000 4659

სიყვარული ქორწინებაში – ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

დაწინდვის სიტყვებზე მსჯელობისას …

ქორწინებამდელი პერიოდი უნდა იქცეს ყურადღებით შესწავლის დროდ, შეიძლება ითქვას, გამოცდად, სხვა ადამიანისა და ჩვენი მასთან ურთიერთობისა რომ მომავალში სინანულით არ ვწუწუნებდეთ: „მე არ ვიცოდი, არ მესმოდა, მეგონა, რომ ის შეიცვლებოდა“. ჩვენი განზრახვა დაქორწინების შესახებ უნდა იყოს ძალიან სერიოზული, რადგან ქორწინება ეს ხომ – შეპირებაა, ღმერთის წინაშე ჩვენი ვალდებულებაა, რომ ჩვენ ამ ადამიანთან ერთად გავუყვებით გზას ხსნისაკენ. რადგან ქორწინების უპირველეს და უმთავრეს მიზანს ჩვენი ხსნა, ჩვენი განღმრთობა, ჩვენი განწმენდა წარმოადგენს და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ჩვენი ბედნიერება, შვილები და ყოველივე დანარჩენი. და აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ამ მიზეზით არის ჩვენი ეკლესია ასეთი კატეგორიული უბიწო ურთიერთობებთან მიმართებაში და ქორწინებამდე თავშეკავებაში. რამეთუ, სწორედ ამ დროს, ადამიანს განსაკუთრებით ესაჭიროება ჰქონდეს ფხიზელი გონება და ფხიზელი მსჯელობა სხვა ადამიანის მიმართ და ჩვენი არჩევანი უნდა იყოს ობიექტური და კურთხეული, გათავისუფლებული ყოველგვარი ვნებებისა და მგრძნობიარობისაგან.

თითოეული ჩვენგანისთვის ცნობილია, რომ ქორწინების საიდუმლოება იწყება დაწინდვით (დანიშვნით). ამჟამად კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით, წინდობა აღესრულება ქორწინების საიდუმლოებასთან ერთად, და არ იკურთხება წინდობის ცალკე აღსრულება, როგორც ეს ადრე ხდებოდა ხოლმე. ამის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ნიშნობამ დაკარგა თავისი უწინდელი მნიშვნელობა. ძველად დაწინდვა წარმოადგენდა იმ პერიოდს, როდესაც საქმროსა და პატარძალს ოფიციალურად შეეძლოთ ურთიერთობა და გაეცნოთ ერთმანეთი ღვთის, საზოგადოებისა და მათი ახლობლების თუ ნათესავების წინაშე. აღნიშნული რიტუალი წარმოადგენდა სოციალური პირობების შედეგს. რათგან ადრე ადამიანებს ასე ადვილად არ შეეძლოთ ერთმანეთთან შეხვედრა, დროის ერთად გატარება, ურთიერთობა და ერთმანეთის გაცნობა. წინდობა წარმოადგენდა ერთგვარ კურთხევას და ნებართვას ახალგაზრდა ბიჭისა და გოგონას შეხვედრისათვის, რათა მათ შეძლებოდათ დაკვირვებოდნენ ერთმანეთს და მიეღოთ გადაწყვეტილება, თუ როგორ შეეწყობოდნენ ისინი ერთმანეთს მომავალი ერთობლივი თანაცხოვრების დროს.
რამეთუ, ადამიანი თითოეულ თავის ქმედებას უნდა აკურთხებდეს საეკლესიო ლოცვებით და ითხოვდეს ღვთისგან კურთხევას. და ამის გამო, ეკლესიაში, ასეთ წეს-ჩვეულებას ჩაეყარა საფუძველი. თვით სიტყვა „Αρραβώνας” ებრაული წარმოშობისაა და სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „გარანტიას, თავდებობას, პირობას“. და აი, ეს გარანტია ჩვენს დროში გამოიხატება საქორწინო ბეჭდების მეშვეობით.

ძველად ქორწინების საიდუმლოებას აღასრულებდნენ საღმრთო ლიტურგიის დროს, რადგან ქორწინების მიზანს, ისევე როგორც ყველა სხვა საიდუმლოებების მიზანს, წარმოადგენს ცათა სასუფევლის დამკვიდრება. ამიტომ, ნათლობის საიდუმლოება, და ქორწინების საიდუმლოება, ყველა სხვა საიდუმლოებებიც, სრულდებოდა საღმრთო ლიტურგიასთან ერთად. და ის რომ, მოხდა ამ საიდუმლოებების გამოყოფა საღმრთო ლიტურგიისგან – ეს არის შედეგი ეკლესიის სეკულარიზაციისა და ქორწინების ღირებულებათა დაცემისა, რაც ხშირად ტრაგედიად იქცევა ან, თუ გნებავთ კომედიად.

