ემილიანე

ზრახვებისაგან განთავისუფლება – არქიმანდრიტი ემილიანე ვაფიდისი

არსებობს ერთი ზღაპარი, მელაზე, რომელსაც კუდი მოაძვრეს. მელა იმდენად მიეჩვია თავის უჩვეულო გარეგნობას, რომ შემდგომში  კუდიანი მელიის  წარმოდგენაც კი უჭირდა. სამწუხაროდ, მსგავსი რამ გვემართება ჩვენც. ჩვენ ისე მივეჩვიეთ ზრახვებსა და სხეულებრივ საცდურებს, რომ მათ გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმოგვიდგენია. ჩვენი არაბუნებრივი მდგომარეობა, ბუნებრივად გვეჩვენება, არადა ამაზე არანორმალურის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ზრახვები ან ჩვენი უგუნურების გამო გვებრძვიან, ან უფლის დაშვებით. მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, უფალს მფარველობა და საცდურთა და ზრახვათაგან განთავისუფლება უნდა შევთხოვოთ, რომლებიც გვტანჯავენ და მხოლოდ მათგან განთავისუფლების შემთხვევაში შეძლებს ჩვენი სული ჯანსაღ მდგომარეობას დაუბრუნდეს და შემდგომ უვნებობასა და განწმენდას მიაღწიოს [3, 108].

ცოდვა მუდამ ზრახვით იწყება. ზრახვა იმდენად მოქნილი და სწრაფია, რომ იქაც კი აღწევს, სადაც არანაირი შესასვლელი არ არის. იმ მომენტიდან, როდესაც ზრახვა ადამიანში შედის, მაშინვე ნათელი ხდება, საითკენ არის მიმართული ადამიანური ნების სიფრიფანა ისარი. მაგრამ, თუკი ადამიანი ზეციური საუფლოსაკენ მიმავალ გზას აირჩევს, რამდენი ზრახვაც არ უნდა თესონ დემონებმა, არცერთი არ ამოიზრდება. ზრახვა ეჯახება ადამიანს და აისხლიტება: ის ვერ შედის მასში, რადგან მეუფება ღმრთისა საიმედოდ არის შემოზღუდული. [1, 495].

ზრახვა უცხოა ადამიანის ბუნებისათვის

ის, ვინც ზრახვებს, ოცნებებსა და ხორციელ სურვილებს ემონება, აღარ იმყოფება სულიერი კანონების მორჩილების ქვეშ. რატომ? ვინაიდან, როგორც წესი, ზრახვები და ოცნებები – ადამიანის დაცემული ბუნების ნების, მისი სიღრმისეული და როგორც ახლა ვიტყვით ხოლმე, ქვეცნობიერი მისწრაფებების გამოვლინენებია. ზრახვების უკან თავისუფალი ნებელობა დგას. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი თავად იწვევს საკუთარ თავში ზრახვებს. გამონაკლისს მხოლოდ ორი შემთხვევა წარმოადგენს. 

პირველი, ადამიანს ეპატიება, თუკი მას თავდაპირველად ებრძვიან ზრახვები, როდესაც ესესაა ცოდვაზე უარი თქვა და ცდილობს უფლისათვის სათნოდ იცხოვროს. ის, ვინც მრავალი წელი ცოდვაში ცხოვრობდა  და ახლა სურს მოინანიოს, თავდაპირველად, ბუნებრივია დაიტანჯება ზრახვების, ოცნებებისა და სხვადასხვა საცდურებისაგან. თუკი ის, არა მხოლოდ ხორცის დასათრგუნად ებრძვის საკუთარ თავს, არამედ ცდილობს ყოველგვარი ვნებისა და მაცდური წარმოდგენებისაგან გათავისუფლდეს და მთელი გულით უფლისკენ არის მიმართული, სრულიად ამყარებს რა იმედებს სულიწმინდის მადლმოსილებაზე, საცდურები თანდათანობით შესუსტდებიან და საბოლოოდ სრულიად გაქრებიან.

