. ბერმა იოსებმა, ვაჟკაცური მოღვაწეობითა და ლოცვითი საქმიანობით გაბედა, ითხოვა, მოიძია და მიიღო ქარიზმა. რაც პირადად გამოსცადა, ისწავლა, ასწავლა და გადასცა სიტყვითა და წერილით ყველა იმათ, რომელთაც სწყურიათ ცოცხალი წყალი, უხრწნელი საკვები, მაცოცხლებელი პური, სიხარულის საუნჯე. ეს გასაკვირიც არ არის, რამეთუ იგი გამოირჩეოდა საოცარი და იშვიათი სიმტკიცითა და მდგრადობით, უფრო სწორად კი, საღმრთო სიყვარულის ზრდის დაუოკებელი წადილით. მაგრამ ბრძოლა ბრძოლაა! ზოგჯერ ბობოქრობდნენ ტალღები, რათა ჯოჯოხეთის ტკივილები განეცადა და ეღაღადა: „უფალო, ნუ დამტოვებ!“, ზოგჯერ კი მადლიერებით ტკბებოდა ზეციდან დაბერილი სიმშვიდის ნიავით. ჩანს, რომ აღმზრდელობითი მიტოვების პერიოდებიც ჰქონდა, მაგრამ მისი მოწამეობრივი რწმენისა და სიყვარულის წყალობით მაინც წინ მიიწევდა, რაც საყვარელი უფლის წიაღს უხსნიდა. ამგვარად, ნელ-ნელა ღმერთის ხედვისა და უვნებობის საზღვარს მიაღწია, ორივე კი ზეგარდამო ნიჭია.

ამ წმიდა მამამ დაგვიტოვა ნამდვილი მართლმადიდებლური სულიერების მაგალითი: საკუთარი თავის მიმართ დაუნდობლობა, ხოლო ქრისტესმიერი ძმების მიმართ უსაზღვრო სიყვარული, სულგრძელება და შემწყნარებლობა. ღრმა სიმდაბლის წყალობით კარგად აცნობიერებდა, რომ ყველა ზებუნებრივი ნიჭი არის არა სავალდებულო შედეგი ტექნიკურ-ასკეტური მეთოდებისა, არამედ საჩუქარი ღმრთისა, რომელსაც „ნებავს და იწყალებს“*(შეად. რომ. 9,16), ხოლო თითოეულის ხასიათის თავისებურება განაპირობებს იმას, რომ ყოველი მათგანი ღვაწლის განსაკუთრებულ სახეობასა და საზომს ირჩევს. ბერი თავისი შედარებით ხანმოკლე სიცოცხლის ბოლოს უფრო ლმობიერი გახდა სხვების მიმართ, მაგრამ თვითონ მცირედითაც არ გადაუხვევია სასტიკი ასკეტური გზიდან, მიუხედავად იმისა, რომ სხეულის ავადმყოფობის გამო მტკივნეულად იტანჯებოდა.

უკანასკნელ წლებში ათონური მონაზვნობის აყვავება, ღმრთისმშობლის ზრუნვითა და მფარველობით, მრავალმა მოვლენამ განაპირობა, მაგალითად, წმიდა სილუანე ათონელმა და სხვა ცნობილმა მოღვაწეებმა, რომელთა სახელებიც უფალმა უკეთ უწყის. სწორედ ერთ-ერთი მათგანია ბერი იოსებ ისიქასტი, საღმრთო სიყვარულით ძლიერად მოწყლული, რომელმაც თავისი ცხოვრებით, შრომითა და სწავლებით, ახალგაზრდა მთაწმიდელებზეც და ერის ქრისტიანებზეც უდიდესი გავლენა მოახდინა – თვითონაც და თავისი შვილ-შვილიშვილების საშუალებითაც, რომლებსაც ამხნევებს ქრისტესმიერი სიწმიდის რთულსავალ გზაზე, იმავდროულად კი, ყველას მიერ პატივიცემება და ღირს მამად მიიჩნევა. აქვე არ შეიძლება არ შევაქოთ წიგნის ავტორი, ბერი იოსები, რომელმაც, თავისი ნეტარი მოძღვრის გამოცდილების რძით აღზრდილმა, განამრავლა და გამოზარდა ვატოპედის საძმო იმავე ტრადიციული აზროვნების წესითა და სულიერი განცდებით. იგი მთელი ძალისხმევით ცდილობს სულიერი მოწყალება გასცეს იმათ მიმართ, რომელთაც საღმრთო სიმართლე შიათ და სწყურიათ* (შეად. მათ. 5,6).

ვატოპედის „იოსებისეული" საძმოსა და წინამძღვრის პატივისცემა და სიყვარული სულიერი წინაპრისადმი ღმერთის დიდების საბაბი ხდება, ამიტომაც ღირსი ბერის ლოცვა-კურთხევა მათთვის სამართლიანი გასამრჯელო იქნება, ხოლო მისი მიბაძვა – საუკეთესო სახსენებელი და მისდამი შვილებრივი მოვალეობის საუკეთესო გამოხატულება.

სიმონპეტრას წმიდა სავანის წინამძღვარი

† არქიმანდრიტი ემილიანე* *(1934-2019)

შენიშვნები

  1. წმიდა სოფრონ (სახაროვი) ათონელი (1896-1993) — რუსი ათონელი მონაზონი, წმიდა სილუანეს მოწაფე და ცხოვრების აღმწერელი, ინგლისში, ესექსის საგრაფოში მონასტრის დამაარსებელი. მისი კანონიზაცია მოხდა წინასიტყვაობის დაწერის შემდეგ, 2019 წლის 27 ნოემბერს. ↩
  2. წმიდა ნიფონი, კონსტანტიანის ეპისკოპოსი (ეგვიპტე), IV საუკუნეში ცხოვრობდა. ხსენება აღინიშნება 23 დეკემბერს / 5 იანვარს. მისი ბიოგრაფია უმეტესობისთვის უცნობია, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ მოგვიანებით მას დაერთო საეჭვო წარმომავლობისა და შინაარსის ჩამატებები და საბოლოოდ ეკლესიამ ხმარებიდან ამოიღო. ↩
  3. ტექსტი მცირე ცვლილებებითა და შემოკლებით მოგვყავს, რათა უფრო ხელმისაწვდომი და გასაგები იყოს ქართველი მკითხველისთვის. ↩
  4. ლავსაიკონი– 419-420 წლებში ბითვინიის ქალაქ ჰელენოპოლის (მცირე აზია) ეპისკოპოს პალადის მიერ შედგენილი კრებული, რომელშიც მოგვითხრობს წმიდა ბერების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ეს უაღრესად საინტერესო და ცოცხალი წიგნი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სულიერი საკითხავია. ↩
Share