O2A2376

ნუ განვიკითხავთ ძმას – არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი)

ნუ განვიკითხავთ სხვებს. განკითხვა ჩვენს საკუთარ სხეულს აზიანებს. ორმო, რომელსაც ახლობელს ვუთხრი, ჩემს სამარედ იქცევა და ქვა, რომელსაც სხვას ვესვრი, მევე მიბრუნდება და თავში მხვდება. ნუ განვიკითხავთ ძმას, ნურც მისი შეხედულების, ნურც უყურადღებობის და ნურც რაიმე უფრო სერიოზული, მორალის საწინააღმდეგო ცოდვის გამო.

ჩვენ ხომ მას რაიმე საქციელის გამო განვიკითხავთ, მსგავსი საქციელი და უფრო მძიმეც,  შეიძლება ჩვენც ჩავიდინოთ ღმრთის დაშვებით. სხვისი განმკითხველი, უფლის ადგილის დაკავებაზე აცხადებს რა პრეტენზიას, მემკვიდრეობით ცოდვაში ვარდება, რომელიც ყველაზე საშინელი ბოროტებისაკენ გვიბიძგებს, სწორედ მასში ვეფლობით და ვიძირებით ჩვენ ყოველდღიურად[2, 335].

ჩვენ მუდამ ვიღაცის გარემოცვაში ვცხოვრობთ და ვურთიერთობთ მათთან, ამიტომაც აბბა ისაია გვეუბნება: “ნურასდროს გაიფიქრებ რაიმეს რომელიმე ადამიანზე”. მოვიყვანოთ მაგალითი: ჩემთან ერთად მუშაობს ძმა, ცუდად მუშაობს ის თუ კარგად, განა იმას ნიშნავს, რომ ის ცუდია ან კარგი? თუკი მას შენ რაიმეთი შეაფასებ, მაშინვე დაკარგავ ღმერთს. მაშინაც, როდესაც კარგს ფიქრობ ვიღაცაზე, შენში საწინააღმდეგო გულისსიტყვა აღიძვრება, გრძნობ იმედგაცრუებას ან საკუთარ არასრულყოფილებას და დაიწებ უფლის დადანაშაულებას ამაში. მაშინ კი, როდესაც მოყვასს შენზე დაბლა დააყენებ, ეგოიზმში ჩავარდები. აი ასეა: განიკითხავ ადამიანს და კარგავ ღმერთს.

შეხედულება, რომელიც ვიღაცის მიმართ გაგვაჩნია, თუნდაც უბრალოდ რაღაც წარმოდგენა  მის შესახებ, ხდება ამოსავალი წერტილი ამ ადამინათან ურთიერთგანხეთქილებისა. ამგვარად, ჩემი თანამეგობრობა იქცევა განხეთქილებად. მხოლოდ მე ვარ დამნაშავე ძმასთან წინააღმდეგობრივი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, მისი განკითხვისა და მასზე მსჯელობის გამო და მაშინვე გაუვალ კედელს ავღმართავ მასსა და საკუთარ თავს შორის. იმ დღიდან მე ვშორდები ძმას.

სხვაზე მსჯელობისას, როგორც წესი, ჩვენ ყველას არაფრის მაქნისებად მივიჩნევთ: ეს ცუდად მუშაობს, ის არ ლოცულობს, მას არ სწამს, სხვას კიდევ არა აქვს სიყვარული, სასოება, უღმერთოა, ამორალური, ვიღაცას თავში არა აქვს ყველაფერი რიგზე, მას კი არ უყვარს ღმერთი. თუკი ზრახვებს, თუნდაც მცირე დროით მაინც მისცემ შენს გონებაში შესვლის საშუალებას, ისინი დაიპყრობენ მას, რამეთუ შეუძლებელია მსჯელობაში ჩართვისას სხვა, ყოვლად უვარგის აზრებსაც არ გადაეყარო. მაშინაც კი, თუკი შენთვის არ არის ცნობილი ამა თუ იმ ადამიანის რაიმე ცუდი მხარე, სატანა გამოძებნის მათ.

