ვატოპედელი

ნეტარი ბერი იოსებ ვატოპედელი

ის არასდროს ეზიარებოდა ცრემლების გარეშე”

ბერი იოსები კუნძულ კვიპროსზე, მრავალშვილიან ოჯახში, წმინდა უვერცხლო მკურნალთა ხსენების დღეს დაიბადა. თავისი მონაზვნური ცხოვრების გზა ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში დაიწყო და მისი მოძღვარი და სულიერი მამა, დიდი ბერი, წმ. იოსებ ისიქასტი გახდა, რომელთანაც მორჩილებაში 12 წელი გაატარა. იოსებ ისიქასტის სულიერმა სკოლამ ახალგაზრდა მონაზვნის სულში უდიდესი კვალი დატოვა და ასეთი გამოცდილი მოძღვრის მიერ აღზრდილი, თავადაც დიდ სულიერ მოძღვრად იქცა.

1989 წელს, ათონის წმ. მთის კინოტის გადაწყვეტილებითა და მსოფლიო პატრიარქის კურთხევით, მამა იოსებს ვატოპედის მონასტრის გარეგანი და სულიერი მოწყობა დაევალა და მოკლე დროში, თავის სულიერ შვილებთან ერთად, ეს მონასტერი ფაქტობრივად ნანგრევებიდან აღადგინა.

მონაზონი იოსებ დიონისიელი მასზე ამბობდა: ” მამა იოსების წყალობით, ვატოპედის მონასტერი მონაზვნებით აღივსო და სულიერ ორანჟერიად იქცა”.

ვატოპედის მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი ეფრემი: ” ამ ნეტარმა მამამ ღვთისა და მოყვასის სიყვარულის უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ვინც მას არ იცნობდა, ყველას კითხვა უჩნდებოდა თუ როგორ შეძლო ამ გაუნათლებელმა ადამიანმა საკმაოდ ღრმა სულიერ თემებზე 16 წიგნის დაწერა? პასუხი მარტივია: – ღვთის მადლით. იმავე მადლით, რომელიც ქრისტეს მოციქულებს მოეფინათ, რომლებიც უბრალო გაუნათლებელი მეთევზეები იყვნენ და საბოლოო ჯამში, მთელი სამყარო შეცვალეს. ყოველ ჯერზე, როდესაც წმინდა ზიარებას მიეახლებოდა, მისი წმინდა თვალებიდან მდინარესავით მოედინებოდნენ მცრემლები. ის არასდროს ეზიარებოდა ცრემლების გარეშე. გულისმიერად ყოველთვის იმდენად გრძნობდა ღვთისმშობლისადმი უდიდეს სიყვარულს, რომ მისი სახელის გაგონებაზეც კი ყოველ ჯერზე ტირილს იწყებდა. ის არამხოლოდ ნაცნობებისთვისა და უცნობებისთვის, არამედ ცილისმწამებლებისთვისაც კი ლოცულობდა. ის მთელს სამყაროს გულმხურვალედ ქრისტეს ავედრებდა. ერთ დილას რომ ვნახე, საკმაოდ დაღლილი მეჩვენა, მის თვალებს ცრემლები მოსდგომოდა და მეც ვკითხე: მამაო, რა ხდება, რა გჭირს? მან მიპასუხა: შვილო, წუხელ დიდი ხანი ვლოცულობდი. ძლიერად ვტიროდი მასზე, ვინც ცილს მწამებს და ვევედრებოდი ღმერთს, რომ მისი სული გადაერჩინა”.

სიმონაპეტრას მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი ელისე ამბობდა: ” ბერი იოსები მთელი ათონის მთისთვის ეტალონი გახლდათ. მას სურდა, რომ ყველა მონაზონს მთელი გულით შეეყვარებინა ქრისტე და მასთან თითოეული შეხვედრა მდიდარი სულიერი გამოცდილების წყაროს წარმოადგენდა”

სქემმონაზონ იოსებ ვატოპედელის დარიგებები

თუ გინდა, რომ სწორად ილოცო, არავინ დაამწუხრო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძმის მწუხარება ლოცვაში ხელს შეგიშლის. თუ გინდა, რომ არ განეშორო საღმთო სიყვარულს, არასდროს დაუშვა, რომ შენმა ძმამ ისე დაიძინოს, რომ შენს მიმართ გულში წყენა ჰქონდეს და ან შენ მის მიმართ. თუ ვინმეზე გაბრაზდებული ხარ, ილოცე მისთვის და ამით ვნების მოქმედებას შეაჩერებ, რადგანაც ლოცვა ყოველგვარ მწუხარებას განაგდებს. თუ ისაა შენზე გაბრაზებული, სიკეთე გაუკეთე და დაიმდაბლე მის წინაშე თავი და ეცადე, რომ მისი მეგობარი გახდე. ამით გაათავისუფლებ მასაც და საკუთარ თავსაც ამ ვნებისგან.

მრავალი რამ შეიძლება იყოს მრისხანების ვნების მიზეზი, მაგრამ ყველა მათგანი ერთმანეთთან არიან კავშირში და ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი. მათ ერთთმანეთთან ეგოიზმი აკავშირებს. სადაც დამღუპველი ეგოიზმი ზეიმობს, იქ აუცილებლად მყოფობს მისი აჩრდილიც – მრისხანება. რატომ ჩნდება მრისხანება? იმიტომ, რომ შენს ეგოისტურ გზაზე დაბრკოლებები გხვდება.

