IMG 0140

მოწაფისა და მოძღვრის საუბარი იესუს ლოცვის შესახებ (ნაწილი I) – წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

მოწაფე: მონასტერში იესუს ლოცვით შრომა ყველა ძმას შეუძლია?

მოძღვარი: არათუ შეუძლიათ, არამედ ვალდებული არიან. ყველა ახლად აღკვეცილ მონაზონს ეძლევა სკვნილი, როგორც სულიერი მახვილი, ნიშანი აღთქმისა, რომ დღედაღამ, მოუკლებლად მოუხმობს იესუს სახელს. შესაბამისად, იესუს ლოცვაში ვარჯიში აღთქმაა, რომლის აღსრულებაც ვალდებულებაა და გვერდს ვერ ავუვლით.

მოხუც მონაზონთაგან მსმენია, რომ ჯერ კიდევ ამ ასწლეულის დასაწყისს, საროვის უდაბნოს მონასტრებში და არა მარტო იქ,  ახალმოსულებს პირველივე დღიდან ასწავლიდნენ იესუს ლოცვას. ნეტარი ბერი სერაფიმე საროველი, რომელიც ამ უდაბნოში მოღვაწეობდა და დიდად წარემატა ლოცვაში, ყველა მორჩილს  ურჩევდა, ფხიზლად ეცხოვრათ და იესუს ლოცვაში გაწვრთნილიყვნენ.  ერთხელ, მასთან მივიდა ახალგაზრდა, რომელსაც ცოტა ხნის წინ დაესრულებინა სწავლა სასულიერო სემინარიაში და მონაზვნობა სურდა. წმინდა სერაფიმემ ყმაწვილს მაცხოვნებელი დარიგებები მისცა, მათ შორის, სწავლება იესუს ლოცვაში გარჯის აუცილებლობის შესახებ. ის ამბობდა: „მხოლოდ გარეგნული ლოცვა არ კმარა. ქრისტე ჩვენს გონებასაც აყურადებს და შესაბამისად, ის მონაზვნები, რომლებიც გარეგნულ ლოცვას შინაგანს არ უერთებენ, არც არიან ნამდვილი მონაზვნები“. წმინდანის ეს შეფასება მართებულია! მონაზონი განმარტოებულს ნიშნავს. ის, ვინც საკუთარ თავში არ განმარტოებულა, განდეგილადაც რომ ცხოვრობდეს, არ ითვლება ჭეშმარიტ მარტომყოფად და მონაზვნად. გონება იმ მოღვაწისა, რომელიც საკუთარ თავში ჯერ არ დაყუდებულა და განმარტოებულა, აურაცხელი გულისსიტყვების ქარტეხილში იმყოფება. ეს გულისსიტყვები მუდამ პოულობენ მასში დასაყრდენს და ისიც, თავის საზიანოდ, გონებით მუდამჟამ გარესამყაროში დაეხეტება. განმარტოება კი შეუძლებელია ყურადღებიანი იესუს ლოცვის გარეშე. ძველ აღთქმაში ვკითხულობთ: „შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო“(იგავ.4:23); „ფრთხილად იყავი, გულში არ შეგეპაროს უგვანი ფიქრი“(მეორ. 15:9). უფლის ყველა მცნება სწორედ გულის სიფხიზლესა და მის განწმენდას შეეხება: „განწმიდე პირველად შინაგანი იგი სასუმელისაჲ და პაროფსიდისაჲ, რაჲთა იყოს გარეშეცა იგი მისი წმიდა“(მთ. 23:26); „იტყოდა, ვითარმედ: კაცისაგან გამომავალი შეაგინებს კაცსა, რამეთუ შინაგან გულისაგან კაცთაჲსა გამოვლენან გულის-სიტყუანი ბოროტნი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, კაცის-კლვანი, ანგაჰრებანი და უკეთურებანი, ზაკუვანი, არაწმიდებანი, თუალ-ბოროტებანი, გმობანი, ამპარტავანებანი, უგუნურებანი. ესე ყოველნი ბოროტნი შინაგან გამოვლენ და შეაგინებენ კაცსა“(მკ.7:20-23). წმინდა ბარსანოფი დიდი ამბობს: „თუკი ადამიანი შინაგანად არ იღვაწებს, ანუ საღმრთო მადლს არ მოიხვეჭს გულში, მაშინ ამაოდ იღწვის გარეგნული, ხორციელი ღვაწლით“. წმინდა ისააკ ასური ამბობს: „ვისაც შინაგანი სულიერი ღვაწლი არ აქვს, მას არც სულიერი ნიჭები და ნაყოფები გააჩნია“.