მაშასადამე, ახალდაქორწინებულები მოდიან ტაძარში, სადაც ადიდებენ უფალს და გამოითხოვენ კურთხევას ერთობლივ თანაცხოვრებაზე. დიაკონი აცხადებს: „გვაკურთხენ მეუფეო“, რითაც სთხოვს მღვდელს, განადიდოს უფალი, რათა დაიწყოს საღვთო ლიტურგია თავის მხრივ, მღვდელი პასუხობს: „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“. ადამიანს შეუძლია ადიდოს უფლის სახელი ყველაფრისათვის რაც მის ცხოვრებაში ხდება. ჩვენი ეკლესიის ყველა მსახურება, პანაშვიდიც კი, რომელიც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, იწყება ღვთის სახელის განდიდებით. ეს საეკლესიო წეს–ჩვეულება მოწმობს ეკლესიის სულიერ მდგომარეობას. ეკლესიაში ადგილი არ აქვს წუწუნს, ეკლესიაში ვერ იქნები უბედური, რადგან უკმაყოფილო, წუწუნა, უბედურმა ადამიანმა არ იცის უფლის განდიდება. ზოგჯერ ეკითხები ადამიანს: „როგორ ხარ?“, და ის გპასუხობს: „ისე რა, ნეტავ უარესი არ იყოს“. ხოლო ჰკითხავთ სხვას, ის გიპასუხებთ: „მადლობა ღმერთს, ჩვენთან ყველაფერი კარგადაა!“ ეკლესიაში ადგილი აქვს მხოლოდ უფლის მოუკლებელ დიდებისმეტყველებას და განუწყვეტელ სიხარულს.

რატომ უნდა ვიმეორებდეთ მუდამ: „დიდება უფალს?“ რადგან როდესაც ჩვენ ვიმყოფებით რომელიმე ცხოვრებისეულ სიტუაციაში, თუნდაც ერთი შეხედვით, ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაში, თუნდაც წარვსდგეთ სიკვდილის წინაშე, ვადიდოთ უფალი, მაშინ ყოველივე სხვაგვარად აღიქმება, ყველაფერი იკურთხება, როგორც ამას აღდგომის კანონში მღერიან: „ამიერიდან ნათლით ივსება ყოველი“, (თეოფ. დაყ.) ყველაფერი ივსება ღვთის ნათელით.

მახსოვს, თუ როგორ საუბრობდა ბერი პაისი თავის გამოცდილებაზე. იყო რა ახალგაზრდა, ბერი წმინდა მთაზე. უწევდა გამოევლო მრავალი ცდუნება და განსაცდელი. როდესაც მას სხვა მამები ხვდებოდნენ, და ეკითხებოდნენ: – „როგორ ხარ, მამა პაის?” – ის მათ უყვებოდა თუ რა ძლიერ იღლებოდა, რამდენად რთული იყო მისთვის მოღვაწეობა და რამდენ ტანჯვას განიცდიდა. და, ბერმა შეამჩნია, რომ როდესაც ის ასე პასუხობდა, უფრო უარესად გრძნობდა თავს. და მას შემდეგ, იგი მხოლოდ ასე ამბობდა: –  „დიდება უფალს! ჩემთან ყველაფერი კარგადაა! ჩემთან ყველაფერი შესანიშნავადაა!“ – მაშინაც კი, როცა ის ძალიან მძიმედ იყო. ის გვეუბნებოდა ჩვენ, რომ მხოლოდ ამ სიტყვების წარმოთქმა მას უკვე სიფხიზლეს ანიჭებდა, როდესაც ადამიანი მუდმივად განადიდებს ღმერთს, როდესაც ის ჰმადლობდა უფალს ყველაფრისათვის, მაშინ ყველაფერი იცვლება და ამასთანავე თავისთავად იცვლება, ღვთიური მადლის ჩარევის გარეშე, აქ თავად ადამიანი ეხმარება საკუთარ თავს.

შემდგომ, მივუყვებით რა წინდობას, გვესმის დიაკონის სიტყვები: „მშვიდობით, უფლისა მიმართ ვილოცოთ“ ე. ი. სიმშვიდით ვევედრებით უფალს. როდესაც ჩვენ აქ ვიყენებთ სიტყვას „მშვიდობით“, არ ვგულისხმობთ „ჩუმად, მშვიდად“: აქ სიტყვაში „მშვიდობით“ იგულისხმება ქრისტე. როდესაც ქრისტე იმყოფება ჩვენთან, მაშინ ჩვენში არის მშვიდობა. ხოლო როდესაც ადამიანის ცხოვრებაში არ იმყოფება ქრისტე, მაშინაც კი, როცა ცხოვრება წყნარად და მშვიდად მიედინება, ამ ყველაფერს აზრი ეკარგება, და ასეთი ადამიანის სულში სიმშვიდე არ არსებობს. „ვინაიდან ის არის ჩვენი მშვიდობა“ ( ეფეს. 2:14) – თქვა პავლე მოციქულმა. და პირიქით, როდესაც ქრისტეა ჩვენში, მაშინაც კი, როცა ირგვლივ სრული წყვდიადია, ომი და განადგურება, როცა ჩვენ ვმარცხდებით და ვკვდებით, ჩვენში მაინც ცხოვრობს მშვიდობა. ამიტომ, როცა ჩვენ ეკლესიაში წარმოვთქვამთ: „მშვიდობით, უფლისა მიმართ ვილოცოთ“, ეს არ გულისხმობს, რომ ჩვენ ვითხოვთ მშვიდ მდგომარეობას, არამედ გამოვთქვამთ სურვილს ვილოცოთ უფლის წინაშე.