როდესაც წუხილს ან ტკივილს იგრძნობ იმის გამო, რომ ვინმემ შეურაცხგყო და დაგამცირა, იცოდე, რომ ამით დიდი სულიერი სარგებელი მიიღე, რადგანაც შენს გულში დიდებისმოყვარეობას დიდი დარტყმა მიადგა. ისაუბრე სიმშვიდითა და სიმდაბლით და ღმერთი არ დაუშვებს, რომ დაგამცირონ. თუკი ყველას სიყვარულით მოექცევი, საპასუხოდაც იგივეს მიიღებ. გაექეცი სხვების წინაშე თავმოწონებას და ღვთის განგებულებით, არასდროს წაბორძიკდები. თუკი რწმენით ღმერთს მიანდობ საკუთარ თავს, არასოდეს ცდუნდები. დაე ყველა უნებლიე განსაცდელი შენთვის ქრისტეს გახსენების მიზეზი გახდეს და აქედან გამომდინარე, ყოველთვის გექნება სინანულის მიზეზი. როგორც სხეულის მკურნალი ყველას ერთსა და იმავე წამალს არ აძლევს, ასევე სულთა მკურნალი ღმერთიც თითოეულ სულიერ სნეულებას შესაბამისი წამლით მკურნალობს.

ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში სიმშვიდესა და ზომიერებას არღვევს, საცდური და განსაცდელია. ჩვენ, ქრისტიანები, ყოველდღურად ვცდილობთ, რომ ჩვენი სულიერი მოვალეობები აღვასრულოთ. რამდენად დიდიც არ უნდა იყოს ჩვენი მცდელობა, სადღაც მაინც არასწორ ნაბიჯს ვდგამთ, რადგანაც უშეცდომო გზა არ არსებობს… ზოგადად ჩვენი სინანული არასრულია და არაა საკმარისი იმისათვის, რომ სული განიკურნოს. ჩვენში ამ სულიერ წყლულებსაც კი ვერ ვხედავთ, თუმცა ყოვლისმხედველმა ღმერთმა ყველაფერი უზუსტესად იცის. რა უნდა გავაკეთოთ? თუკი ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში ღირსეულად ვერ რეალიზდება სინანული, მაშინ სულიერი სიკვდილი გველის. ეს ყველაფერი რომ არ მოხდეს, საღმრთო განგებულებით ჩვენზე განსაცდელები მოიწევა, რომლებიც იმ საზომის სულიერ ტკივილებს იწვევს, რამდენად დიდიცაა ჩვენი შინაგანი სნეულება. ამიტომაც, განსაცდელში მყოფი ადამიანი არ უნდა წუწუნებდეს.

საკუთარი დაცემულობის ხედვა უდიდესი საღმრთო ნიჭია და ნებისმიერ სხვა ამაღლებულ ჭვრეტას აღემატება. როდესაც ჩვენს შინაგან წყვდიადს ვგრძნობთ და ჩვეში ყოველგვარ ბოროტებას და ცოდვას ვხედავთ, სწორედ მაშინ მოდის ჩვენს გულში საღმრთო მადლი და ენითაღუწერელი ნუგეში მოაქვს.

მრავალ ადამიანს კითხვა უჩნდება: შეიძლება თუ არა, რომ ერში მცხოვრები ადამიანები გონიერ ლოცვაში ვარჯიშობდნენ? მე ყოველთვის ხაზგასმით ვპასუხობ: დიახ!

ყველა ქრისტიანი ვალდებულია, რომ ლოცვაში იშრომოს. განსაკუთრებით კი ეგრეთწოდებულ გონიერ ლოცვაში. ვინც ამ ლოცვას მიაღწევს, უდიდეს სიკეთეს მოიხვეჭს. როდესაც გულში ლოცვა მოქმედებს, ადამიანს საცდურები არ ეკარება. ლოცვის არსი ღმერთთან ცოცხალ ურთიერთობაშია და აქედან გამომდინარე, მღვიძარე და მლოცველი ადამიანი არასდროს შეირყევა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ლოცვა ყველა მორწმუნის, ნებისმიერი სქესის, სოციალური მდგომარეობის ადამიანის მოვალოებაა.
მოუკლებლად ილოცეთ. ზიხარ, წევხარ, დადიხარ თუ დგახარ. ყველაფრისთვის მადლიერები იყავით. აუცილებელია საკუთარ თავთან ბრძოლა. თუ ლოცვისას დაიღლები დაჯექი, შემდეგ კვლავ ადექი, რომ არ ჩაგეძინოს. ღვაწლის დასაწყისში გონება არაა ლოცვას მიჩვეული და ხშირად ავიწყდება. ამიტომაც, ხან ბაგეებით წარმოთქვი, ხან გონებით. შედეგად კი ადამიანი დადის, ჭამს თუ სვამს, მის გულში ლოცვა მოუკლებლად წარმოითქმება და დიდი სიხარული და სიმშვიდე აქვს.

სუნთქვა ააყოლე ლოცვას. ყურადღებით იყავი, რომ წარმოსახვები და სხვადასხვა აზრები არ მიიღო. ლმობიერება მოაქვს იმაზე ფიქრს, თუ როგორ დავამწუხრეთ უფალი, ასეთი ტკბილი, კეთილი, მოწყალე, სიყვარულით აღსავსე. იფიქრე ამ ყველაფერზე.

ყველაფერი ღმერთს მიანდე. სწორედ ისაა ლოცვის მომნიჭებელი. ქრისტეა ყველაფრის საწყისი და დასასრული. ყველაფერში მისი ცხოველსმყოფელი მადლი მოქმედებს.

აუცილებელია მცნებების აღსრულებაშიც ვივარჯიშოთ. თუ დაინახავ სნეულს, ქვრივს, ობოლს, მოხუცს, დაეხმარე რითიც შეგიძლია და ეს ყველაფერი ქრისტეს შეყვარებაში დაგეხმარება.

წყარო: http://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

გაზიარება
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •