.გრიგოლ პალამა

როგორ აღიზარდა წმინდა გრიგოლ პალამა – მიტროპოლითი იეროთეოს ვლახოსი

ღმრთის წყალობით, წმინდა გრიგოლი მანამდეც ათონური სულისკვეთებით ცხოვრობდა, სანამ წმინდა მთაზე გაემგზავრებოდა და მონაზონი გახდებოდა. ის ბავშვობიდანვე ემზადებოდა ათონისთვის და როცა იქ ჩავიდა, მან ჯერ კიდევ ერში შეძენილი სულიერი ჩვევები განავითარა. მის ამგვარ განწყობას სამი წინაპირობა ჰქონდა: 1) კონსტანტინოპოლის მდგომარეობა; 2) მისი მშობლების ცხოვრების წესი და 3) აღზრდა. მოდით ეს წინაპირობები კიდევ უფრო დეტალურად განვიხილოთ.

წმინდა გრიგოლის დროს, კონსტანტინოპოლის მდგომარეობამ მართლმადიდებლური ცხოვრების აღორძინებას შეუწყო ხელი. ეს კი თავის მხრივ ათონისა და იმ მონასტერების დამსახურება იყო, რომლებიც ქალაქის შემოგარენში მდებარეობდნენ. მთავარი ფაქტორი კი წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის სწავლება გახლდათ, რომელმაც თანამედროვეთა გონებაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა და დაადასტურა, რომ ქრისტეს შემეცნების მთავარი გზა არის – ისიქაზმი, ანუ საკუთარი გულის სიმყუდროვეში ღმერთის ძიება.

ვლახოვი
მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი

კონსტანტინოპოლის პატრიარქი, წმინდა ფილოთეოს კოკინი წერს, რომ იმ დროინდელმა ბიზანტიის დედაქალაქმა შეიწყნარა ანტიკური სიბრძნე, განწმინდა რა იგი უღმერთობის, მითებისა და ზღაპრებისაგან, ჭეშმარიტი სიბრძნით, ერთარსება სამპიროვანი ღმერთის რწმენით, ჯვრითა და სახარებისეული უბრალოებით განამშვენა. ამით კი ის(ანტიკური სიბრძნე) ,,ჭეშმარიტი და უპირველესი საღმრთო სიბრძნის(ქრისტეს) მსახურად აქცია’’.

ამგვარად, კონსტანტინოპოლი საღმრთო სიბრძნის ქალაქად იქცა. ჩვენ ვხედავთ, რომ წმინდა ფილოთეოსი ერთმანეთისაგან განასხვავებს პირველ და მეორე სიბრძნეს. ასევე ვიცით, რომ პირველი და უპირატესი სიბრძნე – ცოცხალ ღმერთთან ზიარებისკენ სწრაფვაა. წმინდა გრიგოლის ნაშრომები იმის გაცნობიერებაში დაგვეხმარებიან, თუ რას გულისხმობდა წმინდა ფილოთეოსი, როცა სახარებას უპირველეს და ჭეშმარიტ სიბრძნეს უწოდებდა.

მაშინდელ კონსტანტინოპოლში ისიქაზმის გავლენა ბატონობდა და ეს წმინდა გრიგოლის ოჯახშიც გამოვლინდა. მომავალი წმინდანის მშობლები თავადაც ამგვარად ცხოვრობდნენ და თავიანთი შვილიც ათონური სულის გავლენით აღზარდეს. წმინდა გრიგოლის მამა, კონსტანტინე, სენატორი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ მას იმპერატორის შვილიშვილის სულიერი აღზრდა დაავალეს და ამასთანავე ისიც შეიძლება ითქვას, რომ კონსტანტინე არამხოლოდ იმპერატორის შვილიშვილის, არამედ თავად იმპერატორის სულიერი მოძღვარიც იყო. ის ,,ასწავლიდა სათნოებებში წვრთნას, იყო თვალსაჩინო მრჩეველი და სულიერი მასწავლებელი’’. მხოლოდ წმინდა გრიგოლის მამას შეეძლო იმპერატორის დამშვიდება, როცა ეს უკანასკნელი უკიდურესად ბრაზობდა. მისი ,,შინაგანი სიწმინდისა და ქრისტესკენ მოუკლებელი სწრაფვის წყალობით’’ იმპერატორს ის სასახლის ყველა მოხელეზე მეტად უყვარდა.  შეიძლება ითქვას, რომ ნათესავებზე მეტადაც კი. კონსტანტინე პალამა ისიქასტური ცხოვრების სრული სისავსით ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ის სასახლის მკვიდრი იყო და ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან უწევდა ურთიერთობა ,,მისი გონების ლოცვითი სიფხიზლე’’ იმდენად სიღრმისეული იყო, რომ ის ,,გონებით საკუთარ გულში ბრუნდებოდა და იქ, ყურადღებითა და ლოცვით ქრისტეს წინაშე იმყოფებოდა’’. თვითმხილველთა მოწმობით, წმინდა გრიგოლის მამა მოუკლებელი სიფხიზლით და მოუკლებელი გონებისმიერ ლოცვით ცხოვრობდა. წმინდა მამათა გარდამოცემით ვიცით, რომ ის გონება, რომელიც თავისუფალია მიწიერი, რაციონალური გონების ტყვეობისგან, მრავალი საზრუნავით ერშიც რომ ცხოვრობდეს, მას შეუძლია მოუკლებელი ლოცვის მდგომარეობაში იმყოფებოდეს.

