295403358 365803745715275 7930813402088131153 n

არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი) – გაექეცი კამათს

ახლობლებს ნუ შეეწინააღმდეგები. ყველაფერზე დაეთანხმე, უთხარი „კარგი“. ხოლო თუ ისეთ რამეს გთხოვს, რისი გაკეთებაც არ შეიძლება, იმიტომ, რომ ცოდვაში ჩაგაგდებს, გაიხსენე ძველ მონაზონთა სიბრძნე: უთხარი „დამლოცე“ და ისე მოიქეცი, როგორც შენ გსურს. ოღონდ, აუცილებლად უთხარი „დამლოცე“. ხოლო, თუ დაიჟინა, რომ მაშინვე დაემორჩილო, უპასუხე: „ეხლა არ შემიძლია, ხვალ გავაკეთებ“. ხვალამდე საკითხი მოგვარდება. ერესისა და განხეთქილების ჩამომგდებ დემონთან საქმის დაჭერა გერჩივნოს კინკლაობისა და თავის მართლების მოყვარულ ადამიანთან დავას. მაგალითად, ვიღაც მეუბნება: „წითელი საღებავი არ უნდა მოგეტანა, მწვანე აჯობებდა.“ მე ვპასუხობ: „როცა გკითხე მითხარი თვითონ აარჩიეო. თავი შევიწუხე და ათენიდან ჩამოვიტანე“. ის კი ჯიუტად ამტკიცებს-მწვანე გითხარიო. ასეთ შემთხვევაში მე უნდა ვუპასუხო: „მართალი ხარ, შენს სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე, გვიან მივხვდი ჩემს შეცდომას, რათქმა უნდა შენ მართალი ხარ“. უთანხმოება აქ დამთავრდება: ძმასაც გავახარებ და მეც წითელი საღებავი შემრჩება. მარტივიცაა და ადვილიც. ცოტაოდენი ცხოვრებისეული კეთილგონიერების მქონე ადამიანისთვის გამოუვალი ვითარება არ არსებობს; ყოველთვის შეძლებს ღირსების, რწმენის, ქრისტიანული სიყვარულის შენარჩუნებას. პრიმიტიული სიყვრულისა და დათმობის უნარი პირუტყვებსაც კი აქვთ. მხოლოდ ადამიანები ვდავობთ და თავს ვიმართლებთ.

„გაექეცი კამათს“. არასდროს იჩხუბო, არავის აუხირდე, თორემ აბსურდული ვითარებების დანაშაულში გაეხვევი. ადამიანის ერთი ხელი რომ მეორეს უბაგუნებდეს, ან მარჯვენა თვალმა მარცხენას დაუპიროს ამოთხრა-მომხდარის აბსურდულობა გაგვაოგნებდა. ასეთივე აბსურდია, როცა გამაღიზიანებელი სიტყვებით ახლობელს წონასწორობას ვაკარგვინებთ და ერთსულოვნებას ვანგრევთ. ჩვენი სიცოცხლე ღმრთაებრიობით და სულიერებით აღსავსეა, მაგრამ რადგან სხეული გვმოსავს, მას ადამიანური მხარეც აქვს – მგრძნობიარენი და ადვილად მოწყვლადნი ვართ, კეთილგონიერება გვმართებს. თავი შევიკავოთ ისეთი სიტყვებისა და ქცევისგან, რომელიც სხვისთვის მოსაწონი არ არის, თორემ გაქრება მშვიდობა და სააღმრთო სიყვარული. ამიტომ ამბობს წმინდანი: „გაექეცი კამათს“, ნურავის აუხირდები. ისე მოიქეცი, შენს ახლობელს რომ ეამება. ნუ დაუახლოვდები კამათის მოყვარულ ხალხს. თუ ხედავ, რომ ორი ძმა ერთმანეთს ედავება, უკანმოუხედავად გაერიდე, თორემ ჩაგითრევენ და შესცოდავ – ანგელოზივით მისული, ამ ჩხუბის მერე დემონად იქცევი.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