Monastery St Nicholas 3

ტბა ვისტონიდაზე, სოფელ პორტო ლაგოსში მდებარე მეტოქი – თავი მეშვიდე: ვატოპედის მონასტერში; წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი”

ჩვენი მონასტრის კინობიად გადაკეთების პირველ ხანებში ბერი იოსები ერთადერთი ადამიანი იყო ჩვენ შორის, ვისაც მონასტრის მოწყობის გამოცდილება ჰქონდა. მან მალე სამუშაო ჯგუფი შეკრიბა, რომელიც ადვოკატებისა და სხვა ერისკაცებისაგან შედგებოდა. ჯგუფის პირველი მიზანი იყო დაედგინა, თუ რა უძრავი და მოძრავი ქონება ეკუთვნოდა სავანეს. ამის შემდეგ კი, ამ ქონებას შესაბამისი ექსპლუატაცია უნდა გასწეოდა, რათა აღდგენითი, სარესტავრაციო და სხვა უამრავი ხარჯი დაფარულიყო. 

სხვათა შორის, ბერმა ძველი ბერებისგან შეიტყო (რაც ადვოკატებმაც დაუდასტურეს), რომ მონასტერს ვისტონიდას ტბის მეტოქიც ეკუთვნოდა ქალაქ ქსანთის რაიონის სოფელ პორტო ლაგოსში. ეს ტბა და მისი შემოგარენი მონასტრისთვის ჯერ კიდევ ბიზანტიის იმპერატორებს უჩუქებიათ. 1920 წელს, თრაკიის[1] განთავისუფლების შემდეგ, იგი სახელმწიფომ მიიტაცა. 1922 წელს სავანემ სასამართლოს მიმართა და საბოლოოდ კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწია, რაც 1924 წლის საკანონმდებლო ბრძანებით დამტკიცდა: მონასტერი სახელმწიფოს 3800 ჰექტარ მიწას გადასცემდა ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე მცირე აზიელი ლტოლვილების დასასახლებლად, ხოლო სახელმწიფოს ტბასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია აღარ ექნებოდა. 

ბერმა ბევრი იშრომა იმისთვის, რომ სახელმწიფოსგან დაჩაგრული სავანის უფლებები აღედგინა. თვლიდა, რომ საბერძნეთის ყოველი ხელისუფლება უნდა აფასებდეს იმ ეროვნულ საქმეს, რომელსაც მონასტრები ახორციელებენ. 1991 წლის დასაწყისში ის წერდა: „ყოველდღე რაღაც ახალი, უზარმაზარი მასშტაბების საქმე იჩენს თავს. თანაც, დღევანდელი იურისპუნდენციის გარდა, მრავალ წარსულ ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული. ხოლო დღეს, როდესაც სწორად აღარაფერი ფუნქციონირებს, სახელმწიფოს მხარდაჭერის მოთხოვნა, შენ თვითონ იცი, რამდენად რეალურია“[2]

ბერი მეტოქს ბევრჯერ ეწვია. ნელ-ნელა იქაურ ოჯახებს დაუახლოვდა და სულიერად დაეხმარა. დარწმუნდა, რომ იქაურობას შველა სჭირდებოდა. ამიტომ 1993 წელს გადაწყვიტა, დროდადრო მეტოქში დარჩენილიყო. ამგვარად მორწმუნეების დახმარებას უკეთ შეძლებდა. რა თქმა უნდა, არც საძმოს აკლებდა ყურადღებას, რომელიც რიცხობრივად იზრდებოდა. 

ტბაზე რამდენიმე პატარა კუნძულია. ერთ-ერთ მათგანზე წმინდა ნიკოლოზის ტაძარი დგას. ბერმა სხვა კუნძულზე პანტანასას ტაძარი ააშენა და კუნძულები ერთმანეთთან ხიდებით დააკავშირა. ამ ყველაფერს მისი პირადი ფიზიკური შრომაც ახლდა თან. სამღვდელო მოვალეობებს მ. მიქაელ სირივიანოსი ასრულებდა, რომელიც სულიერად ბერზე იყო დამოკიდებული. მეზობელი რაიონების მორწმუნეები სულ უფრო ხშირად სტუმრობდნენ მეტოქს, რათა მამა იოსების სიტყვა მოესმინათ, სულიერად გაძლიერებულიყვნენ და ნუგეში მიეღოთ. ბერი ყველას აღსარების სათქმელად მოუწოდებდა, მით უმეტეს, რომ იქ უკვე ხსენებული სულიერი მოძღვარი მსახურებდა. მალე სპეციალურად მეტოქისთვის პანტანასას ასლი დაიხატა, რომელიც დღემდე მისივე სახელობის ტაძარში არის დაბრძანებული. 

