შესავალი – წმინდა იოსებ ისიქასტი – ცხოვრება და სწავლება

შესავალი – წმინდა იოსებ ისიქასტი – ცხოვრება და სწავლება

ადამიანები უნდა იწერდნენ სულიერ მოგონებებს იმისთვის, რომ ისტორიის ნათელი მოვლენები დროთა განმავლობაში დავიწყებას არ მიეცეს. ეს განსაკუთრებით დღესაა აუცილებელი, როდესაც ცხოვრება ელვისებური სისწრაფით ვითარდება და ელემენტარული ზნეობის საფუძვლებიც კი ირყევა. ყოველ ხანშიშესულ ადამიანს შეუძლია რაღაც გაგვიზიაროს ის, რაც წლების განმავლობაში გამოცდილებისეულად შეუძენია, რაც სარწმუნო წყაროებიდან გაუგია. უფრო მართებული იქნებოდა გვეთქვა, რომ იგი ვალდებულია, რადგან სწორედ ასე ყალიბდება ისტორია. ასე გადასცემს ცხოვრებისეულ გამოცდილებას ერთი თაობა მეორეს; ასე ვიგებთ, თუ როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, როგორ ფიქრობდნენ, როგორ წარემართებოდა მათი საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრება.

ამგვარი ფიქრებით ვიწყებ შემდეგი სტრიქონების წერას, რათა ცოცხლად შემოვინახო ჩემი მონაზვნური ცხოვრების უმთავრესი მოვლენების მოგონებები. ჩემგან ასეთი საქმე ნურავის გაუკვირდება, რამეთუ ბერულ გზას სიჭაბუკიდან შევუდექი. ეს მოგონებები იმ ღმრთისმოშიშ მონაზვნებს ეხებათ, რომლებსაც პირადად ვიცნობდი, ან სხვების უტყუარ ბაგეთაგან მოვისმინე მათ შესახებ. როდესაც ახალგაზრდობაში წმიდათა ცხოვრებებს ვკითხულობდი, დიდი სურვილი და იმედი მქონდა იმისა, რომ ოდესმე მეც შევხვდებოდი ასეთ ადამიანებს. მინდოდა გამეცნო სათნოებების ნამდვილი ხელოვანები, სულიერი შრომისმოყვარეობის გმირები, ღმერთის ნამდვილი მეგობრები, უფლისა და მოყვასისადმი სიყვარულით სავსე მოღვაწეები.

ეკლესიის ისტორიის ორი ათასმა წელმა კეთილისა და ბოროტის დაუნდობელ და განუწყვეტელ ბრძოლაში ჩაიარა.

სათნოებების მუშაკები, რამდენად მცირეც არ უნდა იყოს ამ „მცირე სამწყსოს“1 რიცხვი, ყოველ დროსა და ყველაზე რთულ პირობებშიც არსებობენ. ასე აღესრულება წმიდა წერილის სიტყვები: „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან ეკლესიას“2, რადგან „ის, ვინც ჩვენშია, მეტია იმაზე, ვინც ამა სოფელშია“3.

ბერმონაზვნობას საფუძველი თითქმის წმიდა მოციქულების ეპოქაში ჩაეყარა, ხოლო მესამე საუკუნის შემდეგ უკვე ორგანიზებული სახე მიიღო ეგვიპტესა და პალესტინაში. თავდაპირველად გავრცელდა მეუდაბნოება და მარტოდმცხოვრებლობა, მოგვიანებით – ნახევრად კინობიალური ფორმის სავანეები (ე.წ. ლავრები), საბოლოოდ კი კინობიები4. პახუმი დიდმა, გადმოცემის თანახმად, ტაბენისის მონასტერში**(ეგვიპტე, IV საუკუნე) კინობიალური მონაზვნობის წეს-განრიგი ანგელოზის გამოცხადებით დაამკვიდრა. საერთო საცხოვრებლის მკაცრი გაგებისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ მონაზვნებს გარკვეულ დამოუკიდებლობას ანიჭებდა, რათა თავიანთი მოშურნეობისა და შემართების შესაბამისად ეღვაწათ. დაშვებული იყო სურვილისდა მიხედვით კვება, შრომა, ღამისთევა, ლოცვა და ა.შ. – ვინც რას აირჩევდა.