შემდგომ, ჩვენ ვლოცულობთ, რომ უფალმა მოგვმადლოს მშვიდობა, რომელიც ზეციდან გარდმოგვეცემა და მოგვანიჭოს ჩვენი სულების ცხონება. ამის შემდეგ, დიაკონი მოგვიწოდებს, ვილოცოთ მთელი მსოფლიოს მშვიდობისათვის, ღვთის წმინდა ეკლესიების კეთილდღეობისა და ყველა ხალხის ერთობისათვის. ამ წმინდა ტაძრისთვის და ყველა, მათთვის, ვინც მოწიწებითა და ღვთის შიშით შედის მასში. შემდგომ აღვავლენთ ლოცვებს ჩვენი ეკლესიის წინამძღვრისათვის, ადგილობრივი ეპისკოპოსებისა და, მთელი სამღვდელოებისათვის, სამღვდელოების თითოეული წევრისათვის და მთელი ხალხისათვის.

ამას მოყვება ლოცვები დაწინდულებისთვის: „დაიწინდვის მონა ღვთისა (სახელი) და მხევალი ღვთისა (სახელი), ვევედროთ უფალსა ღმერთსა ჩვენსა მათთვის“. როდესაც ჩვენ ვამბობთ „მონა ღვთისა“, ჩვენ არ ვგულისხმობთ იმას, რომ ეკლესიას სურს ყველა მონად აქციოს. „მონა ღვთისა“ – არ არის დამონებული ადამიანი, როგორც ეს ხშირად გვესმის ამ გამონათქვამით, არამედ „მონა ღვთისა“ – არის ადამიანი, რომელმაც თავისი თავი დაუმორჩილა უფლის სიყვარულს და გახდა თავისუფალი იესო ქრისტეში. იგი ცოდვისგან განთავისუფლდა, რადგან სწორედ ცოდვა გვაქცევს მონებად, ხოლო ქრისტე კი გვათავისუფლებს მისგან. ჩვენ ვართ ღვთის შვილები და ღვთის მონები, როცა ჩვენ თავისუფლად გადავცემთ საკუთარ თავს, საკუთარ სულს და სხეულს ღმერთს, და უფალი ჩვენი თავდადების შესაბამისად გვათავისუფლებს ვნებებისა და ცოდვებისგან. 

და აი, ხდება დაწინდვისთვის მოსული ადამიანების სახელების მოხსენიება. ადამიანი – არ არის უსახელო არსება, არამედ გააჩნია სახელი, ამიტომ, ეკლესია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის სახელს. ეკლესია, ჩვენ ნათლობისას გვიწოდებს სახელს და ყოველთვის მოგვმართავს ჩვენი სახელით. ეკლესიის სწავლება გვამცნობს, რომ ყოველი ადამიანი არის განსაკუთრებული და უნიკალური ფენომენი ე. ი. ჩემამდე მე არ ვარსებობდი და არც მომავალში ვიარსებებ, არსად და არასოდეს, არც ერთ სხვა ცხოვრებაში. ჩემნაირი სხვა ადამიანი არ ყოფილა და არც იქნება! რა საოცარი! ადამიანი უნიკალურია, რადგან ღმერთი არის უნიკალური პიროვნება. ეს ფაქტი ანიჭებს აზრს ჩვენს არსებობას. ამიტომ ყველა ჩვენ არ ვართ პირნაკლულნი, არა ვართ მხოლოდ გარკვეული მასა, ბრბო და ა. შ., არამედ თითოეულ ჩვენთაგანს გააჩნია საკუთარი სახელი. უფალმა თითოეულ ფენომენს დაარქვა სახელი, ცხოველებსაც კი; გაიხსენეთ თუ როგორ დაავალა უფალმა ადამს, მოეფიქრებინა ყველა ცხოველისათვის სახელი. მაშასადამე, კაცი და ქალი, თითოეული თავისი ნაბოძები სახელით, წარდგებიან დღეს ამ ტაძარში, როგორც თავისუფალი პიროვნებები და იწინდებიან ერთმანეთზე, დებენ რა პირობას, რომ ისინი შეეცდებიან შეისწავლონ ერთმანეთი სერიოზულად, ფხიზლად, წმინდად და უბიწოებით. იმისათვის რომ გაიგონ შეძლებენ თუ არა ისინი გაერთიანებას ქორწინებაში. გარდა ამისა, დებენ ღმერთთან გაცნობიერებულ დაპირებას, რომ ეს ნაბიჯი არ წარმოადგენს არასერიოზულ ან ზედაპირულ გადაწყვეტილებას.