მეორეს მხრივ, ზრახვები საპატიოა მაშინ, როდესაც მას გვინერგავს ეშმაკი. ეს უფლის განსაკუთრებული დაშვებით ხდება ხოლმე. ეს შემთხვევა უფრო დეტალურად განვიხილოთ. როგორც ცნობილია, ადამიანის ბუნება შექმნილია ისე, რომ ის მიისწრაფვის უფლისაკენ, მისი სული შექმნილია იმისათვის, რომ ზეაემაღლოს და თავის პირველსაწყისს, თავისი ყოფიერების  წყაროს – ღმერთს  შეხვდეს, რომელმაც სიცოცხლის სუნთქვა შთაბერა მას. მაგრამ, თუკი ადამიანის სული, თავისი ზრახვებით ქვესკნელის, ქვესამყაროსკენ მიემართება, მაშინ, რა თქმა უნდა, მთელი მისი ცხოვრება არაბუნებრირი ხდება: ანგელოზი ტალახში ეფლობა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ მდომარეობის ნორმალურად მიჩნევა, რადგან ანგელოზი, სულიერ არსებად და უფალთან ცხოვრებისათვის არის შექმნილი.

როდესაც ეშმაკს, უფლის დაშვებით, საშუალება ეძლევა აცდუნოს ადამიანი, თუკი ეს ადამიანი სულიერია, ის მომხდარს ძალიან მწვავედ განიცდის, წუხს და იტანჯება, რადგან არ სურს ასე დაბლა დაცემა. ის, ასე ვთქვათ, რაღაც ავადმყოფურ მდგომარეობაში იძირება, რადგან უფალმა მისი შეძვრის და წვალების ნება დართო ეშმაკს. უფალი კი ამას უშვებს იმიტომ, რომ ან ადამიანის უფლისადმი სიყვარული გამოავლინოს, და ამ შემთხვევაში ის გაიმარჯვებს, ან კი, გამომჟღავნდეს მასში არსებული გულგრილობა და სიყვარულის დეფიციტი, ასეთ შემთხვევაში კი, ადამიანი, თავისი მანკიერებების გამოვლენით,  იწყებს უბედურ და სულიერი ტანჯვით აღსავსე ცხოვრებას.

ზრახვა – სრულიად უცხოა ადამიანური ბუნებისათვის, ეს გახლავთ ემანაცია გონებისა საკუთარ თავს მიღმა. გონება იმისათვის შეიქმნა, რომ თავის თავში ჩაღრმავდეს და ადამიანური არსებობის სიღრმეები გამოიკვლიოს. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ადამიანთაგან ვინ იცის, თუ რა არის ადამიანში, გარდა სულისა რომელიც მასში მკვიდრობს(იხ. 1 კორ. 2, 11)? გონება ასევე შექმნილია იმისათვის, რომ  მჭვრეტელობისა და სულიერ სამყაროსთან კავშირის გზით, ყოვლადწმინდა სამების გამოუკვლეველ საიდუმლოებებს ჩასწვდეს. მაგრამ, ყოველივე ამის ნაცვლად, ის ზრახვებს არის აყოლილი, გამოდის მიღმიერიდან, მისთვის უცხო სამყაროში დახეტიალობს და აქეთ-იქით მიედ-მოედება. ამგვარად, ის განლევს თავის ძალებს, შორდება ჭეშმარიტ სამყოფელს  და როგორც მოხეტიალე მოგზაური, სამშობლოსაგან შორს, უცხო მიწაზე ცხოვრობს.

თუმცაღა, უფრო ცუდი ის გახლავთ, როდესაც გონება შინაგანი საკნიდან გამოდის და ოცნებებს მიეცემა. ამ დროს, ის მეტად უხეში და მატერიალური, ხორციელი ხდება. წარმოსახვა გაცილებით ძლიერია, ვიდრე უბრალოდ ზრახვა, ის ბილწავს ადამიანს ისე, რომ ის კარგავს გონებისმიერ და აზრისმიერ საგნებში წვდომის უფაქიზეს უნარს. ოცნებებში ჩაძირული ადამიანი, ვერასოდეს შეძლებს თავისი შინაგანი სამყაროს გამთლიანებას და შესაბამისად   უფალთან ურთიერთობას, რომელიც უბრალოა და მარტივი. უნდა იყო უბრალო, სუფთა და სრულყოფილი, რომ მიუახლოვდე ღმერთს [3, 160–162].

როგორც წესი, ადამიანის ყოველი ზრახვა, მისი ნებისა და სურვილებისგან არის წარმოშობილი. რაც ადამიანს სურს, იმავეს ზრახავს, იმავეს წარმოიდგენს და დღე და ღამ ამით ცხოვრობს[3, 163].

თუკი ჩვენ ხმამაღლა ვაჟღერებთ ჩვენს ზრახვებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვეთანხმებით მათ. თითქოს წითელი მელნით  ვაწერთ ხელს მათზე და პირად ბეჭედსაც დავურთავთ[3, 201].