მალე ეს ტრადიცია პალესტინაშიც გადავიდა, სადაც წმიდა თეოდოსი დიდმა შეურევნელად კინობიალური მონასტერი დააარსა და მას ამიტომაც ეწოდა კინობიარქი (ერთადცხოვრებულთა მამამთავარი). იმავე დროს ბერმონაზვნობა გავრცელდა ყველგან, სადაც ეკლესია არსებობდა. შენდებოდა მონასტრები, სკიტები და სოხასტრები5, რომლებშიც სახარებისეული მცნებების დაცვის მოშურნეები მოღვაწეობდნენ. ამ ადამიანთა ერთადერთი საზრუნავი და საფიქრალი იყო ღმერთისმიერი ცხოვრება. ახლო აღმოსავლეთში მონაზვნობას უზრუნველი არსებობა დიდი ხანი არ დასცალდა, რადგან ისლამის გავრცელებამ შეავიწროვა ქრისტიანობა.

ამის გამო ბერობის კერებმა თანდათანობით ბიზანტიის იმპერიაში გადაინაცვლა. მცირე აზიაში სახელი გაითქვეს ბითვინიის, ულუმბოსა და კონსტანტინეპოლის სტუდიის მონასტრებმა. სწორედ სტუდიელმა მონაზვნებმა დახვეწეს საეკლესიო ჰიმნოგრაფია და ტიპიკონი პალესტინის საბაწმიდურ პირველწყაროებზე დაყრდნობით. სამწუხაროდ, ხატმბრძოლობის მწვალებლობამ6 არც აქ მისცა გასაქანი მონაზვნობის მშვიდობიან განვითარებას, ამიტომაც საჭირო გახდა ახალი ადგილი მოძიებულიყო.

აქედან იწყება უწმიდესი ათონის ისტორია. იგი ხდება მართლმადიდებლობისა და სათნოებათა მოხვეჭის ურყევი გოდოლი, სულიერი სამოთხე, კურთხეული ღმრთისმშობლის კეთილსურნელოვანი ბაღი, რომელშიც განსაკუთრებით იგრძნობა ჩვენი ყოვლადწმიდა დედოფლის სიყვარული და მზრუნველობა.

ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ის არ არის, რომ მონაზვნობის ისტორია აღვწეროთ. ეს ზედაპირული მიმოხილვა იმისთვის დაგვჭირდა, რომ შემდგომში ათონელ სულიერ მებრძოლებს, წმიდა მამათა გარდამოცემის ნამდვილ გამგრძელებლებს, შევეხებით.

ათონური ბერმონაზვობა უკვე ათას წელზე მეტია არსებობს და უდიდესი წვლილი შეაქვს ეკლესიის სულიერ ცხოვრებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი დაწერილა მისი დიდებულების შესაფერისი, არც ყველა იმ სულიერი გმირის სახელი ვიცით, ვინც ამ მემკვიდრეობის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ჩვენ, უუნარონი და უკანასკნელი თაობის წარმომადგენლები, ფაქტობრივად, ვერაფერს შევესწარით ამ უდიდესი გონიერი და არამატერიალური ზეცის სიმდიდრიდან. მართლაც, ათონი მუდამ დედამიწასა და ზეცას შო- რის დგას, რათა ადამიანთა მოდგმა ღმერთთან შეარიგოს და ღმრთის სამართლიანი რისხვა შეაკავოს, რასაც კაცთა მოღალატეობა გამოიწვევს.

როდესაც ჩემს სამშობლოში, კვიპროსზე, მონაზონი გავხდი, ერთ-ერთი პირველი, რაც მესმა ბერობაზე, იყო ათონის წმიდა მთა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ჩვენი წინამძღვარი ბერი ბარნაბაცა და ჩვენი მოძღვარი ბერი კვიპრიანეც ყოფილი მთაწმიდელები იყვნენ7. მათი ცოცხალი თხრობის წყალობით შევიტყვეთ იმდროინდელ და წინა თაობის ათონელ მოღვაწეებზე: კალინიკე დაყუდებულზე, გერასიმე ქიოსელზე, გრიგოლ და კოზმა მღვდელმონაზვნებზე, საბა მოძღვარსა და ილარიონზე8. ყველა ეს ადამიანი სავსე იყო საღმრთო მოშურნეობითა და მადლით, განჭვრეტისა*(დაფარულთა ცოდნის) და წინასწარხედვის ნიჭებით; იყვნენ ნამდვილი სულიერი მეომრები, შრომისმოყვარეები, შინაგანი ცხოვრების მუშაკები, გონების მმარხველები.

როდესაც მათ შესახებ ცოცხალი მონათხრობის მარცვალი ჩვენი მაშინდელი ახალგაზრდული მოშურნეობის ნიადაგზე დავარდა, ამ წმიდა ადგილის მონახულების დაუოკებელი სურვილი აღგვეძრა. ვფიქრობდით რომ, თუ ასეთ მამებს ვერ შევხვდებოდით, მათ წმიდა ნეშტებს მაინც ვეამბორებოდით მოწიწებით, საკუთარი თვალით ვიხილავდით მათ სამოღვაწეო ასპარეზს, მათ სენაკებს, ხოლო მათი მემკვიდრეებისგან, რაც შეიძლება მეტს შევიტყობდით მათი გასაოცარი და ზებუნებრივი ცხოვრების შესახებ. ღმრთის მადლით, სწორედ ამგვარი შემართებით მოვედით უწმიდეს ათონზე და ვიხილეთ უფრო მეტი, ვიდრე ველოდით ან ვოცნებობდით.

არაჩვეულებრივი ადამიანების მოღვაწეობასა და მიღწევებზე მრავალი წიგნი დაწერილა – ეს არ არის არც გასაკვირი, არც იშვიათი. ნეტავ ყოველთვის ასე გაგრძელდეს, რადგან მხოლოდ ეს იძლევა გზასაცდენილი და წინააღმდეგობებით სავსე საზოგადოების გამოსწორების იმედს. ყველა ადამიანს გულში დაუოკებელი სიყვარული აქვს: ყველას რაღაც უყვარს, რაღაც მოსწონს, რაღაც აინტერესებს, რაღაცითაა დაკავებული. იმისდა მიხედვით, მიაღწევს თუ არა საწადელს, ან კმაყოფილია, ან უკმაყოფილო. მაგრამ თუ ზოგადად შევაფასებთ, როგორც წესი, ადამიანი დაუკმაყოფილებელია, რადგან, დროისა და ძალების უმეტეს ნაწილს უსიამო ამაოებასა და საქმეებში ხარჯავს. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიაში უამრავი ფილოსოფიური თეორია დაიწერა, მკაცრი რეალობა ვერცერთმა მათგანმა ვერ შეამსუბუქა.

ამქვეყნად, გადასახლებისა და დასჯის ადგილას, ადამიანები ადვილად ვერ სწვდებიან აქ ყოფნის ჭეშმარიტ მიზეზსა და მიზანს. ადამისა და ევას დაცემის შედეგად შემოქმედის მიერ გამოტანილი განაჩენი გარდაუვალია: ღმერთმა „ედემს აღმოსავლეთით ქერუბიმები და მბრუნავი ცეცხლოვანი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ"9. ედემში, ანუ სიხარულში, ბედნიერებასა და მშვიდობაში შესვლა სამუდამოდ აგვეკრძალა! დავრჩით დედამიწის ანაბარად, რომელიც ძეძვსა და ეკალს აღმოგვიცენებს10 თანაც ამოქმედდა შემდეგი განაჩენიც: „პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“11.

დროთა სავსება უნდა მოსულიყო, რათა სახარებას ძველი წყევლა გაეუქმებინა და ადამიანებისთვის ბედნიერება და მშვიდობა დაებრუნებინა: „მშვიდობასა დაგიტევებ თქუენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ; არა ვითარ სოფელმან მისცის, მიგცემ თქუენ“12, მას მერე, რაც უფალმა ეს სასიხარულო ამბავი გვამცნო და ადამიანებმა ცხოვრების ნამდვილი აზრი, ნამდვილი მშვიდობისა და სიხარულის არსი გაიგეს, მრავალმა საუკუნემ განვლო. კაცობრიობას დღემდე დაუბრკოლებლად შეუძლია მიიწევდეს ამ მიზნისკენ, რამეთუ მართლაც, „რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ხელმწიფებაი. შვილ ღმრთისა ყოფად“13.