მახსოვს, ჩემს ახალგაზრდობაში ზოგი ერის ადამიანი, მათ შორის, უმაღლესი თანამდებობის პირებიც, ძალიან უბრალოდ ცხოვრობდნენ და იესუს ლოცვით იყვნენ დაკავებული. ეს ძვირფასი ჩვეულება დღეს, როდესაც სამყარო სულიერი საკითხებისადმი გულგრიალია, თითქმის დაიკარგა. იესუს სახელის მოუკლებელი მოხმობის წინაპირობაა სიფხიზლე, მკაცრად ზნეობრივ ცხოვრების წესი, მწირის განწყობა და ვნებისმიერი მიდრეკილებების დატევება. ჩვენი გონებაგაფანტულობისა და აურაცხელ გულისთქმათა დაკმაყოფილების გამო, „იესუ მიეფარა, რამეთუ ერი იყო ადგილსა მას“(ინ. 5:13).

მოწაფე:  ზემოხსენებულიდან ხომ არ გამომდინარეობს, რომ იესუს ლოცვის გარეშე ვერ ვცხონდებით?

მოძღვარი: მამები ამას არ ამბობენ. ღირსი ნილოს სორელი, მღვდელმოწამე პეტრე დამასკელზე დაყრდნობით ამბობს, რომ მრავალმა ადამიანმა მიიღო ცოდვათა მიტევება და ცხონდა, იმის მიუხედავად, რომ უვნებობის მდგომარეობისათვის არ მიუღწევათ. წმინდა ისიქი ამბობს, რომ სიფხიზლის გარეშე აზრით შეცოდებას ვერ გავექცევით, თუმცა, ამავე დროს, ნეტარს უწოდებს მათ, ვინც ცოდვისგან(აზრით თუ ვერა) საქმით მაინც იკავებს თავს. მეტიც, მათ ცათა სასუფევლის მიმტაცებელნი უწოდა. ხოლო უვნებობის, მადლმოსილებისა და ქრისტიანული სრულყოფილების მიღწევა გონებისმიერი ლოცვის მოხვეჭის გარეშე შეუძლებელია. ამაზე ყველა მამა ერთსულოვნად თანხმდება…

მოწაფე: თანამედროვე მონაზვნობაში საკმაოდ იშვიათად გვხვდება იესუს ლოცვის ღვაწლი. შეიძლება თუ არა, ეს საპატიო მიზეზად მექცეს, თუკი მეც არ შევუდგები ამ ღვაწლს?

მოძღვარი: მიუხედავად იმისა, რომ ამ ღვაწლის უგულებელსმყოფელთა რიცხვი უფრო და უფრო მატულობს, ვალდებულება – ვალდებულებად,  ხოლო აღთქმა აღთქმად რჩება. აღთქმის დამრღვევთა სიმრავლე ნამდვილად არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენც დავარღვიოთ იგი. „ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი“(ლკ. 12:32); „იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას“(მთ. 7:13-14). ბოლო ჟამს თითქმის ყველა გადაუხვევს ვიწრო გზიდან და ფართო გზით დაიწყებს სიარულს. ეს მაინც არ ცვლის ფაქტს, რომ ფართო გზა დამღუპველია, ხოლო ვიწრო – მაცხოვნებელი. ვისაც გადარჩენა და ქრისტესთან მყოფობა სურს, მისი მცნების თანახმად, ვიწრო გზას უნდა შეუდგეს და არასდროს გადაუხვიოს.

მოწაფე: იესუს ლოცვის ღვაწლს ვიწრო გზას რატომ უწოდებთ?

მოძღვარი: ვიწრო გზაა, მაშ, სხვა რა ვუწოდო?! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ეს გზა ვიწროა! ვისაც სურს, იესუს ლოცვის ღვაწლს წარმატებით შეუდგეს, მან უნდა დაიცვას საკუთარი თავი, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად. მას განსაკუთრებული კეთილგონიერება და სიფრთხილე მართებს. ჩვენი დაცემული ბუნება ყოველწამს მზადაა, გვიღალატოს და გაგვცეს, ხოლო დაცემული სულები განსაკუთრებული გაშმაგებითა და მზაკვრობით ცდილობენ, დაგვატევებინონ იესუს ლოცვა. ხშირად, სულ მცირე მოდუნებასა და უყურადღებობას მივყავართ ისეთ შედეგებამდე, რომლებიც ჩვენს სულიერ ცხოვრებასა და ამავდროულად, მარადიულ ხვედრზეც ახდენს გავლენას. „არა თუმცა უფალი შემეწია მე, კნინ ერთღა და-მცა-ემკჳდრა ჯოჯოხეთს სული ჩემი. უკუეთუმცა ვიტყოდე: შემიძრწუნდა ფერჴი ჩემი, წყალობაჲ შენი, უფალო, შემწევდა მე“(ფს. 93:17-18).