თუმცაღა, როგორც უკვე გითხარით, ჩვენ სიკეთეც კი განგვაშორებს.  ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ სიკეთეზე, რომელიც მოყვასს გააჩნია, მაგრამ მასზე ფიქრი არ გვართებს. ასე რომ, კონკრეტულ საზოგადოებაში ან გარემოში, ჩვენ შეგვიძლია შევაქოთ ადამიანი, მაგრამ რაიმე გულისსიტყვა და ფიქრი მის შესახებ არ უნდა გაგავაჩნდეს. თუკი ოდესმე ვინმეს შესახებ ამეტყველდება ჩემი ენა, ეს მხოლოდ მის საქებად უნდა მოხდეს. მე მოვძებნი მის ნიჭებს, სათნოებებსა და ღირსებებს: იმათ, რომელიც მას აქვს და რომლებიც მომავალში ექნება, ხორციელი თუ სულიერი და ვიტყვი მათზე – აი, მოსაზრებანი, რომელთა შესახებაც ნებადართულია საუბარი, მათზე ფიქრი კი არა[1, 53–54].

ადამიანის ბოროტი მხარის ცოდნა – ეს არის ცოდნა, რომელიც შენ არაფერში გეხმარება. პირველ რიგში საძირკველი ეცლება კეთილგონიერებას, ვინაიდან გიჩნდბა კითხვა: “ნუთუ ყველა ადამიანი ასეთია? ნუთუ არავინაა წესიერი?” თითქოსდა ბუნებრივი დასკვნაა, მაგრამ სინამდვილეში – უგუნური, რადგანაც, ნუთუ შეიძლება ეჭვი შეგეპაროს იმაში, რომ “რამეთუ უფროჲს არს, რომელი თქუენ შორის არს, ვიდრე-ღა რომელი-იგი სოფლისაგან”?(იხ. 1 იოან. 4, 4). თუკი ქრისტე დიდია, დიდია მისი სამწყსო და ის გამარჯვებულია. მაგრამ თუკი ვიწრო გვეჩვენება ჩვენ კარიბჭე, ეს ნიშნავს, რომ ყველა ამ ადამიანს ჩვენ ცოდვილებად მივიჩნევთ.

მაგრამ ძალა უფლისა სწორედ იმაში ვლინდება, რომ ისინი, ვინც გვეჩვენება და არიან კიდევაც ცოდვილები, ქრისტე სამოთხის ადამიანებად აქცევს. ერთს – სინანულის გზით, მეორეს – სიყვარულის, მესამეს – ავადმყოფობის, მეოთხეს – ოჯახის დაკარგვით, ყველას თავისად ხდის. მე კი, ჩემი უგუნური მტკიცებულების ამარა ვრჩები, რომ ყველანი ცოდვილები არიან. თუკი ყველა ცოდვილია, ვინ ავსებს ზეციურ სამეფოს? სწორედ რომ ისინი ავსებენ. ბოროტმა შეგვაცდინა, დააზიანა ჩვენი ბუნება, მაგრამ მოვიდა ღმრთაებრივი ძალა, რომელმაც მოგვცა ახალი გული და ახალი სული (იხ. ეზეკიელ. 36:26) და იქმნა ყოველივე ახალ (იხ. 2 კორ. 5, 17). ღმერთს სურს “ რამეთუ იყოს ცაჲ ახალი და ქუეყანა ახალი” (იხ. ისაია. 65, 17; 66, 22; იოანეს გამოცხადება. 21, 1) — ნუთუ მას არ ძალუძს ახლად აქციოს ჩემი ცხოვრებაც? [1, 220–221].