ზრახვა – ყოველთვის რაღაც უცხო წარმოშობისაა. როგორც თვალს არ ძალუძს არაფერი უცხოს აღქმა, ასევე არ ძალუძს ჩვენს გონებას დაიტიოს რაიმე უცხო.  თუკი ჩემში ცხოვრობენ ზრახვები, ეს ნიშნავს, რომ ჩემი გონება გაძარცვულია, ის არა უბრალოდ ალყაში, არამედ დამარცხებულია, რადგან ჩემში ეშმაკი შემოსულა. თავად ის ფაქტი, რომ ჩემში არის ზრახვები, ნათლად აჩვენებს, რომ მე – დატყვევებული, გავერანებული და გადათელილი ქვეყანა ვარ. მაგრამ მე არ ვეთანხმები ამ აზრს და თავს იმით ვიმართლებ, რომ ზრახვები აქვს ყველას.  

რა არის ზრახვა? თუკი ღრუბელს ზღვაში ჩავძირავთ, ის წყლით გაიჟღინთება, ასევეა ჩემი გონება  ზრახვებით გაჟღენთილი, ვინაიდან, მე მაცდურის უფსკრულში ვარ ჩაძირული. ზრახვებისაგან თავისუფალი ადამიანისათვის, ეს რაღაც არაბუნებრივია, მაგარამ ნაცვლად იმისა, რომ ვაღიარო ჩემი რეალური მდგომარეობა, თავს ვიტყუებ იმით, რომ ზრახვები ყველას აქვს და ამის შესახებ წიგნებშიც არის საუბარი. 

მოვიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი. მე არ გამომდის ლოცვა. ვცადე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ – არაფერი გამომივიდა, მაშინ მე იმედი მიცრუვდება, იმედგაცრუება კი – სიცრუეა. იმედგაცრუება ნიშნავს, რომ არ არის ღმერთი, მაგრამ ღმერთი არის!

თუმცა, სიცრუეც, თავისი ჩვეული გაგებით, არანაკლებ საშინელი სიტყვაა. ასეთ შემთხვევაში, სიცრუე –  ადამიანური ღირსების, აზროვნების, ნებისა და ძალების დაკარგვას ნიშნავს. სიცრუე აჩვენებს, რომ ადამიანს არა აქვს მყარი “სახსრები”, ამიტომაც მას არ შეუძლია დგომა და ეცემა, მაშასადამე, სიცრუე ცხადჰყოფს ადამიანის უნებობასა და უძლურებას[1, 339–340].

მოვიყვანოთ მაგალითი. ლოცვისას მტერი ღვთისგმობის, სიძვის ან ურწმუნოების ზრახვას მაწვდის, ეს ზრახვა – არ არის ჩემი ნამოქმედარი, რადგან მე ის არ მსურდა: როდესაც ვლოცულობდი, ის როგორც ტყვია, ისე მომხვდა და ამიტომაც, მე არ დამიგმია უფალი და არ შემიცოდავს. რაში მდგომარეობს სატანის წარმატება? უბრალოდ ზრახვით ის ვერ წამბილწავს მე, რადგან ზრახვა უცხოა ჩემთვის, ის ჩემი არ არის. მე ჩემ ცოდვებზე ვაგებ პასუხს და არა მტრისაზე. თუმცა, ეშმაკმა აი რას მიაღწია: მან დაასაქმა ჩემი გონება და შემდგომ ჩემი ნება. ჩემი გონება ახლა მოუხმობს: “შემინდე იფალო, რამეთუ უღმერთო ვარ”. როგორც კი ამას ვიტყვი, მყისვე მისკენ მიემართება ჩემი ნება და მე ვწყვეტ ლოცვას. ის ახლა დაკავებულია იმით, რომ განდევნოს ღვთისმგმობელი და სიძვის ზრახვები და ასეთ შემთხვევაში, მაშინვე იცვლება ჩემი მდგომარეობა, ჩემგან გამომავალი ქმედება სხვაგვარი ხდება, ამ ზრახვის წინააღმდეგ ამხედრებისთანავე, მე ვტოვებ უვნებობის მდგომარეობას და სრულიად მივიდრიკები ვნებებისაკენ. შედეგი? ეშმაკი იმარჯვებს, რადგან ის ჩემი გონების დასაქმების საშუალებას პოულობს. 