ბერი იოსები, როგორც თავისი მოძღვრისგან ისწავლა, თავის სულიერ პროგრამას ზედმიწევნით იცავდა. შუადღის შემდეგ მნახველებს აღარ იღებდა, ხოლო ყოველ ღამეს ლოცვაში ათენებდა. იმ ძმებს, რომლებიც მეტოქს მორიგეობით ემსახურებოდნენ, არიგებდა: „სულიერი მდგომარეობა აქაც რომ შეინარჩუნოთ, ფხიზლები და ყურადღებიანები უნდა იყოთ. თქვენს სულიერ პროგრამას სხვადასხვა მიზეზებით ნუ დაარღვევთ. ასეთი მიზეზები მონასტრისგან მოშორებულ ადგილებში არ დაილევა“. 

1994 წელს პანტანასას ტაძარში მდებარე თავის სენაკში[3] ხელახალი გულის შეტევა მოუვიდა. სუნთქვა შეეკრა და ფეხზე დგომა ვეღარ შეძლო. მკერდის არეში აუტანელი ტკივილი იგრძნო. ეგონა, რომ სიკვდილის ჟამი დაუდგა და ამიტომ უკანასკნელი ძალები მოიკრიბა, რათა ღმრთისმშობლის ხატის წინ ელოცა. დიდი გაჭირვებით ეკლესიაში გადავიდა და სანამ ხატამდე მიაღწევდა, იგრძნო, რომ საღმრთო ძალამ მოასულიერა. 

მეორე დღეს მომხდარი ამბავი ტელეფონით ასე გადმოგვცა: „გუშინ ცუდად გავხდი. ძალიან ცუდად. წამლები ვეღარ მშველოდა. არ ვიცოდი, რა მექნა. ძალები მოვიკრიბე და ნელ-ნელა წავედი ღმრთისმშობელთან, რომ მეთხოვა მისთვის. ჯერ კიდევ გზაში ვიყავი, რომ უცბად, სულის ერთი შებერვით განმკურნა. არ მაცალა რომ მეთქვა: „დედაო ღმრთისმშობელო, მტკივა, მიშველე, აღარ შემიძლია”. არამედ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ თავისი პირობის თანახმად, ჩვენი ნამდვილი დედა, ექიმი, მზრუნველი და მფარველია! ის ჩვენი სულიერი გარანტია“. 

წმინდა მარკოზ მმარხველის განმარტება

ერთხელ მეტოქში ბერს ერთი ხანში შესული ქალბატონი ესაუბრა. მოძღვარმა ამ საუბრის დროს განმარტა ამბა მარკოზ მმარხველის სიტყვა „მათ შესახებ, ვინც საქმეებით განმართლებას ფიქრობს“.

ეს ქალი ბავშვობიდან ძალიან ღმრთისმოშიში ყოფილა და ეკლესიისთვის დაუბრკოლებლად რომ ემსახურა, არ გათხოვილა. ერთ-ერთ რელიგიურ მისიონერულ ორგანიზაციაში ჩაირიცხა, რომელიც იმხანად დიდი პოპოულარობით სარგებლობდა, და საკმაოდ მნიშვნელოვანი მისიონერული მოღვაწეობა გასწია თავის სამშობლოში.

ქალბატონმა საუბრისას ბერს მთელი ცხოვრება გადაუშალა: თურმე, თავი ეკლესიისთვის სრულად მიუძღვნია, რთულ და მრავალმხრივ საქმიანობას დღედაღამ არ წყვეტდა; მთელი ძალებით, სინდისის უმწიკვლოდ დაცვით, ეკლესიის საკეთილდღეოდ მოღვაწეობდა. სრულიად უანგაროდ. ყველა მისი ნაცნობისაგან ქებას და პატივისცემას იმსახურებდა.

„მაგრამ, მიუხედავად ამისა”, – განაგრძო ღმრთისმოშიშმა ქალბატონმა, – „იმედი დავკარგე. სასოწარკვეთილებას ვებრძვი. ამქვეყნიური ცხოვრება ისე მთავრდება, რომ სიხარულს ვერ ვგრძნობ. იმედს ვერ ვგრძნობ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ვცხონდები. მთელი ცხოვრება ღმერთს მივუძღვენი და ახლა მისგან მიტოვებულად ვგრძნობ თავს.