როდესაც მოყვასს განვიკითხავ, მას მუდამ დამცრობილად და არარაობად წარმოვიდგენ. ისეთი დიდია ადამიანის ეგოიზმი, რომ მის  სამსჯავროს ვერავინ გადაურჩება, ღმერთიც კი და მით უმეტეს ადამიანი. მოყვასის საკუთარ თავზე დაბლა დაყენება და მით უმეტეს მასთან ამგვარი ურთიერთობა – უმძიმესი ცოდვაა [1, 244–245].

ყველა შესცოდავს შენს ირგვლივ: ერთი აზრებით, მეორე საქმით, მესამე უყურადღებობით. მაგრამ, რაც არ უნდ გააკეთონ, ნუ შეიძულებ მათ. თუკი შენ მათ უსაყვედურებ, დაამცირებ, განსჯი ან განიკითხავ, ადრე თუ გვიან მტრების ხელში აღმოჩნდები, პირველ რიგში კი ეშმაკისა. ამპარტავნების, უზნეობისა და სატანისტური წესწყობის მწვერვალი ცოდვილის ზიზღი ან დაგმობაა, რადგან ცოდვილი, რომელიც ჩვენს გვერდითაა, ავად არის. ჩვენ ვზრუნავთ ავადმყოფზე, ვუჩვენებთ მას ჩვენს სიყვარულს,  ვეხუტებით, ფაქიზად და ტკბილად ვესაუბრებით მას, მზრუნველობას არ ვაკლებთ. თუკი თევზს გვთხოვს, ვაძლევთ მას თევზს. თუკი ხორცს – ვაძლევთ ხორცს. თუკი სურც ახლავე მიიღოს რაღაც – ვაძლევთ ახლავე. თუკი მოგვიანებით – ვაძლევთ მოგვიანებით. ჩვენ მუდამ დათმობაზე მივდივართ, ვინაიდან ავადმყოფი ადამიანი ძალზედ მგრძნობიარეა, ის ადვილად ვარდება სასოწარკვეთილებაში, სულიერ უძლურებაში და დემონების სათამაშოდ იქცევა ხოლმე თუკი მე, მასთან ახლოს მყოფი, ყურადრებით არ ვიქნები. ამიტომაც ვეუბნებით ავადმყოფს მუდამ “კის” და არასოდეს “არას”. “არა” მისთვის საზიანოა.

მაშ ასე, ხორციელად ავად მყოფის გამო, შენ უამრავ დათმობაზე მიდიხარ. თუკი მისი ნაიარევი ყარს, შენ თავს აიძულებ მოთმინებით აიტანო ის. თუკი მის კელიაში არასასიამოვნო სუნია, შენ შედიხარ და იღიმი, რომ ის ვერაფერს მიხვდეს. მაშ, თუკი შენს ძმას, ცოდვებისა და დაცემის გამო  ასდის ცუდი სუნი, რატომ არ ავლენ მის მიმართ ასეთივე სიყვარულს, არ გსურს მისი გადარჩენა და განსჯი და განიკითხავ მას როგორც ცოდვილს? იცოდე: როგორც მოსალოდნელ ჭექა-ქუხილს შეუძლია დაგეწიოს, ასევე გეწევა შენ სიკვდილიც და აღმოჩნდები მტრების ხელში. მტრები დაგესხმიან თავს, შეგიპყრობენ, სიბინძურეში ჩაგძირავენ და გაგთელავენ, და იმაზე უარეს ცოდვაში ჩავარდები, რომლის გამოც შენ სხვა ადამიანი განიკითხე [1, 342–343].

თუკი შევცოდე, კიდევ არის იმედი, რომ მოვინანიებ და გადავრჩები. მაგრამ, თუკი თავს უფლებას ვაძლევ მოყვასის ცოდვაზე ვიმსჯელო, ჩემში არ ჩანს არანაირი განწყობა სინანულისადმი. და რა მელის მაშინ? ტანჯვა, მაგრამ არა როგორც ნაყოფი სინანულში გარჯისა, არამედ მტანჯველი განცდა მარტოობისა და უფლისაგან დაცილებულობისა[3, 56].

ხედავ სხვა როგორ სცოდავს? უფლის წყალობას მიანდე ის. მიუხედავად იმისა, რომ შესცოდა, ის ქრისტეს სხეულის ნაწილია. შენ საკუთარ უბედურებას შეხედე, თავს წმინდანად რომ მიიჩნევ, სინამდვილეში კი ცოდვილი ხარ. უფრთხილდი, რომ შენ მიერ ჩადენილი ცოდვის ტყვედ არ იქცე. თუკი ძმას განსჯი და უყურადღებოდ იცხოვრებ, კვლავ ძველ ცოდვებში ჩავარდები და იქნება უკუანაჲსკნელი იგი უძჳრეს პირველისა(2 პეტრ. 2, 20) [1, 343–344].

როდესაც ადამიანი ვინმეს განიკითხავს, მას უფლის მადლი განეშორება. რამეთუ სასჯელი უწყალო არს მათთჳს, რომელთა არა ყონ წყალობაჲ; (იხ. იაკობ. 2, 13). ასე რომ, ნუ განვიკითხავთ ძმას, ნუ ვერვით მის ცხოვრებაში, ნუ დავადანაშაულებთ მას ნურაფერში, რადგან ის წმინდაა ჩვენთვის. “მაგრამ, მან შესცოდა გუშინ, ვიღაც ქალთან ერთად იყო!” არა, ჩვენ არ გვაინტერესებს რა გააკეთა მან, ჩვენთვის ის წმინდანად რჩება. ვინ იცის, იქნებ, მან დღეს უკვე მოინანია თავისი ცოდვები და იტირა მათ გამო? ვიცით განა, რომ იქნებ, ის  მთვრალი იყო და არ იცოდა რას აკეთებდა? არგანკითხვა და მოყვასის ცხოვრებაში ჩაურევნელობა – გახლავთ გამყოფი ზღუდე ნებსით განმკითხველთათვის. სასიცოცხლოდ აუცილებელია კეთილგონიერება, თუკი შენ ის  არ გაქვს, ვერაფერს შესძლებ და ვერ იპოვი ღმერთს.

როდესაც მოყვასს ბრალს სდებ, განიკითხავ მას და ერევი მის ცხოვრებაში შენეული გაგებით, შენეული განწყობებით, მოთხოვნებით, სიტყვებით, რჩევებით, გაუცნობიერებლად ანგრევ იმ ზღუდეს და დაუცველი ხდები დემონური ისრებისაგან [1, 394–395].

“გონივრულად გაღებული სიკეთე, ბადებს უნარს იმისა, რომ არ შეამჩნიო და მიჰყავხარ სიყვარულისაკენ, უმოწყალობა კი ნიშნავს, რომ ადამიანში არ არის სათნოებანი” – ამბობს აბბა ისაია. გულმოწყალება – თანაგრძნობაა მოყვასისა, მზადყოფნა იმისათვის, რომ ბოლომდე შეძლო ყველაზე არარაობად მიჩნეული ადამიანის  მიღებაც კი. ეს არის ჩვენი სიყვარული, გულმოწყალება, სიმდაბლე, რომელიც ყველასათვის უნდა გახდეს საცნაური, “სიმდაბლე ეგე თქუენი ცხად იყავნ ყოველთა კაცთა” (იხ. ფილიპ. 4, 5), ეს გახლავთ უნარი, უცქირო ადამინს, როგორც ღმერთს, გქონდეს კრძალვა და თავმდაბლობა თითოეული ადამიანის მიმართ.

