სიკვდილის შესახებ – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

სიკვდილის შესახებ – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

ლექსები · სიკვდილის შესახებ

გაინტერესებს, საყვარელო, რაა სიკვდილი?

შენს სასარგებლოდ ორიოდე სიტყვით აგიხსნი,

ყური მომაპყარ საღვთო კრძალვით და მომისმინე,

ვით შეიძინო შენ ცხოვნების ტკბილნი ნაყოფნი.

სიკვდილს სიმხდალე ახლავს უხვად, ჩემო ძვირფასო,

მწარეა, ცივი, ყინულივით, და ამაზრზენი,

ღვთისგან მოგვეცა შვილებს ჩვენივ ურჩობის გამო

ჩვენს განსასწავლად მიებოძა უფლება ჩვენზე.

არ ინდობს მეფეს, არც გულოვან სარდლებს არ უფრთხის,

უძლეველ რაინდთ არას არგებს ძალმოსილება,

ვერ მოისყიდვენ ძღვენ პატივით – ჩალად არ აგდებს,

მპარავთა დარად გასაქურდად ყველას უხვდება.

არც უპოვარებს შეიწყალებს, არც ობოლ-ქვრივებს,

და არც ჩვილ ყრმათა დანდობა არ ხელეწიფება,

ნორჩი ქალ-ვაჟი, ბერიკაცი თუ დედაბერი,

ვალიაო და, სულეთისკენ მიუდის წყებად.

არ ეკრძალება ბერ-მონაზონს, სასულიეროს,

მღვდელია იგი, დიაკვანი თუ მღვდელმთავარი,

მართალი იყოს, გინდა ღირსი, გინდა წმიდანი,

ყველას დაისრავს, მაგრამ სიკვდილს მოკლავს ვერავინ.

თუ კაცთაგანი შეეცდება, რომ არ შესცოდოს,

რომ სიკვდილის ჟამს შიშისაგან თავი დაიხსნას,

უნდა ახსოვდეს, სანამ ცხოვრობს, სულ თვალწინ ედგას,

და როცა მოვა, სიხარულით მიეგებება.

კაცთაგანს ყველას კვდომა ელის, ვინც კი შობილა,

მაგრამ სიკვდილის მოსვლა მართლებს ვერ შეაძრწუნებს,

ემზადებიან შესახვედრად, ელიან კიდეც,

რადგან ამსოფლურ სიმწარეებს ის განაქარვებს.

მას, ვისაც უნდა სააქაოს რომ განეშოროს,

უნდა მივიდეს საფლავებთან, ცოტა ხნით დარჩეს

და მოუსმინოს, რას უბნობენ გარდასულები,

უსულო ძვლები, მძინარენი ეტყვიან სათქმელს.

სამარეებთან მისულები დაბრძენდებიან,

ამქვეყნიური საშვებლები აღარ იზიდავთ

იხილვენ მეფეთ, მხედართმთავრებს, ახლა უკვე რომ

ჯარისკაცთაგან აღარაფრით განირჩევიან.

იხილვებიან გარდასული მილიონერნი,

ღარიბთაგან რომ არაფრით არ განსხვავდებიან,

სიმხნეს, სიმდიდრეს და დიდებას ფასი ერთმევა,

ყველაზე სუსტნიც თანასწორნი მათნი ხდებიან.

სიკვდილი ლაგმავს ხელერთიან მხდალსა და ვაჟკაცს,

ბრძენს, პატიოსანს, არისტოკრატს, მდაბიოს, უკლოს*,

* საწყალს, უბედურს

მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი – სიკვდილი ცხადყოფს,

როგორ ემცრობა კაცი, როცა საფლავში ჩადის.

სიკვდილი თელავს ერთნაირად მაღალს და ქორფას,

ჩვილსა თუ ქალწულს, როგორც ჭაბუკს, ასევე მოხუცს,

რაღა აზრი აქვს მაშინ ნაკვთთა სახიერებას,

ქონებას დიდძალს, განძს, ნაგროვებს და გადანახულს.

თუ ყვავილი ხარ, ჭკნები, თეთრზე თეთრიც შავდები,

ის, ვისაც გესმის და საუბრობ, – უტყვი გახდები,

მატლად იქცევი, სხეულს შენსას მატლი შეგიჭამს

და დაგერქმევა იმავ მატლის ექსკრემენტები.

უახლოესი ნათესავნი, და-ძმა, მშობლები

ზურგს შეგაქცევენ, შეაწუხებთ გვამის სიმყრალე,

სადღა იქნება სამკაულნი, შვება-განცხრომა?

ყველაფერი ხომ დასრულდება საფლავში ჩასვლით.

მოვა სიკვდილი, უცებ ბოლოს მოუღებს დღეებს,

მიწადვე წავა, დაიბრუნებს მიწა ჩვენს სხეულს.

ამ ყოველივეს შეიგნებ და, გლოვდე ყოველდღე,

ვიდრე იხილავ დასალიერს, ჯოჯოხეთის მწუხრს.

და მაშინ, ჰოი, ჩემო სულო, ვაი შენ მაშინ,

რომ ხარ ესოდენ ზარმაცი და ვერას განმჭვრეტი,

ვით გაუსწორებ სიკვდილს მზერას, ჰოი, მდაბალო,

ცელს რომ გაჩვენებს და მკის ჟამის მოსვლით დაგესხმის?!

სასმისით ხელში სიკვდილს როცა შემოგთავაზებს,

გაყინულ სასმელს, მწარზე მწარეს და უსაზიზღრესს,

იმწუთას შიში რომ შეგიპერობს თხემით ტერფამდე,

ნუგეშად უხმობ თანამგრძნობებს და ნათესავებს.

განიპყრობ ხელებს და დაუწყებ მშველელებს ხმობას,

სიკვდილს მუდარით შეუვრდები: დამაცადეო,

არვინ მოგისმენს, არც არავის შეეცოდები,

სიკვდილი სასმისს დაგაძალებს: ჰა, დალიეო!

დალევ და წამსვე მთელ სხეულში ყინვა დაგივლის,

სისხლი იცვლება, გაკანკალებს, ოფლიანდები,

ვაი, საბრალო, რა წვალება და რა სალმობა

მოგიცავს იმ დროს, ვაი მაშინ, ვაი საბრალოს,

როცა არ იცი, სად მიდიხარ ან რა მოგელის,

მიუყვები გზას, უცხოსა და ავად სახილველს!

საზვერეები მოგელიან, ეშმაკთა რაზმნი,

თუ მზად არა ხარ, იმავე წუთს გაგაბრუნებენ,

ბნელეთს გიკრავენ თავს, თანმკვიდრად დაგიგულებენ,

რადგან ცოცხალი არ ზრუნავდი ხვალინდელ დღეზე…

და თუ შეძელი, საზვერენი რომ გადალახო,

ქრისტეს შეხვდე და გახდე ღირსი მასთან ყოფნისა,

მართლაც ნეტარ ხარ, ანგელოზებს გაუკვირდებათ

და სიხარულით იტყვით ერთად უფლის დიდებას,

შენ კი დატკბები უკუნითი უკუნისამდე,

რამეთუ ყოვლთა მხადის ჭვრეტით ნეტარებ.

ამინ.

6.

Share