ეს მსგავსია იმისა, პატარა ბავშვს ფეხებთან ბურთს რომ მიუგორებ, ის გტოვებს, იტაცებს ბურთს და იწყებს თამაშს, ამგარადვე, ეშმაკი შემოგიგდებს ზრახვას, არა იმიტომ, რომ თავად ეს ზრახვა არის მნიშვნელოვანი, არამედ იმისათვის, რომ მოგვცეს საქმე და რაიმეთი დავკავდეთ. ამგვარადვეა შესაძლებელი გაანალიზება, ყოველი მის მიერ დაგებული  მახისა [1, 510–511].

სიძვის ცოდვის საფრთხის შესახებ

გენდერული თანასწორობის მიღწევა, რომელზეც ჩვენ დროში ამდენს საუბრობენ, შესაძლებელია მხოლოდ მასზე სწორი ეკლესიური შეხედულების ქონის შემთხვევაში. ჭეშმარიტად, არ არსებობს მამრობითი და მდედრობითი სქესი (გალატ. 3, 28), მაგრამ ეს მიიღწევა მხოლოდ მათ მიერ, ვინც არ ექცევა ცდუნების ქვეშ, ვინც უკვე მიაღწია შედარებით ან თუნდაც სრულ უვნებობას და ამგვარად, ის ვერ ხედავს სხვაობას საპირისპირო სქესთა შორის. საპირისპირო სქესის მიმართ ლტოლვა – ერთ-ერთი ყველაზე მტანჯველი ვნებაა. თუკი ჩვენ მკაცრად ვცდილობთ სისპეტაკის შენარჩუნებას, ვაანალიზებთ, თუ რაოდენ სერიოზული  პრობლემაა ეს.  ამაში კი,  მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანთა გამოცდილებანი გვარწმუნებენ. 

ადამიანები ერში, მართლაც რომ დამონებულნი არიან ხორციელ ვნებებს. სასიყვარულო ლტოლვის, ვნების სიმბოლოს წარმოადგენს ისარი, რომლითაც საპირისპირო სქესი განგმირავს შენს გულს და გკლავს. ჭეშმარიტად, ერთმა ცოდვისმიერმა გამოცდილებამაც კი, შესაძლოა საბოლოოდ დაღუპოს ადამიანი. თუკი უფლის მადლით, ადამიანი შეძლებს გაუძლოს ცდუნებას, ცოდვის ნაკვალევი, ისევე, როგორც ისრები, ადამიანში მთელი ცხოვრების განმავლობაის რჩება: მცირე მიზეზის გამო ის შეიძლება მოიღუშოს, გაბრაზდეს, მოიწყინოს, იგრძნოს თავისი არასრულყოფილება, შეგეწინააღმდეგოს, დაგიპირისპირდეს და დრტვინვას მოჰყვეს. რატომ? იმიტომ, რომ ოდესღაც მას ჰქონდა ამ ცოდვისმიერი გამოცდილება, ახლა კი, არ შეუძლია სწორი დამოკიდებულება ჰქონდეს მასთან. შესაძლოა მას სიმშვიდე დაუფლებოდა, თავისი ცოდვისათვის ზრდასრული, სულიერი ადმიანის მსგავსად რომ შეეხედა, ანუ, სინანულით რომ გაეხსნა გული უფლისა და ადამიანებისათვის. ადამიანი, რომელიც ემალება უფალსა და ადამიანებს, ვერასოდეს მიაღწევს ზრდასრულობასა და სულიერ წონასწორობას. საზოგადოებისაგან დამალვისაკენ სწრაფვა – განუკურნებელი სენია.  ეგრეთწოდებულ შევიწროებათა [13]და  საზოგადოებისაგან განცალკევების აურაცხელი რაოდენობა, ჩვენს ფსიქიკაში, რაღაც მოვლენიდან გამომდინარე ხდება, რომელსაც ჩვენ ან ვმალავთ, ან არ გვსურს, რომ ის გარშემომყოფებმა გაიხსენონ [2, 309–310].

როდესაც ქალსა და მამაკაცს შორის დისტანცია ირღვევა, ხდება სულიერი და გულისმიერი დაკავშირება, რომელიც განდევნის სირცხვილს. თანდათანობით, ადამიანი მივა იმ მდგომარეობამდე, რომ თავს ცდუნებისაგან ხელშეუხებლად  და წმინდად იგრძნობს, მას ეგონება, რომ შიშველი ქალის შეხედვის შემთხვევაშიც კი უვნებოდ დარჩება და ყოველგვარი საშიშროების მომტანი შედეგების გარეშე შეუძლია იოცნებოს. ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანის სულიერი ხედვა უკიდურესად შესუსტებულია [2, 322–324].