როდესაც ადამიანი მოყვასს თანაგრძნობით, გაგებით, თანალმობით არ უყურებს, ამით აჩვენებს, რომ ის არანაირ სათნოებებს არ ფლობს. ჩვენი გარშემომყოფნი, არასოდეს შეწყვეტენ უფლის ხატებად და ქრისტეს სხეულის ნაწილებად ყოფნას, ისინი მუდამ რჩებიან ეკლესიის ძვირფას შვილებად, არსებებად, რომლებიც ქრისტეში ცხოვრობენ და ზეციური სამეფოს დასამკვიდრებლად არიან მოწოდებულნი – მაშინაც კი, როდესაც ცოდვის უფსკრულში არიან ჩაძირულნი. თუკი ხორბლით დათესილ ველზე ვიმყოფებით და არ ხელგვეწიფება ამოვძირკვოთ ღვარძლი, ქრისტეს ვენახიდან ხომ ვერ განვაგდებთ ცოდვილებს? ვინღა დარჩება მაშინ იქ? ქრისტე ხომ ცოდვილთათვის მოვიდა.

მაშასადამე, გულმოწყალება – სათნოებაა, რომელიც მეხმარება არ შევამჩნიო, არ დავინახო ადამიანთა ვნებანი, ცოდვები, უძლურებანი, ასეთ შემთხვევაში, მე მიყვარს იგი, ვაღიარებ მის წმინდანობას, ანუ ვაღიარებ, რომ ის ეკუთვნის სხეულს, რომელსაც აქვს წმინდა თავი, ქრისტე, ამასთანავე კი, მე ამ ადამიანისაგან არაფერს ველოდები. დაე აკეთოს და ისაუბროს ის, რაც მოესურვება. თუკი ჩემი მისალმების პასუხად ის შეურაცხყოფას  მომაყენებს, გამაგდებს, გულს მატკენს ან დამწყევლის, მე არ დავიწყებ მის განსჯას და არად ჩავაგდებ მის ქმედებებს.

უმთავრესი არსი სიტყვებისა, “ უნარი არ შეამჩნიო” , არის ის, რომ არ შეხედო მხოლოდ გარეგნულს, არამედ ჩაიხედო სიღრმეში. ერთი შეხედვით, ეკლესია სავსეა ცოდვებისაგან წარმოქმნილი ლაქებით და ადამიანები გამუდმებით წერენ და საუბრობენ ეკლესიის ცოდვებზე. მაგრამ ამ დროს, ეკლესია, ერთადერთია, და ის წმინდაა. ამგვარადვე უნდა შევხედოთ ყოველ სულს და ჩვენს გარშემო მყოფ თითოეულ ადამიანს. როდესაც ადამიანთა უძლურებებზე და მათ მიერ ჩვენთვის შექმნილ სირთულეებზე ვამახვილებთ ყურადღებას, მივდივართ დასკვნამდე, რომ ვერავინ დაიმკვიდრებს სამოთხეს, არავინ ეკუთვნის ქრისტეს და სასოწარკვეთილება გვიპყრობს. ამაში ვპოულობთ ჩვენ საკუთარი ურჯულოების საფუძველს, ვაძლიერებთ საკუთარ ცოდვებს, რომ სხვა ცოდვილთა, ურწმუნოთა მსგავსად ვიცხოვროთ, რამეთუ, თითქოსდა დავრწმუნდით, რომ ყველა ადამიანი ასეთია: “ყველა ასეთია – ვიტყვით ჩვენ – რატომ უნდა გამოვირჩეოდე მათგან? “

მაგრამ, როდესაც შენ ვერ ამჩნევ მოყვასის შეცოდებებს, შენ მხოლოდ შენი ცოდვებითა ხარ დაკავებული და მათ გამო ითხოვ პატიებას უფლისაგან. მაშ ასე, პირველი – არ მიაქციო ყურადღება, თუ რას აკეთებს შენი მოყვასი, და მეორე – ნუ მისცემ თავს სხვის ცხოვრებაში ჩარევის უფლებას, რათა არ ჩავარდე ცოდვაში შენც. მაშასადამე, ჩემი უნარი – არ შევამჩნიო, ნიშნავს, რომ მე გარეგნულად კი არ ვაფასებ მოყვასს, არამედ მისი არსების სიღრმეებს ვწვდები. მაგალითად, საეკლესიო იერარქიის მიღმა მე ვხედავ მოციქულთა და წინასწარმეტყველთა სახეებს, თავად ქრისტეს, “ უხილავად ჩვენთან მყოფს”[10]. ადამიანის კონკრეტული ცოდვის და ვინმე მაწანწალასა თუ ყაჩაღის მიღმა, მე ვხედავ სულს, რომელიც შექმნა ქრისტემ. საიდან უნდა ვიცოდე, რომ მე თავად არ განვისჯები უფლის მიერ მეორედ მოსვლის ჟამს?

ასე რომ, უნარი არ შეამჩნიო, ეკლესიის ასკეტურ ენაზე ნიშნავს “უნარს შეცნობისა, წვდომისა და ხილულის მიღმიერი მხარის დანახვისა, უნარი იმ ჭეშმარიტების აღმოჩენისა, რომელიც მოყვასის გარეგნობის მიღმა იმალება”. ცოდვილი ვარ მხოლოდ მე, სხვა ადამიანი კი – ხატია უფლისა, წმინდანია. მაშასადამე, გულმოწყალება, ნიშნავს ნამდვილ და სიყვარულით ნასაზრდოებ დამოკიდებულებას მოყვასისადმი, რომელიც მიყვარს და რომელსაც უანგაროდ ვუკეთებ სიკეთეს (როგორც ანდაზაშია:  ჰქმენ სიკეთე და წყალში გადააგდე იგი), ეს ჩვენში სულიერი ცხოვრებისათვის აუცილებელ თვისებებს ბადებს: გამჭრიახობას, შემეცნების უნარს და ნიჭს იმისა, რომ განვასხვავოთ, თუ რა ხდება ადამიანის შეგნით.

როდესაც მთელ ჩემ ყურადღებას ადამიანთა გარეგნულ ქმედებებზე ვამახვილებ: რატომ იქცევა ის ასე, სხვა ისე, ვიქცევი უგუნურ, უსულგულო საგნად, ვერ ვწვდები ადამიანის ყოფიერების სიღრმეებს და არ ვუხსნი გზას ადამიანში სულიწმინდას, რომელიც  მის აღდგომას ელოდება, მაშ, როგორღა მეყოფა გამჭრიახობა ამ ადამიანის შენაგანი სამყაროს შესაცნობად?! თუკი ვინმეს არ ვიცნობ, მე მას ვერ შევიყვარებ. რომ შევიყვარო, მე უნდა გავიცნო იგი. ადამიანები, რომლებიც სიტყვებითა და დაპირებებით ცდილობენ მოყვასის შეყვარებას და მისი სიყვარულის მოპოვებას,  საკუთარი თავის გარშემო მარტოობის გაუვალ კედლებს აღმართავენ.

ყველაფერი კი პირიქითაა, თუკი მე ვინარჩუნებ მდუმარებას, ადამიანებს ანგელოზთა დარად, ღვთის შვილებად და მის ქმნილებებად აღვიქვამ, ეს ჩემში შეგრძნებათა ისეთ ორგანოებს ამოქმედებს, რომლებიც ადამიანის ყოფიერების სიღრმეების წვდომაში მეხმარებიან, ნათელყოფენ მათ ჩემთვის და მეხმარებიან შევიყვარო ადამიანი. სწორედ ასეთი ხედვა აყალიბებს ნამდვილ ურთიერთობასა და თანაგრძნობას და ამიტომაც მივყავართ მას სიყვარულისაკენ. გულმოწყალების გარეშე, არც სულიერ შეგრძნებათა ორგანოები გვექნება და არც სიყვარული, რომელსაც მივყავართ სიწმინდისაკენ[1, 396–399].

განკითხვა შეურაცხყოფს თავად ღმერთს. საკუთარი თავისათვის მოყვასის განკითხის უფლების მიცემითა და მისთვის გამაღიზიანებლის, უყურადღებოს, ზარმაცისა და უზნეოს წოდებით, შენ მის ცხოვრებაში ერევი და უფლის ძალაუფლებასა და უფლებამოსილებას ისაკუთრებ. შენ იკავებ ადგილს მამა ღმერთისა, რომელსაც მხოლოდ ხელეწიფება აღასრულოს სამსჯავრო და საუკუნეთა დადასრულს მთელ სამსჯავროს გადასცემს ქრისტეს [3, 189].

როდესაც ჩვენ, ადამიანის სულის შეუცნობლად, ჩვენი თვალთახედვით განვიკითხავთ მას, ვიქცევით ყველაზე უსამართლო არსებებად მსოფლიოში. ეს მსგავსია იმისა, რომ მე რომელიმე ბავშვისაგან იმავე სიმძიმის ტვირთის აღება მოვითხოვო, რომლის აწევა თავად შემიძლია. მაგრამ მე ხომ ზრდასრული ვარ და არა ბავშვი. მე არ ვიცი როგორია მოყვასის ძალები და ამტანობა, არ ვიცი, რა მდგომარეობაშია იგი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეწინააღმდეგება. ის, ვინც წინააღმდეგობის სულით არის აღვსებული, ახლოს არის დაცემასთან. როგორც კი შეამჩნევ, რომ ადამიანს მსუბუქი გაღიზიანება გაუკრთა თვალებში და ეს-ესაა მის ბაგეებს დასცდება “არა”, მაშინვე შეცვალე საუბრის თემა. თუკი ჩანს, რომ ის დაღლილია, დათრგუნულია, სადმე ეჩქარება, განაწყენებულია, უხასიათოდაა, დარდიანია, გაღიზიანებულია, რაც არ უნდა უთხრა და გააკეთო ამ დროს, ის წყობილებიდან გამოვა. ნუ იქნები გულქვა, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ  რთულ სიტუაციაში ჩააყენებ მას.

მაგრამ, შენ მეტყვი: “საიდან უნდა ვიცოდე, რა ხდება მის შიგნით?” უნდა გახსოვდეს უდავო კანონი ცხოვრებისა: ყოველ ადამიანს აქვს თავისი შინაგანი სამყარო. ის, ვინც თუნდაც მცირე გართულებას წარმოქმნის მოყვასისათვის, თუნდაც ამას კეთილი განზრახვით აკეთებდეს,  – ასეთი ადამიანი არის გულქვა[1, 411–412].

დავუშვათ, მე დავინახე, რომ შენ რაღაც ცოდვაში ჩავარდი და გულში განგიკითხე. რა თქმა უნდა, ის, რომ მე შენ განგიკითხე, – ცოდვა. შემდეგ, შენ მოდიხარ და მეკითხები ჩემ აზრს ამ ცოდვასთან დაკავშირებით, მე გეტყვი, რომ ვფიქრობდი ამაზე.  ამ მომენტიდან, ჩვენ შორის კავშირი გაწყვეტილია. ეს არ არის დახმარება, არც გულწრფელობა და არც პატივისცემა, არამედ სრული თვითკმაყოფილება და  ბოროტი სიხარულით გაცხადება საკუთარი ფიქრებისა შენი დამცირების მიზნით, რათა ჩემი საკუთარი სიწმინდე გამხდარიყო საცნაური. მე შენ ისე უნდა გიპასუხო, რომ შენ ვერ მიხვდე თუ რას ვფიქრობდი და არ გაწყენინო. შენი შეცოდება, რაც შეიძლება მცირედ უნდა წარმოგიჩინო, რომ შენ გეყოს ვაჟკაცობა წარდგე უფლის წინაშე, ან მოძღვრის, ან ჩემ წინაშე და აღიარო სიმძიმე შენი შეცოდებისა.