ეკლესია მოწმობს, რომ ეს ორი ადამიანი იწინდება ერთმანეთზე. ამიერიდან ორივეს გააჩნია ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. ერთი პატივს სცემს მეორეს, ის არ თამაშობს სხვისი გრძნობებით და ამიერიდან უკვე არ შეიძლება უბრალოდ აიღო და გადააგდო ის საკუთარი ცხოვრებიდან. მაგალითად, ორი საუბრობს: „მე მსურს, რომ შენ გიყვარდე აბსოლუტურად, მე და არავინ სხვა. და თუ შენ ასე ვერ გეყვარები, მაშინ მითხარი ამის შესახებ, და მე წავალ, ვიპოვი სხვა ადამიანს, რომელსაც ასე ძლიერად შეეძლება ჩემი სიყვარული“. გამოდის რომ – არ აქვს მნიშვნელობა მიყვარხარ თუ არა, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას გიყვარვარ თუ არა მე. ასეთი ურთიერთობა კატასტროფაა. ეს არის მტკივნეული პატივმოყვარეობა. საქმე იმაში არ არის უყვარხარ თუ არა სხვას, არამედ იმაშია გიყვარს თუ არა შენ!

 მოგიყვებით ერთ ისტორიას მონასტრული ცხოვრებიდან, რადგან იგივეს ვხვდებით მონაზვნობაშიც. ერთხელ ახალგაზრდა კაცი მოვიდა წმინდა ბერ ეფრემ კატუნაკელთან, ძალიან განათლებული და წარმატებული ადამიანი იყო ამქვეყნიური თვალსაზრისით, და ეუბნება: „გერონდა, აქ მოვედი ნუგეშის მისაღებად და მინდა გავხდე ბერი“. მამა ეფრემი იყო ძალიან მკაცრი ბერი, საპასუხოდ უთხრა: „შენ თავიდანვე დაუშვი შეცდომა. შენ აქ მოხვედი რომ მე განუგეშო? – ცდები! შენ აქ უნდა მოსულიყავი იმისათვის რომ მე გენუგეშებინე. – მე კი არა, შენ!  – ბერობაში შენ ანუგეშებ გერონდას და არა პირიქით“.

სიყვარულში შენ არ სთხოვ სხვას რომ უყვარდე, არამედ თავად მიისწრაფვი რომ გიყვარდეს იგი. თუ კი შენ, შენს საქმროს ან ქმარს ეუბნები: „მე მინდა, რომ ძალიან გიყვარდე და სხვა არავინ გიყვარდეს ასე ძლიერ, ხოლო თუ შენ ვერ შემიყვარებ მე ასეთი სიყვარულით, მაშინ სჯობს დავშორდეთ“, – ასეთი საქციელი მიუთითებს ავადმყოფობაზე, მცდარ წარმოდგენაზე სიყვარულის შესახებ. სიყვარული ხომ სხვანაირად აღსრულდება. მხოლოდ როცა შენ გიყვარს, მაშინ შეგიძლია იგრძნო თავი სრულყოფილად და დაკმაყოფილებულად. –  ხოლო თუ ამ სხვასაც, შენ უყვარხარ მაშინ ეს შესანიშნავია! ხოლო თუ შენ განიცდი კმაყოფილებას, მხოლოდ მაშინ, როცა სხვას უყვარხარ, მაშინ ეს უკიდურესი ეგოიზმია. საით მივყავართ ამას? შენ შეჭამ სხვას, გაანადგურებ მას. „სიყვარული თავისას არ ეძებს“, – ამბობს პავლე მოციქული. სიყვარულში არის კეთილშობილება. როცა გიყვარს სხვა ადამიანი, ის თავისუფლად გრძნობს თავს, გრძნობს, რომ ის არსებობს, როგორც ადამიანი, როგორც პიროვნება. ხოლო თუ შენ ახრჩობ მას შენი სიყვარულით, მაშინ ის მოკვდება, ის ვერ გაუძლებს. მაგალითად, როგორც ხდება ეს ყვავილთან. მას სჭირდება მორწყვა კვირაში ერთხელ, ერთი ჭიქა წყალით. შენ კი მას ყოველდღე რწყავ, და ფიქრობ, რომ ამის წყალობით ის გახდება უფრო გამწვანებული და ცოცხალი. სინამდვილეში კი, ეს ყვავილი პირველივე დღეებში ჭკნება წყლის ასეთი რაოდენობისგან. სიყვარულშიც – ყველაფერი ამდაგვარადაა. სიყვარული პატივს სცემს სხვა ადამიანს – პიროვნებას. სიყვარული არ ნიშნავს, რომ სხვა უნდა გამოიფიტოს, განადგურდეს შენი სიყვარულისათვის, იმიტომ რომ შენ გიყვარს ის.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ჩვენ ვლოცულობთ „მათი ხსნისათვის“. არაა საკმარისი უბრალოდ გავიცნოთ ერთმანეთი, შევიყვაროთ ერთმანეთი და ვიცხოვროთ ბედნიერად – ეს არ არის მიზანი და ამაში არ მდგომარეობს ჩვენი ბედნიერება. ქორწინების მიზანს წარმოადგენს ადამიანის ცხონება: რომ ჩვენ, როგორც პიროვნებებს, შეგვეძლოს გადარჩენა ისე, რომ არ დავკარგოთ კავშირი ღმერთთან ყველა იმ ვითარებაში, რომლებიც ჩვენს ირგვლივაა და გვამძიმებს. ხსნა – ეს ის მთავარი მიზანია, რომელმაც უნდა განსჭვრიტოს ჩვენი ყოველი ქმედება.