იესუს ლოცვაში წვრთნის საფუძველი არის სიფრთხილე და კეთილგონიერება. პირველ რიგში, უნდა მოიკვეთო ყოველგვარი ხორციელი ტკბობისადმი გადამეტებული სიყვარული. უნდა დაკმაყოფილდე ზომიერი ძილითა და ზომიერი საზრდელით, როგორიც შენს ძალებსა და ჯანმრთელობას შეესაბამება, რათა ჭარბმა საკვებმა არ აღძრას შენში ვნებების მოქმედება და არც მისმა ნაკლებობამ მიგიყვანოს გამოფიტვამდე. საკვებმა უნდა განამტკიცოს  სხეული, სამოსელი, საცხოვრებელი და ყოველგვარი მატერიალური საკუთრება უნდა იყოს უბრალო, ისეთი, როგორიც ქრისტეს სულს შეესაბამება. წმინდა მოციქულები და ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეები არანაირ მსხერპლს არ სწირავდნენ პატივმოყვარეობას, ამაოებას და ამსოფლიურ ჩვეულებას. მათ საერთო არაფერი ჰქონდათ ამასოფლის სულთან. იესუს ლოცვის სწორი და მადლისმიერი მოქმედება ქრისტესმიერია და მისგან აღმოცენდება. მხოლოდ ასეთ ნიადაგზე ხარობს იესუს ლოცვის ყვავილი. მხედველობა, სმენა და სხვა გრძნობები მკაცრად უნდა დავიცვათ, რათა მათი (როგორც ერთგვარი კარიბჭის) მეშვეობით, სულში მტრები არ შეიჭრან. ენა უნდა მოვთოკოთ მდუმარების ბორკილებით; ამაოდმეტყველება, მრავლისმეტყველება, განსაკუთრებით დაცინვა, ჭორაობა და განკითხვა ლოცვის ყველაზე სასტიკი მტრები არიან… ამაო ცნობისმოყვარეობისგან საბოლოოდ უნდა გავთავისუფლდეთ და ყოველგვარი ცნობისმოყვარეობა ლოცვითი გზების შესწავლისა და მათი ძიებისკენ წარვმართოთ. ეს გზა საჭიროებს ზედმიწევნით შესწავლასა და გამოკვლევას, ის არა მხოლოდ ვიწროა, არამედ – მარადიულ სიცოცხლეში შემყვანებელი. როგორც მამები აღგვიწერენ, ეს არის მეცნიერებათა მეცნიერება და ხელოვნებათა ხელოვნება.