ყოველივე, რაც გულს სტკენს მოყვასს, წინააღმდეგობაშია მის ნებასა და სურვილებთან, ჩვენი მასთან ურთიერთობის, ჩვენი გულწრფელობის, ერთგულების და სანდოობის შეფასების კრიტერიუმებად იქცევა. მაშ ასე, ჩვენ ყველაფერ იმაზე მაღლა უნდა დავდგეთ, რასაც მოყვასისათვის გულისტკენა მოქვს, რათა ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება გვქონდეს[1, 415–416].

როდესაც ადამიანი თავისი ნაცნობობის წრეს აფართოვებს და ახალ ადამიანებს ეცნობა, მას უვითარდება მოთხოვნილება იმისადმი, რაც არსებითად მნიშვნელოვანია მის ცხოვრებაში. თუკი შენ არ შეგიძლია გარშემომყოფებთან მშვიდად ცხოვრება, თუკი არ გიყვარს ისინი, ვერ იტევ შენს გულში და სულ წუწუნებ: “ერთიი ცუდია, მეორე ყურადღებას არ მაქცევს, მესამე არ იღიმის”, – მაშ, როგორ შეძლებ მათთან ყოფნას? კი, შენ აფართოვებ შენი ნაცნობების წრეს, მაგრამ ამასთანავე, შენ გრძნობ აუცილებლობას იმისა, რომ იცოდე რაღაც, რაც შენი დასაყრდენი იქნება. ამიტომაც, როგორც კი შეამჩნევ, რომ ვიღაც ძმას განიკითხავს, მაშინვე ყურს უგდებ საუბარს. ის, ვინც საკუთარ თავშია ჩაკეტილი, სევდიანია, არ ურთიერთობს არავისთან, ცრუა ურთიერთობებში, მალავს თავის შინაგან სირთულეებს, არ უსმენს უფალს, – ასეთი ადამიანები საუბრითა და ჭეშმარით მოღვაწეთა განკითხვით იქცევენ თავს [1, 481].

ვერ დადუმდება ადამიანი, თუკი ვერ მიხვდა, რომ მთელი არსებითაა ავად, რომ “არა არს კურნებაჲ ჴორცთა ჩემთა” (იხ. ფსალ. 37, 4. 8)? სთხოვე ვინმეს, რომ არ იმეტყველოს ბოროტად, რაც არ უნდა უთხრა, თუკი ის თავად ვერ დაიჯერებს, რომ გადავსებულია ცოდვით,  მისი ბაგენი არ დაიხურება.  საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანი, მოყვასს განეყოფა, და, ბუნებრივია, მის წინააღმდეგ მიდის. მაგრამ თუკი მან იცის, რომ ცოდვებითაა სავსე, ვეღარ შეძლებს მოყვასის, როგორც ცოდვილის ისე განკითხვას: ის უთანაგრძნობს მას და ამგვარად უთანაგრძნობს საკუთარ თავსაც.

რატომ ამბობენ ადამიანები მოყვასზე გამუდმებით აუგს, მას შემდეგ, რაც ათასჯერ გადაწყვიტეს აუგის თქმის შეწყვეტა? იმიტომ, რომ ისინი არ თვლიან, რომ თავადაც ცოდვაში ცხოვრობენ. ტუსაღებსა და ყაჩაღებს შორის – სიყვარული და ურთიერთგაგებაა, რადგან მათ იციან, რომ  “მასვე სასჯელსა შინა არიან”(იხ. ლუკ. 23, 40).  მე კი ხელს ვკრავ მოყვასს და არ მსურს მასთან ერთად შრომა, ზევიდან ვუყურებ და ჩემი აუგი სიტყვით განვაგდებ მას, ვლანძღავ და განვიკითხავ, რადგან ვერ ვგრძნობ, რომ მეც მის დღეში ვარ. ამგვარად, იმისათვის, რომ ჩემი ბაგე დადუმდეს, უნდა დავიჯერო, რომ ცოდვილი ვარ[1, 504–505].


წყარო: წიგნიდან “Жить в присутствии Бога” , არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი), მოსკოვი 2020

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©    

Share