კონსტანტინე პალამას ცხოვრება მოწმობს იმას, რომ დაოჯახებულ ადამიანებსაც აქვთ შესაძლებლობა სიღრმისეული შინაგანი სულიერი ცხოვრებისა. ის ცდილობდა, რომ თავის შვილებს ბავშვობიდანვე ჰქონოდათ ურთიერთობა ცოცხალ წმინდანებთან, ასკეტებთან და მონაზვნებთან. კონსტანტინეს კარგად ესმოდა, რომ განათლება მხოლოდ მაშინ მოიტანს კეთილ ნაყოფებს, თუკი მშობლები შვილს საეკლესიო სივრცეში აღზრდიდნენ. ამას განსაკუთრებით უწყობს ხელს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც სწორი სულიერი ცხოვრების ტრადიციის მატარებელნი არიან. კონსტანტინეს მთელი თავისი ოჯახი ისიქასტ განდეგილებთან დაჰყავდა. თანაც არამხოლოდ უფროსი შვილები, არამედ ,,პატარებიც, რომლებიც გამართულად ჯერაც ვერ ლაპარაკობდნენ და არც სხვების ნათქვამი ესმოდათ კარგად’’. თავისი ახალშობილი შვილები ცოცხალ წმინდანებთან მიჰყავდა და სწამდა, რომ ისინი ქრისტეს სიყვარულში აღიზრდებოდნენ. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, კონსტანტინე პალამა მონაზვნად აღიკვეცა. ,,თავისი ღრმა სულიერი ცხოვრებითა და საქმეებით, იგი მოღვაწეობრივი სრულყოფილებისაგან არც იქამდე იყო შორს’’. მისი ეს სრულად ბუნებრივი ნაბიჯი აჩვენებს იმას, რომ მიუხედავად მისი ოჯახური ცხოვრებისა, კონსტანტინე შინაგანად არ განსხვავდებოდა მონაზვნებისაგან; მისი ცხოვრება არსობრივად მონაზვნური და სახარებისეული იყო’’.

კონსტანტინე პალამას მონაზვნური შინაგანი მდგომარეობა მისი ცხოვრების უკანასკნელ წუთებშიც გამოვლინდა. როდესაც მისმა ცოლმა სთხოვა, რომ შვილები იმპერატორის მფარველობის ქვეშ დაეტოვებინა, კონსტანტინემ თვალებით ღმრთისმშობლის ხატისკენ მიუთითა და თქვა: ,,არ მინდა ჩემი შვილები მიწიერი და შემთხვევითი მეფეების მფარველობის ქვეშ დავტოვო. მე მათ ყოვლადწმიდა დედოფლისა და ზეციური მეფის დედას მივნდობ. მას ვუტოვებ ჩემს შვილებს’’. მხოლოდ ეს ერთი შემთხვევაც ნათლად ცხადჰყოფს კონსტანტინე პალამას მდიდარ შინაგან მდგომარეობასა და მონაზვნურ განწყობას. მან თავისი შვილები ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს დაუტოვა. მის უფროს ვაჟს, წმინდა გრიგოლს, მაშინ შვიდი წელი უსრულდებოდა.