ჭეშმარიტი ლოცვის გზა წარმოუდგენლად ვიწროა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოღვაწე შინაგან ადამიანზე მუშაობას იწყებს. სივიწროვეში კი ის შეიგრძნობს ამ მდგომარეობის, მაცხოვნებლობას და აუცილებლობას. თანდათანობით, როდესაც შინაგან საუნჯეში შრომა მისთვის სანატრელი ხდება, გარეგნული ყოფის სივიწროვეც სანატრელია მისთვის, რადგან ეს უკანასკნელი შინაგანი საქმიანობის საცავი და სავანე ხდება. გონებისმიერი ლოცვის ღვაწლშედგომილი უნდა განუდგეს დაცემული ბუნებისა და დემონური სულების მიერ მოვლენილ ყოველგვარ გულისსიტყვასა და შეგრძნებას, რაც არ უნდა კეთილად ეჩვენებოდეს ის. მუდამ ყურადღებიანი ლოცვის ვიწრო გზაზე უნდა იდგეს, არც მარცხნივ გადაუხვიოს და არც მარჯვნივ. მარცხნივ გადახვევას ვუწოდებ გონებითი ლოცვის მიტოვებას და ამაო და ცოდვისმიერ გულისსიტყვებთან საუბრის გაბმას; მარჯვნივ გადახვევას კი – ერთი შეხვედვით კეთილ გულისსიტყვებთან საუბარს. მლოცველზე ოთხი სახის გულისსიტყვა და შეგრძნება მოქმედებს: ერთი აღმოცენდება საღმრთო მადლისაგან, რომელიც თითოეულ ნათელღებულ ქრისტიანშია დამკვიდრებული, მეორე – მფარველი ანგელოზისაგან, ზოგი დაცემული ბუნებისაგან და ბოლოს, ზოგიც დემონური სულებისაგან. პირველი ორი სახის გულისსიტყვა ხელს უწყობს ლოცვას, აცოცხლებს მას, აძლიერებს ყურადღებასა და სინანულის შეგრძნებას, შობს ლმობიერებას, გულის მგლოვარებას, ცრემლებს, მლოცველის წინაშე წარმოაჩენს დაცემულობის სიღრმეს, ახსენებს გარდაუვალ სიკვდილს, პირუთვნელ სამსჯავროსა და მარადიულ სატანჯველს. დაცემული ბუნების გულისსიტყვებსა და შეგრძნებებში სიკეთე ბოროტებასთანაა აღრეული, ხოლო დემონური ბოროტება სიკეთის საფარველით მოდის და ზოგჯერ ურცხვად გვიპირისპირდება. ბოლო ორი სახის გულისსიტყვა და შეგრძნება ერთობლივად მოქმედებს და ამის მიზეზი ჩვენი დაცემული ბუნების ურთიერთობაა დემონურ სულებთან. ამ მდგომარეობის პირველი ნაყოფია სიამაყე და ლოცვისას გაფანტულობა. დემონებს მოაქვთ ცრუ სულიერი აზრები და ლოცვას განგვაშორებენ, აღძრავენ იმგვარ ამპარტავნულ სიხარულს, ტკბობასა და თვითკმაყოფილებას, თითქოს დაფარული ქრისტიანული სწავლება აღმოვაჩინეთ. ამ დემონური ღმრთისმეტყველებისა და ფილოსოფიის კვალდაკვალ სულში ვნებისმიერი და ამაო ოცნებები იჭრება. ამ მიზეზით იკარგება ლოცვა და ირღვევა სულის კეთილშობილება. ნაყოფთა მეშვეობით განირჩევა ჭეშმარიტად კეთილი გულისსიტყვები ბოროტისაგან.

რა ჭეშმარიტად უწოდებენ მამები იესუს ლოცვის ღვაწლს ვიწრო გზას, თვითუარყოფასა და ამასოფლისგან განშორებას! ეს ღირსებები ეკუთვნის  ყურადღებიან და კეთილკრძალულ ლოცვას, განსაკუთრებით კი იესუს ლოცვას, რომელიც დაცლილია მრავალსიტყვაობისა და ფორმათა მრავალფეროვნებისგან, რომლებიც ფსალმუნებსა და სხვადასხვა ლოცვას აქვს.

მოწაფე: რომელ სიტყვათაგან შედგება იესუს ლოცვა?

მოძღვარი: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“. ზოგიერთი მამა დამწყებებს ურჩევს, რომ დილიდან შუადღემდე ლოცვა წარმოთქვან ამგვარად: „უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე“, ხოლო შემდეგ, საღამომდე: „ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე“. ეს ძველი გარდამოცემაა. ამგვარი განყოფა დაშვებულია უძლურთა და დამწყებთათვის.

მოწაფე: წმინდა წერილში ნახსენებია იესუს ლოცვა?

მოძღვარი: სახარებაშია ნახსენები. არ გეგონოს, რომ ეს ადამიანის მოგონილია, არა! გონიერი ლოცვა ქრისტეს დაწესებულია. თავად ქრისტემ გვამცნო უწმინდესი იესუს ლოცვა. საიდუმლო სერობის შემდეგ, როდესაც უფალმა ევქარისტიის წმინდა საიდუმლო აღასრულა, გამოსამშვიდობებელ საუბარში, საშინელი ტკივილის გადატანასა და ჯვარზე სიკვდილამდე, მოწაფეებს უაღმატებულესი და უმნიშვნელოვანესი სწავლება და საბოლოო მცნებები დაუტოვა. მათ შორის,მცნება მისი სახელით ლოცვისა: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რაოდენიცა-რაჲ სთხოოთ მამასა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ“(ინ. 16:23); „და რაჲცა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, იგი ვყო, რაჲთა იდიდოს მამაჲ ძისა თანა. და უკუეთუ რაოდენი ითხოვოთ სახელითა ჩემითა, მე ვყო“(ინ. 14:13-14); ასევე: „აქამომდე არარაჲ გითხოვიეს სახელითა ჩემითა. ითხოვდით და მოიღოთ, რაჲთა სიხარული თქუენი სავსებით იყოს“ (ინ. 16:24). წინასწარმეტყველნი გვაუწყებდნენ იესუ ქრისტეს სახელის სიდიადის შესახებ. როდესაც ესაია ღმერთკაცის მიერ კაცობრიობის გამოხსნას წინასწარმეტყველებდა, ღაღად-ჰყო: „აჰა, ღმერთი ჩემი, მაცხოვარი უფალი. და მოსავ ვიყო მისდამი და ვცხოვნდე მის მიერ. და არ შევიშინო მით, რამეთუ დიდებაჲ ჩემი და ქებაჲ ჩემი არს უფალი და მეყო მე მაცხოვარ. აღმოივსეთ წყალი მხიარულებითა წყაროთაგან ცხორებისათა. სთქუა მას დღესა შინა: უგალობდით უფალსა, ჴმა-ყავთ სახელი მისი, მიუთხრენით წარმართთა შორის დიდებულნი მისნი, მოიჴსენეთ, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი. საგალობელ-ყავთ სახელი უფლისაჲ, რამეთუ მაღალნი ქმნნა. მიუთხრენით ესენი შორის ყოვლისა ქუეყანისა“(ეს. 12:2-5); „უფალო, შენ გესავდით; შენს სახელს და შენს სახსენებელს ელტვოდა სული“ (ეს. 26:8). ესაიას მსგავსად ამბობს დავითიც: „ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა ვხადოდით“(ფს.19:7). ნეტარია ის, ვინც გაითავისა და შეიტკბო გონებისმიერი ლოცვა: „და სახელითა შენითა იხარებდენ მარადღე და სიმართლითა შენითა ამაღლდენ“(ფს. 88:16).