ჩვენ, პირველ რიგში, ხორციელ ცოდვებზე სწორი მსჯელობა უნდა შევძლოთ, არ გეგონოს, რომ თუკი შენ სუფთა ხარ გულით, ასევეა ყველა, მეორეს მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ სოფელი ბოროტსა ზედა დგას (1 იოან. 5, 19), ის ჩემ ბუნებაშია [2, 334].

აბბა ისაია ამბობს: “თუკი რომელიმე ადგილზე ძილი მოგიწევს, ნუ დაიფარებ მოსასხამს ვინმესთან ერთად, არამედ, სანამ დაწვები, ბევრი ილოცე გულში”. ხორცი მუდამ ბოროტებისკენ, ცოდვისკენ მიილტვის, და არ შეგიძლია თავი უძლეველად მიიჩნიო, რადგან საბოლოოდ ან თავად დაეცემი, ან მოყვასს უბიძგებ ცოდვისაკენ. ყოველი ცოდვა ჩვენს ფეხებთან ძევს და ცდები, თუკი ფიქრობ, რომ შენთვის საფრთხე არ არსებობს: ასეთი უშიშრობა ცუდია.

თუკი ოთახში ვინმესთან ერთად დაძინების აუცილებლობა შეიქნება, უმჯობესია საერთოდ არ დაიძინო, ვიდრე ორივემ ერთი საბანი დაიფაროთ. დაე მოყვასმა დაიძინოს. მაგრამ, თუკი შენ შენს საწოლზე წევხარ, ის კი თავისაზე, სანამ დაიძინებ, უამრავი ლოცვა აღავლენე გულში, რათა არა მოყვასთან სიახლოვის შეგრძნებით დაიძინო, არამედ, ლოცვაში ჩაძირულს, თანამოსაუბრედ და თანამცხოვრებად გყავდეს ქრისტე[1, 94].

უნდა ვისაუბროთ ხორციელ ვნებაზეც. ის  ადამიანის არსებას ნაკუწებად აქცევს, ამსხვრევს მისი პიროვნების ცენტრს, გულს და მის სულიერ ძალებს არაბუნებრივ იმპულსებად და ვნებებად გარდაქმნის. ადამიანის სულიერი ძალები იმდენად ზიანდება, რომ საკუთარი თავისვე წინააღმდეგ აღიძვრება და ნაცვლად იმისა, რომ მის შინაგან ერთობას ემსახუროს, პირიქით, უფრო მეტად და მეტად ხლეჩენ მის არსებას. ირღვევა სულიერი ერთობა და იტანჯება ხორციც. შინაგანი წინააღმდეგობანი, ანადგურებენ ადამიანს: მას ერთის გაკეთება სურს და აკეთებს მეორეს, გადაწყვეტს ერთს, მაგრამ მოქმედებს სხვაგვარად, არ ცხოვრობს ისე, როგორც სინამდვილეში სურს. იმ შედეგების მიხედვით, რომლებიც ხორციელ ვნებათა აღძვრას მოჰყვება, ცხადი ხდება, რომ ის სრულიად უცხოა ადამიანური ბუნებისათვის, რამეთუ ცოდვით დაცემის შემდეგ შევიდა მასში[3, 162–163].

დღესდღეობით, როდესაც ვინმე უმწიკვლოდ ცხოვრობს, მასზე ამბობენ, რომ არაბუნებრივად, ბუნების საწინააღმდეგოდ და არანორმალურად იქცევა. მაგრამ, როდესაც ცოდვაში ცხოვრობს, ამბობენ, რომ ეს ბუნებრივია. ხალხი რყვნის ყველაფერს და ადამიანს თავისი მოსაზრებების, ჩარჩოებისა და წარმოდგენების  ისეთ ჭაობში ნთქავს, რომ მას უკვე აღარ შეუძლია იქიდან ამოსვლა. რაც არ უნდა მოიმოქმედოს, ის აღმოაჩენს, რომ მტრებმა უწმინდურებით სავსე თხრილში ჩააგდეს, რომლიდანაც  ამოსვლა შეუძლებელია. და არა მხოლოდ ამოსვლა, არ შეუძლია ცხარე ცრემლებით უფლისათვის შემწეობის თხოვნაც კი[1, 258].