წმინდა გრიგოლის დედა სულიერად საკმაოდ ახლოს იყო თავის ქმართან და მასაც უნდოდა მონაზვნობა. თუმცა, მოძღვრის რჩევით მან დროებით გადადო თავისი განზრახვა. ამრიგად, წმინდა გრიგოლი მონაზვნური სულით განმსჭვალულ გარემოში გაიზარდა. ის ბავშვობიდანვე მონაზვნებთან იყო დაკავშირებული და მუდამ ხედავდა თავისი წმინდა მშობლების შინაგანი მონაზვნური ცხოვრების მაგალითს. ამ ყველაფრით კი მან აუცილებელი სულიერი ჩვევები შეიძინა, რომლებმაც შემდგომში კიდევ უფრო სიღრმისეული განვითარება ჰპოვეს. წმინდა ფილოთეოსის მოწმობით, როდესაც გრიგოლი თავის ძმებთან ერთად სასახლეში გამოჩნდებოდა ხოლმე, ხალხი ამბობდა, ესენი წმინდანის შვილები არიანო.

წმინდა გრიგოლზე მოქმედი საღმრთო განგებულება მის აღზრდაშივე გამოვლინდა. პირველ რიგში, როგორც ვახსენეთ, მამამ ის ღმრთისმშობლის მფარველობას მიანდო. ყოვლადწმიდა ქალწულმაც მიიღო ის და მთელი ცხოვრების განმავლობაში მფარველობდა. მეცადინეობის წინ, წმინდა გრიგოლი სამ მუხლდრეკას აკეთებდა და ღმრთისმშობლის ხატის წინაშე ლოცულობდა. ეს ეხმარებოდა მას გაკვეთილის დამახსოვრებაში. თუ არ ილოცებდა, ახალ წაკითხულსაც ვერ იმეორებდა. ეს ღმრთისმშობლის მფარველობოს ცხადი ნიშანი იყო. მან(ღმრთისმშობელმა) ჩააგონა იმპერატორი, რათა პატარა გრიგოლი სასახლეში წაეყვანა და მისთვის შესაბამისი განათლება მიეცა.

წმინდა გრიგოლი სულიერი სიბრძნით იზრდებოდა. მონაზვნობისკენ სწრაფვა მასში სიჭაბუკიდნვე გაღვივებულიყო. მხოლოდ თავის შეგრძნებებს არ ეყრდნობოდა და რჩევას გამოცდილი სულიერი მოძღვრებისგან, განსაკუთრებით კი ათონიდან ჩამოსულებისგან ეძებდა. მისდევდა რა თავისი მშობლების მაგალითს, ბავშვობიდანვე ურთიერთობდა იმ ათონელ მამებთან, რომლებსაც ქრისტესთან პირადი და ცოცხალი ურთიერთობის გამოცდილება ჰქონდათ. მისი ცხოვრების აღმწერი წერს: ,,ის მუდამ ცდილობდა მოღვაწეებთან და სულიერი ცხოვრების მასწავლებლებთან დაახლოვებას; განსაკუთრებით უყვარდა  ათონიდან დედაქალაქში ჩამოსულ მონაზვნებთან საუბარი’’.

ათონელი მამები ხედავდნენ რა მის მზაობას, გრიგოლის ამასოფლის დატოვებას, ქრისტეს ჯვრის აღებას და ათონზე მონაზვნად აღკვეცას ურჩევდნენ. ამ ნაბიჯისთვის მოსამზადებლად გამოცდილი მოძღვრები ასწავლიდნენ, რომ ჯერ კიდევ ერში უნდა დაეწყო მოღვაწეობრივი ცხოვრება.

ჩვენ ვხედავთ, რომ წმინდა გრიგოლმა ამ მოღვაწეებისგან ასკეტური მომზადება მიიღო. პირველ რიგში, თავისი სურვილი მათ გაანდო, ვისაც სულიერი განსჯის ნიჭი ჰქონდათ და ერთმანეთისაგან ქმნილსა და უქმნელს განარჩევდნენ.