შემდეგ დიაკონი ამბობს: „რაითა მოჰმადლოს ამათ შვილნი შესაწევნელად თვისად, და პატიოსნად ცხოვრებისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“. ეს არის მიმართვა ქორწილში ყველა იქ მყოფთათვის. რატომ ვესწრებით ქორწილებს? სწორედ იმისათვის , რომ ვილოცოთ ამ ადამიანებისათვის. ამიტომაც ეკლესია მოუწოდებს ყველა შეკრებილთ: მოდით ვილოცოთ მათთვის, რათა უფალმა შეაერთოს ისინი სიყვარულში, მიჰმადლოს მათ ხსნა და აგრეთვე ბავშვების დაბადების სიხარული, კაცობრიობის თაობათა გაგრძელებისათვის,  და კვლავ ვლოცულობთ ხსნისთვის:

„ვედრება ხსნისათვის“ – ეს არის იმისთვის, რომ მათ აუსრულდეთ ყველა თხოვნა, მათი სულების ხსნისათვის. ჩვენ ხომ არ ვქორწინდებით, იმისათვის რომ შვილები ვაჩინოთ. რა თქმა უნდა, შვილთა დაბადება – ქორწინების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, წმინდა და ღირსეული მიზანია, მაგრამ არა ყველაზე მთავარი. მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ აღსრულდეს „ყველაფერი ხსნისათვის შევედრილი“. მაგალითად, არ შეიძლება უშვილო ქორწინებას ვუწოდოთ ნაკლულევანი ან უბედური, როდესაც მისი საშუალებით ადამიანმა იპოვა ჭეშმარიტი გზა ღვთის სიყვარულისკენ. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი დაქორწინებულია, თუ მარტოხელაა, ან განქორწინებული, ან ქვრივი. მისი ცხოვრების წარმატებულობა არ განისაზღვრება ამ გარემოებებით. რადგან დადგება ქორწინების დასასრულის დროც, ორიდან ერთ-ერთი დატოვებს მიწიერ ცხოვრებას, ან ქორწინება განადგურდება რაიმე მიზეზით, ან ადამიანი საერთოდ ვერ იპოვის თავის თანამგზავრს. ყოველივე ეს არ გულისხმობს იმას, რომ ამ ადამიანის ცხოვრება არ შედგა. ჩვენი ცხოვრების წარმატება ან წარუმატებლობა სულაც არ არის დამოკიდებული ქორწინებაზე ან შვილების რაოდენობაზე, არამედ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შევძელით ჩვენ უფალთან გაერთიანება. თუ ჩვენ ამას მივაღწიეთ, ე. ი. ჩვენი ცხოვრება შედგა, რა სტატუსშიც არ უნდა ვიმყოფებოდეთ ჩვენ.

შემდეგ, ჩვენ ვლოცულობთ „რაითა მოანიჭოს ამათ სიყვარული სრული მშვიდობით და სიმართლით, უფლისა მიმართ ვილოცოთ“, ე. ი. ჩვენ ვევედრებით უფალს, რომ მან ზეციდან გარდამოუვლინოს მათ სრულყოფილი და მშვიდობიანი სიყვარული და აგრეთვე თავისი ღვთიური შეწევნა. რატომ იწოდება აქ სიყვარული სრულყოფილად?

