UTA 6437

მდუმარება და მრავლისმეტყველება – არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი)

რატომ არის მდუმარება აუცილებელი?

საუბრებს პრობლემები მოჰყვება ხოლმე. ისინი ადამიანის შინაგანი და გარეგანი არსების ერთიანობას არღვევენ: გარეგანს ყველა სხვა ადამიანისაგან აშორებენ, შინაგანს კი – განყოფენ. საუბრისას, ჩვენი ფიქრები, გონება და აზროვნება იფანტება, და ჩვენ არც ლოცვა და არც ყურადღების მოკრება არ შეგვიძლია.

მდუმარება კიდევ ერთი მიზეზით არის აუცილებელი. თუკი შეპყრობილები დემონს თავის ხელებში ჰყავს მომწყვდეული, ჩვენზედ მას ამგვარი ძალაუფლება არ გააჩნია, ჩვენი საუბრები კი – ერთადერთი საშუალებაა ჩვენში გაღებულ ბაგეთაგან შესვლისა და გამოსვლისა, ჩვენში ის  ზრახვების, უწმინდური სურვილების, გრძნობების, წარმოსახვების, ვნებების, სირთულეების, იდეებისა და ოცნებების სახით, თესავს თავის “სიტყვებს”.  ჩვენ კი გვგონია, რომ ეს ჩვენი საკუთარი აზრები და სურვილებია. როგორც მეთევზე აგდებს ბადეს და  დასასვენებლად მიდის, დილით კი მოდის და ნადავლის სანახავად ამოაქვს ბადე, ასევეა დემონიც, როდესაც ხედავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ, თავის საქმეს აკეთებს და მიდის, შემდეგ კი ბრუნდება და ამოწმებს რა გამოუვიდა. ჩვენ კი წარმოდგენაც კი არ გვაქვს ამ ყველაფერზე.

როდესაც ადამიანი მკაცრად ცდილობს თავისი ენის ალაგმვას, რომ არ განიკითხოს და აღარ ისაუბროს: დასდევ, უფალო, საცო პირსა ჩემსა და კარი – ძნელი ბაგეთა ჩემთა (ფსალმ. 140,3), ამით ის აჩვენებს, რომ ღვაწლშია, ანუ მართლაც რომ კეთილშობილურად იქცევა და ჭეშმარიტ სინანულშია.

დაე ყოველი შენი სიტყვა ყოფილიყოს გონივრული და ღირსეული მიზეზი გქონოდეს მათ წარმოსათქმელად. ენას კბილი დააჭირე, რომ უქმი სიტყვები არ წამოგცდეს ბაგეთაგან. თუკი საკუთარი თავის მიმართ ასეთი ყურადღება აუცილებელია ერისკაცთათვის, მაშ, მით უმეტეს ბერებისათვის. უქმი სიტყვა – არამხოლოდ დაბრკოლებაა სიწმინდისაკენ მიმავალ გზაზე, ის ჩვენს ცხონებასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. რაც უფრო ამაოა სიტყვა, მით უფრო საშიშია იგი. იმის გამო, რომ ჩვენ უქმად ვმეტყველებთ და განვიკითხავთ, უფალი ჩვენზედ  ზრახვებს, ხორციელ საცდურებსა და ჩვენ მიერ უღირს ქმედებათა აღსრულებას დაუშვებს ხოლმე. მაგრამ ვერცერთი ჩვენგანი  ვერ ხვდება ამას. როდესაც რაიმე ცდუნებას ავყვებით, ან ზრახვები გვტანჯავენ, ჩვენ უფალს ვევედრებით და მათგან განთავისუფლებას ვთხოვთ. უამრავი ადამიანი ებრძვის დაავადებებს, მათ მიზეზებს კი ვერ პოულობს. იღებენ ანტიბიოტიკებს – მაგრამ უშედეგოდ. ამავეს განვიცდით ჩვენ ზრახვებთან და საცდურებთან შეჯახებისას. თუმცაღა, თუკი მრავლისმეტყველებას შევწყვეტთ, ჩვენ განვიკურნებით.