მისი ერთ-ერთი სულიერი მოძღვარი ფილადელფიელი ეპისკოპოსი თეოლიპტე გახლდათ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იღწვოდა ათონზე უბრალოდ მონაზვნად. წმინდა გრიგოლისთვის ის საუკეთესო მოძღვარი აღმოჩნდა და მას ჭეშმარიტი ათონური გამოცდილება გადასცა. ამრიგად, წმინდა გრიგოლი ჯერ კიდევ ათონზე მისვლამდე, ანგელოზებრივი ცხოვრებისთვის ამზადებდა საკუთარ თავს. თეოლიპტე ფილადელფიელი მისი ,,ნამდვილი მამა და მოძღვარი გახდა, რომელმაც ის წმინდა სიფხიზლისა და გონებისმიერი ლოცვის საიდუმლოებებში განსწავლა, როცა გრიგოლი ჯერ კიდევ ერისკაცი იყო’’. ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ წმინდა გრიგოლმა ასკეტურ სიფხიზლესა და გონებისმიერ ლოცვაში შრომის ჩვევა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, დაახლოებით ოცი წლის ასაკში შეიძინა. აი, ასე ზრდიდნენ წმინდა მამები თავიანთ სულიერ შვილებს. ისინი მხოლოდ ზნეობრივი დარიგებებით კი არ შემოიფარგლებოდნენ, არამედ სიფხიზლესა და გონებისმიერ ლოცვას ასწავლიდნენ მათ.

წმინდა გრიგოლი განსაკუთრებული მორჩილებით გამოირჩეოდა. ის მუდამ მიმართავდა რჩევისთვის მოძღვრებს და მუდამ აღასრულებდა მიღებულ დარიგებებს. ის შრომობდა საკუთარი თავის კონტროლსა და თავშეკავებაში, რადგან იცოდა, რომ განუწმენდელი გულით გონების განათლებას ვერ მიაღწევდა. ის ყველაფერში ასკეტური იყო.

სულიწმიდის მადლის შეწევნით, წმინდა გრიგოლმა ათონზე მისვლამდე შეიძინა ასკეზის გამოცდილება. სანამ წმინდა მთაზე ჩავიდოდა, ის თრაკიასა და მაკედონიას შორის მდებარე ქალაქ პაპიკიონში გაჩერდა, სადაც მრავალი მონაზონი მოღვაწეობდა. წმინდა ფილოთეოსი წერს, რომ ეს საღმრთო განგებულებით მოხდა, რადგან უფალს წმინდა გრიგოლის სიბრძნისა და სულიერი სიმდიდრის განცხადება სურდა. ჭეშმარიტად, ამ მონაზვნებისთვის გრიგოლი ჭეშმარიტად დიდებული და საკვირველი იყო სიტყვითაც, ქცევითაც, შესახედაობითაც, ყურადღებითაც და გონების კონცენტრირებითაც. ისინი განცვიფრებულიყვნენ, როცა ჯერაც ასეთ ახალგარდა სხეულში ისეთი გამოცდილი განდეგილის შინაგან მდგომარეობას ხედავდნენ, რომელიც სიტყვითაც, საქმითაც და აზროვნებითაც განბრძნობილიყო.

ოცი წლისაც არ იყო, რომ ცოცხალი ღმერთის სამკვიდრებლად, წმინდა ლოცვის მეგობრად და მის დამცველად იქცა. კონსტანტინოპოლში მცხოვრებმა ათონელმა მამებმა ახალგაზრდა გრიგოლი წმინდა მთაზე ცხოვრებისთვის კარგად მოამზადეს. ბავშვობაშივე გაეცნო ისიქაზმს, გონებისმიერ ლოცვას და შემდგომში განსჯის ნიჭიც მოიხვეჭა. ამრიგად, ბიზანტიის დედაქალაქის ვითარებამ, მართლმადიდებლურ ოჯახში აღზრდამ და წმინდა მამათა გავლენამ წმინდა გრიგოლი ჯერ კიდევ ათონზე მისვლამდე ნამდვილ მთაწმინდელად აქცია.

წმინდა გრიგოლს ათონური გამოცდილების შეცნობა და მის შინაგან სულიერ ცხოვრებაში ჩაღრმავება უნდოდა. როცა იქ ჩავიდა, ლავრაში მივიდა და ცნობილ ათონელ მამას, საქმესა და ჭვრეტაში წარმატებულ მოღვაწეს, ნიკოდიმოსს მიმართა. მას დაემორჩილა გრიგოლი და მალევე აღიკვეცა მისგან მონაზვნად.


წყარო: http://azbyka.ru

მთავარი ფოტო: წმინდა გრიგოლ პალამას ხატი მდებარე ჯვართამაღლების ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)

X