მოწაფე: რაში მდგომარეობს იესუს ლოცვის ძალა?

მოძღვარი: საღმრთო სახელში. როგორც მოციქულთა საქმეებსა და სახარებაში ვკითხულობთ, მოციქულები უფალ იესუს სახელით დიდებულ სასწაულებს აღასრულებდნენ: კურნავდნენ უკურნებელ სნეულებებს, აღადგენდნენ მიცვალებულებს, განდევნიდნენ დემონებს და მათგან შეპყრობილ ადამიანებს ათავისუფლებდნენ.

მოწაფე: ზოგიერთი ამტკიცებს, რომ იესუს ლოცვის ღვაწლს ყოველთვის, ან თითქმის ყოველთვის, მოჰყვება ხიბლი და კრძალავს კიდეც ამ ლოცვას.

მოძღვარი: ასეთი აზრის შეწყნარება და აკრძალვის დაწესება საშინელი მკრეხელობაა. სწორედ ესაა უსაშინლესი ხიბლი. უფალი ჩვენი, იესუ ქრისტე, მარადიული სიცოცხლის ერთადერთი წყაროა. მისმა ადამიანურმა სახელმა, საღმრთო ბუნებისგან უსაზღვრო და ყოვლადწმიდა ძალა შეიძინა ჩვენი გამოხსნისა. როგორ შეიძლება,  ეს ერთადერთი მაცხოვნებელი ძალა დამღუპველი იყოს? ასეთი დასკვნა ყოველგვარ აზრს მოკლებულია! ეს არის სამწუხარო უგუნურება და სულის დამღუპველი მკრეხელობა! ვინც ეს აზრი გაითავისა, ის ნამდვილად დემონურ ხიბლში იმყოფება და მისგან მომდინარე სიცრუითაა მოტყუებული. სატანა მზაკვრულად აღდგა ქრისტეს ყოვლაწმინდა და ყოვლადიდებული სახელის წინააღმდეგ, თავის იარაღად ადამიანთა სიბრმავე და უმეცრება გამოიყენა და ცილი დასწამა იმ სახელს, რომლის მიმართაც „ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი“(ფლპ. 2:9-10). ვინც იესუს ლოცვას გვიკრძალავს, მათ პეტრე და იოანე მოციქულის მსგავსად უნდა ვუპასუხოთ: „უკუეთუ სამართალ არს წინაშე ღმრთისა თქუენი სმენაჲ უფროჲს, ანუ ღმრთისაჲ, საჯეთ“(საქმ.4:19). უფალმა იესუმ გვამცნო თავისი ყოვლადწმიდა სახელით ლოცვა და მოგვანიჭა ეს უაღმატებულესი ძღვენი; ამ დროს რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ღმერთის სწავლების საწინააღმდეგო კაცობრივ სწავლებასა და აკრძალვას, რომლებიც საღმრთო დადგენილებას უარყოფენ და არღვევენ? ძალიან საშიშია სახარების საწინააღმდეგო სწავლების ქადაგება. ამგვარი მდგომარეობა, მოციქულთა თანახმად, საღმრთო მადლისგან განგვაშორებს.


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©