განა შესაძლოა სიყვარული იყოს არასრულყოფილი? სიყვარული ყველა ადამიანშია, მაგრამ ხშირად ეს სიყვარული არასრულყოფილია, რადგან სრულყოფილი სიყვარული ეს – უანგარო სიყვარულია, ეს ღვთიური სიყვარულია, რომელიც სულიწმინდის ნიჭს წარმოადგენს. სიყვარული პირველ რიგში არ ეძიებს თავისას, სიყვარული არ შეურაცხყოფს სხვას, სიყვარული არ ავიწროებს, სიყვარული არ შეიძლება იყოს უბედური ან ეგოისტური.

სრულყოფილი სიყვარული სხვა პირს არსებობის სრულ თავისუფლებას ანიჭებს. სწორედ, ასე ვუყვარვართ უფალს. არავის არ ვუყვარვართ უფალზე ძლიერ. შეხედეთ, როგორ გვექცევა უფალი ჩვენ, როგორი გულისხმიერებით, თითქოსდა ის საერთოდ არ არსებობდეს. უფალს, რომელსაც ძალუძს ჩვენი მეშვეობით გააკეთოს რაც სურს, მიუხედავად ამისა, ის აბსოლუტურ თავისუფლებას გვიტოვებს, ნაზად და ფაქიზად მოგვიწოდებს თავისკენ, გვესიყვარულება თავისი სიყვარულით.

საჭიროა, მშობლებმა, რომლებსაც თავიანთი შვილები უყვართ, ყურადღება მიაქციონ ამ თემას, რადგან ისინი ამავე დროს თავისი არასრულყოფილი სიყვარულით ტანჯავენ მათ. ხდება ასეც, რომ შვილები ვერ უძლებენ ასეთ სიყვარულს და ეუბნებიან: „თავი დამანებე“. „მაგრამ მე შენ მიყვარხარ“, – პასუხობს მშობელი. „სჯობს არ გიყვარდე. თუ გადაწყვეტილი გაქვს დამახრჩო, მაშინ მირჩევნია ვიცხოვრო შენი სიყვარულის გარეშე“. კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს გიყვარს თუ არა შენი შვილი, არავინ კამათობს ამაზე, არამედ საკითხავია თუ როგორ გამოხატავ შენს სიყვარულს. აიძულებ მას გააკეთოს ის, რაც გსურს შენ? ცდილობ გაანადგურო იგი, როგორც პიროვნება? არადა უნდა ხარობდე, იმით რაც ხდის ბედნიერს შენს შვილს. ბედნიერი უნდა იყო იმით, რაც აბედნიერებს სხვა ადამიანს. არ არის საჭირო სხვაზე ზეგავლენის მოხდენა, პირიქით, საჭიროა გაიხარო მისი პიროვნების გამოვლინებით, გაიხარო მისი არსებობით. მოვა დრო, როდესაც მოგიწევს შენი შვილი სხვა ადამიანს გადააბარო, მის ცოლს ან ქმარს. ნუ იწუწუნებ: „აი, მან წაიყვანა ჩემი ქალიშვილი ან ვაჟი“. პირიქით გაიხარე შენი შვილით, რომელიც აგრძელებს თავის ცხოვრებისეულ გზას, რომ ის ხდება ზრდასრული ადამიანი, გაიხარე მისი არჩევანით, გაიხარე უბრალოდ იმით, რითაც ის ხარობს.

იგივე ეხება სიყვარულის გამოვლინების ყველა ფორმას, იქნება ეს მშობლების სიყვარული ბავშვების მიმართ, თუ ბავშვების მშობლების მიმართ, სიყვარული და-ძმებს შორის, მეგობრებს შორის – სიყვარული თავისი ყველა გამოვლინებით უნდა იყოს სრულყოფილი, უანგარო და სულგრძელი. ქორწინებაში კი სრულყოფილი სიყვარული სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ადამიანს ნაბიჯის გადადგმაც კი აღარ შეუძლია შენი თანხმობის გარეშე. ეს არის ის, რასაც ეჭვიანობას ვუწოდებთ, როდესაც იწყება დაკითხვები: სად იყავი? ვის ისაუბრე? რას აკეთებდი? რატომ გაიხედე იქითკენ ასე? ვინ გირეკავდა? და ა. შ. ყოველივე ეს ავადმყოფობაა და არა სიყვარული.

ჩვენ კი უნდა მოვინდომოთ რომ შევიძინოთ სრულყოფილი სიყვარული, ამისათვის აუცილებელია შინაგანი შრომის გაწევა, უნდა გავხდეთ თავმდაბალნი, რადგან მხოლოდ თავმდაბალ ადამიანშია შესაძლებელი სრულყოფილი სიყვარულის წარმოშობა. ამაყ ადამიანს უყვარს არასწორედ, ეგოისტურად, მხოლოდ თავისას ეძიებს. ამიტომ, იმისათვის რომ ისწავლო სწორი სიყვარული, აუცილებელია ჩაიტარო სულიერი მკურნალობა. გამოჯანმრთელდე თვითონ, შეიძინო თავმდაბლობა, რომ ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანებიც იმყოფებოდნენ ჯანმრთელად.