საუბრებს მუდამ ცოდვასთან, განკითხვასთან და განხეთქილებასთან მივყავართ. ხედავ რომ ვიღაც საუბრობს? ეჭვგარეშეა, რომ ეს ადამიანი მარტოსულია. ის, ვინც ქრისტეს სხეულთან ერთობას განიცდის, მდუმარება უყვარს, რათა არ დაკარგოს მდუღარება სულისა. ყველაზე გულმხურვალე ადამიანიც კი, როგორც კი პირს გააღებს, კარგავს გულმხურვალე საღმრთო მოშურნეობას, ყველაზე გონიერი კი – ხდება უგუნური. შენს წინაშეა ადამიანი, რომელიც ბევრს ლაპარაკობს? თუკი მას უგუნურად ჩათვლი, შენ მართალი იქნები. გონიერი ადამიანი, გაწონასწორებული, მოწიფული და უბრალო – მდუმარეა.

როდესაც ძმებთან ერთად მივდივართ, მდუმარება უნდა შევინარჩუნოთ და ვიყოთ ზომიერად კომუნიკაბელურნი. თუკი ჩვენ ვსაუბრობთ, მით უმეტეს მესამე პირებსა და არასერიოზულ პრობლემებზე, ჩვენ ვკარგავთ ჩვენს პიროვნულ ღირსებას და ცხოველებს ვემსგავსებით. აუცილებელია სამეუფო გზა, ანუ კომუნიკაბელურობა, რომელიც გონებისა და ბაგეების დაცვასთან არის თანაზიარი. დასდევ, უფალო, საცო პირსა ჩემსა – ასე ვევედრებით ჩვენ უფალს ყოველ დღე, მაგრამ რწმენის გარეშე. ჩვენ ალბათ მოვკვდებოდით, ფსალმუნნის ამ გამონათქვამის არსს რომ ჩავწვდომოდით. და უკვე რამდენი წელია ჩვენ ის გვესმის, თუმცაღა, იმდენჯერვე ვცოდავთ მის საპირისპიროდ.

ამაო საუბრები ანადგურებენ ადამიანს

მრავლისმეტყველი ადამიანი ხშირად არასათანადო სიტყვებს ამბობს და მას მუდამ აქვს სათქმელი. ის კი, ვინც მიდრეკილია საუბრისაკენ, მიუხედავად უღირსი აზრების არქონისა (თუმცა, ისინი შესაძლოა ათას საფარველ ქვეშ იმყოფებოდნენ), მაინც მსგავს ზრახვებამდე მივა. საუბრისადმი მიდრეკილება – ერთ-ერთი ყველაზე მტანჯველი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც საკუთარი თავის უფლისათვის მიძღვნა სურს, ის ნათელყოფს გულის უსუსურობას და ღმერთთან ურთიერთობის არქონას.

როდესაც გრძნობ, რომ შენს წინ ვიღაც დიდი ადამიანი დგას, შენ არაფერს ამბობ, მხოლოდ უყურებ მას, უსმენ და მის შეკითხვებს პასუხობ. მხოლოდ ის, რომ მე ბევრს ვსაუბრობ, ცხადჰყოფს, რომ მე ვერ ვჭვრეტ ჩემს წინაშე ღმერთს და ჩემ წინ არ ჩანს პერსპექტივა, რომელიც ზეცაში ამიყვანს. საუბრები, რაღაც ნიშნებივითაა, რომლებიც უხილავ თუ ხილულ ცოდვებს მალავენ, ვინაიდან გონებაც, გულიც და განსჯის უნარიც, განყოფილნი არიან ერთმანეთისაგან. როდესაც შენ საუბრობ, ან სხვათა საუბარს უსმენ, შენ მთელ სამყაროს ეხები, რომელსაც შენ თავად ან შენი თანამოსაუბრე გადაშლის თქვენს თვალწინ. ამ დროს შენი სული იფიტება, ნადგურდება, შენ კარგავ სულს და გრჩება მხოლოდ ხორცი, რომელსაც არ ძალუძს დანაკარგის ანაზღაურება. და რას მოიმოქმედებს ის ამ დროს? ხდება აღმსრულებელი სიავისა.

