გონს კარგავს, როგორც ღვინით თრობილი,
აღარც არაფრის თქმა სურს მის ენას,
არც სურვილი აქვს, სულს, გონებას, გულს, –
მხოლოდ: „იესო ტკბილო იესო, მამავ, ცხოვრებავ, თაფლზე უტკბესო“!
ო, ჩემი სულის სიცოცხლეო, ტკბობაო გულის,
ნათელო ჩემი გონებისა, სრულსიყვარულო,
ანკარა წყაროვ სიყვარულის, სასოვ და რწმენავ –
გთხოვ, ამიხსენი, როგორ შევძლო, სულ შენში ვიყო!
ჰე, სიყვარულო, მაცხოვარო ჩემო, იესო!
მხოლოდ ამას გხმობ, სხვას არას გთხოვ იოტისოდენს:
მყავდე მუდმივად, რომ შემეძლოს ფერხთ დაგივარდე,
ტკბილი ამბორით მივემთხვიო შენს ნალურსმალებს.
ცრემლი ვაწვიმო განუწყვეტლივ გულისტკივილით,
ფერხნი დაგილტო ერთიანად, ვით მარიამმა,
ვერ განმაშორონ ჩემს მაცხოვარს ვერრა ძალებმა,
ხელმწიფებათა, მთავრობათა, ბელიარისამ.
ეგ ვერ შეიძლოს სრულსამყარომ, მთელმა, მთლიანმა,
სიამოვნება-განცხრომებმა ამ წუთისოფლის
და მე ვინატრი იმ დროს, როცა ფეხებს დაგილტობ,
იქ წაიყვანო ჩემი სული, სადაც შენ უწყი,
რომ ღირსი გავხდე, შენ, მაცხოვარს, ღმერთს და შემოქმედს
სამარადისოდ გიგალობდე, გჭვრეტდე, გმსახურო,
წინასწარმეტყველთ, მარტვილთ, მართალთ ყოველთა თანა,
ღირსებთან, საღვთო მამებთან და დედებთან ერთად.
იქ, სადაც არის ანგელოზთა მთელი მხედრობა,
ქერუბიმები, სერაბიმნი, ხელმწიფებანი,
საყდარნი მხნენი, სადაც ყოვლადწმინდა ქალწული
და დედოფალი, ღვთისმშობელი მარიამია.
ამინ.
9.
ჩემი სახელი
მე არ დავწერე რაცა მქვია, ეს ყველამ იცის,
შენ თუ არ უწყი, მომისმინე, გეტყვი, რაც არი:
იწყო არაფრით, მიწა იყო, რითაც დაიწყო,
ასე რომ, მქვია მიწა, თიხა, მქვია ნაცარი.
მიწისგან შემქმნა, სახე მომცა თვით შემოქმედმა,
შემამკო სულით გონიერით, ასეთად ვიქეც,
და მქმნა მონაზვნად, რომ ვადიდო უფალი ღმერთი,
კმარა ძიება, არ შესცოდო, ძალი მოიეც!
მადლი მიაგე უფალს, მუდამ ადიდე იგი,
იგია ღირსი შენგან ქების და დიდებისა,
დაუსაბამო მამა, თვისით მხოლოდშობილით
ძით და სულითურთ ყოვლადწმინდით, სამება წმინდა.
რათა გაგვხადოს ცხონებულთა ნაწილის ღირსი,
მეოხად გვყავდეს დედაღვთისა ჩვენი უტკბესი,
და შეგვეწიოს ყოვლთა წმინდათ ღირსთა ლოცვები,
ამინ.
10.
როდესაც გაზაფხულს ელი
როცა მოელი გაზაფხულს და მოდის ზამთარი,
როცა მზეს ელი, მის ნაცვლად კი უკუნი დგება,
სილას გაწნავენ, შენ პასუხად ეამბორები –
მართლაც ძნელია გონებისთვის ამის გაგება.
დიდი დათმენით, სიყვარულით, ლოცვით უწვდი ხელს,
შეურაცხმყოფელს სულის დახსნის უხსნი ბილიკებს,
იქნებ ოდესმე შეურხიოს ტკბილი გრძნობები,
ეგებ ხელახლა დაუბრუნდეს რწმენის საწყისებს.
მამის წიაღში განისვენებს ძე,
მონაზონი კი მოძღვრის ხელით მოიბრუნებს სულს.