ნიშნობა გრძელდება, დიაკვანი წარმოთქვამს: „რაითა დაიფარნეს ესენი შეერთებითა, და მტკიცითა სარწმუნოებითა, უფლისა მიმართ ვილოცოთ“, შევევედროთ უფალს, რომ ისინი ცხოვრობდნენ ერთსულოვნებით და ერთმანეთის ნდობით. სიტყვა „ერთსულოვნება” (ομόνοια – ბერძნულად) ნიშნავს, რომ ორს გააჩნია ერთი აზრი. ე. ი. ერთნაირად ფიქრობენ, ერთ ენაზე საუბრობენ, აქვთ საერთო ინტერესები, საერთო ვექტორი, თანხმობაში არიან ერთმანეთთან. თუმცა „ერთსულოვნება“ არ ნიშნავს ყველა შეხედულების სრულ მსგავსებას, ჩვენ შეგვიძლია გაგვაჩნდეს განსხვავებული მოსაზრებები და ხშირად ეს აუცილებელიც კია. შეგიძლია სხვა ადამიანი გიყვარდეს, მაგრამ გქონდეს აზრთა სრულიად განსხვავებული სვლა. ვაი ჩვენ, სიყვარული რომ ყოფილიყო მხოლოდ იმ ადამიანებს შორის, რომელთა მოსაზრებებიც აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს – მაშინ ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა ჩვენი მეწყვილის პოვნა. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველი ადამიანი უნიკალურია, შეუძლებელია იყო სხვა ადამიანის იდენტური. მოითხოვო სხვა ადამიანისაგან, რომ მასაც ჰქონდეს ჩემნაირი მსგავსი შეხედულებები, თითქოსდა ერთსულოვნების მისაღწევად, – ეს არასწორია. სიყვარულის მშვენიერება მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ როდესაც მე მიყვარს სხვა ადამიანი, მას გააჩნია სრული თავისუფლება, ჰქონდეს ჩემგან სრულიად განსხვავებული აზრი.

იმისათვის, რომ ორმა განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანმა შეძლოს მშვიდად თანაცხოვრება, აუცილებელია მათ ისწავლონ დათმობა. ერთ-ერთი მათგანი იღებს გადაწყვეტილებას, რომ გაჩუმდეს და ნება დართოს მეორეს, რადგან თუ მე დაჟინებით მოვითხოვ ჩემსას, სკანდალი მოხდება. თუ შენ შეგიძლია ასე გააკეთო შენი მოყვასის სიყვარულის გამო, ასე მოიქეცი, ნუ გეშინია, შენ არაფერს დაკარგავ, პირიქით გამარჯვებული გახდები! ეს არანაირად არ გულისხმობს სისუსტის გამოვლინებას, რადგან მხოლოდ ძლიერ ადამიანს შეუძლია დაუთმოს სულგრძელებით. სუსტი ადამიანი კი მუდმივად ცდილობს მოახვიოს სხვას საკუთარი აზრი და შიშით ფიქრობს იმაზე თუ როგორ დაუთმოს მას. ძლიერი ამბობს: „მოიქეცი ისე, როგორც თვლი საჭიროდ! იყოს ისე, როგორც შენ გინდა!“ ამ სიტყვებში დიდი სულიერი ძალაა. „ჩემო ძმაო, ისე მოიქეცი, როგორც ფიქრობ, რომ სწორია, მე მხოლოდ მოხარული ვიქნები“. თუ ადამიანი მოახერხებს, რომ მოიპოვოს ასეთი სულიერი განწყობა, მაშინ ის აბსოლუტურად თავისუფლდება შიშისა და უნდობლობის სულისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ის თვითონ ხდება თავისუფალი, ის თავის ახლობლებსაც ხდის თავისუფალს. 

მაგრამ სხვა ადამიანი იტყვის, რომ მას არ სურს რომ იყოს გამოყენებული. უნდა გაექცე ამ შიშს – რომ ჩვენ გვიყენებენ, რომ ბოროტებას გვიკეთებენ, რომ მოგვატყუებენ. გაექეცი ამ ფიქრებს, გათავისუფლდი მათგან. რადგან სხვა ადამიანი წარმოადგენს ღვთის ხატებას და ბუნებისგან უკვე დაჯილდოებულია რომელიმე სათნოებით, თუნდაც ის ამას თავისებურად გამოხატავდეს, და ის, ადრე თუ გვიან გამოეხმაურება შენს მიერ გამოხატულ ასეთ დიდსულოვნებას მის მიმართ. და თუნდაც არ გამოეხმაუროს, შენ არაფერს კარგავ, შენ უკეთესი ხდები.