ადამიანებს ჩვევად აქვთ მრავლისმეტყველება. როდესაც ისინი ხედავენ სერიოზულ ადამიანს, რომელიც მათთან საუბარში არ ერთვება, ამბობენ: “მას უნდა წმინდანი გახდეს”. თითქოს მათ არ სურდეთ წმინდანებად გახდომა, თითქოს მათ არ დაუდვიათ წმინდანად ყოფნის ფიცი, თითქოსდა მოწოდება წმინდანებად გახდომისაკენ,  მათ არ ეკუთვნით. ამგვარი საქციელით ისინი, ისეთ ზეწოლას ახდენენ ამ ადამიანზე, რომ შემდგომში მას სხვა კომპანიაშიც კი უჭირს გამოჩენა. და როდესაც სადმე გამოჩნდება, გრძნობს, რომ თუკი ამ ადამიანთა გვერდით  სურს ყოფნა, ის უნდა იყოს პირველი საუბარში, მაშასადამე ცოდვაშიც.

ჩვენ უნდა შევიყვაროთ მდუმარება, რამეთუ სიტყვა განგვძარცვავს ჩვენ და როგორც წესი, ჩვენი ავადმყოფობანი გამომდინარეა უქმადმეტყველებიდან.

ადამიანი, რომელსაც თავისი ენისათვის არ უსწავლებია მდუმარება, არ გაუწვრთნია და არ აულაგმავს იგი, და ამავდროულად მოყვასთან საუბრისას თავისუფლებას აძლევს მას, განძარცვულია სათნოებათაგან. როგორც სახელმწიფო დროშა, რომელიღაც კონკრეტულ სახელმწიფოზე მიგვანიშნებს, ასევე აულაგმავი ენა ადასტურებს იმას, რომ ადამიანში სათნოებათა ნასახიც კი არ არის.

საჭიროა არამარტო ვიფხიზლოთ ღამე, არამედ არ ვისაუბროთ დღე. უმჯობესია მთელი ღამე იძინო და მთელი დღე დუმდე იმის გააზრებით, თუ რას აკეთებ, ვიდრე ფხიზლობდე ღამით და დღე მრავლისმეტყველებბდე.

როდესაც ბაგე დუმს, გონება უფლისკენ მიემართება. ჩვენ ხშირად ვამბობთ: “მე არ შემიძლია ლოცვა, გონების მოკრება, არაფერი არ შემიძლია”. ეს იმიტომ, რომ შენ არ უფრთხილდები შენს ბაგეებს. როგორც კი მდუმარებას მიაჩვევ მათ, შენი გონება მაშინვე “ზეციური” გახდება.

და პირიქით, ვინც ბევრს ლაპარაკობს, ხდება უსიხარულო, ზარმაცი, გულმავიწყი, არ ძალუძს ლოცვა, ვერ ფხიზლობს ღამით და რასაც არ უნდა აკეთებდეს, ძილი ერევა. მრავლისმეტყველება,  სულიერი ცხოვრებისათვის საჭირო ყოველგვარ შინაგან განწყობას ანადგურებს. ის არამხოლოდ ანგრევს ჩვენს ურთიერთობას მოყვასთან, არამედ ამრავლებს გულისწყრომას, რომელიც გულსასტიკობიდან გამომდინარეა და მრისხანებამდეა მიმყვანებელი. ამგვარად, ნაცვლად იმისა, რომ შენს ცხოვრებად და საქმიანობად იქცეს უფალი და სათნოებანი, შენი გონება ხდება დაკავებული მოყვასით.


წყარო: წიგნიდან “Жить в присутствии Бога” , არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი), მოსკოვი 2020

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share