იმ უთვალავ გმირთაგან, რომელთაც ეს ჭეშმარიტება დააფასეს, ჩვენ ერთზე გიამბობთ, რომლის გვერდითაც არაერთი წელი ვიცხოვრეთ, ღმერთის კაცთმოყვარეობით. პირადად „ვიხილეთ და ვისმინეთ და ხელით შევეხეთ“14. ამ ადამიანის ცხოვრებასა და ფიქრებს, რა თქმა უნდა, იმდენად, რამდენადაც შევძელით.

ამ ნეტარი ბერის მთავარი საზრუნავი იყო დაცვა ორი ძირითადი მცნებისა – ღმერთისა და მოყვასის სიყვარულისა, რომელთა განხორციელებასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში სასტიკი და მრავალმხრივი ბრძოლა სდევს თან. ნებისმიერი, ვისაც სათნოებების „ვიწრო და საჭირველი გზით“15 სურს ზეცას მიაღწიოს, აუცილებლად ბევრ წინააღმდეგობას წააწყდება, რამეთუ „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს* (აქ: მოგვიწევს) ჩუენდა შესლვაი სასუფეველსა ღმრთისასა“16. ხოლო თუ საღმრთო განგებულება ვინმეს სხვების განსამტკიცებლად ან მოდუნებული თაობის გამოსაღვიძებლად ამზადებს, მათ მიმართ ბრძოლა შეუდარებლად უფრო მკაცრი, სასტიკი და ხშირად დაუნდობელია. ამაში ადვილად დარწმუნდება კაცი, თუ დიდი მამებისა და მონაზვნობის დამაარსებლების ცხოვრებებს წაიკითხავს: თავისი მისიის შესაბამისად, თითოეული განსაკუთრებულ განსაცდელთა ძალადობას უპირისპირდებოდა. ზოგჯერ გარემოს გავლენის მეშვეობით, დადებითი იქნება ეს თუ უარყოფითი, საგანთა ბუნებაც იცვლება. ბერი ამბობდა: „ადამიანთა სიყვარულმა და თანაგრძნობამ ისე შეიძლება შეგიმსუბუქოს განსაცდელი, რომ მის სიმძიმეს ოდნავ გრძნობ, და პირიქით, კაცთა უხეშობა და სისასტიკე ჯვარის ზიდვის ტკივილს აუტანელს ხდის“.

ჩვენ, რომლებიც ბერის გვერდით გავიზარდეთ, მისი ცხოვრებითა და გამოცდილებისეული სიტყვებით უდიდესი სარგებელი მივიღეთ. ის ძმები, რომელთაც ბერი სიცოცხლის მხოლოდ უკანასკნელ წლებში გაიცნეს, დაჟინებით გვთხოვდნენ მისი ცხოვრება დაგვეწერა, რადგან, მათი თქმით, ზეპირი თხრობა უფრო მალე ავიწყდება კაცს. ამგვარად, მათი და ბერის სხვა ნაცნობების თხოვნამ გვაიძულა წამოგვეწყო ეს საქმე, მიუხედავად ჩვენი შესაძლებლობების სიმცირისა.

ვინმე უფრო უნარიანს უნდა მოეკიდა ხელი ამისთვის, მაგრამ ეს უფრო ძნელია, რადგან ბერის ცხოვრება მხოლოდ ერთეულებმა იციან, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა შეძლო მის გვერდით ეცხოვრა. იქნებ სხვა სულიერმა მოშურნეებმა და წერაში გაწაფულებმა დაწერონ მომავალში რამე.