ამდენი საქმე, ამდენი შრომა გავწიე ჩემი ცხონებისთვი და ახლა არანაირი შეგრძნება, არანაირი უწყება არ მაქვს იმისა, რომ ღმერთს ჩემი საქმე მიიღო. მთელი ცხოვრება პავლეს სიტყვებს ვასწავლიდი: „ სრბაჲ აღმისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დაიმარხავს. ამიერითგა მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი“, მაგრამ ჩემთვის ამ სიტყვებს ძალა არ ჰქონია”. ამას მბობდა და ტიროდა.

მოძღვარმა მას თანაუგრძნო და  აუხსნა, თუ რატომ აღმოჩნდა ასეთ მდგომარეობაში: „ღმრთის მოყვარულო სულო, ის, რაც მიამბეთ, მართლაც გაგიკეთებიათ. მართლაც მთელი ცხოვრება ღმერთისთვის მიგიძღვნიათ და მისთვის ამდენი შრომა გაგიწევიათ. მაგრამ… რაღაც შეცდომას უშვებდით და ამიტომაც ღმერთის მადლი თქვენგან შორს არის. თქვენს სულში არ მოქმედებს. ხოლო შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ საკუთარი თავი დაარწმუნეთ, რომ კეთილი საქმეებით მოიპოვებდით სულის ცხონებას, ანუ ღმერთს ვალდებულს გახდიდით, თქვენთვის მადლი, სამოთხე და სასუფეველი თქვენი შრომისა და სათნოებების სამართლიან გასამრჯელოდ მოეცა.

მაგრამ ჩვენი ცხონება გამომდინარეობს ღმრთის სიტყვის წარმოცალიერებიდან – ჯვარცმის მსხვერპლიდან და მსოფლიოს გადარჩენისთვის დაღვრილი. სისხლიდან, რაც მხოლოდ და მხოლოდ ადამიანისადმი თავისი უსაზღვრო სივარულის გამო გააკეთა. ერთი სიტყვით, ცხონება საჩუქარია. ამიტომ ჰქვია ღმრთის მადლს – მადლი საჩუქარი, საღმრთო მადლისა და, ზოგადად, ცხონების მოპოვება, არ არის ჩვენი კეთილი საქმეების ან სათნოებების შედეგი, არც მოსალოდნელი გასამრჯელო. კეთილი საქმეები და სათნოებები ჩვენი მოვალეობაა საზოგადოებისა და საკუთარი თავის წინაშე. ჩვენი საქმეები ღმერთს არაფერში სჭირდება. ღმერთი არაა ვალდებული, რომელიმე საქმის გამო გვაცხონოს, რა საქმეც არ უნდა იყოს ის. ჩვენი საქმეებით ვცდილობთ, ჩვენი განწყობა და რწმენა დავანახოთ, იმის საბაბი მივცეთ, რომ ცხონება მოგვანიჭოს.

როცა თავშეკავებით ვცხოვრობთ, ღმერთს ამით რას ვუკეთებს? არაფერს, გავურბივართ მუცელღორობას. როდსაც უპოვარები ვართ, ღმერთს რა ხეირი აქვს? არაფერი, უბრალოდ, მომხვეჭელობისგან ვიზღუდავთ თავს. ყოველი სათნოება საპირისპირო ბოროტების გამაქარვებელია. როდესაც ბოროტ საქმეებს ჩავდივართ, ჩვენში ქრისტესთვის უცხო და განსხვავებულ ხასიათს ვაყალიბებთ. ეს განსხვავებულობა ქრისტეს ხელს უშლის, ჩვენში დაემკვიდროს და ჯვარისა და სისხლის მიერ შეძენილი ნიჭები მოგვანიჭოს, ამიტომაც ვცდილობთ სათნოებები აღვასრულოთ (მისივე დახმარებით) და სიმდაბლით ვთხოვთ, მოვიდეს, ჩვენში დაემკვიდროს და მოგვანიჭოს ის, რასაც შეგვპირდა.

წმინდა მარკოზი ამ დიდ ჭეშმარიტებაზე ბევრს ლაპარაკობს: „მმარხველი ნაყროვანებას გაურბის, უპოვარი მომხვეჭელობას, მდუმარე − ბევრ ლაპარაკს, უბიწო – სიამოვნების სიყვარულს, უმანკო – მრუშობას, მცირედით კმაყოფილი – ვეცხლისმოყვარებას, მშვიდი – შფოთს, თავმდაბალი – ცუდმედიდობას, მორჩილი – კამათს, მამხილებელი პირმოთნეობას. მლოცველი – უიმედობას, ღარიბი – ფულის სიყვარულს, აღმსარებელი – ღმრთის უარყოფას, მოწამე – კერპთაყვანისმცემლობას. მაშასადამე სიკვდილამდე აღსრულებული სათნოებაც კი სხვა არაფერია, თუ არა საპირისპირო ცოდვისგან დაცვა. ხოლო ცოდვისგან თავის მოზღუდვა ადამიანებისთვის ბუნებრივი საქმეა და არა ცათა სასუფეველის საზღაური“.

როდესაც ჩვენი ცხონების საკითხს ასე სწორად მივუდგებით, ანუ მივხვდებით, რომ იგი საქმეებით არ შეიძინება, რომ საქმეებით მხოლოდ ჩვენს რწმენას ვაჩვენებთ, როცა გულისხმავყოფთ, რომ ცხონება მორწმუნეთათვის ქრისტეს ჯვარცმიდან მომდინარე საჩუქარია და არა ჩვენი საქმეების საზღაური და არც რაიმე ისეთი, რისი ყიდვაც შეიძლება, მაშინ ადამიანი თვითდაჯერებულობას განაგდებს. ჩვენი სული სწორ მდგომარეობას იძენს და საღმრთო მადლის მოქმედების აღქმას იწყებს. იძენს სიმდაბლეს, მადლიერებას. სულში იმის მტკიცე რწმენა უჩნდება, რომ ცხონდება, რამეთუ ღმერთმა „მდაბალთა მოსცის მადლი“, ბერის ამ სიტყვებმა ღმრთისმოშიში ქალი დიდად გაახარა. აღიარა, რომ ასეთი რამ მისთვის არავის არასდროს არ უთქვამს.

სტუმრებთან საუბარში მოძღვარი, აგრეთვე, სამყაროს აღსასრულის თემასაც ეხებოდა ხოლმე. ამბობდა, რომ წმინდა მოციქულებისა და მამების მიერ ნაწინასწარმეტყველები სიტყვები აუცილებლად ახდება. ამბობდა, რომ „ცოდვისა და ადამიანის ღმერთისგან განდგომის შედეგად დიდი უბედურებები, ომები იქნება, რასაც ჩვენც კი შეიძლება მოვესწროთ. სინანულია საჭირო. ჩვენი მამების ღმერთს უნდა მივუბრუნდეთ. ჩვენმა მამებმა, ჩვენთვის სწორი სარწმუნოება რომ შეენარჩუნებინათ და ღმერთის შესახებ სწორი სწავლება გადმოეცათ, მოწამეობრივი სისხლი და მოღვაწეობის ოფლი დაღვარეს. ნუ გავხდებით მამა-პაპის გამყიდველები, ნუ გავცვლით ჩვენი ერის სიწმინდეებს, თანაც მშვიდობიან დროს, ცოდვასა და განხრწნილ სიამოვნებაზე, რაც ადამიანს პირუტყვს ან ეშმაკს მიამსგავსებს. პირიქით, შევეცადოთ ჩვენი სულიერი გადმოცემა შევინარჩუნოთ, რათა, როდესაც ღმერთი მოვა, სარწმუნო მონებად გვიგულოს და ჩვენს წინაპრებთან ერთად შეგვრაცხოს. ჩვენს სულებში მშვიდობა, საღმრთო მადლის მოქმედება გვქონდეს და ყველანი ერთად მის მარჯვნივ მოვხვდეთ იმ უკანასკნელ დღეს, როდესაც ყოველივეს განსაახლებლად მოვა მეორედ“[4].

[1] საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი. ისტორიული თრაკიის ერთი ნაწილი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზეა.

[2] წერილი მარია ქრისტოდულუს, ვატოპედი, 1991 წლის 16 თებერვალი/1 მარტი.

[3] ბერს სენაკი ისევე ჰქონდა მოწყობილი ტაძარში, როგორც ღირს ალექსი შუშანიას.

[4] სიტყვა საძმოს კრებაზე, ვატოპედი, 1994 წლის 5/18 ნოემბერი.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

Share