ასევე, დაწინდვისას, ჩვენ ვითხოვთ, რომ ისინი დაცულნი იყვნენ „მტკიცითა სარწმუნოებითა“, ე. ი. ერთმანეთის მიმართ ნდობით. რადგან ვისაც უყვარს მას არაფრის ეშინია, ის ენდობა სხვა ადამიანს. ხოლო როდესაც გვეშინია, ვხდებით ეჭვიანები. მაგალითად, ცოლი მიდის საცხობში და ქმარი ეკითხება მას: „რა დრო სჭირდება მაღაზიამდე მისვლას?“ – „ხუთი წუთი“, – ის პასუხობს. და ის იწყებს ფიქრს, „ე. ი. ხუთი – იქ მისასვლელად, ხუთი – დასაბრუნებლად და ორი წუთი – პურის შესაძენად, სულ – თორმეტი წუთი“. – „უკვე თექვსმეტი წუთი გავიდა“, – ეუბნება ის მას, – „სად იყავი ოთხი წუთის განმავლობაში? ვის ელაპარაკებოდი იქ?“ და ასე შემდეგ, ჩვენთვის, ყველასათვის ნაცნობი სცენარის მიხედვით. ჩვენს ავადმყოფურ ეგოიზმს, ჩვენს ემოციურობას, ჩვენს თავკერძობას, ჩვენს არასწორ სიყვარულს მივყავართ უნდობლობისა და შიშისაკენ. სრულიად სხვაგვარად იქცევა სრულყოფილი სიყვარული. რადგან სრულყოფილი სიყვარულით შეყვარებული არ იწყებს ეჭვიანობას, პანიკას და არ შიშობს. შიში და დაფრთხობა – ეს სულიერი ავადმყოფობის სიმპტომებია.

ჩვენი შეხვედრის დასასრულს ვიტყვი შემდეგს. ქორწინება – ეს შესანიშნავი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში, რომლის წყალობითაც ადამიანს შეუძლია სულიერად გაიზარდოს და მოიპოვოს სრულყოფილება ქრისტეში. ამასთან, ქორწინება არ არის ერთადერთი გზა

სრულყოფილებისაკენ. სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ადამიანი, მას შეუძლია თავისი ცხოვრების ეს დრო აქციოს – სულიერი სრულყოფილების დროდ. ის რასაც შენ წარმოადგენ შეგიძლია გარდაქმნა საუკუნო სიცოცხლედ. ქრისტე არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი რამით, მაგალითად, ქორწინებით ან მონაზვნობით, სულაც არა. ვინც არ უნდა იყო, რა გარემოებებშიც არ უნდა იმყოფებოდე, შენ გაქვს ხსნის შესაძლებლობა. შენ გჭირდება

აკურთხო ის ადგილი  სადაც იმყოფები. თუ შენ ქორწინებაში ხარ – აკურთხე შენი ქორწინება, თუ შენ მარტო ხარ – აკურთხე შენი უქორწინებლობა, თუ ბერი ხარ – აკურთხე შენი ბერული ცხოვრება. ამაში მდგომარეობს ღვთის არსებობის მშვენიერება, რომელიც გვათავისუფლებს ჩვენ და საშუალებას გვაძლევს თავისუფლად ვიარსებოთ ქრისტეში. ხშირად მეკითხებიან: „მამაო, განა ადამიანის ცხოვრებაში მხოლოდ ორი გზა არ არსებობს – ბერმონაზვნობა ან ქორწინება?“ ვაი ჩვენ, მხოლოდ ასე რომ ყოფილიყო.

მაგალითად, თუ ადამიანი მეორე ნახევრის გარეშე დარჩა, მაშინ რა ხდება ანუ ძალით უნდა შევაგდოთ ის მონასტერში, იმიტომ, რომ ის არ დაქორწინდა? და თუ მას არ სურს ცხოვრება

მონასტერში? დაე, იცხოვროს ისე, როგორც მას სურს. მთავარია, აკურთხო ის ადგილი სადაც იმყოფები. ბოლოს და ბოლოს, სადაც საფუძველს სიმდაბლე წარმოადგენს, იქ მყოფობს ღვთის მადლი. და თუ შენ არ გაგაჩნია სიმდაბლე და ღვთის მადლი, ვინც არ უნდა გახდე, იქნება ეს ბერი, პატრიარქი, ოჯახის კაცი თუ ვინმე სხვა – არაფერი გამოგივა, რადგან შენს ცხოვრებას აკლია ცხოვრების ჭეშმარიტი მიზანი და აზრი – ადამიანის გულში ღვთის არსებობა.

წყარო: http://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©