როდესაც გაუბედავად შევუდექი ჩემი მოგონებების წერას და დაახლოებით შუა ნაწილს მივაღწიე, რაღაც უიმედობამ შემიპყრო და თავდაპირველი შემართება სრულიად დამეკარგა. ჩანაწერები კარადაში შევინახე და გადავწყვიტე, რაღაც ხანი აღარ გამეგრძელებინა. ორიოდე თვის შემდეგ ერთ დილას ჩემმა თანამოღვაწემ მითხრა: „დღეს ჩვენი ბერი ვიხილე და სეფისკვერის ორი ბეჭედი მომცა შენთვის. ერთი მზად იყო, ასოები ამოტვიფრული ჰქონდა, ხოლო მეორე დაუმთავრებელი. რა ვუთხრა, რა უქნას ამ ბეჭდებს-მეთქი, ვკითხე. მითხრა: «შენ მიეცი და თავად იცის». ეს იყო და გამეღვიძა“. იმ დროს ჩემი ხელსაქმე სწორედ სეფისკვერის ბეჭდების დამზადება იყო. მაშინ მივხვდი, რა აზრი ჰქონდა ამ ჩვენებას: მისი შუაზე გაწყვეტილი ბიოგრაფია უნდა გამეგრძელებინა. მართლაც, ამ ამბის შემდეგ შემართება მომეცა და ადვილად დავასრულე დაწყებული საქმე.

ახლა კიდევ უფრო მეტად ვარ დაჯერებული იმაში, რომ ღმრთისმოშიში ადამიანების გამოცდილება უნდა იწერებოდეს მომავალი თაობების გასამხნევებლად. ამგვარად, სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით, ფანატიზმისა და ფარული მიზნების გარეშე, წარმოვადგენთ ჩვენი ცხონებული ბერის ცხოვრებას – იმას, რაც ჩვენი თვალით ვიხილეთ, ჩვენი ყურით მოვისმინეთ და რაც შევიტყვეთ მათგან, ვინც ბერს ჩვენზე ადრე იცნობდა.

შენიშვნები

  1. იხ.ლუკ. 12,32. ↩
  2. იხ. მათ. 16,18. ↩
  3. იხ. 1 იოან. 4,4: „რამეთუ უფროის არს, რომელი თქუენ შორის არს, ვიდრე-ღა რომელი-იგი სოფლისაგან“. ↩
  4. კინობია (ბერძ. korvoßto – საერთო ცხოვრება, საერთო საცხოვრებელი) – მონასტერი, რომელსაც წინამძღვარი მართავს, მონაზვნებს კი ყველაფერი საერთო აქვთ: ქონება, ფული, ღმრთისმსახურება, ტრაპეზი (სადილ-ვახშამი) და ა.შ. ↩
  5. მონასტერში ბევრი მონაზონი ცხოვრობს, სკიტი კი რამდენიმე მცირერიცხოვანი საძმოსგან შედგება, რომელთა საცხოვრებელსაც კალივა ეწოდება, ხოლო სოხასტერი მეუდაბნოეთა და მარტოდმცხოვრებთა სამოღვაწეო ადგილია. ↩
  6. მწვალებლობა, წვალება, (ჰ)ერესი – არასწორი, დამახინჯებული ქრისტიანული სწავლება. ბერძნულისგან განსხვავებით, სადაც „ჰერესს“ უფრო რთული ეტიმოლოგია აქვს, ქართული სიტყვა ნიშნავს „გაყოფას, დანაწევრებას“ და გულისხმობს ეკლესიის ერთადერთი ჭეშმარიტი სწავლებიდან გადახვევას, ერთობის დარღვევის მნიშვნელობით. ამ ტერმინს საერთო არაფერი აქვს თანამედროვე ზმნა „წვალებასთან“ („ვაწვალებ, ვტანჯავ"). ↩
  7. იხ. ჩვენი წიგნი ბერი იოსებ ვატოპედელი, გვ. 55-59. ↩
  8. წმიდა ილარიონ ქართველი (ყანჩაველი) და მისი მოწაფე საბა მოძღვარი. ↩
  9. დაბ. 3,24. ↩
  10. იხ. დაბ. 3,18. ↩
  11. დაბ. 3,19. ↩
  12. იოან. 14,27. ↩
  13. იოან. 1,12: „ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილები გამხდარიყვნენ“. ↩
  14. იოან. 1,1. ↩
  15. იხ. მათ. 7,14. ↩
  16. საქმე 14,22. ↩
Share